რუსული გავლენები ქართულ ეკლესიაზე და “ნაკურთხი დოქტორები” სასულიერო აკადემიაში – ვლადიმერ ნარსია სპეციალურად “თაიმერისთვის”
ქართული ეკლესია, რომ წლებია, დიდ განსაცდელში იმყოფება, ამას საქართველოს უახლესი ისტორიაც მოწმობს. საბჭოთა კვალი იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ არაერთი სახელისუფლებო რეფორმის მიუხედავად, მყარი და უცვლელია იერარქია. საქართველოში რუსეთის, თითქმის 200 წლიანი არსებობით, რუსული მარწუხებისგან ვერგათავისუფლებული ქართული ეკლესია, შედეგებს დღემდე იმკის.
ქართულ საზოგადოებაში პოლემიკის საგნად რჩება საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები და ის რეზონანსული საკითხები, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული. ერიც და ბერიც ორად არის გახლეჩილი. ანალიზი არ სჭირდება იმის გამოვლენას, რომ ერთი ნაწილი კერპად ქცეულ პატრიარქს იცავს მეორე ნაწილისგან, რომლებიც ამხელენ ილია მეორეს (რელიგიით რუსული პოლიტიკის გავრცელება-დაცვისთვის) და აკრიტიკებენ პატრიარქის მიდგომებს, რომლებიც ქრისტიანულ კანონიკას ეწინააღმდეგება. უმრავლესობას, ცხადია, პირველი ნაწილი ფლობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ სწორად ვერ აუხსნეს ქრისტიანული ცნებები და ბუნებრივია, რომ მტყუან-მართლის ერთმანეთისგან გამიჯნვაც უჭირთ. ხოლო, უმცირესობაში მყოფ სასულიერო პირებს, თეოლოგებს, თუ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ქრისტეს იდეოლოგიას მსახურებენ – დევნიან, რელიგიური კანონიკით სჯიან, ანუ, მარტივად, რომ ვთქვათ, ქართულ იერარქიაში ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ.
საქართველოს საპატრიარქოში არაერთი საკითხია, რომელიც საზოგადოებამდე, ან საერთოდ არ მიდის, ხოლო, თუ მიდის, დამახინჯებულად, რაც კონკრეტული ფაქტების პრობლემატიკას აღრმავებს. ვინ მართავს რეალურად საქართველოს საპატრიარქოს?! არის, თუ არა შემორჩენილი ქართულ ეკლესიაში რუსული გავლენები?! რატომ აქვს საზოგადოების ნაწილს, კონკრეტული ფაქტების მიმართ, არაჯანსაღი დამოკიდებულება?! რა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას?! როდიდან ჰყავს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიას “ნაკურთხი დოქტორები?!” არის, თუ არა, ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქი და ზოგადად, საზოგადოებაში რელიგიური საკითხების მიმართ, განმარტებით და შეფასებით ანალიზს ვლადიმერ ნარსია, სპეციალურად, “თაიმერისთვის” აკეთებს. გარდა ამისა, თეოლოგი, უკრაინის ომის ქრისტიანულ შეფასებასთან დაკავშირებით, საკუთარ განმარტებას გვიზიარებს და ასევე, ქართულ ერსა, თუ ეკლესიაში არსებულ პრობლემებსა და გამოსავალზე საუბრობს.
– საქართველოს ეკლესიის ქმედებები, ზედმეტად არც საჭიროებს განმარტებას, ცხადია ისედაც. საკმაოდ მძიმე მდგომარებაა და ეს სირთულეები დაკავშირებულია იმ წარსულთან, რომელიც განუყოფელია ეკლესიის ინსტიტუციური არსებობის სინამდვილესთან. ეს არის ინერცია, რომლითაც მოძრაობს საბჭოთა პერიოდის შემდგომ, ეს ინსტიტუცია და სამწუხაროდ, შედეგად მძიმე ვითარება მივიღეთ. ეს სირთულეები გასაგები და უფრო ცხადი გახდა დღეს, როცა ნაკლებია წნეხი კონტროლის მექანიზმებისა, რომელსაც იყენებდა ხოლმე საპატრიარქო წინა წლებში.
2017 წლამდე რთული წარმოსადგენი იყო, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ და რაც ხშირ შემთხვევაში, შოკისმომგვრელიცაა საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან, მანამდე ვერავინ გაბედავდა, ასე ღიად და თუნდაც, შეურაცხმყოფელადაც უმაღლესი იერარქების მოხსენიებას. საპატრიარქოს მაქსიმალურად ჰქონდა შექმნილი ეს კომფორტი 2017 წლამდე. მანამდე, ძალიან რთული იყო ეკლესიისა და იერარქების ღია ტექსტით კრიტიკა. დღეს უკვე ეს შესაძლებელია. ყველას აქვს სითამამე, ღია ტექსტებით აკრიტიკოს ეპისკოპატი თუ, სხვა რიგითი სასულიერო პირი. ეს ვითარება, ვფიქრობ, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის რთულად გასაგებია, ვინც ემოციურად უყურებს ეკლესიას და საეკლესიო იერარქიას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პოზიტიურ შედეგს მოიტანს.
– რატომ არის, ეპოქებს შორის, ერთგვარი წყალგამყოფი 2017 წელი?
– 2017 წელს ხაზი იმიტომ უნდა გაესვას, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში პირველად, უმაღლესმა იერარქმა, ეპისკოპოსმა გაბედა და საჯაროდ ამხილა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები. მანამდეც იყო ეკლესიის კრიტიკის ცალკეული გამოვლინებები სასულიერო პირთა მხრიდან, მაგრამ მას არ ჰქონდა ისეთი რეზონანსი, რომელიც შესაძლოა გამოეწვია მიტროპოლიტის, ან ეპისკოპოსის სტატუსის მქონე იერარქის კრიტიკას და ასეც მოხდა. 2017 წელს მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ასეთი გაბედული და ვიტყოდი, რომ ეკლესიისთვის სასარგებლო ნაბიჯი გადადგა. ძალიან ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ნაბიჯი და პოზიტიური ცვლილება, რომელიც ამ ნაბიჯის შედეგად განხორციელდა, დღემდე იკრებს გარკვეულ ძალას და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ხდება გასაგები, რომელიც დაუფარავი უნდა ყოფილიყო ისედაც.
2017 წლამდე, შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიას ჰქონდა გარკვეული ბერკეტები და ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს ბერკეტები გამოეყენებინა ყოველთვის მის სასარგებლოდ და ამას ახერხებდა კიდევაც. 2017 წელი, სწორედ, იმის გამოა საქართველოს უახლეს ისტორიაში წყალგამყოფი, რომ დიდი წონის მქონე პირმა საჯაროდ ამხილა ეკლესიაში დანაშაულებრივი სქემების ავტორები.
2017 წელს სინოდის კრებიდან გამოსული პეტრე ცაავა, მედიასთან სენსაციურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეკლესიაში არსებობს პრობლემები და ის მნიშვნელოვნად უკავშირდება შორენა თეთრუაშვილის ფარულ გავლენებსა და მის მმართველობას. მიტროპოლიტი ამბობდა, თუ, როგორ ხედავდა ის ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებს. სწორედ, ამ პერიოდიდან მის მიმართ, ფარულად, თუ პირდაპირ, არაერთი გამაფრთხილებელი სანქცია განხორციელდა, მაგრამ მეუფე პეტრე არ თმობდა პოზიციებს და დღემდე ერთგული რჩება, რადგან მას მიაჩნია, რომ ეკლესიის კეთილდღეობისთვის, ასეთი მხილება აუცილებელია და ის მზად არის შედეგობრივი მსხვერპლისთვის.
– ამ პოზიციების გამზიარებლებიც, (სხვადასხვა სიმძიმით) “სათანადოდ დაისაჯნენ” პატრიარქის მხრიდან…
– მე ყოველთვის ვახდენ ამ შეფასების კორექტირებას. ადამიანები მეუფე პეტრეს პოზიციებს არ იზიარებენ. ამ შემთხვევაში, ისინი მხარს უჭერენ არა, პიროვნულად მეუფე პეტრეს, არამედ, გაერთიანებული არიან იმ სიმართლის ირგვლივ, რომელი სიმართლეც და ღირებულებებიც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად ეკლესიის ცნების დაცვისთვის. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, რომელიც ეკლესიის კეთილდღეობას და მის გაჯანსაღებას მოიცავს. ეს პრინციპი არის ცენტრი და ამ ცენტრის ირგვლივ ვართ ადამიანები შეკრებილი. რა თქმა უნდა, საგულისხმოა, თუ ვინ, რა რანგის ადამიანი იყო, ვის რა წვლილი შეეძლო შეეტანა და შეიტანა ამ საქმეში, მაგრამ არსებითად უნდა ითქვას, რომ აქ არავინ არ არის გაერთიანებული პიროვნულად მეუფე პეტრეს ირგვლივ. ეს ღიად ითქვა რამდენჯერმე და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ, მეუფე პეტრეს და დანარჩენ ყველა ადამიანს გვაერთიანებს საერთო მიზანი და ამიტომაც ეს მოძრაობა ასეთი მყარი და მდგრადი. ამ ერთობას არ ემუქრება რაიმე ტიპის კოლიზია, დაშლა და კონფლიქტი, ვინაიდან, ის ადამიანის ირგვლივ კი არა, პრინციპის, იდეის ირგვლივ არის გაერთიანებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები და არიან დღესაც, სასულიერო პირების, საერო პირების, თუ თეოლოგების სახით, ვინც, ამ იდეას ერთგულებს – ეს ეკლესიის ისტორიის, ეკლესიის ცხოვრების წესია. სასჯელი იქნება ეს, დევნა, თუ რაიმე ტიპის შევიწროება, არავისთვის არ არის უცხო, როცა ის ეკლესიაში იცავს რაიმე პრინციპებს. ეკლესიის ისტორია მეტყველებს, სწორედ იმაზე, რომ ქრისტეს იდეალებისა და პრინციპების დამცველები, მუდმივად იდევნებოდნენ. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე დგებიან, მათ არ აკვირვებთ ის, რომ დღეს, ხვალ, ან მომავალში მათ სისტემა დაემუქრება, საპატრიარქოს, თუ სხვა ინსტიტუციების სახით, რადგან მათ იციან, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რომელი გზაც გაიარეს ეკლესიის სხვა ღირსეულმა თაობებმა.
– გულწრფელად ვიტყოდი, რომ “ციანიდის საქმის” ყველაზე პიკანტური და ფარული მხარეები, საზოგადოების ფართო ფენებისთვის, ჯერ კიდევ, არ არის ცნობილი. ვგულისხმობ, ამ საქმის იმ ბუნდოვან მხარეს, თუ საიდან გაჩნდა (ბუნებაში არ არსებული) ციანიდი დეკანოზ, გიორგი მამალაძესთან. ამაზე პასუხი დღემდე არ აქვს პროკურატურას. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ ყველაზე ცენტრალური კითხვაა, რომელიც შემდეგ, შეიძლება ხსნიდეს ძალიან ბევერ საიდუმლო აზრს, ან სპეკულაციებს აძლევდეს გასაქანს. ყველამ იცის, რომ მამალაძე გახლდათ საკმაოდ დაახლოებული პირი, როგორც კათოლიკოს პატრიარქთან, ასევე, უმაღლეს იერარქებთან და ამის ფონზე, ვინაიდან ჩვენ არ ვიცნობთ ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხს, ასეთ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მამალაძეს აქვს რაღაც ისეთი ინფორმაცია და მის მიმართ არსებობდა დიდი ინტერესი, რომ ის მაქსიმალურად გაენეიტრალებინათ და თუნდაც, ასეთი ფორმით მოეცილებინათ. რამდენიმე ეპისკოპოსმა, მათ შორის, იაკობ იაკობიშვილმა, დეკანოზის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. თავდაპირველად, იაკობიშვილი ამბობდა, რომ მამალაძე აუცილებლად ციხეში უნდა გაეშვათ, ახლა უკვე ამბობს, რომ ის უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ მამალაძეს დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ და მის შესახებ ყველა ნიუანსი იცოდნენ, მაინც რჩება პასუხგაუცემელი მთავარი შეკითხვა, თუ სად და როდის შეიძინა, ან ვინ გადასცა მას ციანიდი. ეს გაურკვევლობა გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ მამალაძე გახლავთ სისტემის მსხვერპლი. საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შეთანხმებული თამაშის წესისა, რომელმაც საბოლოოდ ასეთი შედეგი დააყენა მის წინააღმდეგ.
– რაში სჭირდებოდა სახელმწიფოს და საპატრიარქოს ასეთი სკანდალი?
– მამალაძე დაახლოებული პირი იყო საპატრიარქოს მაღალი რანგის იერარქიასთან, შესაძლებელია მას ჰქონდეს რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც არ არის სასურველი რაიმე ფორმით გაჟღერდეს და გახდეს საჯარო. მე არ გამოვრიცხავ, რომ მამალაძის მიმართ ციხეში რაიმე ტიპის ზეწოლაც ხორციელდებოდეს საიმისოდ, რომ მან არ ისაუბროს უფრო ხმამაღლა და არ იყოს უფრო აქტიური საჯაროდ, ამ პრობლემების გარეთ გატანის თვალსაზრისით. ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი ინტერესი.
– ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია დღემდე – რა იგულისხმება ქართველი საზოგადოების, თუ მრევლის რწმენაში?! როცა ვსაუბრობთ რწმენაზე, ალბათ, დიდი უმრავლესობა საზოგადოებისა, არ იცნობს რწმენას და მასთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემებზე არ შეუძლია პასუხის გაცემა. რისგან იწარმოება ეს რწმენა, სხვა რა არის მისი წყარო, თუ არა, სახარების ცოდნა, საეკლესიო ისტორიის ცოდნა და ა.შ.
როცა ვსაუბრობთ და ვიყენებთ ამ სიტყვას ქართველი ერის მოცულობით კონტექსტში, ალბათ, უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენ ვგულისხმობთ, რწმენას კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში ილია მეორის ან, რომელიმე ეპისკოპოსის, ან რომელიმე სამღვდელო პირის მიმართ. ეს უფრო სწორი იქნება, თუკი ასეთ დეფინიციას შევთავაზებდი საზოგადოებას. ქართველი ერის რწმენაში იგულისხმება არა იესო ქრისტეს რწმენა, არა სახარებისეული სწავლებების რწმენა, არამედ იგულისხმება კონკრეტული რომელიმე კერძო, თუ სასულიერო პირის მიმართ კეთილგანწყობა ან, მისადმი რაღაც გარკვეული ნდობა. ეს არის ალბათ, ის რწმენა, რომელიც აკავშირებს მრევლს სასულიერო იერარქიასთან. ამას, თუ სახარების შუქზე შევაფასებდით, უკეთესი იქნება ასეთი რწმენა დაირღვეს, რადგან ეს არ არის რწმენა და საზიანოა ქრისტეს ეკლესიისთვის და აქ არანაირი ტრაგედია არ არის იმაში, თუკი, ასეთი მითოსური წარმოდგენები (ეკლესიის სახელით) კერძო პირებზე, მოირღვევა საფუძვლებში და ადამიანები (ვისაც ამის სურვილი ექნებათ) დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი რწმენა, რას ასწავლის სახარება და ეს ადამიანები არასდროს დაბრკოლდებიან ეკლესიის საღი კრიტიკით. ეს ძალიან საინტერესო ასპექტია ამ კონტექსტში. ეკლესიის ჯანსაღი კრიტიკა პირიქით, აძლიერებს მორწმუნეს და აფიქრებს იმაზე, თუ რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე ვდგავართ ყველანი ერთად და რამდენად არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანის აქტიურობა და სწორი მიმართება პრობლემებთან, იმისათვის, რომ გამოვასწოროთ საერთო მდგომარეობა და არა კერძო ადამიანის მიმართ ლოიალურობა, თუ რწმენა. ეს ბუნდოვანი წარმოდგენები, რომელიც საქართველოში ათეული წლების გრძელდება, უნდა გაიწმინდოს.
ქრისტიანის ქმედების პრინციპი არის მოთმინება. ეს განსახორციელებლად (შეიძლება) რთული პროცესია, მაგრამ ამის გარეშე, არ არსებობს ქრისტიანობა. რაც შეეხება, ერში აზრთა სხვადასხვაობას და შეფასების ფორმებს, კერპთაყვანისმცემლობის ბუნებაა ასეთი. ისტორია მოწმობს იმას, რომ, როცა ქართველები, თუ სხვა ერის წარმომადგენლები გარკვეულ ეპოქაში, გარკვეულ დროს, კერპებს სცემდნენ თაყვანს. მათი საერთო დამახასიათებელი, მთავარი ნიშან-თვისება და ქცევის წესი იყო აგრესია, ზიზღი, რადგან ეს არის ღმერთისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან განდგომის და კერპების მსახურებისათვის დამახასიათებელი ქცევის წესი. თუ, შეიცვლება ქცევის წესი და ადამიანები ნამდვილი ღმერთის სახეს გაეცნობიან, შეუძლებელია ასეთმა ადამიანებმა გამოხატონ ზიზღი და გამოიყენონ სიძულვილის ენა.
ერში, არამარტო საღვთისმეტყველო, თუ საეკლესიო მიმართულებით, არამედ, საერთო განათლების პრობლემაცაა. ამ პრობლემის მოგვარება დიდ დროს და შრომას მოითხოვს, ამიტომ, სხვა მექანიზმებია შესაქმნელი იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სერიოზული შედეგის მომტანი საზოგადოებაში. ცხადია, მეორე მხარეს უნდა ესმოდეს, რომ სიმართლისთვის და იდეალებისთვის ბრძოლა ყოვეთვის იყო დაკავშირებული შევიწროებასთან და დევნასთან. ამის პასუხი უნდა იყოს მოთმინება. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ საჭიროა შეგონება, პედაგოგიკა და ამ გზაზე დაუღალავი შრომა. სამყაროს, რაც შეიძლება საუკუნო მარადიული ენერგიით ასულდგმულებდეს, არის ქრისტეს სიმართლე, რომელიც არა ძალმომრეობას, არამედ, თავმდაბლობას, მოთმინებას და მსხვერპლად შეწირვას ესადაგება. ეს ყველაზე არსებითი ასპექტია. ვინც ქრისტიანული სამართლისთვის იბრძვის, მსხვერპლად შეწირვისთვისაც უნდა იყოს მზად.
ყველაზე მთავარი მესიჯი, რასაც ყველა დროსა და განვითარებში ეკლესია სახარებიდან უნდა აჟღერებდეს, არის სოლიდარობა. შეიძლება საზოგადოების 80% იყოს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პარალელურად კი ეკლესია ვერ ითვლიდეს მილიონებს. თუნდაც, ეპისკოპოსების ქონება, რაც საზოგადოებისთვის არაერთხელ გახდა ცნობილი, იქნება ეს გრიგოლ ბერბიჭაშვილის ქონება, თუ გიგიბერიას ავტო-პარკი, რომელიც ერთ მილიონამდეა შეფასებული და ა.შ. როდესაც ეკლესიას არ აქვს სოლიდარობის გრძნობა და არ შეუძლია მხარი დაუჭიროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მძმე ყოფაშია, როგორ უნდა ასწავლოს ადამიანებს, თუ რაში მდგომარეობა გამოსავალი, ქრისტიანული სიყვარული, თავდადება, თუ, ერთმანეთის სიმძიმის გაზიარება. საზოგადოებაში პოპულარიზაციას განიცდის ის აზრი, თუ, ვის მეტი ფული აქვს, ვის მეტად სძენს ეს ფული ძალაუფლებას და ა.შ. გამდიდრებისა და ფულის მოხვეჭის გზაზე, იკარგება ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ეს არის პატიოსნება, მართალი სიტყვა, პროფესიულ გზაზე განვითარება, თავის მიძღვნა პროფესიისადმი, რომელიც არსად არ არის დაფასებული. ქვეყანა პრაქტიკულად დაცლილია. საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ტოვებს ქვეყანას, რადგან მაგალითის მიმცემი არ ჰყავს. უნდა გამოდიოდეს ეკლესია და ამბობდეს, რომ აი, ამ ქონებას, რაც აქვს, გაყიდის და გახდის საზოგადოების იმ ნაწილისთვის სასარგებლოს, რომელიც ასეთ სიღარიბეშია ახლა. სახარებისეული მიდგომები დაკარგულია საქართველოში.
ქართველი ადამიანი იმდენად მოუმზადებელი ხვდება გამოწვევებს, რომ არის აგრესია უცხოს მიმართ. რელიგიური დიალოგი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა აწარმოოს ეკლესიამ, არის შავ-თეთრ ფერებშია დანახული. თუ, არ არის მათი თანამოაზრე, მთელი სამყარო მათი მტერია, რაც რუსულ ნარატივზეა დაფუძნებული.
– სასულიერო სემინარია-აკადემია, ალბათ, ყველაზე მეტად უნდა იყოს მოწადინებული, რომ სახარების ცოცხალი სიტყვა ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახადოს. სემინარია-აკადემიაში მიმდინარე პროცესები ისეთი მოდუნებულია, ზოგჯერ მაოცებს ახალგაზრდა 22-25 წლის სტუდენტის ინტერესი, რომელიც ვერ სცდება V-VI საუკუნის ტექსტოლოგიურ ანალიზს. არავითარი სიცოცხლე, არავითარი თანამედროვეობის განცდა, თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი არ არის, არც ერთ სადიპლომო, თუ საბაზისო ნაშრომებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მეტყველი ფაქტია, როცა აკადემია-სემინარიაში განათლების დონეს ვახასიათებთ. თუ იქ, არ დუღს განათლება, მაშინ, როგორ შეიძლება ჯანსაღი შეხედულებები და ცოცხალი როლი იგრძნობოდეს მის გარეთ, მრევლში თუ, ზოგადად, საეკლესიო საზოგადოებაში?! ეს არის ალბათ, სასულიერო აკადემია-სემინარიის ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც (ვიტყოდი, რომ) არის მიზანმიმართულად გაკეთებული. მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებულ ნამუშევრებში იგრძნობა და კარგად ჩანს დაკვეთა, რომ არც ერთ დისკუსს არ უნდა გაეხსნან, რომელიც დღეს მართმადიდებლურ, თუ ქრისტიანულ საზოგადოებაშია გამეფებული. ამ პრობლემის და არც ერთი ასეთი საკითხის მიმართ, ინტერესიც კი არ არის აკადემია-სემინარიის ადმინისტრაციის მხრიდან. ინტერესებს, კონტროლის ქვეშ აქცევენ და ეს არის პირდაპირი დაკვეთა. ასეთი ბოდვებით აკადემიის დასრულების შემდეგ, ადამიანები გადაინაცვლებენ სხვადასხვა საფეხურებზე, მათ შორის შეიძლება ეს იყოს იერარქიული საფეხურები. ასე მოვიდა სისტემა დღემდე.
სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, გიორგი ზვიადაძე ასწავლიდა სამართალს სასულიერო აკადემიაში და მას კანონიკირი სამართალი არასდროს არსად არ უსწავლია. ადამიანი აძლევდა თავს უფლებას ესწავლებინა კანონიკა ისე, რომ მას არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში კანონიკურ სამართალზე კვალიფიციური განათლება არ მიუღია. უარესი, არის ის, რომ დღეს სასულიერო სემინარია-აკადემიას ჰყავს კანონიკური სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სვანიშვილი, რომელსაც ასევე, არ უსწავლია კანონიკური სამართალი, ის გიორგი ზვიადაძის ხელდასხმულია.
2013 წელს, იმის გამო, რომ სასულიერო სემინარია-აკადემიას არ ჰყავდა დოქტორები, ათი კაცი შეარჩიეს და პატრიარქთან მიიყვანეს. ყოველგვარი აკადემიური წესის დაცვის გარეშე, პატრიარქმა აკურთხა დოქტორებად ეს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ ამ ოთახიდან და დოქტორები დაირქვეს. მას შემდეგ, სასულიერო აკადემია-სემინარიას ჰყავს “ნაკურთხი დოქტორები”. შესაძლოა, მათ შორის ერთი-ორი ნამდვილად შრომობდა და აკეთებდა ნაშრომებს მის სფეროში, თუმცა, გამიკვირდა, ეს ადამიანები, რატომ დათანხმდნენ ამ გზით გამხდარიყვნენ დოქტორები?! მას შემდეგ, რაც ამ ათმა ადამიანმა, პატრიარქისგან “დოქტორობაზე” კურთხევა მიიღო, ახალგაზრდა თაობის დოქტორების მაკურთხებელ საბჭოდ ჩამოყალიბდნენ. ეკლესია, რომელიც მართლმადიდებლობის სახე უნდა იყოს, საზოგადოებისთვის არის ყველაფრის პროფანაცია და დამახინჯება ყალბი მრევლის შექმნით. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რომელიც კიდევ ახალ პრობლემებს ქმნის.
– თითქოს წესად იქცა, რომ სახელმწიფო და საპატრიარქო, გაზიარებული ინტერესით, ეხმარებიან ერთმანეთს, თუ რომელიმეს უჭირს. ეს ყველაფერი კი ჭეშმარიტი იდეალებისა და პრინციპების განადგურების ხარჯზე ხდება, რომელი იდეალებიც გააჩნია ეკლესიას უმთავრესად. მართლმადიდებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, როცა მათი ძალაუფლება, ან ინტერესები უნდა გადარჩეს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გადარჩნენ, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ და ეს არის ისტორია, რომელიც ათეული წელია დამკვიდრდა და გრძელდება. სამწუხაროდ, ასეთი მძიმე სურათი გვაქვს ამ თვალსაზრისით. მათი გავლენების და ძალაუფლების, ამ ინსტიტუციებისა და იერარქების გადარჩენის გამო, მათთვის ნებისმიერი პრინციპი გამართლებულია. მაგრამ აქ, ყველაზე მთავარია საზოგადოება, რომელიც ფეხქვეშ არის გათელილი, როცა ამ ადამიანების და მათი კერძო ინტერესების გადარჩენა ხდება.
– რუსეთი არის საქართველოში 1801 წლიდან 1917 წლამდე, თუ უფრო ადრე არა. 116 წელი იყო საქართველოს ეკლესიაში და გაანადგურა ის. შემდეგ უკვე, საბჭოთა საქართველომ 1922 წლიდან 1991 წლამდე პერიოდში. როგორც იცით, 1991 წელს დამოუკიდებლობა განუცხადა და ისე იყო, თუ ასე, განუდგა რუსულ ეკლესიას. თითქმის 190 წელი იყო რუსეთი საქართველოში და რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ რუსეთის სპეც-სამსახურები?! “კარგი ხალხია, დამოუკიდებელი ერია, ქუდი დავიხუროთ და წავიდეთ აქედანო?!” ეს ხომ უტოპიაა. ისინი ყველანაირად ეცდებოდნენ, რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ და სად შეეძლოთ დარჩენა?! რა არის ყველაზე მთავარი ცენტრი?! ეკლესია! იმიტომ, რომ ეკლესია და რელიგია იყო ყველაზე დიდი საბაბი, რომელიც ჩაენაცვლა ამ საბჭოთა იდეოლოგიას და დაიწყეს იდეოლოგიის ენით საუბარი. პრაქტიკულად, რელიგია საბჭოთა მექანიზმში გაზავდა და ეს რესურსები დარჩა ეკლესიაში.
პატრიარქიც ამბობს და ეს ცნობილი ამბავია, რომ მთელს ეკლესიაში იყო ერთი ადამიანის იერარქია, ვინც ქართულ ეკლესიაში საბჭოთა “კა.გე.ბე”-ს მიერ იყო მოვლენილი. ეს ხალხი ისევ აქ არის, არსად წასულან, უფრო მეტიც, კიარ წავიდნენ, თაობებიც გაზარდეს. ამიტომ, თავი რომ შევიკავოთ ისეთი შეფასებისგან, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში ორაზროვნება გამოიწვიოს, სრულიად საკმარისია აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ საბჭოთა პერიოდში შექმნილი ეკლესია, რომელიც იყო გაჟღენთილი აბსოლუტურად ასეთი ადამიანებისგან, დღემდე არიან ისევ აქ და რუსულ მიზნებს ემსახურებიან. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ყოველდღიურად.
– გამოვიდა კირილი და თქვა, რომ “ეს არის ომი ცივილიზაციებს შორის”. ის ფორმულირება, რომელიც მან მოძებნა ამ ომისთვის, არის კომფლიქტი დასავლეთ ცივილიზაციასთან. ამიტომ, ეს ომი არსებითად ემყარება ქრისტიანულ ომს, მთავარი პროცესების გაგებებს და ამბობს, რომ დასავლური ცივილიზაციასთან მიმართებაში ქრისტიანული იდეალების ირგვლივ განსხვავებული ხედვა აქვს, არც დაუფარავს, მან დაასახელა კიდეც ეს რასთანაა კავშრში, ეს არის ლგბტ თემის წარმომადგენლები, ლგბტ საზოგადოებაში, რომელიც არის დანიშნული დასავლეთის მიერ. ე.ი კონტური აბსოლუტურად ამაგრებს ამ აზრს. შეიძლება ასეც ითქვას, იდეოლოგიურად უქმნის საფუძველს ამ ომს, რომ საზოგადოების ფენებისთვის ადვილად გასაგები გახდეს, თუ რა არის მოტივაცია ამ ომისა. ამ ომის მოტივაცია, არსებითად არიას, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესია. რუსულ ქრისტიანობას უფრო მეტი მსგავსება აქვს ფუნდამენტალისტურ ისლამთან, ვიდრე, დასავლურ ქრისტიანობასთან. პუტინს ასეთი შეფასება და ციტირება აქვს. ეს პირდაპირ არის ერესი და ამ ერესს სჭირდება პასუხი.
– სამკუთხედის მესამე ხაზი გამოდის საქართველო. თუკი, დღემდე რუსული გავლენების ქვეშაა და რუსეთი არ არის ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსახური, რა გამოდის?!
– შესაძლებელია და ასეც უნდა იყოს, მე ვისურვებდი, რომ გაბედონ კერძო ძალებმა (ეკლესიამ) და თქვან, რომ საპატრიარქოს პოზიციები მიუღებელია ქრისტიანული სწავლებისთვის. ფორმალური თვალსაზრისით (ეკლესიაში), უნდა ითქვას, რომ ვინც დაკავშირებულია ასეთ განცხადებებთან, საეკლესიო კრებაზე მოხდეს განხილვა…
– ილია მეორე არის “მოხერხებული”. მან კარგად იცის, რომ ახლა არ უნდა მიელოცა დაბადების დღე რუსეთის პატრიარქისთვს, მაგრამ მე ასე ვვარაუდობ: იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიის მიმართ არ არის კარგი შეხედულებები საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერა და ილია მეორის წერილი იქნებოდა მისთვის რეაბილიტაცია. დარწმუნებული ვარ, რუსეთის საპატრიარქოსგან მიიღო ილიამ დირექტივა, რომ დაეწერა და გაეგზავნა ეს წერილი. იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიამ ეს, არც გამოაქვეყნა საპატრიარქოს ვებ-გვერდზე. ეს წერილი გაასაჯაროა რუსეთის საპატრიარქომ, ძალიან საინტერესო დეტალია. ვინც იცნობს მათი მოქმედების წესებს, ზუსტად ასე იქნებოდა, რომ რუსეთის საპატრიარქოსგან მიიღებდა დაკვეთას, წერილის დაწერასთან დაკავშირებით. ილია მეორე საკმარისად გონიერია იმისთვის, რომ სცოდნოდა, მსგავსი შინაარსის ტექსტები ახლა ასე არ იწერება. მან მიიღო დირექტივა, რომ ეს წერილი დაეწერა ზუსტად ასე, როგორც დაწერა, რადგან რუსეთს სხვა ეკლესიებისთვის “აეფრიალებინა” საქართველოს პატრიარქის მხრიდან თანადგომა.
– ის აზრი, რომ ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქია, ეს არის შუა საუკუნეების ხრიკი და დღეს უკვე რუსული ნარატივი, რომ ტოტალური შიში დაამკვიდრონ და დააფუძნონ საზოგადოებაში. შიშის ქვეშ მყოფი ადამიანის მართვა და მორჩილება ყველაზე მარტივია. სწორედ, ეს რელიგიური შიშები განაპირობებს იმას, რა განვითარებაც გვაქვს დღეს რუსეთთან მიმართებაში, სადაც მთელი სისტემა მუშაობს ტოტალურ შიშებში და აპელირება ხდება ბოლო ჟამით. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ბოლო ჟამი შეიძლება იყოს ყოველი წამი, ყოველი წუთი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში დგება. არავითარი სხვა გაგება ბოლო ჟამისა ადამიანისთვის არ არსებობს. ეს ყველაფერი აღწერილია სახარებაში: “არავინ იცის ღმერთის გარდა, თუ როდის იქნება ბოლო ჟამი”, ამიტომ, ეს მანიპულაციები ყოველ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერია და არის ხრიკი, რომელსაც უკვე ათეული საუკუნეებია რელიგიები ეწევიან. ყველა ადამიანი უნდა იყოს მშვიდად და წყნარად. ამ სტიგმის გავრცელებას, თავად პატრიარქმა შეუწყო ხელი. ილია მეორე (ჯერ კიდევ ახალგაზრდა), ჰყვება მის სიზმარს, რომ თითქოს, მას გამოცხადება ჰქონდა მის სოფელთან, სნოში, სადაც ქრისტე და მამამისი მოდიოდნენ ერთად და მოჰყვებოდა ხალხი. ეს არის უკიდურესი მკრეხელობა და ამ თხრობიდან დაზაფრა მთელი ერი, ამის შემდეგ დაიწყო საშინელი დემაგოგია, მათ შორის, ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, იერარქების მხრიდან, რომლებიც იყენებდნენ შუა საუკუნეებში შექმნილ, იოანე ზოსიმესეულ ტექსტებს “მოვა ქრისტე და განისჯება სამყარო”.
შეიძლება, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ არის გასაგები და ცხადი, რა ენერგიის შემკრებია ასეთი ტიპის “მესიჯები” საზოგადოებაში, მაგრამ ეს არის რეალური საფრთხე, როცა ერთმანეთს ემთხვევა გამოცხადება და იოანე ზოსიმეს ტექსტი, როცა პატრიარქი გამოდის და ასეთ სიზმარს ჰყვება, რის შემდეგაც დაიწყო საზოგადოებაში ტოტალური შიში და სწამდათ, რომ ქრისტე ქართულად ილაპარაკებდა, ამ უსინდისო დემაგოგიას აწარმოებდა თვითონ ეკლესია და დაზაფრა ხალხი. როცა შიში რწმენის ნაწილი ხდება, ასე მარტივად არ გადის ადამიანისგან ეს შიშები. არავითარი მსგავსი რამ, რომ ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქია, ამის არანაირი საშიშროება არ უნდა არსებობდეს ერში. ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქი არ არის!
– როცა რუსეთის საპატრიარქოს ქმედებები, პრაქტიკულად, არამარტო მართლმადიდებლური ეკლესიების, არამედ, დასავლური ეკლესიების მიმართ, არის ერთმნიშვნელოვნად შეფასებული, ასეთ დროს, ქართველი სასულიერო პირების რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ჩასვლა და შეხვედრა, მიმაჩნია, რომ არის პრინციპული ღალატი. ეს არის, სახარებისეული სიმართლისა და სიწმინდის, წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რუსეთში ვიზიტით ჩასული, ნებისმიერი სასულიერო პირი, ზურგს აქცევს ქართველი ერის დიდი ნაწილის განწყობებს, მათ დამოკიდებულებას და სამართლიან პროტესტს რუსეთის მიმართ, არაფრად თვლის იმ ერის განწყობებს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მათ ძირითად მამოძრავებელ ძალას და მათი შეხედულებების გათვალისწინებით, უნდა ყალიბდებოდეს ეკლესიაში ერთიანი განწყობა. ეს არის სამწუხარო, რაც გამოჩნდა და რაც ჩანს ხოლმე ასეთ ვიზიტებში, თორემ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უწმინდესი და საქართველოს უმაღლესი იერარქია, იმთავითვე წარმოადგენს რუსეთის ეკლესიის გარანტს. ეს უკვე გავიგეთ და შესაძლოა, არც გვიკვირდეს ასეთ შემთხვევებში, რომ ადამიანები, რომლებსაც არაფრით არ ვანსხვავებთ რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიისგან და მათი იერარქებისაგან, ასეთი შეხვედრები, შესაძლოა, არც იყოს განსაკუთრებული და შემაშფოთებელი. ფაქტია, არაფრად აგდებენ ქართველი ერის განწყობას, რომლებიც დაკავშრებულნი არიან საქართველოსა და რუსეთის უახლეს ისტორიასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთს, რომ გაუჩნდეს შესაძლებლობა, საქართველოშიც იგივეს გააკეთებს, რასაც აკეთებს უკრაინაში და დღეს საქართველოში ყველაფერი ამ ანალიზის მიღმაა, საქართველოს სასულიერო პირების ვიზიტები რუსეთში არის თავზე ლაფის დასხმა.
– ჩემი აზრით, გამოსავალი არის რაღაც პროცესში. გამოსავალი არ გულისხმობს იმას, რომ ერთ დღეს გათენდება მზიანი დღე და ერთმანეთის პატივისცემა გვექნება და ერთ ენაზე დავიწყებთ საუბარს. გამოსავალი არის იქ და იმაში, როცა სიმართლისთვის ბრძოლის პროცესი წამოწეულია, სახარებისეული იდეალების ერთგულება დაწყებულია – ამ პროცესმა შეიძინოს მეტი ადამიანი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი, იმისთვის, რომ რა განვითარებაც დღეს გვაქვს ჩვენ, როცა მართლის მთქმელ ადამიანს უწოდებენ მოღალატეს, მტერს, ეს შეიცვალოს. ეს არის პროცესი, რომელმაც უნდა დადოს შედეგი რაც შეიძლება მალე. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ვინც მოღალატეს არქმევს მართალ ადამიანებს, ეს ვერ გაბედოს. თორემ, ბრძოლა ბოროტებასა და სიკეთეს შორის, შავსა და თეთრს შორის, ბრძოლა ყალბსა და ნამდვილს შორის, ყოველთვის იყო და ამის აღმოფხვრა შეუძლებელია. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, ვინც ერთ მხარეს დგანან და დანარჩენები მეორე მხარეს, რომლებიც ირჩევენ თავიანთ კრედოს დედამიწაზე. საჭიროა ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ დაიცვან სახარებისეული ჭეშმარიტება და მსხვერპლად გაწირონ თავი. უნდა ისწავლონ ხორბლისა და თივის ერთმანეთისგან გარჩევა. სიმართლე არ იქმნება, არ გამოვლინდება ადამიანების სიტყვებიდან, ან ქმედებიდან, სიმართლე დგინდება. ადამიანმა უნდა იღვაწოს სწორად და სიმართლეს გამოაჩენს ღმერთი!
ავტორი: მზეკო ჟვანია
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას