"TV იმედის ანგაჟირებულმა, ე.წ. ჟურნალისტმა - ვარლამ წიკლაურმა, სიუჟეტი მიუძღვნა თეოლოგებსა და კრიტიკოსებს, და "ეკლესიის მტრები და ნეობოლშევიკები" უწოდა მათ, ცხადია კვლავ ანდრია ჯაღმაიძის არანჟირებითა და ხელმძღვანელობით. სპეციალურად, განსაკუთრებული აქცენტი ბექა მინდიაშვილზე და გოჩა ბარნოვზე გაკეთდა. კადრში მეც შემიყვანეს, როგორც ერთ-ერთი "მტერი".
რასაც იმედი აკეთებს, ეს არის უდიდესი დანაშაული, რადგან ამგვარი, აბსოლუტურად უარგუმენტო, ტენდენციური, პოლიტიკურად მოტივირებული, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური სიუჟეტებით, სამიზნედ აქცევენ ადამიანებს და წირავენ მათ თავდასხმისათვის. ეს არის მოწოდება თუ დაგეშვა მუტრუკი და ფანატიკოსი ბრბოსადმი, რათა ეცნენ მამხილებლებს და სცემონ მათ... ან უბრალოდ, ისინი გაათავისუფლონ სამსახურებიდან და სოციალურად მოსპონ.
ამასთან, აშკარაა, რომ პირდაპირ საარჩევნო კამპანია დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" და ეკლესიის თემას პოპულისტურად იყენებს განსხვავებულად მოაზროვნეთა რეპრესირებისათვის, მათ დასასჯელად და ზოგადად ოპონენტთა გასანეიტრალებლად.
პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა ფსევდო "თეოლოგიური" წიაღსვლები და მჟავე "პატრიოტული" ექსპრესია შემოგვთავაზა, სადაც პერსონალური იერიში მიიტანა ადამიანის ფუნდამენტურ და კონსტიტუციურ უფლებაზე - "სიტყვის და სინდისის" თავისუფლებაზე, როცა სეკულარული სახელმწიფოს პირობებში NGO სექტორზე კარნახი, ხოლო განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოებაზე - მორალური სენტენციებით შეფუთული ცენზურის შემოღება დააპირა. არადა, რა სახელმწიფო უწყების, რომელი პარლამენტის სპიკერის კომპეტენცია თუ პრეროგატივა ის არის, რომ იმსჯელოს იდეოლოგიურად "ეკლესიის მტრებზე" და ასე უპასუხისმგებლოდ თუ უაპელაციოდ ადამიანები "ტროცკისტებად" შერაცხოს?
ნუთუ არ იცის ბატონმა პაპუაშვილმა თუ რაოდენ მდარე ზნეობრივი მოცემულობაა ე.წ. "წმ. სინოდში", სამღვდელოებასა და სამონაზვნო წესში, როცა სულიერად სასიკვდინე ცოდვებთან ერთად, კრიმინალიზებულ ცოდვებსაც სჩადიან ისინი, რასაც სუსი კრებსებად ინახავს და დანაშაულებზე არასდროს რეაგირებს.
ნუთუ არც კოლაბორაციონიზმის და ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან საპატრიარქოს წარმომადგენლების თანამშრომლობაა მისთვის უცნობი?
არა, მან ეს ყველაფერი იცის და მიუხედავად ამისა, კიდევ, აქეთ უტიფრად კადნიერდება, რომ პატიოსან პუბლიცისტებს და ობიექტურ კრიტიკოსებს ფეხი დაუდოს და ყველა სფეროში ეტატიზმის აგრესია გააჩაღოს სახელმწიფოს მხრიდან.
მან და მისმა პატრონებმა უნდა იცოდნენ, რომ ეკლესიის მტრობა ის არის, როცა იქ არსებულ სიმრუდეს მფარველობ და მის ეროზიას ხელს უწყობ ტრიუმფალური ძალთა სიმფონიით, როცა მას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებ და არ ცდილობ იქ არსებული უკეთურების აღმოფხვრას სულიწმინდისეული რეცეფციით (სახელმწიფოს შემთხვევაში – იურიდიული ნორმებით!).
ჩვენი კრიტიკა კი არასდროს არ ყოფილა დესაკრალიზებული, არაკორექტული, დექრისტოცენტრული ან უარგუმენტო! ჩვენ მხოლოდ საკუთარი პიროვნული და ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების გააზრებისკენ და მათივე მოწოდების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ მოვუწოდებთ საპატრიარქოს ადმინისტრაციას, რომელმაც ქრისტიანობა მხოლოდღა ფორმებში შეინარჩუნა, ხოლო შინაარსი კი ბოლომდე შთანთქა სტალინისტური მიზანთროპიით.
Gocha Barnovi ჩემი მეგობარია, და საქართველოს ეკლესიის სირცხვილია ის რომ მისნაირი პროფესიონალი დღეს არ/ვერ მოღვაწეობს სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, საიდანაც მას ათეულობით სტუდენტისთვის სიკეთის, დასავლურ უმაღლეს თეოლოგიურ სასწავლებლებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და ინტელექტუალური განვითარების მეტი არაფერი უკეთებია, და დღეს იგი თავდასხმის ობიექტია, უბრალოდ იმიტომ რომ ღირსება არასდროს გაუყიდია და არჩევანს ყოველთვის პროფესიის სასარგებლოდ აკეთებდა!..
გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობა კი მაქვს ბატონ Beka Mindiashvili -თან მიმართებით (რადგან მე კონსერვატორი ვარ, ის კი ლიბერალი), მაგრამ მის პუბლიცისტურ ღვაწლს, ეთიკურ ღირსებას, გამბედაობას და დაუცხრომელ პრინციპულობას დიდ პატივსვცემ და მხარს ვუჭერ!
რა თქმა უნდა, მე არავინ არ ვარ, არაფერს წარმოვადგენ და არც აკადემიური მიღწევები არ გამაჩნია, უბრალოდ ჩემდაწილად მიმაჩნია, რომ ეს ორი ადამიანი, და კიდევ პოტენციურად ყველა ის კრიტიკოსი, ვინც წესიერებისა და სიმართლის ერთგულების სამსახურშია, ჩვენს თანადგომას, სიყვარულსა და კონიუქტურის წნეხისგან დაცვას იმსახურებს!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (240)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას