logo.png

მწყემსი კეთილი

ქრისტიანის, განსაკუთრებით მოძღვრის, ყველა ნაბიჯი და მოქმედება ცოდვაში მყოფი ადამიანისადმი უნდა იყოს როგორც გზააბნეული ცხოვარისადმი კეთილი მწყემსის დამოკიდებულების დარი, ისეთი, რომ დააფიქრო, სინანული აღუძრა, შემოაბრუნო და დაუბრუნო ღვთის სამწყსოს. ქრისტეს სწავლება არ იქადაგება ლანძღვითა და ფიზიკური შეურაცხყოფით, პირიქითა, ამ გზით უფრო აშორებ ეკლესიას, უარყოფითად განაწყობ ღვთისა და ეკლესიისადმი, უმძიმებ ცხოვრებას და სასოწარკვეთილებაში აგდებ, ისედაც ჯოჯოხეთისკენ მიმავალს, შენი ქმედებით ხელს უწყობს მის საბოლოო წარწყმედას. ეკლესიის წიაღი ერთადერთი ადგილია სულის ხსნისა, მას მოკლებული, მისგან გაქცეული ადამიანი სამარადჟამო დასჯისთვის არის განწირული. ჭეშმარიტი მოძღვარი ყოველთვის ადამიანის სულის გადარჩენაზე ფიქრობს, იღწვის მისთვის არა დასჯითა და ეკლესიიდან განდევნით, არამედ ეკლესიაში დაბრუნებითა და მის წიაღში შენარჩუნებით, მხოლოდ ასე თუ იხსნის და გადაარჩენს მოძღვარი ადამიანის სულს. ქრისტე სწორედ ამიტომ განკაცდა, რომ ადამიანი გადაერჩინა და ეშმაკის ძალმომრეობისგან ეხსნა. მისი განკაცება არის უსაზღვრო და უანგარო სიყვარული ადამიანისა, თავდადება ცხონებისთვის, მისი სულის ხსნისათვის, ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვინც მოინათლება, ასეთი ცხოვრებისკენ, ასეთი ღვთივსულიერი მოქმედებისკენ მოუწოდებს. მით უმეტეს მოძღვარს, რადგან ეს არის ქრისტეს გზა.

„ერთი განმარტოებით მცხოვრები მოღვაწე ბერი ეპისკოპოსად აკურთხეს და დაადგინეს ეპარქიის მმართველად. მოსახლეობამ რომ გაიგო ახალი ეპისკოპოსი დადგინების შესახებ მათი ეპარქიის კათედრაზე, მის მსახურებაზე მივიდნენ, რომ ენახათ ვინ იყო მათი ახალი მღვდელმთავარი. წირვის შემდეგ, როდესაც ქადაგება დაამთავრა, რამდენიმე ადამიანმა დაუფარავად მრუშობაში მხილებული ქალი მიიყვანა მასთან, რომელიც ფეხმძიმედ იყო. გამოსცდიდნენ მას და ჰკითხეს, რა სასჯელი ეკუთვნის ამ მძიმე ცხოვრებით მცხოვრებ ქალს, გამოუტანე მსჯავრი, რათა დაიცვა შენი მრევლი, რომ სხვაც ასეთ ცოდვაში არ ჩავარდესო. ეპისკოპოსმა დაუძახა ქალს და თავის ერთ-ერთ დიაკვნს დაავალა, რამდენიმე წყრთის თეთრი ქსოველი მოეტანა. მისცა ქალს ეპისკოპოსმა ქსოვილი და უთხრა: შენ მძიმე ცხოვრებით იცხოვრე, ამიტომ მძიმე მშობიარობა გექნება, წაიღე ეს ნაჭერი, თუ გადარჩები, შვილისთვის სახვევებად დაგჭირდება და თუ გარდაიცვლები, მაშინ როგორც სუდარას, ისე მოგახმარენო. ხალხში მყოფმა ერთმა ადამიანმა ხმამაღლა დაიყვირა, ეს ეპისკოპოსი სულელიაო. მან კი უპასუხა, ამ სისულელისთვის რომ მიმეღწია, ოცი წელზე მეტი განდეგილად ვიცხოვრეო. ყველა გაჩუმდა, ხმა ვერვინ ვეღარ ამოიღო.“

ასეთი ღვთივსულიერი მოქმედება და ქრისტეს სიტყვის ქადაგებაა საჭირო დაკარგული ცხოვარის გადასარჩენად. გახსოვთ მაცხოვრის ქმედება, როცა მასთან მრუში დედაკაცი მიიყვანეს განსასჯელად, უხუცესებმა, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა როგორი პასუხი მიიღეს მისგან? – „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ“ (იოანე 8, 8-11).

ყველა სასულიერო პირი, ყველა ქრისტიანი ცოდვით დამძიმებულ, ბოროტისგან გალახულ ადამიანს ისე უნდა მოექცეს, რომ შესაძლებლობა მისცეს, მის კლანჭებს დაუსხლტეს და სინანულით წამოვიდეს ღვთისკენ, თორემ დასჯით ყველა ადამიანი სასჯელის ქვეშაა, როგორც მაცხოვარი ბრძანებს „ ვისაც რწმენა არ აქვს აწვე უკვე დასჯილ არს“.

ადამიანი უფალთან ერთად ცხოვრებას აქვე, დედამიწაზე იწყებს. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ყველა ადამიანისთვის სასუფევლის კარი გაიღო აქვე, დედამიწაზე, რომელიც არის ეკლესია. მამები ეკლესიას უწოდებენ ზეცას დედამიწაზე, და თუ ადამიანი არ მიდის უფალთან ეკლესიაში, თუ არ ცხოვრობს უფალთან ერთად მისი მცნებების მიხედვით, უარს ამბობს უფლთან ზიარებაზე, დაშორებულია ღმერთს, უკვე აქვეა დასჯილი. თუკი ასეთი დამოკიდებულებითა და მდგომარეობით წარსდგება ღვთის სამსჯავროზე, ასევე დარჩება მარადიულად, თავისივე ნებით. აკი თქვა უფალმა, რომ არა მოვსულვარ მართლთა წოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულადო. რომ ყველა ცოდვის შედეგში იბადება, როგორც დავით მეფსალმუნე გოდებდა: „რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფსალმუნი 50, 5.) ამიტომ ყველა ქრისტიანი და, მითუმეტეს, სასულიერო პირი, რომელმაც იცის, რამხელა ბრძოლა სჭირდება საკუთარ თავთან ადამიანს, რომ ისეთ სულიერ ცხოვრებას მიაღწიოს, რომ ცოდვის შედეგი ჩაახშო შენში, ეშმაკის მოქმედება თვითონაც აირიდო და სხვა ადამიანიც დაიცვა, თვითონაც იარო ცხონების გზაზე და სხვისი ცხოვნებისთვისაც იბრძოლო. ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო ადამიანის უფლისკენ წამოსაყვანად და შენი არცერთი ქმედებით არ უნდა დააბრკოლო ადამიანი. ეს არის ის ვიწრო გზა, რომელზე გავლითაც მოძღვარი შეიძლება ცხონდეს, რადგან სხვათა ცხონებისთვის ბრძოლა სასულიერო პირისთვის ცხონების შესაძლებლობაა! მღვდელი მღვლობის ნიჭისა და მადლის გამო კი არ ცხონდება, არამედ მღვდლობაში ღვთივსულიერი და პატიოსანი ცხოვრებისთვის, სწორედ ასეთ დროს ემსგავსება ქრისტეს – ჭეშმარიტ მოძღვარს, განკაცებული ღმერთს, მას, ვისგანაც მღვდლობის მადლი აქვს მინიჭებული. გამოცდილი მოძღვარი უფრო მეტი მიმტევებლიბითა და მოყვასის სიყვარულით მოქმედებს, მოთმინებით ელოდება ქრისტეს დაბნეული ცხვრის შემობრუნებას, ლოცულობს ყველასთვის უფლის წინაშე და დახმარებას ითხოვს მისი სამწყსოსთვის, რადგან იცის, რომ უსაზღვროა უფლის შემწეობა და წყალობა, რომელსაც შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არს ღმერთი!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი

დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (115)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას