"ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”
ეკლესია ზეცაა დედამიწაზე, სადაც უფალი მაცხოვნებელი საიდუმლო მსახურებებით მოქმედებეს. მათე მახარებლის სახარებაში ვკიხულობთ: ,,და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ერეოდნენ მას”. სიტყვა ეკლესია ბერძნულია და კრებულს ნიშნავს. იგი ღმრთის მიერ დაფუძნებული ადამიანთა საზოგადოებაა, ადამიანთა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ქრისტესმიერი სიყვარულით, რწმენით, საღმთო კანონებით, იერარქიითა და წმინდა საიდუმლოებებით. ეკლესია დააფუძნა თავად იეს ქრისტემ, ადამიანთა გამოსახსნელად განკაცებულმა. სწორედ მან გადმოგვცა საყოველთაო სწავლება, რომელიც უნდა მიიღოს და აღიაროს ყველამ, ვისაც სურვილი აქვს, გახდეს ეკლესიის წევრი. ეკლესიის თავი და მეთაური არის თავად იესო ქრისტე; პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: ,,ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თავადვეა სხეულის მხსნელი, თითოეული ქრისტიანი იწოდება ეკლესიის, როგორც ქრისტეს მისტიური სხეულის წევრად”; კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში კი წერს: ,,ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და ყოველი ასო ერთი და იმავე სხეულისაა, და, თუმცა მრავალია, მაინც ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც. რადგან ჩენ ყველამ ერთი სულით ნათელვიღეთ ერთ სხეულად”.
ეკლესია წმიდაა, იგი იესო ქრისტეს მიერ არის განწმენდილი, მისი ჯვარზე ვნებითა და აღდგომით. პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: ,,როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, და მისცა თავისი თავი მისთვის, რათა წმიდა ეყო იგი”, ეკლესიის წევრები ქრისტეს მეშვეობით - ნათლისღებით თანამოქალაქენი ვხდებით ზეციური სოფლისა, რომელში მკვიდრობასაც ჩვენი სურვილი და ღვაწლი სჭირდება. პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: ,,ამიერიდგან უცხონი კი აღარა ხართ და უცხოელნი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმრთის სახლეულნი; მოციქულთა და წინაწარმეტყველთა საფუძველზე დაფუძნებული, რომლის ქვაკუთხედი არის თვითონ ქრისტე, ვისთვისაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, რომელშიაც თქვენ დამკვიდრდებით, ღმრთის სავანედ, სულით”. როგორც მაცხოვარია ერთადერთი წინამძღოლი ეკლესიისა, ასავე ეკლესია, ვითარცა სხეული მისი, უნდა იყოს ერთი და განუყოფელი. მთელ ქვეყანაზე განფენილი, იგი წარმოგვიდგება სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის სახით, შემდგარი სხვადასხვა ხალხის ეროვნული თავისებურებების, ტრადიციების მიხედვით, როგორიცაა ეკლესიის ეპარქიული მოწყობა და ენა ამათუიმ ერისა. ეს განსხვავება ადგილობრივ ეკლესიებს შორის არსებობს ეკლესიის დაფუძნების დროიდან და იარსებებს მარად, რადგან ეკლესია თავისი დანიშნულებით განსაზღვრულია ყველა ერის, ხალხის, ყველა დროისა და ადგილისათვის. ამავდროულად იგი ისეთივე ერთიანი და მთლიანია, როგორც მოციქულთა დროს იყო.
რადგან ეკლესია სულიერი ხელმწიფებაა, ამიტომ მისი ერთობა არ შეიძლება იყოს სხვაგვარი, თუ არა სულიერი, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს ერთმორწმუნეობით. ყველა, ვისაც კი აქვს სურვილი ეკლესიის წიაღში ყოფნისა, უნდა აღიარებდეს უცილობლად ერთ აღმსარებლობას. ერთმორწმუნეობამ თანაბრად უნდა ააღორძინოს ყველა. ამიტომაც იწოდება იგი კათოლიკედ, რაც საყოველთაოს ნიშნავს.
ეკლესიის საყოველთაობა ვლინდება არა მხოლოდ იმით, რომ ის არ არის შეზღუდული სივრცით და მოიცავს მთელ მსოფლიოს, არამედ იმითაც, რომ ყოველი მისი ცოცხალი ნაწილი, რომელიც სულიწმიდის ნიჭის მადლის სრულ სისავსეს ფლობს, მისტიკურად საყოველთაო ეკლესიის თანასწორია, ანუ არის ეკლესია. სამოციქულოდ იმიტომ იწოდება ეკლესია, რომ იესო ქრისტემ მოციქულთა მეშვეობით განავრცო და დაამკვიდრა იგი მთელ ქვეყანაზე. ამასთან ერთად, ეკლესია უწყვეტად და შეუცვლელად ინარჩუნებს მოციქულთაგან გადმოცემულ სწავლებას და სულიწმიდის ნიჭთა მემკვიდრეობით გადაცემას წმიდა სამღდელმთავრო ხელდასხმათა გზით.
წმინდა მამათა მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურსბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (249)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას