(III მუხლის განმარტება)
წმინდა მამათა მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
,,რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდმოხდა ზეცით,
და ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა”.
ღვთის განკაცების მიზანი და მიზეზი ადამიანთათვის მარადიული, ნეტარყოფითი ცხოვრების დაბრუნება იყო, რომელიც ადამმა ცოდვის დაცემით დაკარგა, რასაც სამოთხიდან განდევნა მოჰყვა. ამის გამო ადამიანი მარადიული სიკვდილისა და ტანჯვისთვის იყო განწირული. ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამო მოხდა ძე ღვთისას განკაცება. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: ,,რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სოფელი, რომ თავისი ძე მხოლოდშობილი მისცა, რათა ყოველი, რომელიც ირწმუნებს მას, არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო“.
ხილული სამყარო ქმნილებათა გვირგვინის, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანისთვის განწესდა. ადამის შექმნასაც წინ განსჯა, პირთა შორის შეთანხმება უძღვის. ბიბლიაში ვკითხულობთ: ,,თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“. მრავლობითი ფორმა მიუთითებს სწორედ მამის, ძისა და სულიწმიდის მოქმედებას. ,,ხატებისაებრ“ მიუთითებს ადამიანის ბუნების უნარზე გონიერ და თავისუფალ არსებად ყოფნისა, ხოლო სიტყვა ,,მსგავსებისაებრ“ ნიშნავს ღმერთთან მსგავსებას სიკეთეში, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის”, - წერს წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველი. ხატება ნიშნავს უკვდავ სულს, ნათელ გონებას, თავისუფალ ნებას, ხოლო მსგავსება, ამ თვისებათა განვითარებით უფალთან მიმსგავსებას.
ცოდვით დაცემას მოჰყვა გონებრივი და სულიერი ძალების დაკნინება, მანკიერი მიდრეკილებების აღზევება. თავისუფალი ნება, რომელიც მოკლებულია ნათელ გონებას, ადვილად კარგავს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას. სხეული დაუძლურდა, დაავადებები შემოვიდა მასში, სიბერე და სიკვდილი მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ღვთის განკაცების გარეშე ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ყოველივე ამის დაძლევა, სულისა და სხეულის ასეთი მდგომარეობისგან გათავისუფლება და მარადიული ცხოვრების დაბრუნება. სწორედ ამიტომ მოხდა ძე ღვთისას განკაცება, ქრისტეში ადამიანის ბუნების გამოხსნა, და ამით ყველას მიეცა ცხონებისა და მარადიული ცხოვრების საშუალება, თუკი ადამიანს აქვს ამის სურვილი.
იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში წერს: ,, ხოლო ეს დაიწერა, რათა გწამდეთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და რათა ვისაც გწამთ, საუკუნო ცხოვრება გქონდეთ მისი სახელით”. ღვთის განკაცებით ქრისტეში ადამიანის ბუნება განიღმრთო, მაცხოვარმა ადამიანს ღმერთთან მარადიული ცხოვრება და ზეციური სამეფოს მოქალაქეობა მიანიჭა.
მაცხოვარი ორბუნებოვანია: ღმრთაებრივი და კაცობრივი. ქრისტეს პიროვნებაში ადამიანის ბუნება განიწმინდა, განიღმრთო. რკინის ცეცხლში გახურებისას მას მთლიანად მოიცავს ცეცხლი, თუმცა რკინა თავის ბუნებას ინარჩუნებს, ცეცხლი კი თავისას, მაგრამ ცეცხლი მოიცავს რკინას, გამობრძმედს, განაახლებს და ახალ სახეს მისცემეს, აღუდგენს მას დაკარგულ ფორმას. სწორედ ასე, ღვთის განკაცებით ქრისტეში ადამიანი განიწმინდა და ის დიდება აღუდგა, რომელიც მას შექმნისას მიეცა.
მაცხოვრის ჩასახვა ღვთაებრივად, სულიწმიდისგან მოხდა. მათეს სახარების მიხედვით: ,,აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა მას და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისაო, ნუ შიშობ, მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი, რადგან მასში დაბადებული სულიწმიდისგან არის“. ქრისტე ქალწულ მარიამში სულიწმიდის მოქმედებით ჩაისახა, ღმრთისმშობელი მარიამი მარადის ქალწულად იწოდება. ის ქალწული იყო მაცხოვრის შობამდე და მშობიარობის შემდეგაც. ესაია წინასწარმეტყველი წერს: ,,აჰა ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და უწოდებენ მის სახელს, ამანუილს, რომელიც ითარგმნება ჩვენთან არის ღმერთი“.
(ფოტოზე: ხარება, მე-17 საუკუნის ლოცვანი - დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში
ნანახია: (226)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას