Ilia Jgharkava
მაცხოვარი თავისი დროის სასულიერო პირებს მძიმე სიტყვებით ლანძღავდა.
უკვე მოგინდათ ხომ შეკამათება?
მართალია, ის კი არ ლანძღავდა, არამედ სიმართლეს ეუბნებოდა, ხოლო ჩვეულებრივი, დაცემული, ადამიანური გონებისათვის ეს ლანძღვა და შეურაცხყოფა იყო.
ვინც სახარებას სათანადოდ იცნობთ, გეცოდინებათ, რომ მაცხოვარმა ხალხი ძალიან გააღიზიანა თავისი მოღვაწეობით, მართალი სიტყვითა და ცრუსარწმუნოების მხილებით.
სწორედ ამიტომ იყვირეს ერთ დღესაც „ჯვარს აცვი!“.
მათ შორის იქნებოდნენ ტაძრიდან გამოყრილი ვაჭრებიც და ფარისევლებიც.
თუ ვინმეს გიფიქრიათ, რომ თქვენ არასდროს აცვამდით ჯვარს მაცხოვარს, კარგია ეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორები ვიქნებოდით ქრისტეს გარეშე, ამიტომ სურვილი ერთია, ხოლო როგორები შეიძლებოდა ვყოფილიყავით სინამდვილეში, ვეღარ გავიგებთ ვერანაირი გზით.
მეტსაც გეტყვით, ვინც ფიქრობთ, რომ გამორიცხულია თქვენ ასეთი რამ გაგეკეთებინათ, ძალიან ცდებით, რადგან თქვენ დღესაც აკეთებთ იგივეს, როცა მიტროპოლიტ პეტრეს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებს იჯერებთ, განიკითხავთ მას, ცილისმწამებლად და იუდად აცხადებთ, ნაციონალს და მოღალატეს უწოდებთ და სიამოვნებით ლანძღავთ კიდეც.
შენ, რომელიც ამ პოსტს კითხულობ, ხომ აენთე ეგრევე? ხომ დაიჭირე შენს თავში სიბრაზე? ხომ იფიქრე, სად პეტრე და სად ქრისტე, რა შედარებებს აკეთებს, ეს ვინ ჯანდაბააო? მასე ფიქრობდნენ მაშინაც!!! ეს ვიღაც კაცი მოვიდა, მღვდელიც კი არაა, ჩვენს მაღალ იერარქებს ჭკუას არიგებს, რაღაც ფოკუსებსაც ახდენს ეშმაკის ძალით, ტაძრიდან ვაჭრები გამოყარა და ჩვენს ეკლესიას ებრძვისო!!!
ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ მეუფე პეტრე და მაცხოვარი ერთმანეთთან გავაიგივე, არა, არამედ მინდა, როგორმე დაგაფიქრო იმაზე, რომ მაშინდელი საზოგადოება ქრისტეს აბსოლუტურად იგივენაირად აღიქვამდა, როგორც დღეს მეუფე პეტრეს აღიქვამს. ამიტომ, ყველანი კარგად უნდა დავფიქრდეთ ჩვენს მდგომარეობაზე, თუ „ვისი სულისანი ვართ“.
მეუფე პეტრე შესაძლოა შეცდომაში შეიყვანეს, შესაძლოა ცილისმწამებელია, შესაძლოა სიმართლეს ამბობს, მაგრამ სანამ ამ სამიდან რომელიმეზე შევჩერდებით, მტკიცე არგუმენტები უნდა მოვიპოვოთ. ქრისტიანს უნდა სტკიოდეს ჩვენს ეკლესიაში არსებული მდგომარეობა და დაპირისპირებული მხარეებისთვის უნდა ლოცულობდეს. ასევე, უნდა ითხოვდეს სიმართლის გამორკვევას, რომ მთელი ცხოვრება ფიქრად არ დარჩეს, მეუფე პეტრემ სიმართლე თქვა თუ სიცრუე.
როგორც მეუფე პეტრესთან არ გინდა მიხვიდე და გვერდით დაუდგე, ასე არ უნდოდათ ქრისტეს გვერდით ყოფნა. ამის გამო მისმა გამორჩეულმა მოციქულმა პეტრემაც კი უარყო სამგზის. ამიტომ, ეს მძიმე გარემოება ანალიზისათვის გამოიყენე და აღმოაჩინე შენში მშიშარა და ფარისეველი.
და ისევ: მეუფე პეტრე შესაძლოა შეცდომაში შეიყვანეს, შესაძლოა ცილისმწამებელია, შესაძლოა სიმართლეს ამბობს.
________
ეს პოსტი 2019 წელს დავწერე აქ, ვითარებიდან გამომდინარე კი ახლა განმეორებით გამოვაქვეყნე.
ვსვამ კითხვას: როგორ ფიქრობთ, თუ მეუფე პეტრე შეცდომაში შეიყვანეს, თუ ის ნებით თუ უნებლიედ ცილს სწამებს პატრიარქს, რატომ არ იმართება კრება და ცილისწამებისათვის რატომ არ ისჯება ის? როცა ასეთი მძიმე ბრალდება ჟღერდება პატრიარქის მისამართით, იგი ვალდებულია თავისი ღირსება დაიცვას და ბრალმდებელს მოსთხოვოს ბრალის დამტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ბრალმდებელი უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან.
დავუშვათ, მეუფე პეტრე ნაციონალია, ეკლესიას ძირს უთხრის, ფული აიღო ცილისწამების სანაცვლოდ, ეშმაკს შეეკრა და ა.შ. განა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა ის ამბობს, კრება ჩავატაროთ და დაგიმტკიცებთ, რომ სიმართლეს ვამბობო?
საპატრიარქოს პასუხი: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრება არ გაიმართება.
________
არაფერია დაფარული, რომელიც ოდესმე არ გაცხადდება.
ნანახია: (569)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას