logo.png

ბექა ჭიჭინაძე

დავით აღმაშენებლის შესახებ ოლივერ სქოლასტიკოსის ცნობა

"დავით აღმაშენებლის შესახებ ჩემგან მოძიებულ უცნობ წყაროებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მე-13-საუკუნის დიდი ევროპელი ინტელექტუალის, მათემატიკოსის, ფიზიკოსისა და გამომგონებლის - ოლივერ სქოლასტიკოსის ცნობა.

ამ ავტორს საოცარი ბიოგრაფია აქვს, რომელშიც ქართვულ სამყაროსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.

ახალგაზრდა და ქარიზმატულმა ოლივერმა სხვადასხვა დისციპლინებში საფუძვლიანი განათლება მიიღო, ეს მრავალმხრივი ნიჭის კაცი იყო თავისი დროის მათემატიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელიც, სწავლის დასრულების შემდეგ გახდა პადერბონის მოძღვარი.

ოლივერი მოშურნე ქრისტიანი იყო და ,,მუსლიმთა ამოძირკვაზე" ოცნებობდა.

1213 წლიდან იწყებს ქადაგებას ჯვაროსნული ლაშქრობების მოსაწყობად და ავლენს შესანიშნავი ორგანიზატორის უნარებს. 1219-წელს დამიეტას აღება, რასაც მაშინათვე დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ ქართველები, დიდწილად სწორედ ოლივერის გამოგონების დამსახურება იყო, რომელმაც ქალაქის ასაღები რამდენიმე ახალი მანქანა შექმნა.

ბედიის დაცინვით, ,,ურჯულოთა" წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების ეს მგზნებარე მქადაგებელი და სულისჩამდგმელი სულთან ალ კამილს ტყვედ ჩაუვარდა, რომელიც მის მიმართ ტყვეობაში დიდ ადამიანობას იჩენდა, სულთანს და ოლივერს საინტერესო თეოლოგიური და ფილოსოფიური დიალოგები ჰქონდათ, ისინი დამეგობრებნენ, ბოლოს კი, სულთანმა საერთოდაც გაათავისუფლა იგი. მადლიერებით აღსავსე ოლივერს ამ გამოცდილებამ უბიძგა გადაეხედა მისი დამოკიდებულება ისლამთან, შედეგად, შუა საუკუნეების ევროპის კვალობაზე ამ დიდმა ქრისტიანმა ინტელექტუალმა რევოლუციური დასკვნა გააკეთა: ქრისტიანებს და მუსლიმებს სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ ჰყოფთ ერთმანეთისგან, ისლამიც ღვთის გამოცხადებაა, ისევე როგორც იუდაიზმი, მაგრამ, არა აბსოლუტური.

სწორედ ეს დიდი ევროპელი ინტელექტუალი - მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი და იდეოლოგი ეწვია შუა საუკუნეების ქართული კულტურის უდიდეს კერას - შავი მთის ქართულ მონასტერს, სადაც, როგორც თვითონ წერს, საგულდაგულოდ გადახედა მის ბიბლიოთეკას. ოლივერი სიმპატიით განეწყო ქართველი ბერებისა და მხედრების მიმართ.

მეტად საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების ამ გამორჩეული ევროპელი მოაზროვნისა და გამომგონებლის ინტელექტუალური სამყაროს გამდიდრებაში გარკვეული როლი შეასრულა ქართველთა მონასტრის მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.

ოლივერის ცნობა დავით აღმაშენებელზე:

,,[ეგვიპტის სულთანმა] თათბირისას უბრძანა მათ (თავის სარდლებს,ბ. ჭ.) შეეწყვიტათ ყველანაირი სამხედრო მოქმედება ჩვენს (ჯვაროსნების, ბ.ჭ.) წინააღმდეგ, მისი ძმები, განსაკუთრებით კი ემესის მთავარი, განცხადებული მტერი ქრისტიანებისა, ცდილობდნენ, შემოებრუნებინათ იგი, ისინი მას ეუბნებოდნენ, რომ წყლით გარემოცულ ფრანგებს (ჯვაროსნებს, ბ.ჭ.) აღარ შეეძლოთ გაქცევა, მაგრამ სახიერმა და წინდახედულმა სულთანმა, მშვიდობისმოყვარემ და არა სისხლისღვრის მოსურნემ, თავის ძმებთან და სასახლის დიდებულებთან განბჭო და წარმოუსახა მათ თვალწინ მაგალითი

სპარსეთის სულთნისა, რომელსაც, თავისი წარმატებებით მეტად გადიდგულებულს, ჰქონდა სურვილი, თავად დაენიშნა კაიროს მეფეც და ასევე სხვა მმართველები აზიაში, და რომელიც ბოლოს დამარცხებულ იქნა დავით მეფისაგან, საქართველოს უფლისაგან, და რომელმაც (სულთანმა) დაკარგა თავის სამფლობელო“. (ამ მაგალითის გათვალისწინებით, ოლივერის მიხედვით, ეგვიპტელებმა ჯვაროსნებთან მოლაპარაკებები დაიწყეს)."

 მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (221)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას