logo.png

ომამდე დაწყებული ომი

ავტორი : თემო კუპრავ

1992 წელს აფხაზეთში არსებული ეთნიკური დაპირისპირება, რუსეთის აქტიური ჩარევით, ე.წ. „ძმათამკვლელ“ ომში გადაიზარდა. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძმობა დიდი ხანია, ცალმხრივი იყო. ძმებად ქართველები მოვიხსენიებდით აფხაზებს და, შესაბამისად, მოდუნებული და მოუმზადებელი ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. სეპარატისტები კი ქართველებს „ძმებად“ არასდროს მოიხსენიებდნენ. მეტიც, უკვე ათწლეულებია, ისინი „მტრებად“ გვიხსენიებენ და შესაბამისად გვექცევიან. მაგრამ ამჯერად ამას ნუ გამოვეკიდებით და მივყვეთ გაბატონებულ ნარატივს - თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ძმათამკვლელი ომი იყო, მაშინ ასეთ ომში გამარჯვებული მხარე ვერ იარსებებს. თუმცა ბევრისთვის ესეც სადავოა - მე 30 წელია დევნილი ვარ, მაშინ, როდესაც ჩემს სახლში „გამარჯვებული“ აფხაზი ცხოვრობს, რომელმაც ამ სახლის მოსაპოვებლად სისხლიანი ეთნოწმენდა მოაწყო.

რა დავკარგეთ ამ ომში ჩვენ და რა დაკარგეს აფხაზებმა? აფხაზეთი ჩვენი იდენტობაა, ჩვენ საკუთარი იდენტობის მთავარი არტერია დავკარგეთ ამ ომის წაგებით. აფხაზებმა კი მთლიანად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. ავხსნი, რას ვგულისხმობ.

უმეტესობა ომის დაწყების თარიღად 1992 წლის 14 აგვისტოს მიიჩნევს. თუმცა ომი გაცილებით ადრე დაიწყო. ომი არც მაშინ დაწყებულა, როდესაც 2 წლით ადრე აფხაზებმა ვოვა ვეკუა მოკლეს, ანუ 1989 წლის 15 ივლისს. შევახსენოთ მკითხველს - ამ დღეს, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის შენობასთან, სადაც თსუ სოხუმის ფილიალი იყო განთავსებული, აფხაზები შეგროვდნენ. მათ შენობა ალყაში მოაქციეს და შიგ არავის უშვებდნენ. პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ქართველები გადავიდნენ რუსთაველის სახელობის პარკში, თან გადაწყვიტეს, მიემართათ აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის, რათა მიეღოთ სათანადო ზომები. საოლქო კომიტეტში წარმომადგენლების გაგზავნამ შედეგი არ გამოიღო. პასუხი აგვიანებდა. რუსთაველის პარკში შეიკრიბა 400-მდე ქართველი, ბოტანიკური ბაღის ახლოს, პუშკინის ქუჩის მხრიდან კი, აფხაზები შეგროვდნენ. შუადღისას რუსთაველის პარკთან მოხდა თავდასხმა ქართველებზე, რამაც ბიძგი მისცა შემდგომ მოვლენებს. იმ დღეს, 1989 წლის 15 ივლისს, დიდი ომის დაწყებამდე 2 წლით ადრე, ორგანიზებული თავდასხმის შედეგად 7 ქართველი დახოცეს, მათ შორის, სოხუმელ ქართველებში გამორჩეული ავტორიტეტი, ვოვა ვეკუა, რომლის ოჯახშიც ხშირად იკრიბებოდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა წარმომადგენლები.

იმას მოგახსენებდით, რომ ომი ბევრად უფრო ადრე დაიწყეს აფხაზებმა. ეს მოხდა ცნობილი „ლიხნის კრების“ დროს. მათ ომი იმით კი არ დაიწყეს, რომ დამოუკიდებლობა მოითხოვეს, არამედ იმით, რომ - კარგად გავიაზროთ და გავახსენოთ სხვებსაც - მოითხოვეს რუსეთთან შეერთება. სწორედ ეს იყო მათი იდენტობის დაკარგვა, არც ომის მერე და ომის შემდგომი რუსული ოკუპაციის შედეგად, არამედ ამ მოთხოვნის დაყენებისთანავე. ბევრის აზრით, მათ ამ მოთხოვნით დაასრულეს საკუთარი ისტორია და გახდნენ რუსული იმპერიალისტური ისტორიის ნაწილი.

ყველას ახსოვს 1989 წლის 9 აპრილი. უბრალოდ, ბევრს არ ახსოვს, თუ რის გამო დაიწო აქციები თბილისში 1989 წლის გაზაფხულზე, რომლის შედეგადაც დადგა ეს ტრაგიკული დღე. სწორედაც რომ „ლიხნის კრებაზე“ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაპროტესტებდით რუსთაველზე.

„ლიხნის კრების“ მერე აფხაზები გაქრნენ. მათ აღარაფერი შერჩათ, ტერიტორიის გარდა,  რომელიც უბრალოდ ტერიტორიაა და მეტი არაფერი, განადგურებული და გაპარტახებული მიწის ნაგლეჯი, ოდესღაც სამოთხე რომ იყო. ამ ტერიტორიაზე არ­სებული ბიზნესის უმეტესი ნაწილი აფხაზებს არ ეკუთვნით. ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობა - ომამდელი მოსახლეობის ნახევარზე ბევრად ნაკლები - ფეხზე ვერაფრით წამოდგა და ვერც წამოდგება. აფხაზეთის ეკონომიკა დღემდე რუსეთიდან ფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ეკონომიკური კეთილდღეობის უკან სწორედ ქართველები იდგნენ, ისინი ქმნიდნენ თითქმის ყველაფერს, რაც აფხაზეთს საქართველოს ყველაზე მდიდარ კუთხედ აქცევდა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რამხელა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, აფხაზეთის განვითარების რესურსი რომ მისი მთელი ეთნოწმენდამდელი მოსახლეობის ხელში იყოს...

ბევრი იტყვის, უამრავ ქართველსაც აღარ უნდა დღევანდელ საქართველოში ცხოვრება  და აფხაზებს რატომ ვთხოვთ, ჩვენთან ერთად იყვნენო. დარწმუნებული ვარ: აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების შემთხვევაში საერთოდ სხვა ქვეყანა გვექნება, საკუთარ იდენტობას დავიბრუნებთ, რომ არაფერი ვთქვა ეკონომიკურ განვითარებაზე.

მანამდე კი ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ ომი 1992 წლის 14 აგვისტოს არ დაწყებულა. უნდა ითქვას, რომ აფხაზებს სინამდვილეში არც კიტოვანის გამო ვძულდით, არც „მხედრიონისა“და არც საყოფაცხოვრებო მიზეზით. უნდა ითქვას სიმართლე!

...დღეს აფხაზეთი რუსეთის მიყრუებული გუბერნიაა. აფხაზებს იქ თითქმის არაფერი ეკუთვნით, ის სახლებიც კი, რომლებშიც ცხოვრობენ. ქართველებისთვის წართმეულ სახლებში ვინც შესახლდა, მათ ეშინიათ კანონიერი მესაკუთრეების დაბრუნების. მათ ეშინიათ შურისძიების. მათ ეშინიათ მათივე ბოროტებისგან გამწარებული ქართველების საკუთარ სახლებთან გამოჩენის, რაც, ალბათ, ბუნებრივია. მეორე მხრივ, არ ვიცი, ვართ თუ არა მზად ქართველები, როგორც საზოგადოება, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ. დღეს ჩვენში მოქალაქეობრივი შეგნება მოიკოჭლებს. თითქოს ინერციით ვცხოვრობთ, პასიურ სტატისტებად. სახელმწიფო მიტაცებულია, ერი - დაქსაქსული, საზოგადოება - პოლარიზებულ-ფრაგმენტირებული. როცა ეს შეიცვლება, მერე შეგვეძლება ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავიბრუნოთ იდენტობის დაკარგული ნაწილი და როგორ გავაგრძელოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. მერე შევძლებთ, გავაერთიანოთ ისტორიული ნარატივი, რომელიც სუსტისა და მთხოვნელის პოზიციიდან ვერასდროს გაერთიანდება: ის, რომ 27 სექტემბერი მათთვის გამარჯვების დღეა, ჩვენთვის კი - დიდი მარცხისა და მოუშუშებელი ტკივილის დღე.

ჟურნალი ახალი ივერია.

ნანახია: (85)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას