სინოდის სხდომა გაიმართა 23.01.2024-ს.
1. ქორწინების შესახებ ეკლესიის თეოლოგია გამომდინარეობს წმინდა წერილიდან, ეკლესიის მამების სწავლებიდან და ქორწინების საიდუმლოს წესიდან, ეს ნათლად ჩანს ამ საიდუმლოს ღვთისმსახურებაში.
ქრისტიანული ქორწინების მიზანი არის კარგი შეუღლებისა და ოჯახის შექმნა, შვილების განვითარება, როგორც ცოლ-ქმრის ქრისტესმიერი სიყვარულის ნაყოფებისა და მათი კავშირი ეკლესიურ ცხოვრებასთან.
ეკლესია ქალსა და მამაკაცს და შვილებს შორის ურთიერთობისათვის აღიარებს შემდეგს:
ა) სქესთა (გენდერის) ორგვარობა და მათი ურთიერთშემავსებლობა არ წარმოადგენს საზოგადოებრივ გამოგონებებს, არამედ მომდინარეობს ღმერთისგან („...და შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღმერთის ხატად შექმნა იგი; მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ...“, დაბ. 1, 27-28),
ბ) ქალისა და მამაკაცის ერთიანობის სიწმინდე შედარებულია ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობასთან („...ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს... დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე“, პავლე მოციქული, ეფეს. 5, 28; 31),
გ) ქრისტიანული ქორწინება არ არის თანაცხოვრების უბრალო შეთანხმება, არამედ წმინდა საიდუმლო, რომლის მეშვეობით ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს ენიჭება ღმერთის მადლი განღმრთობისკენ ერთობლივი მსვლელობისათვის და ეს კურთხეული მსვლელობა შეეხება ყველა წყვილს - შვილებიანს თუ უშვილოს,
დ) მამა და დედა არიან ბავშვური და ზრდასრული ცხოვრების შემადგენელი ელემენტები („პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს“, გამოს. 20, 12).
2. ცხადია, სახელმწიფო ადგენს კანონებს, მაგრამ ეს ფაქტორი არც ეკლესიას ართმევს სიტყვის თავისუფლებას, არც ეკლესიას ათავისუფლებს მორწმუნე ერის ინფორმირების მოვალეობისგან, მას არც ის შეუძლია, არ მიუთითის თუ რაში მდგომარეობს ცოდვა. ეკლესია არ აწესებს და პასუხისმგებლობას არ იღებს კანონენებზე, მაგრამ თუ დადუმდა, მას ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა და ანადგურებს საკუთარ თავს.
3. 2015 წლიდან თანაცხოვრების ხელშეკრულება ერთსა და იმავე სქესის წყვილებს ანიჭებს ქორწინების ყველა უფლებასა და შესაძლებლობას, მთავარი გამონაკლისი არის შვილების შეძენის შესაძლებლობა აყვანის ან სუროგაციის გზით.
„ქორწინებაში თანასწორობის“ სლოგანი ერთ მიზანს ისახავს - „ერთნაირსქესიანი წყვილების“ მიერ შვილების შეძენას.
4. გამოცხადდა, რომ დაშვებული იქნება „ერთნაირსქესიანთა ქორწინება“ და „ერთნაირსქესიანთა მშობლობა“ შვილის აყვანისა (სხვადასხვა საშუალებით) და სუროგაციის გზით.
კანონპროექტის ინიციატორები და მისი მხარდამჭერები ხელს უწყობენ მამობისა და დედობის გაუქმებას და მათ შეცვლას ნეიტრალურ მშობლობად, ორი სქესის (გენდერის) როლის გაუქმებას ოჯახში და მომავალ შვილთა ინტერესებზე მაღლა აყენებენ სრულწლოვანი ჰომოსექსუალი პირების სექსუალურ არჩევნებს.
ამ კანონპროექტის საფუძველზე, ჰომოსექსუალ მარტოხელა მშობლებს შეეძლებათ, საკუთარ შვილებს დაუდგინონ თავიანთი პარტნიორი, როგორც „მამა 2“ ან როგორც „დედა 2“.
5. ეს საკანონმდებლო ინიციატივა სამომავლოდ შეძენილ შვილებს სწირავს იმისათვის, რომ ისინი მამის ან დედის გარეშე აღიზარდონ ისეთ გარემოში, სადაც აღრეულია მშობელთა როლები.
მარტოხელა მშობლის ოჯახი არის სხვა შემთხვევა. აქ არ არსებობს მეორე მშობელი და ადგილი არ აქვს მშობელთა როლების აღრევას.
ამის საპირისპიროდ, ჰომოსექსუალური თანაცხოვრება ორივეს იწვევს. გარდა ამისა, ამ ბავშვებს ხშირად არ ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ (შეხვდნენ) სხვა ბიოლოგიური მშობელი.
აგრეთვე, მათ არ ექნებათ საპირისპირო სქესის ყოფნის პირადი გამოცდილება (განსხვავებით მათი „ერთნაირსქესიანი მშობლებისგან“) განსხვავებულ სქესთან ურთიერთობით.
ბავშვები, „მამა 1 და 2“ ან „დედა 1 და 2“ (ან მეტი) მშობლებით, იქნებიან შვილის შეძენის არაბუნებრივი მექანიზმის მსხვერპლნი.
6. გამოცხადდა, რომ: ა) „ერთნაირსქესიან წყვილებს“ უფლება მიეცემათ, შვილი აიყვანონ, როგორც ერთობლივად, ისე, მშობლის „ჰომოსექსუალი მეუღლისგან“ (ეს გავრცელდება ახლანდელ ბავშვებზეც, რომლებიც სუროგაციის გზით გაჩნდნენ), ბ) საბერძნეთში სუროგაცია არ დაიშვება „ერთნაირსქესიანი წყვილის“ სასარგებლოდ, მაგრამ ეს აღიარებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოში გაკეთდა ლეგალურად.
ეს რეგულაციები წაახალისებს დაუცველი ქალების ექსპლუატაციას.
თუ ზემოხსენებული ძალაში შევა, საქმე გვაქვს დანაღმულ კანონპროექტთან, რომელსაც აქვს წინააღმდეგობები და მისი აკრძალვების თავიდან აცილების გზები (საზღვარგარეთ ორსულობა) და შესაძლებელია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბერძნეთი გაკიცხოს დისკრიმინაციის მიზეზით, ამ შემთხვევაში კი, ქვეყანა იძულებული შეიქნება, თავის მიწაზეც დააკანონოს სუროგაციის გზით ორსულობა.
7. კანონპროექტი აუქმებს არა მხოლოდ ბიოეთიკის კანონებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ბერძნულ ოჯახურ ტრადიციას, არამედ არღვევს მომავალი შვილების უფლებებს და გენდერულ როლებს, როგორც საზოგადოების ერთიანობის ელემენტებს - და ეს ეხება ყველას, თუნდაც ვინმე არ აღიარებდეს ქრისტიანულ ეთიკას.
კითხვა, რომელიც საბოლოო ჯამში რჩება უპასუხოდ, გახლავთ: რა არის ამ გადაწყვეტილების არსებითი მიზეზი, რომელიც მთლიანად და ძირეულად ცვლის ქორწინების ინსტიტუტსა და მშობლის სტატუსს, და ხელს რატომ უწყობენ მას ასე დაჟინებით?
8. საბერძნეთის ეკლესია აღიარებს მხოლოდ ქრისტიანული ქორწინების წმინდა საიდუმლოს და უარყოფს სამოქალაქო ქორწინებას, დამოუკიდებლად სქესისა.
ამ შემთხვევაში, იგი (ანუ ეკლესია; ლ. ხ.) ეწინააღმდეგება „ერთნაირსქესიან წყვილთა“ სამოქალაქო ქორწინებას იმ დამატებითი მიზეზით, რომ ეს გარდაუვლად იწვევს „ერთსქესიანთა მშობლობას“ ბავშვის აყვანის ან სუროგაციის გზით.
ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება, როგორც ქრისტიანულ ანთროპოლოგიას, ისე, საზოგადოების მოვალეობას, უზრუნველყოს ბავშვების კეთილდღეობა და სწორი აღზრდა, აგრეთვე - ბავშვთა უფლებას, ჰქონდეთ მამობრივი და დედობრივი ყოფა და მზრუნველობა.
ყველა ზემოაღნიშნული მიზეზითა და მწყემსური პასუხისმგებლობის და სიყვარულის გრძნობით, ჩვენი წმინდა ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ კანონპროექტს.
9. იერარქთა წმინდა სინოდმა განაჩინა: ა) დაიწეროს შესაბამისი წერილი თავისი პოზიციებითურთ საბერძნეთის პარლამენტის პატივცემული წევრებისადმი, ბ) 2024 წ. 4 თებერვლის კვირას მისი პოზიციები გამოცხადდეს ტაძრებში და ტაძრებისა და მისი (ელადის ეკლესიის; ლ. ხ) ვებ-გვერდის საშუალებით ერში გავრცელდეს შესაბამისი ბროშურები, გ) თითოეულ მიტროპოლიტს მიენიჭოს უფლებამოსილება, საკუთარი ეპარქიის ფარგლებში, თავისი მწყემსური განსჯის მიხედვით, განაგრძოს [საზოგადოების] ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება განსახილველ კანონპროექტთან და ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებით.
ელადის ეკლესიის იერარქთა წმინდა სინოდი.
_____________________________________________
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა.
წყარო: https://www.romfea.gr/…/61295-anakoinosi-ieras-synodou-gia…
ნანახია: (265)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას