ლუკა, II, 22-40
„და როცა შესრულდა მათი განწმენდის დღეები, მოსეს სჯულის მიხედვით აიყვანეს იგი იერუსალიმში, რომ წარედგინათ უფლის წინაშე _ როგორც დაწერილია უფლის სჯულში: ყოველ წულს, რომელიც გახსნის საშოს, წმიდა უფლისა ეწოდება. და რომ მიეცათ შესაწირი, როგორც ნათქვამია უფლის სჯულში, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“.
რჯულის მიხედვით, დედაკაცს მშობიარობის შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში არ შეეძლო ტაძარში შესვლა ისევე, როგორც დღევანდელ დღეს ხდება, ვიდრე განწმენდა არ მოხდება. ორმოცი დღის შემდეგ ქმართან და შვილთან ერთად იგი უნდა მისულიყო იერუსალიმის ტაძარში და განსაწმენდელი მსხვერპლი შეეწირა. მცირე შესაძლებლობის მქონე ოჯახის შესაწირ მსხვერპლს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი შეადგენდა. გარდა ამისა, თუკი ახლადშობილი პირმშო იყო, გარდა დედის განწმედის წესისა, ყრმაზეც აღასრულებენ ღვთისადმი მიძღვნის წესს.
ტაძარში მისულებს დახვდათ მართალი სვიმეონი.
„და აჰა, იყო კაცი იერუსალიმში, რომლის სახელი იყო სიმეონი; და ეს კაცი იყო მართალი და ღვთისმოშიში და მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას და სულიწმიდა იყო მასზე;
და იყო მისთვის უწყებული სულიწმიდისაგან, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხლავდა უფლის ცხებულს და მოვიდა სულიწმიდით ტაძარში და, როცა შეიყვანეს მშობლებმა იესო, როგორც ევალებოდათ მათ სჯულის წესისამებრ მის მიმართ“.
ძველი აღთქმის სხვა მორწმუნეთა მსგავსად, სიმეონ მიმრქმელიც ემზადებოდა ღვთის აღთქმათა რწმენით მომკვდარიყო, მაგრამ სული წმიდამ აუწყა მას, რომ გაცილებით უმჯობესი ხვედრი მოელოდა: არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს, ცხებულს. გადმოცემა გვაუწყებს, რომ სიმეონი საღრმთო წერილის სამოცდაათ მთარგმნელთაგან ერთ-ერთი იყო, რომელთაც ებრაულიდან ბერძნულზე თარგმნეს ბიბლია. ეს მოხდა ქრისტეს შობამდე 301 წელს. როდესაც იგი ესაია წიგნს თარგმნიდა, დაეჭვდა ქალწულისაგან მესიის შობის წინასწარმეტყველებაში: როგორ უნდა ეშვა უბიწო ქალწულს? ამის გამო გამოეცხედა ღვთის ანგელოზი და აუწყა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე არ დარწმუნდებოდა წინასწარმეტყველების აღსრულებაში. ამ გამოცხადების შემდეგ მართალი სიმეონი იმ იმედით ცხოვრობდა, რომ საკუთარი თვალით იხილავდა მაცხოვარს.
მართალი სიმეონი სულიწმიდის კარნახით მიდის იერუსალიმის ტაძარში, სადაც სწორედ იმ დროს ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამსა და იოსებ დამწინდველს მიჰყავთ მაცხოვარი მასზე რჯულის წესი აღსასრულებლად. სულიწმიდა განუცხადებს სვიმეონს, რომ სწორედ ესაა ყრმა - აღთქმული მესია. დიდი რიდითა და ენით უთქმელი სიხარულით აიყვანს სიმეონი ყრმას ხელში და გულზე მიიხუტებს, რის შემდეგაც უსაზღვრო მადლიერებით შეჰღაღადებს ღმერთს, რომელმაც იგი ამ შეუდარებელი ბედნიერების ღირსი გახადა და სიხარულით აღსავსე საგალობელს უგალობს:
„აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რადგან იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელიც გაამზადე ყოველი ერის წინაშე, ნათელი განსაცხადებლად წარმართათვის და სადიდებლად ერისა შენისა ისრაელისა. და იყვნენ იოსები და დედა მისი გაკვირვებულინი იმით რაც ითქვა მასზე.
და აკურთხა ისინი სიმეონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: აჰა, იგი დგას დასამხობად და აღსადგენად მრავალთა ისრაელში და ნიშნად ცილობისა. და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა განცხადდეს ზრახვა მრავალი გულისა“.
მაცხოვრის ხილვის შემდეგ რაც ასე სწყუროდა მრავალი წლის განმავლობაში, წმიდა სიმეონს აღარ სურს სიცოცხლე; მისი აღქმა აღსრულდა, სულიერი სიმშვიდით ასრულებს იგი თავის დროებით ქვეყნიურ ცხოვრებას, სრული სასოებით იმისა, რომ ნეტარ, მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებს სრული რწმენით ამქვეყნად უკვე მოსული მაცხოვრისა. მისმა თვალება იხილა მაცხოვარი ყოველთა - იუდეველთა, წარმართთა, მთელი კაცობრიობისა, ვინც კი მას მიიღებს. მართალმა იოსებმა იხილა ისრაელის მეუფე, რომელმაც განადიდა თავისი ერი იმით, რომ მის წიაღში იშვა ხორციელად. რა წმიდა, რა უზაკველი, რა ამაღლებული მდგომარეობა ჩანს მართალი სვიმეონის ამ სიტყვებში: აღქმა მესიის პიროვნებისა და მის მიერ ამქვეყნად მოტანილი სიკეთეების შესახებ! Yყრმა იესოში იგი ხსნას ხედავს, მაცხოვარებას, ანუ ადამიანთა მაცხოვარს, მხსნელს, რა თქმა უნდა, არა მიწიერი მონობისაგან არამედ, ცოდვის მონებისაგან, ხედავს ამ ხსნის მნიშვნელობას მთელი სამყაროსთვის. მისი მაცხოვარება არ შემოიფარგლება მხოლოდ იუდეველთათვის, როგორც ეს იუდეველებს ეგონათ.
მართალი სიმეონი ამბობს: აჰა იგი დგას დასამხობად და აღსადგენად მრავალთა ისრაელში. იესო ქრისტე ყოველთა დაცემულთა აღსადგინებლად და ყველა დაღუპულის საცხოვრებლად მოვიდა; მაგრამ ის ჩვენი ნებისა და ძალისხმევის გარეშე როდი გვაცხოვნებს. მაცხოვარი ყოველთა განსანათლებლად მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ისინი განათლდებიან უფლის საღმრთო ნათლით, რომელნიც თავიანთი გულის სიმდაბლეში აღიარებენ საკუთარ უძლურებასა და გონების შეცდომილებას, რომელთაც სწამთ უფლის ნათელმყოფელი და მაცხოვნებელი სიტყვები. ქრისტე მოვიდა ყოველთა მხსნელად და მაცხოვრად, მაგრამ მხოლოდ ისინი თავისუფლდებიან ცოდვის უღელისაგან, რომელნიც გულშემუსვრილნი ინანიებენ და აღაიარებენ ცოდვებს, რწმენით ეძიებენ შენდობას უფლის მოწყალებისგან. უფალი მოვიდა ყველა დაცემულის აღსადგინებლად, ყველასათვის მადლმოსილების მისნიჭებლად, რათა ყველანი შეიქმნენ სათნონი და კეთილმსახურნი. მაგრამ მხოლოდ ისინი მიიღებენ ამ საღმრთო ნიჭს, რომელნიც აღიარებენ საკუთარ უძლურებას, განუწყვეტლივ ევედრებიან უფალს სულიერი ძალების მომადლებას და ერთგულად აღასრულებენ მის ცხოველმყოფელ მცნებებს. სწორედ ასეთთათვის დგას იესო ქრისტე აღდგინებად წყვდიადისაგან ნათელში, უძლურებისგან ძლიერებაში, სიკვდილისგან საუკუნო ცხოვრებაში.
მაგრამ იესო ქრისტე ამავე დროს დგას დასამხობად მათთვის, რომელნიც მიწიერი სიბრძნით არ ირწმუნებენ უფლის ნათელმყოფელ სიტყვებს, არ იღებენ უფლის ნათელს. დგას დასამხობად იმათთვის, რომელნიც მთელი თავიანთი შინაგანი უწმიდურებით, ცრუ სათნოებებითა და ქველმოქმედებით არ აღიარებენ საკუთარ ცოდვებს, არ ეძიებენ უფლის წინაშე მათგან ხსნას. დგას დასამხობათ მათთვის, ვინც მხოლოდ საკუთარ ძალაზე, დიდებასა და სიმდიდრეზე ამყარებს იმედს, უშიშრად არღვევს საღმრთო მცნებებს, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნებას აღასრულებდეს, საკუთარი ბოროტი და დაცემული ნების მიხედვით მოქმედებს.
საყვარელო ძმაო, სწორედ ამ წინააღმდეგობაში განცხადდება ადამიანთა გულისმიერი მიდრეკილებანი, გამომჟღავნდება ცრუ კეთილმსახურება, ერთი ნაწილის შურით გამსჭვალული გაბოროტება და სხვათა სიწრფელე, სიწმიდე, ჭეშმარიტი სიყვარული. ზედმიწევნით აღსრულდა სვიმეონ მირქმელის ეს სიტყვები, რჯულის მოძღვრებზე მწიგნობრებსა და ფარისევლეზე, რომელთაც უარყვეს მაცხოვარი, თავს რომ იქებდნენ ცრუ სათნოებებით, ძალმოსილებით, სიმდიდრით. ხოლო აღდგნენ მორჩილი და თავმდაბალი მეთევზურნი, მონანული მეზვერეები, უძლური დედაკაცები, რომელთაც რწმენითა და სიყვარულით მიიღეს მაცხოვარი.
საყვარელო ძმანო, ჩვენც მივიხუტოთ უფალი სიყვარულითა და სიმდაბლით, რწმენით დავიმარხოთ მისი მცნებები, რათა ჩვენც, უღირსებმა მივიღოდ აღდგომა აწ და მარადის და უკუნითი უკუნიამდე ამინ.
წმიდა მამათა მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (705)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას