logo.png

“ჩვენი უუუწმინდესის დიდი საქმეებიო და მის ლოცვაზე დგას ჩვენი საქართველოო, ბღავის შიოლმადიდებელი ხალხი… საქართველოს ფეხზე დგომის რა ეტყობა და მისი ლოცვა უკუღმა რომ უტრიალდება ერსა და ეკლესიას, სახეზეა.

მაინც რა გააკეთა ილია მეორემ თავისი 45 წლის პატრიარქობის მანძილზე?! იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ მგონი ზედმეტიც კია, მაგრამ მაინც დავწეროთ კიდევ ერთხელ ამ საიბულეო დღეებში:

1. ქართულ ეკლესიაში, კერძოდ სამღვდელოებაში, მონაზვნობაში და მრევლში გააძლიერა და ააღორძინა რუსული იდეოლოგიური კლიშეები და ორიენტაცია არნახულად, იმდენად რომ ასეთი რამ რუს ეგზარქოსთა მმართველობის დროსაც კი არ მომხდარა; საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს ფილიალად აქცია; კულტივირებას უწევს სტალინიზმს;

2. იმდენი უდიპლომო და სასულიერო განათლების არ მქონე, კრიმინალური წარსულის, მათ შორის ნარკომანები და ყაჩაღები, მრავალგზის ციხეში ნაჯდომი რეციდივისტები აკურთხა ეპისკოპოსებად და მღვდლებად, რომ ასეთი რამე არ ახსოვს არცერთ ეკლესიას მსოფლიოში და არც ქართულ ეკლესიას, რომელიც მუდამ იყო კულტურის, ლიტერატურის და ხელოვნების აკვანი საქართველოში;

3. მისი მმართველობისას იმდენი ეპისკოპოსი (9) იქნა განკვეთილი და განყენებული მის მიერ, რომ ასეთი რამ არ ახსოვს ქართული ეკლესიის ისტორიას საუკუნეთა მანძილზე, მაგრამ უბედურება ისაა, რომ დარჩენილი 40-დანაც სრული უმეტესობა განსაკვეთია მექალთანეობის, მამათმავლობის, ნარკომანობის, ლოთობის და სხვა მრავალი საეკლესიო და სისხლისსამართლებრივი დანაშაულებათა გამო;

4. ილია მეორემ აკურთხა ეპისკოპოსებად პედოფილები მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი (ჰომოსექსუალი) და მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა (ჰეტეროსექსუალი). ასეთი რამ არ ახსოვს წმინდა ნინოს მიერ დაარსებულ 1700 წლოვანი ქართული ეკლესიის ისტორიას;

5. სააკაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლებების მიერ გამოყოფილი მილიონებით გახსნა ბევრი უმაღლესი და საშუალო როგორც სასულიერო, ისე სამოქალაქო კერძო (ანუ საპატრიარქოს) სასწავლებელი, რომელთა უმეტესობას არ აქვს აკრედიტაცია, ან აქვს ფორმალურად მინიჭებული და მიმდინარეობის ახალგაზრდების ტვინის რეცხვა და ფსევდო-რელიგიური და პოლიტიკური სიბნელეების ფრქვევა, რაშისტული პრავასლავნიკური ინდოქტრინიზაცია; ქართული ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი კი რჩება ყველაზე გაუნათლებელ და ბნელ ფენად ქვეყანაში, რომელთაც არც საეკლესიო ღვთისმეტყველება გაეგებათ, არც საერო მეცნიერებებს აღიარებენ;

6. დიახ, მიაღწია 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან ავტოკეფალიის აღიარების ტომოსს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ ვერ მიაღწია დიპტიხის საკითხის მოგვარებას და ეკლესიათა უმეტესობა დიპტიხში საქართველოს პატრიარქს იხსენიებს მე-9 ადგილზე. ხოლო თავად იხსენიებს და აყენებს თავს მე-6 ადგილზე, რუსეთის პატრიარქის შემდგომ (სტალინის მიერ განსაზღვრული ადგილი 1943 წელს და მოსკოვის საპატრიარქოს მიერ სანქცირებული);

6. ვერ დაამყარა ანტიოქიის საპატრიარქოსთან ვერავითარი სიახლოვე და კავშირი და ანტიოქიის პატრიარქი დღემდე თავს უწოდებს “ივერიის პატრიარქს” თავის სრულ ტიტულში, რომელიც მეორე ათასწლეულში გაჩნდა ანტიოქიელთა ამბციების და ლეგენდების წყალობით. ილია მეორემ არაფერი იღონა საქართველოსთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ამ ფაქტის აღმსაფხვრელად; არადა, შეიძლებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩართვაც ამ საკითხის მოსაგვარებლად და კონსტანტინოპოლი უცილობლად ჩვენ მხარეს დაიჭერდა, 1990 წლის ტომოსიდან გამომდინარე, რომელშიც ივერიის ჩაწერა უნდდათ და ილია მეორემ გეორგიას ჩაწერა მოითხოვა საქართველს აღსანიშნავად, არადა სჯობდა ჩვენი ქვეყნის ორივე ისტორიული ბერძნულენოვანი დასახელება დაფიქსირებულიყო: ივერია, ანუ გეორგია. ეს პირდაპირ მოაკვეთავდა ამბიციურ მადას ანტიოქიელებს!

7. სამი ეპარქია (ცხუმ-აფხაზეთი, ცხინვალი, სომხეთის სამრევლოები) წაართვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის პატრიარქმა კირილემ, სადაც ააშენა ახალი  და გაარემონტა ძველი ქართული ეკლესიები, მათ შორის გაარუსეს და ძლიერ დაუკარგეს ქართული სახე ილორის და დრანდის ისტორიულ ეკლესიებს და ილია მეორე ჩუმადაა წლებია და საპროტესტოდ ხმას არ იღებს! 

8. ვერც ათონის ივერონი და ვერც იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ვერ დაუბრუნა ქართველ ერს ვითომ “დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე” პატრიარქმა, ხოლო საქართველოში მომრავლებული მონასტრები და ბერ-მონაზვნობა აქცია ბუტაფორიად და გახრწნილების, კრიმინალის და უმაქნისობის ბუდედ. რეალურად ნამდვილი მონაზვნური სკოლა და მონასტრულ-ასკეტიკური ცხოვრება ვერ და არ აღადგინა ილია მეორემ. 

9.საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ათასზე მეტი უძველესი ეკლესია არის დაზიანებული და მეტნაკლებად ჩამონგრეული, მათი დიდი ნაწილის ფოტოები და ადგილმდებარეობა თავმოყრილი მაქვს საჯარო ფბ ალბომში, მაგრამ საპატრიარქო არაფერს აკეთებს მათ დაცვისა და გადარჩენისთვის. მათი აღდგენა-რესტავრაცია, ან კონსერვაცია მთლიანად მიატოვა სახელმწიფო ხელისუფლების და კერძო სპონსორების პირად ინიციატივის იმედად, სამაგიეროდ პატრიარქი ილია და მისი მიბაძვით რიგი ეპისკოპოსები წლებია ახალი გრანდიოზული საეკლესიო კომპლექსების მშენებლობით ერთობა და მილიარდობით ლარს (სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბიზნესმენებიდან მიღებული, ასევე მოსახლეობიდან აკრეფილი ფული) ახარჯებს: სამება, მახათა, ხაშურის ახალი ბანა, ზუგდიდის, გორის, ახალციხის, თიანეთის კათედრალები და ა.შ. ასევე საყურადღებოა, რომ ძეგლთა დაცვის უწყების მიერ სხვადასხვა დროს რესტავრირებული ასობით ეკლესია საქართველოს ტყეებში და სოფლებში კვლავ უატრონო, უკურთხი და მიუხედავია ბევრგან; 

10. დიახ, ილია მეორის დროს მისი ლოცვა-კურთხევით აშენდა უამრავი ახალი ეკლესია-მონასტერი, მაგრამ რას ემსახურება ეს და ემჩნევა თუ არა ეს ყველაფერი სასიკეთოდ ქართველი ხალხის ზნეობას, მორალს, კრიმინალურ მდგომარეობას და ინტელექტს?! ან თუნდაც ქრისტიანული სათნოებების გავრცელებას ერში და ბერში?! ნათელია, რომ არა! ამასთან, ეს ყველაფერი შენდება მოსახლეობის და მდიდარი სპონსორების შემოწირულობებით, საპატრიარქო საკუთარი შემოსავლებიდან კაპიკს არ ხარჯავს ამაში. რაში მდგომარეობს ილია მეორის პირადი ღვაწლი ამ საქმეში?! არაფერში, გარდა იმისა, რომ მწვანე შუქი აუნთო ამ უთავბოლო მშენებლობებს და არ ითხოვს ჯერ ძველ ისტორიულ ტაძრებს მიხედონ და მერე ახლმშენებლობებზე გადავიდნენ. ყველა ეს ახალმშენებლობა ემსახურება თავის გამოჩენის და “ინდულგენციის” მიღების სურვილს, ფულის საჭრელი “სტანოკის” შექმნას;

11.პატრიარქი ილია II არ ზრუნავს ეკლესიაში საეკლესიო კანონთა დაცვასა და აღსრულებაზე. პირიქით, არ დარჩა დიდ სჯულსკანონში კანონი, რომელიც მან არ დაარღვია და არ გააუქმა დე-ფაქტოდ; და ამას ყველაფერს უტიფრად ამართლებდა მიმტევებლობის და სიყვარულის ლოზუნგებით, თითქოს ამ კანონთა დამდგენ წმ. მოციქულებს და წმ. მამებს სიყვარული და მიმტევებლობა არ გააჩნდათ;

12. ილია მეორემ დე-ფაქტოდ დაუშვა უპრეცედენტო რამ ეკლესიის ისტორიაში: ბერ ეპისკოპოსთა (მთ.ეპ. თადეოზ იორამაშვილი, ეპ. ვახტანგ ახვლედიანი) და არქიმანდრიტთა, იღუმენთა, მღვდელმონაზონთა მიერ ცოლების შერთვა და დაოჯახება და მღვდელმოქმედების გაგრძელება,  რაც საეკლესიო კანონებით სრულიად უპირობოდ გამორიცხულია; ასევე მღვდლების მიერ მეორე ცოლის შერთვა და მეორე ქორწინებაში მყოფთა ხელდასხმა მღვდლებად, რაც ასევე სასტიკად აკრძალულია საეკლესიო კანონებით; ეს შეიძლება ვიღაცას ნაკლებ პრობლემურად მოეჩვენს, მაგრამ საეკლესიო ზნეობის ცხადი ნგრევა და წმ. კანონთა უარყოფის მასშტაბების წარმოსადგენად გასაანალიზებელია და მის კვალობაზე რამდენი დაფარული ბიწიერება “შენდობილია”, წარმოსადგენადაც კი შემზარავია;

13. ილია მეორემ დიდი როლი ითამაშა 1991-1992 წლის სისხლიანი პუტჩის მოწყობაში, ხოლო ჯაბა იოსელიანი გამოაცხადა ეროვნულ გმირად და პატრიარქის დავალებათა შემსრულებლად. იხილეთ 2000 წელს ჯაბას საიუბილეო ღონისძიებაზე მისი გამოსვლის ვიდეო ჩანაწეტი, ასევე სიონის საპატრიარქო ტაძარში იოსელიანის “გაპატიოსნება” ილია მეორის მიერ; ასევე ხმა არ ამოუღია ჯაბა იოსელიანის და მხედრიონის მიერ სამეგრელოს აოხრებისა და სისხლიანი ტერორის გამო, პირიქით აქებდა და ხოტბას ასხამდა ჯაბას.

14. ეკლესია-მონასტრების საკმაო ნაწილში დიდი ხანია გაბატონებულია ნათლობა-ჯვრისწერა-წესისაგება-პანაშვიდის გამო ფულის გამოძალვა მღვდლების მიერ. ეკლესია-მონასტრებში მასობრივად იყიდება პარაფინის სანთლები, ეს ხდებოდა და ხდება თავად საპატრიარქო ტაძრებშიც (სიონი, სამება, სვეტცხოველი), მაგრამ არაფერი იღონა მდგომარეობის გამოსასწორებლად და მუდამ თვალს ხუჭავდა ამ ყველაფერზე. შედეგად ზიანდება ფრესკები და კედლები პარაფინის ჭვარტლით, რომელიც ასევე საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. ილია მეორის პატრიარქობამდე საპატრარქო იყენებდა სანთლის საწარმოებლად კარტოფილის კრახმალს, რაც უფრო ნაკლებ ჭვარტლიანი და უსაფრთხო იყო, ილია მორემ ჩაანაცვლა პარაფინით და უკვე 40 წელზე მეტია პარაფინის სანთელს აწარმოებს საპატრიარქოს სანთლის ქარხანა. ასე უფრო ბევრ ფულს შოულობენ. თაფლის სანთელი არის ერთეულ ტაძრებში წინამძღვართა პირადი სურვილით და მონდომებით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

15. ილია II არაფერს აკეთებდა მრევლის და სამღვდლოების სოციალური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად და ქველმოქმედებისთვის. სამღვდელოებას არ აქვს აუცილებელი საარსებო ხელფასი, ჯანდაცვის დაზღვევა, საპენსიო ფონდი. არიან უმდიდრესი სასულიერო პირებიც და უღატაკესნიც. შექმნა “კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი”, მაგრამ არა სოციალურად დაუცველი ბავშვების და მოხუცების გადასარჩენად, არამედ ვითომდა მეცნიერთა კვლევების დასაფინანსებლად. ესეც მისი უკიდეგანო ამპარტავნების და არაადეკვატურობის გამოძახილი. საბოლოოდ კი პატრიარქის ეს ფონდი იქცა მილიონების შეჭმის და აორთქლებს შავ ხვრელად, რომელიც არც მეცნიერებას მოემსახურა და არც მოშიმშილე და ავადმყოფ ადამიანებს;

16. მის ეპარქიაში, თბილისში, სადაც ამდენი ეკლესია, მონასტერი, საცხოვრებელი კელია და შენობა აშენდა და არის საპატრიარქოს ბალანსზე, რაც მთავარია არის ამხელა საპატრიარქო სასახლე-კომპლექსი მტკვრის სანაპირზე, არ მოიძებნება ღია კარი ღამე ქუჩაში დარჩენი უსახლკაროებისთვის. რის გამოც არაერთი ადამიანი იყინება და კვდება ყოველწლიურად თბილისში ზამთარში. ხოლო ილია მეორე წარმოუდგენელ ფუფუნებაში და კომფორტში მშვიდად ცხოვრობდა და ცხოვრობს თავის სასახლეში და უამრავ რეზიდენციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მისია ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციაც.

17. საპატრიარქოს ადმინისტრაცია და სინოდი აავსო არაკომპეტენტური და ამორალური ადამიანებით;

18. ვერ შეძლო და არ მოინდომა შერყვნილი ლიტურგიკული მდგომარეობის და ანარქიის გამოსწორება ეკლესიაში, საღვთისმსახურო წიგნთა გასწორება და ჯეროვანი გამოცემა. შედეგი ისაა, რომ ქართულ ეკლესიაში დიდწილად ისევ ეგზარქოსთა პერიოდში გამოცემული წიგნები გამოიყენება, ან ბოლო წლებში დაბეჭდილი არააკადემიური, უხარისხო გამოცემები (ჟამნი, მარხვანი, ზატიკი, პარაკლიტონი, სადღესასწაულო, კურთხევანი, სახარება, სამოციქულო), ძლიერია რუსული საეკლესიო წესების გავლენა ქართულ ღვთისმსახურების წესსა და ტიპიკონზე;

19. არ იყენებს ევროპის და ამერიკის თეოლოგიურ სასწავლებლებში აღზრდილ და ნასწავლ კადრებს ეკლესიაში, რიყავს მათ და ამ რიგად ეკლესიას აკლდება უდიდესი რამ, სანაცვლოდ პარპაშებენ კოლექტიური იაკობები;

20. ილია II ათწლეულების მანძილზე ეკლესიას მართავდა ქალის ხელით, რომლის წინაშეც ფორთხავდენ ჩვენი მღვდლები და ეპისკოპოსები. ასეთი რამ ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. დარწმუნებული ვარ, მისიონერ წმ. ნინოს არ ჰქონდა იმდენი უფლებები ახლადდაარსებულ ქართულ ეკლესიაში, რაც თითქმის 40 წელწადი ჰქონდა პატრიარქის დეფაქტო მოადგილეს და მატრიარქად წოდებულ შორენა თეთრუაშვილს; ფემინისტებს ეს შეიძლება დადებითადაც მოეჩვენოთ, მაგრამ საშინელებაა ქალი მდივნის მიერ დამონებული და დაშინებული კაცი იერარქები, ასეთი კაცები კასტრირებულებს ჰგვანან;

21. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საპატრიარქო დღეს განკერძოებულია სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებისგან, არავინ მას სერიოზულად არ აღიქვამს. 7 წელზე მეტია საქართველოს არცერთი პატრიარქი აღარ სტუმრებია, არიან პატრიარქები რომლებიც საერთოდ არ ჩამოსულან საქართველოში (ანტიოქიის იოანე X, რუმინეთის დანიელი, ბულგარეთის ნეოფიტე, საბერძნეთის იერონიმე II…). შესაბამისად ილია II-ს მათთან არ აქვს ჯეროვანი კოლეგიური და ძმური ურთიერთობა;

22. საპატრიარქო, ანუ ილია II ისე გზავნის მღვდლებს და ეპისკოპოსებს საზღვარგარეთ გახსნილ ეპარქიებში რომ არც ფინანსურ დახმარებას აძლევს, არც ვიზების, საცხოვრებლის საკითხების გადაჭრაზე არ ირჯება და არც არარსებული ტაძრების მოძიების, დაქირავების ან შეძენის საკითხი არ აინტერესებს, ყველაფერი მიშვებული აქვთ თვითდინებაზე; ილია II საქართველოშიც ისე ხსნიდა და აარსებდა ახალ ეპარქიებს და აკურთხებდა ეპისკოპისებს, რომ არც რაიმე ფინანსურ დახმარებას უყოფდა და არც იმაზე ფიქრობდა, სად იცხოვრებდნენ ეს ეპისკოპოსები და რითი იარსებებდნენ ქაღალდზე შექმნილ ახალ ეპარქიებში. ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ეკლესიაში არ ხდება, ეს ანომალიაა. რადგან, თუ აარსებ ეპარქიას და აგზავნი ეპისკოპოსს, მისთვის ელემენტარული საარსებო პირობებიც უნდა მოაწყოს საპატრიარქომ. ჩვენთან კი ყველაფერი ეპისკოპისის მოსაძიებელი და მისი მარიფათის იმედად დატოვა სასახლეში მცხოვრებმა ზუთხის და ოქროს მოყვარე მოფუფუნე პატრიარქმა. ამიტომაც სახელმწიფომ სააკაშვილის დროს ეპისკოპოსებს (რეალურად და იურიდიულად კი საპატრიარქოს) არაერთი შენობა-ნაგებობა აჩუქა რეზიდენციების, ასევე სკოლების მოსაწყობად, მაგრამ ვინაა მადლიერი და დამნახავი?! 

23. იმის მიუხედავად, რომ ეპისკოპოსები მონებად აქცია ილია მეორემ და ბევრი კანონიკური უფლება წაართვა (მაგ. დამოუკიდებლად ხელდასხმის უფლება სასულიერო პირისა, პატრიარქისგან დამოუკიდებლად ეკლესიის აშენებისა და კურთხევს უფლება, ოდიკის კურთხევის უფლება, მღვდლის დამოუკიდებლად სხვა ეპარქიაში განტევების უფლება და ეს ყველაფერი მიითვისა, რაც არცერთ სხვა ეკლესიაში არ ხდება და კანონიკური ანომალიაა), ასევე სინოდზე ისე იწვევს მათ, რომ არც კი აფრთხილებს წინასწარ რა საკითხები უნდა განიხილონ, ასევე არც იმას უთანხმებს, როდის ჩანიშნავს სინოდის მომდევნო სხდომას, ხოლო წელს საერთოდაც არ მოიწვია სინოდის სხდომა, რაც მსოფლიო ეკლესიისთვის არნახული და უპრეცედენტო ანომალიაა, ეს ეპისკოპოსები როგორც არაკომპეტენტურნი და შემთხვევით გაეპისკოპოსებულნი, დღედაღამ ილია მეორის ქება-დიდებაში არიან საჯაროდ, თორემ ზურგს უკან და ჩუმად ბევრი მათგანიც აგინებს შიოლაშვილს. მიზეზი ისაა, რომ ისინი საკუთარ ეპისკოპოსობას უმადლიან ილია მეორის ნება-სურვილს. შესაბამისად, მზად არიან იყვნენ მისი უღირსებო მონები, სანაცვლოდ ხომ თავადაც ჰყავთ უთვალავი მონები, რა პრობლემაა?!????

24. მესამე და მომდევნო შვილების მონათვლით ბევრი ბავშვი გადაარჩინა აბორტს და არდაბადებასო და ერის დემოგრაფია გააუმჯობესაო. კიბატონო ეს ასეა, მაგრამ რას აკეთებს ილია მეორე რომ ამ თავის ნათლულებს ღირსეული ეკლესია და ქვეყანა ჰქონდეთ?! მისი ეს ნაბიჯი იყო ზედაპირული და პიარკამპანიისთვის განკუთვნილი, საკუთარი თავის განდიდებისათვის გაკეთებული, თორემ არც ეგ ბავშვები აინტერესებს და არც მათი მომავალი;

25. 2008 წელს ომის დროს ოკუპირებული ადგილებიდან გმირების ცხედრები გამოიტანა და ეს მხოლოდ მან შეძლოო. შეძლო, მაგრამ ვისი ნებით თუ არა პუტინისაა?! ეს იყო პუტინის გეგმის ნაწილი, რაც ითვალისწინებდა მათი აგენტი შიოლაშვილის გავლენის და ავტორიტეტის ზრდას საქართველოში.

26. დაახ. 15 წელიწადია ერი და ეკლესია წაბილწა მღვდელ გიორგი ბასილაძის, მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მაქარაშვილის, ეპისკოპოს ილარიონ სამხარაძის და სხვათა ერეტიკულმა და სექტანტურმა ანტიმართლმადიდებლურმა ქადაგებებმა და წიგნებად გამოცემულმა ჩანაწერებმა, ილია მეორე კი არც იმჩნევდა და დუმდა, დუმდა მისი ხელის ბიჭების “წმინდა” სინოდიც. სადაა ილია მეორის “მართლმადიდებლობა” და “მართლმკვეთელობა“?! პირველად ქართული ეკლესიის ისტორიაში ილია მეორის პატრიარქობაში საქართველოში წარმოიშვა (დაიბადა) სექტა და ერესები ეკლესიის მრევლში და კლიროსში. 

27. ილია მეორის დროს პირველად ქართული ეკლესიის ისტორიაში მოხდა საეკლესიო განხეთქილებები ანუ სქიზმები სარწმუნოებრივ ნიადაგზე (დეკ. ბასილ მკალავიშვილის და მისი მრევლის 1995 წელს, 6 მონასტრის - შიომღვიმის, ქვათახევის, ზარზმის, დავითგარეჯის, ზედაზნის, ბეთანიის არქიმანდრიტების და მათი მრევლის - 1997 წელს); ასევე მას დაემატა ეპისკოპოს ქრისტეფორეს განხეთქილება და დაჯგუფება (დაახ. 1999 წ.) - პარასინაგოგა (კიდეშესაკრებლობა); ეს ყველაფერი პირადად ილია მეორის არასწორი საეკლესიო-სამღვდელმთავრო მმართველობის პასუხისმგებლობაა.

სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ რაც დავწერე არ კმარა?! ხოდა, აი რა გააკეთა ქვეყნისთვის და ეკლესიის კეთილწარმატებისთვის, ზნეობის და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ილია მეორემ, გარდა თავისი პიროვნების გაკერპება-გაკულტებისა, მე ვერ გავიგე. შექმნა 3000 კაციანი ბნელი, უვიცი ანაფორიანთა კასტა, რომელთა უმეტესობა განსაკვეთია და გასასამართლებელია საეკლესიო და საერო კანონებით, ხოლო მრევლის სრული უმრავლესობა ასევე არის უვიცი და ქრისტიანული დოგმატიკის, საღვთო წერილის (ანუ ბიბლიის), საეკლესიო კანონიკის, საეკლესიო ისტორიის უცოდინარი. რაში მდგომარეობს ამათი მართლმადიდებლობა?! არაფერში გარდა ბრმა რიტუალიზმისა, რაც არაა მართლმადიდებლობა, არამედ არის ფარისევლური მეკერპეობა და მეტი არაფერი.”

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

ნანახია: (507)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას