ფიქრები ესაიას წინასწარმეტყველების კითხვისას
“რაც უფრო ვუკვირდები ამ სასტიკ ცხოვრებას და ხანი მემატება, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რაც უფრო სუფთაა ადამიანი, მით უფრო მეტად იტანჯება ამ ცხოვრებაში. ადრე, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში სხვანაირად იცნობდნენ ღმერთს და მის სამართალს. მაგალითად, მართალ იობს არ ეგონა, რომ ამხელა ტკივილსა და განსაცდელს მოუვლენდა ღმერთი, რადგან უცოდველი იყო.. .ვერ გაეგო, რისთვის ისჯებოდა და იტანჯებოდა. ჯერ კიდევ ესაია ილაშქრებდა ასეთი შეხედულების წინააღმდეგ..(რომ მითამ დამსახურებისამებრ იძლეოდა ღმერთი ან ჯილდოს ან სასჯელს)..მას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ იმდროინდელი ბნელი საზოგადოებისთვის ეს აეხსნა. ახლა ვკითხულობ ზუსტად.. „იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი.“ (ეს. 57, 1)...ამ ფრაზის განმარტება ასეთია: „.ესაია, მიუთითებს რა მისი თანამედროვე იუდეველების ღრმა რელიგიურ-ზნეობრივ დეგრადაციას, ამავე ხალხის მართალი ადამიანის გარდაცვალებისადმი გამოჩენილ უგულისხმობას ამხელს. იუდეველთა წარმოდგენით, მართალი კაცი ღვთისგან ყველანაირი სიკეთით, კეთილდღეობით, დღეგრძელობით ჯილდოვდებოდა. „პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.“ (გამოს. 20,12); „თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.“ (3 მეფ. 3,14); „უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.“ (ფს. 96,10), ხოლო თუ პიროვნებას ცხოვრებაში განსაცდელები, უსიამოვნებები შეაჭირვებდა, ეს ცოდვილიანობის მიზეზით ხდებოდა. ესაიას სიტყვით, თუკი საყოველთაოდ აღიარებული მართალი ღვთის განგებულებით საზოგადოებას დროზე ადრე ტოვებს და მარადისობაში გადაინაცვლებს, მომხდარი არა თუ მისი დანაშაულის მიზეზია, არამედ ჩვენი ცოდვების სიმრავლის, რადგან ასეთი მუდმივად მძიმე მდგომარეობაშია და უჭირს უკეთურებით დასნეულებულ გარემოში ყოფნა. სწორედ ამიტომ მიჰყავს იგი შემოქმედს თავისთან. ამასოფელში დარჩენილნი კი უდიდეს სიკეთეს აკლდებიან და ეს სასჯელია მათთვის.“
p.s. ასე რომ, ნუ გვეგონება, თითქოს აქ, ამავე დროებით და წარმავალ წუთისოფელშია ან ჯილდო ან სასჯელი. ეს ყველაფერი ხანმოკლეა...აქ, ამ დედამიწაზე...უბრალოდ, თუკი ვინმე ჯილდოვდება ამ ბრიყვული ცხოვრების წარმავალი და პირობითი საყოფაცხოვრებო სიკეთეებით, ხოლო ვიღაც იტანჯება უსამართლობით და არაფერი ამქვეყნიურ სიკეთეთაგან ახლოსაც არ ეკარება, ეს არ ნიშნავს, რომ დამსახურებისამებრ ხდება ეს.. უბრალოდ...ყველას არ აძლევს ღმერთი იმ მადლს, რომელიც უსამართლობის
და ტანჯვის დათმენის ფასად მოიპოვება..არც ქრისტეს მეტაფორა მეორდება ყველაში....დამსახურებისამებრ მიგებამდე კი ჯერ სადა ვართ? სამსჯავრო მხოლოდ წინ გველოდება..რომელზეც ერთ მშვენიერ დღეს ყველანი წარვსდგებით....
„ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ გავიგებთ სულყველა იმ ტკივილის გემოს, რომლისგანაც თავს ვიბრუნებდით. ერთ მშვენიერ დღეს. მეგობრების, ნათესავების, მთელი ქვეყნის ტკივილის გემოს, რომლისგანაც თავს ვიბრუნებდით. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ყველაფრის გემოს გავიგებთ და ისე წავალთ. ასე არა, არა, არა!.. ისე წავალთ ერთ მშვენიერ დღეს.“ (ბესიკ ხარანაული).”
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (483)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას