ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საჯაროდ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში.
ქალი, რომელმაც პირველმა და ღიად თქვა, რომ მაღალი წოდების სასულიერო პირის მსხვერპლია, 33 წლის ლელა კურტანიძეა. ის ამბობს, რომ ათ წელზე მეტი დასჭირდა, ხმამაღლა საუბარი რომ გაებედა. თავად მიტროპოლიტი ქალის მონათხრობს ცილისწამებად მიიჩნევს, რომლის მიზანი მისი რეპუტაციის შელახვაა.
რადიო თავისუფლება ლელას გარდა კიდევ არაერთ ქალს ესაუბრა, რომელთა ნაწილი შევიწროებაზე, ნაწილი კი სექსუალურ ძალადობაზე ჰყვება. მათგან ერთი ქალი ამბობს, რომ მიტროპოლიტის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი როცა გახდა, არასრულწლოვანი იყო. ერთის ამბავი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გერმანიაში ვითარდება. ორმა ქალმა კი, ლელას მსგავსად, სტუდენტობისას, ჯავახეთის ექსპედიციაში გაიცნო ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
ლელას გარდა საკუთარ ამბებს ყველა ანონიმურობის პირობის დაცვით ჰყვება, შესაბამისად, მათი სახელები შეცვლილია. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში, არ არის დასახელებული მონასტრები და დაკონკრეტებული თარიღები, არ არის მითითებული ქალების პროფესიები, რათა ირიბად არ გამჟღავნებულიყო მათი ვინაობა.
"ამბობენ, რომ ენას ძვალი არ აქვს და ხავერდოვანი ფარდის უკნიდან ვისაც რა მოუნდება იმას იტყვის..." - მოგვწერა მიტროპოლიტმა როდესაც სტატიის გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ ვთხოვეთ კომენტარი (სრულად იხ. ქვემოთ).
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის პირს რამდენიმე ქალი საჯაროდ ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით წლებია ამ ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაციაა.
„მარწმუნებდა, რომ ეს იყო სულიერი ურთიერთობის სხვა ფორმა, რომელიც დაფარული იმიტომ არის, რომ ხალხისთვის გაუგებარია. გარკვეული მიჯაჭვულობა მეც მქონდა [მის მიმართ], მაგრამ როგორც კაცი მეზიზღებოდა“, - მეუბნება ლელა კურტანიძე, რომელმაც 5 ნოემბერს ფეისბუკზე დაწერა: „ჯავახეთის ექსპედიციის მიმდინარეობის დროს, დაახლოებით 12-13 წლის წინ, გავხდი არაერთგზის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ“.
ლელა მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გერმანულ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა. იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, ხელმოკლე ოჯახში გაზრდილი, საზაფხულო არდადეგებზე დიდი ინტერესით მონაწილეობდა ყველაფერში, რაც მის პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებას წაადგებოდა. ლელა არც სტუდენტობის დროს ყოფილა მატერიალურად მყარად, ასე რომ, უნივერსიტეტის უფასო ექსპედიცია, მისთვის იყო - მესამეკურსელი ლელა სხვა სტუდენტებთან ერთად პირველად 2009 წელს გაემგზავრა ჯავახეთში.
ჯავახეთის ექსპედიცია სტუდენტური ბანაკია, რომლის მონაწილეებიც ზაფხულში, მინიმუმ ორი კვირით მიდიან, ახალქალაქის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების დასახმარებლად.
„სტუდენტები ჯავახეთში ცხოვრების განმავლობაში ეცნობიან აქაურ კულტურას, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, დადიან ექსკურსიებზე, იმართება ფილმების ჩვენება… ექსპედიციაში მონაწილეობა უფასოა!“ - წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებსაიტზე.
სტუდენტური ექსპედიციები ჯავახეთში 2001 წლიდან იმართება. მიზანი ადგილობრივ, დიდწილად ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან ინტეგრაციაა. დღემდე, ეკლესია-მონასტრებით მდიდარ რეგიონს სამხრეთ საქართველოში, ასე ასობით სტუდენტი ეწვია. მათგან რამდენიმე სასულიერო პირიც გახდა.
„არავისთან სულიერი სიახლოვე არ მქონდა, ისე გავიზარდე. ცოტა მარტოსული ბავშვი ვიყავი. ისეთი დიდი ავტორიტეტი, როგორიც მიტროპოლიტი იყო, მანამდე მე ასე უშუალოდ ნანახი არ მყავდა. ბარალეთში გავიცანი, ექსპედიციის წევრებთან მოვიდა სტუმრად და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მანამდე მე ეპისკოპოსებზე ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ესენი იყვნენ ისეთი დიდი ადამიანები, სულიერად ისეთ მაღალ საფეხურზე მდგომნი, რომ მათთან მიახლოება შეუძლებელი იყო. ამ დროს მოვიდა ძალიან უშუალო, უბრალო ადამიანი, რომელიც ხან მწვადებს გვიწვავდა და ხან ფილმებს უყურებდა ჩვენთან ერთად. ამან კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი რწმენა, რომ ნამდვილად დიდ ადამიანთან მქონდა საქმე“, - იხსენებს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ფეისბუკზე საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, 7 ნოემბერს შევხვდი.
ლელა არ იყო ექსპედიციის ერთადერთი წევრი, რომელიც მოიხიბლა 48 წლის მიტროპოლიტით. მისი მონათხრობის სიზუსტის გადასამოწმებლად ჯავახეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში ნამყოფ 10-ზე მეტ ადამიანს ველაპარაკე - ექსპედიციის მონაწილეები მიყვებოდნენ, რომ მეუფე ნიკოლოზი, რომელსაც არაჩვეულებრივი იუმორი, ქარიზმა, ინტელექტი და მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდა, დილაობით ფარავნის ტბის ცივ წყალში ცურავდა, მთებში დადიოდა, ექსპედიციის წევრებს საკუთარი მანქანით ატარებდა ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების დასათვალიერებლად, სტუდენტებს ხშირად ელაპარაკებოდა კინოსა და ლიტერატურაზე და რეზიდენციაშიც მასპინძლობდა, რომელიც სავსეა სხვადასხვა სიწმინდით.
„ძალიან მიჭირს თარიღების აღდგენა, სამჯერ ვიყავი ექსპედიციაში ჯავახეთში და ეს ყველაფერი ისეა არეული ჩემს თავში, რომელი ამბავი რომელ წელს მოხდა, მიჭირს გახსენება, მაგრამ ზუსტად მახსოვს ადგილი - ეს მოხდა სოფელ ასფარაში, სადაც კარვებით ვიყავით. ფარავნის ტბის პირას გვქონდა ბანაკი და ისე მომწონდა იქაურობა. ღამე, მთვარის სხივები რომ ეფინებოდა ამ ტბას, ულამაზესი სანახაობა იყო“, - ჰყვება ლელა. ის სტუდენტურ ექსპედიციაში ბოლოს 2012 წელს იყო.
ასფარის ბანაკის სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით ლელა ტბაში მხოლოდ იქამდე შედიოდა, სადამდეც ფსკერს გრძნობდა. ცურვა არ იცოდა, წყლის შიში ჰქონდა. ეპისკოპოსმა ეს შეამჩნია და ცურვას გასწავლიო, შესთავაზა. ლელა დათანხმდა. იხსენებს, რომ ექსპედიციაში არც საცურაო კოსტიუმი ჰქონდა, არც შორტი და ტბაში კაბით შედიოდა. მიტროპოლიტს ლელა ტბაზე ბანაკისგან მოშორებით, მანქანით მიჰყავდა - ცურვის გაკვეთილებისთვის.
ლელას უჭირს გაიხსენოს, როდის დაიწყო მისთვის უსიამოვნო ქცევა კაცმა, ან რამდენჯერ მოხდა ასეთი რამ მისი ექსპედიციაში ყოფნისას, თუმცა ირწმუნება, რომ ცურვის სწავლებისას, სასულიერო პირი მას ხელს უყოფდა კაბის ქვეშ, ეხებოდა მკერდსა და გენიტალიებზე. ერთ დღეს კი უთხრა, კაბა ცურვის სწავლაში ხელს გიშლის, ჯობია გაიხადოო.
„ცურვას ერთ დღეში ხომ ვერ ისწავლი, რამდენჯერმე ვიყავი ტბაში მასთან ერთად შესული. როცა ხელებს უხერხულ ადგილებში მკიდებდა, ვკრთებოდი, ვცდილობდი მოშორებას და წყალში ვვარდებოდი. ამ დროს მეკითხებოდა, რას შვრები, აი, როგორ აფუჭებ ყველაფერს? ისე მეკითხებოდა, თითქოს მე ვაკეთებდი რაღაც არაადეკვატურს. ხან გავიწევდი, ხან თავის დახსნას ვცდილობდი, მაგრამ უფრო ვემორჩილებოდი.
პირველივე დღეს მაკოცა, არა ტუჩებში, მაგრამ ისე, რომ რაღაც ზედმეტად ინტიმური იყო ამაში.
ამ დროს ორი გზა გაქვს, ან გააანალიზო, რომ რაღაც საშინელი ხდება შენს თავს და ეს მოცემულობა მიიღო, ან დაიჯერო, თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება. მაშინ მე ეს მეორე გზა ავირჩიე“, - ამბობს ლელა და ამატებს - სულ მქონდა იმედი, რომ ერთხელაც მიტროპოლიტი მიხვდებოდა, როგორ უხერხულობას მიქმნიდაო.
ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობის გამოცდილება და არც შევიწროებისა და ძალადობის შესახებ იცოდა ბევრი რამ.
მაშინ არც საქართველოს კანონმდებლობა ცნობდა სექსუალურ შევიწროებას, როგორც დანაშაულს. მხოლოდ 2019 წლის მაისში მიღებული კანონით განისაზღვრა, რომ სექსუალური შევიწროება ესაა სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.
ლელას წლები დასჭირდა მომხდარისთვის სახელის მოსაძებნად და მას მერეც კი, რაც მიტროპოლიტის საქციელს სექსუალური შევიწროება დაარქვა, ამ თემაზე ლაპარაკის დაწყება ადვილი არ აღმოჩნდა.
„მაშინ მე ვიყავი ძალიან დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი, რომელიც კითხვებს პირველ რიგში საკუთარ თავს უსვამდა და კითხვა იყო, ხომ არ გეჩვენება? და თან გირჩევნია, რომ გეჩვენებოდეს, სხვა შემთხვევაში შენი მთელი წლების განმავლობაში ნაგროვები რწმენა და შეხედულებები უნდა ჩამოანგრიო და ეს თუ ჩამოგენგრა, შეიძლება ფარავნის ტბაშიც შეხვიდე და თავი მოიკლა…
ამაზე არავისთან მილაპარაკია - ჩაიმარხა და ვსიო. სულ ასეთი განცდები მქონდა, რომ ის არის გავლენიანი ადამიანი, არ არის მარტო და მე ვინ ვარ?! ვფიქრობდი, რომ დავიჩაგრებოდი, თუ ამას მოვყვებოდი… 30 წლის ასაკში მივხვდი, რომ მარტო ვეღარ ვუმკლავდებოდი და [ფსიქო]თერაპიაზე დავიწყე სიარული. მხოლოდ სამი კვირის წინ შევძელი ამ თემაზე თერაპევტთან ლაპარაკი“, - ლელა ამბებს ფრაგმენტულად ჰყვება, ღელავს, როცა წლების წინ მომხდარს იხსენებს. მეუბნება, რომ ფსიქოთერაპევტთან სიარულის მთავარი მიზეზი ჯავახეთში მომხდარი არ ყოფილა, პრობლემები და სირთულეები მის ცხოვრებას მომდევნო წლებშიც არ მოჰკლებია.
„წამის მეასედებში გადავწყვიტე ამ ამბის გასაჯაროება“, - ამბობს.
რატომ? მას ჰგონია, რომ ეპისკოპოსი ნიკოლოზი და სხვა სასულიერო პირები ახლაც ავიწროებენ ქალებს და მთავარი - უნდა, ამ ამბისგან გათავისუფლდეს.
„არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დამიჯერებენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო სექსუალური შევიწროება. ამ ამბავში მე ჩემი ნებით არ შევსულვარ“, - ამბობს ლელა.
როგორ წარმოგიდგენიათ, ცურვის სწავლება შეხების გარეშე? - მკითხა მიტროპოლიტმა ფაჩუაშვილმა, როდესაც ლელას და სხვა ქალების მონათხრობის დადასტურება ან უარყოფა ვთხოვე.
სექსუალური შევიწროების ბრალდების პასუხად მან მოიწერა: „ბრალდება ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, თუ ის შესაბამისი წესების დაცვითაა გამოთქმული“.
სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, თუ იქ ძალადობის ნიშნები არ არის, კანონი ხანდაზმულობის ვადად 1 წელს ადგენს.
ლელა სამართლებრივ დავას ისედაც არ აპირებს - მტკიცებულებები არ მაქვს გავლენიანი კაცის წინააღმდეგო.
ის ეკლესიაში აღარ დადის და ჯავახეთშიც მხოლოდ ამ ამბიდან წლების გასვლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მიტროპოლიტ ნიკოლოზს აღარ შეხვედრია.
ლელამ ცურვა დღემდე არ იცის.
62 წლის ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ერისკაცობაში პაატა, უმაღლესი წოდების ეპისკოპოსია - მიტროპოლიტზე მაღალი რანგის მქონე ქართულ ეკლესიაში მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქია. სასულიერო ცხოვრების დაწყებამდე სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა 1985 წელს. შემდეგ ჩააბარა ჯერ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მერე სასულიერო აკადემიაში.
1986 წელს მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1987 წელს გახდა ფიზიკის მასწავლებელი 150-ე საშუალო სკოლაში და დაიწყო მუშაობა პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქრისტიანული რელიგიის კათედრაზე. დიაკვნად ეკურთხა 1990 წელს, ბერად აღკვეცამდე მსახურობდა ჯერ სვეტიცხოველში, შემდეგ ქაშუეთში და მერე მეტეხის ტაძარში. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ, 1995 წელს - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მისიონერული სასწავლებლის დირექტორად. წმიდა ნინოს გზაზე ფეხით სამგზის მოგზაურობისათვის მიენიჭა წმინდა ნინოს მორჩილის წოდება. ბერად აღიკვეცა 1996 წელს, ამავე წელს გახდა ეპისკოპოსი. მთავარეპისკოპოსის სტატუსი მიენიჭა 2000 წელს, მიტროპოლიტის - 2007-ში. ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ერთადერთი სასულიერო პირია, რომელიც რეგულარულად ნახულობს პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ასევე, ის თითქმის ყოველ წელს დადის რუსეთში და მონაწილეობს იქ გამართულ ღონისძიებებში.
ლიზას ლელასთან ინტერვიუს შემდეგ შევეხმიანე. მას დიდი ხანია ვიცნობ, საერთო მეგობრები გვყავს. ვიცოდი, რომ კარგად იცნობდა ჯავახეთს და ჯავახეთის ექსპედიციების წევრებს. მაინტერესებდა, რამე ხომ არ სმენოდა ლელას ისტორიის შესახებ. მან დამიდასტურა, რომ ლელას იცნობდა და მის მონაყოლში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა მომწერა, სხვა მსხვერპლების შესახებ არაფერი ვიციო. ამით იმ დღეს ჩვენი მიმოწერა დასრულდა.
ორი დღის შემდეგ მესიჯი მივიღე - „ანონიმურ მონაყოლს მიიღებ?“
ლიზა მწერდა, რომ თავადაც ეპისკოპოსის მსხვერპლი იყო, თუმცა საჯაროდ საკუთარ ვინაობას ვერ გაამხელდა, არ უნდოდა ოჯახის წევრებს გაეგოთ ამის შესახებ.
საკუთარი ამბის მოყოლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჯავახეთის ექსპედიციის სხვა მონაწილეებმა, მისმა და ლელას ნაცნობებმა, ლელას არ დაუჯერეს და მისი საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სკეპტიკურად იკითხეს: კი მაგრამ, სად იყო აქამდე?!
2008 წელს, როდესაც ლიზა ჯავახეთის ექსპედიციაში იყო, აკადემიური წელი ჰქონდა აღებული და ვინაიდან შემოდგომაზე უნივერსიტეტში არ უნდა დაბრუნებულიყო, ახალქალაქის ეპარქიაში შემორჩა. მაშინ მორწმუნე სტუდენტი მონაზვნობასა და მონასტერში ცხოვრებაზეც ფიქრობდა.
ლიზას შეხვედრა ან სატელეფონო ინტერვიუ შევთავაზე. მითხრა, რომ მისთვის უფრო იოლი იქნებოდა, მარტო ყოფილიყო ამ ისტორიის გახსენებისას და შემპირდა, როგორც კი ბავშვებს დავაძინებ, ჩემს ამბავს დავწერ და გამოგიგზავნიო.
„ამ მოგონებების გახსენება ჩემთვის ძველი ჭრილობიდან სახვევის აგლეჯასავითაა, ხორცის ნაწილები რომ აჰყვება. მაგრამ ვალდებული ვარ იმ გოგოების წინაშე, ვინც შეიძლება ამ უბედურებას ასცდეს“, - წერია ლიზასგან მიღებულ სამგვერდიან ტექსტში. მისი წერილის წაკითხვის შემდეგ რამდენიმე დეტალის დასაზუსტებლად მაინც დავურეკე, - ლაპარაკისას ტირილს ვერ იკავებდა და ხშირ-ხშირად იმეორებდა: „ეს როგორ გაგვიკეთა, ასეთი ტრავმა როგორ დაგვიტოვა!“
„გრძელი და მტანჯველი გზა გამოვიარე ჯავახეთის ექსპედიციის იმ ღამეებიდან ჩემს საწოლში მშვიდ ღამეებამდე. შუალედში ფსიქიატრის დახმარებაც დამჭირდა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვახერხებდი ჩემს თანატოლ მამაკაცებთან ნორმალურ ურთიერთობას, ვერბალურ დონეზეც კი. თვითშეფასება ისე მქონდა დაცემული, რომ მომავალზე ფიქრიც აღარ შემეძლო.
ისედაც გრძელი კაბა უფრო დავაგრძელე, ვეცადე უფრო შეუმჩნეველი გავმხდარიყავი. საბოლოოდ, ძალიან დიდხანს გამყვა დანაშაულის გრძნობა“, - ლიზა ამბობს, რომ დიდხანს ტანჯავდა სინდისის ქენჯნა და ფიქრობდა, რაც მას გადახდა, მისი ბრალი იყო - შეიძლება თავად აცდუნა სასულიერო პირი?
სანამ უშუალოდ ამბის თხრობაზე გადავა, ის წერილში თავად სვამს და პასუხობს კითხვას - რატომ არავისთვის არასდროს მოუყოლია ამბავი, რომელიც 10 წლის წინ გადახდა.
„ჩვენს საზოგადოებაში, ქალის არც ერთი მოქმედება არ არის „დროული“ და „დამაჯერებელი“, არც აღიარება, სიკვდილიც კი. ვდუმდი იმიტომ, რომ არავინ არ დამიჯერებდა იმას, რაც ხდებოდა და რასაც გამოვექეცი. დროთა მანძილზე, ჩემმა გონებამ დაბლოკა ყველა ის ბნელი და უსიამო მოგონება, ვითომც არაფერი მომხდარა… ოღონდ, დროდადრო ეს მოგონებები, შეგრძნებების, სუნების დონეზე მაინც ამოტივტივდებოდა ხოლმე“, - წერს ლიზა.
ის იხსენებს მითების იმ საბურველს, რაშიც იყო გახვეული მეუფე ნიკოლოზი, როცა პირველად შეხვდა მას. ჯავახეთში ხშირად მოისმენდით, მეუფე ნიკოლოზს ზებუნებრივი უნარები აქვსო, მაგალითად, შეუძლია მთიდან დაგორებული ლოდისა და წვიმის გაჩერებაც კიო.
„ექსპედიციის დასრულების შემდეგ, თავისთან დამიძახა, რაღაც სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, ოღონდ ნურავის ეტყვიო. სიხარულით ცას ვეწიე, ღმერთის სწორმა კაცმა შემამჩნია, დრო დამითმო და რაღაც საერთო საიდუმლო გაგვიჩნდა უცებ.
საძინებელში შემიყვანა და მთხოვა ჩამოვმჯდარიყავი საწოლზე. ძალიან კი მეუცნაურა, მაგრამ უბრალოდ არც კი დამიშვია, რომ რამე არასწორი შეიძლებოდა იქ მომხდარიყო. ჩემს სექსუალურ ცხოვრებასა და გამოცდილებაზე დამისვა კითხვები. მე ძალიან დავიბენი და გულწრფელად ჩამოვურაკრაკე ყველაფერი. მერე, გვერდით მომიჯდა და მერე ყველაფერი გაიბლარა და გაიდღაბნა.
სხეულზე შეხება, მის სხეულზე, ჩემსაზე, გენიტალიებზე. ოღონდ ეს არ იყო შემთხვევითი შეხებები. გაოგნებული ვიჯექი და შოკისგან ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა, გონებაში ბორბალი უსწრაფესად ბრუნავდა, ვერც კი დავუშვი, რომ ადამიანი, რომელიც ბახს გვასმენინებდა წინა დღეს, ამაღლებულ სიყვარულსა და მათეს პასიონზე [ბახის ნაწარმოები - რ.თ.] გვესაუბრებოდა, რამე ამორალურის ჩამდენი იყო. უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ან არ მინდოდა დაჯერება.
წასვლისას მითხრა, რომ ის, რაც მოხდა, იყო დიდებული და ამაღელვებელი, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მიძინებული ენერგიის მატარებელი, ულამაზესი სხეული და ძუძუები მაქვს, ძლიერი და ლამაზი ფეხები და რომ ჩვენი შეხვედრები საიდუმლოდ უნდა დავტოვოთ. მე და ღმერთის სწორ კაცს საიდუმლო გაგვიჩნდა“, - ეს ლიზას წერილის კიდევ ერთი ფრაგმენტია.
ის იხსენებს, რომ ეპისკოპოსთან არაერთი ასეთი შეხვედრა ჰქონდა. ის მას მონასტერში დარჩენას სთავაზობდა. ლიზა ჰყვება, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ახალქალაქის ეპარქიაში გაატარა, ნახა, რომ იქ მონაზვნებს და მორჩილებს მკაცრი წესი ჰქონდათ: „კურთხევის გარეშე არავის არაფერი დაენახა, არავის არაფერი ეკითხა“.
თავად მეუფე ნიკოლოზისგანაც ახსოვს სასულიერო პირებისა და მონასტრის სტუმრებისთვის არაერთხელ ნათქვამი ფრაზა: თვითშემოქმედება დასჯადია, ზედმეტ კითხვებს ნუ დასვამთო.
ქალი ამბობს, რომ დარწმუნებულია, იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მისი მსგავსი გზა გაიარეს, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს ამბობდა.
ლიზამ მხოლოდ თვეების შემდეგ მოახერხა მეუფე ნიკოლოზის გავლენისგან თავის დახსნა და სახლში დაბრუნება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ ამ ამბავს წერტილი დაუსვა.
„მახსოვს, როცა ვუთხარი, რომ მე ასე არ მომწონდა და ვეღარ გავაგრძელებდით, მიპასუხა, რომ აქ არც ცუდი ხდებოდა რამე, არც ვინმე მაძალებდა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ და მე ჩიტივით თავისუფალი ვიყავი გადაწყვეტილებებში. ძალიან დიდხანს ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ მე გამოვიწვიე, მე მივიპყარი მისი ყურადღება“, - ასე მთავრდება ლიზას ამბავი, - არაადამიანური ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემი ისტორია დამეწერაო.
„ნიკოლოზ ფაჩუაშვილისგან შევიწროების მსხვერპლი ვარ მეც და მზად ვარ თქვენს კითხვებს ვუპასუხო… ეს ამბავი 2012 წელს მოხდა, მე 19 წლის ვიყავი“, - კიდევ ერთი ქალი 8 ნოემბერს დამიკავშირდა - მან ლელასგან გაიგო, რომ ამ თემაზე ვმუშაობდი.
ქეთი წლებია საქართველოში აღარ ცხოვრობს. მეუფე ნიკოლოზს ისიც სტუდენტობისას შეხვდა, ჯავახეთის ექსპედიციაში. ერთ დღესაც მიტროპოლიტმა ახალქალაქის რეზიდენციაში წაიყვანა.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ორი რეზიდენცია აქვს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
„“მეგობრულად” მიმიპატიჟა, ჩვენი მეგობარი ჩამოდიოდა და დავხვდეთო. ვინილებს ვათვალიერებდი მის რეზიდენციაში, როცა კაბის ქვეშ შემიყო ხელი და უკანალზე მომიჭირა. მე გავიწიე და თავად ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარა და საუბარი განაგრძო. ეს ფაქტი დავივიწყე, ვითომ ოღონდ, და ასე გავაგრძელე ცხოვრება. ნელ-ნელა დავშორდი ეკლესიას და რწმენა შემერყა“, - ჰყვება ქეთი.
ის ამბობს, რომ სტრატეგია, რომელსაც ეპისკოპოსი გოგოებთან იყენებს, ერთნაირია: ისე გექცევა, თითქოს გამორჩეული ხარ და შენ გირჩევს „მეგობრად“, გელაპარაკება, გემესიჯება და უცბად ისე ხდები მსხვერპლი, რომ ვერც იაზრებ.
„თავზე გენგრევა ყველაფერი“, - ამბობს ქეთი. ეს ამბავი მასაც არავისთვის მოუყოლია ამ დრომდე.
ჯავახეთის ექსპედიციები ახლაც გრძელდება. 2024 წლის მონაწილეების შერჩევა სავარაუდოდ ივლისში დაიწყება.
ბოლო წლებში უნივერსიტეტის სტუდენტების შეკრება-დაბინავებას ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ამ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული სოფიო ნიშნიანიძეა. ის ექსპედიციებში 2014 წლიდან მონაწილეობს. ამბობს, რომ ეპისკოპოსისთვის საეჭვო ქცევა არასდროს შეუნიშნავს.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც არასოდეს არავის უთქვამს მსგავსი რამ ჩემთვის“, - მომწერა მან იმეილზე, როცა ვუთხარი, რომ ექსპედიციების რამდენიმე წევრი ეპისკოპოსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა და ამ თემაზე სტატიის დაწერას ვაპირებდი.
სოფიოს და იმ ქალების გარდა, ვინც ეპისკოპოსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ვესაუბრე ჯავახეთის ექსპედიციის სხვა მონაწილეებსაც. 11 ადამიანი, რომელიც სხვადასხვა წელს იყო ჯავახეთში, ყველა, უგამონაკლისოდ ახსენებს ეპისკოპოსის ქარიზმას, მის განათლებას, კინოს, ლიტერატურის, მუსიკის სიყვარულს და მზადყოფნას, ყველა სტუმარს ახლოს გააცნოს ჯავახეთი და მისი კულტურული ძეგლები.
ექსპედიციის არაერთი მონაწილე იხსენებს შთაბეჭდილებას, რაც დედათა მონასტრებში დარჩათ: იქ პრივილეგიაა მეუფეზე ზრუნვა, მასთან ერთად სტუმრების მასპინძლობა, სუფრის გაშლა ტრაპეზისთვის.
2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილ ჩანაწერებში, რომელიც დიდწილად სასულიერო პირების პირად ცხოვრებაზე დაკვირვების დეტალებს აღწერს და რომელთა ავთენტიკურობა დღემდე დადგენილი არ არის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შესახებ წერია:
„მიტროპოლიტი ხასიათდება, როგორც განათლებული, ერუდირებული, გაქნილი და მექალთანე პიროვნება. საუბრობს რუსულ, სლავურ და ინგლისურ ენებზე. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების როგორც მართლმადიდებელ, ისე სომხურ-გრიგორიანული მრწამსის მქონე მოსახლეობაში სარგებლობს ავტორიტეტით და გარკვეული გავლენებით.
ნ. ფაჩუაშვილი დაკავებულია სიწმინდეების (წმინდანთა სხეულის ნაწილები) მოძიებით, რის გამოც სისტემატიურად მოგზაურობს საზღვარგარეთ. გატაცებულია მთიან რეგიონებში მოგზაურობით და სხვადასხვა მწვერვალის დალაშქვრით.
დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მიტროპოლიტის განათლება და კომუნიკაბელურობა, რაც ეხმარება პიროვნებებთან ურთიერთობაში და მათზე დადებითი ზეგავლენის მოხდენაში. მის უარყოფით მხარედ ითვლება მისი დამოკიდებულება სუსტი სქესის წარმომადგენლებთან. ცნობილია, რომ ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს: ეპარქიაში მომლოცველ ახალგაზრდა ქალებთან და მონაზვნებთან“.
სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების, ე.წ. კრებსების ავთენტიკურობა მართალია დადასტურებული არ არის, თუმცა ჩანაწერებში ნახსენებმა ათობით ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, დაადასტურეს ამ დოკუმენტებში აღწერილი საუბრების ნამდვილობა. ჟურნალისტების ნაწილს, ვისაც, როგორც ამ კრებსების მიხედვით ჩანს, სავარუდოდ, სახელმწიფო ფარულად უსმენდა, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში რამდენიმე მონასტერია - ორი ფოკაში, ერთი ნინოწმინდაში (ხარების სახელობის მონასტერი) და სამი ახალქალაქში (ამაღლების, წმინდა ნიკოლოზის, სამების). ასევე სოფლებში საღამო (თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი, ორი მონაზონი) და ბარალეთი (ფერისცვალების სახელობის ტაძართან წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი).
ფოკას დედათა და მამათა მონასტრები სტავროპიგიალური მონასტრებია - ანუ არა ეპარქიის ეპისკოპოსს, არამედ უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარება.
მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაში ყველა მონასტერი დედათაა - თითოეულში მუდმივად ცხოვრობს ორ-ორი მონაზონი, მორჩილების რაოდენობა კი იცვლება.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ექვემდებარება თავკვეთულას მონასტერიც ვარძიის სიახლოვეს, სადაც განდეგილი ბერი იოანე (ერეკლე) პაიჭაძე ცხოვრობს.
სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, იოანე პაიჭაძე არის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თანაკურსელი და წარსულში არაერთხელ ნასამართლევი. 2 წლის წინ „ფორმულამ“ გადაიღო სიუჟეტი თავკვეთულას მონასტერში მშენებლობის შესახებ. ვიდეოში ჩანდა, როგორ აგინებს ბერი ჟურნალისტებს და ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება გადამღები ჯგუფის წევრ კაცს. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ კი 2022 წელსაც იუწყებოდა, რომ ბერი იოანე აგრძელებს თავკვეთულაზე უკანონო სამუშაოებს და უძველეს კლდეში ნაკვეთ ძეგლს მუშები „პერფორატორებით“ ანგრევენ.
თამარის ახლო მეგობრებმა დიდი ხანია იციან მისი და ეპისკოპოსის ურთიერთობის შესახებ. მისი ამბავი მეც წლების წინ გავიგე, როგორც ჟურნალისტმა, ჩვენი საერთო ნაცნობისგან, ოღონდ მაშინ თამარის ვინაობა არ გამიმხილეს და მასთან ინტერვიუს ჩაწერაც არ მიცდია.
როცა ლელას, ლიზასა და ქეთის ისტორიები მოსმენილი მქონდა, ჩემი და თამარის საერთო ნაცნობს ვთხოვე ეკითხა მისთვის, ახლა ხომ არ შეძლებდა თავისი ამბის გასაჯაროებას?
თამარი ინტერვიუზე დამთანხმდა და მითხრა, რომ დამელაპარაკება, მაგრამ ვინაობას საჯაროდ ვერ გაამხელს - მშობლებმა ამ დრომდე არაფერი იციან მომხდარის შესახებ. ისინი მიტროპოლიტთან 90-იანი წლებიდან მეგობრობდნენ. მაშინ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჯერ კიდევ რიგითი მღვდელი იყო. თამარმა ის მშობლებისგან გაიცნო.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჯავახეთში წასვლამდე სხვადასხვა დროს იყო ცაგერ-სვანეთის, ახალციხისა და ბოდბის ეპისკოპოსი. ახალციხის ეპარქიაში ის 2002 წლიდან მსახურობს.
„10-11 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. ისეთი ემოციური კავშირი მქონდა მასთან, როგორც მამასთან. შეიძლება მამაზე მეტადაც კი მიყვარდა. მეც ეკლესიური ვიყავი მაშინ, სადღაც 6 წლიდან ეკლესიაში სიარული ჩემთვის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო და ეგ ადამიანიც, როცა მასთან მშობლებმა მიმიყვანეს, გახდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგის ხელში გავიზარდე. მართლა მშობლებისგან არ ვარჩევდი, ისე მიყვარდა და ბოლომდე ენდობოდნენ ჩემი მშობლებიც, აბსოლუტურად“, - მიყვება თამარი და იხსენებს, რომ პირველი საეჭვო ამბავი როცა გადახდა თავს, არასრულწლოვანი იყო, 15 წლის. ახლა 40 წლისაა. თავადაც უკვე თინეიჯერი შვილები ჰყავს.
„კალთაში ჩამისვა და მითხრა, ახლა მარჯვენა ლოყაზე მაკოცებ, მერე მარცხენაზე, მერე ისევ მარჯვენაზე და მერე ისევ მარცხენაზეო. იმხელა მოწიწება მქონდა, იმხელა აღმატებული ადამიანი მეგონა, ფიზიკურად კი იყო ჩემთვის უსიამოვნო, მაგრამ ვერაფრით ვერ ვეწინააღმდეგებოდი ამას“, - თამარი ამატებს, რომ მისი ამბის გაგება მარტივი არ არის, თუკი არ იცნობ ეპისკოპოსს, არ გქონია მსგავსი გამოცდილება და არ იცი მსხვერპლის ფსიქოლოგია.
სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერილ პროფესიულ ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ ბავშვს მოზრდილის ფიზიკურ უპირატესობასთან გამკლავება, ძალადობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მოვლენათა შეჩერება არ შეუძლია, რადგან ძალაუფლება მოძალადის ხელშია. ხშირად ბავშვი ძალადობას მაშინაც კი არ ეწინააღმდეგება, როცა საამისოდ საჭირო პირობები არსებობს (მაგალითად, სხვა ადამიანების სიახლოვე, გაქცევის საშუალება). ამის მიზეზი ზოგჯერ ე.წ. კარგი აღზრდაა - ბავშვებს ასწავლიან, რომ უფროსებს, განსაკუთრებით პატივსაცემ, ავტორიტეტის მქონე ადამიანებს (მასწავლებელი, ბიძია და სხვა) „ყველაფერი დაუჯერონ“.
თამარის ოჯახი შვილს ყოველ ზაფხულს აგზავნიდა ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან - ხან მონასტერში, ხან მომლოცველობით ექსპედიციებში. პერიოდულად ისიც დადიოდა სტუმრად მათ ოჯახში.
ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ხშირად ხანგრძლივია. ამ დროს მოძალადე სარგებლობს ბავშვთან სიახლოვით, მისი ნდობით. უშუალოდ სექსუალურ ქმედებებში ბავშვის ჩართვას, როგორც წესი, წინ უსწრებს სექსუალური ელფერის „მოსამზადებელი“ პერიოდი.
თამარს ეპისკოპოსთან ურთიერთობისას ბევრჯერ განუცდია სინდისის ქენჯნა - ეგონა, რომ რაღაც მოეჩვენა ან არასწორად გაიგო, ხან ფიქრობდა, რომ კაცი მასთან ფიზიკური კონტაქტით მის რწმენას ცდიდა.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, როგორც წესი, თავს იდანაშაულებს მომხდარის გამო და მკაცრი სასჯელის შიშით, იძულებულია გაჩუმდეს. ბავშვში დანაშაულის გრძნობის გამოწვევას ხშირად მოძალადე თავად ცდილობს. ის ჩააგონებს მას, რომ მომხდარის თანამონაწილეა. გოგონას, მაგალითად, შეიძლება უთხრას, რომ მან თვითონ „გამოიწვია“ მთელი ეს სიტუაცია, ხოლო მომხდარი - „ჩვენი პატარა საიდუმლოა“.
„ხელით შეხება, ფეხზე ხელის მოსმა და კომპლიმენტები, შენზე ვგიჟდები და ეგეთები, ჩვეულებრივი ამბავი იყო, არც მალავდა ამას. ამბობდა, რომ ამას ვუფათურე ხელი, იმას ვუფათურე ხელი, იმასთან დავეცი, ამასთან დავეცი. მერე ერთხელ იყო, სადღაც 19 წლის ვიყავი, მძიმე მარხვის დროს, აღსარების ჩასაბარებლად შევედი და კაბაში ჩამიყო ხელი უკნიდან, “მაინც ხომ გაგაწითლეო”.
რამდენჯერ უთქვამს, ოღონდ შენ მონასტერში წამოდი და მთელი ცხოვრება გვერდიდან არ მოგიშორებო - ეგეთი რაღაცები ძალიან ბევრი ყოფილა…“, - იხსენებს თამარი, რომელმაც ეპისკოპოსთან კავშირი საბოლოოდ დაქორწინების შემდეგ გაწყვიტა. წარსულთან დისტანცირებისთვის მას წლები დასჭირდა.
„ნებისმიერ სხვა კაცს მაგდენს კი არა, მაგის ნახევარს კი არა, საერთოდ არაფერს არ გავაბედვინებდი, ეგეთი მიამიტი ბავშვი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ჩემი მორჩილება, თუ ეს რაღაც [დამოკიდებულება მისდამი] თავიდან ბოლომდე ემყარებოდა ჩემს რწმენას, რომელიც ამ კაცმა გამინადგურა. მაგის მერე ეკლესიისკენ გახედვაც არ მინდა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემმა შვილებმა ახლოს არ ჩაუარონ ეკლესიას“, - თამარი ამატებს, რომ იმ წლებიდან, რაც მან ეპისკოპოსის გარემოცვაში გაატარა, მეუფე ნიკოლოზით მოხიბლული არაერთი ქალი ახსოვს, მათ შორის - მონაზვნები და მორჩილებიც:
„ერთმანეთს უთვლიდნენ წუთებს და წამებს, ვინ რამდენ დროს გაატარებს მის ოთახში. ის ადამიანები, ვინც მაგასთან არიან, არ არიან ღმერთის სიყვარულის გამო, არიან კონკრეტულად მაგ ადამიანის გამო. მისი კულტი აქვთ“.
საეკლესიო წესებით, უბიწობის აღთქმა ერთ-ერთია, რისი დაცვის ვალდებულებაც სასულიერო პირს აქვს. ბერებს და ეპისკოპოსებს ეკლესია განსაკუთრებულ ასკეტობას, ყველანაირი ამქვეყნიური სიამოვნებისგან თავის შეკავებას და მათი მთელი არსების ღმერთისთვის მიძღვნას სთხოვს.
ბავშვობიდან, 11-12 წლის ასაკიდან იცნობს მიტროპოლიტს სოფოც - ის მორწმუნე ოჯახში იზრდებოდა და ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც თავიდან მშობლებთან ერთად ნახულობდა. მასთან მეგობრობდნენ სოფოს ახლო ნათესავებიც, რომელთა შვილებიც ასევე ხშირად სტუმრობდნენ მიტროპოლიტს და იმ მისიონერულ მსვლელობებშიც მონაწილეობდნენ, რომელსაც ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აწყობდა.
თავად სოფო ჯავახეთის ექსპედიციაში პირველად სტუდენტობისას წავიდა, 19 წლისა და იქ გატარებული დრო კარგად ახსენდება.
მისი ისტორია, სხვა ქალების ამბებისგან იმით განსხვავდება, რომ საზღვარგარეთ ხდება, გერმანიაში, სადაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1 წლით წავიდა სამუშაოდ. იქ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მასპინძელი ოჯახი კარგად იცნობდა ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, რომელსაც საქართველოში მოგზაურობისას შეხვდნენ.
მიტროპოლიტი, რომელიც მაშინ ხშირად დადიოდა ევროპაში, ერთ-ერთი ჩასვლისას იმ ოჯახსაც ესტუმრა რამდენიმე დღით, სადაც სოფო მუშაობდა.
„ერთად ვიმოგზაურეთ, რაღაცები დავათვალიერეთ… იმ სახლში მე უფრო მასპინძლის სტატუსით ვიყავი. ძალიან უშუალოდ იქცეოდა, მამაშვილურად. ამ დღეებიდან ემოციურად უხერხულად რაც მახსენდება, იყო ერთი შემთხვევა, როცა თავის ოთახში იყო და მითხრა, მოდი, საწოლთან ჩამომიჯექიო. მე ვუთხარი, რომ არ მინდოდა შემეწუხებინა, ჩემს საქმეებს მივხედავდი და დავტოვე“.
თითქმის ერთი წლის შემდეგ, გვიან შემოდგომაზე, როცა სოფოს საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე კვირა ჰქონდა დარჩენილი, მიტროპოლიტი ისევ გამოჩნდა:
„მოიწერა, რომ გერმანიაში იყო და თუკი აქ ვიყავი, მნახავდა. ამ ჯერზე სხვა ქალაქში იყო და მითხრა, მეთხოვა ოჯახისთვის, მოეცათ იქ წასვლის ნებართვა და ეყიდათ ბილეთი. ეს ოჯახი ადვილად დამთანხმდა და მართლაც წავედი ორი დღით და ერთი ღამით მეუფის სანახავად. წირვას დავესწარი, აღსარება ჩავაბარე მას, ვეზიარე, მერე ერთად ვისადილეთ და მითხრა, წამოდი ჩემთან, ჯავახეთის ამბებს მოგიყვებიო.
სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ძალიან პატარა ოთახი ჰქონდა, რომელსაც ოთახშივე ჰქონდა გადატიხრული საშხაპე და საპირფარეშოც. რაღაც მომენტში მითხრა, თუ გინდა, შედი და გადაივლეო, რაზეც უარი ვუთხარი. მერე საწოლზე წამოწვა და მითხრა, მოდი, მომიჯექიო. გვერდზე ვეჯექი და რაღაცებზე ვლაპარაკობდით - ამ დროს მე შეყვარებული მყავდა და აღმოჩნდა, რომ კარგად იცნობდა ამ ბიჭის ოჯახსაც, რაღაც მომენტში მათზეც მელაპარაკა“, - იხსენებს სოფო.
ის ჰყვება, რომ ამ პატარა ოთახში მიტროპოლიტის საწოლზე ჩამომჯდარს უხერხულობის განცდა ჰქონდა, რომელიც კიდევ უფრო გაუღრმავდა, როცა კაცმა ხელებზე ხელი მოკიდა და ჰკითხა, რატომ ჰქონდა ასეთი გაყინული ხელები. მერე კი შესთავაზა, გაიხადე და საწოლში შემომიწექი, გაგათბობო.
„არა, ძალიან დიდი მადლობა-თქო, ვუთხარი ძალიან ცივად და შევეცადე დისტანცირებას. ძალიან დავიბენი და მახსოვს, ჩემთვის ვლოცულობდი: “ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველე!” მოკლე დროში ხდებოდა ეს ყველაფერი, არ იყო გაწელილად, მე მგონი“, - იხსენებს სოფო და განაგრძობს: - „რეალურად ჩემთან მეტი არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მახსოვს განცდა, რომლითაც იქაურობა დავტოვე. ერთი სული მქონდა, აეროპორტში მიმეღწია, გზაში ძალიან ვიტირე, სიცარიელის საშინელი განცდა მქონდა, ჩემ თავს ვადანაშაულებდი და თან ვერ ვხვდებოდი, რაში ვადანაშაულებდი, რა ჩავიდინე ისეთი, რაც არ უნდა გამეკეთებინა?!“.
სოფო ამ დროს 23 წლის იყო. დღეს როცა მომხდარს აანალიზებს, მეუბნება, რომ მისთვის გაცილებით მარტივი იყო თავის დაცვა მასპინძლების სახლში, სადაც მეტი კონტროლი ჰქონდა, ვიდრე სხვა ქალაქში, მიტროპოლიტის სასტუმროს ოთახში.
ეპისკოპოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორია, რასაც ქალი იხსენებს, უკვე საქართველოში დაბრუნებისას მოხდა. მას ახლობელმა დაურეკა და გააფრთხილა, კარგად დაფიქრებულიყო, სანამ ჯავახეთში წასვლას გადაწყვეტდა. ახლობელმა სოფოს უთხრა, რომ მათი საერთო მეგობარი, ასაკით უფროსი ქალი, მიტროპოლიტთან ჯავახეთში ყოფნისას მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. მეუფემ ქალს უთხრაო, არავის მოუყვე ეს ამბავი, იცოდე, მაინც არ დაგიჯერებენო.
სოფო ამბობს, რომ ჯავახეთში წასვლას არ აპირებდა, მაგრამ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ მიხვდა, რომ რაც მიტროპოლიტთან ბოლო ორი შეხვედრისას განიცადა, მისი წარმოსახვის ნაყოფი არ ყოფილა.
„რაღაც მომენტში ძალიან გამიჭირდა, რომ ამაზე ვერავის ველაპარაკებოდი იმის შიშით, რომ აქეთ გამამტყუნებდნენ. ამას ემატებოდა ისიც, რომ გამომეცალა ფეხქვეშ ფუნდამენტი, ის, რისი რწმენაც მქონდა, დამეკარგა. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმის გააზრება, რომ ის, რასაც ეს კაცი ამბიონიდან ქადაგებდა, სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც რეალურად აკეთებდა და ეს გასდიოდა“, - იხსენებს სოფო, რომელიც მეუბნება, რომ მორწმუნეა, მაგრამ ეკლესიაში აღარ დადის.
პირველად ეს ამბავი სოფომ თავის შეყვარებულს და მომავალ მეუღლეს მოუყვა, როგორც სხვისი ისტორია. როცა აღმოაჩინა, რომ მეგობარი ბიჭი სასულიერო პირს ამტყუნებდა, გაბედა და ძალიან ახლობელ გოგოებსაც გაუმხილა, მათ, ვინც მასავით ჯავახეთში დადიოდნენ. მერე რამდენიმე ნაცნობ მღვდელსაც - სულ ეს იყო, რაც მოაფიქრდა.
„უთქვამთ, რომ მსმენია ამის შესახებ, მაგრამ არ მეგონა, თუ მართლა ხდებოდა. მომისმენია ისიც, რომ ეკლესიას ისედაც წყალი აქვს შეყენებული და სჯობს ამაზე ხმამაღლა თუ არ ვილაპარაკებთო. მერე, სიმართლე გითხრა, გადავკეტე ეს თემა“, - მეუბნება და აქვე იხსენებს მიტროპოლიტთან ბოლო შეხვედრას ხალხმრავალ ღონისძიებაზე, სადაც უნდოდა გულწრფელად ეთქვა მისთვის ყველაფერი, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა - აზრი მაინც არ ექნებოდაო.
სოფო დარწმუნებულია, რომ მიტროპოლიტს დაუსჯელობის განცდა მისმა გარემოცვამაც გაუღრმავა, რომელიც წლების განმავლობაში „ფართოდ დახუჭული თვალებით“ უყურებს მის ქცევას და დუმს.
მეუფე ნიკოლოზს სტატიაზე მუშაობის იმ ეტაპზე შევხვდი, როცა სამი ქალის ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი. შეხვედრამდე მან მომწერა, რომ „ბრალდება, რომელიც სამართლებრივად არ განიხილება, არის ცილისწამება და თვითონ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს“, შესაბამისად, ასეთი ცილისწამების განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ექსპედიციის წევრი ახალგაზრდა ქალების შევიწროების ან მათზე ძალადობის გარდა, ვთხოვე 2021 წლის სექტემბერში სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი ჩანაწერების შეფასებაც, სადაც ის დახასიათებულია როგორც “გაქნილი და მექალთანე”.
მიტროპოლიტმა მითხრა, რომ ამ ფაილების გავრცელება „კრიმინალური დანაშაულია, რომელიც ადრე თუ გვიან დაისჯება“ და არც მისი შინაარსის განხილვას აპირებს.
საბოლოოდ მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმ პირობით შემხვდა, რომ საუბარს არ ჩავიწერდი, თუმცა სტატიისთვის კითხვებზე პასუხს შეხვედრის შემდეგ მომწერდა.
შეხვედრისას მას არ უარუყვია ის ფაქტი, რომ ლელა კურტანიძეს ცურვას ასწავლიდა ფარავნის ტბაში და მკითხა, როგორ წარმომიდგენია ცურვის სწავლება სხეულზე შეხების გარეშე. წერილობით კი, კითხვაზე, ახსოვდა თუ არა ლელა კურტანიძე ჯავახეთის ექსპედიციიდან, მიპასუხა:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2001 წლიდან დღემდე იმართება ჯავახეთში სტუდენტური ექსპედიციები, რომლებშიც მთლიანობაში, მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ახალგაზრდამ მიიღო. მათგან ბევრი დღეს წარმატებული და ცნობილი პიროვნებაა. ბევრი მათგანი დღემდე მახსოვს, განსაკუთრებით ისინი, ვინც პირველი 10-15 წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ, როდესაც ექსპედიციებს უშუალოდ ვხელმძღვანელობდი“.
ლელას მონათხრობის პასუხად მან მოიწერა: „ბრალდება ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, თუ ის შესაბამისი წესების დაცვითაა გამოთქმული“.
მიტროპოლიტს ვუთხარი, რომ ლელას გარდა, მისგან სექსუალურ შევიწროებაზე სხვა ქალებმაც ილაპარაკეს, რომლებიც სამართლებრივ დავას არ აპირებენ, მაგრამ სხვების დაცვა უნდათ. ასევე ვკითხე, ფიქრობდა თუ არა, რომ მართლაც მიაყენა ტრავმა მის სიახლოვეს მყოფ ქალებს?
„ჩემგან დაცვა ადამიანებს არ სჭირდებათ, პირიქით, ჩემი მსახურება სწორედ ადამიანების საფრთხისგან დაცვაა - როგორ ვახერხებ, ღმერთი და საზოგადოება განსჯის. მით უმეტეს, რომ უანგაროდ გაწეულ სამსახურს თავს არავის ვახვევ“, - მომწერა მან.
იმას, რომ მიტროპოლიტი ბევრ ადამიანს ეხმარება და, როგორც წესი, უანგაროდ, აღნიშნავენ ის ადამიანებიც, ვინც მას კარგად იცნობს და ვისაც ამ სტატიაზე მუშაობის დროს ველაპარაკე. ისინი ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ დახმარებია ადამიანებს მკურნალობასა თუ განათლებაში, მიუცია მათთვის თავშესაფარი, გაუწევია მატერიალური დახმარება და უზრუნია მარტოხელა მოხუცებზე.
ამ სტატიის ერთ-ერთმა გმირმა მიტროპოლიტის სიკეთეებზე საუბრისას თქვა, რომ „ეს ვერ იქნება ინდულგენცია იმ ზიანისთვის, რაც მან ასევე ათობით ქალს და პატარა გოგოს მიაყენა“.
მიტროპოლიტთან ყველა კითხვა პასუხით შეგიძლიათ ნახოთ აქ.
შეხვედრაზე, რომელიც ჩაწერის გარეშე პირობით შედგა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ჟურნალისტი, რომელიც აპირებს ასეთ მძიმე ბრალდებებზე დაწეროს, ითავსებს როგორც გამომძიებლის, ისე ბრალმდებლისა და მოსამართლის ფუნქციას და წყვეტს, გაიმეტოს თუ არა ადამიანი ლინჩის წესით გასამართლებისთვის, რადგან ბრალდებულს სასამართლოს განხილვის გარეშე თავის დაცვის უფლება აქვს წართმეული.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილს სტატიის გამოქვეყნების წინა საღამოსაც მივწერე იმის სათქმელად, რომ ჩვენი სტატიის გმირების რიცხვი გაიზარდა და მათი ნაწილი ახალ გარემოებებს აღწერს. მას ვთხოვე კომენტარი, რაზეც მიტროპოლიტმა მიპასუხა, რომ თანახმაა, თუკი ჩვენს კითხვასაც და მის პასუხსაც სრულად შევიტანდით მასალაში.
"ცუდ საქმეში მონაწილეობთ. როგორც ჩანს, ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი ტალღაა აღძრული, მაგრამ ეკლესია ჰგავს ბერმუხას, რომელსაც მუმლი ვერაფერს დააკლებს. ტერენტი გრანელი ამბობს: ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად...
რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მედიის ნაწილმა ტალახი ესროლა, ვიღას რა უნდა გაუკვირდეს?
მიხარია, თუ ცოტათი მაინც მის ბედს ვიზიარებ. შეხვედრასა და კომენტარზეც მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდით, რომ სამღვდელოება და მრევლი გავამხნევო - მათაც მოუწევთ განსაცდელის გადატანა.
რაც შეეხება ახალქალაქისა და კუმურდოსა და კარის ეპარქიაში - საქართველოს ამ მიტოვებულ ძირძველ მხარეში - მოღვაწე გმირ დედებს, ამ 25 წლის მანძილზე ვინმე მაინც ჩამოსულიყო და ამ ბინძური ცილისწამების ნაცვლად მათი ღვაწლი აღეწერა ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე... ამბობენ, რომ ენას ძვალი არ აქვს და ხავერდოვანი ფარდის უკნიდან ვისაც რა მოუნდება იმას იტყვის. მაგრამ დადგება დრო და "მტყუანს და არმტყუანს, მართალს და არმართალს, ყველას და ყველაფერს - კაცის გამრუდებულს - უფალი გამართავს". ეკლესიასტე." - ეს არის პასუხი, რომელიც მისგან 7 დეკემბერს მივიღე.
ჩემი მისთვის გაგზავნილი შეტყობინება კი ასეთი იყო:
"მეუფე, სტატიის გამოქვეყნებას ვაპირებთ ხვალ და გამოქვეყნებამდე მინდოდა გცოდნოდათ ეს თარიღი. ასევე, ქალების რიცხვი, ვინც ამ სტატიის გმირია, გაიზარდა 5-მდე (ჩვენი შეხვედრისას 3 იყო) - საერთო ჯამში ისტორიები იდენტურია - არის სექსუალური შევიწროვების ბრალდებები. ერთი ქალი ამბობს, რომ ის შევიწროების მსხვერპლი არასრულწლოვნების პერიოდში გახდა (15 წლის).
ასევე მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლები არიან დედათა მონასტრებში და იქ მცხოვრები მონაზვნებისა და მორჩილების ნაწილმა სავარაუდოდ ამის შესახებ იცის.
გამოქვეყნებამდე მინდოდა მეკითხა და მეთხოვა ეგებ კომენტარი გააკეთოთ ამ ახალ გარემოებებზე? უთუოდ ავსახავდი თქვენს პოზიციას სტატიაში."
„ერთი შეხედვით, ამ ამბებში ჩანს დანაშაულის ნიშნები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ანა თავხელიძე. ის წლებია სასამართლოში იცავს ქალებს, მათ შორის - სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლებს.
ანა თავხელიძეს სტატიაზე მუშაობისას ვთხოვე გასცნობოდა ქალების ისტორიებს და განესაზღვრა, რას აღწერდნენ ისინი: სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას თუ რაიმე სხვას.
ის თვლის, რომ ლელა კურტანიძის საჯაროდ გაკეთებული განცხადება სექსუალური შევიწროების შესახებ უკვე იძლეოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოძიების დაწყების საფუძველს. სტატიაში მოყოლილი სხვა ამბები კი აფიქრებინებს, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლებელია გაცილებით დიდია.
სექსუალური შევიწროების შემთხვევაში კანონი ხანდაზმულობის ვადად 1 წელს ადგენს - თუკი ფაქტი უფრო ადრეა მომხდარი, მაშინ ქალს სასამართლო დავის ნაცვლად მხოლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვა რჩება ბერკეტად. თუკი ბრალდება უფრო მეტია, ვიდრე შევიწროება და ძალადობის ნიშნებს შეიცავს, დანაშაულს ხანდაზმულობის შედარებით დიდი ვადა აქვს.
„თანხმობის გარეშე სექსუალური ქმედება არის სექსუალური ძალადობა და აქ რომ თანხმობა არ არსებობდა, ამაზე ბევრი გარემოება მიანიშნებს. ერთ-ერთი და მთავარი, რომ ამ ადამიანების ნება იყო დათრგუნული, არის ამ ადამიანის გავლენა, მისი ავტორიტეტი, მის ტერიტორიაზე ყოფნა, ასაკობრივი სხვაობა. გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად იყვნენ იმ ტერიტორიაზე ადამიანები, ვინც მათ დახმარებას გაუწევდნენ“, - ამბობს ანა თავხელიძე.
ის ელის, რომ ამ ქალების მიმართ საზოგადოება იქნება კრიტიკული და იკითხავს, რატომ მაშინვე არ წავიდნენ პოლიციაში. ამ კითხვის პასუხად ამბობს, რომ მნიშვნელოვანია „ამ კატეგორიის საქმეებს მსხვერპლის ლინზიდან შევხედოთ და დავინახოთ, რა გზას გადის ის, სანამ ხმას ამოიღებს და რამდენად რთული გზაა სამართლებრივი დავის დაწყება“.
ანას ვკითხე, შესაძლებელია თუ არა ისეთი შემთხვევის გამოძიება, რომელიც წლების წინ მოხდა და სადაც სავარაუდო მსხვერპლი თვლის, რომ მტკიცებულებები არ გააჩნია.
ანა ხსნის, რომ მტკიცებულებების მოპოვება სექსუალური დანაშაულის შემთხვევაში რთულია და ამას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, მაგრამ თუკი გამოძიება დაიწყება, მტკიცებულებების მოპოვება არა ამ ქალების, არამედ გამოძიების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
„მტკიცებულებებია მაგალითად ის ადამიანები, ვისაც უამბო [სავარაუდო მსხვერპლმა] მომხდარის შესახებ, ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა, მთავარი და გადამწყვეტი მტკიცებულება კი ამ ქალების ჩვენებაა. ასე ხედავს ყველა მექანიზმი მტკიცებულებას - ამ ქალებმა უნდა იცოდნენ, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ არის მტკიცებულებების შეგროვება“, - ამბობს ანა და იხსენებს საქმეს, რომელზეც წლების წინ მომხდარი სექსუალური ძალადობის გამო წარედგინა ბრალი მოძალადე კაცს. ესაა დების საქმე, რომლებზეც ბავშვობაში ბიძა ძალადობდა და მათ კი სასამართლოს მხოლოდ ზრდასრულობისას მიმართეს.
„ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ცხოვრობს რეალობაში, სადაც პატრიარქი არის საჯაროდ ბრალდებული პედოფილიაში და საქმის გამოძიება ეკლესიის შიგნით არ მიმდინარეობს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა ინსტიტუცია უნდა არსებობდეს, რომელიც მას დასჯის ან რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას დააკისრებს? “ - მიპასუხა თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა კითხვაზე, რა რეაგირება შეიძლება და უნდა ჰქონდეს ეკლესიას მიტროპოლიტის შესახებ ქალების ნაამბობზე. ბრალდება, რომელსაც ის ახსენებს, ილია მეორის მისამართით საჯაროდ გამოთქვა ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა, პეტრე ცაავამ. მან 2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პატრიარქი „პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილად“ მოიხსენია, შემდეგ კი განმარტა, რომ ტერმინ „პედერასტიაში“ ის „ახალგაზრდა ბიჭების გარყვნას“ გულისხმობდა. პეტრე ცაავა ამის შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიიდან მართვას ჩამოაშორეს და სინანულისთვის შიომღვიმის მონასტერში გაუშვეს, თუმცა ის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და თბილისში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. მისი ნათქვამის გამოძიება ეკლესიის დღის წესრიგში არ დამდგარა.
თეოლოგი განმარტავს, რომ საქართველოში საეკლესიო სასამართლო არ არსებობს. საქართველოს ეკლესიის მოქმედი დებულებით, სანამ საეკლესიო სასამართლო ჩამოყალიბდება, ეს ფუნქცია აღებული აქვს მოქმედ ეპისკოპოსს, ანუ სტრუქტურული თვალსაზრისით ნიკოლოზ ფაჩუაშვილის საქციელი უნდა განსაჯოს სხვა ეპისკოპოსმა ან ეპისკოპოსთა კოლეგიამ.
საქართველოს საპატრიარქოში არსებობს ზნეობრივი დარღვევების შემსწავლელი სინოდალური კომისია, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ერთ-ერთია სხვა ოცამდე კომისიას შორის. თეოლოგი ამბობს, რომ ეს კომისია, ფორმალური და უმოქმედოა.
კომისიის შესახებ კითხვით მივმართეთ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელსაც - ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებ, ვინ შედის ამ კომისიაში და განუხილავს თუ არა მას არსებობის განმავლობაში რომელიმე ეპისკოპოსის ან მთავარეპისკოპოსის მხრიდან ზნეობის დარღვევის შემთხვევა.
„მან იცის, რომ დაუსჯელი დარჩება. მხოლოდ უფალია მისი განმკითხავი და ალბათ მასაც ეტყვის, სამსჯავროზე როცა წარსდგება, რომ კარგი საქმე უფრო მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ცუდი“, - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი და აღნიშნავს, რომ ზოგადად, ძალაუფლების მქონე კაცების მხრიდან სექსუალური ქმედებები მათდამი დამორჩილებულ ადამიანებზე, გავრცელებული პრაქტიკაა თითქმის ყველა ეკლესიაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იქ, სადაც საზოგადოება ჩაკეტილია და რელიგიური კომუნები - დახურული.
ნანახია: (377)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას