ავტორი : ანდრო ბარნოვი
ქვემოთ კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ, ანუ ძალიან დიდი თემა ძალიან მცირე ფორმატში უნდა განვიხილოთ და ამიტომ გვარიან სიმპლიფიკაციებს თავიდან ვერ ავიცილებთ. ამისთვის ბოდიშს წინასწარ ვიხდი მკითხველის წინაშე, თუმცა მგონია, რომ ამ თემაზე და ამ ფორმატში წერა მაინც აუცილებელია. ჩვენ, ანუ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მხოლოდ კომპეტენცია კი არ გვჭირდება, არამედ, პირველ ყოვლისა, ქვეყნის სავალი გზის დიდ ხედვებზე შეთანხმება, ეს კი იმას გულისხმობს, რომ აზროვნება ყველაზე ღრმა პრობლემებიდან დავიწყოთ. როგორი ჯარი და ეკონომიკა, განათლება და ჯანდაცვა გვჭირდება - უმნიშვნელოვანესი საკითხებია, მაგრამ ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი საზოგადოება თანმიმდევრული გახდეს დიდი საკითხების გადაწყვეტისა და განხორციელებისას. ანუ, პირველ ყოვლისა, იმ დიდ კითხვებზე პასუხის გაცემა გვჭირდება, რომლებიც ჩვენი ერის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, ეფექტიანობაზე დამანგრევლად მოქმედებს.
***
იშვიათ საზოგადოებაში ნახავს კაცი ამდენ ხმალამოღებულ დაპირისპირებას, ერთი შეხედვით, ცხადი და მარტივი თემების გარშემო, რამდენსაც საქართველოში. ხანდახან ისე ჩანს, რომ შეთანხმება უბრალოდ არ შეგვიძლია. ვდავობთ ყველაფრის გამო, მტრებადაც კი ვეკიდებით. სხვადასხვაგვარად ვყვებით ისტორიას, სხვადასხვა პოლუსიდან აღვიქვამთ აწმყოს, რადიკალურად განსხვავებული სურათები გვაქვს მომავლის. თითქოს, ეს ქვეყანა საერთო არაა, თითქოს, სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიღაც ძალით შეგვყრის ხოლმე ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთის აუტანლობა დავაფიქსიროთ. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წუთიდან მოყოლებული, ყველაფერი სხვადასხვაგვარად „გვახსოვს“. ყველას ჩვენი ჭეშმარიტება გვაქვს და ამ „სიმართლეთა“ დატოლებით მოვდივართ დღემდე.
ამიტომაც პოპულარულია, რომ ეროვნული მეხსიერების ნაკლებობაზე ყველა მხარე ჩიოდეს. ლოგიკურიცაა - ბოლოს და ბოლოს, ვიღაც ხომ უნდა იყოს „უფრო მართალი“ ამ დავაში? მოკლედ, ამ სიმართლის გამორკვევა გვინდა ზუსტად:
ვინ არის მართალი? ვინმე არის მართალი?
ეროვნულ მეხსიერებაში კოლექტიური მეხსიერება იგულისხმება და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოშლა პიროვნულ დაპირისპირებებს ბლომად იწვევს, გონიერი დამკვირვებელი თავიდანვე ხვდება, პრობლემა ცალკეული ადამიანი არაა. ეს ღრმა სოციალური პრობლემაა და, თუ მისი განკურნება გვინდა, მისი ფესვების მოძიებაა აუცილებელი.
ფაქტია - დამოუკიდებელი საქართველოსთვის დიდი პრობლემა აღმოჩნდა კოლექტიური მეხსიერება - ჩვენ ის, უბრალოდ, არ გვაქვს. ცალკეული ინდივიდის კარგი მეხსიერება ამ პრობლემას არაფერს აძლევს. სოციუმისთვის ისინი არა მარტო არაფრის მაქნისია, არამედ ხშირად, შეიძლება, კონტექსტიდან ამოვარდნილიც კი აღმოჩნდეს და საზოგადოების დამატებითი გახლეჩაც გამოიწვიოს, რადგან კოლექტიური მეხსიერება არ არის „ობიექტური“. კოლექტიური მეხსიერება გამოხატავს ერთგვარ კოლექტიურ შეთანხმებას წარსულის აღქმის წესების შესახებ: ის საზიარო იარაღია კოლექტივის მიერ წარსულის აღსაქმელად და ამ კოლექტივის გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების სასხლეტია.
არ არსებობს ისეთი ჩამოყალიბებული სოციუმი, რომ არ ჰქონდეს საერთო ინტერესები, არ ჰქონდეს წარსულისა თუ აწმყოს საერთო აღქმა. მაგალითად, ვერ ვნახავთ ქართველს, რომლისთვისაც ჩინგიზ ყაენი გმირია, ისევე როგორც ვერ ნახავთ მონღოლს, რომლისთვისაც ჩინგიზ ყაენი გმირი არ არის. ეს, ერთი შეხედვით თავისთავად ცხადი გარემოება, არც ისე მარტივი აღმოჩნდება, თუ გავიხსენებთ, რომ ქართველთა ნაწილისთვის სტალინი გმირია, ნაწილისთვის კი - სისხლიანი დამნაშავე, პუტინი ზოგისთვის ძლევამოსილი პოლიტიკოსია, ზოგისთვის კი - მკვლელი და კრიმინალი. როგორ ხდება, რომ ჩინგიზ ყაენზე ვთანხმდებით, სტალინსა და პუტინზე კი - ვერა? როგორ ხდება, რომ ქართველების ნაწილისთვის რუსეთი ოკუპანტი და მტერია, ნაწილისთვის კი - ერთმორწმუნე და მოძმე ერი?
როგორ ხდება, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი უმწვავესად რეაგირებს რომელიღაც ხელისუფალის ნათქვამზე - „ომი საქართველომ დაიწყო“, ნაწილი კი მოწონებით კვერსა და ტაშს უკრავს? რატომ ვართ ნაწილი თავგადაკლული მედასავლეთენი მაშინ, როცა ვიღაცები ოკუპანტ რუსეთს მისტირიან? რამ და როგორ გაგვყო ასე, რომ დიდ, ფუნდამენტურ საკითხებზეც კი ვერ ვთანხმდებით? - რომელ მხარეზეც გინდა იდგე, საზოგადოების ასეთი რადიკალური დაყოფა ყველასთვის პრობლემაა.
ფსიქოლოგიაში უამრავი საინტერესო კვლევა არსებობს კოლექტიური მეხსიერების შესახებ. რადგან ეს პუბლიცისტური წერილია და არა - აკადემიური კვლევა, ზოგადად ვიტყვი, რასაც ეს კვლევები ცხადყოფს. პირველი - ეს ადამიანის მეხსიერების „მოქნილობაა“, რაც მისი დეფექტურობიდან გამომდინარეობს. ადამიანის მეხსიერების არასრულყოფილება უპირატესობაა კოლექტიური მეხსიერებისათვის, რადგან ითვლება, რომ მეხსიერების რეკონსტრუქციული ბუნება ჯგუფის მეტ კოგნიტურ მოქნილობას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ხსენებული რეკონსტრუქციული ბუნება უშუალოდ მეხსიერების მატარებელი ინდივიდების იდენტობაზეა დამოკიდებული. მარტივად რომ ვთქვათ, ინდივიდები ხშირად ივიწყებენ იმას, რაც მათ იდენტობას ეწინააღმდეგება, შემდეგ კი, მეხსიერების რეკონსტრუქციული ბუნების წყალობით, რეალობის კვლავ-წარმოებას ახდენენ საკუთარი წესებით, თუმცა ეს რეალობა შეიძლება, სულაც არ იყოს ჭეშმარიტთან ზედმიწევნით თანხვდომილი.
რამდენადაც ახლოა ერთმანეთთან სოციუმის წევრების იდენტობები, იმდენად ერთნაირად ახდენენ ისინი წარსულის რეკონსტრუქციას, ეს კი კოლექტივის სოციუმის იდენტობის შემქმნელი აგურებია. შესაბამისად, ადვილად გასაგები ხდება, რა ხდება მაშინ, როცა საზოგადოების წევრთა იდენტობები და რეალობის აღქმის წესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან - ისინი წარსულის რეკონსტრუქციას სხვადასხვაგვარად ახდენენ: ის, რაც ჭეშმარიტებაა ერთისთვის, სიცრუეა მეორისთვის და - პირიქით. ასე ზარალდება კოლექტიური მეხსიერება, რომლის საფუძველშიც, კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ხაზი, პირთა იდენტობის (ან მისი არქონის) პრობლემატიკა ძევს.
თეორიული მსჯელობის მარწუხებში რომ არ მოვექცეთ, შევხედოთ, როგორ იქცევიან წარმატებული საზოგადოებები. ილუსტრირებისათვის მრავალ შესაძლო გზას შეგვიძლია დავადგეთ, მაგრამ აქ ვარჩიეთ, ღრმა (მაგრამ კარგად ცნობილ) წარსულში ჩავიხედოთ და ძველი ბერძნების საზოგადოებას, მათი სააზროვნო სტრუქტურის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გადავავლოთ თვალი. ზოგადადაც, როდესაც საზოგადოებრივი ცნობიერების ამა თუ იმ ასპექტს გვინდა ჩავუღრმავდეთ, მითოსი საინტერესო კონსტრუქტებს გვიკარნახებს ხოლმე. მითი იმით არის საინტერესო, რომ ის თეორიული სპეკულაცია კი არ არის, არამედ, ლამის მეცნიერების მსგავსად, საუკუნეების განმავლობაში შემოწმებული ცოდნის სახეა, რომელიც მისი მატარებელი სოციუმის შესახებ უამრავ საინტერესო რასმე გვიყვება. ძველი საბერძნეთის საზოგადოება წარმატებული საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო და კარგად შესწავლილი ნიმუშია. ესეც არ იყოს, ადამიანთა სოციუმებში მსგავსი კონსტრუქტები მუშაობს, ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, მითი უნივერსალურ კანონსაც აღწერს ხოლმე...
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მნემოსინე მეხსიერების ქალღმერთია და პანთეონში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია. თავად განსაჯეთ: ის ურანოსისა (ზეცის) და გეას (დედამიწის) შვილია, თორმეტი ტიტანიდან - ერთ-ერთი. ტიტანების გარდა, ჰეკატონხეირონები (ასხელა ურჩხულები) და კიკლოპებიც მისი და-ძმანი არიან. კრონოსი, ძველი სამყაროს უმაღლესი გამრიგე, მისი ძმაა. ბევრ მკვლევარს დღესაც კი უკვირს, რატომ მოათავსეს ბერძნებმა მნემოსინე ასეთ, ლამის პრიმორდიალურ, ქაოსში, თუმცა ამ კითხვის პასუხი ქვემოთ გამოჩნდება.
ტიტანები ძველი ღმერთები არიან, რომლებიც კრონოსის შვილმა, ზევსმა, შეიპყრო და ტარტარში უკრა თავი. მშვენიერ მნემოსინეს ზევსის რისხვა არ შეხებია, ის კი არა, დიდად პატივცემულ ქალღმერთად დარჩა და სიუჟეტურად ეს გასაგებიცაა: მნემოსინემ ზევსთან შეწყვილებით ცხრა მუზა მოუვლინა ქვეყანას! დიახ, ცხრავე (ყველა) მუზა მნემოსინეს შვილია.
ბევრ მეცნიერსაც კი ასე სჯერა, რომ მუზები ხელოვნების სხვადასხვა დარგს განაგებენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვაგვარადაა. სინამდვილეში, მუზები საკრალური რიტუალების (კოლექტიური ცოდნის) სხვადასხვა ასპექტს კურირებენ, რომ ღმერთებსა და ადამიანებს შორის კავშირი ურღვევი იყოს. აქ ხელოვნება არ არსებობს ღმერთებისაგან დამოუკიდებლად, ხელოვნების დარგებს ამ დროს (და, იქნებ, ახლაც) დამოუკიდებელი ღირებულება არ აქვს. მათი ფუნქცია ღმერთების დიდებაა და ამიტომაც ეწვევიან ხოლმე მუზები ადამიანებს, რომ მათ უკეთ გაართვან თავი ღმერთების მსახურებას. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ადამიანებს ემახსოვრებათ ის სიბრძნე, რომელიც მანამდე უკვე მიეცათ ღმერთებისგან. მუზები, რეალურად, მნემოსინეს დარგობრივი ინკარნაციები არიან. კოლექტიურ ცოდნას ადამიანები სწორედ მათი საშუალებით ეზიარებიან, მათი მეშვეობით იხსომებენ, იხსენებენ და ახსენებენ (გვიყვებიან).
რატომ არიან მუზები მაინცდამაინც მნემოსინეს (მეხსიერების) შვილები? ეს ორგვარად აიხსნება. ერთი - ტექნიკური ახსნაა: ზეპირი ტრადიციისთვის მეხსიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. როცა არ არსებობს დამწერლობა, ცოდნის ფიქსაცია და გადაცემა მხოლოდ მეხსიერებას შეუძლია. მაგრამ ნებისმიერი დამწერლობა ისევ მეხსიერებას ემსახურება და ამიტომ, როდესაც მნემოსინეს მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, მისი პირველმიზეზი არა ინდივიდის მეხსიერების უნარის, არამედ - კოლექტიური მეხსიერების მნიშვნელობის გაცნობიერებაა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მნემოსინე დამწერლობის შემოსვლის შემდეგაც ძალიან პოპულარული დარჩა საბერძნეთში. მუზების ხსენებით იხსნება ჰომეროსის პოე-მები, მნემოსინეს კი მუდმივად იხმობენ გმირები შემწედ სიტყვისა თუ საქმის სიმართლის დასამოწმებლად - თითქმის ზუსტად ისე, ახლა რომ იტყვიან ხოლმე: „კონსტიტუციის თანახმად“. ასე რომ, ერთგვარად, მნემოსინე პრეცედენტული წესრიგის როლს ასრულებს ამ საზოგადოებაში და ელინთა ცხოვრების წესის მდგრადობასა და მუდმივობას უზრუნველყოფს. როგორც ჰესიოდე გვიხსნის, პოლიტიკოსები (მეფეები) და პოეტები სწორედ მნემოსინესა და მუზებისგან იღებდნენ ძალებს თავიანთი შთამაგონებელი პერფორმანსებისთვის.
საქმე უფრო შორსაც მიდის. კოლექტიური მეხსიერება ბერძნებისთვის მაგიური ძალის მქონე ფენომენია, რომელიც სოციუმის სიცოცხლის წინაპირობად აღიქმება. თავად განსაჯეთ: მნემოსინე, ლეთეს მსგავსად, ჰადესში ჩამდინარე ერთ-ერთი მდინარის ბატონ-პატრონია. თუ ლეთე დავიწყების წყაროა, მნემოსინე - მეხსიერებისა. თუ მკვდრები ლეთეს წყალს სვამენ, ინიცირებულებმა მნემოსინეს წყალი უნდა დალიონ. ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ძველი ბერძნები მეხსიერებას სოციუმის სიცოცხლის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევდნენ.
როგორც ვხედავთ, მნემოსინე ლოგიკურად იკავებს ასეთ გამორჩეულ ადგილს ბერძენთა პანთეონში. ის პირველ ღმერთებთან ერთად ჩნდება და სწორედ ის ქმნის მისი მატარებელი სოციუმის თვალსაზრისს ყველაფრის შესახებ - იქნება ეს სამყაროს შექმნა, სოციალური ურთიერთობის წესები თუ - ნებისმიერი ურთიერთმიმართება ამ სოციალური წესრიგის ნაწილებს შორის! მნემოსინე ქმნის ენას, იგონებს ყველა სიტყვას, ყველა რიტუალს და მთელ მითოსს. თუ რამე იცოდნენ ბერძნებმა სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ, ყველაფერი - მხოლოდ მნემოსინეს წყალობით.
რა არის ელინი? - ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მნემოსინე იძლეოდა, როგორია ბერძნების მიერ დანახული სამყარო? - მთლიანობაში ეს მხოლოდ მნემოსინემ იცის. კოლექტიური მეხსიერება ერთგვარი მეგა-რიტუალია, რადგან მთელი მითოსი მნემოსინეში ეტევა, ანუ მნემოსინეა ელინის თვალით დანახული მთელი სამყარო. შესაბამისად, კოლექტიური მეხსიერება და კოლექტიური იდენტობა ძველ ბერძენთათვის, ფაქტობრივად, სინონიმური ცნებებია. ამასთან, მნემოსინე, როგორც უკვდავების წყარო, არა მხოლოდ იდენტობას ქმნის, არამედ - თავად ამ სოციუმის არსებობისა და უკვდავების წინაპირობაცაა. ის არის სახელდების დედა, ენისა და ყველა ტრადიციის ავტორი და შემნახველი. მნემოსინე, ანუ კოლექტიური მეხსიერება, თავად არის სოციუმის თვითაღქმა და მსოფლაღქმა, ანუ კოლექტიური იდენტობა.
მაგრამ არა მხოლოდ ძველი ბერძნებისთვის იყო ეს ასე. კოლექტიური მეხსიერება იდენტობის მაფორმირებელია ნებისმიერი სოციუმისათვის. მის გარეშე არ არსებობს არანაირი შეკრული სოციუმი, არანაირი - შემდგარი ერი.
***
როგორც წესი, ინდივიდებს კონფორმიზმის მიდრეკილება აქვთ და, მათ შორის, კოგნიტური კონფორმიზმის. ამიტომ, სოციუმის წევრების მეხსიერება ყალიბდება არა მხოლოდ მათი ინდივიდუალური გამოცდილებებით, არამედ - გაზიარებული გამოცდილებებით, ანუ იმ ნარატივებით, რომლებსაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ. საზოგადოებაში ყველა ნარატორია, თუმცა არსებობს ნარატორების ფუნქციური იერარქია და ისინი გადამწყვეტ გავლენას ახდენენ სოციუმის იდენტობის ფორმირებაზე. რას ვყვებით, როგორ ვყვებით, როგორ აღვიქვამთ და როგორ ვიმახსოვრებთ - იდენტობისთვის ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის პროცესებია.
არსებობს დომინანტი ნარატორის ცნება, რაც ნიშნავს როგორც ავტორიტეტულ მთხრობელს, ისე იმას, თუ ყველაზე ხშირად ვინ უზიარებს ამბებს კოლექტივის წევრებს. დომინანტ ნარატორებს გადამწყვეტი როლი აქვთ კოლექტიური მეხსიერების ფორმირების პროცესში. ძველ საბერძნეთში ესენი მომღერლები, მისნები და ბასილევსები იყვნენ, ჩვენთან კი ესენი არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ხელოვნების ხალხი, ასევე სხვადასხვა სახის პოპულარული „ინფლუენსერი“ - რაც ახალი სამყაროს საჩუქარია. ისინი ყველა გადამწყვეტ გავლენას ახდენენ საზოგადოების იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში.
ჩვენ ხშირად გვგონია, რომ საზოგადოების გახლეჩა ისტორიის ბრალია. დაპყრობების, კოლონიური წარსულის, განათლების დაბალი დონის და ა.შ., მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ სწორი შეფასებაა. ეფექტიანი კოლექტიური მეხსიერება რთული წარსულის მქონე ნებისმიერ სოციუმს შეიძლება სწრაფად ჩამოუყალიბდეს, თუ მას მუდმივად არ ანგრევენ რადიკალურად განსხვავებული ნარატორები. საქართველოს საზოგადოებაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს ის, რომ ვერც ერთმა ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ ან არ გაიაზრა „ნარატორების“ პრობლემა. მედიის კონტროლს რომ ყველა ცდილობს, ეს ამ პრობლემის მხოლოდ მახინჯ გაგებას ნიშნავს. ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაზე კარგად ეს საკითხი ჩვენს მტერს ესმის და ამიტომაცაა, რომ კოლაბორაციონისტი ხელისუფლება ზედმიწევნით კომპეტენტურად მიჰყვება საზოგადოების ზომბირების სახელმძღვანელოს. მათი ტექნიკური კომპეტენცია ჩვენ არ გვარგია, რადგან მათი მიზნები ჩვენი მიზნებისაგან რადიკალურად განსხვავდება. ასე რომ, ჩვენ გვანგრევს არა ის, რომ დამოუკიდებლობისათვის უთანასწორო ბრძოლა გვიწევს, არამედ ის, რომ დამოუკიდებლბისთვის არ ვიბრძვით. ან - ვიბრძვით ეპიზოდურად, მაგრამ ყოველთვის - არაკომპეტენტურად.
შევხედოთ, როგორ ცვლის საზოგადოების იდენტობას კოლაბორაციონისტი ხელისუფლება: ქვეყანაში, სადაც ანტიდასავლური რიტორიკა სრულიად წარმოუდგენელი იყო, ჯერ უსახელო ტროლ-ბოტთა დიდი არმიის დაფინანსებით, შემდეგ - სხვადასხვა პროპაგანდისტული თუ მანიპულაციური მეთოდითა და ახლა უკვე ხელისუფალთა განცხადებებით ჩვენი ერის მტერმა ნელ-ნელა გააჩინა ნაპრალი, რომელიც უკვე უფსკრულად იქცა. ჩვენ საკუთარი თვალით ვაკვირდებით საქმის მცოდნე სამსახურების მიერ ერის მოკვდინებისათვის გამიზნულ, კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ სპეცოპერაციას. ისინი ჯერ კლავენ საზოგადოების კოგნიტურ თანმიმდევრულობას, შემდეგ ამრავლებენ ზომბირებულთა არმიას, შემდეგ ამ არმიის ლიდერებად გვევლინებიან და, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ ღია, მასიური ძალადობისაგან, როცა ეროვნული სულისკვეთების კუნძულებს ცეცხლითა და მახვილით დაერევიან, რათა მთელი საზოგადოება მტრის ნარატივის ადეპტებად აქციონ.
რაც შეეხება წარსულს, ის მართლაც გვანგრევს. უფრო სწორად, სიცოცხლის საშუალებას არ გვაძლევს ის, რომ წარსულში უკვე „დავიხოცეთ“ და ეს არ გვახსოვს, ამას ვერ აღვიქვამთ. საქართველოს მენტალური მთლიანობა დანგრეულია და ერი კი მეტი არც არაფერია, თუ არა - სოციუმის კოგნიტური ერთობა. ამ აზრით, ქართველი ერი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, სრულიად დარღვეულია.
ებრაელებმა, მნიშვნელოვანი აზრით უკრაინელებმაც, გაცოცხლება ენის გაცოცხლებით დაიწყეს. გამქრალი ენა გამოგლიჯეს დავიწყებას, უკან ამოანთხიეს ლეთეს წყლები და მნემოსინე სვეს. მნემოსინეს მოუხმეს და ახალი სახელდება დაიწყეს. შემდეგ კი ამ ენაზე ალაპარაკდნენ და გაცოცხლდნენ.
ვიღაც იტყვის, ჩვენ ასე მძიმე მდგომარეობაში არ ვართ, ენაც გვაქვს და ერიც გვქვიაო, მაგრამ ასე არაა. ჩვენ უარეს მდგომარეობაში ვართ, რადგან საკუთარი სხეულის რღვევას, გონების გაბნევას და, ამგვარად, ერის ფესვებიდან მოწყვეტას არ ვაღიარებთ. უფესვო ხესავით ვიწონებთ თავს პირველი ძლიერი ქარის დაბერვამდე, ზომბებივით ვუსხედვართ გაშლილ სუფრას და მხოლოდ ის გვაინტერესებს, ვინ ვისზე მეტს დალევს. იმ საჭმელზეც არ გვინდა პასუხისმგებლობის აღება, სუფრაზე რომ გვიდევს. ასე რომ არ იყოს, კარგად გავიაზრებდით, რა საიდან მოდის, მეტი საიდან მოვა და უკეთესი სად იშოვება. მაგრამ არა - ჩვენ ადვილ ლუკმას ვარჩევთ და, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი ერი მალე რუსული ფეიკის ყველაზე წარმატებულ ნიმუშად იქცევა - როგორიც სინამდვილეში იყო კიდეც საბჭოთა იმპერიის ფარგლებში.
რომ არა ებრაელთა ან უკრაინელთა მიერ კვდომისთვის თვალის გასწორება, ვერც გაცოცხლებას ეცდებოდნენ ასეთი ენერგიით. ჩვენ კი მკვლელებსა და ბანდიტებს ისეთივე პატივით ვკრძალავთ პანთეონში, როგორითაც - შეწირულ მამულიშვილებს...
სად წავიდა მნემოსინე? სად წავიდა და - მტრებმა მკვდარს ჩააყოლეს! და ყოველ ჯერზე ახალ მკვდარს ჩააყოლებენ ხოლმე მას, როცა ეროვნული ცნობიერების მორიგ სიმბოლოს დებენ მიწაში.
ერი, რომელსაც დომინანტი ნარატორები სიმართლეს უმალავენ, ვერ აღდგება. უნდა გვახსოვდეს - მთხრობლის ავტორიტეტი და თხრობის ინტენსივობა აქ გადამწყვეტია, რაც მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად პოლიტიკოსთა, ხელოვანთა, სპორტსმენთა, მედიისა და თუ ნებისმიერი სხვა „ინფლუენსერის“ როლზე მიგვანიშნებს. „ხელოვნება და პოლიტიკა სხვადასხვაა“, „სპორტს პოლიტიკაში ნუ ავურევთ“ და მსგავსი მესიჯები პირდაპირ კრემლში დაწერილი ფორმულებია და ერის კოგნიტური ერთობის გახლეჩას ისახავს მიზნად. ისახავს და აღწევს კიდეც! ჩვენ კი, რამენაირად გონიერება უნდა გვეყოს, რომ ეს პროცესი, ერთი მხრივ, ნათლად დავინახოთ, მეორე მხრივ კი - სიმართლის მასებამდე მიტანა შევძლოთ.
ჩვენ უნდა ჩავრთოთ ხელოვნური სუნთქვა და მივმართოთ რუპორები ადამიანთა ყურებისკენ. ცხადად უნდა დავანახოთ ყველას, რომ ჩვენს ეროვნულ იდენტობას მტერი გააფთრებით ანადგურებს, რომ ეს ყველას პრობლემაა და უნდა გავხდეთ ერთგვარი „პრომეთე“, რომელიც არა მხოლოდ ჭვრეტს მომავალს, არამედ - ციდან ცეცხლიც ჩამოაქვს და ამ მომავლისაკენ სავალ გზასაც აჩვენებს ადამიანებს.
ერთბაშად ვერ გავცოცხლდებით. მაგრამ თუ უახლოეს ისტორიას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ სასწაულები დროს არ ემორჩილება. საკმარისია ერთი იმპულსი, რომ ჯაჭვური რეაქციით სხეულის ყველა ნაწილს უსწრაფესად მოედოს სიცოცხლე.
დომინანტი ნარატორები ამგვარი აღდგომის გასაღებია, ერთი იდეითა და საზიარო ღირებულებებით გაერთიანებული ნარატორები ერის სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. ნებისმიერი ასეთი კერა, რომელიც ამ ადამიანებს შემოიკრებს, ოქროს ასოებით ჩასაწერია ერის მეხსიერებაში. რადგან ეს ჩემი პირველი სტატიაა „ახალ ივერიაში“, მინდა, აქვე მივესალმო შესანიშნავ წამოწყებას და ვუსურვო, ერთ ასეთ უმნიშვნელოვანეს კერად ჩამოყალიბდეს, რომელიც ერის გაცოცხლებასა თუ გამოღვიძებაში თავის წონად სიტყვას იტყვის.
ჟურნალი ახალი ივერია.
ნანახია: (232)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას