საქართველოს ეკლესიაში, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების შეფასების, მსჯელობისა და ანალიზის შედეგები მოსასმენად, დასანახად და წასაკითხად, არც ისე სახარბიელოა. რომ არაფერი ვთქვათ დარღვევებზე, ხარვეზებსა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ხელოვნურადაც კი ქმნიან იერარქთა ნაწილი და სასულიერო პირების უმრავლესობა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ საპატრიარქოში ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე, ჩვენამდე მოსული “რეალობა”. ჟურნალისტურ ჩარჩოებს არ გავცდები და არ გამოვიყენებ შესაბამის ტერმინს, სადაც შესაძლებელია ორ სიტყვაში გაერთიანდეს შეფასების ფორმულირება.
ვერავინ დაინახავს არსებულ მდგომარეობას ისე მკაფიოდ, როგორც ცალკეულ ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე მღვდელ-მონაზვნები, დიაკვნები, სტიქაროსნები, მედავითნეები და ა.შ. რომლებიც განსხვავებული აზრის გამო, პატრიარქის ბრძანებით დაისაჯნენ, ეკლესიიდან განიკვეთნენ და დღემდე იდევნებიან. სწორედ ერთ-ერთი მათგანი, სასულიერო სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებული, თეოლოგი და ერთ-ერთი ტაძრიდან დათხოვნილი მედავითნე, ლელა ჩხარტიშვილი “თაიმერს” უყვება საპატრიარქოში და ეკლესია-მონასტრებში არსებულ ვითარებაზე, შედეგების წარმომავლობასა და სადამსჯელო მექანიზმებზე:
– ვფიქრობ, რომ ქართველს ერს, თუკი რამ ავი სჭირს, მრთლმადიდებლობით კი არა, არამედ ცრუმართლმადიდებლობით სჭირს. ეკლესიურობის, რწმენის, გნებავთ, მორწმუნეობის ფარისევლური დაჩემებით! ყველაზე მეტად დღეს საქართველოში ირღვევა მცნება: ,,არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა”. ჯერ კიდევ, ილია დარდობდა ამაზე. ,,კაცია ადამიანი” რატომ დაიწერა?! არც ერთი დადებითი პერსონაჟი არ არის ამ ნაწარმოებში. ყველა ცრუობს, თაღლითობს, მლიქვნელობს (ჯვრის მოტყუებით დამწერი მღვდლის ჩათვლით). არადა, ილიას არც ერთ ნაწარმოებში იმდენს არ ახსენებენ ღმერთს, უაზროდ არ ბაასობენ ბიბლიაზე და აფრქვევენ თავიანთ უვიცობას რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ,,კაცია ადამიანში?!” არც არაფერი იციან, წესიერად არც წაუკითხავთ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რამდენად შორს დგანან ქრისტიანობისგან და მორალისგან. დროს ამაოებაში ატარებენ და მკითხავებთანაც დარბიან, ეკლესიაში (თავისთვის სახეიროდ) სირბილის პარალელურად. მუცელი გაუხდიათ ღმერთად და განცხრომაში სიცოცხლის გატარებას ბედნიერებად მიიჩნევენ. სამაგიეროდ, “ოთარაანთ ქვრივში” მოკრძალებულად, ან თითქმის სულ არ გვხვდება ღმერთის ხსენება. ქვრივი ამბობს კიდეც: “მე ჩემთვის არა ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხოო”, მაგრამ მოთხრობის მთავარი გმირები: ქვრივი და მისი შვილი უმაღლეს ფასეულობებს (მათ შორის, ხორციელებაზე ამაღლებულ სიყვარულს, სპეტაკ ზნეობას და ა. შ.) ეწირებიან. მადლისგან დაცლილი წუთისოფელი კი ვერ ცნობს ამ თავმდაბალ ადამიანებში ღვთისგან უხვად დაბერტყილ ღირსებებს. მით უფრო, რომ ისინი მაღალ წოდებას არ მიეკუთვნებიან და არც პრეტენზია აქვთ, არ გაჰყვირინ იმიტომ, რომ რწმენა სათნოებაა, რომელსაც გამომზეურება და თავმოწონება არ შეეფერება, თანაც, რწმენა საქმეა და არა ოდენ გულში მჯიღის ცემა. ზვიად გამსახურდიას სიტყვებს მოვუხმობ: „ღვთისმოსაობა ადამიანისა ღმერთის საკრალური სახელის არხსენებაში უფრო გამოიხატება, ვიდრე მის წამდაუწუმ ხსენებაში”. დიახ, არაფრისთვის ისე შეუფერებელი არ არის ბევრი ლაპარაკი და ყბედობა, როგორც რელიგიისთვის. რად უნდა ყვირილი იმას, რა როგორ გწამს, როგორ გიყვარს. შენ იცხოვრე, მიყევი შენს გზას და გამოჩნდება, რა გიყვარს და როგორ გიყვარს. პავლე მოციქული ამბობდა: “ერთადერთი რამით ვიქადნი, ქრისტეთი და ისიც ჯვარცმულითო”. რელიგიას დაჩემება არ უხდება, არამედ მსხვერპლი! საქმეში ვლინდება, რა და როგორ?! ხშირად დავფიქრებულვარ, ძველი აღთქმის ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, ვისაც სჯული ჰქონდა და ასე, თუ ისე ფორმალურად მაინც იცავდნენ წესებს. მცნებებს ასრულებდნენ. ბევრი ჩვენთაგანი ფორმალურადაც არ აკეთებს ამას. ჰა ჰა მარხვა შეინახონ, ისიც ასატრინის მწვადები არ მოიკლოს, მაგრამ მაინც, რა გამოვიდა იმ სჯულის დამცველი ებრაელების თავგამოდებიდან?! სწორედ, მათ აცვეს ჯვარს ქრისტე. ვერ იცნეს, ვერ აღიარეს იგი და წარმართებმა, მეძავებმა, ავაზაკებმა დაიმკვიდრეს მის გვერდით ადგილი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არც ბევრ ლაპარაკში, არც გულში მჯიღის ცემაში, არც თუნდაც ფორმალურად მცნებების ასრულებაში არ არის სულის ცხონება, მით უმეტეს, ფარისევლობაში და ზესთამჩენობაში, პოზიციაში, რომ ვითომ შენ გწამს და სხვას არა და ზევიდან უყურებ და განიკითხავ სხვებს – ვითომ, შენზე ურწმუნოებს. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიწვალოთ, რომ ცოტათი მაინც გაგვეხსნას, სად არის, რაში არის სულის ცხონება და ვის ირჩევს ქრისტე, ვის თვლის თავის ღირსად და ასეთ ადამიანს, როგორ ექცევა ე.წ. “მორწმუნე მრევლი”.
– ჩვენ ვხედავთ, რომ “ვაი-მორწმუნეობამ” და “ვაი-ქრისტიანობამ” დააბნელა ჩვენი ქვეყანა! ამბიონებიდან ხშირად ისმის ანტიდასავლური პროპაგანდა, ევროპულ ღირებულებებში მრევლის უდიდესი ნაწილი მხოლოდ გარყვნილებას (სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, რომ გარყვნილებად მოინათლება, იქ რაზეა საუბარი) ხედავენ და ანაფორიანთაგან ერთს არავის მოუვა თავში აზრად, რომ რის გამოც ვითომ ევროპას იწუნებენ, ის “ცოდვები” სინოდის წევრებში (მაღალ იერარქებში) მრავლად გვხვდება, რაც სუს-ის კრებსებიდანაც ჩანს და თუ ასეთი სიწმინდის დამცველები არიან, იქ ამხილონ, თუმცა, გმირობისთვის არავის სცხელა. მხოლოდ საკუთარი კომფორტისა და კეთილდღეობის მოწყობას ესწრაფვიან. არ აღელვებთ ქვეყნის ევროპული მომავალი, არ აღელვებთ, რომ ჩვენი შვილების თაობა განწირულია ჩაბნელებულ, გაუბედურებულ, ზნედაცემულ, უმომავლო ქვეყანაში ცხოვრებისთვის. ამ ჯუნგლებში პატიოსანმა ადამიანმა, როგორ უნდა იცხოვროს?! როგორ გაიგნოს გზა?! თუმცა, თავიანთი შვილები კი ეზოგებათ და ევროპაში აგზავნიან, სხვის შვილებს კი იმეტებენ რუსეთის, უკაცრავად და, უკანა ეზოსთვის. ეს ფარისევლობაა! კერპთაყვანისმცემლობაშია ერი, “სულის კაცები” ხედავენ უმსგავსობას და ჩუმად არიან, მონაწილეობენ იმ სიბინძურეში, რაც მათ გარშემო ხდება. ხმას არ იმაღლებენ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს არ არის ქრისტიანობა და სულიერება, ეს არ არის რწმენა და ზნეობა. მაცხოვარიც ამბობს: “მცირე სამწყსოო” იქნებ, მარტო რაოდენობაშია საქმე და არა ხარისხში?! უვიცობა და უგუნურება ნავარდობს, ფრთები გაუშლია! ბილ გეიტსზე და აცრასთან დაკავშიებულ ისტერიაზე აღარ ვლაპარაკობ, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პროპაგანდა ფანატიზმთან და სიბნელესთან ერთად, ამ ადამიანებისთვის ეტყობა იოლი შემოსავლის წყაროა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია. არცთუ შორეულ წარსულში, ჩვენ გვხსოვს ამბიონებიდან მაღალი იერარქების ქადაგებები: “სადაც არის ქრისტე, იქ კორონას რა უნდაო?!” მოკლედ, ლამის საუკუნის ფრაზად იქცა, რომელიც წარმოსთქვა მეუფე სპირიდონმა. ამ ფრაზის წარმომთქმელს ეტყობა სახარებაც კი არ წაუკითხავს! რა გამოდის?! სადაც არის ქრისტე, იქ არ არის განსაცდელი?! არ არის სიკვდილი?! აბა თვითონ ქრისტე რაღატომ გაეკრა ჯვარზე, რატომ მოკვდა?! სადაც არის ქრისტე, იქ შეიძლება არ არის სულიერი სიკვდილი, მაგრამ ხორციელი სიკვდილი და განსაცდელი, რამდენიც გინდათ. მისი სახელის გულისთვის რამდენი ადამიანი მოკვდა, ეწამა! როგორ?! იქ არ იყო ქრისტე?! სადაც ქრისტეა, იქვეა ჯვარიც და თუ ქრისტე გინდა, ის ჯვარიც უნდა გინდოდეს. აბა, ჩვენ თუ იმიტომ დავდივართ ეკლესიაში, რომ ბუზი არ აგვიფრინდეს, ნიავმა არ დაგვკრას, თბილი სავარძელი არ დავკარგოთ, საამოდ და კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, მეზობელი ჩვენზე მეტად არ წარემატოს, საყოფაცხოვრებო პრობლემები მოგვარებული გვქონდეს და ა.შ. მაშინ, როგორც ილია იტყოდა: “ღვთივმონაბერი სული სადღაა?!” რაღაც ვულგარულ მატერიალიზმთან გვაქვს აქ საქმე, რადგან ქრისტიანობა და ეკლესიურობა არ არის კეთილდღეობის გარანტი ამ წუთისოფელში, ის, მომავალ ცხოვრებაზეა ორიენტირებული, ან კიდევ ზოგიერთი მღვდელი თავგანწირვისკენ, რომ მოუწოდებდა თვეების წინ მრევლს, ეკლესიაში მოსასვლელად კორონამ არ დაგაბრკოლოთო, ვითომ, ქრისტესადმი ერთგულების დამტკიცება იყო მოტივი ასეთი განცხადებებისა?! თუ, ისევ და ისევ, მერკანტილური ინტერესები: მრევლის შემცირება შემოსავლის შემცირების ტოლფასია?!” მერე მიდიოდა ვაჭრობა ხელისუფლებასთან. ამაზე არაერთხელ ითქვა და სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი! მინდა ამ სასულიერო პირებს ვკითხო: რატომ ატყუებენ ხალხს?…რატომ სარგებლობენ მრევლის ნდობით?! რა უფლებით აკურთხებდნენ სიკვდილისთვის ხალხს, რადგან მოუწოდებდნენ, რომ თავები არ დაეზოგათ?! (რაღაც უაზროდ, თორემ ქრისტემ თავდადება, რომ მოითხოვოს ჩვენგან და მართლა დევნა დაიწყოს მისი ეკლესიისა, დიდი ალბათობით, პირველები ეგენი გამოიქცევიან). რატომ არ უფრთხილდებიან ადამიანების სულსა და სხეულს?! არც ერთი ქვეყნის ეკლესიას ეს არ გაუკეთებია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ქვეყანაში მეტი არაფრის უფლება არა აქვს ადამიანს, გარდა სიკვდილისა. ერთი, რაც შეუძლიათ ჩვენს “სულის კაცებს”, ესაა, რომ გაკურთხონ “მოკვდიო”, როგორც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე, პატრიარქმა “ახალი რეალობის შეცნობა” რომ უსურვა. არა, სიკვდილის მერე ალბათ უფრო დიდი და ნამდვილი სიცოცხლე იწყება, მაგრამ ეს იმათთვის, ვინც წუთისოფლის ლოგიკაზე და მის მატერიალისტურ ფილოსოფიაზე ამაღლდნენ და გაიმარჯვეს! მაგრამ აქამდე შორია! “კორონა” ვირუსი იქნება, თუ სხვა განსაცდელი, ასეთ დროს, სასულიერო პირები უნდა ანუგეშებდნენ ხალხს სიტყვითაც და საქმითაც. ეკლესიის უპირველესი მისია ხომ ეს არის?! სასულიერო პირები ზღაპრებს კი არ უნდა უყვებოდნენ სასოწარკვეთილ ხალხს, არამედ, რეალურ დახმარებას უნდა უწევდნენ. წმინდა იოანე ოქროპირი, ოდესრაც ჩამოვარდნილ შიმშილობაზე ასეთ რაღაცას წერს: “შენ კი იმას დაუკვირდი, თუ როგორ იყენებენ განსაცდელს ქრისტე და მისი მოწაფეები ადამიანთა სასარგებლოდ და დასახმარებლად. როგორ აქციეს წარმართობიდან მოქცეულმა ქრისტეს მორწმუნეებმა შიმშილობა ქველმოქმედებისა და მოწყალების წყაროდ. მოციქულები, როგორ იღწვიან ადამიანთა სულებისთვის მქადაგებელთა მივლინებით, ასევე, ზრუნავენ მათი ხორციელი გამოკვებისთვის. ვისაც რა შეეძლო, დახმარებას უგზავნიდა მათ. ქრისტეს მიერ ერთ სახლად და ერთ სულად ქცეულიყვნენ მთელი ქვეყნის მორწმუნეები”. ანუ, წესით, ასეთ დროს, დახმარების ხელი უნდა გაეწოდა ეკლესიას ხალხისთვის. ის კი მეზღაპრეობით იყო დაკავებული.
– რას შეიძლება ეს ყველაფერი მივაწეროთ?!
– ჩვენი ეკლესიის მესვეურები, ასრულებენ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს. ადრე დავალება იყო ასეთი “კა.გე.ბე”-დან, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები (გეები) უნდა გეგინებინა, ქართველი ვა(შ)კაცის სახელი რომ დაგემკვირდებინა და ურაპატრიოტიზმი გეთამაშა, “ქართველობა” არავისთვის წაგერთმევინებინა! უახლოეს წარსულში “გარეჯის გამყიდველებოო”, იგივე ხალხი ხელს იშვერდა უდანაშაულო ადამიანების მიმართულებით. ეს ადამიანები გულში მჯიღის ცემით პატრიოტობას იჩემებენ, არადა, საქართველოს ისტორიაც არ წაუკითხავთ და ქრისტესგან პირჯვრის წერა უსწავლიათ მარტო. რატომღაც გელათის პრობლემებზე ხმას არ იღებენ და არც მავთულხლართებთან ავლენენ “ვაჟკაცობას”. ჭყონდიდის ეპარქიაშიც, სწორედ, ასეთ, ჩოხოსან “ვაჟკაცებს” ვხედავდით, მეუფე სტეფანეს დასაცავად მისულებს. სწორედ, ეს კატეგორია იცავს ვითომ “ღირსებას” თვითონაც, რომ არ იციან, რა ჰქვია ღირსებას?! ეს ის ხალხია, რომელთაც ამოძრავებთ დევიზი: “ქართველობას გვართმევენ”, “მართლმადიდებლობას გვიგინებენ” და ა. შ. რომელ ქართველობაზეა საუბარი?! ჯერ ერთი, რაც არა გაქვს, იმას ვერავინ წაგრთმევს. რაღაც, რომ წაგართვან, ჯერ უნდა გქონდეს და გაგაჩნდეს. ამდენი რაღაცის პროფანაცია უკვე ზღვარს გადასცდა. ლამისაა ჩოხაც შეგვჯავრდეს, ანაფორაც და ა.შ. ცრუ და ფსევდო პატრიოტიზმი, ცრუ ტრადიციულობა, ცრუ რელიგიურობა, ცრუ გმირები, ცრუ ღმერთები, ცრუ მესიები, ცრუ წინასწარმეტყველები (რაც უბედურებაა ერისათვის). რეალური კი ნიჰილიზმის შეგრძნებაა და დიდი აბსურდის!
– მეუფე სტეფანესთვის ჩვეულებრივ, ქადაგების ნაწილად იქცა პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური მოწოდებები, ასევე ლანძღვა-გინება და პირდაპირი, თუ ირიბი მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც მისგან და მისი “მიმდევრებისგან” განსხვავებული აზრი გააჩნია და თან, ამას ღიად აფიქსირებენ. სამწუხაროდ, ამას მხოლოდ მეუფე სტეფანესგან არ ვისმენთ, დღითიდღე ვლინდებიან ეკლესიაში “კაიბიჭები” სასულიერო პირების სახით…
– ჩვენ გვახსოვს ის სიტყვები, რაც მეუფე სტეფანემ გამოიყენა დედა სოსანას მისამართით. არ ვიცი, რომელი ქართველი თავმოყვარე მამაკაცი, რომელსაც ჰყავს დედა, და, მეუღლე, თუნდაც ქალიშვილი, მოუსმენდა მშვიდად იმ სიტყვებს. ასეთი აგდებული დამოკიდებულება მხოლოდ ქუჩური ე. წ. “ჩაცუცქული” მენტალობის ვულგარულ ადამიანებს ახასიათებთ. ის ჩოხოსნები, თუ ვაჟკაცები იყვნენ და მამაკაცური თავმოყვარეობა გააჩნდათ, აი ეგ ფაქტი უნდა გაეპროტესტებინათ! ქუჩური მენტალობა ყვავის ეკლესიაში. ცოტა ხნის წინ, მხედრიონელმა მღვდელმა, თეიმურაზ ბერიშვილმა “იღაღადა” ბიბლია კრძალავს პოლიციასთან თანამშრომლობას, ანუ “ჩაშვებასო”. რომ ჰკითხო, ბილწსიტყვაობას გმობენ, გააჩნია საქმე ვის ეხება. ამას წინათ ტვ “იმედზე” აჩვენეს სიუჟეტი, სადაც ვითომ “ეკლესიასთან მებრძოლებს”, თეოლოგებს ამხელდნენ ბილწისტყვაობის ცოდვაში. სხვა საქმეა ის, რომ ვიღაც ყველა ანაფოროსანი თავის თავს ეკლესიას უწოდებს და ქრისტეს სახელით უბადრუკ კეთილდღეობას იწყობს. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ბილწისტყვაობაზე რომ გაამახვილეს ყურადღება, რა გამოდის, ბილწი სიტყვის წარმოთქმაა ცოდვა და ბილწი ცხოვრება, ბილწი გული და სული, ქვეყნის ინტერესების გაყიდვა, ქრისტეს სახელით სპეკულიანტობა, ქორ-ვაჭრობა, მრუშობა (რასაც მრავლად აქვს ადგილი მაგ ორგანიზაციაში, რაც სუს-ის კრებსებიდანაც კარგად ჩანს. იმ სუს-ის კრებსებიდან, რომლის შედგენაც პირდაპირ ამათი ბელადის, ივანიშვილის დავალება იყო) და სხვა მრავალი რამ, არ არის ცოდვა?! იგივე დარღვევაა, როცა ვხედავთ, ეპისკოპოსები და მღვდლები, როგორ ექცევიან ჟურნალისტებს?! როგორ ელაპარაკებიან?! თუნდაც, მეუფე ანტონი ბულუხია, რომელმაც ხელი ჰკრა ჟურნალისტს. ჯერ ერთი, ჟურნალისტები ყოველთვის წარმოადგენენ ხალხს. ასე რომ, ისინი ხალხს ესაუბრებიან ასე, აგდებულად, ზემოდან ყურებით. მით უმეტეს, რეალურად მომხდარ მოვლენებზე და ფაქტებზე მათ აქვთ ყოვლად არაადეკვატური, გაღიზიანებული, აგრესიული კომენტარები. უარეს შემთხვევაში, ხელის კვრასაც არ ერიდებიან. ეს რა ადამიანობაა?! რომც ცილისმწამებლური და ყოვლად რეალობას აცდენილი (ამდენად შეურაცხმყოფელი) იყოს შეკითხვა, ასეთი საუბარი შეიძლება?! აი, მაგალითად, მეუფე პეტრე ცაავას, “ობიექტივის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: “თქვენი შვილი რამდენი წლისააო?” ადამიანი ბუნებაში არ არსებობს და ეს ასეთ კითხვას სვამს, მაგრამ მეუფემ კი არ დაამცირა ეს ჟურნალისტი, ან უხეშად კიარ მიმართა, არამედ, სრულიად თავდაჯერებულად, ისე როგორც მართალ ადამიანს შეჰფერის, გასცა ღირსეული პასუხი. ამით მან პასუხი გასცა იმ ხალხს, რომელიც მისი კომპრომეტირებით არის დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი პასუხსაც არ იმსახურებდა, ჩემი აზრით, ეს არის კულტურა, ღირსება, პატიოსნება!ოდითგანვე ასე იყო, ბიბლიაშიც სულ ამაზეა საუბარი. ცრუ ღმერთები, ცრუ გმირები, ცრუ ფასეულობები და ცრურწმენები. ჩვენც ყველაფერი ცრუ და ყალბი ავიტაცეთ, გავაფოფინეთ, ნამდვილი კი ვდევნეთ, გადავაშენეთ. ჩვენ სინამდვილე არ გვინდა დავინახოთ.. გვეშინია, ამიტომაც გვინდა დავადუმოთ ის ჟურნალისტები, რომელთა ბაგითაც სიმართლე ლაპარაკობს, ამიტომაც გვინდა დავუმტვრიოთ კამერები იმ ოპერატორებს, რომელთა თვალითაც სავალალო, უბადრუკი და მახინჯი სინამდვილე მოსჩანს, ამიტომაც (თავად თვალებდაბრმავებულები) ვუთხრით თვალებს და ვანთხევინებთ ტვინებს ადამიანებს, რომლებიც იმ თვალებით დანახულ ჩვენს მახინჯ და უბადრუკ ყოფიერებას ამხელენ, ყოფიერებას, რომლის შექმნაშიც თითოეულ ჩვენგანს მიგვიძღვის ბრალი.
– უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე?!
– საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან. ლოზუნგებიც აუფრიალებიათ: “არც ერთი წამი ქრისტეს გარეშეო” და საკითხავია, მართლა, სად არის ქრისტე?! კეთილდღეობაში თუ ტანჯვაში?! საეკლესიო საკითხავებში წერია იუდას მიმართ: “საწყალობელო იუდავ, თუ სიმდიდრე გიყვარდა, რისთვის დაემოწაფე სიღარიბის მასწავლებელს?!” სიმდიდრის სიყვარული არნახულად ფესვმოკიდებულია ეკლესიაში. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ჩუქნიან ექვსნიშნა ფასების მქონე ჯიპებს სამღვდელო პირებს და რაც არ უნდა არგუმენტები მოიშველიონ, ამის გამართლება აღარ გამოვა. რადგან ყველა არგუმენტი ამოიწურა. ეს ორგანიზაცია უკვე ყარს და თვითონვე ამოიჭამს თავს უახლოეს მომავალში, რადგან განგრენა თავს ვეღარ მალავს და ეს არის ძალიან უსუსური არგუმენტი “თქვენს გულებში ჩაიხედეთ!” პატიოსანი ადამიანები წელებზე ფეხს იდგამენ, შრომობენ, მაგრამ ამოდენა თანხას მთელი ცხოვრება ვერ აგროვებენ. საინტერესოა, რატომ ჩუქნიან?! რა დამსახურებისთვის?! ბატონ ზვიად გამსახურდიას, გვახსოვს, ის ერთი “მერსედესი” არ შეარგეს და ამათ ასეთ გაფაშფაშებას კარგად “აპრავებენ” ყოვლად უსაფუძვლო არგუმენტებით.
– რადგანაც ეროვნული მოძრაობის პერიოდს შევეხეთ, ეკლესიის პოზიციებზეც ვისაუბროთ და ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილოთ, ეროვნული მოძრაობის დამხობის შემდეგ, როგორ “დაუფასდათ” სასულიერო პირებს თავიანთი “თავდადება”, ანუ რა შედეგები მოიტანა ამ ყველაფერმა შემდგომ წლებში?!
– “კა.გე.ბე”-ს მუდამ ეშნოდა, ეკლესია ეროვნული მოძრაობის გვერდით არ დამდგარიყო და ასეც მოხდა. პუტჩის დროს, ვიცით, ეკლესია რომელ მხარესაც იდგა. შევარდნაძემ ეს დაუფასა საპატრიარქოს და კონკორდატის ოფიციალური გაფორმების შემდეგ, სასულიერო პირებს ოქროს ხანა დაუდგათ იმ თვალსაზრისით, რომ არნახულად სასათბურე პირობები შეექმნათ. იერემია წინასწარმეტყველი უსამართლოდ აღზევებულებზე, ბიწიერ დიდებულებზე და პამპულა მღვდელმსახურებზე წერს: “გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც დაწინაურდნენ”. ჩვენს რეალობაშიც იგივე ხდება, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი მღვდელს (რაოდენ ახალგაზრდაც არ უნდა იყოს) ყველა ადგილს უთმობს. განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ ყველგან. მღვდლის საქმე საქმეა და დავუშვათ, მასწავლებლის, ექიმის, ჟურნალისტის, ფიზიკოსის, ლირიკოსის, გინდაც დიდხელება გლეხის საქმე, საქმე არ არის?! რატომ იმათ არავინ ეთაყვანება?! ხალხი ვიცი, განსაკუთრებით ვაჭრები, მღვდლებს ფულს არ ართმევენ, ანდა ნახევარ ფასში აძლევენ საქონელს. მათხოვარს არ დაეხმარებიან, ქვრივ-ობოლს, მოხუცებულს, დავრდომილს, ავადმყოფს არაფრად აგდებენ. არ მესმის, ახლგაზრდა კაცს, ჯან-ღონით სავსეს, რატომ უნდა დაუთმო ადგილი, მარტო იმიტომ, რომ მღვდელია?! ახლა ამით რას გამოხატავენ?! ქრისტეს სიყვარულს?! და იგივე ქრისტე ვერ იტანდა ფარისეველ მღვდლებს და გაჭირვებულთა დახმარებას ქადაგებდა! ამათ, ქრისტესთან საერთო რომ ჰქონდეთ, ჯიბეს კი არ გაიშვერდნენ და მისი სახელით ისპეკულიანტებდნენ, არც შეიფერებდნენ ხალხის ასეთ დამოკიდებულებას, პატივს (არაჯანსაღს). ერთი წმინდა მამა ამბობს: “ეკლესიის ყველაზე დიდი დევნა მაშინ იწყება, როდესაც ის არ იდევნება, ანუ როდესაც ის დიდებასა და პატივშია. მაშინ ის თავად იწყებს დევნას თავის შიგნით, თუ გარეთ და კარგავს ორგანულ კავშირს ქრისტეს სხეულთან, ანუ ხდება სხეული თავის მიერ გაფეტიშებული პიროვნებისა”.
ერთი მწერლის სიტყვებია: “რა ფასი აქვს ოქროში ჩასმულ ტაძარს, თუკი იქამდე მისასვლელი გზა მათხოვრებით იქნება დაფარული?!” ჩემი თაობის ახალგაზრდები ეკლესიაში რომ მივედით, რა გვხიბლავდა?! რა გვიზიდავდა?! ვეძებდით ცხოვრების აზრს და ეს აზრი გვერჩია თავად ცხოვრებას. ვკითხულობდით წმინდანთა ცხოვრებებს: აი, ვიღაც დიდგვაროვანი იყო, ფულიც ჰქონდა, წარმოსადეგობაც, განათლება იმ დროისთვის შესაფერისი კარიერა, კეთილდღეობა, დიდება და პატივი არ დააკლდებოდა, ერულ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ყოველივე მტვრად და ნაგვად შერაცხა, მიაფურთხა და წავიდა. სად წავიდა?! რა აირჩია?! უპატივობა, უპოვარება, შევიწროება, დამდაბლება, დევნა, შეურაცხყოფა (ზოგჯერ სიკვდილიც და ტანჯვა-წამებაც), ჩრდილში ყოფნა… ასეთები ბევრნი იყვნენ ეკლესიის ისტორიაში. “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”, რომ წერია ზენონზე “მზეჭაბუკივით იყოო”, ფეოდალი, ყველაფერი გაანიავა, ღარიბ-ღატაკებს მისცა, “სისხლის დათხევის ტოლფასია ქონების დატოვებაო”, წერს ავტორი. უკეთ რომ ვთქვათ, სიცოცხლის დათმობის ტოლფასიაო ლამის. აი, ეს გვხიბლავდა მაშინდელ ახალგაზრდებს კეთილდღეობის ნაცვლად სივალალეს რომ ირჩევდა ხალხი, უფრო დიდსა და ნამდვილს, სულიერ რეალობას. ახლა კი რა ხდება?! “ახალგაზრდებს გახედვა არ უნდათო ეკლესიისკენ”, ეს არის დიაგნოზი, ეს ახალგაზრდები რომ უყურებენ, ვიღაც საშუალოზე დაბალი ნიჭის და ტლანქი გრძნობა-გონების მქონე, თანამედროვე რიგითი ყვარყვარეები ეკლესიას როგორ ეფარებიან იმისათვის, რომ იოლად აღზევდნენ, გაძღნენ, გაზულუქდნენ, ზემოდან იყურონ და თავიანთ პატივმოყვრულ კომპლექსებს გასაქანი მისცენ, ღარიბი დაჩაგრონ, დათრგუნონ, იხვეჭონ და განდიდდნენ ამაოებით, აი, ამ ვულგარული მატერიალიზმის შემხედვარე ახალგაზრდები, ცხადია, იმათ მიმართ გამოხატავენ მეტ სიმპატიას, ვინც დატოვა ეს ორგანიზაცია, ან ამ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოგდებული (არანამდვილი ცხოვრების ტლანქ ტყუილს, თავისი ნების ნაზი სიმართლე რადგანაც ამჯობინა), არათუ მიაშურა და იქ წილი დაიდო, არავის არ აინტერესებს და არ სვამს კითხვას: რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობას?!
– უსახარებობა გვჭირს?!
– სწორედ, სახარებიდან ვიცით, იესო ქრისტეს მოციქულები ეკითხებოდნენ: “ვინ იქნება ჩვენს შორის პირველი, ოღონდ აქ კი არა, ამ ამაო წუთისოფელში, არამედ იქ, ზეციურ სასუფეველშიო”. ქრისტეს ტაში არ დაუკრავს მოწაფეთათვის ამ ამბიციების, ასე აშკარად გამოხატულების გამო, მაგრამ ღმერთი იყო და გაითვალისწინა ადამიანის ბუნების თვისება, ყველასგან გამორჩეული რომ უნდა იყოს, განსხვავებული. მან არ დაგმო მათი ეს პირველობის ვნება, მაგრამ მიუთითა გზა ამ პირველობის მისაღწევად: “ვისაც უნდა თქვენს შორის პირველობა, იყოს ყველაზე უკანასკნელი (ყველას მსახური), ხოლო ვის უნდა რომ იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური?” აქეთ ცდილობს ყველა, სხვები მოიმსახუროს და თვითონ იოლად იცხოვროს. წარმოიდგინეთ, ამ მოწაფეებს რომ ეკითხათ, ამ ცხოვრებაში, ვინ ვიქნებით პირველნიო და აღზევება მოესურვებინათ, თბილ სავარძლებში წამოსკუპება, ფეშენერებელურ და კომფორტულ აგარაკებზე, ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენება, სუფრის თავში, ანდა კიდევ, გაბზრიალებულ ჯიპებში წამოჯდომა, რას ეტყოდა მათ ქრისტე?! ან რა უნდა ეთქვა?! ჯერ კიდევ დავით მეფსალმუნე ამბობდა: “ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ჩვენისათა ვხადოდით”. ახლა ეტლები და ჰუნები აღარაა მოდაში, მაგრამ არსი იგივეა! ნუთუ, დღევანდელ “სულის კაცებს” და მათ მრევლს ჰგონია, რომ მარხვებში ასატრინას მწვადებით, ლამაზი და კოხტა ძოწეულებითა და ბისონებით, რბილი და თბილი სავარძლებით, ადრე ეტლებით, ახლა კი უზარმაზარი ჯიპებით, ასევე ლამაზად, კოხტად და რბილად შევსრიალდებით ცათა სასუფეველში?! ჩვენ ღმერთი გასტრონომიულად გვესმის და ჩვენი ლოცვებიც მატერიალისტურია! დავით მეფსალმუნე წერს: “ლოცვა მათი ცოდვად შეერაცხა მათ”. ამას წინათ რაღაც ისტორიას ვკითხულობდი სასწაულთმოქმედ ხატზე. დაატარებდნენ ამ ხატს და უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო. ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ კიდეც, რომ მიახლებოდნენ, მუშტი-კრივი ჰქონდათ ლამის გამართული, ინციდენტებსაც კი ჰქონდა ადგილი. განა რას შესთხოვდნენ ამ სასწაულთმოქმედ ხატს?! თხოვნები ურიცხვი იყო, მაგალითად: “გამათხოვე ფულიან კაცზე; ვიღაც კონკურენტები მომაშორე თანამდებობის “დათრევის” გზაზე; იაფად მაყიდინე, სარფიანად გამაყიდინე; კაზინოში მომაგებინე; უსაფრთხოდ მომაპარინე; ჩემს ქათამს ოქროს კვერცხი დაადებინე; შენ დააქციე კალმახელიძეების ოჯახი; ჩემი კრიმინალი შვილი ციხიდან გამოაშვებინე და ა. შ. და ა. შ.” ნუთუ ასეთი თხოვნებით უნდა შეაწუხო ღმერთი?! მაშ რაღაგასაკვირია, მავანი რომ იტყვის ხოლმე, ნიშნის მოგებით და გამოჯავრებით: “აგე უყურე რამოდენა ხალხი აწყდება ტაძრებსო”. თუკი, ღმერთი ასეთ თხოვნებს უსრულებს ხალხს და ამისთვის დადიან, მაშინ რა გასაკვირია, რომ ტაძრები სავსე იყოს?! ადამიანთა უაზრო (ამაო) სურვილებსა და ამბიციებს რა გამოლევს?! ჩვენი ქრისტიანობაც, გამოდის, რომ საბოლოოდ, კუჭზე დადის! ხშირად შემიმჩნევია, მაღაზიებში დაანთებენ კანდელს, აკმევენ საკმეველს, რომ წარმატებულად გაყიდონ “ტავარი” აღებ-მიცემობის, თხოვა-გათხოვების და ა.შ. საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, ხომ იღბალია საჭირო?! ჩვენი ღმერთიც იღბალია, სარფია, ხეირია, საბოლოოდ, ფულია! უახლოეს წარსულში გავრცელდა ინფორმაცია: “წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი დაიკარგაო” და მერე ისევ უპოვიათ. თვითონ მას (ანუ სპირიდონს) დაუბრუნებიაო, როგორც იუწყებიან. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა რამდენიმე სამაკლერო ფირმაში მომიწია მისვლა, ბინის გაქირავებასთან დაკავშირებით და სუყველგან აქვთ ჩამოკიდებული სპირიდონის ხატი. ვერ ვიცანი თავიდან და გამიკვირდა, ეს ვინაა და აქ რატომ უკიდიათ-მეთქი და მერე გამახსენდა, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მინისტრად უქცევიათ ლამის ეს კაცი. ამ სფეროში წარმატება, სარფი, ხეირი, ფინანსურ-სამახინაციო ამბები, რატომღაც, მასთან დაუკავშირებია მორწმუნე ქართველ ერს. აგერ წერია ინტერნეტშიც: “წმინდა სპირიდონს ევედრებიან სამსახურთან, ფულთან, სტაბილურობასთან და მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში დასახმარებლად!” თან, იქვე მიუწერიათ, თითქოს თავს იმართლებენო: “გახსოვდეთ, რომ კეთილდღეობის თხოვნა არ არის ცოდვაო”. აბა რა არის?! იყიდე, გაყიდე, მართლა ქარვასლა ხომ არ არის?! ვაჭრობად გვაქვს ქრისტიანობა გადაქცეული და წმინდანებს ვაწუხებთ ჩვენი მეშჩანური (მერკანტილური) თხოვნებით.
– გარდა ამისა, ხომ არსებობს გარკვეული შეხედულებები უფლის მსაჯულობასთან დაკავშირებით… ხშირად გვესმის გაბრაზებული ადამიანებისგან ფრაზები: “ღმერთი დაგსჯის”, “სადაა ღმერთო შენი სამართალი” და ა.შ.
– დიახ, არსებობს მცდარი შეხედულებები ღმერთის მსაჯულობასთან დაკავშირებით. თუკი, ქერის ორმოში ჩავვარდით, ღმერთი ჩვენსკენ ყოფილა და ჩვენისთანები ჰყვარებია, თუ არა და თუკი, ვიღაცას ტრაგედია დაემართა, არ ჰყვარებია ეგ ღმერთს, დაუსჯია, პირი უბრუნებია მისგან. ვინ გვგონია მართლა ღმერთი?! სადამსჯელო ორგანიზაციის უფროსი?! ძველმა ნორმალურმა ხალხმა შეადგინეს ლოცვების კრებულები და იქ საერთოდ არ არის ეს ვაჭრუკანული თხოვნები, არამედ, მხოლოდ სულიერ სარგებლობასთან დაკავშირებული სურვილებია გამოთქმული.
– დღეს ჩვენი სამღვდელოება და მათი მრევლი შეშფოთებულია და მე ვიტყოდი აღშფოთებული იმით, თუ რატომ განიკითხავენ და ამხელენ მღვდლებს გარკვეული შეხედულებების ადამიანები და რომ ეს მკრეხელობაა, მიუტევებელი ცოდვა და ა. შ. ერთი საკითხია, არის, თუ არა ეს ბრალდებები, მხილებები, სამართლიანი, ობიექტური და ადეკვატური და მეორე საკითხია: დავუშვათ, რომც არ იყოს მხილება სამართლიანი, ეს წყველა-კრულვა და სიძულვილის გამოხატულება მათი მხრიდან, რამდენად გამართლებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რამდენად ქრისტიანულია. ამ მამხილებელი ადამიანებისგან ისინი მოითხოვენ მიტევების უნარს, გაგებით მოკიდებას, სიმდაბლეს, სიმშვიდეს, მყუდროებას, მოთმინებას და საკუთარი თავებისგან არ მოითხოვენ, სად არის ამ სასულიერო პირების სიმდაბლე და მიტევება. დიახ, სიმდაბლე, რომელიც ყოველგვარი სიკეთის წყარო და საფუძველია?! ჯერ ერთი, მართლა, რომ არ მეზღაპრეობდნენ და ნამდვილად ჰქონდეთ ღმერთისგან მინიჭებული ძალა და დავუშვათ, სასწაულებს აღასრულებდნენ, მკვდრებს აცოცხლებდნენ, ავადმყოფებს კურნავდნენ, მაშინაც არ უნდა ამპარტავნებდნენ, რადგან ყველა სიკეთის მტერია ამპარტავნება. რა ღირსებას მიიჩნევენ თავიანთ პირად საკუთრებად?! რა ნიჭებს ფლობენ სხვებზე მეტად?! თუ ხელდასხმის მადლი მიეცათ, ანუ მეტი მიეცათ, მეტიც ხომ მოეთხოვებათ?! უნდა შიშობდნენ, რომ ის ნიჭი, რაც ღმერთის საკუთრებაა და არა მათი. დასაღუპად რომ არ ექცეთ წესით, ამ მამხილებლების მადლიერნიც კი უნდა იყვნენ, რადგან ისინი არ აძლევენ მოდუნების, დაცემის საშუალებას და მუდამ ფორმაში ყოფნას უკარნახებენ. ზოგიერთები სიტყვებითაც ვერ ბრძნადმეტყველებენ და რომც დიდ სიბრძნეებს ღაღადებდნენ, თავიანთი ცხოვრებით და საქმით უნდა გვასწვლიდნენ უპირველესად, რადგან სულში საქმით ნასწავლი იკიდებს ფეხს და არა ოდენ სიტყვით! შეუძლებელი საქმეების შესრულებას ჩვენ გვთავაზობენ და თავად სიტყვით ნაქადაგებს საქმით არ ამტკიცებენ! ვხედავთ, ირყვნება ჩვენს თვალწინ ეკლესია, ამათ კი მხილების სიტყვის მოსმენა არ სურთ. კიდევ, ისეთი პათეტიური სიტყვების და კომპლიმენტების მოსმენა სიამოვნებთ, რომლებიც მათ პატივმოყვარეობას აფუფუნებს და ატკბობს. სხვათა შორის, ეს მამხილებლები ჩვენი ექიმები არიან, რომლებიც, მართალია, გვტკენენ, მაგრამ ჯობია, ცოტათი მოვითმინოთ და გამოვჯანმრთელდეთ, ვიდრე, ამ ტაშისკვრებითა და ზღვარგადასული ხოტბა დიდებით დავიღუპოთ. არანაირი სარგებლობის მომტანი არ არის ეს მლიქვნელური ქება დიდება (არავისთვის!), რომელიც მათსავე ქედ-მაღლობის წისქვილზე ასხამს წყალს და ვნებებს არათუ აცხრობს, არამედ, აშლეგებს. ნელა იყვნენ, ამ ტაშისკვრის ხმაურმა არ ჩაახშოს მათში მათივე სინდისის ხმა. ასე რომ, მხილება უსიყვარულობას არ ნიშნავს, პირიქით. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: “ქებას და დიდებას ადამიანთაგან კი არ უნდა ვეძიებდეთ, არამედ, წესად დავადგინოთ: ყველაფერს ისე ვაკეთებდეთ, როგორც ღვთისთვისაა საამო და მის სიყვარულს ვეღირსოთო”. მრევლი, რომელიც ამართლებს (“აპრავებს”) მაღალი სასულიერო იერარქების (ხაშურელი იქნება თუ სურამელი, არ აქვს მნიშვნელობა) ასეთ გაზულუქებას, გამდიდრებას, გაპოხვას და გასუქებას, იმ ვითარებაში, როდესაც ირგვლივ უამრავი ბავშვი შიმშილობს და ავადდება უსახსრობისგან, კვდება, რადგანაც მკურნალობის ფული არა აქვთ მათ ოჯახებს, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი მრევლი უსინდისოა, უსულ-გულო, ქრისტიანობის გაგებაში არმყოფი და ხელს უწყობს იმ პროცესს, რასაც ეკლესიის საბოლოო ნგრევა, ლპობა და გახრწნა ჰქვია, რადგან უსინდისო საქციელია უსინდისო ადამიანების დაცვა. აი, მე მათ დავუსვამ კითხვას და მიპასუხონ: “მათი არასრულწლოვანი შვილი (ბიჭი, ან გოგო), რომ მივიდეს ტაძარში და რომელიმე ანაფოროსანმა სხვანაირი ურთიერთობა შესთავაზოს, უკადრებელი აკადროს, ხოლო, თუ ამის გამო აღშფოთდა, მოკვლით, ან დივერსიით დაემუქროს, როგორ მოიქცეოდნენ?! არ განიკითხავენ?! ამ კრიმინალში გადასულ აღვირახსნილობაზე დადუმდებიან?! თუ ჰგონიათ, ჰალუცინაციები აწუხებს მეუფე პეტრეს?! ერთხელ მაინც არ დაუსვამთ კითხვა, რომ: დეკანოზი მამალაძე მაღალი იერარქის სექსუალურ აღვირახსნილობას ემსხვერპლა, თუ არ აინტერესებთ სხვისი შვილების ბედი?! და ქრისტიანობას ქადაგებენ?! სირცხვილია, აი, ასეთი ქრისტიანობა და მართლმადიდებლობაა სირცხვილი! მავანისგან გავიგონებთ: “ჩემი მამაო კარგი და სუფთა კაცია. გასაგებია, რომ ისეთ ქმედებებს ყველა არ სჩადის, რასაც სუს-ის კრებსებში აქვს ადგილი გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან, მაგრამ სასულიერო პირები, რომელთაც იციან ფაქტები და “არა განიკითხოს” რაღაც ლაჩრული ნიღბით ამართლებენ ირგვლივ გამეფებულ სიმახინჯეს, ამით იცავენ თავიანთ მდგომარეობას და კომფორტს, ხოლო მართლმადიდებლობას მტრობენ?! მბობენ, ეკლესიურები ვართო და ცოდნა მიგვიღიაო, რომელი წმინდანი იციან ქრისტიანობის ისტორიაში, რომელიც არ ამხელდა უზნეობას, უკეთურებას და “არა განიკითხო”-ს მოტივით დუმდა?! ამ წმინდანების უმრავლესობა, სწორედ, სიმართლის თქმისთვის ეწამნენ! ეს ისე, ცნობისათვის. ამათნაირად რომ ეაზროვნათ, ასი წელი იცოცხლებდნენ.
– სასულიერო პირების მხრიდან მრევლის მიმართ დამოკიდებულება ასე, თუ ისე გარკვეულწილად უკვე გასაგებია, მაგრამ რა სურათი გვაქვს პირიქით, მრევლის მხრიდან მოძღვრების მიმართ დამოკიდებულებაზე?!
– მრევლის მხრიდან, არც, თუ იშვიათად ვხვდებით არაჯანსაღ დამოკიდებულებას მოძღვრების მიმართ. ამას წინათ მამა ათინოგენეს საუბარს მოვუსმინე, ვიღაც მღვდელს (ადგილობრივს, მოქმედს), რომელიც მომსწრე იყო იმ უსამართლობისა, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდა და არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს, სამაგიეროდ მრევლისთვის უთქვამს: “არ ვარ მე კარგი კაცი, არამედ ნაგავი ვარო!” და რა რეაქცია მოჰყვა ამ სიტყვებს მის მრევლში?!” – ცრემლი დაუღვრიათ, გული ასჩუყებიათ და შეუქიათ: “ნახეთ, როგორი თავმდაბალი გვყავს, ჩვენი ტკბილი მამაოო”. მამა ათინოგენემაც გაუსვა ამას ხაზი და მეც ვიკითხავ: ნუთუ ადამიანში სხვა აღარაფერია მოსაწონი და აღსაფრთოვანებელი?! “ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან”. (2 ტიმ. 3, 12-13). რაც კი ბიბლიაში წინასწარმეტყველები არიან, ყველანი იყვნენ დევნილნი სიმართლისთვის, რადგან ამხელდნენ ხელისუფლების მაამებელ მღვდლებსა და ცრუწინასწარმეტყველებს, სარფიანი გასამრჯელოს ფასად რომ ატყუებდნენ ხალხს, ვითომდაც ყველაფერი კარგად იყო ქვეყანაში და ნამდვილ რეალობას უმახინჯებდნენ. მართალი წინასწარმეტყველები კი თავიანთი სიმართლის გამო, რაც თვითონ აირჩიეს, ან უფალმა დაავალათ (და არჩევანი უფლის ხმის წინაშე არ არსებობს), სულ იჩაგრებოდნენ. რა ნახეს ხეირი ამ თავიანთი სიმართლით ამ ქვეყნად, შარის გადაყრის, ტანჯვისა და წვალების გარდა?! პავლე მოციქულისა არ იყოს: “განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით”. (2 კორ. 11,25-27). ასეთია სახიფათო და ეკლიანი სიმართლის გზა. ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც. ეს გზა გაიარა ყველა წმინდანმა, რადგანაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ვახსენე, იმათთაგანაც ბევრი შესთხოვდა ღმერთს, გაეყვანა ამ საშინელი და უსამართლო საწუთროდან, რადგან ადამიანები იყვნენ ისინიც და სწყინდათ, სიკეთისთვის ბოროტებით, რომ უხდიდნენ გონებადაბინდული ადამიანები. ელია ეუბნებოდა კერპთაყვანისმცემელ ხალხს: “თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით”. ღმერთმა გაგვინათოს გონება და აგვარჩევინოს ნამდვილი ღმერთის თაყვანისცემა და არა კერპებისა.
– ეკლესიაში არსებულ კერპთაყვანისმცემლობაზე, არაერთი სასულიერო პირი, თუ თეოლოგი საუბრობს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?!
– ჩვენი მრევლი დღეს ბრბოდ არის ქცეული. კერპები ჰყავთ, ფულისა და ძალაუფლების მქონე კერპები და მათი თაყვანისცემა მათთვის კომფორტულია, რადგან აღზევებული და ზემოდან, გაპიარებული კაცის სოლიდარობას რა უნდა?! მლიქვნელობას უფრო სწორად! ესენი გმირს ვერასდროს დაინახავენ, ვერ იცნობენ, რადგან მსგავსი, მსგავსით აღიქმება, ამათი ღმერთი ფულიანი, უკაცრავად და “გავძეხი” ძია ავთანდილოვიჩია, რომელსაც ადამიანები ნახირი ჰგონია და რაც უფრო დააშინებს, დაჩაგრავს ხალხს, მით უფრო ეთაყვანებიან. აი, ასეთი ბრბო გადიადდა. რილკეს უწერია მგონი: ბრბოს ადამიანს საკუთარი სახე არა აქვს, საერთოდ არა აქვს სახე, იგი უსახოა და როცა აზვირთდება, მზად არის გასწიროს ყველაზე სუფთა. ცალ-ცალკე უძლურნი არიან, მაგრამ როცა უმრავლესობაში გაძლიერდებიან, გაიმაგრებენ ზურგს, გული მოეცემათ და აზვირთდებიან, მოიმარჯვებენ “ეშმაკის ქვას” იმ სუფთას და განსხვავებულის ჩასაქოლად, მარიტასი არ იყოს. და აი, ამ ღვარცოფივით მოვარდნილი, საბედისწეროდ წამლეკავი ბრბოს წინაშე უძლურია თავად ღმერთი!
– ფაქტია, რომ ასეთები მრევლის უმრავლესობას წარმოადგენენ…
– ამ მრევლის რაოდენობით იმუქრებიან სასულიერო იერარქები და კუნთებს ათამაშებენ. განა ქრისტე რაოდენობაზე მუშაობდა?! მართალია, იერუსალიმში რომ შედიოდა, როგორც მეფეს, მას ბევრი ხალხი ეგებებოდა შეძახილებით: “ოსანა, ოსანა!” განა ქრისტემ არ იცოდა, რომ იგივე ხალხი ძალიან ცოტა ხნის მერე დაიწყებდა აგრესიულ სკანდირებას: “ჯვარს აცვი ეგე!” ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც საპირიპიროს გაჰყვიროდნენ, მაგრამ მათი ხმა იხშობოდა და იკარგებოდა, როგორც კენჭი ოკეანეში, რადგან ასეთია ადამიანის ბუნება, აღზევებული, გაპიარებული და გამარჯვებული კაცის მიმდევრობა და ტაშის კვრა ძალიან ადვილია და მომგებიანი. განდევნილის, ზედმეტის, უცხოს, დამარცხებულისა კი “ძნელი და წამგებიანი”, ამსოფლიური თვალსაზრისით. საბოლოოდ, ქრისტეს ორიოდე ერთგული ადამიანიღა შემორჩა ჯვარზე, რადგან (ვიმეორებ) უმრავლესობაში ყოფნა, ძალიან კომფორტულია. დევნილ უმცირესობაში აღმოჩენის შიშს დამორჩილებული საბრალო ადამიანები ერთფეროვან, მაღალ-მორალური კრიტერიუმებისგან დაცლილ ყოფაში ითქვიფებიან. გოგოლი მინდა გავიხსენო. ერთი კრიტიკოსი წერდა, რომ მან პირველმა დაინახა ეშმაკის ნამდვილი სახე, ნიღბის გარეშე დაინახა მისი სრული სახე. საშინელი, არა თავისი განსაკუთრებულობით, არამედ, პირიქით, ძალზე ჩვეულებრივობით, ვულგარულობით. ის პირველი მიხვდა, რომ ეშმაკი არ არის შორეული, უცხო, უცნაური, ფანტასტიური, არამედ, ეს არის ძალიანაც ახლობელი, ნაცნობი, საერთოდაც რეალური. “ადამიანური, ძალზე ადამიანური” სახე. ეს არის სახე ბრბოსი! ყველას სახე, თითქმის, ჩვენივე საკუთარი სახე იმ წუთებში, როცა ჩვენ ვერ ვბედავთ ვიყოთ ის, ვინც ვართ და თანხმობას ვაცხადებთ ვიყოთ ისეთი, როგორიც ყველაა.
– როგორც ვიცი, ადრე ეკლესიაში მედავითნეობდით და თქვენც ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვისაც, განსხვავებული აზრის გამო ტაძარი დაატოვებინეს… რატომ?!
– დიდი ხნის წინ… ახლა, უკვე მეცინება, ჩემს შეხედულებებს მაშინაც, რომ არ ვმალავდი. დიახ, ეკლესიიდან გამომიშვეს, სადაც ვმედავითნეობდი. სასაცილო, თუ სატირალი კი ის იყო, რომ ლამის ერის მოღალატეობა დამწამეს და ეკლესიის მტრობა დამაბრალეს. არ ვიცი, რა იქადაგა მერე იმ მღვდელმა, მრევლის წევრები თვალს მარიდებდნენ. რა მინდა იცით ვთქვა?! აი, ვინც ასეთ ქმედებებს სჩადის, იმ ხალხს არავინ არ უყვარს! არც პატრიარქი და არც ეკლესია! წყალი, რომ შეუდგეს ეკლესიასაც (ამ შემთხვევაში ფიზიკურს, თორემ სულიერ ეკლესიაზე წარმოდგენაც კი არა აქვთ ბევრს და ან როგორ უნდა შეუდგეს წყალი “ჯოჯოხეთის ბჭენიც ვერ ერევიან” იმას, მართლა რომ ეკლესია ჰქვია) და პატრიარქსაც, დარწმუნებული ვარ, პირველი ეგენი ესვრიან ქვებს, ეს არის ფსიქოლოგია ბრბოსი, რომელსაც სახე არ გააჩნია. რომელიც, გადარჩენის ინსტიქტს აყოლილი, ყველა “პრობკას” ერგება და მოქმედებს დევიზით: ,,ПОКА ВЫ В СИЛЕ, Я ВАШ!” (“სანამ შენ ხარ ხელისუფლებაში, მე შენი ვარ” – ფრაზა ფილმიდან: ,,მივიწყებული მელოდია ფლეიტისათვის”)
– გამოცხადებული ღმერთი მიმართავს ერთ-ერთი ეკლესიის წარმომადგენლებს: “რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო”. (გამოცხ. 3, 18-19). ამ ბიბლიას, რომ თვალი მივადევნოთ, სულ მხილებაა. უზნეობის, უსინდისობის, ფარისევლობის, რა ვიცი, ბოდიში და, ათასგვარი გათახსირებულობის. არშეგუებაა ამ ყველაფერთან, ბრძოლაა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ჩვენ კი, ქრისტიანობა მცნებამდე: “არა განიკითხო” დავიყვანეთ და ისიც ჩვენსავ კეთილდღეობას მოვარგეთ. “რასაც მინდა, იმას ვიზამ, გადავახტები ყოველგვარ ზღვარს, არაფრად ჩავაგდებ ნამუსს, ადამიანობას, გავყიდი ქვეყანას, ღმერთს, ხოლო შენც სუ და მეც სუ! არ უნდა მამხილო, არ უნდა შემიშალო ხელი, მორჩა და გათავდა”. ჩვენ, ასეთი ქრისტიანობა ბიბლიაში არ წაგვიკითხავს, არ გვინახავს, ეს წიგნი ასე არ გვასწავლის?! მართლაც, რომ თვალებზე გვჭირდება საოლავის ცხება, რომ ლიბრი გადაგვეცალოს და დავინახოთ, ბოლოს და ბოლოს, სად არის სიმართლე! ადრე, მახსოვს, დედა სოსანას მიმართა უხეშად და ცინიკურად მეუფე სტეფანემ: “მეუფე პეტრეს სოლიდარობამ დაგღუპაო”. ნიშანი მოუგო ვითომ. ანუ, ეს არის ქვეყანა, სადაც, ადამიანს თურმე “ღუპავს” საკუთარი ღირსება და სიმართლე! ასე სჯის ამ, “ბოროტსა ზედა მდგომი”, სოფლის თავადი (და მისი ქვეშევრდომები) ქრისტიანობას და ნამდვილ ღირებულებებს! შიშისგან დათრგუნული, საზოგადოებისთვის, მრევლისთვის, რომელიც გადარჩენის ინსტრუმენტს ხედავს თვალთმაქცობაში, კონფორმიზმსა და შეგუებაში, უცხოა და დაუჯერებელი ვიღაცის მიერ უანგარო მსხვერპლის გაღება და განა რისთვის?! რაღაც ჭეშმარიტებისთვის. ანდერსენის ბიჭუნასავით, ვიღაცამ გაბედა (წილად ხვდა ეთქვა) და თქვა, რაც სხვებმაც იცოდნენ, რომ “მეფე შიშველია!” მაგრამ ამის თქმას გაბედულება სჭირდება და არა მარტო თქმას. მთავარეპისკოპოსი ამბერკი წერს: “ეკლესიის უმაღლეს იერარქებს ქრისტიანობის შესახებ ზერელე და არასწორი წარმოდგენა აქვთ. ეს კი კლავს სულიერ ცხოვრებას ქრისტიანულ საზოგადოებაში. სულიერ ცხოვრებაზე თითქმის, აღარავინ ფიქრობს, შემორჩა მარტოოდენ გარეგნული დეკორაციები, გარეგნულად კეთილშობილური ნიღბები. ხშირად კი აღარც ეს არსებობს. რადგან სრული უპრინციპობა და უმოქმედობა საკუთარ ვნებათა აშკარად მსახურებასთან ერთად გარეთაც ჟონავს და ადვილად შესამჩნევი ხდება მათთვის, ვისაც სინდისი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ვისთვისაც ყველაფერი ეს ძალზე მტკივნეულია. რაღა გასაკვირია, რომ მრავალი ჩვენს დროში, მოკლებულნი არიან რეალურ სულიერ ხელმძღვანელობას, გარშემო მხოლოდ საცდურებსა და უზნეო მაგალითებს ხედავენ, სრულიად სწყდებიან ეკლესიას და თვით ღვთის რწმენასაც კარგავენ. განა ეს ყველაფერი შეშლილობა არ არის?!
– მხილება და სიმართლის მხარეს დგომა განკითხვაა?! ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთები უმცირესობაში არიან…
– ერთი გაბედე, მტკიცედ და დაუფარავად ილაპარაკო ამაზე, რომ მყისვე მრისხანედ შემოგიტევენ და გეტყვიან: “შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ!” დიახ. განკითხვას ეძახიან, როცა ვინმე ზედმეტად სუფთა აღმოჩნდება იმისათვის, რომ ამ ჭაობს შეერწყას, მოერგოს და ჰარმონიულად იყიყინოს მის ორგანულ ბინადრებთან ერთად. თუკი, შეძრწუნდება, სიბნელეს არ დაარქმევს სინათლეს და სიცრუეს სიმართლედ არ და ვერ გაასაღებს, ამიტომ სასტიკადაც უსწორდებიან ასეთებს “ზედმეტებს”, “უცხოებს” მათი წიაღისთვის, როგორც განგრენას ისე იშორებენ, იკვეთენ დაუნანებლად. ასე გააგდეს, თავის დროზე ჩვენი ეკლესიიდან ბასილ კობახიძე, ვერ დააფასეს მამა გელასი და ზურაბ აროშვილები, ახლა კიდევ, გამოაძევეს მეუფე პეტრე, მამა ანდრია, ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები. ცხადია, პირველი არ ვარ, ვინც ამ შეკითხვას ვსვამ: განა ბევრი გვყავს ასეთები?! განათლებულები, ერთგულები, საღები, იდეალისტები, მამაცები?! სისტემა, რომელიც ასეთ ადამიანებს არ აფასებს, დევნის და უსულგულოდ წირავს და პირმოთნე, ყალბ, ჯანსაღი აზრის არმქონე, ანგარებიან პერსონებზე ამყარებს თავის ძალაუფლებას, თავადაც განწირულია დეგრადირებისთვის, სირცხვილისთვის და საბოლოო კრახისთვის!
მე პირადად, ქედს ვიხრი, იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც ჰყოფნით გამბედაობა, ბოლომდე თქვან სიმართლე. როდესაც მე ჩემს გულისტკივილზე და პრობლემებზე ვწერ, რომლებიც ჩემს ირგვლივ გულს მირევს, მე მაინც არ ვუთითებ გვარ-სახელს, თუ ვის ვგულისხმობ, მაგრამ მაინც მიხტებიან აქ და ყველა რატომღაც საკუთარ შეურაცხყოფად იღებს იმ ჩემს, ასე ვთქვათ, მხილებას (მტკივნეული საკითხის გაშუქებას), მიხტებიან და რისხვას მატეხენ თავს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, იმ ადამიანების ხვედრი, ვინც თავიანთი მხილების ადრესატებს უშუალოდ მიმართავენ, აკონკრეტებენ ვინაობას და აშიშვლებენ მათ პიროვნებას, მზაკვრულ განზრახვებს, მართლის თქმის პრინციპით?! “ავს, რომ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქვა?!” ასეთ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს სიმართლისთვის, წარმომიდგენია, რა დღეში აგდებს ბრბო. ალბათ, სახლებშიც უხტებიან და საცემადაც იწევენ, მოკვლითაც ემუქრებიან, ჯერაც არ უქნიათ ეგეთი რამ თუ რა?! ბოკაჩო, რომ ბოკაჩო იყო, რომელიც იმდროინდელ სასულიერო სფეროში გამეფებულ უზნეობას აკრიტიკებდა, იმ შუა საუკუნეებში, იმასაც კი ჰქონდა ადგილი საზოგადოებაში და არავის ჩაუქოლავს სიმართლისთვის და მხილებისთვის. აქ, ადამიანს, რომელიც ამ თემას შეეხება, არც გზა აქვს ამ ცხოვრებაში და არც კვალი. ალბათ, მენაგვის ადგილსაც ვერ იშოვნის. სირცხვილია ეს!
– “იყო და არა იყო რა, ლენინზე უკეთესი ვინღა იქნებოდა!” – ასე იწყება დღეს ზღაპარი. – ამგვარად ახასიათებდა მიხეილ ჯავახიშვილი 1929 წელს იმდროინდელ ქართული მწერლობის პათოსს. დღეს ლენინის ნაცვლად ვინც იგულისხმება, კარგად იცით თავად. ვითომ, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, ახლა ვართ რაღაც უარეს მარაზმში. ხალხი ერთმანეთს რომ უმტკიცებდა პარტიის ერთგულებას, ფორმალურად, რა თქმა უნდა, უზარმაზარი პორტრეტი, თუ არ გეკიდა კაბინეტში, ან სადმე, ცუდად იყო შენი საქმე. ყველას ეშინოდა პრივილეგიების, ფულის, სამსახურის, ლუკმა-პურის დაკარგვის, რადგან კერპთაყვანიმცემლობაზე იყო მიბმული სიცოცხლეც კი. ასეთ ტოტალიტარულ რეჟიმში, პარტიის განდიდების გზით მიიღწეოდა თანამდებობები, ჩინები, მედლები, “კომსომოლა” ტიპები, პარტიული და კარიერაზე დაგეშილი ადამიანები, მაბეზღარები, “დანოსებს” რომ დაარბენინებდნენ და ყველანაირ სიმდაბლეზე წამსვლელნი. ლენინის და პარტიის სახელით რომ ქადაგებდნენ, დიდ გულზე იყვნენ, მერე დროების შესაბამისად, ტყავი გამოიცვალეს, დროს მოერგნენ და ათეისტური კათედრიდან, თეოლოგიის კათედრაზე გადაინაცვლეს. კომკავშირობას ვერ, მაგრამ პიონერობას მოვესწარი. ყელსახვევს ყველა დასცინოდა, მაგრამ სავალდებულო იყო და ვიბნევდით. მასხარად იყო აგდებული უკვე ყველაფერი და ამიტომაც მოხდა მისი დანგრევა, მაგრამ საბჭოთა კავშირი კუბში ახლა არის, თუ არის. ამჟამად, ეკლესიის განდიდებაში ეჯიბრება ხალხი ერთმანეთს: პოლიტიკოსებს დოღი გაუმართავთ, გულში მჯიღს იცემენ, არავინ არ ცხოვრობს ეკლესიურად, არავის არ ახსოვს ქრისტე, უბრალოდ სჭირდებათ თავიანთი მერკანტილური მიზნებისთვის. პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მრევლია და ელექტორატის მოსაზიდად და თავის მოსაქონად მამაოებს ფულებს უხდიან ბიუჯეტიდან, ეკლესიურობა, პოლიტიკოსების მხრიდან გამოიხატება, მამაოებისთვის ფულების ჩუქებაში, სხვა არაფერში (აბა ქრისტეს მიბაძვაში ხომ არა?!), ისიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, უკიდურესად გაღატაკებული ხალხის ხარჯზე. მიდის ამაზრზენი კეკლუცი, ტრიპაჩობა ეკლესიურობით, რელიგიურობით, მამაოებისთვის ფულების ჩაჯიბვა, რათა გამოვიდნენ ამბიონებზე და მრევლი დაარიგონ, ვის მიცენ ხმა არჩევნებში! დასწყევლონ, შეაჩვენონ არასასურველი პიროვნებები. მათი დემონიზირება მოახდინონ, მორალურ-ფსიქოლოგიურად დაატერორონ მრევლი და ა. შ. ხალხი ყველას ნახირი ჰგონია, მიდის გაცხარებული ვაჭრობა ქრისტეს სახელით! გაიხრწნენ, ფულის მონებად გადაიქცნენ. ამ, ტოტალური უმუშევრობის ფონზე, ადამიანებს ეშინიათ სამსახურის დაკარგვის “მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში”, – წერია ფსალმუნში. ღმერთის არავის არ ეშინია, არამედ, გვეშინია ჩვენი “ორი კაპიკის” დაკარგვის. სიმწრით ვშოულობთ იმ “ორ კაპიკსაც”. უმრავლეს შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები ანაზღაურებაა გაწეულ შრომასთან შედარებით და იმასაც ებღაუჯება კაცი და ეს ჯიპიანი მამაოები იოლად ნაშოვნ ფულებს აბა როგორ დათმობენ?! ქერის ორმოებს, როგორ შეელევიან?! ამიტომ, ცოფიანებივით აგდებენ თავიანთი წიაღიდან და კეთროვანივით იშორებენ ყველას, ვინც მათ უზნეობას ამხელს და ფულის კეთებაში ხელს უშლის! „რის ქრისტე, რის სასუფეველი, ფულია ღმერთი!”
– ალბათ, მამხილებლებს იშორებენ იმისთვის, რომ დიდება და კომფორტი შეინარჩუნონ…
– იერემია წინაწარმეტყველი, რომ ადრიდა თავის ქვეყანას და ეკლესიას სამარცხვინო მეძავს, უკაცრავად და უკანალი, რომ წამოუხდია და სიშიშვლე მოუჩანს, ამათაც ასე ჰგონიათ, პატიოსანი ადამიანების მოკვეთით დაიფარავენ სიშიშვლეს და სირცხვილს. ჯერ იყო და ზვიად გამსახურდია გამოაცხადეს სატანად და მისი ტყე-ტყე დევნა და მოკვლა, რომ წააქეზეს (აკურთხეს) ეგონათ, “მსხვეპლი შესწირეს ღმერთს”. ასეც იყო, ოღონდ რომელი ღმერთი გააძღეს, ეს მათ იციან! მერე, კიდევ დეკანოზი გიორგი მამალაძე, უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებელი ბრალდებით ციხეში გამოამწყვდიეს. კაცი, სიკვდილს ებრძვის და უსულგულობის მეტს არაფერს ხედავს ამათგან. შემდეგ, ივერი მელაშვილისკენ გაიშვირეს ხელი და “ჰკა მაგასაო” დასძახეს. ახლა მიხეილ სააკაშვილს წირავენ, ჰგონიათ, ყველაფერი შერჩებათ. თავხედობენ კრემლით და დაზომბებული მრევლის მხარდაჭერით ზურგგამაგრებულები და გულმიცემულები. ჩვენ ვიცით, რომ მეუფე იობმა აგვისტოს ომის დროს ასეთი განცხადება გააკეთა: “თავად ღვთისმშობელი გვაყრიდა ბომბებს, რადგან ჩვენ გავბედეთ, წმინდა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაო”. 9 აპრილზე დღესაც რომ ქოთქოთებენ, “სისხლი დაიღვარა, განა ღირდაო?!” ასეთი კატეგორიის ხალხს ოკუპანტისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღიზიანებთ და ვითომ, სისხლი აღელვებთ. 9 აპრილს ჩემზე ცოტათი დიდი გოგონები დაიღუპნენ, მე გადავრჩი. იმის მერე, წლები გავიდა, მაგრამ ისე ვნატრობ ხოლმე მათ ადგილზე ყოფნას, ღმერთმა ისინი გამოირჩია. მავანთ, მათ შორის “სულის კაცებს” ჰგონიათ, რომ სიცოცხლის გადრჩენაშია “სიბრძნე”, ან კიდევ ზვიად გამსახურდიას თანამედროვენი, ვინც ცოცხალი დარჩა და ბევრმა ზურგიც უჩვენა, დაბერდნენ, დაუძლურდნენ, მათ შანსი გაუშვეს გმირად დარჩენის, ებღაუჭებიან ამქვეყნიურ რაღაცებს, არადა, ყველაფერი მთავრდება, ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი” ლამის ყოველდღე იმეორებენ ფსალმუნის ამ სიტყვებს “სულის კაცები”, არადა, ხორცს კი ირჩევენ, ოცნებობენ ფულზე, მატერიალურ სიკეთეებზე და რასაც ოცნებობენ, იმასვე ცხოვრობენ!
– ბევრ გმირს ინახავს საქართველოს ისტორია, როგორც რელიგიური, ასევე, პოლიტიკური მიმართულებით…
– საქართველოს ისტორიაში სულ ჩნდებოდნენ ადამიანები, ტრაგიკული გმირები, რომლებიც აგებინებდნენ ხოლმე თავის თანამედროვეებს თავისუფლების აზრს, რომ თავისუფლება ღირს სიცოცხლეზე ხელის აღებად. ამათ გვერდით იყვნენ კონფორმისტები, ვითომ, საღი აზრის და ლოგიკის დამჩემებლები. ერთი სიტყვით, ლაჩრები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მშვიდობა, თუნდაც ცარიელი, ღირს თავისუფლების დაკარგვად, მაგრამ “საღი აზრი, მუდამ სიფრთხილესთანაა დაკავშირებული და ეს კაცს ამცირებს”. რა ყრია ასეთ ფრთხილ ჭკუაში?! რა გვარგო ამ ე.წ. ლავირების პოლიტიკამ?! რა გვეტყობა ნარგების?! (ვგულისხმობ ერის მდგომარეობას და არა ცალკეული პიროვნებების კეთილდღეობას). აქ, სილაჩრეს დიპლომატიას ეძახიან. გადავხედოთ ისტორიას, რა მოიტანა კოჭის გაგორების პოლიტიკამ?! ეგორათ მაშინ კოჭები მტრებისთვის ამბროსი ხელაიას, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, გვარების დასახელება შორს წაგვიყვანს. კიდევ კარგი, რომ ბევრნი არიან და სულ მოდიოდნენ და მოდიოდნენ საქართველოს ისტორიაში და თუ ამ “ბოროტსა ზედა მდგარ” სამყაროს ვერ ცვლიდნენ, ადამიანობის მაგალითს მაინც ტოვებდნენ.
– წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში ადგილი ჰქონდა ლაჩრული მშვიდობის თემით მანიპულირებას, საზოგადოების ომით დაშინებას, რომ ვითომ, უკრაინელი ბავშვები კვდებიან და ირიბი მინიშნება, თითქოს მათი პრეზიდენტი არ ინდობს საკუთარი ქვეყნის ბავშვებს. დღეს არაერთი სასულიერო პირისგან გავიგონებთ უკრაინის ომის, ზელენსკის და უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს. თუკი, წმინდანების ცხოვრებას ვბაძავთ და მათ გვინდა მივემსგავსოთ, მაშინ, რაღატომ შეურაცხვყოფთ და ცილს ვწამებთ ჩვენს თანამედროვე გმირებს და მათგან განსხვავებით, რატომ ვებღაუჭებით ამ გაბითურებულ სიცოცხლეს?! რატომ ჩავიციკლეთ ამ ცარიელ მშვიდობაზე?! რა მშვიდობა?! ვისთან მშვიდობა?! – მტერთან და ეშმაკთან?! ბოროტებასთან ჰარმონია სად გაგონილა?! რომელი წმინდანის ცხოვრებაში ამოგვიკითხავს?! “ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვიროო”. აბა რა! თუ, საქმე სამშობლოს ეხება, უნდა დაუჩოქო, აქეთ პატიება სთხოვო შენი სამშობლოს მტერს და დამაქცევარს. დაემონო, ფეხები უკოცნო, ენამოჩლექით ელაპარაკო, ხოლო აბა ვინმე გადაგვიდგეს კარიერული აღმავლობის, ან ფულის შოვნის გზაზე და ჩვენს კომფორტს შეეხოს?! მეორე ლოყას მივუშვერთ კი არა, თავ-პირს გავუერთიანებთ. იქნება, გავისტუმროთ კიდეც ამ ქვეყნიდან. მშვიდობა იყოს და გაუშვი, იყოს რუსეთი. გაუშვი იყოს ჭაობი, სიბნელე, უსამართლობა. რაღატომ ვკოცნით წმინდანთა ხატებს, თუკი, მათ საქმეებს, მათ მსოფლმხედველობას, გნებავთ, კრედოს, ფეხქვეშ ვთელავთ?! რაში ეტყობა ჩვენს „მართლმადიდებელ“ ერს, რომ გმირებს და გმირობას ადიდებს?! (ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე, ისინი ისყიდიან ერის სირცხვილს, განტევების ვაცებივით).
– ძალიან დიდი უბედურებაა ერისთვის ზემოდან ხელოვნურად თავსმოხვეული, გამოგონილი, ფსევდო გმირები. ამაზე მთელი ფსიქოლოგიური ლაბორატორიები მუშაობდნენ და კვლავაც მუშაობენ. მუდამ თავს გვახვევდნენ ვიღაცეებს. ვაი-გმირებს, ძალათ გმირებს, გვიპიარებდნენ ზემდგომი ორგანოებიდან, გვთავაზობდნენ ხონჩით და საზოგადოებაც სიამოვნებით იღებდა, ითვისებდა. ზოგი ისეთია, ოღონდ ზემდგომი ორგანოებიდან იყოს დაკვეთა და კოღოსაც ლომად აქცევს. თავისი აზრი, ათწლედში ერთხელ არ მოუვა, როგორ უნდა გამოვიცნოთ ნამდვილი გმირი?! თავი დავანებოთ მის მიერ აღსრულებულ საქმეებს, რომელთა დანახვასაც ჯანსაღი თვალი უნდა. ჩვენ კი თვალი გვაქვს და ვერ ვხედავთ, ყური გვაქვს და ვერ ვისმენთ, ყველას არ ეძლევა სინამდვილის ხედვის მადლი და უნარი, ანდა კიდევ, რომ აღიაროს, ამის გამბედაობა, მაგრამ ტანჯვა?! ეს ხომ ნამდვილია?! კიდევ კარგი, რომ ტანჯვის ხელოვნება მაინც არის მიუბაძველი. ქრისტეს სიმბოლოც კვარცხლბეკი როდია, არამედ ჯვარი!
ეკლესიის მესვეურთაგან ხშირად გავიგონებთ ამ ყბადაღებულ ფრაზას: “ვინც ეკლესიას, სინამდვილეში, საპატრიარქოს, პატრიარქს დაუპირისპირდა, მან ცუდად დაამთავრა!” ჯერ ერთი, რას ნიშნავს “ცუდად დამთავრება?!” მაგალითად, ილიამ, ზვიადმა, მერაბმა და სხვა დიდმა ადამიანებმა ცუდად დაამთავრეს ხომ?! სხვათა შორის, იესო ქრისტემაც “ცუდად დაამთავრა”, ავაზაკივით ჯვარზე გაეკრა, “დაისაჯა”. ასევე, მოციქულებმაც ცუდად დაამთავრეს. ყველა, ან გახერხეს, ან ჩაქოლეს, ან უკუღმა გააკრეს ჯვარზე. ესე იგი რა?! ამ პრიმიტიული ლოგიკით, ცუდად დამთავრება რას ჰქვია?! ყველანი ოდესღაც ვმთავრდებით, მთავარია ლუარსაბებივით მუცელს და კალმახის ჭამას არ გადავყვეთ და ასე სამარცხვინოდ არ დავამთავროთ!
ეკლესიასთან ბრძოლას რომ არქმევენ, სინამდვილეში, ეკლესიის განწმენდისთვის ბრძოლას, რატომ კადნიერდებიან და თავიანთ თავებს აიგივებენ ეკლესიასთან?! და კიდევ, ღმერთი არავის სჯის! ჩემი ღმერთი მართლა არა არის დესპოტი! ის კი არა და იაკობი, რომ ებრძოდა ღმერთს, რამხელა საიდუმლოა ამ თემაში, ღმერთი გაუწყრა იაკობს, რატომ მებრძოდიო?! დასაჯა თუ რა?! სად წერია ეგეთი რამე?! ღმერთს ბრმა მონები კი არ ესათნოება, არამედ სწორედ ასეთი შემოქმედებითი, მაძიებელი, მებრძოლი და შეუპოვარი ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოქმედებებზე პასუხს აგებენ, სხვას არ გადააბარებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, რადგან თავიანთი თავისუფალი ნება გააჩნიათ და გონება, თავიანთი გაუკვალავი გზებით მიდიან. ამ ვიწრო გზა-ბილიკზე კოლექტივები, ჯოგები და მრევლები კი არა, ოჯახებიც ვერ ეტევიან და ბოლოს, ზემოთხსენებულმა დიდმა ქართველებმა, “ცუდად დაამთავრეს” იმიტომ, რომ ვერ მოერივნენ საპატრიარქოს კი არა, მათ ზურგს უკან მდგარ რუსეთს, იმ რუსეთს, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და ქვეშ მოიყოლებს თავის ფილიალებსაც!
– ილია მეორე სხვადასხვა გზებით ცდილობდა, საზოგადოებაში საკუთარი კულტის შექმნას, ასევე, თითოეულ ოჯახში დამკვიდრებას და ამისთვის, მისი ხატებიც კი დაიწერა, რასაც, მართლაც თითქმის ყველა ოჯახში შევხვდებით. მოგვიანებით, კი გაუჩნდა იდეა, ოჯახში ყოველი მესამე ბავშვი პატრიარქს მოენათლა…
– დიდი ხნის წინ, პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ქართულ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე შვილის ნათლია და ამან წაახალისა რეალუად ოჯახები მრავალშვილანობისკენ. თავისთავად იდეა კარგია, დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ეს არ შველის საქმეს. ადრე, მახსოვს, ზვიად გამსახურდიამ ერთი კარგი კანონი მოიგონა, ყოველ მესამე შვილზე სახელმწიფო უხდიდა ოჯახს ფულს და სამშვილიანი ოჯახი ითვლებოდა მრავალშვილიანად. ეს სტატუსი კი ოჯახს ბევრ რამეში ეხმარებოდა, უნდა დახმარებოდა (ძალიან ბევრმა, სწორედ, ამ კანონის მერე, გაბედა და გააჩინა მესამე შვილი), მაგრამ ვინ დააცადა ამ კაცს კარგი საქმის კეთება და ქვეყნის ფეხზე დაყენება?! ოჯახებს სხვანაირი წახალისება უნდა, საქმით და არა ოდენ სიტყვით. დღეს რას ვხედავთ?! ამ 30 წლის მანძილზე, ნორმალურ ოჯახს ვერ ეღირსა, იგივე, ჩემი თაობის უმრავლესი ნაწილი. მატერიალური პრობლემების გამო ბევრმა ოჯახი ვერ შექმნა, ვერ გამრავლდა, გაუჭირდა იმიტომ, რომ სიყვარული სიყვარულად, მაგრამ ოჯახი მეურნეობაც არის. დაწესდა ოჯახის სიწმინდის დღე, მაგრამ ეს უშველის საქმეს?! ბევრი ოჯახი სწორედ, უსახსრობის გამო ინგრევა. ქართული ოჯახების უმრავლესობა, თითქმის, დანგრეულია. დედა საზღვარგარეთ, მამა კი აქ, ანუ საქართველოში, მხართეძოზე წამოწოლილი. ნათქვამია: “თვალი თვალს, რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო”. ერთობა და ოჯახის სიმტკიცე კარგია, რა ჯობია, მაგრამ არ გამოდის ხოლმე, სამწუხაროდ…და ამაში ბრალი ვისაც მიუძღვის, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. დიდი უბედურებაა ერისთვის ასევე ის, რომ სასწაულების იმედად ცხოვრობს. ჩვენ სულ სასწაულების მოლოდინში ვართ. სასწაულებს ვეძიებთ, როგორც რომ “ნათესავი მემრუშე”. სულ “წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა”, გვაკერია პირზე, მაგრამ რა ქნას მარტო წყალობამა?! – კითხულობს ილია. – “თუკი, ღვთის მიერ ნაწყალობევს ადამიანი არა ჰპატრონობსო”. ღმერთმა გვიწყალობა ილია, ზვიადი, მერაბი, მიხეილ სააკაშვილი მაგრამ ჩვენ ვკლავდით, ვკლავთ და მომავალშიც მოვკლავთ ბაზალეთის ტბის „ოქროს აკვანში“ დარწეულ ყრმებს. ვითომ, ახლა ყოველ მეორე დღეს იბადებიან ეგეთი ყრმები და ასე ქუჩაში ყრია ღმერთის საჩუქრები. რისთვის ვლოცულობთ?! – სამშობლოს თავისუფლებისთვის?! ეგეც გამოსარკვევია, მაგრამ მასეც რომ იყოს, ბულგაკოვის გმირის, გენერალ ჩერნოტასი არ იყოს, “სამშობლო არ ეტევა მათხოვრის ქუდში, ბატონო მათხოვრებო” და ჩვენს შორის ყველაზე კეთილი, ღმერთიც კი მას ასე იოლად არ გამოიმეტებს, ან კი ძალით წართმეულს ლოცვა დააბრუნებს?!
– საიდან იწყება სახელმწიფო, ღირსება?! – რატომ ვერ ამოვიდა ჩვენი ქვეყანა წუმპედან?! პირველ რიგში, ჩვენ ვერ გაგვიცნობიერებია, რომ სახელმწიფო იწყება თითოეული ჩვენგანიდან და თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს წილ ასპარეზზე, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება და ბრალი მიგვიძღვის იმ უსახურებაში, რაც ჩვენს ირგვლივ, ასე, სავალალოდ გაბატონდა. აი, მაგალითად, მოვიგონებ: სასულიერო აკადემიას ვამთავრებ და გვაქვს დიპლომების დაცვა, შეკრებილია საზოგადოება, მაგიდასთან ზის პატრიარქი, რომელიც იმხანად რექტორი იყო ამ სასწავლებლისა. ჩემი ჯერი მოვიდა და გავედი, ასე ვთქვათ, დიპლომის დასაცავად და პატრიარქი მაძლევს რაღაც შეკითხვას, ნეტარ ავგუსტინეზე, ანუ ჩემს სადიპლომო თემაზე. მე ვდგავარ მის პირდაპირ. ამ დროს, წამოხტა ბატონი დეკანოზი, გიორგი ზვიადაძე, რომელიც იმხანად პრორექტორი ბრძანდებოდა და ბოლო ხმაზე ღრიალებს: “შვილო, სად გაგონილა, ასე ახლოს პატრიარქთან დგომა?!” რამდენიმე ნაბიჯით უკან დადექი! დისტანცია! დისტანცია! ამ დროს, უკან რომ დამეხია, ზურგს უკან მდგომ მაგიდას დავეჯახებოდი. ის ზღაპარი გამახსენდა, “მე-ქალაქს” ყოყლოჩინა დედოფალი, რომ ჰყავს და ქალაქის მცხოვრებლები შეშინებულები არიან, მუდმივად ნერვიულობენ იმაზე, თუ რამდენი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ამ დედოფალს, რამდენჯერ დაუკრან თავი. ნუ, შეხვედრა ხომ ჩაწერით არის და წლობით რიგში დგანან, რა თქმა უნდა, მე გავბრაზდი და ერთი გაფიქრება გავიფიქრე: “ახლა ავიმაღლებ ხმას ამ უმსგავსობაზე!” გონებაში წარმოვიდგინე, რომ სილა გავაწანი ამ ძალაუფლებისგან აღგზნებულ ტიპს და მლიქვნელს, გადავწყვიტე, “ჭირსაც წაუღია ამათი დიპლომი”-თქო! მაგრამ დღემდე ვწუხვარ, რომ ეს არ გავაკეთე. იქ, იყვნენ ადამიანები, კაცები, რომელთაც, ასევე, არ ამოუღიათ ხმა, რადგან ეს უკვე ნორმა იყო ამ საზოგადოებაში. ლექტორები მუდმივად უკმაყოფილოები იყვნენ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც რაღაც დონე ჰქონდათ. უნივერსიტეტიდან მოსული ლექტორები, ის “ძველი გვარდია”, რომელთაც ამ სასულიეროების აზრით, ცოდნა ჰქონდათ, მაგრამ ვითომდაც რწმენა არა (ანუ კანონიკის ცოდნა). ერთმა ლექტორმა შემომჩივლა კიდეც, შემოვდივარ აუდიტორიაში და სტუდენტები ზურგს მაქცევენ (აღმოსავლეთით ბრუნდებიან) და “მეუფეო ზეცათაო”-ს კითხვას იწყებენ. იმის მაგივრად, რომ ჯერ სალამი მითხრანო. ღირსების შელახვად მიიჩნევდნენ ამ ქმედებას ეს პროფესორ-მასწავლებლები და პრინციპში მართლებიც იყვნენ, მაგრამ არ ყოფნიდათ ძალა და გამბედაობა, საკუთარი ღირსება დაეცვათ. ბატონი ზვიადაძე მუდმივად შეურაცხყოფდა სტუდენტებსაც და ლექტორებსაც, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, უყვიროდა, ხელიც კი გაურტყია არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ, ლექტორებისთვისაც და ესენი ვითომდაც “მორჩილებით” ითმენდნენ, რადგან არ უნდოდათ კარიერის გაფუჭება და მდგომარეობის დაკარგვა. ნორმალურ სახელმწიფოში, რომ ვცხოვრობდეთ, წესით, ასეთი ქმედებები სამოქალაქო სამართლის დანაშაულია და ისჯება, მინიმუმ, თანამდებობის დატოვებით, რადგან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უნდა გააჩნდეს თმენის ვალდებულება და რაგინდ დამნაშავეც არ უნდა იყოს ხელქვეითი, არამც თუ უდანაშაულო, უნდა მოუთმინოს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და თავი შეიკავოს.. მით უმეტეს, რაღაც ეთიკაზე (და სულიერებაზე) პრეტენზიის მქონე დაწესებულებაში. ქაჯობა, რომელმაც გვაჯობა, სწორედ, იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა და არც ქრისტიანობა, რადგან ქრისტიანობა იმასაც გულისხმობს, რომ სხვა ადამიანს დაეხმარო, არ მისცე უფლება, გახდეს მჩაგვრელი, ძალაუფლებისგან ასე უკიდეგანოდ აღიგზნოს და უმძიმეს ცოდვაში ჩაეფლოს!
– სტუდენტებისა და ლექტორების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ხმას, როგორ არ იღებს არავინ?!
– ანაფორიან ლექტორებს რომ სცემს ხელმძღვანელი პირი, პასუხს არავინ სთხოვს და ეს ხდება სასულიერო სასწავლებელში, სადაც ახალგაზრდა ელოდება ნუგეშს, სითბოს, სიმშვიდეს, ეს მოლოდინი კი ასე მწარედ უცრუვდება და მერე ვიღაცას უკვირს, რატომ რევოლუცია?! ახლა სკოლაშიც კი, აბა ბავშვს რამე ზედმეტი უთხარი, ჩუმად გადაგიღებს ვიდეოს და ვაი შენი ტყავის ბრალი, ეგრევე დაგატოვებინებენ სასწავლო დაწესებულებას.
– მარტივად ვიტყვი, მაღალფარდოვნების გარეშე. არ დამძრახოთ და ჩემი აზრი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება, ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამის გარეშე, რაც ძალიან კარგად გაითვალისწინა დავით აღმაშენებელმა. სხვათა შორის, შემთხვევით არაფერი ხდება, დღეს მისი ხსენების დღეა და ვულოცავ სრულიად საქართველოს. ახლა კი, რაც შეეხება სათქმელს, პირველ რიგში, მან ეკლესიას მიხედა და რატომ? მოგეხსენებათ ქართველი ადამიანისთვის მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი ავტორიტეტი აქვს. ავტორიტეტი და მადლი აქვს თავად ინსტიტუტს, რომელიც ქრისტემ და მოციქულებმა დააარსეს და არა ვინმეს იქ მყოფთაგანს. ოღონდ საკითხავია, ამ ავტორიტეტს რა მიმართულებით იყენებენ ეკლესიის იერარქები?! არ აქვს მნიშვნელობა, მიშა იქნება, თუ გრიშა. თუკი, ქვეყნის მმართველი პირი ეკლესიის დიდი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ელექტორატის მისაზიდად ეკლესიის იერარქებთან ვაჭრობას გააჩაღებს და “უსლუგა ზა უსლუგუს” პრინციპით, ლაქუცს და მოქრთამვას დაუწყებს მათ, ამით ქვეყანას ვერაფერს არგებს. პირიქით, იმ ჩიხს კიდევ უფრო გააღრმავებს, რომელშიც უკვე ორი საუკუნეა ვიმყოფებით. საჭიროა ეკლესიის განწმენდა. ეკლესიას დიდი მისია აკისრია და ის უნდა იყოს ავტორიტეტი ხალხისათვის იმ თვალსაზრისით, რომ ის უნდა აღზრდიდეს ერს და აძლევდეს ადამიანებს მაგალითს სამშობლოს სიყვარულისას, ზნეობრივი სიწმინდისა და სისპეტაკისას, მოუსყიდველობისას, თავისუფლების, სიმართლისა და სიკეთისთვის თავდადებისას, მოქალაქეობრივი აზროვნებისას, მტერთან არ შერიგებისა და უკომპრომისო ბრძოლისას, უბრალოებისას, ქველმოქმედებისას და ა. შ. “თევზი თავიდგან ყარდაო”. როცა ეკლესია დაკომპლექტდება ასეთი (ანუ კეთილსინდისიერი) კადრებით, ჩვენ ვერაფერი მოგვერევა.
– ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზეც, სწორედ ეს იყო, რაც რუსეთის სპეც-სამსახურებს აფრთხობდა, რომ ეკლესია ეროვნული მოძრაობის გვერდით არ დამდგარიყო…
– და არც დადგა. ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ! გახრწნილი ერი და ბერი, დაცემული და დაჩოქებული სამშობლო, ვერშემდგარი სახელმწიფო, დანგრეული და გაპარტახებული განათლების სისტემა და ეკონომიკა, უამრავი გადახვეწილი ქართველი მონური სამუშაოს შესასრულებად. მართალი და მამულის ჭეშმარიტი ჭირისუფლის მოკვდინების ცოდვას დღემდე ვერ ისყიდის ერი. თითქოს, რაღაც ჯადო გვაქვს გაკეთებული. ასე რომ, ყველაფრის წამალი არის ეკლესიის განწმენდა, ფულის და პრივილეგიების საშოვნელად ანაფორას ამოფარებული, ზნეობრივად გადაგვარებული, “დავერბოვკებული”, მედროვე და ფარისეველი, გაზულუქებული და გამაძღარი, მრევლის გამრყვნელი ვაი-სასულიერო პირებისგან. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები შორს არიან ასეთი ცნობიერებისგან, არ აწყობთ, უფრო სწორად, ასეთი ხედვა ამიტომაც, ნებსით, თუ უნებლიედ კოჭს უგორებენ პამპულა იერარქებს და არ არიან გულწრფელები, ამიტომაც, ვერ აღწევენ სასურველ მიზანს – საქართველოს ხსნას რუსეთის იმპერიის ბორკილებისგან. რადგან დღევანდელი რეალობა ასეთია: ისევ “კა.გე.ბე” მართავს ეკლესიასაც და სახელმწიფოსაც.
– გასაგებია, საქართველოში პოლიტიკისა და რელიგიის აღრევა მოხდა და ამან ერში წყლის ამღვრევაც გამოიწვია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერი დაბნეულია, რადგან ასეთ ქაოსში რთულია სწორი მხარე დაინახოს ადამიანმა…
– მესმის, რომ პოლიტიკა არაგულწრფელია და რეიტინგები და რეალური შედეგია ოპოზიციისთვის მთავარი, ამიტომაც, იძულებულნი არიან, გაითვალისწინონ უმრავლესობის აზრი და ემლიქვნელონ იმ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ძალაუფლება, გავლენა მასაზე, მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ, თუკი, საქართველო უყვართ, ამოუდგნენ მეუფე პეტრეს მხარში, მას გადაწყვეტილი აქვს საპატრიარქოს განწმენდა, დიდი ეროვნული საქმეა ეს! თავი და თავი ერის სიკეთისა, გაჯანსაღებისა, გაცოცხლებისა, სულიერებაა მთავარი. სულით არ უნდა მოკვდეს ჩვენი ერი, თორემ მერე ყველანაირად მოკვდება, გადაშენდება. ეს არის დავითის გზა. ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის მთავარი, არამედ, მთავარია ქვეყნის ინტერესები, ეს არის სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა!
– მეუფე პეტრეს სამღვდელო პატივი შეეწირა დეკანოზ გიორგი მამალაძის გამოქომაგებას. რომელიც მე თუ მკითხავთ, ჩვენს რეალობაში ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული მოვლენაა ამ სისტემის და ყველაზე თვალსაჩინოდ ამხელს მის უბედურებას. ჩემთვის, ეს ადამიანი არის მაგალითი იმისა, რომ ეპისკოპოსობა პატივი კი არა – ჯვარია და ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებაც, ჯვრის ზიდვაა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ წარსულში მეუფეს თავისი “რანგი” და ტიტული უაზროდ, საკუთარი კომფორტისთვის არ გამოუყენებია. მის საქველმოქმედო საქმიანობაზე ალბათ, არაერთი წიგნი დაიწერება. მან თავისი გავლენები ადამიანთა დასახმარებლად და სიკეთისთვის გამოიყენა. ამ ადამიანის შეფასება მომავლის საქმეა, რადგანაც დრო აჩენს გმირს. მადლისგან დაცლილი ადამიანები მხოლოდ რანგს და ტიტულებს აფასებენ და არა ადამიანს. მე, მეუფე პეტრე სიყმაწვილეშივე გავიცანი და იქედან მოყოლებული, მასში არ შევმცდარვარ. თუმცა, იმ თავისი სახიფათო სიმართლით, იმ რისკით, რაც მან გასწია, ჩემს თვალში ის მაინც უფრო სხვა ადამიანად წარმოჩნდა და მე ასეთი, პატიოსნებისთვის დევნილი მეუფე პეტრე უფრო მიყვარს. მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, ადრე ერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა: “ჩვენ, არ მივესალმებით ეკლესიის ტროცკისტულ ნგრევასო!” არადა, უმართებულოა ასეთი განცხადებები. მეუფე პეტრე სულ იმას უსვამს ხაზს, რომ მას არჩეული აქვს დავითის გზა, ეკლესიის ზნეობრივი განწმენდისა და გაჯანსაღების. სად ტროცკი და სად დავით აღმაშენებელი?! ამ ორ პიროვნებას შორის, ეს პოლიტიკოსები, ეტყობა, განსხვავებას ვერ ხედავენ. მეუფე პეტრე გამოესარჩლა უდანაშაულო პატიმარს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს. აი, ჩვენ ეშმაკს ვეძებთ სულ სადღაც გარეთ. რატომღაც გვგონია, რომ ის ჩიპებშია ჩაბუდებული, ან ჯურღმულებში, არადა, არაფერი მაგდაგვარი. მას არც რქები აქვს სხვათა შორის და არც ჩლიქები. ის ჩვენშია სწორედ დაბუდებული იმ წუთებში, როდესაც ვხედავთ, მაგალითად, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს უსამართლოდ სჯიან და ჩვენ ამას ვეთანხმებით. ვწირავთ უდანაშაულო ადამიანს წამებისთვის, ჯვარცმისთვის, სხვებს მიზანთროპებს ვეძახით, სიყვარულს ვიჩემებთ და თავად რას ვაკეთებთ?!
რაც არ უნდა ილოცონ “სულის კაცებმა”, წირვა-ლოცვები აღავლინონ, მგზნებარედ იქადაგონ, უდანაშაულო ადამიანები ციხეში იტანჯებიან და ამაზე ჩუმად არიან, რა ფასი აქვს ასეთ “მოღვაწეობას” რა არ ეთმობათ?! მდგომარეობა, პრივილეგიები, ხელზე კოცნები, ატილასავით მრევლში ყეყეჩობა (ფარშევანგობა), ფული? განა იესო არ ამბობს, რომ ეს ყოველივე ამაოებაა?! ამიტომ, ვცემ პატივს მეუფე პეტრე ცაავას, მას ეყო კაცობა, ვაჟკაცობა, რომ რისკიანი სიმართლე ეთქვა და გამოქომაგებოდა უდანაშულოდ დატყვევებულ ადამიანს, დაჩაგრულ სიმართლეს გამოსარჩლებოდა და დაეკარგა ყველა პატივი, წარმავალი, ამქვეყნიური. ამდენად, ფუჭი და ამაო გაეწირა ყველაფერი აი, ამ სიმართლისთვის, კეთილი ნებისთვის, როგორც კირკეგორი იტყოდა: “რისკიანი მარტო დგომისთვის”. ნეტავ, ამათაც ეყოთ კაცობა და დადგნენ ქრისტეს მხარეზე. ქრისტე ყოველთვის გამარჯვებულია სხვაგან, სხვა სივრცეში, რისიც ეტყობა, ამათ არ სწამთ! ამიტომაც, ძვირად უღირთ თავიანთი კეთილდღეობა და კბილებით ებღაუჭებიან თანამდებობებს.
მეუფე პეტრე, ჭყონდიდელი მღვდელ-მონაზვნები. ასეთი, სუფთა და პატიოსანი ადამიანების მაგალითებით ღვივდება რწმენა და არა ოდენ ეკლესიაში სიარულით, მარხვების შენახვითა და რიტუალური წესების ფორმალური შესრულებით… მე, ნამდვილ ეკლესიას, სწორედ, ამ ადამიანების, სიმართლისთვის დევნილი სასულიერო პირების გარშემო მოვიაზრებ და ვხედავ. ეკლესიას, ანუ ამ ქვეყანაზე დევნულს, ჯვარცმულს, მებრძოლს, უპირფეროს, მოუსყიდველს და წუთისოფლის ბოროტ ლოგიკასთან შეუთავსებელს, მოურგებელს, მასზე მაღლა მდგომს!
ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშია: მოსემ, მეფის კარზე განცხრომით ცხოვრებას, კარვებში, თავის ტანჯულ ერთან ცხოვრება და უდაბნოში ხეტიალი არჩია. დიახ, მოძრავ კარვებში, რადგან კარავს არ აქვს საძირკველი, საფუძველი, ის განკუთვნილია სამოგზაუროდ, სახეტიალოდ. მოსემ აირჩია არ ჰქონოდა ამ ქვეყნად სახლი, არ დამკვიდრებულიყო არსად, არამედ, ყოფილიყო ამ წარმავალი ქვეყნისთვის უცხო, მარად გზაში მყოფი მწირი და ყარიბი, რადგან იცოდა, ვინც აქ, ამ წარმავალობაში ყარიბია და არ აქვს სახლი (არ აქვს გადგმული ფესვები და არ არის მიჯაჭვული მიწიერს), სამაგიეროდ, იქ, მარადიულობაში (ანუ, ნამდვილ რეალობაში) იქნება მოქალაქე. აი, უდიდესი სიბრძნე, როგორც პავლე ამბობს: “არა გვაქვს ჩვენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ, მერმესა მას ვეძიებთ!”
– ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის სტიქია, ენერგია, უფერულ ყოველდღიურობაში აზვირთებული ისტორიის სასწაული, გენიალობა. ჩვენ, კი ამ სასწაულის დამნახავი თვალები დაგვიბრმავდა. როგორც უფალი ამბობს: “მკვდართათვის, ნუ ჰყოა სასწაული”. დიახ, ჩვენ ქართველი ერი სულიერად მკვდრები ვართ. მერე რა, რომ ტაძრები სავსეა, რას ვეძახით ჩვენ ქრისტიანობას?! მე მაგალითად, არ ვიცი, ვარ თუ არა ქრისტიანი. ბოლო სიტყვა ისედაც უფალს ეკუთვნის, აკი ამბობს კიდეც მეფსალმუნე: “შენ (უფალო) უწყნი ალაგნი ჩემნი!” დიახ, უფალმა იცის, ვინ ვართ სინამდვილეში და სად ვართ. ჩვენ უბადრუკ სახელებს ვარქმევთ ყველაფერს:
ქრისტიანობა ჩვენში – ილიამადიდებლობაა! მშვიდობა – დამყაყებულ ჭაობში ცხოვრებასთან შეგუება! ქრისტეს შემოსვლა ოჯახებში – ხვავისა და ბარაქის შემოსვლა, ანუ გამდიდრება, მიწიერი კეთილდღეობა და კომფორტია! და ა.შ. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ერთადერთი იმედი, რაც მასულდგმულებს, ეს უკრაინაა. ვფიქრობ, დღეს უკრაინაა ჩემი სამშობლო, სულით ყველაზე ახლობელი, მშობლიური, როგორ უფალი ამბობს, ეგ არის ჩემი სამოთხე და ჩემი “იერუსალიმი!” უკრაინა ყველას გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. უკრაინის გამარჯვება სიკეთის და სიმართლის გამარჯვებაა. “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს!” დიდება უკრაინას!
ავტორი: მზეკო ჟვანია
ნანახია: (525)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას