logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"შეიძლება ითქვას სრული პასუხისმგებლობით, რომ 1977 წლის 9 ნოემბერს სინოდის სხდომაზე მოსაყდრედ მიტროპოლიტ ი. შიოლაშვილის არჩევა იყო უკანონო, შესაბამისად უკანონო გზებითვე (საბჭოთა ათეისტური ხელისუფლების პატრონაჟით) გახდა პატრიარქი:

1. მოსაყდრედ მისი კანდიდატურა სინოდს დაუსახელა უეპარქიო რუსმა მიტროპოლიტმა ზინობი მაჟუგამ; მოსკოვის საპატრიარქოს აგენტ-წარმომადგენელმა;

2. გარდაცვლილი დავით მეხუთის სექტემბრის ბრძანებით მიტროპოლიტთა შორის უპირატესი პატივი მინიჭებული ჰქონდა ჭყონდიდელ-ბათუმ-შემოქმედელ მიტროპოლიტ რომანოზს, შესაბამისად სინოდის სხდომის წაყვანა მას ევალებოდა და უნდა დაეცადათ მისი ჩამოსვლისთვის ბათუმიდან, რაც არ ქნა შიოლაშვილა თენგიზ ონოფრიშვილის დახმარებით;

3. სინოდის სხდომას ესწრებოდნენ საერო პირები: სსრკ-ს რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული საქ. სსრ-ში თ. ონოფრიშვილი და საპატრიარქოს კანცელარიის მდივანი გრ. მშვიდობაძე;

4. საქართველოს ეკლესიის სინოდის ეპარქიული მღვდელმთავრებიდან მხოლოდ 2 იყო შიოლაშვილის კანდიდატურის მომხრე (ალავერდელი გრიგოლ ცერცვაძე და მანგლელი გიორგი ღონღაძე), ხოლო სამი იყო წინააღმდეგი (რომანოზ ბათუმ-შემოქმედელ-ჭყონდიდელი, გაიოზ წილკნელი, ილარიონ ბოდბელი);

შესაბამისად შიოლაშვილის მოსაყდრედ გამოცხადება იყო რწმუნებულ ონოფრიშვილის და შიოლაშვილის ალიანსის და რუსი მიტროპოლიტ ზინობი მაჟუგას გადაწყვეტილების შედეგი.

ჩაიგდო რა ხელში მოსაყდრეობა და ეკლესიის სადავეები, დაატერორა სინოდის წევრი ოპონენტები, შეშინებულმა გაიოზ კერატიშვილმა ხმა მისცა მის პატრიარქად არჩევას 23 დეკემბერს, ხოლო მიტროპოლიტი რომანოზი და ეპისკოპოსი ილარიონი არც არჩევნებზე მივიდნენ სიონში და არც ინტრონიზაციაზე სვეტიცხოველში. ილია შიოლაშვილმა 23 დეკემბრის კრება რუსეთის პატრიარქ პიმენის მონაწილეობით და საბჭოთა ხელისუფლების მფარველობით წარმატებით ჩაატარა და თავი აირჩია პატრიარქად. მიტრ. რომანოზი ერთ კვირაში ეკლესიიდან სრულიად გაათავისუფლა და გააძევა, მიტრ. გაიოზი მაისის თვეში საბჭოთა მილიციას დააჭერინა და სასტიკად დასაჯა, ხოლო ეპისკ. ილარიონი ეკლესიის საკურთხევლიდან გამოათრევინა, ფსიქიატრიულში დაამწყვდია და სრულიად შეშალა".

"საინტერესოდ აღწერს ეპისკოპოსი ილარიონი 1977 წლის 9 ნოემბრის სინოდის სხდომას, რომელზედაც მოსაყდრედ არჩეულ იქნა აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. სადაც ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა: ამ სინოდის სხდომას ესწრებოდა სსრკ მინისტრთა კაბინეტთან არსებული რელიგიის საქმეთა აპარატის რწმუნებული საქ. სსრ-ში, ამხ. თენგიზ ონოფრიშვილი.

,, და რამეთუ დღე იგი მოვიდა გამოცდისა და დღე იგი განწვალებისა.

რამეთუ 1977 წლის 9 ნოემბრის შუადღისას გარდაიცვალა კ.პ. დავით მეხუთე, და რამეთუ ამ დროისთვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები ვიყავით 7 მღვდელმთავარი: დავით მეხუთეს წერილობით განკარგულებით უხუცეს მღვდელმთავრად დადგინებული მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილის მითვლით.

1977 წლის 9 ნოემბერსვე საღამოს შიოლა-ონოფრიშვილის ინიციატივით საჩქაროდ და ჰარი-ჰარად გამართულ წმინდა სინოდის სხდომას ვესწრებოდით, მე ვითარცა ბოდბის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი… შენ ვითარცა წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი - ერთი ხმის უფლებით. უეპარქიო თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა - ერთი ხმის უფლებით. ჩემი მირონცხებული მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი ღონღაძე - ერთი ხმის უფლებით. და ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული შიოლა ილია შიოლაშვილი, ვითარცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ერთი ხმის უფლებით…

და რამეთუ წმ. სინოდის სხდომის დაწყების წინ მისი კანონიკურობისათვის: საუფლო ლოცვა ,,მამაო ჩვენოც“ კი არ წარმოგვითქვამს, ხოლო საღმრთო პარაკლისის ვედრება-აღვლენაზე და ახლად აღსრულებულ კ.პ. დავით მეხუთის პანაშვიდის გადახდაზე ხომ ზედმეტია საუბარი. და რამეთუ მაშინდელი წმ. სინოდის სხდომა და

შემდეგადაც რომელზეც მე დასწრება მომიწია, სხვა არა რა იყო გარდა ღვთისმგმობი ანტიეკლესიურობისა, და რამეთუ ამ სხდომებს აშკარად სამარცხვინო ძალმომრეობისა და შეურაცხყოფისა და კაცთმოძულეობის ალმური ასდიოდა, ისე ვითარცა თავის დროზე ჩვენთვის ჯვარცმული იესო ქრისტე ღმერთკაცის გარშემო შემოხვეული ჰურიანთა ბრბოს ამდაგვარივე ოხშივარი ასდიოდა. (და რამეთუ ქართული ანდაზის არ იყოს: მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა. ანდა სადაც შენი დაიკვეხნო იქ ჩემიცა თქვიო)... და რამეთუ ცნობილია რომ იმ დროისთვის დავით მეხუთის გარდა, ძირითადად მხოლოდ: მე და შენ და მიტროპოლიტი ზინობისა და ეპისკოპოსი გიორგის გვიხდებოდა მცხეთა-თბილისის ტერიტორიის ფარგლებში საეკლესიო ცხოვრება-მოღვაწეობა. და რამეთუ თუ საცდურების მახე არ იყო დაგებული საინტერესოა: საიდან და როგორ გაჩდნენ თბილისში ისე სწრაფად, იმ დროისთვის სოხუმიდან შიოლა და თელავიდან ეპისკოპოსი გრიგოლი, ხოლო ბათუმიდან კი ვერ მოხერხდა მიტროპოლიტ რომანოზის დროზე ჩამოსვლა. და რამეთუ წმინდა სინოდისთვის შეუფერებელი ვითარების გამო, მე სხდომის დაწყების წინ განვაცხადე: რადგანაც მისი უწმიდესობის და უნეტარესობის დავით მეხუთის გარდაცვალებით მწუხარენი ვართ და ამასთან წმინდა სინოდის სხდომაზე არ ესწრება მაღალყოვლადუსამღვდელოესი რომანოზი, მიზანშეწონილად მიმაჩნია და ვთვლი სხდომა ხვალ დილისთვის უნდა გადავიტანოთთქო, და რამეთუ ამ ჩემს კანონიერ რჩევას, შენს გარდა სხვამ არავინ დაუჭირა მხარი, და რამეთუ ჩემი ნათქვამი სხვათ არა რად მიიჩნიეს გარდა: ვინც არ უნდა თქვას, წისქვილმა კი თავისი თქვას: დასტურად.

და რამეთუ სხდომის დაწყებისთანავე სინოდის თავმჯდომარეობა მიიტაცა შიოლამ ამ განცხადებით: სინოდის სხდომის თავმჯრომარე მე ვიქნებიო. ხოლო სინოდის სხდომის მდივნობა მე მომიგდო, როცა თქვა: მდივანი კი ეს იქნებაო და ჩემზე მოგითითათ. ხოლო ოქმის შედგენა კი დაავალა სხდომაზე წმინდა სინოდის საპატიო წევრივით მოკალათებულ საპატრიარქო მდივანს გრიგოლ მშვიდობაძეს. და რამეთუ სხდომაზე გარდა გრიგოლ მშვიდობაძისა ესწრებოდა რელიგიის საქმეთა რწმუნებული საქართველოს სს რესპუბლიკაში თენგიზ ონოფრიშვილი. რომელიც ნამეტნავად ბოქაულივით ბობოქრობდა. (და რამეთუ შემდეგ დეკემბრის რომელიღაც სამშაბათს დილაადრიან წირვის დაწყების წინ თენგიზ ონოფრიშვილი სამების ეკლესიაში მომადგა ამ სიტყვებით: ყველაფერი ისე იყოს როგორც თქვენ გინდათო. და იმავე დღის 3 საათზე უნდა მოსულიყო მოსალაპარაკებლად მაგრამ არ მოსულა)...

და რამეთუ შემდგომში 1978 წლის 27 ივლისს, ხუთშაბათის დღის წმიდა სინოდის სხდომაზე, ჯოჯოხეთში ცოცხლად ჩავიყვანე ავაზაკთა მამამთავარი შიოლა, როცა დავჭექე: ჰაი შე ბნელო და ლაჩარო, მშიშარავ და არარაობავ.

და რამეთუ ვითარცა სხდომის თავმჯდომარემ კ.პ მოსაყდრის კანდიდატის დასახელება შიოლამ დაიწყო უეპარქიო მიტროპოლიტ ზინობიდან, რომელმაც რუსულ ენაზე ძლივს გასაგონად განაცხადა, რომ იგი კანდიდატად ასახელებდა მას, შიოლას. და რამეთუ ამის გამგონე შიოლამ ფარისეველთა ჩვეულებისამებრ თავი ოდნავ დახარა, რუსულ ენაზე განაზებულად წარმოთქვა: მე თანახმა ვარ.

მერე ამის შემდეგ მიუბრუნდა ქართულ ენაზე ჩემს მირონცხებულ ეპისკოპოს გიორგის, რომელმაც კანდიდატად შიოლა დაასახელა. და რამეთუ ამის შემდეგ მიუბრუნდა ეპისკოპოს გრიგოლს რომელმაც კანდიდატად ასევე შიოლა დაასახელა, და რამეთუ ამის შემდეგ მოგიბრუნდა შენ და როგორც ისიც მოელოდა კანდიდატად დაასახელე მიტროპოლიტი რომანოზი. რამეთუ მოსაყდრის კანდიდატის დასახელების ჯერი მანამდი ჩემამდე მოაღწევდა შიოლამ ისარგებლა და რა თენგიზ ონოფრიშვილის მხარდაჭერით და მიტროპოლიტ ზინობის გულუბრყვილობით, და შენი გულგრილობით, და ჩემი მირონცხებული ეპისკოპოს გიორგის და ეპისკოპოს გრიგოლის დოყლაპიობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წმიდა სინოდი ხელის ერთი მოქნევით, საცდურების ბადეში გაახვია…”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (393)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას