logo.png

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ ამუშავდეს ეს კანონი”, – ამის შესახებ განცხადება მეუფე პეტრე ცაავამ “თაიმერთან” საუბრისას გააკეთა.

ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი რუსთაველზე მიმდინარე აქციას რამდენიმე საათის წინ შეუერთდა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მეუფე პეტრემ განმარტა, კანონი, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო ერისთვის ტრაგედიაა.

“მიმაჩნია, რომ კანონი, რომელიც მიიღო დღეს პარლამენტმა, არის ტრაგედია ერისთვის, არის ნეობოლშევიკური სულისკვეთების. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ ამუშავდეს ეს კანონი, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პერსპექტივა საქართველოს თავისუფლების, განვითარების, დამოუკიდებლობისა, ასევე, არის საფრთხის წინაშე.

უკვე ორ საუკუნეზე მეტია, განსაკუთრებით, XIX საუკუნის დასაწყისინ დაიწყო პოლიტიკა საქართველოს და ქართველი ერის გარუსებისა, ორ საუკუნეზე მეტია ქართველი ერი იბრძვის და იგერიებს ამ შემოტევას და იმარჯვებს ამ ბრძოლაში, ვინაიდან, ინარჩუნებს თვითმყოფადობას, სახელმწიფოებრივ შეგნებას. დღესაც, ისევე, როგორც XIX საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გარუსების პოლოტიკის წინააღმდეგ.

მე მიმაჩნია, რომ სიმრავლე ამ ხალხისა და განსაკუთრებით ახალგაზრდებისა, არის დანახვა ამ საშიშროებისა და მოგერიება. დარწმუნებული ვარ, ამ ჯერზეც ქართველი ერი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ”, – განაცხადა “თაიმერთან” მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ასობით მომიტინგე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგნი არიან.

სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების დაშლა ჯერ წიწაკის სპრეის გამოყენებით სცადეს, შემდეგ კი წყლის ჭავლით, რის შედეგადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

ნანახია: (461)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას