logo.png

“დაუკვეთა, თუ არა პატრიარქმა, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობები?!” – ექსკლუზიური ინტერვიუ ვანო შოშიაშვილთან

 

საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი გმირები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ღიად უპირისპირდებოდნენ “კა.გე.ბე”-ს და იბრძოდნენ, რომ რუსული გავლენებისგან გათავისუფლებულიყო ქვეყანა და ეკლესია. ასე, თუ ისე ქვეყანა კი თავისუფლდებოდა ამ გავლენებისგან, მაგრამ ეკლესიაში “კა.გე.ბე”-ს საცეცების შენარჩუნებას უმაღლესი იერარქები დღემდე ახერხებენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, 1989 წლის 6 იანვრის ღამეს “ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას ინიციატივა იყო, რომ მიტინგის გზით გადაეყენებინათ პატრიარქი, თუმცა, ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა, რომ ქართველი ერი შობის დღესასწაულს მშვიდად შეხვედროდა. ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში კი, 1989 წლის 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავა სოფელ ბორითის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საავადმყოფოში გადაყვანიდან, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასთან ერთად, პატრიარქის მდივან-რეფერენტი და პირადი სტიქაროსანი, ზურაბ ჭავჭავაძეც იმყოფებოდა, რომელიც ავტოავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა, თუმცა, რამდენიმე დღეში ,ისიც, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ისევე, როგორც ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების გარემოებებიც დღემდე ბურუსით არის მოცული.

“კა.გე.ბე”-ს მხრიდან ამ ტიპის მკვლელობების სერიების წინააღმდეგ, 70-80-იანი წლებისგან განსხვავებით, პატრიარქს ბევრად უფრო თამამად შეეძლო ხმა აღემაღლებინა, თუმცა, მისმა დუმილმა, გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ის, თანამონაწილეც კი ყოფილიყო ამ მკვლელობების იდეებისა.

ილია მეორესთან დაპირისპირებული სასულიერო, თუ საერო პირები, რომ გაურკვეველ ვითარებაში ქრებოდნენ, ან “გარკვეული” მიზეზებით კვდებოდნენ, ამასთან დაკავშირებით, ბოლო 45 წლის მანძილზე, არაერთი ფაქტი გასაჯაროებულა. ერთ-ერთი გახმაურებული და უცნაური გარემოებებით გარდცვლილი იერარქი, ამბროსი ქათამაძე გახლავთ, რომლის გარდაცვალებასაც წინ პატრიარქთან ღია დაპირისპირება უძღოდა. ყველაფერი კი, ასე იყო: ილია მეორეს მიერ დასჯილი მღვდელმთავარი, ამბროსი ქათამაძე, შიომღვიმის მაშინდელი წინამძღვრის, მიქაელ გაბრიჩიძის რეკომენდაციით “დანაშაულის შესანანად” სინოდს სხდომაზე მიიწვიეს, რათა მისთვის სტატუსის აღდგენისა და სინოდში დაბრუნების საკითხი განეხილათ. იმისთვის, რომ პატრიარქს “გულმოწყალეს იმიჯი” შეენარჩუნებინა, ამბროსი ქათამაძისთვის სტატუსის აღდგენისა და სინოდში მისი დაბრუნების აზრის მოწინააღმდეგედ, მეუფე სპირიდონი შეირჩა, თუმცა პატრიარქმა ამბროსი ქათამაძეს პირობა მაინც მისცა, რომ “შეიწყალებდა”. მეუფეებისგან შენდობის თხოვნით და პატრიარქის არშესრულებული პირობით დამცირებული და განაწყენებული მღვდელმთავარი პატრიარქს ღიად დაემუქრა და ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ პირობას არ შეასრულებდა, ამხელდა. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამბროსი ქათამაძე CO-თი გაიგუდა, თუმცა, შენობას, სადაც მღვდელმთავარი გარდაცვლილი იპოვეს, ბუნებრივი აირი საერთოდ არ მიეწოდებოდა.

საკითხები, რომლებსაც თეოლოგ, ვანო შოშიაშვილთან განვიხილავთ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია. “თაიმერმა” მოამზადა ინტერვიუ, სადაც საუბარია პატრიარქის მიერ, ქართული ეკლესიის 45 წლიანი მმართველობის განმავლობაში, ილია მეორის მთავარ შეცდომებსა და მის მიმართ გაჩენილ საფუძვლიან ეჭვებზე. ვანო შოშიაშვილი, ასევე საუბრობს ქართულ ეკლესიაში სასულიერო პირების არაკანონიკურ მსახურებაზე და მრევლის შეცდომაში შეყვანაზე. ჩვენი მკითხველი ამ ინტერვიუთი გაიგებს, რას გვეუბნება რელიგიის ისტორია და რა პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნებებია სახარებაში ქრისტეს შობასთან დაკავშირებით.

– ილია მეორეს 45 წლიან მმართველობასთან დაკავშირებით, დადებითს ვერაფერს ვიტყვი. ეკლესიოლოგიური, თუ ადამიანური კუთხით, რა მხრივაც არ უნდა შევაფასო მისი მოღვაწეობა, რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. ვფიქრობ, რომ ის რესურსი და ენერგია, რაც ამ კაცმა საკუთარ თავს დაახარჯა, ეკლესიისთვის რომ გამოეყენებინა, დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი მოწინავე იქნებოდა, სამაგალითო და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევდა, როგორც ეკლესიოლოგიური, ასევე, თეოლოგიური , თუ ადმინისტრაციული კუთხით. არაფერი სასიკეთო მას ეკლესიისთვის არ გაუკეთებია, ყოველთვის გამოდიოდა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ეკლესიის ინტერესები გადააყოლა.

– მისი ინტერესები საიდან გამომდინარეობდა?

– რაც შეეხება მის ინტერესებს, იყო საქართველოს ეკლესიის მეთაური და ეკუმენური საბჭოს თავმჯდომარე და როდესაც, რუსეთისგან მართული, ვიღაც ჭკუაშეშლილი ბერები აჯანყდნენ და რაღაც გამოგონილი მიზეზების გამო თქვეს, რომ ეკუმენიზმი არის ერესი. ამ დროს, არანაირი ერესი არ არის. საქართველოს ეკლესია ეკუმენური საბჭდან გაიცნო მსოფლიო მართლმადიდებლობამ, ეს ფაქტობრივად იყო ტრიბუნა და ამ ტრიბუნას ჩამოაშორეს, როგორც ეკლესია, ისე, ქვეყანა. როდესაც პატრიარქს დაემუქრნენ, გამოიყვანა საქართველოს ეკლესია ეკუმენური საბჭოდან და თვითიზოლაციაში აღმოვჩნდით რუსეთთან ერთად. თუმცა, მოვერიდები ამის თქმას, რადგან რუსეთთან ერთად ყოფნა ნიშნავს თანასწორობას და ჩვენ რუსეთთან თანასწორად არ ვართ. მართალი გითხრათ, რუსეთმა გვაიძულა, რომ ჩვენ ეკუმენური საბჭდან გამოვსულიყავით და თვითონ რუსეთი კი დარჩა ამ საბჭში. რატომ?! ამაზე პასუხი არავის აქვს!

– საზოგადოებას რომ ავუხსნათ, რა არის ეკუმენური საბჭო?!

– ეკუმენური საბჭო შეიქმნა დიალოგებისთვის. რომლის შექმნაც, რომის კათოლიკე ეკლესიის სურვილი იყო. რაც შეეხება საბჭოს მიზანს, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი იყო, სხვა არაფერი, რომ რომის კათოლიკე ეკლესიას დიალოგი ჰქონოდა პროტესტანტებთან, მართლმადიდებლებთან და ა.შ. დიალოგის მიზანი, საბოლოო ჯამში არის ის, რომ ეს ეკლესიები დააახლოვოს ერთმანეთთან. როდესაც ხდება სქიზმა, დროთა განმავლობაში ხდება ერთმანეთთან დაცილება და რომის ეკლესიამ ეს შესანიშნავი იდეა წარმოადგინა, რომ კიარ დაშორებულიყვნენ, არამედ პირიქით, დაახლოებულიყვნენ ერთმანეთთან, რისი ერთ-ერთი საშუალებაც დიალოგი იყო.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ეკუმენური საბჭო ქართული ეკლესიისთვის ტრიბუნა იყო…

– წარმოიდგინეთ, რაც კი რელიგიური დენომინაციები არსებობს, ყველა არის გაერთიანებული ამ ეკუმენურ საბჭოში. შესაბამისად, როდესაც ხარ ამ საბჭოს თავმჯდომარე, ყველა გისმენს: შეგიძლია წამოჭრა შენი პრობლემები და მის გადაჭრის გზებზე გქონდეს დიალოგები, დახმარება ითხოვო, ხმა მიაწვდინო მთელს მსოფლიოს და ა.შ. ილია მეორე ამ საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ, რაც თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ ეკუმენური საბჭო ქართული ეკლესიისთვის ერთგვარი ტრიბუნა იყო.

– და საქართველო რატომ გამოიყვანა ილია მეორემ ეკუმენური საბჭოდან?

– რუსეთს არ უნდოდა, რომ ქართული ეკლესია ამ საბჭოში ყოფილიყო. ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში, ყველამ კარგად იცის რუსული პოლიტიკა, რომ ამხობს ყველას, ვინც ეწინააღმდეგება, ხოლო ვინც “კუდს უქიცინებს” მის გარშემო შემოიკრებს ხოლმე და თვითონ არის მმართველი. იგივე, საბჭოთა კავშირიც ხომ ეს იყო იდეაში?! როგორც ყოველთვის, პატრიარქი რუსეთის ინტერესებს დაემორჩილა, რამაც დააყენა ის შედეგი, რომ ქართული ეკლესია გამოეყო ამ საბჭოს.

– რას გვეუბნება უახლესი ისტორია, როგორ გაემიჯნა საქართველოს ეკლესია ეკუმენურ მოძრაობას?

– ეს პროცესები ძალიან მარტივად წარიმართა. მხოლოდ ერთხელ იქადაგა სვეტიცხოვლის ამბიონიდან პატრიარქმა, სადაც ხსნის, თუ რას ნიშნავს ეს ეკუმენური მოძრაობა, რომ იქ არაფერი ცუდი არ ხდება და თითქოს, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ეს ბერები, ან დიპლომატიურად უნდა დაეშოშმინებინა, ან სხვა გზით გაეჩუმებინა, მაგრამ ძალიან მალევე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ეკუმენური მოძრაობა დავტოვეთ. ამასთან დაკავშირებით, კითხვა გაუჩნდა აწ, უკვე განყენებულ დეკანოზს, ბასილ კობახიძეს და მამა ზაზა თევზაძეს, ამ ყველაფერს კი მოჰყვა ის, რომ ბასილ კობახიძე დასაჯეს, განაყენეს მღვდელმოქმედებიდან, მამა ზაზა უნდა დაესაჯათ, მაგრამ მძიმე სენით იყო დაავადებული და პატრიარქმა ჩათვალა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ ჰქონდა, მაგრამ მადლობა ღმერთს გადარჩა და დღესაც მოქმედი სასულიერო პირია. ამით დასრულდა ეკუმენური საბჭოდან გამიჯნვის პროცესი, კითხვა სხვას არავის გასჩენია და არც ინტერესი ჰქონია ვინმეს.

– პატრიარქი დღეს 90 წლის გახდა და ზუსტად, ნახევარი ცხოვრებაა მართავს საქართველოს ეკლესიას… შევახსენოთ საზოგადოებას, როგორ მოხდა მისი ასვლა საპატრიარქო ტახტზე 1977 წლის 25 დეკემბერს…

– ესეც რუსეთიდან მართული პროცესი იყო. ილია მეორე ფაქტობრივად, რუსეთში ჩამოყალიბდა, როგორც სასულიერო პირი: იქ მიიღო განათლება, იქ ეკურთხა მღვდლად და ა.შ. შევარდნაძემაც დაადასტურა, რომ ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე “კა.გე.ბე”-ს გადაწყვეტილებით დასვეს. ამას არავინ უარყოფს მისი აპოლოგეტებიდან, რომლებიც ამ ფაქტს ამართლებენ იმით, რომ “იმ დროში, სხვანაირად შეუძლებელი იყო პატრიარქის დანიშვნა”. საეკლესიო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ეპისკოპოსის კურთხევაში, არ უნდა ჩაერიოს საერო ხელისუფლება და მით უმეტეს, “კა.გე.ბე”. ის, რომ პატრიარქი “კა.გე.ბე”-სთან თანამშრომლობდა და შემდეგომ მათი ხელდასხმით მოხდა საპატრიარქო ტახტზე მისი ასვლა, ეს “შეინანა პატრიარქმაო” – მისი გამამართლებლები ამბობენ. ილია მეორე თანამშრომლობდა რუსეთის სპეც-სამსახურებთან, შესაბამისად, უნდა მოინანიოს, კი ბატონო, მივყვები ამ ხალხს მსჯელობაში, რომ მოინანია, მაგრამ შემდეგ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: როცა პატრიარქი “კა.გე.ბე”-ს მფარველობის, მისი ქოლგის ქვეშ იყო და ამ ყველაფერს ნანობდა, ამ დროს, რა ქნა “კა.გე.ბე”-მ?! რუსეთმა მოიყვანა პატრიარქად, რუსეთმა აიყვანა იერარქიულ საფეხურებზე და სისტემამ, რომელიც არავის იოტისოდენას არ პატიობს, რა ზომებს იღებს “კა.გე.ბე” როდესაც ილია მეორე მას უპირისპირდება იმით, რომ შეინანა ეს ყველაფერი?! ამაზე არ არსებობს პასუხი!

– ვფიქრობ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც “კა.გე.ბე”-მ გადაწყვიტა, იყო ის, რომ საქართველოს პოლიტიკურად სამართავად, დატოვა საცეცები ქართულ ეკლესიაში იერარქებისა და უფრო დაბალი რანგის კონკრეტული სასულიერო პირების სახით. სამწუხაროდ, ამას ყველა ხედავს, თუმცა, ძალიან ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც დღემდე უმცირესობას წარმოადგენენ და ამ უმცირესობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს ხმამაღლა ამ ყველაფერზე. ვიდეოკადრები და წერილობითი დოკუმენტები მოწმობს, რომ ილია მეორე მთელი ძალით და შეგნებით ეწინააღმდეგებოდა “ეროვნული მოძრაობის” ლიდერებს, მათ იდეებს და ქმედებებს, ხოლო მის მხარდაჭერას “მხედრიონს” უფიქსირებდა. საქართველოს უახლესი ისტორია გვეუბნება, რომ სწორედ, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მერაბ კოსტავამ 1989 წლის 6 იანვრის საღამოს ამხილა პატრიარქი და მის გადაყენებას მიტინგის შედეგად აპირებდა, თუმცა, ზვიად გამსახურდიამ არ დაანება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერისთვის შობა არ “ჩაემწარებინათ”. როგორ ფიქრობთ, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს პატრიარქის გადასაყენებლად მიტინგი, რომ გაემართათ, მაინც ვერაფერს გახდებოდნენ და 9 აპრილის შედეგებს მივიღებდით?!

– აუცილებლად მივიღებდით სავალალო შედეგებს, რადგან რუსეთი აამოქმედებდა მის საცეცებს და პატრიარქი ტახტზე დარჩებოდა, ხალხი კი დაიხოცებოდა. ეს, რა თქმა უნდა თეორიაა, ვარაუდია. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ გვაქვს რეალური შედეგი, რომელიც დადგა, ვგულისხმობ, მერაბ კოსტავას სიკვდილის გარემოებებს, რაც დაგეგმილ მკვლელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე, უბრალო ავტოსაგზაო შემთხვევას! ასევე, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ მკვლელობას – ეს ყველაფერი მოხდებოდა ცოტა უფრო ადრე, ანუ, 1989 წელს, პატრიარქი კი მშვიდად გააგრძელებდა საპატრიარქო ტახტზე ყოფნას და რუსეთთან ერთად ქართული ეკლესიის მართვას. 6 იანვრის შემდგომი პერიოდები, რომ გავიხსენოთ, ზვიად გამსახურდია პატრიარქს ისე დაუპირისპირდა, რომ ილია მეორეს გადაყენებას აღარაფერი აკლდა, ალბათ, გადაწყვეტილიც კი ჰქონდა რომ მოეცილებინა. მისი წერილებიდან და ვიდეომასალებიდან კარგად ჩანს პატრიარქის დამოკიდებულება ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიმართ. ჩემი აზრით, იგივე სცენარი განვითარდებოდა, ოღონდ ნაადრევად, ვგულისხმობ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტებს და არ გამოვრიცხავ აქაც ილია მეორეს როლს, შესაძლოა, არც თუ ისე დიდს, მაგრამ მისი წვლილი ნათელია ისედაც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მიტინგზე გამოსვლით გადაწყვეტდა პატრიარქის გადაყენებას, სავარაუდოა, რომ 9 აპრილზე ბევრად მძიმე შედეგები მიგვეღო.

– როგორ შეაფასებდით საბჭოთა პერიოდში პატრიარქის პოლიტიკურ, თუ რელიგიურ სვლებს?!

– საბჭოური პერიოდის თეოლოგიურად შეფასება, ძალიან რთულია. არაფერი არ ხდებოდა ეკლესიაში. არანაირი ლიტერატურა საეკლესიო სწავლებებზე არ მოიპოვებოდა, არც ახლა მოიპოვება საკმარისი ლიტერატურა და მაშინ მით უმეტეს. ეკლესია იყო უმოქმედო, იყო 3-4 მღვდელმთავარი, რამდენიმე მღვდელი, რამდენიმე მოქმედი ტაძარი, შესაბამისად, ილია მეორე ყოველთვის ლავირებდა, შემდეგ, მხედრიონთან მისი ეს ჩახუტებული კადრები, ყველა დროს საცობივით ერგებოდა. საბჭოთა პერიოდში რა იყო ილია მეორის მისია?! რაომ რამენაირად საკუთარი თავი გადაერჩინა კათედრიდან გადაყენებისგან, იმ პატივის და ძალაუფლების დაკარგვისგან, რაც ჰქონდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დიდ ძალებს ვერ ფლობდა, რადგან საქართველოს ეკლესიას არავინ აღიქვამს სერიოზულად, ჯერ ახლა და მაშინ მით უმეტეს.

– ილია მეორემ, საპატრიარქო ტახტზე ყოფნის განმავლობაში, არაერთი ხელისუფლება “გამოცვალა”. პოლიტიკური პროცესების სამართავად, მის წოდებას, გავლენებს და ავტორიტეტს იყენებდა?!

– მე, თუ მკითხავთ, ზოგადად, პატრიარქი უნდა იყოს ყველაზე მაგარი პოლიტიკოსი, ოღონდ ეს პოლიტიკოსობა უნდა გამოიყენოს ეკლესიის, ხალხის სასარგებლოდ და არა ქვეყნის, ანუ პარტიული პროცესების სამართავად. ილია მეორე მართლაც კარგი პოლიტიკოსია, კარგი დიპლომატია, ოღონდ საკუთარი თავისთვის. ისტორიული ფატქებითაც კარგად ჩანს, რომ პატრიარქს დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულ სახელისუფლებო რეფორმაში, რაც საქართველოს ახლო წარსულში განხორციელებულა, სამთავრობო ცვლილებების თვალსაზრისით (პრეზიდენტებსაც ვგულისხმობ). პატრიარქის დიპლომატიას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ყველა ვხედავდით მის დანაშაულებებს, თუმცა, ცდილობდა “სუფთად” ემოქმედა და “კვალი” წაეშალა. ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ, ილია მეორე, თავის პირად მტერს, ცხადად არასდროს არ მიმართავდა უხეშად, ეს დიპლომატია მართლაც უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული და ამ გამოცდილებას “კა.გე.ბე”-ს უნდა უმადლოდეს. როდესაც იცვლებოდა ხელისუფლება და ეს პოლიტიკური პროცესებიდან ჩანდა, პოზიციას იცვლიდა და წარმავალს ზურგს აქცევდა, მომავალს კი “ეტენებოდა”. თუმცა, მხოლოდ ილია მეორე არ იყო ასეთი. კალისტრატე ცინცაძე ავიღოთ, რომელსაც სტალინმა ქალიშვილი დაუხვრიტა და სტალინს მის ეპისტოლეებში ხოტბას ასხამდა. ერთადერთი, ვისთანაც ილია მეორეს ვერ გავაიგივებ, არის ამბროსი ხელაია და კირიონ საძაგლიშვილი, ყველა დანარჩენი პატრიარქი იყო კომფორმისტი.

– იმის მიუხედავად, რომ ცდილობდა დიპლომატიურად ემოქმედა, მაინც ჰქონდა მცირე ხარვეზები, როცა მის მხილებაში “შემჩნეულ” პირებს, უკანონოდ სჯიდა…

– დიახ, არაერთი გახმაურებული ფაქტი არსებობს ამაზე. შორიდან არ დავიყოთ და უახლოესი წარსულიდან გავიხსენოთ მეუფე პეტრეს საკითხი, რომელსაც მღვდელმოქმედება შეუჩერა, იგივე გაუკეთა ამბროსი ქათამაძეს და ბოლოს საერთოდ, მოკლა. არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, მაგრამ პირადად მე შევესწარი სამების საკურთხეველში ფაქტს, სადაც აწ განსვენებულმა, ამბროსი ქათამაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მოძღვარიც გახლდათ, ფაქტობრივად, უყვიროდა ილია მეორეს, რომ “ან, აღმიდგინე მღვდელმთავრობა, ან ყველაფერს ვიტყვიო” და ამ ფაქტიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ შევიტყვეთ ამბროსი ქათამაძის გარდაცვალების ამბავი. CO-თი გაგუდვა დაადგინა ექსპერტიზამ და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახლში, სადაც გარდაიცვლილი იპოვეს, ბუნებრივი აირის გაყვანილობა საერთოდ არ იყო. სცენარი არ იცვლება, ქართველი ხალხი იმდენად “დაზომბებულია”, რომ დაფიქრებაც არ უნდათ ფაქტებზე, პატრიარქი მათთვის მაინც კერპია, მაინც მასზე ლოცულობენ და მისი მრავალფეროვანი ხატები თითოეული ქართველის სახლში ხატების კუთხესტან საპატიო ადგილს იკავებს!

– პატრიარქთან დაპირისპირებული სასულიერო პირები, რომ გაურკვეველ ვითარებაში ქრებოდნენ, ამაზე წინა ინტერვიუშიც ფაქტებით ისაუბრა თეოლოგმა რესპონდენტმა. ანუ, რას ამბობთ, რომ ილია მეორე მასთან დაპირისპირებული ადამიანების მკვლელობას უკვეთავდა?!

– ილია მეორის ცნობილი ფრაზაა: “1977 წლის შემდეგ, ბევრს უნდოდა პატრიარქობა, მაგრამ ყველა მოკვდაო”. სხვათა შორის, მეუფე პეტრემ, როცა საჯაროდ ამხილა პატრიარქი, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას დაუსვა შემდეგი შეკითხვა: “თქვენზე ამბობენ, რომ პატრიარქობა გინდათ და ამიტომ დაუპირისპირდით ილია მეორესო” და სწორედ ეს გაუმეორა მეუფე პეტრემ: “ილია მეორეს ასეთი რამ აქვს ნათქვამი და მე, არც ისე და, არც ასე პატრიარქობა არ მინდაო”. უბრალოდ, საქმე იცით რაშია?! როცა ამ ყველაფერს მრევლი იგებს, მათი აზროვნება ისეა მოწყობილი, რომ “ვიღაცას პატრიარქობა უნდოდა, მოკვდა ანუ, მოკლა ქრისტემ, წმინდა გიორგიმ, წმინდა ნიკოლოზმა, მიქაელ მთავარანგელოზმა, ყველამ, პატრიარქის გარდა”. ანუ, ყველა შეიძლება იყოს მკვლელი, მაგრამ არა ილია მეორე. ცხადია, შემსრულებელი არასდროს არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დამკვეთი ნამდვილად იყო.

– თუკი ეს ყველაფერი რეალურია, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ერის მამა და ამას ვერ ხედავდეს საზოგადოება?!

– სპეციალობა მაქვს ეკლესიის ისტორია და როდესაც ეკლესიის ისტორიას ვკითხულობ, ისეთ რაღაცებს ვხვდები, რომ ეს აღარაფრად მეჩვენება, ასე ვთქვათ, მიჩვეული ვარ. საზოგადოებას, ამ ფაქტების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ აგრესიული დამოკიდებულება აქვს, რადგანაც ილია მეორე მათთვის კერპია. ძველი აღთქმა, რომ წაიკითხოთ, სადაც კერპთაყვანისმცემლობაზეა საუბარი, როდესაც წინასწარმეტყველები მიდიოდნენ და ამხელდნენ, რომ “კერპია და უნდა დაინგრეს”, იმ წინასწარმეტყველებს, არც ერთს კარგი ბედი არ ეწიათ. საზოგადოებისთვის ილია მეორე არის კერპი, ზებუნებრივი ძალა აქვს და ხელშეუხებელია. ამიტომაც ამბობენ, რომ ეკლესიაში ავტორიტეტი არის პატრიარქი. თქვენ ოდესმე გაგიგიათ მრევლისგან, რომ ავტორიტეტი არის ქრისტე?! ვერ გაიგებთ, რადგან მათთვის ავტორიტეტი აქვს პატრიარქს და იერარქებს.

– როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ საქართველოში პოლიტიკური და რელიგიური რეფორმების დაყოვნებაზე პასუხისმგებლობას მრევლს აკისრებთ. მაშინ, რა ქმნის ერში პრობლემას?!

– პატრიარქი ასაკშია, უძლურია და ამით ხდება ერზე მანიპულირება. მოხუცდა და ბუნჩულა კაცის იმიჯი მოირგო. საზოგადოება დაზომბებულია. დრო სჭირდება ყველას, რომ ეს სტერეოტიპი დაანგრიოს, ამისთვის ფიქრი უნდა დაიწყონ, ქართველ ადამიანს კი ფიქრი ეზარება, რადგან, რომ იფიქროს, თავისუფალი უნდა იყოს, თავისუფალი არ არის, ისევ მონაა. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ – არ ვიცი! ჩვენ, თეოლოგებმა, ამ პატარა ჯგუფმა ყველა შესაძლო ბერკეტი გამოვიყენეთ, რომ საზოგადოებისთვის ჯანსაღი აზრი მიგვეწოდებინა, ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების ხარჯზე, მაგრამ არ იღებს საზოგადოება და ამიტომაც არის პრობლემა საზოგადოებაში. მრევლმა კონკრეტულ ადამიანებს კი არა, სიმართლეს უნდა დაუჯეროს.

– საქმეც ამაშია, რომ მათთვის მართალი პოზიცია არის ის, რაც აქვთ, ისინი საკუთარ პოზიციას არასწორად არ მიიჩნევენ…

– ასეა, რადგან მისაუბრია ადამიანთან, რომელსაც უთქვამს, რომ მეთანხმებოდა, მაგრამ რადიკალური ზომების მიღება უჭირდა. შოტლანდიელი პროტესტანტი თეოლოგი, რომელიც ასევე, პასტორი იყო, ჯონ სკოტი ამბობს: “ნება-სურვილი შეგნებაზე აღმატებულია”. რატომ?! ხანდახან რაღაცები იმიტომ არ გვესმის და არ ვიგებთ, რომ არ გვსურს! ილია მეორე ჩემთვისაც ავტორიტეტი და წმინდა ადამიანი იყო და როდესაც რაღაცები ვნახე და გავიგე, ძალიან გამიჭირდა ამის აღქმა. რთული პროცესია, მაგრამ როგორც ჩანს, საზოგადოების უმრავლესობა, საერთოდ, არც ცდილობს გონს მოეგოს. ჩვენს თვალწინ ხდება ყველაფერი, არგუმენტირებულად, ეს ხომ არ არის საბჭოური პერიოდი, 21-ე საუკუნეა და ინტერნეტი არსებობს, სადაც არაერთი დოკუმენტი, ვიდეო და ფოტომასალა გვხვდება იმის მტკიცებულებად, რაც გვესმის.

– სტიქაროსნობის პერიოდი, რომ გაიხსენოთ: მღვდელმსახურების მხრიდან, რა დარღვევებს ხედავდით ეკლესიაში?!

– უამრავ დარღვევათან გვაქვს საქმე. შემიძლია რამდენიმე დავასახელო, მაგალითად: შაბათის მარხვა, როდესაც მრევლს ამარხულებენ შაბათობით იმიტომ, რომ კვირას აზიარონ და არსად არ წერია მსგავსი რამ. ეს არის კათოლიკური სქოლასტიკური თეოლოგიის გავლენა ჩვენზე. როდესაც კათოლიკე მისიონერები საქართველოში ჩამოდიოდნენ, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ მთელი ქვეყნისთვის თავიანთი გავლენა მოეხვიათ თავს და ესეც იქიდან დარჩა. მღვდელი, რომელიც მრევლს შაბათობით ამარხულებს, ცოლ-ქმარს მარხვის პერიოდში ურთიერთობას უკრძალავს, ამბობს, რომ ეკლესიაში მხოლოდ 7 საიდუმლოა და მეტი არა – რომ ჰკითხოთ სად წერია ამ აკრძალვების შესახებ, ვერ გიპასუხებთ, რადგან არსად არ წერია. როცა ვამბობთ, რომ ეს კათოლიკური ეკლესიის გავლენაა, მერე იწყება დემაგოგია და ამ დროს, რომ გადახედოთ, იგივე, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტიოსი, რომელიც ძალიან დიდი წმინდანია, კათოლიკეებთან დიდ დაპირისპირებაში იყო და ერთ-ერთი საკითხი რაზედაც მათ ედავებოდა, იყო შაბათის მარხვა. შემდგომი ეპოქის პატრიარქი იყო მიქაელ კერულარიოსი, მასაც იგივე პოზიცია ჰქონდა, რომ შაბათის მარხვა ქრისტიანული ტრადიციებისთვის შეუსაბამო იყო. ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, საეკლესიო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ შაბათობით მარხვა არ შეიძლება. მოციქულთა 64-ე კანონი და ტრულის მე-6 მსოფლიო კრების 55-ე კანონი განსაზღვრავს, რომ შაბათის მარხვა მართლმადიდებლურ სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის. სხვათა შორის, ტრულის კრების კანონი იმასაც აზუსტებს, რომ: “გავიგეთ რომში შაბათობით მარხულობენ და თქვენ ნუ გააკეთებთ ასეთ რამეს, თუ მღვდელი შაბათობით იმარხულებს მღვდელმოქმედება შეუჩერდეს, თუ ერისკაცი იმარხულებს, მაშინ ზიარებიდან განეყენოსო”. დიდმარხვაში, რომ შაბათი ემთხვევა, იმ შაბათ-კირასაც კი არ შეიძლება მარხვა, თუმცა, ქართულ ეკლესიაში ეს კანონი დარღვეულია. ასევე, არის მცირე სჯულის კანონი, რომლის ავტორიცაა იოანე მონაზონი, სადაც სხვადასხვა სასჯელებია მოცემული: “როდესაც ადამიანი მძიმე ცოდვას ჩაიდენს, მას განესაზღვრება მრავალდღიანი მარხვა (სინანულის და გამოსწორების სახით), ამ გრძელვადიან მარხვაში, როდესაც შაბათ-კვირები დაემთხვევა, არ იმარხულოს, ყველაფრით გაიხსნილოსო”. ქართულ ეკლესიაში კი, მღვდლების დაახლოებით 60% თავის მრევლს ამარხულებს შაბათობით იმიტომ, რომ კვირას უნდა ეზიაროს და ზიარების წინ მარხვა აუცილებელია. ამ დროს, ეს არსად არ წერია.

– საინტერესოა… ქართველი მღვდელმსახურების მიდგომები, რატომ მოდის წინაარმდეგობაში მართლმადიდებლობასთან?

– მთავარი და ძირითადი პრობლემა, ალბათ, გაუნათლებლობაა. მღვდლებს აკურთხებენ ისე, რომ სემინარიაც კი არ აქვთ გავლილი. ცალკე საკითხია, რომ სემინარია არ იძლევა მართლად სადიდებელ განათლებას. მე თვითონ სემინარია-აკადემია მაქვს დამთავრებული და როცა ათენში ჩამოვედი, დიპლომი არ აღიარეს, შესაბამისად, ყველაფრის თავიდან გავლა მომიწია და აღმოვაჩინე, რომ 50% შეცდომით მქონდა ნასწავლი. ესეც, რომ არ აქვს ადამიანს გავლილი და მღვდელი ხდება, საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ.

– საეკლესიო კანონიკის არმცოდნე სასულიერო პირებს, მღვდლებად რატომ აკურთხებენ?!

– იმიტომ, რომ გავლენა ჰქონდეთ და მარტივად მართონ. “პურის და სანახაობის” ამბავია. სანახაობას კი აძლევენ, თუმცა, პურს თვითონ შოულობენ. რა ურჩევნია ილია მეორეს, განათლებული ადამიანები ჰყავდეს ეკლესიაში, თუ ბრბო?!

– ამბოხის ეშინია?!

– რა თქმა უნდა! განათლებული ადამიანი კითხვებს დასვამს და არც ილია მეორეს, არც ეპისკოპოსებს და არც მღვდლებს, არ აწყობს ჭკვიანი და განათლებული ხალხი ეკლესიაში, ზედმეტი თავის ტკივილია მათთვის. მრევლის ნაწილმა ეკლესია დატოვა იმის გამო, რომ მღვდელთან მივიდნენ კონკრეტული კითხვებით და მათ უპასუხეს, რომ “ამაზე კითხვები არ არსებობს, ნუ მჩხრეკელობ” და ა.შ. ანუ, წმინდა მამებიც მჩხრეკელობდნენ როდესაც სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობდნენ?! ისინი ტომებად წერდნენ ამ ნარკვევებს და დღემდე საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია მათი ნამუშევრები.

– პატრიარქის მიერ “დასჯილი” სასულიერო პირები, რომ ისევ მსახურებაში იყვნენ, როგორ შეიცვლებოდა ვითარება ქართულ ეკლესიაში?!

– ვფიქრობ, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა. მე, ყოველშემთხვევაში მჯერა ამ ხალხის გულწრფელობის, რადგან მართლები და გულწრფელები რომ არ იყვნენ, დღეს ისევ სამღვდელო დასში იქნებოდნენ, მათ არავინ განაყენებდა. შესაბამისად, ის რეფორმები, რა რეფორმებიც ჰქონდათ და აქვთ გეგმაში, რა თქმა უნდა მართალია და გაატარებდნენ ამ რეფორმებს, რაც მიმართული იყო იმისკენ, თუ სადაც იყო საქართველოს ეკლესია თავდაპირველად, მაგალითისთვის, თუნდაც, ეკუმენური საბჭო ავიღოთ. მაგალითად, ბასილ კობახიძისთვის, რომ დაეჯერებინათ და არ გაეგდოთ, დღეს საქართველოს ეკლესია იქნებოდა ამ საბჭოში, მსოფლიო მასშტაბით მაღალი ტრიბუნა გვექნებოდა, სასულიერო პირები მრევლს სრულიად სხვა ქადაგებას მიაწვდიდნენ, აღარ მოხდებოდა ამ გაუნათლებელი მღვდლების კურთხევა და ა.შ.

– სამ დღეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომლის თარიღთან დაკავშირებით, საუკუნეების მანძილზე, აზრთა სხვადასხვაობაა. სინამდვილეში, როდის იშვა ქრისტე 25 დეკემბერს, თუ 7 იანვარს?!

– როდესაც კათალიკოსი მელქისედეკ III იყო, მოხდა რეფორმა და მის დროს ჩვენ ერთი წლით გადავედით იულიანურზე, ანუ, შესწორებულ კალენდარზე, გრიგორის კალენდარს რასაც უწოდებენ, რომელსაც კათოლიკური ეკლესია იყენებს და 10 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას. როდესაც, ამბროსი ხელაიამ ერს მიაწოდა ეს იდეა, ერთი წლით და სამი თვით გადავედით ამ კალენდარზე, რასაც მრევლში სერიოზული აჯანყება მოჰყვა, ფაქტობრივად სქიზმის პირას მივიდა ეკლესია და ამიტომ თქვეს, რომ “არ გვინდა განხეთქილება ეკლესიაში, ისევ დავუბრუნდეთ ძველ სტილს” და ჩვენ, ქრისტეშობის დღესასწაულს დღემდე 7 იანვარს აღვნიშნავთ, ბრბომ გადაწყვიტა ასე. საშობაო წირვაზე, მედავითნემ 7 იანვრის მსახურება კი არ უნდა იპოვოს, არამედ 25 დეკემბრის. პარადოქსია!

ქრისტეშობის თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გვაქვს: ერთ-ერთი ვერსიით შობა 25 დეკემბერს დაწესდა. რომის იმპერიაში, იმპერატორმა აურელიანემ, დააწესა ასეთი დღესასწაული, უძლეველი მზის დაბადების დღე, რომელიც აღინიშნებოდა 25 დეკემბერს. ქრისტიანებმა ჩვეულებისამებრს, ჩაანაცვლეს წარმართული დღესასწაული და თქვეს, რომ თუ კათოლიკეები აღნიშნავენ მატერიალური მზის დაბადების დღეს, ჩვენ დავაწესოთ ჭეშმარიტი მზის დაბადების დღე, რომელიც არის ქრისტეს ალეგორია, მაგრამ თარიღი არ შეცვალეს, ესეც მისიონერული ხრიკია, რომ ადამიანი მიჩვეულია 25 დეკემბერს რაღაცის აღნიშვნას და შეუცვალეს მხოლოდ შინაარსი. არის მეორე ვერსია, რომ III საუკუნის ბოლომდე, შობა საერთოდ არ აღინიშნებოდა ეკლესიაში. ცნობის თანახმად, II საუკუნეში მოღვაწე, რომის პაპის ნაშრომებში ფიქსირდება, რომ II საუკუნეში რომის ეკლესია აღნიშნავდა შობას, მაგრამ დღევანდელი (სახელოვანი) თეოლოგები ამბობენ, რომ ეს ნაშრომები გაყალბებულია, ამიტომ III საუკუნემდე შობა არ აღინიშნებოდა ეკლესიაში. ერთი ვერსიით, 25 დეკემბერს დააწესეს, მეორე ვერსიით 6 იანვარს და აღნიშნავდნენ ნათლისღებასთან ერთად, ამიტომ, შობის ხატზე გამოისახება ნათლისღებაც, სამების გაცხადების სახით, რაც სხვათა შორის, სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა. მესამე ვერსიით, რომელსაც იოანე ოქროპირის სახელს უკავშრებენ: IV საუკუნის მე-2 ნახევარში, იოანე ოქროპირმა მოუწოდა ანტიოქიის ეკლესიას (თვითონაც ანტიოქიელი იყო), რომ 25 დეკემბერს ეზეიმათ შობა.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ თარიღი და პერიოდი უცნობია ქრისტეშობისა. უფრო მეტიც, პირდაპირი და ირიბი მინიშნებებით, შობა არათუ ზამთარში, არამედ, ზაფხულში იყო. ირიბი მინიშნებით დავიწყოთ: სახარებაში წერია, რომ მწყემსები შობის ღამეს გარეთ (ღია ცის ქვეშ) ათევდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, პალესტინის კლიმატში (უდაბნოს ეფექტია: ზაფხულშ ძალიან ცხელა და ზამთარში ძალიან ცივა) გარეთ ღამის თევა?! აგრონომიული კუთხითაც მიუღებელია, პირუტყვი ვერ გაუძლებს და უბრალოდ, მოკვდება. ანუ, ირიბი მინიშნება გვაქვს, რომ რადგანაც გარეთ იყვნენ პირუტყვთან ერთად – ცხელოდა, ზაფხული იყო. რაც შეეხება, პირდაპირ ისტორიულ წყაროს: შობა დგება მაშინ, როდესაც წმინდა ოჯახი, ღვთისმშობელი მარიამი და იოსები მიდიან ბეთლემში აღწერაზე, გამოხდა ბრძანება ავგუსტუს კეისრისა, რომ აღწერა ჩატარდეს მთელ რომის იმპერიაში და ამის გამო მიდის ეს წმინდა ოჯახი ბეთლემში, და ამ დროს ხდება შობა. ეს ტაცი ტუსი ამბობს, რომ რომის იმპერიაში, მოსახლეობის აღწერა ხდებოდა ზაფხულობით იმიტომ, რომ ზამთარში გადაადგილება სირთულეს წარმოადგენდა. ხოლო, ფერიცვალება იყო ზამთარში, თუმცა, ჩვენ ზაფხულში აღვნიშნავთ.

– ეს ფაქტები, რეალურად, ყველაფერს თავდაყირა აყენებს…

– ორივე მხარე რადიკალურად უდგება. მაშნდელმა ეკლესიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ქრისტე ზაფხულში დაიბადა, მაგრამ ადგა და მისიონერული თვალსაზრისით, დააწესა 25 დეკემბერს. ამ გზით ჩაანაცვლა ის წარმართული დღესასწაული, რაც კათოლიკებმა დააწესეს. როცა თარიღთან და ეპოქასთან დაკავშირებით, პირდაპირი მტკიცებულება არ გვაქვს, მანდ უკვე თავისუფალი ხარ. ეს კი ეკლესიამ სათავისოდ გამოიყენა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი, თარიღი კი არა – მოვლენა, რომლის მთავარი დედააზრიც იკარგება ამ დისკუსიებში და ორივე მხარე ძალიან რადიკალურად უდგება ამ საკითხს. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, მე მომხრე ვარ, რომ საქართველოს ეკლესიამ ქრისტეშობის დღესასწაული 25 დეკემბერს აღნიშნოს, მაგრამ ვინმე თუ წინააღმდეგია, ამის გამო თავში არ ვუკაკუნებ. წარმართულ იმპერატორის მიერ შეკვეთილი და ეგვიპტელი ქურუმის მიერ დაწერილ კალენდარს მისდევს საქართველოს ეკლესია დღეს და რომის პაპის, გრიგორის ინიციატივით შექმნილ კალენდარს უწოდებს საეშმაკოს.

– ჩვენი ინტერვიუ, რომ შევაჯამოთ, რაში ხედავთ გამოსავალს?!

– სახელისუფლებო რეფორმებში! ოღონდ, ისეთი ხელისუფლების მოსვლაში, რომელიც პანეგირიკებს არ მიუძღვნის საპატრიარქოს. უნდა მოვიდეს ხელისუფლება, როგორიც იყო ეროვნული მოძრაობა და უნდა ჰყავდეს ლიდერი, როგორებიც იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. თუკი, ასეთი ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში, ამ ყველაფერს, აუცილებლად მოჰყვება საეკლესიო რეფორმაც, საეკლესიო იერარქიის ცვლილებაც, რასაც ყველაფერი დანარჩენი მოჰყვება. ახლა არის უტოპია, ჩვენ ველოდებით, რომ ციდან ტომარა დაგვეცემა თავზე, ილია მეორე არ იქნება და ყველაფერი შეიცვლება. უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაამხობს საპატრიარქოს და საეკლესიო ხელისუფლებაში მოვლენ განათლებული ადამიანები, რომლებიც სწორ რელსებზე დააყენებენ ეკლესიას. ეკლესიის შიგნით პრობლემის გამოსწორებაზე ფიქრი არის უტოპია! ყოველთვის ასე იყო.

დავით აღმაშენებლის ეპოქა გავიხსენოთ: სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა და რუის-ურბნისის კრება არ ჩაატარა, არაფერი შეცვლილა. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ სადაც აღმაშენებელი რუის-ურბნისის კრებას ატარებდა, ჯარი ჰყავდა გარშემორტყმული, რადგან იცოდა, რომ მოკლავდნენ. ეკლესიის ისტორიაში ვკითხულობთ, რომ ასე იყო ყველა ეპოქაში – ჯერ საერო ხელისუფლება იცვლება და შემდეგ საეკლესიო!

ავტორი: მზეკო ჟვანია

ნანახია: (1569)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას