საბჭოთა უღმერთოების იმპერიამ და მისგან დანერგილმა ცხოვრებამ, ქრისტეს ეკლესიასთან ბრძოლამ, მისი ღირებულებებისა და მცნებების უგულებელყოფამ თანამედროვე ადამიანის ცნობიერება ძალიან მძიმე მდგომარეობაში დააყენა. საბჭოთა იმპერიის არსებობის მიწურულს, ქრისტეს ეკლესიის მხრიდან ქადაგების ფაქტობრივმა უუფლებობამ და საღვთისმეტყველო გამოცემების (ლიტერატურის) არქონამ ქრისტეს სწავლებისადმი გახალხურებული შეხედულება, დამოკიდებულება განავითარა. დღეს ხალხი სწავლების გარკვეულ ნაწილს იღებს, ნაწილს – თავისი შეხედულების მიხედვით აღიქვამს, ცდილობს სახარების გაცნობას, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მას განავრცობას თავისი პირადი აღქმის მიხედვით. არასწორ სწავლებას უამრავი უარყოფითი შედეგი, გაუკუღმართებული ცხოვრება და შეგნება მოაქვს, ამას ემატება გლობალიზაციიის მიზეზით უამრავი წარმართული და არაქრისტიანული ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა თავისი მსოფლმხედველობით, ცხოვრების წესით, შეხედულებებითა და იდეოლოგიით, რომელიც დიდ გაურკვევლობებს იწვევს ადამიანებში.
ეკლესიის სწავლება სულიწმიდა ღმერთის მადლით, წმინდა მოციქულთა და მამათა ეპისტოლეებით, ეგზეგეტიკით და ქადაგებებით ასწავლის, იმ მამათა სწავლებით, რომელთაც სულიწმინის ბაგეებს ან კალმებს უწოდებს წმინდა ეკლესია და რომელიც ერთი მთლიანობაა. სწორედ იქიდან უნდა საზრდოობდეს და ხელმძღვანელობდეს ქრისტიანი, რადგან ეს თავად სულიწმიდა ღმერთის მადლითაა ნაქადაგები, განმარტებული და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეხედულებით, მოსაზრებით. ნებისმიერი ქრისტიანი როგორც ერისკაცი, ისე სასულიერო პირი, მხოლოდ ეკლესიის სწავლებას უნდა მიყვებოდეს და როგორც სიტყვით, ის ცხოვრებით ქადაგებდეს.
ათეიზმის მეფეობისას ხალხმა მცნებათა დარღვევებს, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელები შეუცვალა და მიიჩნია, რომ ამით მათი ცოდვა განქარდებოდა, აღარ იარსებებდა, აღარ დანაშაულად. მაგალითისთვის, მეუღლის მოღალატე მამაკაცი ქალს მრუშის ნაცვლად საყვარელს არქმევს და მიიჩნევს, რომ ეს ცოდვა აღარ არის. ისეთ მდგომარეობამდეა მისული ეს ყველაფერი, რომ ზოგი ცოლი ამართლებს კიდეც თავისი ქმრის ამ ცოდვილ ყოფას ამბობს: კაცია, რა ქნას, ქალებში უნდა იაროსო. ეს უმძიმესი ცნობიერებაა და მდგომარეობაა, აბსოლუტური მოწყვეტა ქრისტეს სწავლებისგან. მრუშობა და სიძვა მომაკვდინებელი ცოდვაა და ამაზე პასუხისმგებლობას ორივე მეუღლეს აკისრებს უფალი: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს“( მათე 5, 32).
დღეს ამ თემამ პოლიტიკური აქცენტიც შეიძინა: თუ ვინმე რუსული განწყობისაა, რუსეთთან მწიდრო თანამშრომლობაში რუს ქალებთან ურთიერთობასაც გულისხმობს და ამბობს: ეჰ, რა დრო იყო, რა ქვეყანა დაგვინგრიეს, რუსეთთან ურთიერთობა რა ჯობდაო?.. გვიბრუნდებიან რუსი ქალები და გაგვახარებენ, აბა მამათმავლობა და გარყვნილება გინდათო? ისეთი რიხით წარმოთქვამენ არ გაზეპირებულ ფრაზებს, თითქოს მრუშობა პატიოსნებაა და არა ქრისტიანული მცნების დარღვევა, თითქოს ეკლესია მრუშობას ხოტბას ასხამდეს და ასეთი ცხოვრებისკენ მოგვიწოდებდეს. არადა, ეს ადამიანის შეიძლება ტაძარში დადიოდეს და ქრისტიანად მიიჩნევდეს თავს. ეს დაცემაა, უმძიმესი დაცემა!
მაცხოვარი კი ასე ქადაგბს: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“ (მათე 5, 28). ე. ი. მოქმედებას კი არა, ფიქრსაც მრუშობად რაცხს უფალი, ამ ცოდვისგან გონების და გულის განწმედას მოითხოვს. დღეს კი, სამწუხაროდ, სრულიად საპირსპიროდ ფიქრობს და ცხოვრობს ადამიანი და თანაც ამაყობს თავისი გარყვნილი ცხოვრებით! ეს არის წინასაფუძველი საიმისოდ, რომ მთელი ერი ამ ცოდვის მორევში არ იყოს ჩათრეული...
მრუშობა და სიძვა მომაკვდინებელია და სოდომურ ცოდვათა კატეგორიას განეკუთვნება. ამ ცოდვით დაცემული ადამიანი უმძიმესი მდგომარეობით დგას ღვთის წინაშე, თუ მასთან დაუშორებლად და მოუნანიებლად გავა ამ სოფლიდან. უმძიმესია მისი სამარადჟამო ხვედრი. აი რას ამბობს პავლე მოციქული: „აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი“ (პირველი კორინთელთა 5. 9-10). ასევე დასძენს „ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“ (პირველი კორინთელთა 6, 16). მრუშობაში მყოფი ადამიანები სხვადასხვა სიმძიმით დაისჯებიან იქიდან გამომდინარე, ვინ რამდენად აცნობიერებს და რამდენად გაცნობიერბული სცოდავს. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „თუ ქალმა იმრუშა იძულებით, ის თავისუფალია სასჯელისაგან. თუ იმრუშა მდიდარმა ქალბატონმა და ღარიბმა ქალმა, აქაც სხვაობაა. თუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ ვინმემ იმრუშა და ისე მოკვდა, რომ არ მოინათალა – ისინი მეტად დაისჯებიან, ვიდრე ისინი, ვინც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ. და თუ ვინმემ იმრუშა წმიდა ნათლისღებით განბანვის შემდეგ – ასეთს არავითარი შეწევნა არ ექნება. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს პავლე მოციქული: „თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?“ (ებრ. 10, 28-29). თუ იმრუშა მღვდელმა, ეს უკვე ყოველგვარ ბოროტებას აღემატება. ხედავ, რამდენი განმასხვავებელი რამაა ერთსა და იმავე ცოდვაში? ერთია ცოდვის ჩადენა კანონამდე და მეორეა – კანონის შემდეგ, სხვაა – მღვდელის მიერ ცოდვის ჩადენა და სხვაა – მდიდარი ქალისა თუ ღარიბისა, ასევე დიდად სხვაობს ცოდვა შეგნების მიხედვით: „ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება“ (ლუკ. 12, 47). მიუხედავად მრუშობის ცოდვისადმი ამგვარი დამოკიდებულებისა, თუ ადამიანი მაინც შესცოდავს, იგი ყველაზე მეტად დაისჯება. სწორედ ამიტომ ამბობს ქრისტე: „თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი“ (მათ. 21, 32), და მიუხედავად იმისა, რომ მრავალნი განიკურნენ“.
ასეთ მძიმე პერიოდში, როდესაც მორალური ღირებულების დევალვაციაა და ქრისტიანული მცნებების იგნორირება, ვინც რწმენაშია, უნდა იცოდეს, რომ მეუღლეების პატოსნებით ცხოვრება ერთმანეთის ცხონების ერთ-ერთი გარანტიაა. შეგნებით უნდა იბრძოდეს ცოლ-ქმარი ერთმანეთის გადასარჩენად. „მეუღლე გყავს და მაინც მრუშობ, უფრო მეტიც – სიძვაში ცხოვრობ? მეკითხებით, თავი როგორ დავიხსნა ამ ვნებისაგანო; ამაში დაგეხმარებათ მეუღლე. გიკვირთ?! ნახეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: „მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს – თავისი ქმარი... ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ქმარი და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი“ (1 კორ. 7, 2-4). დაე, ისმინონ ეს ცოლებმაც, მათაც გააცნობიერონ, თუ რისკენ მოუწოდებთ ქრისტე, ცხადია, სიწმინდის დაცვით და თქვან: „ცოლი არაა თავისი სხეულის უფალი, არამედ – ქმარი“. დაფიქრდი, რამხელა სიბრძნე დევს პავლე მოციქულის ამ სიტყვებში. იმის გამო, რომ მრავალი მათგანი თავშეკავებით ცხოვრობს და ჰყავთ სუფთა და უმწიკვლო ცოლები, თავშეკავებულნი არიან ზედმეტად, იმდენად ზედმეტად, რომ სწორედ ეს ხდება მიზეზი მრუშობისა, ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: ყოველმა სარეცელი გაიყოს თავის ცოლთან“ (1 კორ 7, 5). შენ იცავ თავშეკავებას და შენი ქმარი სარეცელს არ იყოფს შენთან? მაშინ ის მიდის სახლიდან და სცოდავს და საბოლოოდ, მისი ცოდვის მიზეზი არის შენი თავშეკავება. უმჯობესია სარეცელი გაიყოს შენთან, ვიდრე მეძავთან. შენთან თანაცხოვრება არ არის აკრძალული და თანაცხოვრება მეძავთან აკრძალულია. თუ ქმარი შენთან დაიძინებს, არაფერს დააშავებს და თუ მას სძინავს მეძავთან, მაშინ შენ დაგიღუპავს შენი საკუთარი სხეული“.
ასეთია ქრისტიანული რწმენა სწავლება და ცხოვრება, რომელიც ერთი მთლიანობაა – მაცხოვრის სწავლება და ცხოვრება,სულიწმიდის მადლით წმინდა მოციქულთა ქადაგება და ცხოვრება, წმინდა მამათა განმარტება და ცხოვრება, ქრისტიანთა რწმენით ცხოვრება. ჩვენთან არს ღმერთი!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (196)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას