logo.png

ბავშვთა სიმსუქნის კრიზისი და ოზემპიკი

ბავშვთა სიმსუქნე მნიშვნელოვანი და მზარდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ის  დაკავშირებულია ბავშვებში ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა მაგალითად, ინსულინისადმი წინააღმდეგობა, მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, ასთმა, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი, ნეიროგანვითარების დარღვევები და ნაადრევი მომწიფება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სიმსუქნის მაჩვენებელი ბავშვებში და მოზარდებში 1975 წლიდან, 2019 წლამდე თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეს ზრდა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორისაა მაღალკალორიული და უხარისხო საკვების მოხმარების გაზრდა, წყალსა და საკვებში დიდი რაოდენობით ჰორმონების დამრღვევი ქიმიკატების არსებობა; ფიზიკური აქტივობის შემცირება; გარკვეული პროდუქტების, მაგალითად შაქრის, ფრუქტოზის, ინდუსტრიულად ზედმეტად დამუშავებული საკვების და ხელოვნური დამატკბობლების მიმართ დამოკიდებულების განვითარება.

 

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა, და ეს მაჩვენებელი სწრაფად იზრდება.

ბავშვებში ჭარბი წონა და სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა გლობალურად.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში 10-დან 17 წლამდე ასაკის ყოველი მესამე მოზარდი და ახალგაზრდა არის მსუქანი ან ჭარბ წონიანი. 

 

პედიატრიის ამერიკული აკადემია რეკომენდაციას უწევს ბავშვთა სიმსუქნის აგრესიულ მკურნალობას ისეთი მედიკამენტების გამოყენებით, როგორიცაა ოზემპიკი, GLP1 აგონისტი, მიუხედავად იმის, რომ შემაშფოთებელია ექვსი წლის ასაკის ბავშვებში ამ მედიკამენტის მიღების პოტენციური შედეგები. 

 

ბავშვებში ოზემპიკის (სემაგლუტიდის)  გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ნაწლავის პერისტალტიკის შენელება, კუჭის ტკივილი და ყაბზობა; ასევე, ნაღვლის ბუშტის დაავადებას, გულისცემის გახშირებას, არტერიულ წნევას, კუნთის განლევას და სხვა. ოზემპიკის და წონის დასაკლები სხვა მსგავსი მედიკამენტების ბავშვებში გამოყენების ეფექტები და უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, ამიტომ ბავშვებში ამ წამლების გრძელვადიანი გამოყენება დებატებისა და შეშფოთების თემაა ბოლო პერიოდში.

 

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის აკადემიურ ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებული სტატია „ბავშვთა სიმსუქნე მეცნიერებისა და სოციალური სამართლიანობის გზაჯვარედინზე“ ხაზს უსვამს ბავშვთა სიმსუქნის პრობლემის მოგვარების მნიშვნელობას დაავადების ძირეულ მიზეზზე ორიენტირებული მიდგომის გზით.

 

კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მკურნალობა, რომელიც დაავადების ძირეულ მიზეზზეა ორიენტირებული, ზოგადად საუკეთესო შედეგს აღწევს ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ისინი გამოხატავენ შეშფოთებას პედიატრიის ამერიკული აკადემიის კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინში წონის დასაკლებ მედიკამენტებზე და ბარიატრიულ ქირურგიაზე აქცენტის გამო; ამბობენ, რომ ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებლის გლობალურად ძალიან სწრაფად გაზრდას მხოლოდ გენეტიკურ წინასწარ განწყობას ვერ მივაწერთ; სიმსუქნის გამომწვევძირითად მიზეზზე ორიენტირება, კვების შეცვლა და ვარჯიში ყველაზე გონივრული გზაა ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, და რომ მოწყვლადი ახალგაზრდების წამლებზე და ბარიატრიულ ქირურგიაზე გადამისამართებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრობლემები. 

 

კვლევა მოითხოვს ბავშვთა სიმსუქნის მკურნალობის არსებული მიდგომის გადაფასებას, წამალზე ორიენტირებული მიდგომიდან სიმსუქნის გამომწვევ ძირითად მიზეზზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლას, ჯანმრთელ კვებაზე და ვარჯიშზე აქცენტის გაკეთებას.

 

მიუხედავად პროფესიული სამედიცინო საზოგადოებების მითითებებისა, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ დიეტასა და ცხოვრების წესს, როგორც კარდიომეტაბოლური დაავადებების მკურნალობის პირველ ნაბიჯს, აქცენტი მედიკამენტებზე მაინც გრძელდება.

მოკლედ, ფაქტია, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ასდენს ფარმაცევტულ და კვების მრეწველობაში დანერგილი მოგებაზე ორიენტირებული პრაქტიკა.  

სიმსუქნის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა ცხოვრების წესის ცვლილებებით და საკვების ხარისხის გაუმჯობესების გზით, ისევე, როგორც ბავშვებში ჯანსაღი ჩვევების პოპულარიზაცია, საუკეთესო სტრატეგია იქნება პრობლემის მოსაგვარებლად, რაც გააუმჯობესებს ბავშვების საერთო ჯანმრთელობას და შეამცირებს მედიკამენტებზე მათ დამოკიდებულებას.

ქეთევან შავლიაშვილი,  ექიმი, ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი.

 

ნანახია: (191)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას