logo.png

გადმოცემა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ

„ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გასცურა“

ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად გაენადგურებინათ ისინი.

იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც მოათავსა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა განრისხებით ხატს მახვილი ჰკრა და წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგართმოყვარე მსახურთაგან თანხმობა მიიღო.

ქვრივი დედაკაცის მიერ
ივერიის ღმრთისმშოლის ხატის
ზღვაში ჩასვენება

 

მათი განშორებისთანავე ქვრივი თავის ძესთან ერთად ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, და ბოლოს დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმიდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: „დედოფალი, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს ძალგიძს გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!“ ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმიდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გასცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: „აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღმრთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, რათა გაიქცე“. შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა მას დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა, ღმრთის სათნო ღვაწლში განვლო ცხოვრება და კეთილად აღესრულა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმიდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმიდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღმრთის დედის საკვირველთმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა, ყოვლის მეცნიერმა...

„ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“

გაბრიელ ქართველის მიერ
ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამოყვანება
 

ერთხელ, XI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. მამები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ  ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითოქსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკვებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს - მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახლად მოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.

იმხანად ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში კაცთა მზერას მოშორებულ ღმრთის სათნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. ზეციური ნათლით შემოსილი ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღირს გაბრიელს, რომელიც თავისი სენაკის სიმაღლიდან ჭვრეტდა ზღვით მობრძანებულ პატიოსან ხატს ღმრთის დედისა, და უთხრა: „აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“.

წყარო, რომელმაც ამოხეთქა
ღირსი მამა გაბრიელის მიერ ზღვიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ხატის გამოსვენების ადგილას

 

წმიდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს გამოუცხადა. მეორე დღეს, განთიადზე ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღმრთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი, და ხელში აიღო ფასადაუდებელი საუნჯე. ათრთოლებული და შეძრწუნებული გაბრიელი მოაბრძანებდა ღმრთის დედის საკვირველთმოქმედ ხატს, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. იმ ადგილას, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, ამოსჩქეფა საკვირველთმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია.

ივერონის მონასტრის მთავარი ტაძარი
 

ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ისევ გამოეცხადა ძილში გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვუყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა“.

ტაძარი, სადაც ამჟამად დასვენებულია
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

 

ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭისად“ და, რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი“. მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს - „მწყალობელი“. იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დაემკვიდრა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი დიდი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა. არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონზე იყო ჩვეულება: ყოველ კვირას ივერთა სავანის კარიბჭესთან მოდიოდნენ ყველა მონასტრის წარმომადგენლები, რათა გაეგოთ, იყო თუ არა ხატი თავის ადგილას; თაყვანს სცემდნენ მას როგორც წმიდა მთის იღუმენიას და ბრუნდებოდნენ თავიანთ მონასტრებში სასიხარულო ამბით, რომ ღმრთისმშობელს არ მიუტოვებია ათონი, რომ წმიდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად ნათელი და წმიდაა.

„გმადლობ, რომელმან ღირს მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა...“

ივერიის ღვთისმშობლის ხატი შეწირული ოქროს მონეტებით, ძვირფასი ქვებით და სამკაულებით
 

გადმოცემის თანახმად, ივერიის ღმრთისმშობელი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. ხატის ზომა (სიგრძეში 1,37 მეტრი, ხოლო სიგანეში 0,9 მეტრი), ისევე როგორც ქალწულის ღმრთაებრივი სახის ფერწერა დიდებულია და მასზე დედა მოწყალებისა და ნუგეშინისცემისა წარმოგვიდგება დედად პირუთვნელი მსაჯულისა. მისი სახე იმდენად მეტყველია, რომ ასე საგონებელში ჩამგდები და შიშის აღმძრველი ხატი არ მოიპოვება მთელს წმიდა მთაზე. ხატზე სჭარბობს მოშავო-მონაცრისფრო ტონები, და სახეზე დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა. საკვირველთმოქმედი ხატი მთლიანად მოჭედილია ოქროცურვილი ვერცხლით და შემკულია სხვადასხვა მეფეთა, დიდებულთა და ღმრთის დედის მადლიერ თაყავანისმცემელთა მიერ შეწირული ოქროს მონეტებით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით. ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღვთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. იგი ყველა სხვა საქმისაგან თავისუფალია და დღე და ღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს ღვთისმშობლის სადიდებლად. ამჟამად ამ საპატიო მოვალოებას ასრულებს მღვდელ-მონაზონი იერემია (1999 წ.).

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოს ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე: „ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატს
სადღესასწაულო ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას

 

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ათონელ მამათა მოწმობით „ყველაზე დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობს“ წმიდა მთაზე. მისი დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. საკვრიველთმოქმედ ხატს ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა გაბრიელმა და იქვე მდგომ ღმრთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღმრთო ლიტურღიას. წარსულში, როდესაც მოგზაურობა ძალზე ძნელი იყო, უთვალავი მლოცველი მოისწრაფოდა ივერთა სავანეში - ერთნი ფეხით, სხვანი ჯორებზე ამხედრებულნი, ზოგიერთები კი ნავებითა და ხომალდებით. საუკუნეებმა ვერ შეარყია ივერიის ხატისადმი პატივისცემა. დღესაც დღესასწაულზე ათასობით მორწმუნე ავსებს  მონასტერსა და მის ეზოს, ნავმისადგომსა და მთელს სანაპიროს. აურაცხელია სახიერი მეკარის ხატიდან მომდინარე კურნებანი და საკვირველებანი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას, სარწმუნოებითა და სასოებით მისდამი მოლტოლვილთ უშურველად და უხვად მიანიჭებს სწრაფ შეწევნას, არავის ტოვებს უნუგეშოდ, ყველას შეიტკბობს და თავის დედობრივ კალთას გადააფარებს.

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.

 

ნანახია: (275)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას