მესამე დღეა თავსატეხად მექცა ერთი ძალიან მოულოდნელი ამბავი, საფრანგეთში, ფონტენ ლე-დიჟონის კოდექსში გადავაწყდი უცნობი ქართველი წმინდანის - ამბროსინიან იბერის კულტს.
მისი ცხოვრება ლეგენდებითაა სავსე, ჰაგიოგრაფიული შაბლონებით, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ესაა ქართულ-ევროპული სულიერი ურთიერთობის წარმოუდგენელი მოვლენა - შუა საუკუნეების ევროპის ქართველი წმინდანი !
სანამ ფონტენის ეს უცნაური არქიტექტურის ტაძარი წმინდა ბერნარდს მიეძღვნებოდა, ის სწორედ ამბროსინიან იბერის სახელს ატარებდა, ეს ქართველი წმინდანი მიიჩნეოდა მთელი ამ რეგიონის მფარველად (Patronus).
ფონტენის კათედრალის კოდექსში მოცემულია მისი სასწაულებრივი ცხოვრება, ამ ცნობების მიხედვით ამბროსინიანი წარმოშობით იყო აზიის იბერიიდან, მისი მშობლები - აგარუსი და სანა ქრისტიანთა დევნას გამოექცნენ და ჯერ სომხეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი გალთა მიწას.
ამბროსინიანი საფუძვლიანად განისწავლა ლიბერალურ ხელოვნებებში, დაიმსახურა გალთა საყოველთაო სიყვარული და საბოლოოდ სარლატის ეპისკოპოსადაც ეკურთხა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ახალგაზრდა ყმაწვილი იბერიაში ბრუნდება საქადაგებლად, სადაც რამდენიმე ათას ადამიანს დაიმოწაფებს, რის შემდეგაც იბერიის წარმართი მეფე მას სიკვდილით დასჯის - მის სხეულს დასერავს და ჭრილობებში მარილს ჩააყრის, შემდეგ კი ნეშტს დამშეულ ძაღლებს მიუგდებს, მაგრამ ძაღლები პირს არ დააკერებენ წმინდა ნაწილებს და თავად მეფეს დაკბენენ.
ამბროსინიანის კულტი საფრანგეთში განსაკუთრებით ძლიერდება მე-11-12 საუკუნეში, საგულისხმოა, რომ დიდ ფრანგ წმინდანებს - წმინდა ბერნარდსა და დედამისის - წმინდა ალეთიას ამბროსინიანის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება გააჩნდათ, ალეთია დიდ დღესასწაულებს მართავდა ქართველი წმინდანის ხსენების დღეს.
1171 წელს ლიონის არქიეპისკოპოსმა გვიჩარდმა ამბროსინიანის წმინდა ნაწილი მოათავსა სან ეტიენ დე დიჟონის ლუსკუმაში, მოგვიანებით, წმინდა ნაწილები შატილიონშიც გავრცელდა.
საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში ათეისტური პროპაგანდა ნადირობდა კათოლიკური ეკლესიის ლეგენდარულ წმინდანებზე, წმინდა ამბროსინიანის კულტი მხოლოდ საფრანგეთში არსებობდა და არსად სხვაგან, ზოგი მას ამბროსი მილანელთან აიგივებდა, მაგრამ ეს წმინდანი მარტვილი არ ყოფილა, ზოგჯერ ამბროსინიანს სომხეთის ეპისკოპოსადაც მიიჩნევდნენ, რადგანაც Patribus Iberiæ Asiaticæ-ს შესახებ ამ ეპოქის ფონტენში არაფერი იცოდნენ, ყველაფერ ამის გამო, ამბროსინიანის კულტი მე-19 საუკუნეში აიკრძალა, მაგრამ მოგვიანებით ის ისევ გამოცოცხლდა, თუმცა არა ძველი, სახალხო-საზეიმო მასშტაბით.
რატომ არ შემოინახეს ქართულმა წყაროებმა ჩანაწერი ამ დიდი ქართველი წამებულის შესახებ ?
აქ შესაძლოა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მაგალითი გავიხსენოთ, ამ დიდი მამის ცხოვრება ძველ საქართველოში დავიწყებული იყო და ნიკო მარის მიერ ერთადერთი ხელნაწერის აღმოჩენამ შეცვალა სურათი, ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებია მოღწეული საქართველოს ისტორიის წყაროებიდან.
რაც შეეხება ეპოქას, თუკი ამბროსინიანი წარმართული იბერიის თანამედროვეა, მაშინ იგი მე-2-3 საუკუნის მოღვაწე ჩანს, ამას თითქოს კარგად უდგება მისი ქალაქის - არმატიკის სახელი, ბერძნული და ლათინური წყაროები ამ ეპოქაში არმაზციხის, მცხეთის სახელს სწორედ ასე გადმოსცემდნენ, მაგრამ ეს დაშვება რამდენადმე თამამია, განსახილველია მეორე შესაძლებლობაც, წამებული ეპისკოპოსის - ამბროსინიან იბერის ცხოვრება ბევრი დეტალით ჰგავს აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებას, გადმოცემით, ამბროსინიანის წმინდა ნაწილი საფრანგეთში ფრანგმა რაინდებმა ჩაიტანეს, ცნობილია, რომ მე-11-12 საუკუნეებში ქართველი მეფეების სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ ფრანგი სამხედრო მოქირავნეებიც, შესაძლოა, აბიბოს ნეკრესელის კულტი, ამბროსინიანის სახელით, საფრანგეთში სწორედ მათ შეეტანათ."
მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.
ნანახია: (423)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას