logo.png

ნუ მივუდგებით სექტანტურად მედიცინის მიღწევებს

„თუ ღმერთს სურს, ჯანმრთელობას ექიმის მიერ მიანიჭებს, და როდესაც უნდა – თავისი ერთი სიტყვით განკურნავს“

(წმ. ბარსანუფი დიდი)

სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს და მათ შორის, სასულიერო პირებს მიაჩნიათ, რომ თუ ვირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო აცრით აიცრება ან ნებისმიერი სახის დაავადებაზე იმკურნალებს, ამით რწმენის ნაკლებობას გამოავლენს, რაც იმთავითვე მცდარი მიდგომაა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დაავადებაა, რომლის მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში ფატალური შედეგი დგება, როგორიცაა ონკოლოგიური, დიაბეტური, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ნებისმიერ ამ დაავადების შემთხვევაში, მკურნალობის არჩატარება, მედიკამენტების არმიღება და ტკივილის დათმენა, სარწმუნოების სიმტკიცის გამოვლინება იქნებაა თუ რაიმე სახის უცნაურობისა (ყველაზე რბილად რომ ვთქვათ)?! − რა თქმა უნდა, უცნაურობისა, რადგან ასეთ შემთხვევაში ფიზიკური ტკივილი და მისი დათმენა სარწმუნოებასთან ძალიან შორსაა!

ნუ მივუდგებით სექტანტურად მედიცინის მიღწევებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. გახსოვთ რამდენიმე წლის წინ რა საშინელება ჩაიდინეს სექტანმა რასელისტებმა (თავის თავს იაღოვას მოწმეებს რომ უწოდებენ) ბავშვისთვის სისხლის გადაუსხმელობით? და ეს იმ დროს. როცა უფლისგან სიცოცხლის გადარჩენის საშუალება გვეძლევა მიდიცინის მეშვეობით, როცა კეთილსინდისიერი მედიცინა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ღვთის სამსახურში დგას... თავის დროზე და დღესაც ხდება საყოველთაო, გეგმიური აცრები, რომელმაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო აცრის გარეშე, შესაძლოა, უამრავი პატარა გარდაცვლილიყო, ან დარჩენილიყო მთელი ცხოვრება ფიზიკური დეფექტით. მართებულად შევაფასოთ, ეს ძალდატანებაა, თუ ადამიანთა კეთილდღეობაზე და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა?

უწინ მედიცინის სფერო ეკლესიას ჰქონდა შეთავსებული, სასულიერო პირები თვითონ მკურნალობდნენ სნეულებს, ფლობდნენ სამკურნალო საშუალებების დამზადების ცოდნას. ეს ცოდნა არა მხოლოდ წერილობით, უხუცეს ხალხშიც დღემდეა დარჩენილი. ეკლესიას ჰქონდა თავშესაფარები, ქსენონები. დღეს რატომ უნდა თქვას ადამიანმა მკურნალობაზე უარი, როდესაც თავად ქრისტე არაერთ ადამიანს კურნავდა სხვადასხვა სახით: სიტყვით, შეხებით, მის მიერ შექმნილი მატერიისთვის სამკურნალო თვისების მინიჭებით (გავიხსენოთ, თუნდაც, ბრმის განკურნება). მას ხომ შეეძლო მასთან სარეცელით მიყვანილი დავრდომილის გადარჩენა ცოდვათა მიტევებით, წუთისოფლიდან მისი გაყვანითა და ცხონებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, განკურნა ფიზიკურად სნეულებისგან, რის შემდეგაც მისცა დრო იმისთვის, რომ უფალთან უფრო ახლოს მისულიყო. უფალი დროს გვიხანგრძლივებს, საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ადამიანს, რომ დავინახოთ საკუთარი სისუსტეები, მისკენ გადავდგათ ნაბიჯი, სრულვყოთ საკუთარი თავი, რათა ვცხონდეთ. ამას კი დრო სჭირდება.

„სნეულებები ჩნდება ნივთიერი საწყისებისაგან და აქ სასარგებლოა საექიმო ხელოვნება; არის სნეულებები, როგორც სასჯელი ცოდვებისთვის, და აქ საჭიროა მოთმინება და სინანული; არის სნეულებები ბოროტთან საბრძოლველად და მის დასამარცხებლად, როგორც იობის შემთხვევაში; და მოუთმენელთათვის მაგალითის მისაცემად, როგორც ლაზარესთან იყო; წმინდანებიც იტანენ სნეულებებს, და ყველას უცხადებენ სიმდაბლეს და ყველასთვის საერთო ადამიანური ბუნების საზღვარს. ამგვარად, ნუ დაამყარებ სასოებას საექიმო ხელოვნებაზე მადლის გარეშე, და ნურც უარყოფ მას სიჯიუტით, არამედ შესთხოვე ღმერთს სასჯელის მიზეზების შეცნობა და შემდეგ უძლურებისაგან გათავისუფლება; მოითმინე გაკვეთა, ამოწვა, მწარე წამლები და სასჯელის ყველა წამლობა“ (წმ. ბასილი დიდი).

უფალი სამედიცინო მკურნალობებით გვიხანგრძლივებს დროს, საშუალებას გვაძლევს საკუთარი თავის სრულყოფისთვის და ამ დროს და შენ ნუ წაართმევ ადამიანს შენი რჩევით ნურც მიწიერ სიცოცხლეს და ნურც მარადიულს. წმინდა მამამები კი ამ საკითხთზე სულ სხვა სწვლებას და დარიგებას გვიქადაგებენ: „სხეულის სიჯანსაღეც და სნეულებაც ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც ბრძანა: „მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა“ (2 სჯულ. 32,39). ამრიგად, „თუ ღმერთს სურს, ჯანმრთელობას ექიმის მიერ მიანიჭებს, და როდესაც უნდა – თავისი ერთი სიტყვით განკურნავს“ (წმ. ბარსანუფი დიდი).

დღეს რატომ ჩნდება მკურნალობისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ადამიანების სიკვდილისთვის გაწირვა? განა ქრისტეს სწავლება ორი მთავარ მცნებაზე, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულზე არ დგას? და თუ ადამიანს არასწორ რჩევას მისცემ და სიკვდილისთვის გაიმატებ, მკურნალობაზე უარს იტყვი, განა ეს ამ ორივე მცნების დარღვევა არ იქნება?! ნუ დაღუპავ სხვას და თავსაც ნუ დაიღუპავო, გვითხრა უფალმა. რასაც შენ თავს არ ისურვებ, სხვასაც ნუ გაუკეთებო. „არც სრულიად უნდა განვერიდოთ საექიმო ხელოვნებას და ასევე, არც მთელი იმედი მასზე უნდა დავამყაროთ. როგორც მიწას მიწათმოქმედების ხელოვნებით ვამუშავებთ, ხოლო ნაყოფის მოცემას უფალს ვევედრებით... ამგვარადვე, როდესაც ექიმი მოგვყავს... ღვთისადმი სასოებას არ განვეშორებით“ (წმ. ბასილი დიდი).

არასწორი დამოკიდებულება წმინდა წერილში არარსებული და არსად დაწერილი ჩიპების, შტრიხკოდებისა და სხვა მრავალი ცრუ შეხედულებების გარშემო, სექტებში განვითარებული სწავლებაა, რაც არსშივე მცდარია. ისმის კითხვა: მხოლოდ კონკრეტული აცრებით არის შესაძლებელი შეიყვანონ ეს ჩიპი თუ სხვადასხვა სახის მედიკამენტებით? იქნებ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრით, ან ნებისმიერი გადასხმით შეიძლება იმავეს განხორციელება? ამ ლოგიკით ხომ ყველანაირი მკურნალობა ეჭვქვეშ დგება? მაშინ დავხუროთ კლინიკები, სტაციონარები და საერთოდ, უარი ვთქვათ მედიცინაზე. აი, როგორი უბედურებისკენ მიჰყავს ასეთ სწავლებას ადამიანი. ამ ყველაფრის მიღწევის შემთხვევაში ხომ ნამვილი ჯოჯოხეთი დადგება დედამიწაზე, რაც სურს მხოლოდ ბოროტს და არა ღმერთს. უფალმა მოგვცეს ღვთიური სიბრძნე და გონიერება! არ უყვარს მას თავისი შვილების გამეტება და ნუ მოვიმოქმედებთ იმას, რომ ეს ტკივილი ჩვენც გამოგვაცდევინოს. ვინ, თუ არა სასულიერო პირებმა ვიცით, რამხელა ტკივილი სუფევს დღეს ოჯახებში, სადაც სანუგეშო სიტყვასაც ვეღარ ვპოულობთ ჭირისუფლისთვის, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა.

დაბოლოს, ერთი ექიმისა და მისი სახით ყველა იმ მედიკოსის მიმართ მინდა მადლიერება გამოვთქვა, ვინც ასე ფიქრობს: ჩემი ოჯახის წევრს მკურნალობის დაწყების წინ ერთმა გულისხმიერმა ექიმმა უთხრა: თქვენს ჯანმრთელობას როცა შეავედრებთ ღმერთს, ჩემთვისაც ილოცეთ, მკურნალობისას შეცდომა რომ არ დავუშვაო! ამგვარი დამოკიდებულებისთვის ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი.

წყალობა და მშვიდობა მოგვმადლოს მაღალმა ღმერთმა!

საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (229)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას