"''და შევიდა კუალად პილატე მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა? ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო'' (ინ.19.9-11).
პირველად იყო რელიგია. ბევრად ადრე, ვიდრე პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა... ბიბლიის მიხედვით რელიგიამ წარმოშვა პირველი პოლიტიკური და სოციალური სისტემები: ჯერ მსაჯულთა ინსტიტუცია შემდეგ კი მონარქია. თუმცა პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური სისტემები, მკაცრად რელიგიის პატრონაჟის და მონიტორინგის ქვეშ დარჩნენ ვიდრე დღევანდელ დღემდე. მაგრამ მანამდე მოხდა თავად რელიგიისთვის უაღრესად პარაზიტული მოვლენა, კერძოდ კი ის, რომ ჩამოყალიბდა, რელიგიური ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებმაც თავად რელიგია გააქრეს და გაამიწიერეს. ცხადია ისტორიაში მრავალი პრეცენდენტია, პოლიტიკური ლიდერების თუ სტრუქტურების მიერ რელიგიური ინსტიტუციების დამორჩილებისა, დემონტაჟისა, დევნისა, მაგრამ გადიოდა დრო და რელიგიური სტრუქტურები კვლავაც იბრუნებდნენ საკუთარ გავლენებს და აგრძელებდნენ დომინირებას. მთავარი პარადოქსი კი ის არის, რომ თავად რელიგია ქრება, როდესაც რელიგიური ლიდერები და სტრუქტურები იწყებენ აქტიურ ჩარევას პოლიტიკურ, ეკონომიურ თუ კულტურულ პროცესებში. ანუ საუკუნეების მანძილზე, სახეზეა დომინანტი რელიგიური სტრუქტურების ჩრდილოვანი თუ ოფიციალური დიქტატი, მაშინ როდესაც თავად რელიგიისგან მათში, ფაქტიურად აღარაფერი დარჩა. კულტივირებული კოლექტივიზმი და ფართო მასობრიობა, სრულიად უცხოა რელიგიისთვის, რომელიც უაღრესად ინდივიდუალური, ინტიმური და ნებაყოფლობითი ურთიერთობაა თავისუფალ ადამიანსა და პიროვნულ ღმერთს შორის. აქცენტის გაკეთებამ რაოდენობაზე, უკიდურესად დააკნინა ხარისხი, ამიტომ კაცობრიობა რეალურად რელიგიის გარეშე დარჩა. რელიგიური ორგანიზაციები კი იქცნენ ფაბრიკებად, რომლებიც მასიურად მხოლოდ წუნდებულ და უხარისხო პროდუქციას უშვებენ, სამაგიეროდ ამ წარმოებას დიდი პოლიტიკური დივიდენდები და ფინანსური მოგება მოაქვს. ამ პირობებში კი ეს მანკიერი, მკვლელი ინდუსტრია კვლავაც გაგრძელდება და გაფართოვდება. სად არის გამოსავალი? ერთადერთი გამოსავალი კი ისევ და ისევ იესო ქრისტეა, მისი პიროვნება, მისი მოძღვრება, მისი ნამდვილი მეგობრები. ''ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ''(მთ.7,7)."
წერს გელასი აროშვილი.
ნანახია: (467)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას