"მოსკოვის საპატრიარქო, ისევე როგორც რუსული, ვიმეორებ, რუსული ეკლესია, და არა რუსეთის ეკლესია, რომელიც სტალინამდე არსებობდა, ახლა აშკარად ღვთისმგმობ, ერეტიკულ და სქიზმატურ, სამყაროზე, ადამიანის სიცოცხლეზე გაბოროტებულ, სიყვარულისა და სიკეთის ღმერთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სატანის იარაღს წარმოადგენს; მისი მოძღვრება და არსებობა, აქ და ახლა, თავიდან ბოლომდე ემსახურება რუსულ პოლიტიკურ ბოროტებას, პუტინიზმს, აკურთხებს და ახალისებს სლავური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს და ტერორს, აკურთხებს სლავური ქრისტიანობის ემბაზის, - კიევის, მთელი უკრაინის განადგურებას, აკურთხებს საქართველოს ოკუპაციას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას, მთელ მსოფლიოში თესავს და ავრცელებს სიძულვილს, თან უკვე არა შეფარულად ღმერთის, არამედ პირდაპირ პუტინის სახელით, იმედსა და სასოებას ღიად და აშკარად ამყარებს რუსულ ატომურ ძალაზე, - ბომზე და არა ღმერთზე, - პირდაპირ ბომბით, ატომური ბომბით ჩაანაცვლა ამ ღთვისმგომბმა ეკლესიამ ღმერთი, ჯვარცმული ქრისტე. გარდა ამისა, რუსეთის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა ყველა ეკლესიასთან, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს და თავად გამოაცხადა სქიზმატურ, მართლმადიდებლობის ერთობისგან განდგომილ ძალად თავი. ამ ეკლესიას რუსეთშიც კი აღარ აღიქვამენ ქრისტეს მსახურად, მაგალითად, ილარიონ ალფეევი, ამერიკის ელჩთნან საუბრისას ამბობს, რომ ჩვენ რუსული სახლმწიფოს მსახურები ვართ. ეს ეკლესია, მისი ხელმძღვანელი კირილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის თანაავტორია პუტინთან ერთად, - ისინი ამ საზიზღარი ომის დამნაშავეები არიან. რუსული ეკლესია საეკლესიო ფორმებში, წმიდანებში, ხატებში, ლიტურგიაში, ლოცვაში, მარხვაში, ოჯახისა და რწმენის დაცვაში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური და იმპერიული ინტერესების დაცვის ინსტრუმენტს ხედავს, ამიტომ არის ტრაგიკული იმ რელიგიური სიბრიყვისა და ფანატიზმის ყურება, რაც მატრონას თაყვანისცემასთანაა აქ, საქართელოში დაკავშირებული, - დღემდე არავინ იცის, ვინ იყო ის, ან საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი პიროვნება, - ყველაფერი, რასაც რუსეთის ეკლესია 1990 წლიდან, დიდი რუსი მქადაგებლისა და განმანათლებლის, ალექსანდრე მენის მოკვლის დღიდან, აკეთებს, თავისი არსით ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და ემსახურება რუსული იმპერიალიზმის ბოროტებას, - ასეა მატრიონას ამბავიც: მისი კულტი ეკლესიაში არის ქრისტეს ჯვრის შეურაცხყოფა. უფრო მარტივი რომ იყოს აღსაქმელად ერთ მაგლითს მოვიყვან: კონსტანტინოპოლის ეკლესიამ, წლების წინ, დედა მარია სკობცოვა, ნამდვილად დიდი რუსი წმიდანი, ადამიანი, რომელმაც მეორე მსფლიოში თავი დადო ებრაელების გადასარჩენად, უაღესად საინტერესოდ მოაზროვნე და სიკეთის მთესველი ადამიანი წმინდანად შერაცხა, მაგრამ ვინმემ იცით საქართველოში მისი სახელი? ის სწორედ იმ დროს ეწამა საკონცენტრაციო ბანაკში, როცა მატრონას მითი იბადებოდა. არ იცით, ან გრიგოლ ფერაძისა არ იყოს, ძალიან ცოტამ იცით. რატომ? იმიტომ, რომ მონაზონ მარია სკობცოვას მოსკოვის საპატრიარქო წმიდანად არ აღიარებს და მისი კულტის შექმნაზე არ მუშოაბს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, - ის არ გამოდგება რუსული რბილი ძალის სახედ და იარაღად. სამაგიეროდ, ყველას აქ, ამ ბედკრულ საქართველოში პირზე გვაკერია მატრონა მოსკოველი, საქართველო ლამის მატრონათია გაყოფილი ორად - აი, ესაა ზუსტად რუსული სპეცსამსახურების აქტიური იდეოლოგიური ოპერაცია, მისი ერთდროულად ტრაგიკული და სასაცილო შედეგი."
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.
ნანახია: (196)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას