არსებობს, თუ არა პატრიარქის ანდერძი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ?! – სპეციალურად “თაიმერისთვის” თეოლოგი ზვიად ცაბაძე
საქართველოს საპატრიარქოში კლანებს შორის განხეთქილება დღითიდღე აქტიურდება, მთავარი თემა კი მოსაყდრის საკითხია. მაშინ, როცა პატრიარქიც ცოცხალია და მოსაყდრეც დასმულია, გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, პატრიარქმა მისი გადაწყვეტილება შეცვალოს და მეუფე შიო მუჯირი, მეუფე დანიელ დათუაშვილით ჩაანაცვლოს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, როგორ განვითარდება მოვლენები, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. თეოლოგები, იერარქების ნაწილი და უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირების უმრავლესობა, მიიჩნევენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა ანდერძი დატოვოს, სადაც მისი უკანასკნელი სურვილი იქნება დაწერილი, მათ შორის, მოსაყდრესთან დაკავშირებითაც.
მეუფე შიო მუჯირი, რომ პატრიარქის განსაკუთრებული არჩევანი არ არის, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ილია მეორე სამებაში არ დასწრებია და მეუფე შიომ წირვა-ლოცვა მარტომ აღავლინა, პატრიარქი კი სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, სიონში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პატრიარქი შიო მუჯირისგან დისტანცირებას ცდილობს.
თეოლოგი, ზვიად ცაბაძე “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ასევე პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებითაც მსჯელობს, რომელმაც მეუფე შიოს მოსაყდრეობა და მით უფრო, გაპატრიარქება, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს. მართალია, მოსაყდრეობა პატრიარქობის გარანტი არ არის, თუმცა, რომელიმე იერარქის გაპატრიარქებამდე, სწორედ, მოსაყდრე ასრულებს პატრიარქის მოვალეობას.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, წმინდა სინოდის შეკრების აუცილებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ 1995 წელს დადგენილ დებულებაში, შავით თეთრზე წერია, რომ წმინდა სინოდი წლის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ უნდა შეიკრიბოს, საქართველოს საპატრიარქომ გარდა სჯულის კანონისა, აღნიშნული დებულებაც დაარღვია და უკვე მეორე წელია სინოდი არ შეკრებილა.
ერის ნაწილისთვის ეს, შესაძლოა, ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, მაგრამ ვინც საეკლესიო წეს-კანონებს კარგად იცნობს და სინოდის შეკრებასაც მოუთმენლად ელოდება, მათთვის ერთის მხრივ, გასაგებია, რატომაც არ იკრიბება სინოდი, თუმცა, მეორეს მხრივ, პროტესტი აქვთ, რადგან საკითხები, რომლებიც მღვდელმთავრებმა სინოდის კრებაზე უნდა განიხილონ, საკმაოდ მწვავე და სენსიტიურია, ამასთან, კონკრეტული სასულიერო პირების ხარისხის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხის განხილვასაც მოიცავს. თეოლოგები წმინდა სინოდის არშეკრების მიზეზად, სწორედ, ამ პრობლემებს ასახელებენ. როგორც ზვიად ცაბაძე ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, საკითხების განხილვისგან თავის არიდებით და შეკრების აუცილებლობის უგულვებელყოფით, საეკლესიო მართვის ორგანო, რომელსაც წმინდა სინოდი ჰქვია, ფაქტობრივად გაუქმებულია.
– დებულებაში წერია, რომ პატრიარქი, თავისი მმართველობის პერიოდში ემყარება სახარებას, წმინდა მამების გარდამოცემას, სჯულის კანონს და ეს ყველაფერი ფაქტობრივად დარღვეულია. ეს არის მეუფე შიოს ხელმძღვანელობით დაგეგმილი საბოტაჟი ეკლესიის წინააღმდეგ, რადგანაც ეკლესიის მმართველობის ორგანოს გაუქმება, ნიშნავს, რომ საერთოდ უქმდება ეკლესიის ადმინისტრაცია. საჭირბოროტო საკითხები, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მისი პატრიარქობა, არ უნდა რომ განხილული იყოს სინოდზე რა თქმა უნდა პატრიარქის სიცოცხლეში, რადგან მას ჯერ იმდენი თავისუფლება არ აქვს, რაც ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ ექნება, ამიტომ, ის ერიდება, რომ სინოდი გაიმართოს სანამ პატრიარქი ცოცხალია.
– უფრო კონკრეტულად, რომ აგვიხსნათ, რა საკითხების განხილვას არიდებს სინოდი თავს?!
– თუნდაც, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე, თუ წარსული საკითხები, მეუფე პეტრეს საქმესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, დაემატა მეუფე ზენონის საკითხი და ერთობლიობაში, ამ საკითხების წამოწევაც კი იმდენად რთულია, ე.წ. მოსაყდრეს ურჩევნია, რომ პატრიარქი ისე გავიდეს ამ ქვეყნიდან, მისი თავმჯდომარეობით სინოდი აღარ შეიკრიბოს. რადგანაც მოსაყდრეს საკითხზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შობის და ნათლისღების წირვა, მეუფე შიომ მარტომ ჩაატარა სამების საკათედრო ტაძარში მაშინ, როცა პატრიარქი, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად სიონში იმყოფებოდა და იქ დაესწრო წირვას. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი დისტანცირებას ცდილობს მოსაყდრისგან, რომელიც არასდროს ყოფილა მისი ნებაყოფლობითი არჩევანი, ვგულისხმობ, შიოს მოსაყდრედ დადგინებას.
– ჩვენი ინფორმაციით, სინოდის სხდომა შესაძლოა, უახლოეს მომავალში ჩაინიშნოს. თუკი, მართლაც ასე მოხდება, როგორ ფიქრობთ, რა საკითხები იქნება განხილული სინოდზე?!
– თეორიულად, რომ დავუშვათ პატრიარქის სიცოცხლეში სინოდის შეკრება, რა თქმა უნდა მეუფე პეტრეს საკითხს სინოდი არ განიხილავს, მათ რომ ნდომოდათ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, სამი წელი ჰქონდათ ამისთვის. არასდროს მიუბრუნდებიან ამ საკითხს და მით უმეტეს, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. მე ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არ მაქვს. სინოდის შეკრების ალბათობაზე თუ ვსაუბრობთ, შეიძლება განხილული იყოს კონკრეტული სასულიერო პირების, იგივე მეუფე ზენონისთვის საეკლესიო სასჯელის დადების საკითხი, ასევე, ეპარქიების შემცირების, ან ახალი მღვდელმთავრების გამორჩევის საკითხი და რაღაც სტანდარტული საკითხები, რომლებიც არავითარ სასიკეთო გავლენას არ მოახდენს იმ მდგომარეობაზე, რაც არის საქართველოს საპატრიარქოში. როდესაც სინოდი იკრიბება, გვერდს ვერ აუვლიან ასეთ საკითხებს, ამიტომ, მოსაყდრეს ურჩევნია საერთოდ არ ჩატარდეს სინოდის სხდომა. სავალალო ის არის, რომ არც ერთი მღვდელმთავარი ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობს და არ აწუხებთ ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სინოდი არ იკრიბება, ყველა ასე უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე ისე, რომ საეკლესიო საკითხების გადაჭრის მიზნით შეიკრიბონ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა.
– მოსაყდრეს მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია: საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა მეუფე შიო, მეუფე დანიელმა ჩაანაცვლოს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?!
– ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჩემი დაკვირვებით დადებულ დასკვნაზე შემიძლია ვისაუბრო. ბოლო ორ წირვაზე შემიძლია ვთქვა, რომ მეუფე შიო მარტო წირავდა სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქი კი, როგორც გითხარით სამებაში იმყოფებოდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რატომ უნდა გაუშვა შენი “გამორჩეული და რჩეული” მოსაყდრე წირვის აღსავლენად მარტო, როცა ასეთი დღესასწაულია და შობის და ნათლისღების მადლი, რატომ უნდა გაიზიარო ცალკე, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად?! პატრიარქი ცდილობს, რომ ერთგვარად დისტანცირდეს და გარიყოს მოსაყდრედ წოდებული შიო მუჯირი.
– მოსაყდრესთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, ინფორმაციის გაჟონვა, შიოსადმი პატრიარქის ამ დამოკიდებულებამ ხომ არ გამოიწვია?!
– მეუფე შიოს შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია, თუნდაც ეს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მოხდეს. კანონიკურად ეს სრულიად გამართლებული იქნება. ილია მეორეს რჩეული, რომ არ იყო მეუფე შიო, ეს ისედაც თავიდანვე ჩანდა, როცა ის დადგინდა მოსაყდრედ “პატრიარქის ბრძანებით”, რომელიც თავისთავად დარღვევა იყო. ასე, რომ არ ყოფილიყო, მაშინ, ილია მეორესგან ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, სიცოცხლეშივე გადამდგარიყო და ხელი შეეწყო მეუფე შიოს გაპატრიარქებისთვის, მაგრამ რადგანაც ეს არ გააკეთა, ისე განვითარდა მოვლენები, რომ მეუფე შიო ერის ხალხისა და სხვადასხვა მღვდელმთავრების დახმარებით ცდილობდა პატრიარქის გადაყენებას, ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ ის თავიდანვე არ იყო პატრიარქის რჩეული.
– ვისი რჩეული იყო?!
– რა თქმა უნდა, შიო მუჯირი რუსული პროექტია. ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ რუსული გარემოცვაა მის გვერდით, იგივე, ბიზნესმენები, ლევან ვასაძე, სასულიერო პირები, მეუფე ნიკოლოზი, მეუფე სტეფანე, მეუფე სპირიდონი და თუნდაც, ერის ხალხი ავიღოთ, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ალტ-ინფო, მისი წარმომადგენლები და ა.შ. თავის დროზე, როცა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ილარიონ ალფეევი ჩვენთან იყო ჩამოსული, სწორედ, მაშინ გადაწყდა ეს საკითხი, რომ მეუფე შიო უნდა გამხდარიყო მოსაყდრე. ილარიონის ვიზიტამდე კი, სავარაუდოდ, 2017-18 წლებში, რუსეთიდან ჩამოსული იყო გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ე.წ. გამოკითხვა ჩაატარეს, რათა დაედგინათ და გაეზომათ 12 შედარებით გავლენიანი მღვდელმთავრის რეიტინგი. ეს უკავშირდება სოსო გოგაშვილს: თქვენ იცით, რომ სოსო გოგაშვილი როცა დააკავეს, ერთ-ერთ ბრალად ეს წარუდგინეს, რომ ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქე იყო ჩამოსული და მისი ორგანიზებით მოხდა ამ გამოკითხვის ჩატარება, ეს ბრალად აქვს წაყენებული გოგაშვილს.
– რატომ გაზომეს მღვდელმთავრების რეიტინგი, რას ემსახურებოდა ეს?!
– რასაკვირველია იმის გამოსარკვევად, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის მღვდელმთავარი, რომელიც პრობლემას შეუქმნიდა მეუფე შიოს მისი გაპატრიარქების გზაზე, ამ მიზანს ემსახურებოდა ამ 12 მღვდელმთავრის რეიტინგის გაზომვა, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის უცნობია, რადგან ეს კვლევა დღემდე მიუწვდომელია. ლოგიკურია, რომ იგეგმებოდა მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშნვა, პატრიარქის ძალდატანება ამასთან დაკავშირებით და ამავე დროს, უნდოდათ სცოდნოდათ, 12 შედარებით გავლენიანი მღვდელმთავრისგან, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა მეუფე შიოსთვის სამომავლოდ გაპატრიარქების გზაზე. სხვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ, რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ 12 მღვდელმთავრის რეიტინგით – არ არსებობს. თან, ამას მალევე მოჰყვა მეუფე შიოს დადგინება მოსაყდრედ. შიო მუჯირი იყო იერარქი, რომელიც არსად არ ჩანდა არასდროს, არსებობს მხოლოდ ერთადერთი ვიდეო, ისიც რუსეთში, წირვის დროს ჩაწერილი ინტერვიუ, სხვა მხრივ, ის საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
– თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საპატრიარქო პატარა კრემლია, რას გულისხმობდით?! გარდა ამისა, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ, კიდევ სად ჩანდა რუსული გავლენები?!
– საქართველოს ეკლესია, რომ რუსული გავლენების ქვეშ არის, ამას ადასტურებს ის ფაქტები, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. დავიწყოთ იქიდან, როდესაც ჯერ კიდევ, 2016 წელს კრეტის კრებაზე არ წავიდა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკლესიის გავლენით (არც რუსეთი დაესწრო ამ კრებას), ასევე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით ის წაუკითხავი ტომოსი, როდესაც საქართველოს ეკლესია ცდილობს დისკრედიტაცია მოახდინოს ახლადდაფუძნებული ეკლესიისა, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი მიენიჭა, თუმცა, საქართველო ამას არ აღიარებს და ლოცვით კავშირში არ შედის ახალ ეკლესიასთან. ეს ორი საკითხი არის ძირითადად დამადასტურებელი იმისა, რომ რუსული გავლენები დიდია საქართველოს საპატრიარქოზე. ასევე, იმ რუსოფილი მღვდელმთავრების თავაშვებული ქადაგებები, როდესაც მიდის დასავლეთის დემონიზება და რუსეთის სიწმინდედ წარმოჩენა, რაზეც საპატრიარქო საერთოდ არ რეაგირებს. იგივე, მეუფე შიოს ფაქტორი, რომელსაც რუსეთში აქვს სწავლა-განათლება მიღებული, მისი დისერტაციის ხელმძღვანელიც რუსი სასულიერო პირი იყო, თუმცა, იერარქების უმრავლესობას რუსეთში აქვს განათლება მიღებული და რა თქმა უნდა მათზეც არის ეს გავლენები. მხოლოდ საპატრიარქო კი არ არის, ცალკე მღვდელმთავრებიც მოიაზრებიან ამ გავლენების ტყვეებად.
– რაც შეეხება სასჯელებს სასულიერო პირებისა და იერარქების მიმართ. რამდენად სამართლიანი და კანონიკური იყო?!
– ეს ხომ არჩევითია?! ვისი ქადაგებაც, ვისი თავისუფალი აზრიც არ მოსწონთ და არ აწყობთ მათი დასჯა მიმდინარეობდა ერთპიროვნულად და ყოველგვარი კანონიკური წესების დარღვევით. მაგალითად ისიც კი კმარა, მეუფე სტეფანემ, რაც განახორციელა ჭყონდიდის ეპარქიაში: ერთპიროვნულად, ბერობის ხარისხი ჩამოართვა და ბერობიდან განკვეთა სასულიერო პირი. ეს იმას ნიშნავს, რომ მონათლულ ადამიანს უთხრა “შენ მონათლული აღარ ხარ და ეს ნათლობა უკან მიმაქვს”, ანუ, ისეთი რამ განახორციელა მეუფე სტეფანემ, რომელიც ყველგვარ ზღვარს და ჩარჩოებს სცდება. ჭყონდიდელ ბერებთან, მღვდლებთან, დიაკვნებთან მიმართებაში დაირღვა კანონიკური განწესებები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამა, თუ იმ სასულიერო პირზე სასჯელის დადება, ან ხარისხის ჩამორთმევა, თუმცა, არც პროცედურული დაცვა მომხდარა და რაც განახორციელა, ისიც არაკანონიკური არგუმენტებით წარმოუდგინა საზოგადოებას, ამაზეც საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება არ ჰქონია. თუმცა, როდესაც შემდგომში ეს მათ გაასაჩივრეს, მეუფე შიომ თქვა, რომ “ჩვენ მივიღეთ საჩივარი და განვიხილეთ”. ახლა ცოტა უხერხული საკითხია, თუ სინოდი ჩატარდება, მაშინ განხილული უნდა იყოს ეს საკითხები, დადასტურდება, რომ ბერები მართლები არიან, მაშინ ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ მეუფე სტეფანე განკვეთონ ხარისხიდან, ამას ითვალისწინებს სჯულის კანონი.
– ანუ, მეუფე სტეფანეს ხარისხიდან განკვეთა ემუქრება?!
– ადრე, თუ გვიან მას ნამდვილად მოუწევს ხარისხიდან განკვეთა, ამ პატრიარქის, ან მომდევნო პატრიარქის, ანუ, მომდევნო წლების განმავლობაში, მაგრამ, თუ სინოდმა განიხილა ჭყონდიდელი ბერებისა და მეუფე სტეფანეს დაპირისპირების საკითხი, მაშინ, აქ უნდა იყოს ჩართული ის ყველაფერი, რა საკითხებიც წამოწია მეუფე პეტრემ, რა ბრალდებებიც გააჟღერა პატრიარქის მიმართ და ა.შ. ამ საკითხებს მოჰყვა ამ ბერების დასჯა, ეს მიბმულია თავისთავად მეუფე პეტრეს საკითხს და სავარაუდოა, რომ სინოდი საერთოდ არ იმსჯელებს ამ საკითხზე, მაგრამ, თუ ბერები გაამართლეს მეუფე სტეფანესთან მიმართებაში, გამოდის, რომ მეუფე პეტრეც უნდა გაამართლონ პატრიარქთან მიმართებაში და აღუდგინონ ხარისხი. ამით, თავისთავად დადასტურდება, რომ მის მიერ წამოწეული ბრალდებებიც სინამდვილეს შეესაბამება. ცხადია, სინოდი ამას არ გააკეთებს, სინოდი იცავს პატრიარქის ღირსებას და ცდილობს, რომ ეს ბრალდებები გააქარწყლოს. თუკი, ადამიანს უნდა სიმართლის დადასტურება და ამბობს, რომ მეუფე პეტრე, ან ნებისმიერი სხვა ცრუობს, ცილს გვწამებს, მათ ინტერესებში უნდა იყოს, რომ საჯაროდ იქნეს განხილული თითოეული საკითხი, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. არადა, სჯულის კანონი ამ შემთხვევაში ამბობს, რომ “თუკი, სასამართლოს თავს არიდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაშიც შენ ბრალი გედება, დამნაშავე ხარ”.
– მეუფე პეტრე ხომ ითხოვდა, რომ ჩატარებულიყო სასამართლო და მას ჰქონდა მზაობა, რომ დაემტკიცებინა ის ბრალდება, რაც პატრიარქის მიმართ ჰქონდა?!
– რა თქმა უნდა, იმიტომ არ მისცეს ამის შესაძლებლობა, რომ თუკი მეუფე პეტრეს ექნებოდა მისი ბრალდების დამტკიცების საშუალება, მაშინ გამოდიოდა, რომ სინოდს პატრიარქი უნდა გადაეყენებინა, რაც მათ, არანაირად არ აწყობთ. ხოლო, თუ პატრიარქს გადააყენებდნენ, მას აუცილებლად უნდა მიჰყოლოდა მღვდელმთავართა უმეტესობა, რომლებმაც ამ დანაშაულის შესახებ იცოდნენ და არაფერს აკეთებდნენ. პატრიარქის გადაყენების შემდეგ, მათი გავლენები შესუსტდებოდა, მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდებოდა, ამიტომაც, მათ ინტერესებში არ შედის პატრიარქის გადაყენება. განა იმიტომ, რომ მათ სიმართლე არ იციან?! უბრალოდ, თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას უფრთხილდებიან.
– სხვადასხვა მღვდელმთავრების მხრიდან, პოლიტიკური ქადაგებები ხშირია ამბიონებიდან, როცა მრევლს მოუწოდებენ საპატრიარქოსთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიღონ… რამდენად მართებულია პოლიტიკა რელიგიაში?!
– სასულიერო პირები ასეთ ქადაგებებს არასდროს იშურებდნენ, მაგრამ ეს პროცესი გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადებები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახშირდა. ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა რუსეთისა, როდესაც პოლიტიკური შინაარსის ქადაგებებით, ცდილობენ საზოგადოების აზროვნებისთვის მიმართულების მიცემას, რომ მრევლი გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციონ. ასევე, ისინი ამისთვის გარკვეულ დივიდენდებს იღებენ, სახელმწიფოსგან, კონკრეტული ბიზნესმენებისგან, რომლებიც სახელისუფლებო მხარეს წარმოადგენენ და ა.შ. რამდენიმე დღის წინ, ქადაგებისას მეუფე სტეფანემ ირიბად გაჟღერებულ ფრაზაში, ბიძინა ივანიშვილი “მამონად” მოიხსენია და ამ ირიბ ბრალდებაში პირდაპირი ბრალდება იკითხება. ალბათ, მაინც არ არიან დარწმუნებულები, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში და ამიტომ, თავს იზღვევენ და შესაძლებელია სხვა მღვდელმთავრებმაც მიბაძონ მეუფე სტეფანეს, დაიწყონ ქადაგება კრიტიკის ჭრილში, რომ ბიძინა ივანიშვილიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად გააკრიტიკონ. ადრე, მისი ქება-დიდება მიდიოდა, ახლა მეუფე სტეფანე გამოდის და აკრიტიკებს ქადაგებებში. ასეთი კრიტიკა არ მთავრდება ხოლმე კარგად, ადრე იყო ერთი შემთხვევა, როდესაც სხვა მღვდელმა მიაყენა შეურაცხყოფა ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ, საჯაროდ ბოდიში მოახდევინა საპატრიარქომ. რაც შეეხება სტეფანეს, თუკი, ის ასეთ ქადაგებებს გააგრძელებს, შესაძლოა, ეპარქიის დატოვება მოუწიოს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თუკი მედია ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევს და გააქტიურდებიან, სტეფანეს მინიმუმ, ბოდიშის მოხდა მოუწევს ამის გამო, მაქსიმუმ ეპარქიის გამოცვლა, ამას მას არავინ აპატიებს. საქართველოს საპატრიარქო არაფერზე ისე არ რეაგირებს, როგორც პოლიტიკურ და ფინანსურ თემატიკის შემხებლობაზე.
– მეუფეებისა და სასულიერო პირების მილიონები. რა მოცემულობა გვაქვს ამ მიმართულებით?
– არც ისეთი რთული შესაფასებელია არსებული მდგომარეობა. ეკლესიას ნამდვილად უნდა ჰქონდეს გარკვეული მატერიალური შემოსავალი, მაგრამ ამის განკარგვა გონივრული უნდა იყოს, სახარებასთან შესაბამისი და არა ის, რომ დავუშვათ, მეუფე საბას მილიონიანი ავტო-პარკი აქვს, ასევე, მეუფე სვიმონს ასეთი ღირებულების ავტომანქანა და სხვადასხვა მღვდელმთავრები დაკავებულნი არიან მსხვილი ბიზნესით, მაგალითად, მეუფე ანტონი. ანუ, მღვდელმთავრების დანიშნულება არ არის ბიზნესის კეთება, ან ძვირადღირებული მანქანების შეძენა, მისი დანიშნულებაა სახარების ქადაგება და ხალხისთვის სასუფევლის ხარება და როდესაც ისინი ამას არ აკეთებენ, მაშინ ყველაფერი ცუდად მთავრდება. ისინი, შემოსავლის ნაწილს იღებენ საკუთარი ბიზნესის, ასევე, ბიზნესმენების შემოწირულობით, ნაწილს პოლიტიკოსებისგან და ამის სანაცვლოდ ისინი ქადაგებენ იმას, რასაც შეუკვეთავენ. ეს მხოლოდ ამ მთავრობის პირობებში მქადაგებელ სასულიერო პირებს არ ეხება, ჩვენ წინა ხელისუფლებების დროინდელი ქადაგებებიც შეგვიძლია მოვისმინოთ. წმინდა სინოდის მღვდელმთავართა უმეტესობა იმდენად არის დაზიანებული სახელმწიფოსთან არასწორი ურთიერთობით, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, ისინი ყველასთან ასე მოიქცევიან, რადგან სადაც ძალას ხედავენ იმათთან თანამშრომლობენ, ისინი სუსტთან არ თანამშრომლობენ. მათი მხრიდან სუსტი ყოველთვის უარყოფილია, თუნდაც, იგივე ოპოზიცია. სახელისუფლებო პარტია არის მათი პარტნიორი, ბევრ რამეს ისინი ერთად აკეთებენ და ამით ურთიერთსარგებელსაც ნახულობენ.
– განათლების დონეზეც, რომ ვიმსჯელოთ, როგორია სასულიერო პირებში განათლების დონე?
– ძალიან ცუდი! თუკი, სინოდის წევრთა უმრავლესობას ავიღებთ მაგალითად, მათ თეოლოგიური განათლება არ აქვთ, არც საერო განათლებით გამოირჩევიან და ეს შემდეგ უკვე აისახება უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ სასულიერო პირებზეც. რა თქმა უნდა, ბოლო დროს, ბევრი სემინარიაში სწავლობს, მაგრამ ის დიპლომის უკან, რასაც თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემია გასცემს, არ დგას ის განათლება, რაც უნდა იდგეს. ანუ, ფურცელზე არსებული რეგალიები, არ შეესაბამება იმას, რასაც უნდა იღებდეს სტუდენტი, ხოლო როდესაც ასეთი სტუდენტი სასულიერო პირი ხდება, რა თქმა უნდა მათ, უკვე განათლებისთვის არც სცალიათ იმიტომ, რომ ერთის მხრივ, დატვირთულნი არიან ღვთისმსახურებებით და მეორეს მხრივ, განათლების მიღების სურვილიც არ გააჩნიათ, რადგან მათ მშვენივრად იციან, რომ თუკი, ძველი თაობა ახერხებდა, ესენიც მშვენივრად იმორჩილებენ მრევლს ფსევდოისტორიებით და გამოგონილი ლეგენდებით. თუნდაც, მეუფე სპირიდონის, ან მამა შალვას და სხვების ქადაგებებს გადახედეთ. სრულიად აცდენილია სახარებას და ეს ბუნებრივია, მეტყველებს მათი განათლების დონეზე. ისეთ საკითხებზე საუბრობენ ამბიონებიდან, რომლებიც, საერთოდ, შერყვნაა და დანაშულია, რადგან ამბიონი წარმოადგენს სიწმინდეს და როცა მღვდელი დგება ამბიონზე და ის სახარებას არ ავრცელებს, არ ქადაგებს ყოფით საკითხებზე, რომელიც ადამიანების სულების ხსნას ემსახურება, თან, გამიზნულად ბოროტად ქადაგებენ, ეს ხომ ყოვლად დაუშვებელია და დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია. ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს, რომ ეპარქიებში, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებობს, სასულიერო პირებს მეტი თავისუფლება და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ. საქართველოში კი ზოგი შიშის, ან ფინანსური დაინტერესების გამო, ზოგიც ენთუზიაზმის გამო იზღუდავს თავისუფლებას, თან, გულწრფელად ასე სჯერათ.
– როგორ ფიქრობთ, პატრიარქის შემდეგ, როგორ განვითარდება პროცესები?
– ეს დამოკიდებულია მღვდელმთავრების გარკვეულ ნაწილზე და ხელისუფლების მოქმედებაზე. ვისაც ხელისუფლების მხარდაჭერა ექნება, ის გახდება პატრიარქი და ამავე დროს ხელისუფლების გარდა, რუსეთის მხარდაჭერა ვისაც ექნება. ეკლესიას რაც შეეხება, თუკი, ისევ რუსეთის კადრი მოვიდა, დიდი არაფერი შეიცვლება. მაგრამ თუკი, ისეთი ადამიანი გახდა მღვდელმთავარი, რომელიც გააცნობიერებს საქართველოს საპატრიარქოს შეცდომებს, ურთიერთობაში შევა ეკლესიიდან განდევნილ სასულიერო პირებთან, ეცდება, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროს, რომ კითხვები არ დატოვოს ეკლესიაში, დაფინანსების სტრუქტურა და სახე შეცვალოს, თუ განათლების პრობლემებს აღმოფხვრის ეკლესიაში, თუკი, საეკლესიო სასჯელებს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორად ქადაგებენ, შეიძლება, ამ შემთხვევაში, რამე შეიცვალოს, რადგან პატრიარქი ასეთი უნდა იყოს, რომ ეკლესიამ ეკლესიის სახე დაიბრუნოს. ძალიან გამიჭირდება თქმა, ვინ შეიძლება იყოს ეს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ვიდეო ინტერვიუ, სადაც პატრიარქის ნათლული, ედუარდ შევარდნაძე, ილია მეორეზე ამბობს, რომ მათი სისტემის, ანუ, “კა.გე.ბე”-ს დანიშნულია და თუკი ისევ რუსეთიდან მოხდება საქართველოს მამამთავრის დასმა, საერთოდ არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
– რა ხარვეზებს ხედავთ ეკლესიაში?!
– რომელი ერთი ჩამოვთვალო: ადმინისტრაციული მოუწესრიგებლობა, კანონიკური ქაოსი, ფინანსური გაუმჭვირვალობა, სუსტი განათლება სასულიერო პირებში, სუსტი კომუნიკაცია მრევლთან, დამახინჯებული და არასწორი ურთიერთობა სახელმწიფოსგან, იგივე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციასთან და ამ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებთან, ურთიერთობის თითქმის არ ქონდა და ა.შ. ბევრი საკითხია, მაგრამ ძირითადი მაინც ეს არის. სიტუაციის გამოსასწორებლად, უნდა აღდგეს და არსებობდეს საეკლესიო სასამართლო. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლოსგან გამართული, ადმინისტრაციული სტრუქტურების გარეშე, ისევე, ეკლესიაც ამის გარეშე ვერ იფუნქციონირებს, ყველაფერს მაინც წარმართავს კანონიკური სიჯანსაღე და ეს თუ გამოსწორდა, შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა, ამ ეტაპზე, მე ამის ნიშნებს მაინც ვერ ვხედავ.
– რაც შეეხება “ციანიდის საქმეს”. მას შემდეგ, რაც მამა გიორგი მამალაძემ ციხიდან ბოლო წერილი გაავრცელა, სადაც ის თავისუფლების სანაცვლოდ, პირობას დებდა, რომ საეკლესიო საკითხებისგან შორს დადგებოდა, თითქოს ჩაწყნარდა ეს საკითხი და საჯარო განხილვებიც ნაკლებია…
– დიახ, ე.წ. “ციანიდის საქმე” თითქოს მიწყნარდა. ბოლოს, მამა გიორგის წერილი გავრცელდა, რომ თუკი, ის გათავისუფლებული იქნებოდა საპყრობილედან, არ დაინტერესდებოდა საეკლესიო-საპატრიარქო საკითხებით. ყოველშემთხვევაში, თავის დროზე, “ციანიდმა” შეასრულა ის ფუნქცია, რომ ამ გზით, მეუფე დიმიტრის, როგორც საპატრიარქო კანდიდატის განეიტრალება მოხდა, ეს იყო ყველაზე თვალსაჩინო. ახლა უკვე, როგორ განვითარდება მოვლენები “ციანიდის შემოქმედთათვის”, თუ მათი “მსხვერპლთათვის” ამას დიდი მნიშვნელობა უკვე არ აქვს. “ციანიდმა” თავისი საქმე უკვე შეასრულა, მეუფე დიმიტრი “განეიტრალებულია”, როგორც საპატრიარქო კანდიდატი, რადგან ამით მისი ავტორიტეტის შელახვა მოხდა და ამ მოვლენების შემდეგ, მალევე შიო მუჯირი გამოირჩა მოსაყდრედ. ეს ორი ფაქტია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში. დეკანოზი მამალაძე პირდაპირ შეეწირა მეუფე დიმიტრის “განეიტრალების” საკითხს. ის, ავად, თუ კარგად გამოიყენეს მეუფე დიმიტრის საწინააღმდეგოდ. ცალკე საკითხია დიმიტრის საპატრიარქო კანდიდატობა, არაფრით არ შეიძლებოდა ის საპატრიარქო კანდიდატი ყოფილიყო, მისი ტიპაჟიდან და მართვის სტილიდან გამომდინარე, ვგულისხმობ, სიმდიდრის მოხვეჭას, გავლენების ფონზე ფინანსური ინტერესების განსაზღვრას, რომ შიოლაშვილების კლანს გაეგრძელებიან საპატრიარქო მმართველობა და ა.შ. როცა ადამიანი პატრიარქობაზე აცხადებს პრეტენზიას, ეს დაუშვებელია, ვგულისხმობ, მეუფე დიმიტრის, თუმცა, ვიღაცისთვის ის ძლიერი კანდიდატი იყო და “ციანიდის” საკითხით მოხდა მისი “მოშორება”. ეს ჩემი აზრია, შესაძლოა მიზეზი სხვაც იყოს. რაც შეეხება, თავად მსხვერპლს, მგონია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის სიცოცხლეში არ გაათავისუფლებენ და არც პრეზიდენტი შეიწყალებს მას. შეფასებით ნაწილზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რადგან ინფორმაცია მწირია და სასამართლოები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, შევძლებდით დაკვირვებას და პროცესების შეფასებას, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ სასამართლოები დაიხურა, ნიშნავს, რომ შიდა კლანების ურთიერთობების გარჩევასა და პატრიარქის გარშემო არსებულ ვითარებაზე მიდიოდა მსჯელობა. ფაქტობრივად, ინფორმაციული ვაკუუმის ფონზე, ცოტა რთულია ამ საქმის შეფასება. როგორც გითხარით, “ციანიდმა” თავისი როლი შეასრულა, ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები, ამას იდი მნიშვნელობა არ აქვს, მაქსიმუმ, რაც შეიძლება მოხდეს, მამა გიორგი მამალაძე გაათავისუფლონ საპყრობილედან, რაც ამ ეტაპზე, არა მგონია მოხდეს.
– ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საპატრიარქოს, ან პატრიარქის მიმართ კრიტიკა და განსხვავებული აზრის ქონა, ნიშნავს მტრობას ეკლესიის მიმართ. როგორ შეაფასებთ ამ მიდგომებს?!
– ეკლესიას შეადგენს ყველა ადამიანი, ყველა რანგის სასულიერო პირი, მრევლი და ყველა, ვისაც გვწამს იესო ქრისტე, მაგრამ ეკლესიაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. მაგალითად, იერარქებმა უნდა შეასრულონ ღვთის მსახურებები, უქადაონ ხალხს და მოაქციონ, მონათლონ და ა.შ. მრევლს იერარქებთან ერთად აქვთ საშუალება, უფლება, რომ ერთობით ადიდონ ღმერთი. ეს არ უნდა იყოს კასტებად დაყოფილი, რომ იერარქი მაღალ კასტას წარმოადგენს, მრევლი დაბალს და ა.შ. ეს არის ერთობა და მნიშვნელოვანი, როგორც ქრისტეს სხეულის თითოეული ნაწილი. ჩვენთან, მხოლოდ იერარქიას უკავშირდება ეკლესიის სახელწოდება და თუ, იერარქს გააკრიტიკებ, ეკლესიას უპირისპირდები და მტერი ხარ, ებრძვი. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ეკლესიას წარმოადგენს, ეკლესიის მტერი იყოს. მაშინ, გამოდის, რომ მე საკუთარი თავის მტერი ვარ. საერთოდ დაკარგული და დამახინჯებულია ეკლესიის შესახებ სწავლება და ეს აწყობთ იერარქებს, რადგან ასეთი მიდგომა, ხელს უწყობს მათი გავლენების, მათი ფინანსების მყარად შენახვას და დაცვას. მრევლი უბრალოდ ამას არ აპროტესტებს ისე, როგორც საჭიროა, მინიმალურია პროტესტი. სასულიერო პირები, რომ ქადაგებდნენ იმას, რაც სინამდვილეში წერია სახარებაში, სასულიერო პირები, რომ უხსნიდნენ მრევლს მათ რისი უფლება აქვთ, როგორი ძვირფასი და ტკბილია ქრისტიანული გაგება თავისუფლების, როგორი უფლება-მოვალეობები აქვთ ეკლესიის წევრებს, მაშინ გვექნებოდა ჯანსაღი მდგომარეობა, მაგრამ, როგორც ხედავთ, სასულიერო პირები ყველაფერ ამის საპირისპიროს ქადაგებენ. ერთია, რომ განათლება არ ჰყოფნით, მეორეა, რომ ასე აწყობთ და საბოლოოდ კი ვართ ასეთ სავალალო მდგომარეობაში. თუ, ჯერ მათი მდგომარეობა არ გამოსწორდა, ვინც უნდა დამოძღვროს ხალხი, როგორ შეიძლება მრევლმა ასეთი დახმარების გარეშე წარმატებას მიაღწიოს?! კი ბატონო, არის ცალკეული შემთხვევები, რომ განათლება თვითონ მიიღოს მრევლმა, წაიკითხოს სახარება და ა.შ. ამის არაერთი საშუალებაა დღეს, მაგრამ როდესაც იერარქია ამ სწავლებების წინააღმდეგ არის განწყობილი, მაშინ ხდება გაყოფა. სინამდვილეში, კი ეს ერთი მთლიანობა უნდა იყოს.
არიან გამონაკლისი სასულიერო პირები, რომლებსაც ჯანსაღი მიდგომა აქვთ მრევლთან, მაგრამ ეს იმდენად მწირია, რომ დიდ ამინდს ვერ ქმნის და ვერაფერს ვერ ცვლის. რაც შეეხება დანარჩენებს, ჩვენ ვხედავთ რამდენად დიდ შეურაცხყოფას აყენებენ მღვდელმთავრები მრევლს. მეუფე სტეფანემ ქალებს ჩერჩეტები და შტერები უწოდა. როგორ შეიძლება სასულიერო პირი და მით უფრო, იერარქი, ქადაგების დროს ამბიონიდან ასეთ შეფასებებს აკეთებდეს მრევლის წევრების მიმართ?!
– ეს ხომ არ არის ერთეული შემთხვევები, ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდნენ ასეთი სასულიერო პირები. რატომ არ რეაგირებს საპატრიარქო ამ ყველაფერზე?!
– არ რეაგირებს იმიტომ, რომ თუკი, რეაგირებას მოახდენს, მაშინ მან ამ ყველაფრის საპირისპირო უნდა თქვას და თუკი, ჯანსაღ ქრისტიანობას იქადაგებენ, მაშინ ვეღარ მართავენ მრევლს. სახარებისეულად, რომ იქადაგონ, მაშინ დაკარგავენ გავლენებს, ფინანსებს და ა.შ. მათ ეს არ აწყობთ, ამიტომ, საპატრიარქო მეუფე სტეფანეს არ უშლის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას, არც მეუფე სპირიდონს უშლის რუსოფილურ ქადაგებებს, იგივე, მეუფე იაკობს არ უშლის პოლიტიკურ განცხადებებს ამბიონიდან, რომელიც მიკერძოებულია, მეუფე საბას და სხვა დანარჩენებს არ უშლის სიმდიდრისაკენ ლტოლვას, იგივე მეუფე ანტონს და ა.შ.
– ჩვენ ინტერვიუს მსვლელობისას განვიხილეთ მოსაყდრესთან დაკავშირებული საკითხი. თუ გაქვთ ინფორმაცია, გარდა მეუფე შიოსა და მეუფე დანიელისა, არის კიდევ რომელიმე იერარქი პატრიარქობის მსურველი?!
– მოსაყდრეობა არ ნიშნავს, რომ დადგენილი იერარქი აუცილებლად პატრიარქი გახდება. მოსაყდრეს ფუნქცია საჭიროც არ არის, მაგრამ ჩვენი დებულების მიხედვით, მოსაყდრეს ფუნქცია არის ის, რომ თუკი პატრიარქს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მოსაყდრემ შეასრულოს მისი მოვალეობა და პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა, ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც უნდა აირჩიონ ახალი პატრიარქი. შესაძლოა, მოსაყდრე სხვა გახდეს, შიო გადააყენონ და სხვა დანიშნონ, მაგრამ შესაძლოა, ის სხვაც ვერ გახდეს პატრიარქი. ანუ, მოსაყდრეობა მომავალში პატრიარქობას არ ნიშნავს, თუმცა, ალბათობა დიდია. თუკი, მოსაყდრეს ექნება მთავრობის და რუსეთის მხარდაჭერა, შესაძლოა, პატრიარქიც კი გახდეს ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ. თუკი, მღვდელმთავრების ნებაზე იძალადებენ და მათ აიძულებენ კონკრეტული ადამიანის არჩევას, ამ გზით, შესაძლოა, მოსაყდრე პატრიარქი გახდეს. შესაძლოა, სამი კანდიდატიდან ერთი მოსაყდრე იყოს, ორი ჩვეულებრივ მღვდელმთავარი, მაგრამ შეიძლება კონკრეტული იერარქი არ გახდეს მოსაყდრე არჩევნების დროს და გახდეს სხვა მღვდელმთავარი. ამით იმას ვხსნი, რომ მოსაყდრეობა არ არის გარანტი. უნდოდათ მითი შეექმნათ, რომ მოსაყდრე არის პატრიარქის მემკვიდრე, ჯაღმაიძე აცხადებდა კიდევაც თავის გამოსვლებში ამას, ეს სრული ბოდვაა და მოსაყდრეობის ცრუ განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორ შეიძლება ეკლესიას, რომელსაც კრება მართავს, რაღაც მემკვიდრეობა ჰქონდეს, რომ პატრიარქმა გადასცეს ვინმეს მემკვიდრეობად პატრიარქობა. ეს ხომ გამორიცხულია, უცხოა ქრისტიანული ცხოვრებისთვის, წარმოუდგენელი რამ არის.
– როგორ მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა, იქნებიან, თუ არა ამაში ჩართულნი სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები, მრევლი და ა.შ?!
– რა თქმა უნდა, დაბალი რანგის სასულიერო პირებიც იქნებიან წარმოდგენილნი და მრევლიც, მაგრამ მათ არ აქვთ ხმის უფლება. ჩვენი დებულების მიხედვით, ხმის უფლება აქვთ მხოლოდ მღვდელმთავრებს. დავუშვათ, ჯანსაღად, რომ ტარდებოდეს ეს გაფართოებული კრება, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით, მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ხმის უფლება გააჩნიათ მხოლოდ მღვდელმთავრებს, დანარჩენებს შემფასებლობითი ფუნქცია აქვთ, მაგრამ თუკი ეს შეფასება ეწინააღმდეგება მღვდელმთავრების არჩევანს, რასაკვირველია, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და პატრიარქი გახდება ის, ვისაც მღვდელმთავრები აირჩევენ. ცალკე საკითხია მღვდელმთავრების არჩევანზე ვის და რა სახის გავლენა ექნება, მაგრამ ფორმალური მხარე, დაახლოებით ასეთი სურათს მოიცავს.
ჩვენ ვნახეთ, რომ მოსაყდრე, შიო მუჯირი არის არაკანონიკურად, მაგრამ ვინ არის დარწმუნებული, რომ პატრიარქს ანდერძი არ აქვს დაწერილი, სადაც, ის დავუშვათ ამბობს, რომ “მე გადავაყენე მეუფე შიო და მოსაყდრედ ვნიშნავ სხვას”. ვინ არის ამის გარანტი, რომ ასეთი რამე არ არსებობს?!
– ასეთ შემთხვევაში, გაითვალისწინებენ პატრიარქის ანდერძს და ამ სახის ცვლილება მოხდება საპატრიარქოში?! ანდერძის არსებობის შემთხვევაში, თუკი შინაარსი არ დაემთხვევა რუსეთის სურვილს, შესაძლოა სულაც არ გამოაჩნონ ეს ანდერძი…
– ადრე, იყო საუბარი პატრიარქის ანდერძის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც წერტილს დაუსვამდა იმ აზრს, რომ პატრიარქმა საკუთარი სურვილით დაასახელა მოსაყდრე, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინ დაუშლის პატრიარქს, რომ ანდერძი შეცვალოს, ან, სხვა ანდერძი დაწეროს?! დავუშვათ, მეუფე შიოზე, რომ თქვას, ეს არ ყოფილა მისი არჩევანი და შეცვალოს მოსაყდრე. ეს ანდერძი სრულიად კანონიერი იქნება და ნიშნავს იმას, რომ შიო უნდა გადააყენოს სინოდმა და მოსაყდრედ აირჩიონ ის, ვისაც, ასე ვთქვათ, ანდერძში დაასახელებს ილია მეორე.
– მისი გარდაცვალების შემდეგ, რამდენად დიდი ძალა ექნება პატრიარქის ანდერძს, ანუ, შეძლებს, რომ რუსეთის პოზიცია გადაწონოს?!
– თუ, წმინდა სინოდი დამორჩილდა იმას, რომ პატრიარქმა მეუფე შიო დაადგინა მოსაყდრედ და არ გაუპროტესტებია, თუკი ასეთი ანდერძი აღმოჩნდება, მაშინ, წმინდა სინოდმა ეს უნდა მიიღოს და შეასრულოს. გადააყენოს შიო და დააყენოს ის ადამიანი, ვინც ანდერძში იქნება დასახელებული. დავუშვათ, პატრიაქრი წერს ასეთ რამეს: “შიო მუჯირის მოსაყდრედ დასმა იყო ძალდატანებით მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ის მე გადავაყენე და ახლა ვნიშნავ სხვა მოსაყდრეს”. პატრიარქს აქვს უფლება მისი გადაწყვეტილება შეცვალოს და წინა გამოცემული დადგენილება გააუქმოს მომდევნოთი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა ანდერძი არსებობდეს და შემდეგ იქნება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მანიპულაცია.
– თუკი, საპატრიარქოში რუსეთის გავლენები თითოეულ მღვდელმთავარზე მოქმედებს, მაინც მეეჭვება, ისეთი ანდერძი ვინმემ გამოაჩინოს, სადაც კრემლის სურვილის საწინააღმდეგო აზრი იქნება დაწერილი…
– პატრიარქმა უნდა იზრუნოს, რომ ისეთ ადამიანს დაუტოვოს ანდერძი, რომელიც ამას გაასაჯაროებს. როგორც გითხარით, შესაძლოა ანდერძში გაცხადდეს იმ იერარქის ვინაობა, ვინც პატრიარქს უნდოდეს მოსაყდრედ, ან შემდგომ პატრიარქად, მაგრამ შესაძლოა რუსეთის, ან მთავრობის გავლენით, სხვა აირჩიონ პატრიარქად. ანუ, სულაც არ გაითვალისწინონ პატრიარქის აზრი. მაგრამ ილია მეორე იმას კი არ დაწერს, რომ კატეგორიულად ეს ადამიანი აირჩიონ, ის უბრალოდ სურვილის სახით დაწერს ამას და საბოლოოდ მაინც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხმათა უუმრავლესობის მქონე კანდიდატი გაპატრიარქდება. რამდენად გაითვალისწინებენ მღვდელმთავრები პატრიარქის აზრს, ამის პროგნოზი დღეს რთულია.
ავტორი: მზეკო ჟვანია
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას