logo.png
საბურთალოს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი-

 

ბავშვთა და სნეულთა ზიარება

7-8 წლამდე ბავშვები წმიდა ეკლესიის მიერ თავისუფლდებიან აღსარების ჩაბარების აუცილებლობისაგან, თუმც კი ეს არ გამორიცხავს იმას, რომ აღსარების სურვილის შემთხვევაში პატარას ეს დავუშალოთ. 7-8 წელი სწორედ ის ასაკია, როცა მოზარდს უკვე პასუხისმგებლობა უჩნდება საკუთარი ქმედების მიმართ. რაც შეეხება მარხვას, ეკლესია მას ამ წლოვანებამდე სავალდებულოდ არ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოჯახები, სადაც პატარები დიდი სიხალისითა და სიყვარულით ინახავენ მარხვას. ზიარების წინ პატარასაც უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია საჭმელისა და სასმელისაგან თავშეკავება. გამონაკლისს ამ დროს წარმოადგენენ ჩვილები. ზიარებისწინა ლოცვის წაკითხვა შეიძლება მშობლის დახმარებითაც. მოძღვრის ლოცვა-კურთხევის შესაბამისად შეიძლება მისი შემოკლებაც, რათა ეს მოსაწყენი არ გახდეს პატარისათვის და უსიამოვნო მოვალეობად არ იქცეს.

საკმაო სირთულეს წარმოადგენს ბავშვისთვის მთელ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტაძარში ხალხმრავლობაა. უკეთესია, თუ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ მოძღვართან შეთანხმებით გადავწყვეტთ ყველა ამ საკითხს. ყველაზე მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ ტაძარში ყოველ მისვლას დიდი სიხარული მოჰქონდეს პატარისათვის. თუკი ეს მხოლოდ იძულებითი მოვალეობა გახდება მისთვის, გარკვეულ ასაკში აუცილებლად გაუჩნდება წინააღმდეგობის განცდა საკუთარი მშობლების მიმართ ძალდატანებისათვის. ეს კი მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. უმჯობესია, თუ ბავშვებს ეტაპობრივად მივაჩვევთ ყველაფერს, მათ შორის მარხვას. თავიდან ოთხშაბათს და პარასკევს ვამარხულებთ, შემდეგ ერთ კვირას და ა.შ.

პატარები რაც შეიძლება ხშირად უნდა ეზიარებოდნენ. ეს აუცილებელია როგორც მათი ჯანმრთელობისთვის, ასევე სულიერი ზრდა-განვითარებისთვის.

სასულიერო პირები არც იმ ადამიანებს ტოვებენ თავისი მზრუნველობის გარეშე, ვისაც უძლურებისა და სნეულების გამო ღვთის სახლში მისვლა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. ამ შემთხვევაში მოძღვარი საზიარებლად მასთან სახლში მიდის. სასურველია, თუ სნეული ზიარებისწინა ლოცვას წაიკითხავს ან თავად, ანდა ახლობლის დახმარებით. ამასთანავე, თუ მას ჯანმრთელობა ხელს უწყობს, წმიდა ზიარების მიღებამდე რამდენიმე საათი უზმოდ უნდა იყოს. ხშირია შემთხვევა, როცა ხშირი ზიარების შემდეგ სნეულის მდგომარეობა საგრძნობლად გამოკეთებულა და ის უკვე საკუთარი ფეხით მისულა ტაძარში.

მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

ნანახია: (346)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას