დღევანდელი მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სეპარატისტული რეჟიმები რელიგიური კუთხითაც გააქტიურდნენ. ამის დასტურია რუსული ეკლესიისა და ე.წ. ალანიის ეპარქიის ელექტრონულ გვერდებზე დადებული ინფორმაცია, რომლის მიზანია, ჩვენთვის კარგად ცნობილი ორი უძველესი ქართული ეპარქიის მოწყვეტა დედა ეკლესიისგან და მათი რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში გადასვლა,რასაც დაუფარავად აცხადებენ და უფრო მეტიც, კადნიერდებიან საკუთარი მოქმედების სისწორე საეკლესიო კანონმდებლობით გაამართლონ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართვა რუსეთის პატრიარქისადმი, სადაც ისინი მოითხოვენ `ალანიის ეპარქიის~ რუსეთის ეკლესიასთან შეერთებას და მისი მფარველობის ქვეშ მოქცევას, საეკლესიო სამართლის უცოდინრობის აშკარა დასტურია.ამ სიცრუეს ემატება დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელ სონია ხუბიევას განცხადება იმის თაობაზე,რომ თითქოს `1992 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილა მართლმადიდებელ ქრისტიანთა თემი, რომელსაც არასოდეს არაფერი აკავშირებდა საქართველოსთან და არ ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას არც კანონიკურად და არც სხვა მხრივ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კი არასოდეს მიიჩნევდა თავის მოვალეობად, დაემწყსო ოსური მოსახლეობა.~უმეცრების კიდევ ერთი გამოვლინებაა თვითმარქვია ეპისკოპოს გიორგის განცხადებები, რომ თუ რუსეთის ეკლესია მიიღებს სქიზმაში მყოფ ალანიის ეპარქიას თავის შემადგენლობაში,ამ გზით უფლის მადლს არ მოწყდება ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი მოსახლეობა.
საეკლესიო სამართლის შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე,სადაც მოქმედებს კონკრეტული ავტოკეფალური ეკლესია, ვერ მოხერხდება სხვა ეკლესიის წარმოშობა ან რაიმე ახალი თემის დაარსება, რადგან ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანი არის არსებული ეკლესიის მრევლი. შესაძლოა არსებობდეს ტაძრები, სადაც სხვა ენაზე აღესრულება საღმრთო ლიტურგია (თუ ამის საჭიროება არსებობს),მაგრამ ეს ტაძრები თავისი მრევლით ექვემდებარება იმ ეკლესიას, ვის იურისდიქციაშიც შედის და არა იმას, რომელ ენაზეც აღესრულება ღვთისმსახურება. საქართველოში არის ტაძრები, სადაც მსახურება რუსულ ენაზე ტარდება და მრევლის დიდი ნაწილი რუსულენოვანია, მაგრამ ეს ტაძრები ექვემდებარება საქართველოს ეკლესიას და არა რუსეთისას. ადმინისტრაციული დაყოფა ეკლესიისა აგებულია ტერიტორიული მოწყობისა და არა ნაციონალური ნიშნის მიხედვით. ჩვეულებრივ პირობებში ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანები წარმოადგენენ ერთი ეკლესიის მრევლს და იმწყემსებიან ერთი ეპისკოპოსის მიერ (ვლადისლავ ციპინი, საკლესიო სამართალი გვ.201). აქ ახალი ქრისტიანული თემის დაარსება ვერ მოხერხდება ,რადგან ის თავისთავად ჩამოყალიბდება სექტანტურ მოძრაობად ან აღმოჩნდება სქიზმაში. ორივე შემთხვევა აქ მცხოვრებ საქართველოს ეკლესიის მრევლს ღვთის მადლისგან განაშორებს. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მოსახლე ოსი ეროვნების ხალხი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სამწყსოა! რაც შეეხება ქალბატონ ხუბიევას ცილისწამებლურ განცხადებას, თითქოს ოსი ეროვნების მრევლს `ველურ წარმართებს~ ვუწოდებთ და ეს მაშინ ხდება,როცა მათ ტერიტორიაზე აგებული ტაძრები X-XII საუკუნეებით თარიღდება, მათ გასაგონად ვამბობთ- ისტორიული ნიქოზის ეპარქია თავის არსებობას იწყებს V საუკუნიდან და ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ყველა ტაძარი საქართველოს ეკლესიის მიერაა აგებული და მისი კუთვნილებაა. ქართული სამღვდელოება კი არასდროს მოიხსენიებს თავის მრევლს შეურაცხმყოფელი სიტყვებით! წლების განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიებში სამშვიდობო ფორმატით მოქმედებდა რუსეთის სახელმწიფო,რომელიც არანაირად უწყობდა ხელს ქართულ სამღვდელოებას, შესულიყო კუთვნილ ტერიტორიაზე და აღესრულებინა თავისი მისია, რაც დიდად დაეხმარებოდა ძმათა შორის შუღლის აღმოფხვრას. მართალია,რუსეთის ეკლესია დღემდე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საეკლესიო საზღვრებს, მაგრამ მას არასდროს მიუმართავს რუსეთის მთავრობისთვის, რომ ქართულ სამღვდელოებას საშუალება მისცემოდა, ემოქმედა თავისი იურისდიქციის ფარგლებში. რაც შეეხება სქიზმაში მყოფ ცრუეპისკოპოს გიორგის, ის თავისთავად მოკლებულია ეკლესიურ მადლს და მას ვერც ერთი ავტოკეფალური ეკლესია ვერ სცნობს. მისი ყოველი მოქმედება განაწვალებს, განაშორებს ადამიანს ღვთიური მადლისგან და მწვალებლობაში გაიყვანს. თუ რუსეთის ეკლესია ხელს შეუწყობს ასეთ ცრუეპისკოპოსთა მოთხოვნებს, ასეთი სერიოზული დარღვევის გამო,შესაბამისად,სასჯელსაც სერიოზულს მიიღებს, რაც მოციქულთა და მსოფლიო კრებათა მიერ დადგენილი კანონებითაა განსაზღვრული. რუსეთის ეკლესიის მხრიდან ხდება დაჯოლდოება სასულიერო პირებისა,რომლებიც საქართველოს ეკლესიის წიაღში არიან ხელდასხმულნი,მაგრამ არ ემორჩილებიან მას. ეს არის წაქეზება თვითნებობის გამო არაერთხელ მხილებული სასულიერო პირისა საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებაში,რაც ხელს უწყობს შფოთის გაღრმავებას საქართველოს ეკლესიაში. ამგვარი მოქმედება საეკლესიო სამართლით დასჯადია ორივე მხარისთვის- როგორც დაჯილდოებულის,ასევე დამჯილდოებელისთვის. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში რუსეთის ეკლესიის მაღალ იერარქთა სტუმრობა ჰუმანიტარული მისიით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ასევე უხეში დარღვევაა საეკლესიო სამართლისა. მართალია, რუსეთის ეკლესიამ სიტყვიერად სცნო საქართველოს ეკლესიის საზღვრები, მაგრამ რეალური ვითარება სხვაგავარ სურათს იძლევა. ყოველი უკანონო მოქმედება დროის ფუჭი ხარჯვა იქნება,რადგან საეკლესიო კანონმდებლობა არ უშვებს მსგავს დარღვევებ კლესიაში და ამ ჩანაფიქრს განხორციელება არ უწერია.
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
(ფოტოზე: წირქოლის ეკლესია, შიდა ქართლი)
ნანახია: (240)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას