logo.png

არსით მანკიერი ყველა დროში მანკიერებად რჩება

ქრისტიანობა, როგორც თავად მაცხოვარი გვასწავლის, ორ მთავარ მცნებაზე დგას – ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე. ორივე მცნება ადამიანს განწმენდს, სრულყოფს და სიწმინდეში ავითარებს, ამსგავსებს უფალს და აცხონებს. ყველა ის ადამიანი, ვინც ღვთის სიყვარულს განიცდის, ცდილობს სხვა ადამიანიც მიიყვანოს და აზიაროს ამ სიწმინდეს – იგი მოყვასის სიყვარულს ასე ახორციელებს საკუთარ თავში. თუ ქრისტიანი ხედავს, რომ ადამიანი დაშორებულია უფალს და სხვადასხვა ცოდვის მორევში იძირება, ბოლომდე იბრძვის მისთვის, რომ უფლისკენ შემოაბრუნოს, დაანახოს მისი სავალალო მდგომარეობა, ჩამოაშოროს ბოროტს და გაათავისუფლოს ცოდვის მარწუხებისგან. პირველ რიგში საკუთარი წმინდა ღვთივსულიერი ცხოვრებით აჩვენებს, თუ რამდენად აღმატებული და ღირსეული ცხოვრებაა უფალთან ერთად სიწმინდით ცხოვრება. შემდეგ გამოცდილებიდან გამომდინარე, ღვთის მიერ მიცემული ნიჭის მიხედვით, ქადაგებით, მოყვასთან ღვთის სიტყვის მიტანით მოღვაწეობს.

ქრისტიანები, როგორც სასულიერო პირები, ისე საერონი, სხვადასხვა სახით, როგორც სიტყვით, ისე წერილობითად ქადაგებდნენ და აწვდიდნენ მოყვასს საღვთო მცნებებს.

საქართველოშო ოდითგანვე იქადაგებოდა საერო პირთაგან ღვთის სიტყვა სხვადასხვა საერო შემოქმედებით ჟანრში ჰაგიოგრაფიით, ქრისტიანული პოეზიით, საერო მწერლობით. შოთა რუსთაველი თავის უკვდავ პოემას ასე იწყებს:

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.“

სხვადასხვა დროს, მეტ-ნაკლები რაოდენობის ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მაინც ზურგს აქცევდნენ ღმერთს და თავისი შეხედულებით, თვითრჯულით ცხოვრობდნენ, რის გამოც უამრავი სახის სავალალო ცხოვრების წესის დამკვიდრებას ცდილობდა, რასაც ეკლესია თავისი არსით ყოველთვის უპირისპირდებოდა და ამხელდა.

დღესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფები სხვადასხვა მანკიერი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ცდილობენ და თუ იმ ძველი მანკიერი ჯგუფების სახელს ან გამოსახულებას საკუთარი ორგანიზაციის ლოგოზე აღბეჭდავენ, ამით თითქოს მათთან ასოცირებას ლამობენ, თითქოს ძველის გაცოცხლებით უნდათ თქვან, რომ ეს ადრეც იყო საქართველოში და ამ ყოფაში საძრახისი არც არაფერიაო. ის, რაც არსით მანკიერებაა, ადამიანისთვის არაბუნებრივია, მისი პიროვნების დამმახინჯებელი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია, როგორც წარსულში, ისე დღესაც მანკიერებად რჩება. ამით ახალი არაფერი ითქმის. ეკლესია თავისი არსით, როგორც ადრე ამხელდა მანკიერებას, ახლაც იმავეს აკეთებს სხვადასხვა სახის ქადაგებითა და მოქმედებით.

ზემოთ ვთქვით, რომ საქარველოში ოდითგანვე საერო პირთაგანაც იქადაგებოდა ღვთის სიტყვა, რომელიც ამხელდა ღვთისგან დაშორებულ, დაცლილ მდგომარეობას ადამიანისას. ზოგიერთი საერო შემოქმედის პოეზია და სახელი იმდენად დიდია ზოგადად, კულტურისთვის, რომ მთელი მსოფლო მას გენიოს შემოქმედად აღიარებს, ხოლო ერი საკუთარ თავთან აიდენფიცირებს მას. ჩვენს შემთხვევაში ასეთი შემოქმედი შოთა რუსთაველია. ვნახოთ, როგორ ამხელს მანკიერ უზნეო ურთიერთობას მისი კალამი და შემოქმედება:

„მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.“

იგი საოცარი სიტყვაკაზმულობით გადმოგვცემს ქრისტიანულ ღირებულებებზე დამყარებულ საკუთარ მსოფლმხედველობას და გვარიგებს, რომ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ზნეობა და უზნეობა, რომ საძულველია მისთვის უზნეობა. თუ ვინმეს რწმენა არ აქვს, ეკლესიას არ უსმენს და მისთვის ავტორიტეტი არ არის მისი სწავლება, იქნებ ამ გენიოსი შემოქმედის სიბრძნეს მაინც უგდოს ყური. როგორც თვითონ გვეუბნება „ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი...“ მანკიერების უფრო მძიმე მდგომარეობასა და ფორმებზე კი კალამსაც არ გასვრის, რომ სიტყვაც კი არ წაიბილწოს და შემოქმედება არ შეურაცხჰყოს.

ადამიანთა ჯგუფები კი ასეთი ღირსეული კაცის შემოქმედებას და ღირებულებებს კი არ იღებენ მაგალითად და ცხოვრების მიზნად, არამედ კინტოების – ფლიდობისა და უზნეობის ჭურჭელსას. ასეთი ნაბიჯებით რას მიიღებენ, თუ არა ღვთისგან დაშორებას იმდენად, რამდენადაც შოთა რუსთაველის ღირებულებების, ცხოვრების, მოღვაწეობისა და პიროვნებისგან დაშორებულია კინტოს ყოფა. შედარებაც კი უხურულობას იწვევს! ქრისტიანულ საქართველოში ახალგაზრდებს ასეთ მანკიერებისგან დაცვას ყოველთვის შეებრძოლება ეკლესია, ღვთის მადლითა და საუკონოვანი საღვთო შემოქმედებით, რათა ქრისტეს საზეპურო ერი კინტოებად არ ჩამოყალიბდეს, ღირსება უღირსობაზე არ გაცვალოს, არ აცდუნოს და არ შეურაცჰყოს ეშმაკმა.

რაც შეეხება კინტოს უზნეო ცხოვრებას, ამის შესახებ თავის დროზე ჩვენი ერის ერთ-ერთი ღირსეული ქრისტიანი, ერის მოამაგე მამულიშვილი იაკობ გოგებაშვილი და ასევე სხვა ქართველი მწერლებიც წერდნენ თავიანთ პუბლიკაციებში. "გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ კინტოები ხრწნიდნენ თბილისის მოსახლეობას და მათმა გარყვნილებამ ისეთი სახე მიიღო, რომ საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ზომების მიღება." საბჭოთა პერიოდიდან ასეთი ადამიანებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს კიდევ უფრო მეტი ძალმოსილებით ცდილობენ საზოგადოებისა და ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ეს განსაკუთრებული სიმძიმე არ იყოს. ვისაც ასეთი ადამიანისგან აღსარება მოუსმენია, მან იცის რა საშინელ, ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში იმყოფება მათი ცნობიერება, მათი სული. მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა და ამ საშინელი ცოდვისგან გათავისუფლება თუ უშველის. ადამიანის უფლების დაცვა სწორედ ამ მოქმედებით განხორციელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამინებს სწირავენ და მათთან ერთად იმ ჯგუფსაც უქმნიან საფრთხეს, ვისაც ჰგონია, რომ ამ მდგომარებით ადამიანების შენარჩუნება მათი უფლებების დაცვაა. ყველა ქრისტიანმა ღვთის წინაშე უნდა ასწოროს თავისი ქმედება და მისი მცნებების მიხედვით უყუროს ცხოვრებას, რათა ყველა ადამიანი გადარჩეს. ყველა ქრისტიანული პრევენციული ზომა უნდა იყოს გამოყენებული, რომ ვინმეს ცნობიერება ასეთი არაბუნებრივი გზით არ განვითარდეს. ეს გზა ადამიანის ჯოჯოხეთურ ტანჯვას აქვე, ამქვეყნად იწყებს და უსასრულოდ აგრძელებს, უფსკრულში აგდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფსკეროა ასეთი ტანჯვა და ვარდნა ადამიანისა. ეკლესია და ეკლესიის ყველა ჭეშმარიტი შვილი იბრძოდა, იბრძვის და იბრძოლებს ამ ცნობიერების წინააღმდეგ, უფალთან ერთად საღვთო სიბრძნისა და სწავლების მიხედით, რადგან საქართველო ქრისტესია და მაცხოვარი მას არავის დაუთმობს.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (276)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას