“მეტადონშიკი” მღვდლები ქართულ რეალობაში, ჭყონდიდის დაცლილი ეპარქია და დახურული მონასტრები მარტვილში – სპეციალურად “თაიმერისთვის” არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი)
ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო სამი წელიწადია საათის ისარი დროის საწინააღმდეგოდ ბრუნავს. მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მოღვაწეობის დროს ეპარქიაში არსებული სიმყუდროვე ჯერ გრიგოლ კაციამ დაარღვია, ახლა კი სტეფანე კალაიჯიშვილი აგრძელებს. გრიგოლ კაციამ თავს ეპარქიიდან გაქცევით უშველა, თუმცა, “სასჯელად” მოვლენილ კალაიჯიშვილს ჯერ ისიც კი არ აქვს გააზრებული, რომ მისმა დიქტატურამ ეპარქიის დაცლა გამოიწვია, ხოლო მისი ქადაგებები მისივე დამხობის წინაპირობაა. შედეგები კი ასეთია: ჭყონდიდის ეპარქიას სამი მონასტერი არ ემორჩილება, ორი (ნაჯახაოს და ინჩხურის) დახურეს და დარჩენილებში თითო ადამიანი ცხოვრობს.
“სტეფანეს მარგალიტებზე” უკვე აღარავინ ბრაზდება, თუმცა, ამბიონიდან მოყოლილ ვერც მის ანეკდოტებში ხედავენ რაიმე სასაცილოს, რაც შესაძლოა მისი გადმოცემის უნარის დაქვეითების შედეგიც იყოს. მეუფე სტეფანე “ხუმრობს” ყველაფერზე, ლანძღავს ყველას, ვინც მისი და კრემლის მიერ მართული საპატრიარქოს წინააღმდეგ გაილაშქრებს. მისი “მარგალიტებიდან” განსაკუთრებულად დამამახსოვრდა “მიკროფონით მორბენალი ძროხები”. ამ ფრაზაშივე სტეფანე კალაიჯიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ კრიტიკული შეხედულებების მქონე ჟურნალისტებიზე საუბრობს, რომლებზეც ვერც რუსეთმა, ვერც საპატრიარქომ და მით უფრო, ვერც სტეფანემ გავლენები ვერ მოიპოვა.
ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვნებათა ღელვა არ ცხრება და ბუნებრივია, “მიკროფონით მორბენალი ძროხები” ვინტერესდებით, მეუფე პეტრეს განყენებიდან სამი წლის შემდეგ, რა შესძინეს, ან რა დააკლეს, როგორ დაანგრიეს, ან ააღორძინეს ეპარქია, ჯერ გრიგოლ კაციამ, ახლა კი სტეფანე კალაიჯიშვილმა. ვინ, თუ არა მემატიანედ მოაზრებული, მამა ათინოგენე, რომელიც ყველა დროში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული ყველა მოვლენის ეპიცენტრშია. სიმართლისთვის ბრძოლას ჯერ, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობა, შემდეგ კი, მამა ათინოგენეს მღვდლობა შეეწირა. მისი “დასჯის” დეტალებზე, ჭყონდიდის დაცლილ და განადგურებულ ეპარქიაზე, გამოკეტილ მონასტრებზე, “მეტადონშკ” მღვდლებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, სპეციალურად “თაიმერის” მკითხველისთვის, არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი) ისაუბრებს, რომელიც იმედს არ კარგავს, რომ რაც მტრობამ დაანგრია, სიყვარული ააშენებს, თუმცა, ამისთვის აუცილებელ ფაქტორად, შავის თეთრისგან გარჩევა და მტერ-მოყვარის სწორად დანახვა მიაჩნია. ეპარქიის ცრუპენტელა ეპისკოპოსი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ეპარქიიდან გაძევების კანდიდატია, თუმცა, სტეფანეს კალთას ლეკვებივით შეყუჟულმა მედროვე სამღვდელოებამ, ჯერ გამბედაობა ვერ მოიკრიბა, რომ ეპარქიის დიქტატორ მმართველს პირშიც ის უთხრან, რასაც მის ზურგს უკან ამბობენ. მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მიცემული ერთგულებისა და მხარდაჭერის პირობა კი, ჭყონდიდის ეპარქიის აწ უკვე, ყოფილი მმართველის წასვლისთანავე გაქრა, თუმცა ბრძოლაში მარტო დარჩენილი იერარქის სიმართლეს, დღემდე ჰყავს თანამოაზრეებიც და მხარდამჭერებიც, რომელთა ნაწილის დასჯა გრიგოლ კაციამ მოასწრო, ხოლო, რაც მან დააკლო, სტეფანე კალაიჯიშვილი აგრძელებს.
– ქრონოლოგიურად, რომ მოვყვეთ, გავიხსენოთ 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომა:
– მაშინ, ასე დავიწყოთ: 2019 წლის შედეგს, წინ უძღოდა მოვლენები, ის საკითხი, რომლის განხილვაც მეუფე პეტრემ სინოდის სხომაზე მოითხოვა, როცა ამხილა პატრიარქი, მანამდე, სამი წლის მანძილზე ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით და ადგილობრივ სამღვდელოებასაც გვქონდა ინფორმაცია, ვიცოდით მეუფე პეტრეს გულისტკივილი და ვადასტურებდი იმას, რომ ეს ყველაფერი ჩემგან იყო დაწყებული, რადგან ეს კონკრეტული ადამიანი ჩემთან მოვიდა, რომელმაც მთხოვა, რომ მივხმარებოდით, რადგან რამდენიმე მეუფესთან იყო მისული ეს პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ პატრიარქმა მასთან ინტიმური ურთიერთობისთვის იძალადა. ჩემამდე, ორ მეუფეს სთხოვა დახმარება, მათ თავიდან უთხრეს, რომ გვერდში დაუდგებოდნენ, შემდეგ კი ერთმა გამოუცხადა, რომ “უშიშროების მოგზავნილი ხარო”. მეორემ კი: “ფული გაქვს აღებულიო”. ამ ბიჭს ნერვიული სტრესის შედეგად, მძიმე მდგომარეობა შეექმნა, ვერსად თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებდა.
– ეს ადამიანი სასულიერო პირი იყო?
– არა, ჩვეულებრივი მორწმუნე ადამიანია, ეკლესიის წევრი, სტიქაროსანი იყო. ეს ადამიანი, თავის საქმიანობით (ხელნაკეთობებით) პატრიარქმა დაიბარა, მიიყვანეს და საპატრიარქოს პირველ სართულზე ცხოვრობდა რამდენიმე თვე, შემდეგ კი ეს საშინელი ამბავი დაემართა. როცა ჩემთან მოვიდა, ეს ყველაფერი მომიყვა და დახმარება ითხოვა, ჩემი გულისტკივილით მივედი მეუფე პეტრესთან და ვუთხარი ამის შესახებ, რასაც შემდეგ უკვე ეს ყველაფერი მოჰყვა. მეუფეც საქმის კურსში იყო და ისიც იცნობდა რამდენიმე ადამიანს, რომელიც მსგავს სიტუაციაში იმყოფებოდა და ვიცოდი, რომ ამ საკითხს სინოდის სხდომაზე დააყენებდა. ჭყონდიდის ეპარქიაში ჩამოდიოდნენ მეუფეები, გეგმავდნენ რუის-ურბნისის კრების მოწყობას და თავიანთი განცდები ჰქონდათ. ბევრი ისეთი რამე გვაქვს მოსმენილი ეპისკოპოსების მხრიდან, რომლებიც გვერდში დგომას უცხადებდენ მეუფე პეტრეს და იყვნენ ამ მოწოდებაში, თუმცა, ყველამ ნახა, რომ მეუფე პეტრე მარტო იყო სინოდის სხდომაზე. ბევრი მათგანი დღეს დგას და პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს. ისე საშინლად და უტიფრად საუბრობენ ამ ყველაფერზე, სირცხვილის განცდაც კი არ აქვთ თავიანთი ნასაუბრების.
– სინოდის სხდომამდე, ეპარქიაში განიხილებოდა “პატრიარქის მსხვერპლების” საკითხი?!
– დიახ, სამი წლის მანძილზე სამღვდელო კრებაზე განვიხილავდით ამ საკითხს. ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე სამღვდელო დასმა იცოდა ეს ყველაფერი და სინოდის კრების წინა პერიოდში, როცა მეუფემ კიდევ ერთხელ მოაწყო სამღვდელო კრება, მაშინ 50-მდე მღვდელმსახურს განუცხადა: “მე ამ ნაბიჯს ვდგამ, ამ თავგანწირვაზე მივდივარ, თქვენ შეიძლება მე მნახოთ განკვეთილი, მოკლულიც, პატივ და ხარისხ აყრილი და თუნდაც, ჩემი გარდაცვალების შემდეგაც, რომ დამიბრუნონ ხარისხი (როგორც სჩვევია პატრიარქს), იცოდეთ, რომ ეს არ იქნება სიმართლე და მირჩევნია, როგორც ჩვეულებრივი მონაზონი, ისე წარვსდგე ღვთის წინაშე, მაგრამ მე თქვენ გეუბნებით: აქ ხართ, თუ რამეს ხედავთ ისეთს, მამხილეთ, ძმები ხართ ქრისტეში, ზოგი ჩემი ნაკურთხი ხართ, ზოგი აქ დამხვდით სამღვდელო ხარისხშიო” და არც ერთს ხმა არ გაუღია, ყველა მდუმარედ და მორჩილებით ისმენდა ამ ყველაფერს, თუმცა, არავის გამოუხატავს უკმაყოფილება, პირიქით, სასულიერო დასში, რაც საშინელი ხდებოდა, ამაზე თავიანთ ტკივილებს გამოთქვამდნენ. მეუფეს ეუბნებოდნენ: “შენ ხარ ჭყონდიდელი, უნდა აღზარდო აღმაშენებელი და როგორც ადრე, საუკუნეების წინ დაიწყო ამ ეპარქიიდან საქართველოს გაერთიანების და სიწმინდის იდეა, ეს უნდა განმეორდეს, თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ ამას და ჩვენც თქვენს გვერდით ვართო”, მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვად დარჩა და ესენი აღმოჩნდნენ შეშინებული და სამარცხვინო კაცები. ასეთი მღვდლები რომ გეყოლება, რა ჭეშმარიტებას დაამტკიცებ და დაამკვიდრებ?! მებრალება ჭყონდიდის ეპარქიაში მცხოვრები თითოეული ადამიანი, რომლებსაც ასეთი წინამძღოლები ჰყავთ და ფიქრობენ, რომ ისინი ქრისტემდე ქრისტეს სიყვარულით მიჰყავთ. უმრავლესობამ, არც კი იცის, რომ ჯვარცმამდე უნდა დაამოწმონ ჭეშმარიტება, ამხილონ ეს სოფელი და ჯვარცმის შემდეგ დაანახვონ ყველას, რომ მარადიული სიცოცხლე არსებობს და აღდგომის სიხარულით შეხვდნენ ამას.
– ის სამღვდელო დასი, რომელიც პატრიარქის მხილებამდე შეკრიბა მიტროპოლიტმა პეტრემ და ამ ყველაფერზე ესაუბრა, დღემდე ეპარქიაში არიან?
– რა თქმა უნდა. ჩვეულებრივად მსახურებენ სტეფანე კალაიჯიშვილს, ეპირფერებიან, ზურგს უკან ლანძღავენ და ასე ცხოვრობენ.
– საზოგადოებისთვის მხოლოდ შედეგები გახდა ცნობილი, თუმცა, როგორ დადგა ეს შედეგები, უცნობია. რა მოხდა სინოდის იმ სხდომაზე?
– 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას (ჩვეულებრივ) მიეცა სიტყვის წარმოთქმის უფლება. მან დაიწყო რუის-ურბნისის ძეგლთაწერის მე-18 კანონის წაკითხვა, რა დროსაც შეაწყვეტინეს, ჩხუბი მოხდა, შემდეგ განაყენეს, რის შემდეგაც გამოდის სხდომიდან და ჟურნალისტებთან ამბობს: “მე მღვდლობიდან განმაყენეს, შემიჩერეს მღვდელმოქმედება და ამ ყველაფრის მიზეზია ის, რომ საქართველოს ეკლესიის, სინოდის თავმჯდომარე, ილია მეორე არის პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილიო”. თქვენ წარმოიდგინეთ, იერარქებმა არც კი იციან, რომ ეპისკოპოსს, რომელიც თავის სიტყვას ამბობს, უნდა დაასრულებინო საუბარი, მოუსმინო, არავის აქვს უფლება, მას სიტვა შეაწყვეტინოს. ხალხმა დღემდე არ იცის, სინოდის იმ სხდომაზე, როცა მეუფე პეტრემ საუბარი დაიწყო ამ კონკრეტულ საკითხზე, იქ, რამდენიმე მეუფემ ჩხუბი ატეხა და ხელით შეეხნენ ერთმანეთს, იმისთვის, რომ მეუფეს ნათქვამი არ დაფიქსირებულიყო და არ გატარებულიყო დოკუმენტალურად სინოდის სხდომის ოქმში, მათ ყველაფერი იკადრეს, რომ ეს საკითხი ჩაშლილიყო და გარეთ გამოიტანეს ის დამოკიდებულება, რომ თითქოს, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომაზე რაღაცები დაარღვია. მათ იცოდნენ, რომ მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე, ამ საკითხის დასაყენებლად მიდიოდა, მანამდე ჩამოდიოდნენ მიტროპოლიტები სამ-სამად და ცდილობდნენ მეუფეს გადაწყვეტილება შეეცვალა, თითქმის ეხვეწებოდნენ, რომ შეეჩერებინათ.
– როგორ მოხდა მეუფე პეტრეს განყენება?
– ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, რომელიც იყო პატრიარქის მიერ მიღებული. თვითონ ამბობენ, რომ ეპისკოპოსის განყენება და ბრალდების წაყენება ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს. მეუფე პეტრეს კი იმ წუთშივე, იმ დღესვე “მოუგვარეს” ყველაფერი, არც განუხილავთ და ოთხი სასჯელი მიუყენეს, რომელიც რჯულის კანონით არ შეიძლებოდა! თუ, სასულიერო პირს ბრალს უყენებ, მას ერთი სასჯელი უნდა მიუყენო. პატრიარქს მან უწოდა “არამწყემსი კეთილი”. “მითი დაინგრაო” და ამის გამო განაყენეს მღვდლობიდან, მღვდლობა შეუჩერეს და მღვდელმთავრად დატოვეს. როგორ შეიძლება ეს?! არ არსებობს, არსად არ წერია ასეთი რამ, არც კანონიკურ სამართალში, საერთოდ არსად. თუ, მღვდლად არ ივარგებდა, ეპისკოპოსად როგორ ტოვებდნენ?! დღესაც ეპისკოპოსია, მიტროპოლიტი პეტრე და ჩვენ ასეთი ანომალიები უხვად გვაქვს ეკლესიაში. როცა შევიტყვეთ ამ ყველაფრის შესახებ, ჩვენ არ ვღებულობდით სინოდის გადაწყვეტილებას, ველოდით, როდის დაბრუნდებოდა მეუფე პეტრე ეპარქიაში, რომ გვესაუბრა მასთან. მას არ მოუსმინეს, არანაირი გამოძიება არ ჩაუტარებიათ, გადაფარეს ყველაფერი, რომ საქმე გამოძიებამდე არ მისულიყო, ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მათ პატრიარქი უყვართ და ა.შ. როგორი სიყვარულია ეს მამის, როდესაც შენს მამაზე ასეთ რამეს ამბობენ და შენ არ ინტერესდები ეს ნამდვილად სიმართლეა, თუ ტყუილი. ვინც ამბობს, რომ პატრიარქი უყვარს, ისინი უფრო არ უნდა იყვნენ მოწადინებული, რომ ბოლომდე იყოს გამოძიებული ეს ყველაფერი?! და ვინც მას ცილს სწამებს, ამხილოს და დაუმტკიცოს ერს, რომ ის მატყუარაა და მისი ნათქვამი ცრუ იყო. გამოძიების გარეშე, როგორ შეიძლება ადამიანი ასე საქვეყნოდ, საბჭოთა კავშრის მეთოდებით “გააშავო” და საშინელებები მოუწყო!
– ამ ყველაფრის შემდეგ, მეუფე პეტრე ბრუნდება ეპარქიაში, რა ხდება?!
– ჩვენ ველოდებოდით მეუფეს დაბრუნებას ეპარქიაში, როცა ჩამოვიდა და თქვა, რომ “ეს ჩემი ბრძოლაა და მე შევები ამ ბრძოლაში, იმედია ყველაფერი გაირკვევა და დადგინდება, მე ვაგრძელებ ამ ბრძოლას, თქვენ იცხოვრეთ, როგორც აქამდე ცხოვრობდით, როგორც არის ჩვენი ცხოვრების წესიო”, ჩვენც ასე ვფიქრობდით, რომ ეს საკითხი აუცილებლად განხილული იქნებოდა ეკლესიის წიაღში, ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ასეთი ბრალდება, რაც იყო დასახელებული მეუფის მიერ სინოდის სხდომაზე, არ იქნებოდა შემდგომში განხილული და ბოლომდე არ იქნებოდა გამოძიებული, ვინ იტყუება, ვინ მოგზავნილია, ვინ ვისი პარტიის წევრია, ვინ ვის ეკუნტრუშება და ა.შ. როგორ ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფერს არ განიხილავდნენ?!
– ელოდით, რომ მეუფე პეტრეს განაყენებდნენ?!
– რაღაც დონეზე ველოდი, რადგან ამ სამი წლის მანძილზე, ამ ადამიანებში “ჩეკისტურ” დამოკიდებულებას ვხედავდი. ვისაც ხარისხები აქვთ მიცემული, არ იფიქროთ, რომ უცაბედად მოსულები არიან ეკლესიაში. მე, რაც აღმოვაჩინე, ესენი ჩვეულებრივ კრემლის, საბჭოთა კავშირის სისტემის წევრები არიან, როდესაც სტალინმა მაშინ დაიბარა საეკლესიო დასი და ჰკითხა: “ითანამშრომლებთ?!” და ვინც თქვა “არა!”, ზოგი ადგილზე დახვრიტეს, ზოგსაც საკონცენტრაციო ბანაკებში ამოხადეს სული, ულაგებში და ვინც ჭეშმარიტების და სიმართლის დასამოწმებლად ამოიღებდა ხმას და იტყოდა, რომ: “ეს არ არის ქრისტიანობა და არა მარტო ქრისტიანობა, ეს ადამიანობაც არ არისო”, ადგილზე კლავდნენ, ვინც თანამშრომლობა გააგრძელა, შექმნეს კრებული ე.წ. სამღვდელო დასი, რომელსაც ეკლესია დაარქვეს და ასე ცხოვრობენ დღემდე. ოღონდ ეს არ არის ჭეშმარიტი ეკლესია, ეს არ არის ქრისტეს სახე!
– ანუ, მრევლი სიცრუეში ცხოვრობს?!
– მრევლი ნიშნავს გამარჯვებულს, რომელმაც ღვთის შეწევნით, გონების ნათელით, სულიწმინდის მადლის მოქმედებით ამ სოფლის სული დაძლია და ქრისტე ამბობს: “ამით გიცნობდნენ თქვენ, რომ ჩემები ხართ, ქრისტიანები ხართ, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთო”. თქვენ სადმე სიყვარულს ხედავთ?! ამ ეპისკოპოსებს, რომ ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთს, რომ აბრალებენ, ერთმანეთს, რომ ეპირფერებიან, სხვაგან ვერ ნახავთ ვერსად. ეს ეპისკოპოსებს რაც შეეხება და თქვენ უნდა ნახოთ მღვდლები როგორები არიან, მე გაოცებული ვარ. ეს ეკლესია არ არის, ავაზაკთა ბუნაგია.
– როცა ეკლესიაში არსებული ანომალიები ახსენეთ, რა იგულისხმეთ?!
– ერთ-ერთი არქიმანდრიტი გამორჩეული იყო საეპისკოპოსოდ და ერთმა ეპისკოპოსმა წინააღმდეგობა გაწია, რომ ის მამათმავლობის ბრალდებით ცხოვრობდა და მასზე ასეთი ხმები დადიოდა. ეს კაცი, ამის გამო, არ გამოარჩიეს ეპისკოპოსად, თუმცა არქიმანდრიტად დარჩა. ასე, რომ ჩვენ გვყავს მამათმავლობაში ბრალდებული არქიმანდრიტი, რომელიც არ მიიღეს ეპისკოპოსობაში. ეს ამ ბუნაგში ჩვეულებრივი მოვლენაა. თუნდაც, მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა, რომელიც ბრალდებულია პედოფილიაში და ის სინოდის წევრად რჩება, მხოლოდ ეპარქია ჩამოართვეს და ა.შ.
– ამ მოვლენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით მმართველად ახალი ეპისკოპოსი მოვიდა…
– დიახ, დროებით მმართველად წარგვიდგინეს ასეთი ეპისკოპოსი, გრიგოლ კაცია, საოცარი მოვლენა!.. ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, ჩამოსულია ოთხი ეპისკოპოსი (მეუფე თეოდორე ჭუაძე, მეუფე გერასიმე შარაშენიძე, მეუფე ვახტანგ ახვლედიანი, გრიგოლ კაცია), ორი მიტროპოლიტი და ერთი მთავარეპისკოპოსი. მეუფე თეოდორეს ვეკითხები: “სინოდის სხდომაზე, რატომ არ დაასრულებინეთ მეუფეს სათქმელი და რატომ არ მოუსმინეთ, თუ რა გულისტკივილი ჰქონდა”-მეთქი. მპასუხობს, რომ ჯერ მზად არ არიან საპასუხოდ “და შენ გჯერა რასაც მეუფე ამბობსო”, რა თქმა უნდა დავუდასტურე, რომ მჯეროდა, ამ დროს მეუფე პეტრემ უთხრა: “ძალიან ცუდი ადრესატი აირჩიე მეუფე, მას 20 წუთის წინ ის ადამიანი ურეკავდა და ეხვეწებოდა, “არ გაჩერდეთ მამაო, თუ საჭირო იქნება სინოდზე მოვალ და ვიტყვი ჩემს სიტყვასო”, თეოდორე ჭუაძემ თქვა, რომ “ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ, არც მზად ვართ და აქ, არც არის ამის ფორმატი, ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ, შევიკრიბებით ყველა და ამ თემაზე ვისაუბრებთო”, მაშინ მეუფე პეტრემ უთხრა: “თუ, თქვენ აქ ჩამოხვალთ, შეიკრბებით და ისაუბრებთ, უჩემოდ არ ისაუბროთ, რადგან ეს ყველაფერი ჩემგან არის დაწყებული, მეც უნდა ვესწრებოდე ამ საუბარს და აქვე შემპირდით, რომ ამ შეხვედრას უჩემოდ არ ჩაატარებთო”. შეპირდნენ ისინიც, რომ მოვიდოდნენ, ისაუბრებდნენ და ჩვენ გაგვარკვევდნენ ამ ყველაფერში.
გადის დრო, მეუფე გრიგოლი ეპარქიის დროებითი მმართველია, ამ კაცმა არც მოგვიკითხა, არც წარგვიდგინა საკუთარი თავი და გადავწყვიტე მივსულიყავი. მქონდა მასთან შენიშვნა, რადგან ჯერ მონაზვნები ვართ და უნდა გაგვცნობოდა ეპარქიაში ყველას, მონაზვნური საუბარი უნდა გვქონოდა, ვკითხე, რატომ არ მოიქცა ასე და მიპასუხა, რომ: “შენზე ასე მეუბნებოდნენ, მამა ათინოგენე მკაცრია, ხალხს თავს ესხმის, ძალიან დაძაბული ადამიანია და შესაძლოა თავს დაგესხასო”. რა თქმა უნდა მექნებოდა შესაბამისი რეაქცია იმაზე, რომ არაფრად ჩაგვაგდო დამხვდურები. მიცინის და მეუბნება: “გაჩერდი მამაო, ცოტა ხანში ეს ყველაფერი დამთავრდებაო”, რას გულისხმობდა ვერ გავიგე: “რომ გარდაიცვლება, მერე დავიწყოთ საუბარი”-მეთქი?! “არა, არც მერე არ გვინდაო” ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა: “შესაძლოა, სადაც იზრდებოდით იმ ქვეყანაში, ასეთი ქმედება მიღებულია, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, მე ასე მასწავლეს, რომ სანამ ცოცხალია, მანამ უნდა თქვა ადამიანზე, რაც გაქვს სათქმელი, თორემ, რომ გარდაიცვლება მერე, ან კარგს ამბობენ, ან არაფერს”-მეთქი. “ჰოდა, არ ვთქვათ არაფერიო”, მერე ისევ მიღიმის და ასეთ რამეს მეუბნება: “მეც ვიყავი საპატრიარქოში, მაგრამ არავის “უქნია” ჩემთვის რამეო”. გამიკვირდა, ვერ მივხვდი რას მელაპარაკებოდა. ეპისკოპოსი მელაპარაკება ისეთ, რამეს, რაც საერთოდ არ მომისმენია და ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო მისი საუბარი. ისევ მიცინის და მეუბნება: “იცით ერთმა რა მითხრაო, სარკეში ჩაიხედე რას გავხარ, ვინ “გიზამდა” რამესო”. მაშინ ავდექი და ვუთხარი: “მე შენ არ გღებულობ, როგორც ეპისკოპოსს, შენნაირი დონის ადამიანთან არ მინდა საუბარი”-მეთქი და წამოვედი.
– ამ დიალოგის შემდეგ “დაგსაჯათ” გრიგოლ კაციამ?!
– მე ჩვეულებრივად ვაგრძელებდი მსახურებას, პატრიარქსაც ვიხსენიებდით წირვაზე იმ იმედით, რომ ამ ყველაფერს რამდენიმე ხანში სინოდი გამოიძიებდა, ჩემთვის ყველაფერი გარკვეული იქნებოდა და ეკლესიის წიაღში მოგვარდებოდა ეს საკითხი. შემდეგ ხდება ასეთი რამ, რომ მამა ანდრია სარიას ეთერში გამოჰყავს გიორგი გელაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჰყვება, თუ, როგორ იძალადა მასზე პატრიარქმა. 2020 წლიდან მე შევწყვიტე პატრიარქის მოხსენიება. ჩავედი მეუფე გრიგოლთან და ვუთხარ: “მე ვერ მოვიხსენიებ ილია მეორეს, არ შემიძლია ორგულად ვიდგე ტრაპეზთან, ჩემს გულსა და გონებაში ასეთი რამ იყოს და მე მას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ვუწოდო”-მეთქი. ვთხოვე, რომ განხილულიყო ეს საკითხი და მითხრა, რომ ახსნა-განმარტებითი ბარათი დამეწერა, მეც დავწერე იმ იმედით, რომ ეს საკითხი სინოდზე იქნებოდა განხილული: “წავიღებ ამას, უფროსებს ვაჩვენებ და ისინი, როგორც მეტყვიან ისე მოვიქცევიო”. გადის დრო და მოდის აწ გარდაცვლილი მღვდელ-მონაზონი, გაბრიელ ცქვიტაია, მოაქვს ჩემთან ფურცელი და მეუბნება: “აქ, მე დამაყენეს წინამძღვრად, შენ შეჩერებული გაქვს მღვდელმოქმედებაო”, ასე, დაუსწრებლად განმაყენეს მღვდლობიდან, ახსნა-განმარტების გარეშე, ფარატინა ფურცლით მომიცილეს, თუმცა, დავრჩი არქიმანდრიტის ხარისხში. როგორც შემდეგ გავიგე, გრიგოლ კაციამ დაწერა განცხადება: “მიშველეთ, გამიშვით ამ ეპარქიიდანო”.
– რატომ სჭირდებოდა შველა?
– ხედავდა, რომ ჩვენ არ ვჩერდებოდით და არ ვეგუებოდით, გვინდოდა პასუხი ყველაფერზე. შემდეგ, მრევლი ითხოვდა პასუხებს კონკრეტულ საკითხებზე, მე ვეუბნებოდი მათ, რომ ვიყავი კაციასთან სასაუბროდ, თუმცა, ვერაფერი გავიგე და ვურჩიე, რომ თვითონაც მისულიყვნენ. მივიდნენ კიდევაც და გაოცებულები დაბრუნდნენ. ჩემზე ამბობდა გრიგოლ კაცია: “მას აქ შემომწირველები ჰყავს, მე კი მშიერი დავდივარ ფული არ მაქვს და თუ ასე მოგწონდათ ათინოგენე, წაიყვანეთ სახლშიო”. მრევლი მეუბნებოდა, რომ მართალი ვიყავი, რადგან ვერც მრევლმა გააგებინა ვერაფერი. ამ შეკრებაზე მრევლისთვის უთქვამს: “გაჩერდით თქვენ, თორემ, მე რომ წავალ მოვა თქვენთან მაღალი, ლამაზი მმართველი და ყველას დაგსჯით, როგორცკი ხმას ამოიღებთო” და ლამაზზე რა გითხრათ, მაგრამ მაღალი კი არის.
– ეპარქიის მმართველად დაინიშნა სტეფანე კალაიჯიშვილი. როგორ განვითარდა მოვლენები ამ რეფორმის შემდეგ?!
– ჩამოვიდა “ლამაზი და მაღალი” კაცი, ესეც გვარიდებს თავს, შემდეგ აწყობს სამღვდელო კრებას და ჩვენ, როცა სამღვდელო კრებაზე (ეპარქიის კრებაზე) უნდა მივსულიყავით, მრევლსაც შევთავაზეთ წამოსულიყვნენ, რომ მათაც დაესვათ შეკითხვები, რადგან აინტერესებდათ, რატომ ვიყავი დასჯილი, მე კი ავუხსენი მიზეზი, მაგრამ მათთვის გაურკვეველი იყო მაინც, მხოლოდ ჩემი კიარა, უდანაშაულოდ განყენებული მეუფეს საკითხი, რომელიც დღემდე ამბობს, რომ ის დაამტკიცებს მის სიმართლეს და მეც მის გვერდით ვარ, ვითხოვ სიმართლის მოკვლევას და სიბილწეებში ვერ მივიღებ მონაწილეობას, რომელიც გაურკვეველი და გამოუძიებელია. რა თქმა უნდა მრევლიც გამოგვყვა. შევედით დარბაზში და ვხედავ, რომ მეზობელი ეპარქიიდანაც (ცაგერისა და ლენტეხის) არიან ჩამოსულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში, თუკი შეკრების ჩაწერა მიმდინარეობდა. ჩუმად დააყენეს კამერა და ეს კამერა პირდაპირ იმ მიმართულებით იღებდა, სადაც სტეფანემ მიმითითა რომ ჩემი ადგილი იყო. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს შეხვედრა და როცა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავედით, ვკითხე: “რატომ გადმოგიყვანეს ეპარქიაში, აქ რატომ იმყოფებით”-მეთქი და “არ ვიცი, სინოდმა დამადგინაო”, მპასუხობს რომ სინოდმა დაადგინა, თუმცა, არ იცის რატომ. “თქვენ თუ არ იცით, მაშინ მე მოგიყვებით”-მეთქი და როცა დავიწყე მოყოლა, ფანჯარასთან (იმ მხარეს ვგულისხმობ, საიდანაც ჟურნალისტები გადაცვივდნენ), იქ დიაკვანი კონსტანტინე და მღვდელი ნიკოლოზი იდგნენ, ნიკოლოზმა რაღაც პროვოცირება გაუკეთა კონსტანტინეს და შელაპარაკდნენ, ხელის შეხებამდეც კი მივიდნენ, ხმამაღალი ლაპარაკი, რომ გაიგეს ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც გარეთ იდგნენ, იფიქრეს, რომ ორი ეპარქიიდან ჩამოსული ხალხი ვერ შეთანხმდნენ და იფიქრეს: “მამაოები ხომ არ ჩხუბობენო”. შემოაღეს კარები, შემოსვლა უნდოდათ, რა დროსაც შიგნით მყოფებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მეუფე მივარდა მისი დაგეშილი მონაზვნებით, დაეტაკნენ ამ ხალხს და ატყდა ჩოჩქოლი. რა უნდა მომხდარიყო, შემოვიდოდნენ, ნახავდნენ, რომ არ ვჩხუბობდით, დავაწყნარებდით ამ ადამიანებს და გავაგრძელებდით საუბარს. ასე კი არ მოიქცნენ, ძალადობით და ხელის კვრებით შეეცადნენ კარების დახურვას, გარეთ მყოფები მეტად დაეჭვდნენ, ეგონათ შიგნით რაღაც საშინელება ხდებოდა და ეს აღელვებული ადამიანების ტალღა მოაწვა კარებს, წინააღმდეგობა, რომ გაუწიეს შიგნიდან, გადატყდა ხის აივანი და გადაცვივდა ეს ხალხი. გამოვვარდი უცებ, ვხედავ გადაცვენილ ხალხს და მეუფესთან შემოვვარდი: “ხალხი ძირს ყრია, გადაცვივდნენ, მგონი დაიხოცნენ”-მეთქი, გასწორდა სტეფანე წელში და გალობა დაიწყო, სამღვდელოებაც აჰყვა, დგანან და გალობენ. შევშფოთდი: “მეუფე, ხალხი ცუდად არის, ძირს ყრია”-მეთქი და აგრძელებს გალობას. მივხვდი, რომ არ იყო ნორმალური და გავეცალე, სად მეცალა მისთვის, ადამიანებს შველა სჭირდებოდათ. წაიყვანეს ეს ხალხი საავადმყოფოებში და ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ შეკრებაზე, თუმცა, პოლიცია ჩაგვიდგა შუაში და არ შეგვიშვეს. მათ ჩაატარეს კრება, ისაუბრეს, ორი საათის შემდეგ გამოვიდნენ გარეთ და მათი ცივსისხლიანობით გადარეული ხალხი ნახეს. გაღიმებული სახეებით მოდიოდნენ, წინ სტეფანე მოუძღოდა მათ: “წავიდეთ ახლა და ვილოცოთ ტაძარშიო” და ეს გადარეული ხალხი ეუბნება, რომ: “შენ არ ხარ ეპისკოპოსი, ასე როგორ მოიქეცითო?!”. შემდეგ უთქვამს: “იმიტომ არ გავედი, აგრესიულები იყვნენო” და ამის შეეშინდა. რომ გამოსულიყო და მისი გულისტკივილი გამოეხატა მომხდარზე, ემოქმედა, როგორც ეპისკოპოსს, ვინ რას იტყოდა?! ეს ხომ ჩვენი საერთო ტკივილი იყო?! ამის ნაცვლად, ორი საათი ელაპარაკა მის “ნორჩ პიონერებს”. შემდეგ, გამოდის ტელევიზიით და ასე ამბობს: “იქ, “ნაციონალური მოძრაობის” პარტ-აქტივი, მათი ნაშიერები იყვნენო”. ანუ, მრევლი, რომლებიც მოდიოდნენ მონასტრებში, ასევე, წაჩხურის მონასტერში იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ ეკლესიური ცხოვრების წესით ეცხოვრათ, ამ ადამიანებს პარტიული ნიშანი მიაკრა. ან, რა უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს არ ღებულობს, ეკლესიის მტრად აცხადებენ ყველას, თუკი ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს და თუკი ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” წევრია?!
– ჩვენ, მის თითქმის ყველა ქადაგებაზე გვაქვს “ფუფუნება” მოვისმინოთ ანეკდოტები, პოლიტიკური, თუ პიროვნული შეფასებები, შეურაცხმყოფელი ფრაზები განსხვავებული შეხედულებების და აზრის მქონე ადამიანებზე. როგორ შეაფასებთ მეუფე სტეფანეს “მარგალიტებს” ამბიონიდან?!
– საოცარი “მარგალიტები” აქვს, განსაკუთრებით, ის ანეკდოტი, რომ მოყვა. წარმოიდგინეთ, მიტროპოლიტი კაცი ამბიონზე დგას, სახარებისეული სიტყვებით უნდა საუბრობდეს ქადაგებებზე და ეს ანეკდოტებს ყვება. იმიტომ, რომ მეტი არ იცის, არც გააზრება აქვს და ის ანეკდოტიც ვერ მოყვა ნორმალურად. წარმოიდგინეთ, რა დონე გვაქვს, მიტროპოლიტი კაცი დგას ამბიონზე და მას სასაუბრო, სათქმელი სახარებისეული სწავლების, არ აქვს. ესენი ყველა დგანან და პოლიტიკურად შერჩეული გავლენების და სისტემების ახსნებში არიან, რომ რამენაირად სახარებისეული მოტივები მოუძებნონ პოლიტიკურ წყობას და ქვეყანაში არსებულ ვითარებას. აბსოლუტურად ყველას მიმართ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს და განსაკუთრებით მათთან, ვინც კრემლისა და პუტინისტურ გონიერებას დაუპირისპირდება. იქნებიან ეს ჟურნალისტები, დედაოები, მამაოები, თუ მრევლი. მე მითხრა: “ვინ ჩემი ფეხები ხარ ბოლობოლოო”. სტეფანეს “მარგალიტები” მხოლოდ მისი კი არ არის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ცუდად გვაქვს საქმე, ჩვენი ერის ტკივილია, რომ ასეთი დონის და აზროვნების, ასეთი გონების ადამიანები დღეს დგანან და სახარებას მის ჭკუაზე ქადაგებენ. ამ დონის საღვთისმეტყველო, განათლების, პროფესიონალიზმის და საერთოდ ყველაფრის პრობლემა გვაქვს. საშინელი მდგომარეობაა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი დონისანი იყვნენ! ქადაგება ღვთის სიტყვის გავრცობაზე და სულიწმინდის მადლის მოქმედებაზე უნდა იყოს და არა იმაზე, რომ ადამიანები პოლიტიკურად განვსაჯოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. ამით, პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ, მთელს ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას!
– რა მდგომარეობაა დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში?!
– გარეგნულად კი ხედავთ რაც არის. ახლა ესენი ყველა იმაზე წუხან, რომ ხალხი არ დადის ეკლესიაში, ხატები და სანთლები არ ეყიდებათ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ხალხმა დაინახა უკვე მათი სახე და აღარ დადიან ტაძარში. ხედავენ, რომ ეს ყველაფერი სხვა სისტემის ნაწილია, ეკლესიას კრემლი მართავს. ერმაც და ბერმაც უნდა წაიკითხოს სახარება, უნდა ნახონ კრემლის სახე და შეიყვარონ სახარებისეული სწავლებიდან აღქმული ქრისტიანობა და შეადარონ დღევანდელ მოქმედებებს, ქადაგებებს და ა.შ. როგორც პავლე მოციქული ამბობს: “იყავით მობაძავ ჩემდა, ვითარცა მე ქრისტეს”. ერმა განათლება უნდა მიიღოს ყველაფერში და ნახოს ვინ ბაძავს ქრისტეს, ვინ ასრულებს მის ნებას! ეს ეპისკოპოსები ასეთი მატყუარები, რომ არიან ამას ვერ ხედავენ?! როდესაც სტეფანემ, მის ეპისკოპოს ძმაზე, მეუფე პეტრეზე თქვა, რომ: “მან დედას ახალშობილი ააგლიჯა მკერდიდან და გერმანიაში გააშვილაო, დედა კი სხვა ქვეყანაში გაუშვა საცხოვრებლად და ამაში მონაწილეობას იღებდა მარტვილის სამშობიაროო”, ამის ჩანაწერიც არსებობს, როცა დედაო ეუბნება: “დავამტკიცოთ, თუ ეს სიმართლეა და საერთოდ არ მოვიხსენიებ ლოცვებშიო”, რაზეც სტეფანე კალაიჯიშვილი პასუხობს: “დააყენე ქალო ერთი ადგილიო”. როდესაც პასუხი მოვთხოვე და ვუთხარი: “მეუფე, შენ კარგად გაქვს გააზრებული რასაც ამბობ”-მეთქი, დამიდასტურა, რომ დარწმუნებული იყო. პასუხის გებით დავემუქრე, თუ ეს არ იქნებოდა სწორი და “აბა მიდი მოცადეო, მე ეს იმიტომ ვთქვი, თქვენ, რომ უწმინდესზე ამბობთ ათას სისაძაგლეს, ახლა მე რომ ვთქვი მეუფე პეტრეზე, ხომ გეტკინათო?!” წარმოიდგინეთ, რა დონის მიტროპოლიტია. ჩვენ, როგორც ცრუ და მატყუარა, გავაგდეთ ჭყონდიდის ეპარქიიდან და რამდენიმე დღეში დედათა მონასტერში კრება ჩაატარა, ჩანაწერიც არსებობს, სადაც ამბობს, რომ აქვს იმის მტკიცებულება, რომ მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს და ასე მოიქცა ნამდვილად. რატომ არ შედგა სინოდი?! როდესაც მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდს მისწერა, რომ ეს საკითხი ყოფილიყო განხილული, რატომ არ განიხილეს?! როცა მივედით საპატრიარქოში და ილია მეორესთან გვინდოდა შეხვედრა, რომ პასუხი მოგვეთხოვა ამ ყველაფერზე, რატომ არ მიგვიღეს?! მეუფე პეტრე მზადაა, რომ დნმ-ის ანალიზი აიღოს და შემოწმდეს ეს ყველაფერი! რატომ არ აკეთებენ არაფერს?! სტეფანე, რომ ასეთ ტყუილებს უგონებს მეუფე პეტრეს, ეპისკოპოსი ცრუ უნდა იყოს?! ესენი ვინ არიან?! მოციქულები, ხომ გვეუბნებიან, რომ: “თქვენთან ადამიანები, რომ შემოვლენ და თქვენში ერთმანეთის ბრალდებებს მოისმენენ, ერთმანეთზე გაურკვეველ საშინელებებს, თუ მოისმენენ, ერთმანეთს, თუ დაჭამთ ვინ მოვა თქვენთანო?!” ან, ასეთები ვინმეს ქრისტესმიერი სიყვარულისკენ გზას გაუკვლევენ?! ასეთი ინტრიგებით, ტყუილებით, გამოუკვლეველი ბრალდებებით, უპასუხისმგებლო ეპისკოპოსებით, გზას გაუკვლევენ მრევლს ქრისტესკენ?! სუსის ფაილებიდან რასაც იგებს საზოგადოება, ამის მერე როგორ შეინარჩუნოს რწმენა?! საპატრიარქოს რაც აწყობს ისაა მართალი და რაც არა – ტყუილი! რადგან მათ სიბილწეებზე და საშინელ განცდებზეა საუბარი! ჩვენ, რომ ეკლესიის მტრებად მოგვიაზრებენ და ამბობენ, ამბოხებული და აჯანყებულები არიანო, რატომ ვებრძვი მე ეკლესიას, ახალი სწავლება შემომაქვს?! ეკლესიისთვის რამე უცხოს ვამბობ?! თუკი, იმას ვამბობ, რომ რა ადმინისტრაციული მმართველობაც არის და რასაც ესენი კადრულობენ, არ არის ეკლესიის სახე, ამიტომ ვარ მტერი?! ჩვენ, რომ ერს ვუხსნით რა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, ამიტომ ვარ მტერი?! წაიკითხონ სახარება და ნახავენ, ვინ მართალს ქადაგებს და ვინ ტყუილს, საზოგადოებამ განსაჯოს ვინ მტერია და ვინ მოყვარე!
– როგორ ცხოვრობს მეუფე სტეფანე და ზოგადად, რა მდგომარეობაა ახლა ეპარქიაში?
– სტეფანეს ცხოვრებით იმდენად არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ როცა ერთ-ერთ შეკრებაზე ვკითხე: “გვაინტერესებს, როგორ ცხოვრობთ, ვინ ხართ, როგორი ადამიანი ხართ”-მეთქი, ასე მითხრა: “თქვენ ვინ გეკითხებათ “ერარქები” როგორ ცხოვრობენო?!” “ასე, როგორ ამბობთ, როცა ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს, მე ყოველივე განგიცხადეთ თქვენ, მეგობრები გიწოდეთ და ყველაფერი იცით”. მონამ არ იცის, როგორ ცხოვრობს მისი ბატონი, მაგრამ მეგობარმა იცის, რადგან თავის თავს არ მალავს და უცხადებს ყოველივეს. მიდით აბა და მოსინჯეთ, თუ გაჩვენებთ ის მის ცხოვრებას. ოჯახური იდილია აქვს მოწყობილი და მისი უახლოესი გარემოცვა, მისი ძმა გახლავთ, რომელიც საქმეთა მმართველია ჭყონდიდის ეპარქიაში. არ ენდობა სხვას არავის. სამღვდელოებას რაც შეეხება: სტეფანემ ადრე, პატრიარქთან ჩაიყვანა სამღვდელოება და ბოდიში მოახდევინა, გადაღებულიც არის. იმ ფონზე, როცა უმეტეს ნაწილს ისეთი რაღაცები აქვთ პატრიარქზე ნათქვამი, მიკროფონი ეჭირათ ხელში და პატრიარქს ბოდიშებს უხდიდნენ, ნამუსიდან გარეცხილები არიან. ერთ-ერთს შევხვდი და ვუთხარი, რატომ წავიდა, მიპასუხა, რომ არ იცოდა “მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანესო”. ვუთხარი: “250 კილომეტრი, რომ გაიარე და წახვედი, როცა იქ მიხვედი და ბოდიშების მოხდა დაიწყე, ან მეუფე პეტრე არ გაგახსენდა, ან, მამა ათინოგენე, ან ჩვენი ტკივილი”-მეთქი?!
სალხინოდან გამოგვყარეს მონაზვნები, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და კიდევ ჩვენ დაგვიჭირეს, ეს ნორმალურია?! ეს პატრიარქმა არ გააკეთა, აბა ვინ გააკეთა?! ამ ყველაფერს, რომ ხედავენ სამართალდამცავი ორგანოები და არაფერს აკეთებენ, უკანონობა ასე რომ გავრცელდა, არავის პასუხისმგებლობა არ აქვს და კიდევ ჩვენ, რომ დაგვიჭირეს, ეს ნორმალურია?! რამდენიმე სასამართლო მოვიგეთ და გაოცებული გვიყურებდნენ.
მათ ეგონათ, რომ სალხინოში მილიონების შოვნა შეიძლებოდა, მაგრამ მის მოვლა-პატრონობას და შენარჩუნებას უდიდესი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება?! მიდით ახლა და ნახეთ რა მდგომარეობაშია! არ უვლიან და ვერც უვლიან, რადგან ხალხიც არ ჰყავთ, დაცლილია ჭყონდიდის ეპარქია, ორი მონასტერი საერთოდ გამოკეტეს.
– ზოგიერთი იერარქი და თუნდაც, დაბალი რანგის სასულიერო პირი, მართლაც არ ჰგავს სასულიერო პირს…
– მრევლს ვთხოვ, რომ წაიკითხონ სახარება, გაიგონ იმ მამათა მოღვაწეობის შესახებ, ვისთვისაც მართლმადიდებლობა უპირატესი იყო და არა იმპერიისა და სისტემის მსახურები! ჭეშმარიტება შევიცნოთ და ჭეშმარიტება გაგვათავისუფლებს, რადგან მას სულიწმინდის მადლით ისეთი მიზიდულობა აქვს, გვინათებს გონებას, გვკურნავს, მაგრამ ამის შეცნობა და ამისკენ სწრაფვა უნდა გვქონდეს. თუ, ვინმე მოაზროვნე, გონიერი იყო, თავისუფლების და ღირსების განცდას ესწრაფვოდა, გარბიან ქვეყნიდან, აქ დარჩნენ მხოლოდ “დაბოლილები”, მემთვრალეები და არსად, რომ არ აქვს წასასვლელი, დედის, ან ბებიის პენსიაზე, რომ ცხოვრობენ ისეთები. ნახეთ “მეტადონის” პროგრამაში რამდენი მღვდელია. ჩადით ქუთაისში, დადექით დილიდან იმ შენობებთან და ნახავთ რამდენი მღვდელი მოვა. ახალი მიტროპოლიტი, რომ ჩავიდა, ქუთათელ კაინათელი, ცოტა ხანში დააჯილდოვა სამღვდელოება და ერთი ქუთაისელი მიყვებოდა: “რომ დაიწყო დაჯილდოება, გამოვიქეცი ჩემთვისაც არ დაეკიდებინა ჯვარიო”, თუ ვინმე მექალთანე, მემთვრალე, წამლის გამყიდველი და “მეტადონშიკი” იყო, ყველა დააჯილდოვა. წამალს, რომ გაიკეთებენ, მორჩილი ბიჭები არიან და ამისთვის დააჯილდოვა ალბათ. ეს ერის და ქვეყნის სირცხვილია! იაკობ იაკობიშვილი გამოდის და ამბობს: “მეორედ მოსვლა ქართველებმა გადავწიეთო”. დათვრა ერთხელ, კიდევ გამოვიდა ტელევიზიით და ამბობს: “დედებს მოგიკითხავთო”. ამას გამკიცხველი და განმკითხველი არავინ ჰყავს. როცა სალხინოში ვიყავით, შალვა კეკელია იყო ჩვენთან ჩამოსული მეუღლესთან ერთად. მეუბნება: “მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მადლი არ არსებობს მამაო, სხვაგან დავდივარ სანუგეშოდო”, ეს იცით, რას ნიშნავს?! ღმერთი არ მოქმედებს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში და ამას ამბობს ის მღვდელი, რომელსაც დღეს ორი ჯვარი ჰკიდია, მიტრა აქვს დამხობილი თავზე და “ვეიკელებს აბოთავებს”. პატრიარქს და მცხეთა-თბილისის სამღვდელოებას აქებს ადიდებს და აბა მე მატყუებდა?! მერე, როდესაც წავიდა, დამირეკა და “ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა თქვენთან საუბარი, ჩამოვალთ კიდევ და ინუგეშებს თავს, თორემ ძალიან გულდაწყვეტილი მყავსო”, ვიფიქრე, “რაღაც კარგი ვთქვი და მოეწონა ხალხს”-მეთქი. რამდენიმე თვეში, რომ დაიწყო ლანძღვა, არ გაჩერდა. მეუფემაც კი უთხრა: “ჩამოდი, როგორც კაცს და მღვდელს გაქვს რამე სალაპარაკო, შევიკრიბოთ სამღვდელო კრებაზე და გვითხარი, თუ რამე გაქვს სათქმელიო”. არ ჩამოსულა. მე აქიდან ვუთვლი: “ურცხვი, მატყუარა და არაკაცი ხარ”-მეთქი. ახლა დგას იქ და “ვეიკელებს” მოძღვრავს “ქრისტიანობით”. გრიგოლ კაციაც გამოვიდა ერთხელ და თქვა: “მე, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ვიყავი, მათ ვეუბნებოდი, თქვენ ჩხუბი თუ გინდათ, გამოდით ტატამზე და ვიჩხუბოთ, ძიუდოისტი ვარო” და ა.შ. თუ ჩხუბი უნდოდა წელიწადნახევარი არ იყო აქ?! ჩვენთან მონასტერში, როცა სტეფანე მოდის, სანამ მოვა ჯერ უშიშროება გაავსებს ეზოს, შემდეგ პოლიცია შეავსებს დანაკლისს, მერე მოდის ალტ-ინფო და მერე მოდის “მისი უდიდებულესობა”. არ ვიცი რისი ეშინია. ასეთი იერარქების და სასულიერო პირების ხელშია ეკლესია და რისი იმედი ექნება მრევლს. ამიტომაც ვამბობ, რომ წაიკითხონ სახარება და მიხვდებიან, ჩვენ რატომ ვეწინააღმდეგებით ეკლესიაში არსებულ დღევანდელ ვითარებას.
– ფიქრობთ, რომ სიტუაცია შეიცვლება და მეუფე პეტრე დაბრუნდება ეპარქიაში?!
– თუ არ შეგვკრიბეს, თუ არ მოგვცეს საუბრის შესაძლებლობა და თუ არ მოგვისმინეს, რისი იმედი შეიძლება მქონდეს. მეუფემ ამხილა პატრიარქი და ამის გამო დასაჯა, არ აპატია ილია მეორემ მისი მხილება. მე რის გამო განმაყენეს?! რამეში ვარ ბრალდებული, ცუდი ჩავიდინე?! არც ერთ სისტემას არ ვეკუთვნი და არავის “ხელის ბიჭი” არ ვარ. თუკი, ვინმე ისჯება, მხოლოდ სიმართლისთვის, ეს ხდება დღეს ეკლესიაში!
30 წელიწადია გვესმის, გავნათდებით, გავბრწყინდებით, გავერთიანდებით, სიყვარული გვექნება და ა.შ. რა მივიღეთ?! მე გავიზარდე, ჩემი სამშობლო კი დაპატარავდა!
ავტორი: მზეკო ჟვანია
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას