logo.png

მღვდელი-მღაღადებელი (მღვდლის მოწოდება)

ეკლესიის წიაღში ხელდასხმული ყველა სასულიერო პირი მხოლოდ ღვთის სიტყვას უნდა ქადაგებდეს, და არათავის შეხედულებას ან მოსაზრებას. ეს ეხება როგორც სიტყვით, ისე ცხოვებით ქადაგებას, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამანის დაბრკოლებას ან ეკლესიიდან წასვლას იწვევს.

ქრისტეს ეკლესიას საუკუნეების გამოცდილება აქვს და ყველანაირ შეცდომასა თუ გადაცდომაზე თავისი სახელი აქვს ტერმინოლოგიურად ჩამოყალიბებული. ათეიზმისა და მატერიალიზმის ეპოქაში მოძღვრებს და მოძღვართა მაკურთხევლებს დიდი სიფრთხილე და წინდახედულება მართებთ. თავად სასულიერო პირად კურთხევის მსურველიც უნდა აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობას.

ყველას კურთხევა რომ არ შეიძლება, ამას იაკობ მოციქული ასე მოგვიწოდებს. „ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ“ (იაკობი 3,1). სასულიერო პირი ეკლესიის გამოცდილებასა და ცოდნას სრულად უნდა იყენებდეს, რადგან ბრძოლის ველზე ყველაზე უფრო მეტად თვითონ მოძღვარია ეშმაკის თავდასხმის მიზანი და, გამოუცდელობის შემთხვევაში, სულიერ ბრძოლაში შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს მოწინააღმდეგის მხარეს, თავისი მოქმედებითა და სიტყვით ხალხი კი არ მიჰყავდეს ეკლესიაში, უფალს უბრუნებდეს დაკარგულ ცხვარს როგორც მწყემსი კეთილი, არამედ თვითონ დევნიდეს ეკლესიიდან ღვთის შვილებს და აშორებდეს უფალსგან.

წმიდა იოანე ოქროპირი, „ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ“, სიტყვა IV:

„ისმინე, რას ეუბნება ნეტარი პავლე თავის მოწაფეს, ტიმოთეს, ჭეშმარიტ და საყვარელ შვილს: „ხელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხვისა ცოდვათა“ (I ტიმ. 5,22).

სასულიერო პირად კურთხევის კანდიდატს კარგად უნდა დააკვირდეს მაკურთხეველი, უნდა ამოწმებდეს როგორც მის ცოდნას, ასევე პიროვნულ თვისებებს, ღირსებებს უნდა აფასებდეს, რადგან მხოლოდ თეორიული ცოდნა, თვინიერ სიმდაბლისა, მოთმინებისა და მოღვაწეობისკენ ლტოლვისა (რადგან მღვდლობა თავისი არსით მოღვაწეობაა), ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სასულიერო პირს და მრევლსაც.

სიტყვა II:

„როგორც ქრისტემ თქვა, პეტრე უნდა გამხდარიყო უფროისი სხვათა მოციქულთა შორის. პეტრე – „გიყუარ მე უფროის ამათსა? – აძოვენ კრავნი ჩემნი“ (იოანე 21,15). არადა, ხომ შეეძლო ეთქვა: „თუ გიყვარვარ, შეუდექი მარხვას, იძინე შიშველ მიწაზე, იფხიზლე მარადჟამს, დაიცავ შეჭირვებულნი, ეყავ ობოლთ მაგიერი მამისა და დედისა; მაგრამ რას ამბობს, ყოველივე ამის ნაცვლად? „აძოვენ კრავნი ჩემნი“. ამის აღსრულებას, რაც ახლა ვთქვი, ბევრი კაცი და ქალიც კი, თვით სამწყსოდანაც, ადვილად შეიძლებდა. მაგრამ როცა საქმე ეკლესიის წინამძღოლობასა და უამრავ სულზე ზრუნვას ეხება, ყოველნი დედანი და მამათა უმეტესობაც, ასეთ დიდ საქმეს, უნდა მოერიდონ. ეს უნდა იტვირთონ იმათ, რომელნიც მრავალთ ისევე აღემატებიან სათნოებით, როგორც საული აღემატებოდა თავისი სხეულის სიდიდით ებრაელთ (I მეფეთა 10,23), და უფრო მეტადაც“.

სასულიერო პირი ყველა შემთხვევაში საღვთო სიყვარულით უნდა მოქმებდეს, მრევლის დაპურებაზე ფიქრობდეს. თუ უფლის მადლით მოქმედებს მოძღვარი ამ ურწმონო ეპოქაში, უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი მოქმედება თუ სიტყვა, თუნდაც მხილება ან კრიტიკა იყოს ადამინთა მიმართ, აუცილებლად ისე უნდა მივიტანოთ მათ ყურსა და გულამდე, რომ ხვდებოდნენ – მისი გადასარჩენა და დახმარება გინდა და არა, პირიქით. ამიტომ თუ ღვთის სიყვარულით ამბობ და მოქმედებ, მაშინ როგორი უღვთოც არ უნდა იყოს ადამიანი, ხვდება, რომ მისთვის სიკეთე გინდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად უბრუნდება უფალს. მაგრამ თუ ხედავს, რომ შენი სიტყვა და მოქმედება არა მის მოქცევას, არამედ მის სალანძღავად, დასაცინად და შერაცხსაყოფად არის მიმართული, მაშინ დამძიმებული უფრო მეტად შორდება უფალს. მოძღვარი კი ღვთის წინაშეა პასუხისმგებლი თვითოეულ ადამიანის სულზე.

სიტყვა II: „ქრისტიანთ, ყველასაგან განსხვავებით, უფრო ძლიერად ეკრძალებათ ცოდვილთა ძალით გამოსწორება, გარეშენი და წარმართთა მოსამართლეები დამნაშავეთ კანონების მიხედვით ასამართლებენ, უფლებამოსილნი არიან მათზე და ამიტომ; ამ კანონის ძალით, დამნაშავეთაგან ძველი ჩვეულებების უკუგდებას იძულების წესით ითხოვენ. აქ კი, ცოდვილი ძალით კი არა, შეგონებით უნდა მოიყვანო გამოსწორების გზამდე. რჯულის მიხედვით, ჩვენ არ გვეძლევა ცოდვილთა გამოსწორების სხვაგვარი უფლება. რომც გვქონდეს, ამ უფლებას მაინც ვერ გამოვიყენებთ, რადგან ღმერთი მხოლოდ მას აჯილდოებს, ვინც თავისი ნებით განუდგება საქმესა საძრახსა და არა იძულებით. სწორედ დიდი ხელოვნებაა საჭირო, სნეული ისე დაარწმუნო მკურნალობის აუცილებლობაში, მოძღვართან თავისი ნებით მივიდეს და მადლობელიც დაგირჩეს. სამკურნალოდ იძულებით მიყვანილმა, საკვრელთაგან თავის დაღწევა თუ მოინდომა (და მას აქვს ამის უფლება), თუ შეიძულა სიტყვები განმკვეთელი უფროის რკინისა, უფრო მეტადაც გაიუბედურებს თავს, რადგან ეს უარყოფა მას ახალ ჭრილობას შესძენს და სამკურნალო საშუალება უმძიმესი დაავადების მიზეზად ექცევა. ასე რომ, ძალით, სნეულისნების წინააღმდეგ, არავის ძალუძს მისიგანკურნება“.

საქართველოში დღეს ტრადიციით ქრისტიaნები არიან ძირითადად, შეგნებით ქრისტესთან ერთად მცხოვრები ადამიანები, ვისთვისაც მთავარი სულის ცხონებაა, ყოველივე დაანარჩენი კი მხოლოდ შესაძლებლობა მის მისაღწევად, დღეს ძალიან ცოტაა. ამიტომ ათეიზმის ეპოქაში, სადაც ქრისტიანობა იდევნებოდა და ქრისტიანული ცხოვრება სრულად განდევნილი იყო საზოგადოებრივი ყოფიდან, მასთან ადამიანების დაბრუნება, უფრო მეტად მძიმე პერიოდში, გაცილები რთულია და ფრთხილი საღვთო სიყვარულით მოქმედებაა საჭირო. პატარა შეცდომაც კი ინტერნეტის ეპოქაში ძალიან მძიმედ უბრუნდება ეკლესიას, მრევლს. ადამიანის ცხონებას გაცილებით დიდი სიმშვიდე და სიყვარული სჭირდება მოძღვრისგან.

სიტყვა II: „მოღვაწეობის სიძნელე, ეკლესიისაგან განდგომილი წევრების კვლავ დაბრუნებაა რაც ურთულესი საქმეა. ფარა, თავისი მწყემსის კვალს მისდევს, მას მიჰყვება. რომელიმე მათგანი სწორ გზასა და კარგ საძოვარს თუ ჩამორჩა, იყიალებს ერთხანს ფლატესა და უნაყოფო მიწაზე. საკმარისია, ერთხელ, ხმამაღლა დაიყვიროს მწყემსმა, რომ მყისვე შეიყარონ ცხოვარნი განბნეულნი. მაგრამ თუ ადამიანი განუდგება რწმენის სწორ გზას, მოძღვარს დიდი შრომა, გულმოდგინება და მოთმინება მართებს. ადამიანის არც ძალით მოქცევა შეიძლება, არც დაშინებით იძულება. იმ ჭეშმარიტებამდე, რომელსაც განუდგა, მისი მიყვანა შეგონების გზით უნდა მოხდეს. რა მხნეობა და ძლიერი სულია საჭირო, რომ არ მოუძლურდე და არ წარგეკვეთოს სასოება გზააბნეულთა ცხოვრებისა, ეს სულ უნდა გახსოვდეს“.

სწორედ მოძღვრის სულიერი სიძლიერე არის საჭირო და მისი შენარჩუნება, რადგან ეკლესიაში მთავარი ძალა, მებრძოლი ჯარისკაცი დაბალი იერარქი, მღვდელია. თუ მათი სულიერი მდგომარეობა არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება ერი. თუ შენ თვითონ არ იცავ ღვთის სწავლებას, სხვას როგორ დაარწმუნებ მის დაცვაში, თუ ხედავს, რომ შენი მოქმედება მისადმი არ არის ქრისტეს სწავლების მსგავსი, რატომ მოგისმენს?! შენ თუ იმავეს არღვევ, რის დარღვევაზეც მას განსჯი, რანაირად მოიყვან ეკლესიის წიაღში, მით უმეტეს რომ დღეს, ასეთი პროგრესის პერიოდში, როცა ყველაფერი ფიქსირდება, ისმინება და არაფერი იმალება, ყველაფერი გარეთ გამოდის, როგორ შეინარჩუნებ ხალხს ეკლესიის წიაღში?

ღვთისმსახურების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნებია ერისკაცთა მხრიდან, მის ცხოვრებაზე და მოქმედებაზე, მის ოჯახზე გამადიდებელი შუშით ხდება დაკვირვება, ყველაფრის აღნუსხვა და შეფასება.

სიტყვა III: „სანამ ყველაფერი წესრიგში აქვს ხუცესს, მანამ ძვირისმზრახველნი ვერაფერს დააკლებენ. მაგრამ, სულ მცირედიც რომ გამოეპაროს, ბოლოს და ბოლოს ადამიანია, ცხოვრების უბობოქრესი ზღვები რომ ჰქოდნეს გადაცურული და უამრავი კეთილი საქმე გაკეთებული, მყვედრებელთ მაინც ვერ გააჩერებ. მცირედი ყველაფერს გადაჰფარავს. თანაც მას ისე კი არ უყურებენ, როგორც ჩვეულებრივ ხორცში მყოფ კაცს, რომელსაც არ შეუძლია არ ჰქონდეს შეცდომები, არამედ როგორც ანგელოზს, რომელისთვისაც დაუშვებელია რაიმე ეშლებოდეს“.

ეკლესიას ამ მხრივაც უდიდესი გამოცდილება აქვს. როდესაც ამჩნევდა ამა თუ იმ სასულიერო პირს რაიმე სისუსტეს, პრევენციულ მოქმედებეს იწყებდა, რათა აერიდებინა მისთვის შეცდომის დაშვება და მძიმე სულიერ მდგომარეობაში ჩავარდნა. ძალიან ძნელია, ეშმაკს წაართვა ხელიდან ასეთ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი. ეკლესიამ მის სულზეც უნდა იზრუნოს და გადაარჩინოს მარადიული სასჯელისგან, ასევე მრევლიც უნდა დაიცვას დაბრკოლებისგან.

სიტყვა III, 14. „ხუცესი ყოველმხრივ უნდა ბრწყინავდეს, რათა შეძლოს მისი მრევლის გახარებაცა და განათებაც. როცა ჩვეულებრივი ხალხი ცოდავს, ისინი ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ და მათი ცოდვაც თითქოს დაფარულიაო. მაგრამ გამოჩენილი და ცნობილი ხალხის შეცოდება ბევრზე მოქმედებს უარყოფითად. იგი ერთგვარად დასცემს კიდეც ხალხში მისწრაფებას კეთილი ღვაწლისაკენ... მღვდლობის ღირსებას მიღწეული ხალხის საქციელი ყველასათვის დასანახია. მათი მცირედი შეცოდებაც კი, ყველას დიდად მოეჩვენება, რადგან ამ შემთხვევაში ცოდვას კი არ ექცევა, როგორც ასეთი, ყურადღება, არამედ შემცოდებლის პირად ღირსებას. ამიტომ, მღვდელმა რაღაც ანდამატივით იარაღი უნდა მოიშველიოს და ყოველი მხრიდან უნდა მოიზღუდოს თავი, გულმოდგინე, დაკვირვებულ მღვიძარებაში უნდა ატარებდეს თავის სიცოცხლეს, სუსტი და დაუცავი ადგილი რომ არ აღმოუჩინოს ვინმემ სასიკვდილო ჭრილობის მისაყენებლად“. ამიტომ აუცილებელია მამათა დარიგებების მოსმენა და იმ მექანიზმების ამუშავება, რომელიც ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო კრებებზე ჩამოაყალიბა, სულიწმიდის მადლით აღვსილი ღვთივგანბრძნობილი მამების მეშვეობით. ეს აძლიერებს ეკლესიას, როგორც დაბალ, ისე მაღალ იერარქიას, ისე მრევლს, რადგან როგორც გარემოება აჩვენებს, წინ გაცილებით დიდი ბრძოლები და გამოწვევები გველის.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (117)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას