– შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთიო, იძახის დღეს დაბადებული ახალი წელიწადი. გწყალობდეთ ღმერთი, ვიძახით ჩვენც და ზედ ვუმატებთ, ღვთის წყალობასთან ერთად წყალობა მოიღოს ჩვენზე ჩვენმა მხნეობამაც, ჩვენმა გამრჯელობამაც და ფრთა-ასხმულმა სიყვარულმა ქვეყნისამ, დღეს-აქამომდე უქმი ქართველი საქმიან კაცად გარდაჰქმნას მისის ქვეყნის სასიხარულოდ და სასიქადულოდ, – ეს არის ამონარიდი ილია ჭავჭავაძის 1893 წლის პირველი იანვრის წერილიდან:
“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: “ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!” რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ნუთუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთიო, იძახის დღეს დაბადებული ახალი წელიწადი. გწყალობდეთ ღმერთი, ვიძახით ჩვენც და ზედ ვუმატებთ, ღვთის წყალობასთან ერთად წყალობა მოიღოს ჩვენზე ჩვენმა მხნეობამაც, ჩვენმა გამრჯელობამაც და ფრთა-ასხმულმა სიყვარულმა ქვეყნისამ, დღეს-აქამომდე უქმი ქართველი საქმიან კაცად გარდაჰქმნას მისის ქვეყნის სასიხარულოდ და სასიქადულოდ. სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ღმერთო, გვისმინე ეს ვედრება, ეს ნატვრა, მოგვეც ძალ-ღონე საქმის ქმნისა, და ჩვენი მარჯვენა, ჩვენი ჭკუა და გონება, ჩვენი გული მოგვახმარებინე ჩვენის ქვეყნის გასაღონიერებლად, გასაძლიერებლად. ღმერთო, მოუმართე ხელი ყოველ იმას, ვინც თავის საკუთარ ბედნიერებად ჰხადის მთელის ქართველობის ბედნიერებას და ამ პატიოსან ხადილით განდიდებული და გაძლიერებული გამოვა სამოქმედო მოედანზე და თავგანწირულობით მხნედ მებრძოლი საქმის ბურთს გაიტანს და ნავალი გზა, მისგან თელილი, ბრწყინვალე კვალს დასტოვებს შემდეგთა სამაგალითოდ და მადლობით მოსახსენებლად“.
ნანახია: (247)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას