logo.png

Zurab Jashi

ხატთაყვანისცემის შესახებ

როგორც ერთ-ორ ადგილას ვნახე, ხატთაყვანისცემის თემა დღეს ინტერესის და დავის საგანი გახდა. ამიტომ, მინდა ამ თემასაც შევეხო ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. საერთოდ ბიბლიაში და კერძოდ ძველ აღთქმაში, როგორც მას ქრისტიანები ვუწოდებთ, ხოლო იუდეველები - თანახს, ჩვენ ვერ ვნახავთ სიტყვა-სიტყვით რაიმე სახის გამართლებას ხატთაყვანისცემის, პირიქით, უფრო ღმერთის გამოსახულების აკრძალვებს ვკითხულობთ. ამ აკრძალვების მიზეზი არის ის, რომ ადამიანი გამოიყვანოს მისთვის ჩვეული სააარსებო გარემოდან და მისი ცნობიერება მიმართოს ყოველივეს მიღმიერი ანუ ტრანსცედენტულ და შეუცნობელ არსებასთან, იაჰვესთან პიროვნული შეხვედრისათვის. გავიხსენოთ ჯერ აბრაამის და შემდეგ ებრაელი ერის გამოსვლები. გასული საუკუნის უდიდესი იუდეველი ფილოსოფოსი ემანუელ ლევინასი ამ მოვლენას უწოდებდა ადამიანის „ამოძირკვას“ მისი ტომობრივი ძალადობით აღსავსე ყოფისგან, რათა ის შედგეს ეთიკურ არსებად.

რა თქმა უნდა, ადამიანის ეს უმაღლესი მოწოდება ქრისტეს არ გაუუქმებია, არამედ პირიქით მის პიროვნებაში პირველად შეძლო ადამიანის ბუნებამ ამ მოწოდებისთვის სრულად პასუხის გაცემა. და ქრისტეს სახეში ჩვენ ვჭვრეტთ სწორედ ამ სრულად ღმერთდატეულ ადამიანს, ანუ ღმერთის ტრანსცედენტულ სიმაღლემდე ასულ ადამიანს - „ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა“ (ფილ. 2:9-11) - და სრულად განღმრთობილ ადამიანს - „რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება“ (კოლ. 2:9).

მაგრამ შეუძლებელია, რაიმე ღმერთი გახდეს, თუ ის უკვე მარადიულად არ არის ღმერთი, რადგან ღმერთი არ ხდება, არამედ მარადიულად არის ის, „ვინც არის“ (ღმერთის სახელის „იაჰვეს“ სეპტუაგინტასეული ბერძნული განმარტება). ამიტომ არის ეს მოვლენა პავლე მოციქულისთვის „საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის“ (კოლ. 1:26). ეს ნიშნავს, რომ ის პიროვნება, ვინც გახდა ღმერთი, როგორც ადამიანი, ყოველთვის იყო ღმერთი, როგორც მამისგან მარადიულად შობილი ძე და სიტყვა დასაბამში მყოფი - „ღვთის ხატი“, რომელსაც „ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა“ (ფილ. 2:6). სწორედ ამ ღმერთის შიდა დაფარული საიდუმლოს გამოცხადებამ მისი ცოცხალი ხატის, ძე ღვთისას მეშვეობით საბურველი გადახადა წმინდა წერილს: „ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი“ (2 კორ. 3:15-16).

ამ ხელთუქმნელი და ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის ხატის, ძე ღვთისას, გამოცხადების ჩვენს ცნობიერებამდე მოტანას ემსახურება ყველა ეკლესიაში არსებული ხელთქმნილი ხატი, როგორც რამ დამხმარე საშუალება, რომელიც არ არის სავალდებულო, რათა შეგვახსენოს ჩვენ, რომ ქრისტე არის „პირმშო მრავალ ძმას შორის“ (რომ. 8:29), რაც ნიშნავს, რომ ახლა უკვე ყველა ჩვენგანს, ქალსაც და კაცსაც ძალუძს ღმერთის ტრანსცენდენტულ სიმაღლეზე ასვლა ქრისტეში. მაგრამ თუ ჩვენ მასთან ასვლის ნაცვლად, მის ჩვენს მიწიერ ყოფაში დაყოვნებას და გამეფებას ვეცდებით (იოან. 6:15), მაშინ ხატს კერპად ვაქცევთ. როგორც წმინდა მაქსიმე აღმსარებელი გვაფრთიხლებს, ასეთი ადამიანი „ბორკავს საკუთარი სულის ღირსებებს რჯულისადმი ხორციელი მსახურების საკრველებით“ და „მისდა სამარცხვინოდ ღვთის სიტყვას აქცევს ხორცად“ ნაცვლად იმისა, რომ ხორცი განასულიეროს ღვთის სიტყვასთან შეერთებით (თავები ღვთისმეტყველებისა და ღვთის სიტყვის განკაცების განგებულების შესახებ, 2. 42). წმინდა მამა ასეთ ყალბ ქრისტიანს ადარებს მათ, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან რჯულის გარეგნული აღსრულებით. მათთვის „უფალი არ ამაღლებულა მამასთან“, რადგან „ღვთის სიტყვას იკვლევენ ხორციელი განსჯით“. მაგრამ „უფალი ავიდა მამასთან მათთვის, რომლებიც გამოიძიებენ მას ამაღლებული ხედვების მეშვეობით“ (იქვე 2. 47). ახლა დავფიქრდეთ, როგორ წარმართული კერპებივით ვიყენებთ დღეს ჩვენს ეკლესიებში ხატებს და საეკლესიო რიტუალებს და მივხვდებით, თუ რამდენი ჩვენგანისთვის „უფალი არ ამაღლებულა მამასთან“. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე ანუ იმაზე, თუ რა ცნობიერებითა და განწყობით ვლოცულობთ ხატების წინაშე. თაყვანისცემა კი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ღმერთს შეეფერება.

თეოლოგი ზურაბ ჯაში.

 

 

ნანახია: (474)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას