აწყურის ღვთისმშობლის ხატი - მცველი ივერიისა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა დედა ღვთისას წილხვედრ მიწაზე, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენს წინაპართა მიერ განდიდებული ხატები. ასეთია აწყურის ღვთისმშობლის ხატიც - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა.
წმინდა ხატის ისტორია ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა. უკვე გადაწყვიტა კიდევაც, წამობრძანებულიყო, მაგრამ მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა. და აი, ეჩვენა ღვთისმშობელს ძე თვისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და უთხრა: „დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის... წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი... შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდეო“.
„შვილო ანდრია, - უთხრა დედა ღვთისამ მოციქულს, - ჩემს სულს დიდად უმძიმს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში ჩემი ძის სახელს არ ქადაგებენ, მაგრამ როცა საქადაგებლად ვაპირებდი გამგზავრებას, გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და დარჩენა მიბრძანა. შენ უნდა წახვიდე იქ, ქვეყანას ჩემსა წილხვდომილსა, წაასვენო სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ“. „იყავნ ნება შენი, ყოვლადწმინდაო, - მიუგო მოციქულმა, - და ნება ძისა შენისა“. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.
მისცა დედა ღვთისამ ხატი ანდრია მოციქულს და დალოცა: „სადაც არ უნდა წახვიდე, მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა გდევდესო თან... მეც შეგეწევიო ქადაგებაში“. წმინდა ანდრია ყოვლადწმინდა ქალწულის წინაშე დაემხო და მადლობა შესწირა. შემდეგ აიღო წმინდა ხატი და საქართველოსკენ გამოემართა.
წმინდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოსულა, „რომელ არს სოფელ მეგრელთა“, და მცირედი ჟამი იქ დაუყვია. შემდეგ გადასულა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდება“ და სახარების ქადაგება დაუწყია. ამ ადგილების მკვიდრნი, როგორც მატიანე მოგვითხრობს, „პირუტყვთა უუგუნურესნი“ ყოფილან. ეს წარმართები შემოქმედ ღმერთს არ ცნობდნენ და არაწმინდა წესს აღასრულებდნენ. ურიცხვი განსაცდელი დაითმინა მოციქულმა ურწმუნოთაგან, თუმცა ღვთისა და წმინდა ხატის შეწევნით მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
მოციქულმა შეკრიბა იმ კუთხის მკვიდრნი, ნათელ სცა და მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. დიდ-აჭარლებმა წმინდა ანდრიას კურთხევით ეკლესიაც ააშენეს ღვთისმშობლის სახელზე.
დადგა განშორების დრო. არ ეთმობოდა მრევლს მოძღვარი, დარჩენას ევედრებოდა. ბოლოს სთხოვეს, სასოდ და მცველად ღვთისმშობლის ხატი მაინც დაგვიტოვეო. წმინდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმინდა ხატს და დედა ღვთისას სახე მეყვსეულად გამოისახა მასზე. ხატი დიდი პატივით დაასვენეს ეკლესიაში, ხოლო წმინდა ანდრიას დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ.
წამოვიდა ანდრია პირველწოდებული, გადმოვლო მთა, რომელსაც, მას შემდეგ, რაც მოციქულმა იქ ჯვარი აღმართა, რკინის ჯვარს უწოდებენ, გაიარა ოძრხეს ხევი და სამცხის საზღვართან ერთ სოფელში გაჩერდა, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა. აქ წარმართული კერპები ყოფილა აღმართული. ულოცია წმინდანს ღვთისმშობლის ხატთან და ყველა კერპი დამხობილა.
იქ დიდხანს აღარ დარჩენილა ანდრია, წამოვიდა და მიადგა ერთ დაბას, რომელსაც სოსანგეთს ეძახდნენ (ახლანდელ აწყურს). იქაურები არტემისსა და აპოლონს სცემდნენ თაყვანს.
იმ მხარეს ერთი ქვრივი ქალი, სახელად სამძივარი, განაგებდა. ქვრივს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც წმინდა ანდრიას მისვლისას მოჰკვდომოდა. იყო დიდი ვაება და ტირილი. დაღამდა და მწუხარებით გათანგულებს ციხიდან გამომავალი დიდი ნათელი იხილეს. გათენდა თუ არა, სამძივარმა მაშინვე გაგზავნა ხალხი ამბის გასაგებად. აუწყეს, ციხეში უცხოტომელები გაჩერებულან და უცხო ღმერთს ქადაგებენ, შემოქმედსა და დამბადებელს, კაცთა სიცოცხლის მომნიჭებელს და მკვდართა აღმადგინებელს; აქვთ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემენო. „მკვდართა აღმადგინებელიო“, - მოესმა თუ არა სამძივარს, მონებს წმინდა ანდრია მოაყვანინა.
„ვინა ხართ? - ჰკითხა ქალმა, - საიდან მოდიხართ ან რას ქადაგებთ?“
წმინდა ანდრიამ მიუგო, რომ მოციქული იყო ჭეშმარიტი ღმერთისა, რომელიც „წამისყოფით აღადგენდა მკვდარს“ და რომ ყველა, ვინც კი მას ირწმუნებდა და ნათელს იღებდა, ყოველგვარი სენისგან განიკურნებოდა და რასაც ითხოვდა, ყოველივე მიეცემოდა.
ატირდა ქვრივი, შეევედრა მოციქულს, ელოცა და მკვდრეთით აღედგინა მისი მხოლოდშობილი ძე. „თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს, რწმენის მეოხებით ყოველივე მოგეცემა“, - უთხრა წმინდა ანდრიამ. ქალმა მთელი გულით აღიარა მაცხოვარი. მაშინ მოციქულმა წმინდა ხატი სხეულზე დაასვენა მიცვალებულს, ილოცა და ყრმას ხელი გაუწოდა. ისიც, თითქოს ახლა გაიღვიძაო, საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე.
გახარებული დედა მუხლებში ჩაუვარდა წმინდა ანდრიას, მერე კი თავის სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. შემდეგ წერილი მისწერა სამცხის მთავრებს, ყოველივე აუწყა და თავისთან მიიწვია, რათა უმჯობესი განეჩინათ.
ხალხით გაივსო სოსანგეთი. ყველას უნდოდა მკვდრეთით აღმდგარი ქვრივის ძის ხილვა. დაიწყეს კამათი, რომელი ღმერთი იყო ჭეშმარიტი - იესუ, კაცთა მკვდრეთით აღმადგინებელი, თუ ის კერპნი, რომელთაც თაყვანს სცემდნენ. „შევასვენოთ ჩვენი ხატი თქვენს საკერპოში და დავაბრძანოთ თქვენს ღმერებს შორის, - შესთავაზა მოციქულმა, - დავბეჭდოთ ორივე კარი, დავუყენოთ მცველნი და დილით ვიხილოთ, ვისი ღმერთია ჭეშმარიტი“. ასეც მოიქცნენ. დილით, როცა საკერპო გააღეს, კერპნი დამსხვრეულნი ნახეს, ხოლო ხატი ღვთისმშობლისა - მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველამ ერთხმად ადიდა ქრისტიანთა ღმერთი.
წმინდა ანდრია ერთხანს სოსანგეთში დარჩა, ასწავლა ხალხს ქრისტეს სჯული, დაუდგინა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, მერე კი გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მესხნი შეევედრნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვნებინა. მოციქული დაჰყვა მათ თხოვნას და ხატის შექმნის ისტორიაც მოუთხრო. როცა შეიტყვეს, რომ მათი მფარველი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, ყველა უდიდესი სიხარულით აღივსო.
წმინდა ანდრიამ მოციქულებრივი სვლა განაგრძო, ხოლო წმინდა ხატი ივერიაში დაემკვიდრა. მესხებს ის მცირე ეკვდერში დაუბრძანებიათ.
VII საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჰერაკლე კეისარი შემოიჭრა. ის საგანგებოდ მისულა ხელთუქმნელი ხატის თაყვანისსაცემად და, როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, აწყურის დიდი საყდრის შენებაც დაუწყია. განუსრულებიათ ეკლესია „მორწმუნე კაცთა“ და საეპისკოპოსო კათედრად უქცევიათ.
წმინდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას სამცხეს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: აღდგომას მიწა იძრა და ეს მხარე ერთიანად მოსრა. ურიცხვი ხალხი დაიღუპა, საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი. დაინგრა აწყურის საყდარიც. სწორედ იმ დღეს ღვთისმშობლის ხატი ლიტანიობით შეებძანებინათ და შუა ტაძარში დაესვენებინათ. მიწისძვრისას ტაძრის გუმბათი ჩამოვარდნილიყო და ქუდივით დაფარებოდა წმინდა ხატს...
რა იყო ეს მიწისძვრა? ეგებ გაფრთხილება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა...
1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, დაარბია სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. შეიქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი. აღდგნენ მესხნი და ქართლში გადასახლდნენ. მათი მწირობა შვიდ წელიწადს გაგრძელდა. ირანს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ხატის დატყვევების შემდეგ ამ ქვეყანაში „არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა“. გამოიძიეს მიზეზი. თქვა ზოგიერთმა, საქართველო რომ დავლაშქრეთ, ერთი საყდრიდან დიდი პატივით შემკული ფიცარი წამოვიღეთ, ჯერ კიდევ მგზავრობისას ვნახეთ მის მიერ მოხდენილი სასწაულნი - საღამოს ბარგის სიღრმეში რომ ჩავდებდით, დილით მაღლა გვხვდებოდა და მზესავით ბრწყინავდა; ეს რისხვაც უეჭველად მისგან მოგვევლინა, სჯობს, მოვიძიოთ და თავის ქვეყანაში გავუშვათო. იპოვეს ხატი, მაგრამ მის წაღებას შიშით ვინ გაბედავდა! ბოლოს ასე მოიქცნენ: ხატი უხედნელ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს.
ღვთის განგებით, ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს. „და იქმნა დიდებული სასწაული“ - განათდა, გაბწყინდა მთელი სამცხე, მიეახლნენ მესხნი და სიხარულის ცრემლით თაყვანი სცეს წმინდა ხატს. ქართლში გადახვეწილმა მეხსებმაც შეიტყვეს ეს ამბავი და დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ მეფე კონსტანტინემ არ გამოუშვა. ისინიც ადგნენ და გამოიპარნენ. შეიტყო კონსტანტინემ და ჯარი დაადევნა. მოუბრუნდნენ მესხნი და „აწყურის ღვთისმშობლის სახელით“ დაამარცხეს მდევარი.
გავიდა ორი წელი და სამცხეს ახლა იაყუბ ყაენი შემოესია. მესხებმა მოასწრეს და ხატი გადამალეს. მტერმა პირობა მისცა, რომ აწყურს არ ააოხრებდა. შეცდნენ მესხნი და მიართვეს კლიტენი, მაგრამ სპარსელებმა გატეხეს სიტყვა და „მიეტევნეს ვითარცა მხეცნი“. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს, ხატი კი იაყუბ ყაენს მიართვეს. ყაენმა ხატი სამკაულთაგან განძარცვა და ცეცხლში ჩააგდო. ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედაც არ შეხებია. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა იხილა, მოიპარა ხატი, თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო, მაგრამ ერთ ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და დაემუქრა, „თუ ჩემს ქვეყანაში არ დამაბრუნებ, დიდ უბედურებას მოგაწევო“. მივიდა კაცი მანუჩარ ათაბაგთან და ყოველივე მოუთხრო. გახარებულმა ათაბაგმა კაცნი გაგზავნა და წმინდა ხატი დაიხსნა. ეს 1486 წლის 25 სექტემბერს მომხდარა.
მალე ღვთის რისხვა ეწია იაყუბ ყაენსა და მის სანათესაოს - სხვადასხვაფერი სიკვდილით ერთიანად მოისრნენ.
1535-1545 წლებში სამცხე იმერეთს ეკუთვნოდა. შემდეგ ოსმალომ წაართვა. 1546 წელს ბაგრატ იმერთა მეფეს სამხრეთისკენ გაულაშქრია, სამცხე ვეღარ დაუბრუნებია, მაგრამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოუტაცია და ციხისჯვარში დაუსვენებია, 1553 წელს კი იმერეთში გადაუბრძანებია. 1562 წელს ბაგრატის ძეს, იმერთა მეფე გიორგი II-ს და ქაიხოსრო ათაბაგს ზავი დაუდვიათ და იმერლებს ღვთისმშობლის ხატი მესხებისთვის დაუბრუნებიათ. ო.შმერლინგი, შ.ამირანაშვილი, თ.საყვარელიძე აწყურის ღვთისმშობლის ხატის ვერცხლით მოჭედვას გიორგი II-სა და მის მეორე ცოლს თამარს მიაწერენ, ხოლო დ.ბაქრაძე - იმერთმა მეფე გიორგი III-სა (1604-1639) და მის თანამეცხედრეს. უფრო მისაღები დ. ბაქრაძის მოსაზრება უნდა იყოს, რადგან ხატზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენიებული „მეფე პირმშონი“ ალექსანდრე და მამია გიორგი III-ისა და თამარის შვილები იყვნენ. წარწერა კი ასე იკითხება: „ჩვენ, მეფეთ-მეფემან პატრომან გიორგი და თანამეცხედრემან ჩვენმან დედუფალთ-დედუფალმან თამარ და ძეთა ჩვენთა პირმშოთა ალექსანდრე და მამიამ, მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლადწმიდისა, წარსამართებლად მეფობისა ჩვენისათვის და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად. ამინ“.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ნახსენებია 1645 წლის როსტომმეფისეულ სიგელში. მეფეს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ქართლში, სოფელ ღოღეთში, ჩამოსახლებული აწყურის ღვთისმშობლის საყმო: „მას ჟამსა, ოდეს აწყურის ღვთისმშობლის საყმო აზნაურიშვილი და გლეხი ჩვენს საბატონოში ჩამოსულიყვნენ და ღოღეთს დაესახლებინათ და რაცა ხატი და ჯვარი ყოფილიყო, თქვენს (მცხეთის) ტაძარში დაესვენებინათ... სხვას კაცს ღოღეთს ხელი არა ჰქონდესო... ვინ იცის, სოფლის საქმე ასე მოუხდეს, რომე საათაბაგიშვილოს ქრისტეანე მეპატრონე გაუჩნდეს და აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი თავის სამკვიდროზე მიასვენონ და მათი ყმა ასაყრელად მოინდომონ, ვერვინ დაუჭიროს...“ შემდგომ ხატი იმერეთში მოხვედრილა, მაგრამ როდის, გაურკვეველია.
წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს, ამ „მოკრძალვით არარად სარაცხ კნინ ძღვენზე“, - მოჭედილობაზე, - აჯობებს, ხელოვნებათმცოდნეებმა ისაუბრონ. ჩვენ მხოლოდ დიდი კრძალვით მოგითხრეთ წმინდა ხატის ისტორია, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.
სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია განუყოფელი კვართი მაცხოვრისა - სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, რასაც არად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგნი, მცხეთის საყდრისგან გამოყოფას ცდილობდნენ. და რას მიაღწიეს?! სამცხე დაცარიელდა მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან, გავერანდა. სამცხის მიწა დატოვა თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმა. სწორედ ამის შემდეგ იყო (როგორც შენიშნავს მეუფე ანანია ჯაფარიძე), რომ სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობა ძირითადად გამაჰმადიანდა, გათათრდა და დაეკარგა ქართველ ერს. წმინდა ხატი იქ ქრისტიანობასა და ქართველებს იცავდა. მართლმადიდებელი მესხნი მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. სხვადასხვა კუთხეში გაჩნდა სოფლები: ვარძია, ანანური, აწყური... მესხებმა თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები, გადმოცემები, ლეგენდები და იმედი, რომ დადგებოდა დრო, როცა მეხსეთს ქრისტიანი პატრონი გამოუჩნდებოდა და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც დაუბრუნდებოდა თავდაპირველ სამყოფელს, განათდებოდა და გაბრწყინდებოდა მესხეთი და შემოიკრებდა ყოველ მხარეს გაფანტულ შვილებს.
არ ვიცით, აღდგება თუ არა აწყურის საყდარი, არც ის ვიცით, ინებებს თუ არა ღვთისმშობლის ხატი (ალბათ, უკვე მუზეუმის ტყვეობიდან თავდახსნილი) იქ დამკვიდრებას, მაგრამ გვახსოვს მაცხოვრის ნათქვამი, რომ იგია ჩვენი მცველი უკანასკნელ ჟამამდე.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 12 2005 წ.
|
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას