,,და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: ”მოძღვარო, სახიერო, რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება? ...ხოლო მან უთხრა მას: დაიცავი მცნებები: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, პატივი ეც მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.
მდიდარი ჭაბუკის სახარებისეული ამბავი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და იმასაც გვასწავლის, თუ რა დამღუპველია ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარული. ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა ამ ჭაბუკს უმაღლესი სრულყოფილების მისაღწევად, მაგრამ იგი დამწუხრდა და წავიდა, რადგან დიდი მონაგების პატრონი იყო. საგულისხმოა და ნიშანდობლივი, როგორ ამძიმებს ადამიანის სულს სიყვარული და მიჯაჭვულობა ქვეყნიური სიკეთეებისადმი, როგორ უბნელებს გონებას, როგორ უბორკავს ნებას, როგორ ჩაუქრობს ზეციური სიკეთეების მოპოვების უკვე გაღვივებულ სურვილს, როგორ განაშორებს საღმთო მადლისგან და როგორ უმსხვრევს საუკუნო ცხოვრების შეძენის იმედს, იმ იმედს, რომელიც კეთილგონიერებაზე იყო დაფუძვნებული. სახარება არ მოგვითხრობს ამაო და უსარგებლო ამბებს. საქმე ეხება იმ ადამიანის ბედ-იღბალს, რომელსაც ქონებისა და სიმდიდრისადმი აქვს სიყვარული. და თუკი შენც ასეთი ხარ, იცოდე, რომ შენი სახელის მოუხსენებლად შენზეც ღაღადებს ეს სახარებისეული მონათხრობი და შენც გემუქრება არა რაღაც უმნიშვნელო საშიშროებით, არამედ იმით, რომ შენს ამ ვნებას ძალუძს ქრისტეს მოძღვრების ღალატამდე, უარყოფამდე მიგიყვანოს და საუკუნო ცხოვრება დაგაკარგვინოს.
აბა, რა ვქნათო, იტყვის ვინმე. ყველამ მივაგოთ ჩვენი ქონება-სამკვიდრებელი და გლახაკებად შევიქმნათ?! - არა, ამას როდი ითხოვს თქვენგან საღმრთო სიმართლე! ქრისტე ყველასგან როდი მოითხოვდა ნებაყოფლობით სიგლახაკეს, სულის გლახაკობას. ჰქონდეს ყოველივე ის, რის ქონასაც აუცილებლობა გვაიძულებს და რის ნებასაც შენი წოდების წეს-კანონი გაძლევს, მაგრამ უფრთხილდი იმას, რომ არ მიისაკუთრო და არ დაიუნჯო ამაზე მეტი, ნუ მისცემ თავს უფლებას, უფრო მეტი გწყუროდეს.
თუკი შენ შებორკილი არ ხარ სრული უანგარობის, უქონლობის აღქმით, მაშინ ისარგებლე კანონიერად მოპოვებული სიმდიდრით, მაგრამ ამასთანავე, არასდროს არ დაივიწყო წესი, რომელიც ჯერ კიდევ წმინდა ფსალმუნთმგალობელმა ბრძანა: ”ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის, სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქვენთა”.
თუკი არ შეგძლია სიმდიდრის შენარჩუნებასთან ერთად შენი სულიც შეინარჩუნო სიკეთესა და კეთილმოშიშებაში, მაშინ განა ჭეშმარიტად უმჯობესი არ იქნება შენთვის, შენი ქვეყნიური სიმდიდრე დაღუპო, ვიდრე ის, რომ სიმდიდრემ თავად დაგღუპოს შენ? და თუკი ვერ ახერხებ სიმდიდრის მარწუხებს ერთბაშად დააღწიო თავი, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში, ნელ-ნელა, თანდათანობით მაინც ეცადე, გამოიხსნა შენი სული ამ მიდრეკილებათა ბადისგან და აიძულო თავი, მათ საწინააღმდეგოდ იქცეოდე. აიძულე თავი, დაეხმარო ღარიბ-გლახაკს, თუნდაც შენი გული თანაგრძნობით არ იყოს აღვსებული მისდამი.
მწუხარება, რომლითაც მდიდარმა ჭაბუკმა ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარულის გამო დატოვა იესო ქრისტე – ცხოვრების მეუფე, საბაბს აძლევს უფალს, უთხრას თავის მოწაფეებს, თუ რა ძნელია მდიდარი ადამიანითვის ცხოვნება:
,,ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ, გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის ნემსის ყუნწში გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში”.
ამრიგად, მდიდრითვის ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელია თანამოზიარენი შეიქმნან ცათა სასუფევლისა და სიწმინდის ნიჭებისა. აბრაჰამიც მდიდარი იყო, მაგრამ ღმერთის მეგობრად იწოდა. იობიც უაღრესად მდიდარი იყო, მაგრამ მართალ მონად შეიქმნა ღმერთის სახლში. სიმდიდრე, თავისთავად, ღმერთის საბოძვარია ადამიანისადმი, მისი სახიერების ნიშანი, მაგრამ ვაი იმას, ვის გულსაც იგი მთლიანად დაეუფლება და დასთრგუნავს მასში კეთილ საქმეთა აღსრულების სურვილს. ვისაც სიმდიდრე უზრუნველოფის, ავხორცობის, ამპარტავნებისა და სხვა მანკიერებების კერძად გადააქცევს. საცოდავია ყველა მდიდარი, რომელნიც ღმერთისთვის არ გამდიდრდებიან. ადვილი შესასრულებელი არ არის ცათა სასუფევლისკენ მიმყვანებელი კარნი მათთვის, ვისაც განვრცობიათ სიმდიდრისკენ აღმოცენებული სურვილები და ჟინი. რამეთუ, უადვილესია აქლემებისთვის ნემსის ხვრელში გაძვრომა, ვიდრე მდიდრისთვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!
ამრიგად, ”საპალნიანი აქლემისთვის უფრო ადვილი იქნება ”ნემსის ყუნწში” (კუტიკარში) გაძვრომა, ვიდრე ცათა სასუფელველში შესვლა იმ ადამიანებისთვის, რომელსაც სიმდიდრის გარდა სხვა არაფრი აქვს შეძენილი ქვეყნიურ ცხოვრებაში.
აი, ჭეშმარიტება, რომელზეც დაფუძვნებულია ჩვენი ცხოვრების ყველა გზა. თუკი ადამაინი მოისურვებს თავისი საკუთარი ძალისხმევით - საღმრთო სჯულის აღსრულებით დაადგეს ამ გზას, მაშინ იგი სამუდამოდ უძლური დარჩება და მისთვის შეუძლებელი იქნება ცათა სასუფევლის დამკვირდრება. რადგან, იგი ვერასდროს ვერ შესძლებს მთელი სჯულის ჯეროვნად აღსრულებას. მართალი მორწმუნე იყო აბრააჰამი, მაგრამ განა საკუთარი სიმართლით განმართლდა იგი? ყოვლადბრძენი იყო სოლომონ მეფე, მაგრამ განა თავის სიბრძნეში ჰპოვა ცხოვნება? დაფითა და ნაღარით გაჰყვიროდნენ ფარისევლები თავიანთი კეთილმსახურების შესახებ და ასე არიგებდნენ მოწყალებას გზაჯვარედინებზე, მაგრამ განა განამართლა ისინი ამგვარმა მოწყალებამ? იქ, სადაც ადამიანი უძლურია, ღმერთის ძალა სრულ იქმნების. იმისთვის, რომ რაიმე კეთილი მოიმოქმედოს, ანდა თავის ხორციელ მიდრეკილებებს განეშოროს, ადამიანი ღმერთს უნდა ევედროს შეწევნას და არ უნდა აბრკოლებდეს მის მადლს საკუთარ თავში. სახარებაში მოხსენიებულ მდიდარ ჭაბუკსაც, როცა თავისი მიდრეკილება შეიგრძნო მომხვეჭელობისადმი, მაცხოვრისთვის რომ ეთხოვა განკურნება ამ მძიმე სულიერი სნეულებისგან, მაშინ უეჭველია, განკუნებული იქნებოდა მის მიერ, როგორც მეზვერე ზაქე განიკურნა, რომელმაც თავისი ქონების ნახევარი გაიღო მოწყალებისთვის და უმალვე მოისმინა მაცხოვრის სიტყვები მისი და მთელი მისი სახლეულის ცხონების შესახებ. ამგვარად, კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ!
ნანახია: (216)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას