logo.png

რატომ ენატრებათ სერბებს გარდაცვლილი პატრიარქი

 

ამჟამინდელმა სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა იმით დაამახსოვრა თანამემამულეებს თავი, რომ უმაღლეს საეკლესიო პოსტზე ახლად არჩეული, ჯერ კიდევ 2010 წლის 9 დეკემბერს, შეღამებულზე, ესტუმრა ბელგრადის სინაგოგას და დაესწრო ხანუკას დღესასწაულს  ბელგრადის სინაგოგაში და აანთო რვიდან ერთი სანთელი.

 

გადაღებულია ვიდეორგოლი, სადაც სერბეთის პატრიარქი ანთებს  მენორას - რაც მართლმადიდებლობაში აპოსტასიურ აქტად მიიჩნევა, რადგან დიდი სჯულისკანონის მიხედვით: "ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღვდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწვიოსცა მათ მოქმედებაი რაისმე სამღვდელოთაგანისაი ვიღარცა მღდელთა, განიკუეთენ"; მას შემდეგ ირინეოსის ქმედებები კიდევ უფრო გააქტიურდა ეკუმენისტური მიმართულებით: დღეისათვის სერბი პატრიარქი  ამზადებს ეკუმენურ დიალოგს კათოლიკეებთან, ესწრაფვის მათთან საეკლესიო ერთიანობის მიღწევას და  ვარაუდობს მართლმადიდებლური პასქალიისა და იულიანური კალენდრის  გადახედვას.

 

ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ სერბებს ენატრებოდეთ 2009 წელს 96 წლის ასაკში გარდაცვლილი პატრიარქი პავლე, ვისაც ხალხი ”ცოცხალ წმინდანს” ეძახდა და უკანასკნელ გზაზე მთელი ერი მიაცილებდა.

დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც აერთიანებდა მთელ სამწყსოს. პატრიარქი ძალიან ახლოს იყო თავის ხალხთან და მათაც უსაშველოდ უყვარდათ იგი.

ის ყველაზე ადრე დგებოდა მთელ სერბეთში - როცა სხვებს ჯერ კიდევ ეძინათ. ატარებდა საღმრთო ლიტურგიას და ღმერთს ავედრებდა სამშობლოს. მის გულში მთელი სერბეთი ეტეოდა. თუმცა ის პატარა იყო ტანად, მაგრამ დიდი იყო სულით; მისი სუსტი მხრები მთელი ქვეყნის სიმძიმეს იტევდა. თუმცა ფაქიზი და თლილი თითები ჰქონდა, მაგრამ პირჯვრის საწერად შეკრული სამი თითის ერთობლიობით დემონთა ლეგიონებს ამარცხებდა, მსუბუქი ქსოვილის სამოსის ქვეშ მამაცი მეომრის გული უძგერდა;  ხალხი ამბობდა მასზე: ” ეს ჩვენი ანგელოზია, რომელიც გვმფარველობს და  გვიცავს ჩვენ”!

ის თითქმის მხოლოდ ფეხით დადიოდა - ყოველგვარი დაცვისა და თანმხლებთა გარეშე.  მასთან მისვლა შეეძლო ყველა მსურველს, თავის რეზიდენციაში ის ყოველდღე იღებდა უამრავ მიმსვლელს; მას ყველასთვის ჰქონდა ალერსიანი და მანუგეშებელი სიტყვა.


 

იგი ყველას მოუწოდებდა მოკრძალებული ცხოვრებისაკენ - როდესაც ჯერ კიდევ ეპისკოპოსი იყო, სოპოჩანეს მონასტრის მონაზვნებმა თხოვეს კურთხევა ”ფიჩოს” (”ზაპოროჟეცის” სერბული სინონიმი) შეძენისათვის, რათა ქალაქიდან გადმოეზიდათ მონასტრისათვის საჭირო ნივთები და სურსათი. პავლეს პასუხი იყო : ”არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულებით, თან იქნებ ისეც მოხდეს, რომ გუბეებში გადაივლით და მათვე გაწუწავთ”.

რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსობის დროს ეპარქიის საჭიროებისთვისაც კი  არ ყიდულობდა მანქანას. ”ვიდრე კოსოვოს ყველა სერბულ ოჯახში არ იქნება მანქანა, არც ჩვენ გვეყოლება”, - ასეთი იყო მისი განმარტება.

ბოლოს,  როდესაც, როგორც იქნა,  ყველაზე იაფი მანქანა აყიდინეს, მაინც არ სარგებლობდა იმით - ეკლესიიდან ეკლესიამდე, მონასტრიდან მონასტრამდე მთელ ეპარქიაში სულ ფეხით დადიოდა. თუ ფეხით ძალიან შორი იყო და ტრანსპორტი სჭირდებოდა, იყენებდა  ჩვეულებრივ საქალაქო ტრანსპორტს და ხალხის ჭედვაში ისიც მათ სივიწროვეს იზიარებდა...

იყო აბსოლუტურად უვეცხლო და უანგარო და ისე მცირედით იკვებებოდა, როგორც ძველი მეუდაბნოე მამები.  ცხოვრებითაც ცხოვრობდა, როგორც უძველესი დროის მართლმადიდებელი ბერი - არ იხმევდა ხორცს, ხოლო ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ძალიან მკაცრად მარხულობდა. საღმრთო ლიტურგიას ყოველ დილით საპატრიარქოს პატარა სამლოცველოში ატარებდა. იქ არ იყო გუნდი, გალობდნენ მხოლოდ მრევლის წევრები...

მსახურების წინ თავად იმოსებოდა და მსახურების შემდეგ თავადვე განიმოსებოდა, თვითონ  იღებდა აღსარებას და თვითვე აზიარებდა მლოცველებს; თვითონ რეცხავდა თავის ბისონს, აუთოებდა და აკერებდა, თვითონ იმზადებდა საკვებს. მას ჰქონდა ფეხსაცმლის შესაკეთებელი ყველა ინსტრუმენტი და თავად აკერებდა საკუთარ ფეხსაცმელს. ის ხშირად ეწეოდა მსახურებას სხვადასხვა ეკლესიაში და თუ დაინახავდა,  რომ მღვდელმსახურს გახეული ჰქონდა ანაფორა ან ფელონი, ეუბნებოდა: ”მომიტანე და მე დაგიკერებ!”

ნუ დაგვავიწყდება,რომ პატრიარქი ბრძანდებოდა ღვთისმეტყველების დოქტორი (ეს წოდება მას  პატრიარქობამდე დიდი ხნით ადრე მოეპოვებინა).

პატრიარქს ჰქონდა საყვარელი გამოთქმა: ”ვიყოთ ადამიანები”.  ”ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც ქვეყანას,  სადაც ვჩნდებით, ვერც ხალხს, რომლის წიაღშიც ვიშვებით, ვერც დროს, როდესაც ვჩნდებით... ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი რამის არჩევა: ვიყოთ ადამიანები ან არაადამიანები”, - ამბობდა ის.

სწორედ ამ სათაურით (”ვიყოთ ადამიანები”) შეკრიბა იოვან იანიჩმა მოგონებები უწმინდეს პატრიარქზე და პატარა იგავების სახით  მოუყარა  თავი წიგნში, საიდანაც რამდენიმეს ქვემოთ შემოგთავაზებთ:

 

კარგი ფეხსაცმელი

ქალბატონ იანია ტოდოროვიჩის და მიღებაზე იმყოფებოდა პატრიარქთან. საუბრის დროს მან შემთხვევით დახედა ფეხზე და დაინახა, რომ პატრიარქს ეცვა ძველი, ოდესღაც უკვე დახეული და შემდეგ დაკერებული ”ბათინკები”. ქალმა გაიფიქრა: ”რა სირცხვილია ჩვენთვის, სერბებისათვის, რომ ჩვენს პატრიარქს ამ ძველმანებით უწევს სიარული; ნუთუ არავის გასჩენია სურვილი მისთვის ახალი ფეხსაცმელი ეჩუქებინა?” და უცებ ესმის პატრიარქისგან: ”ხედავთ, რა კარგი ფეხსაცმელი მაქვს? მე ისინი ვიპოვე სანაგვე ურნასთან, როდესაც საპატრიარქოში მოვდიოდი. ვიღაცას გადაუყრია, არადა, შეხედეთ, რა ტყავია?! მე ცოტათი დავაკერე, განვაახლე და ახლა ისინი დიდხანს მომემსახურებიან!”

 

”მე შენზე გვიან დავწექი!”

არსებობს ფეხსაცმლის სხვა ისტორიაც:  ერთ ქალს შეუნიშნავს ძველი ფეხსაცმელი პატრიარქის ფეხზე  და  უთქვამს მისთვის, რომ ამ ღამით მას გამოეცხადა ღვთისმშობელი,  რომელმაც უბრძანა, ფული გადაეცა პატრიარქისათვის, რათა  მას ახალი ფეხსაცმელი შეეძინა.  ამ სიტყვებთან ერთად ქალს კონვერტი მიუწოდებია ფულით. პატრიარქს  ალერსიანად უკითხავს: ”რომელ საათზე დაწექით დასაძინებლად?” გაკვირვებულმა ქალმა თურმე უპასუხა: ”სადღაც თერთმეტისათვის”. ”მე კი შუაღამის 4 საათზე დავწექი, - მიუგია პატრიარქს -  და მეც მესიზმრა ღვთისმშობელი, რომელმაც მთხოვა,  გადმომეცა თქვენთვის, რომ ეს ფული გადაგეცათ მათთვის, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება”, - და ფული არ გამოართვა.

 

უვეცხლობის მცნება

ერთხელ, საპატრიარქოსთან მისულმა პატრიარქმა დაინახა მრავალი ძვირადღირებული უცხოური მარკის მანქანა და დაინტერესდა, ვისი იყო ეს მანქანები. მას უთხრეს, რომ ეს მანქანები ეპისკოპოსებს ეკუთვნოდა. მან ღიმილით თქვა: ”აბა, წარმოიდგინეთ, თუკი მათ, ვინც იცის მაცხოვრის მცნება უანგარობისა და  უვეცხლობის შესახებ და მათ აქვთ ასეთი მანქანები, რა მანქანები ეყოლებოდათ,  ეს მცნება რომ არ არსებულიყო?”

 

სამართლიანობა

ერთხელ პატრიარქი  ვიზიტით მიემგზავრებოდა თვითმფრინავით. როდესაც ზღვას გადაუფრინეს, თვითმფრინავი მოხვდა ტურბულენტობის ზონაში და  იწყო რყევა. ახალგაზრდა მღვდელმსახური, რომელიც პატრიარქის გვერდით იჯდა, შეეკითხა, რას ფიქრობდა ის  იმ საკითხზე, წყალში რომ ჩავარდნილიყო თვითმფრინავი? პატრიარქმა მშვიდად უპასუხა: ”საკუთარ თავთან დაკავშირებით მე ამას მივიღებ, როგორც სამართლიანობის აქტს: ჩემი ცხოვრების მანძილზე მე იმდენი თევზი მაქვს მირთმეული, რომ გასაკვირი არ იქნება, ახლა თევზებმა შემჭამონ”.

 

ერთი მანტია

როდესაც მას, უკვე პატრიარქს, შეხუმრებული  სასულიერო პირნი ეკითხებოდნენ: ”აბა, რა პატრიარქი ხართ, როცა სულ ერთი მანტია გაბადიათ? ის პასუხობდა: ”რად მინდა მეტი, ერთდროულად ორ მანტიას ხომ ვერ გადავიცვამ?”

 

მერსედესი

ერთხელ პატრიარქს გზაზე ”მერსედესით” წამოეწია მავანი მღვდელმსახური, გადმოვიდა მანქანიდან და მიმართა: ”თქვენო უწმინდესობავ, დაბრძანდით, მიგიყვანთ, სადაც გნებავთ”...

პატრიარქს უარი არ უთქვამს, ჩაუჯდა მანქანაში და მდიდრული სალონი რომ მოათვალიერა, ჰკითხა:

”მითხარით, ვისი მანქანაა ეს?”

”ჩემია,  თქვენო უწმინდესობავ”  - დაიტრაბახა მანქანის პატრონმა.

”გააჩერე - უთხრა პატრიარქმა, გადმოვიდა, პირჯვარი გადაიწერა, დალოცა: ” ღმერთმა გიშველოსო” და ფეხით გააგრძელა გზა.

 

რიგრიგობით

ერთხელ საოცარი ამბავი მოხდა ტრამვაიში, რომლითაც  საპატრიარქოში მიემგზავრებოდა. გადაჭედილ ტრანსპორტში  ვიღაცამ დაიძახა: ”ხალხო, შეხედეთ, პატრიარქი!” და  გაიწია მისკენ ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. მას მიბაძეს სხვებმა და  გაიმართა ერთი ზედახოცვა. ვატმანმა გააჩერა ტრამვაი და მოითხოვა მგზავრებისგან, რომ პატრიარქის გარდა ყველა ჩამოსულიყო ტრამვაიდან; შემდეგ მხოლოდ ერთი კარები დატოვა ღია და  გამოაცხადა: ”ახლა კი შემოდით თითო-თითოდ” და ასე ყველა, ხელის კვრისა და ჯიკაობის გარეშე შემოდიოდა ტრამვაიში და ლოცვა-კურთხევას იღებდა პატრიარქისგან.


 

 

ხედავს , რისი დანახვაც უნდა!

საპატრიარქოში ყველას ახსოვს დიალოგი პატრიარქსა და ერთ დიაკვანს შორის, რომელიც ყველგან თან დაჰყვებოდა. ერთხელ  ერთ ეკლესიაში იყვნენ გასამგზავრებელნი და ეკითხება დიაკვანი: - მანქანით წავიდეთ?

-არა, ავტობუსით - პასუხობს პატრიარქი.

დილიდანვე მოთბა ჰაერი და დღეს ცხელი შუადღის პირი უჩანს. დიაკვანს  სიკვდილივით ეზარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.

-შორია, ავტობუსში დახუთულობა იქნება და ჭყლეტვა.

- არა ავტობუსით უნდა წავიდეთ - მტკიცედ ამბობს პატრიარქი და კვერთხს ასობს ასფალტს.

- მაგრამ,  თქვენო უწმინდესობავ, ახლა ზაფხულია, ბევრნი საბანაოდ მიდიან ბელგრადის პლაჟზე და ავტობუსი სავსე იქნება ნახევრად შიშველი ხალხით, უხერხულობაში ჩავვარდებით  - ცდილობს  უცილობელი არგუმენტის მოშველიებას დიაკვანი.

პატრიარქი ერთხანს უყურებს თავის თანაშემწეს და მერე ეუბნება:

-იცი რა, ჩემო კეთილო; ყველა იმას ხედავს, რისი დანახვაც უნდა!

 

რაღად გინდა ფოტონათება?

ერთხელ პატრიარქს ესტუმრა სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოჟურნალისტი ვიცან ვიცანოვიჩი, რათა თავისი ჟურნალისთვის გადაეღო მისი ფოტოსურათები.

მაგრამ მან, როგორც ათეისტმა, არ იცოდა, როგორ უნდა მიემართა პატრიარქისათვის. გადაღებების დროს, როდესაც არჩევდა საუკეთესო პოზებს კარგი კადრებისათვის ფოტონათების გამოყენებით, მიმართა:
- თქვენო უნათლესობავ (”светлеисхество”)

-მე თუ უნათლესობა ვარ, მაშ ფოტონათება რაღად გინდა?” - ჩაეკითხა პატრიარქი.

 

”მაგრამ, როდესაც დავლევთ...”

ერთი კარგი მოქეიფე ჯეელი, რომელიც დღემუდამ  საპატრიარქოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე რესტორანში ილხენდა, პატრიარქის დანახვისთანავე გადმოირბენდა ხოლმე ქუჩას და კურთხევას იღებდა პატრიარქისაგან.  ერთხელაც, პირში ენას რომ ვერ იბრუნებდა, იმ მდგომარეობაში ეუბნება პატრიარქს:

-თქვენო უწმინდესობავ, მე და შენ მთელ ბელგრადში საუკეთესო ადამიანები ვართ!

პატრიარქი, რომელიც ხედავს, რომ მაქებარი ფეხზე ძლივს დგას, დაყვავებით ეუბნება:

-მართალი ხარ, მაგრამ იმაშიც ხომ ღმერთი დაგვემოწმება,  როცა ვთვრებით, ყველაზე ცუდები ვხდებით ხოლმე!

 

ხელს ნუ შეგვიშლით!

როდესაც მეუფე პავლე სერბეთის პატრიარქად აირჩიეს, მრავალი საზღვარგარეთული დელეგაცია და საპატივცემულო სტუმრები ითხოვდნენ მასთან შეხვედრას. საპატრიარქოს თანამშრომლები უფრთხოდნენ ამ შეხვედრებს, ეშინოდათ, რომ მეუფე, რომელსაც ცხოვრების მეტი წილი მონასტრებში ჰქონდა გატარებული, არ დაბნეულიყო, რადგან მას არ გააჩნდა საერო დიპლომატიის გამოცდილება.

ერთხელაც, აუდიენცია ითხოვა ბელგრადში ამერიკის ელჩმა უორენ ციმერმანმა. მან გადასცა პატრიარქს მისალმება ამერიკელი ხალხისა და პრეზიდენტის  სახელით და საუბრის დასასრულს  დაეკითხა:
-რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?”

-თქვენო აღმატებულებავ, ხელს ნუ შეგვიშლით და ამით ყველაზე კარგად დაგვეხმარებით.

დრომ დაადასტურა რომ ეს იყო ბრძნული თხოვნა.

 

ნანახია: (1865)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას