რომელმა არქიმანდრიტმა შესთავაზა, აღსარებაზე მისულ, გიორგი ტიგინაშვილს სექსუალური კავშირი და როგორ იგეგმებოდა თეოლოგის “გაშავება?!” – ექსკლუზიური ინტერვიუ
ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, ბოლო რამდენიმე წელიწადია, საკმაოდ, მძიმე ფაზაში შევიდა. საპატრიარქოში არსებულ პროცესებს სიმძაფრე, არც კომუნისტური წყობის დროს და არც მის შემდგომ პერიოდში აკლდა, თუმცა, სიტუაციის განახლება და გამწვავება სათავეს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან იღებს. “ციანიდის სკანდალმა” ერსა, თუ ბერში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ურთიერთდაპირისპირებების სერია წარმოქმნა.
ქრონოლოგიურად და ლაკონურად, რომ მოვყვეთ, დეკანოზ მამალაძის დაკავებას ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის, მეუფე პეტრე ცაავას მწვავე რეაქცია მოჰყვა. 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე, მას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს მხილებისთვის მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა”, სინოდის განჩინებას კი არ დაემორჩილა. საგულისხმოა, რომ პატრიარქს, გადაწყვეტილებაში მორჩილებით დაეთანხმნენ სინოდის ის წევრებიც, რომლებიც (აღნიშნულ ფაქტამდე) მეუფე პეტრეს, პირად საუბრებში გადაწყვეტილების განხორციელებისთვის მოტივაციას (თანადგომის პირობით) აძლევდნენ. ფაქტების გასაჯაროება მედიის საშუალებით, ყოველდღიურ რეჟიმში, საკმაოდ აქტიურად, მიმდინარეობდა, თუმცა ამ პროცესს, პატრიარქის, არც პიროვნება და არც გავლენები არ შეუსუტებია. უფრო მეტიც, მოგვიანებით, ილია მეორემ ის სასულიერო პირებიც დასაჯა, რომლებმაც (საკითხის განხილვის შემდგომ ეტაპებზე) მეუფე პეტრეს პოზიცია გაიზიარეს და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება უსამართლობად შეაფასეს, შეხედულებები კი ღიად დააფიქსირეს.
ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ “მეამბოხეები”, რომლებიც საქართველოს ეკლესიაში გამეფებულ დიქტატორულ მმართველობას არ ემორჩილებიან, პატრიარქისგან და საპატრიარქოსგან, საკმაოდ მძიმე სასჯელს იღებენ. მათ ძირითად უმრავლეოსობას კი სამშობლოს დატოვება და საკუთარი, თუ ოჯახის უსაფრთხოების გარანტად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავის შეფარება უწევთ. ერთ-ერთ მათგანს, გიორგი ტიგინაშვილს “თაიმერი” ესაუბრა. ამჟამად, საფრანგეთში მყოფი თეოლოგი ვრცელ ინტერვიუში, საქართველოს საპატრიარქოს მიერ სადამსჯელო მეთოდების სიმძიმესა და მიზეზებზე, ასევე, საზოგადოებაში ეკლესიისა, თუ “მეამბოხეების” მიმართ გაჩენილი ბზარების მოტივებზე საუბრობს. გიორგი ტიგინაშვილი “თაიმერთან”, ასევე, იხსენებს 2007 წლის ფაქტს, როდესაც ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა, აღსარებაზე მისულ 19 წლის ბიჭზე ფსიქოლოგიურად იძალადა და ფაქტობრივად, სექსუალური კავშირიც შესთავაზა.
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”, ყოველთვის ემსახურებოდა ობიექტურობას, სამართლიანობას, ღირსებას და თავისუფლებას. აქიდან გამომდინარე, ჩემთვის მუდამ კომფორტული იყო შემომეთავაზებინა ჩემი წერილები, სტატიები, თუ ინტერვიუები და ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული ნიშა მედიასივრცეში, ბეჭდვურ მედიაში, რომელიც ელექტრონულად ვრცელდება ინტერნეტში და საკმაოდ ბევრი მკითხველი გყავთ. ის ფაქტორი, რომ თქვენი რესპონდენტებიც გამორჩეულები არიან (ჩემი გამოკლებით), გულისხმობს იმას, რომ თავად ხარისხი და თემატიკა არის მეტად საინტერესო, მნიშვნელოვანი და საგულისხმო. პრაქტიკულად, იმ ფონზე, როდესაც მედიასივრცეში არსებობს გარკვეული პოლიტიკური მდგენელი, არსებობს კონიუქტურა, ცენზურა, სიმპატია-ანტიპატიის გამოვლინებები და მეინსტრიმი, თქვენ, გაქვთ რაღაც განცალკევებული მაგისტრალური ხაზი, მორალური თვალსაზრისით და შეიძლება ითქვას, რომ დისიდენტებისთვის, ანუ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეჟიმებს და სისტემებს არ უჩოქებენ და არჩევანს ყოველთვის საკუთარი პროფესიის სასარგებლოდ აკეთებენ და არა კომფორტისთვის, რა თქმა უნდა, ბევრად კომფორტულია იყოს თქვენი რესპონდენტი და არა რომელიმე სხვა ტელეარხის, ან საინფორმაციო სააგენტოსი. შესაბამისად, ის ინტერვიუები, რომლებიც გამოქვეყნდა თქვენს სივრცეში, შეიცავს გულწრფელობის უმაღლეს ხარისხს, სამხილების, მტკიცებულებების ექსკლუზივს და ეს დამსახურებაა თქვენი რედაქტორის და ჟურნალისტების, რადგან მარტივი არ არის ადამიანი გაიხსნას და ამოატივტივოს ის “გრიფით საიდუმლო” მასალები, რომლებიც მანამდე მოარულად იყო ცნობილი და არა ასე არგუმენტირებულად და თანმიმდევრული წყობით, როგორც ეს თქვენმა რესპონდენტებმა ჩამოაყალიბეს.
– მადლობა ამგვარი შეფასებისთვის. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს: პირველ რიგში, ვისაუბროთ “თაიმერის” მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუების მიმართ ერში წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობაზე. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ეკლესიაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას აკრიტიკებს: პატრიარქისა და საპატრიარქოს მიმართ (კომპეტენტური პირების მიერ) გაკეთებულ განცხადებებზე კი, მწვავედ რეაგირებენ და შესაბამისად, ნეგატიური შეფასებები კეთდება…
– მთავარი რა არის?! საზოგადოებას, ჩვენ, უნდა შევაგონოთ, მოვუწოდოთ და მათ მიმართ თანაგრძნობით განვიმსჭვალოთ. მე მესმის, რომ მათთვის ავტორიტეტი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე, საეკლესიო მოძღვრება, ვიდრე ქრისტიანული პრინციპები, სახარებისეული ნორმები. რატომ?! იმიტომ, რომ მათ სწორად არ მიაწოდეს და არ განუმარტეს, თუ რას წარმოადგენს ის მოძღვრება, რომელსაც ისინი აღმსარებლობითად მიეკუთვნებიან. ამიტომ, აქ, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ეკლესია, როგორც რაობა, როგორც ცნება, როგორც იესო ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმი და საპატრიარქო, როგორც ადმინისტრაცია, მენეჯმენტი და ორგანიზაციული ნაწილი. არ შეიძლება, როდესაც ადამიანი აკრიტიკებს “ეკლესიის პოლიტიკას”, ამის გამო, ის ეკლესიის მოწინააღმდეგედ შერაცხო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ, როდესაც ადამიანი კონკრეტული საავადმყოფოს მედ-პერსონალს აკრიტიკებს, მას ცილი დასწამო და შერაცხო, როგორც მედიცინის წინააღმდეგ მოლაშქრე. ჩვენ ეს უნდა ავუხსნათ, თუ სად გადის ზღვარი ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის, რა არსებითი და მნიშვნელოვანი სხვაობაა და საზოგადოება, თუკი იქნება მიუკერძოებელი, რა თქმა უნდა, სწორ დასკვნებს გამოიტანს, როდესაც ჩვენ მიზეზ-შედეგობრიობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მარტივი ენით, შედარებებით, ასოციაციებით, ზოგ შემთხვევაში, ხისტი განმარტებებითაც კი, მათ სიფხიზლე შევძინოთ და ავუხსნათ, რომ სოციალური უთანასწორობის ასეთ “პიკში” მყოფ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს 700 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი, 320 ათასი საბანკო დავალიანების მქონე პირი, 25 ათასი პატიმარი, მილიონ ნახევარი ემიგრირებული, იძულებით გადაადგილებული პირი და ადგილობრივი 400 ათასზე მეტი ლტოლვილი, სამღვდელოება ცხოვრობდეს ყველაზე დიდ ფუფუნებაში, კომფორტსა და განცხრომაში. და, რომ მუნიციპალური, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებდნენ კოლოსალურ ფინანსურ სახსრებს და მათ არ ჰქონდეთ, არც აუდიტითი ვალდებულება, არც რაიმე რევიზირება და მონიტორინგი ხდებოდეს ფინანსური პოლიციის მხრიდან და ჩვენ არ ვიცოდეთ ხარჯების მიზნობრიობა, ეს საკითხი უნდა აფიქრებდეს ჩვენს ღარიბ საზოგადოებას, სადაც ოფიციალურად, უკვე 25% უმუშევარია, ხოლო სიღარიბეში მყოფი არის 50% და გაეროს კვლევების თანახმად, საქართველოში 80 ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველ წელს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემხედვარე საზოგადოებას, მინიმუმ, კითხვები არ გაუჩნდეს, არის, თუ არა ნორმალური ეპისკოპატისა და სასულიერო პირების ასეთი გაზულუქება?!
– გასაგებია, მაგრამ ხომ გვყავს ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი მონასტრული შრომისა და მრევლის შემოწირულობებით არსებობენ. ისინი, ხომ ამგვარად, პატიოსნად არიან ღმერთის სამსახურში?!
– ის სასულიერო პირები, რომლებიც შემოწირულობით ცხოვრობენ და დამოკიდებულნი არიან მრევლის სარგოზე, მათ მიერ გაღებულ გულმოწყალებაზე, ხედავენ, რომ მათი ზემდგომები და კოლეგები სცოდავენ: ამორალურად, უზნეოდ, ანგარებიანად, მომხვეჭელურად ცხოვრობენ, მაგრამ მათ ამაზე პროტესტი, ამბოხი და წინააღმდეგობა არ აქვთ. იმიტომ, რომ აქვთ შიში დაუტევონ სამღვდელო პატივი, იციან, რომ მათ აქტივობას დევნა და შევიწროება მოჰყვება. ისინი მომხიბვლელი, მისაღები, ლამაზი სიტყვებით ქადაგებენ, მოგვითხრობენ ჩვენ აღმსარებლობაზე, მოწამეობაზე, რეპრესიებზე, მაგრამ თავად (ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა), არავინ მიდის იმ მძიმე ხვედრზე, რაც ყველა ქრისტიანისათვის გამზადებულია წუთისოფელში. როგორც მაცხოვარი ამბობს: “უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექი მე”. საკუთარი თავის უარყოფა, რას გულისხმობს?! საკუთარ ეგოზე მაღლა დგომას და ეგო ხშირად არის პატივმოყვარული, სჭირდება გარანტიები, გარკვეული რესურსები, რომ საზოგადოებაში ტივტივებდეს. ამიტომ, მღვდლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი არჩევანს მაინც თავისი წოდების შენარჩუნებისათვის აკეთებენ და არა, პრინციპებისაკენ, რისთვისაც მოგვიწოდა მაცხოვარმა.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ეკლესია და საპატრიარქო უნდა გაიმიჯნოს. რატომ, ან რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
– საპატრიარქო – ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც: არასდროს არ უმსჯელია არც ერთ პრობლემაზე პირველ პირში! არასდროს უღიარებია საკუთარი ბრალეულობა! არასდროს მოუხდია ბოდიში საზოგადოებისთვის! არასდროს უგრძვნია პასუხისმგებლობა იერარქიასა და სამღვდელოებაში არსებულ უზარმაზარ დარღვევებზე! არასდროს ჰქონია რეფლექსია და პრიორიტეტთა გადაფასება! არასდროს გამოქომაგებია დაჩაგრულს, დევნულს, დისკრიმინირებულსა და დაუცველს! არასდროს ყოფილა დემოკრატიული, ცივილიზებული და კანონის პატივისმცემელი! არასდროს უწოდებია რუსეთისათვის მტერი და დამპყრობელი, ხოლო რუსეთის ეკლესიისთვის – ანტიქრისტიანული! არასდროს უზრუნია მრევლის განათლებასა და კატეხიზაციაზე! არასდროს მიმხრობია სახელმწიფოს დასავლურ პლათფორმასა და პროევროპულ ვექტორს! არასდროს ყოფილა სოციალურ მსახურებაში, ან სოლიდარული ღარიბებთან, მშრომელ და უმწეო ხალხთან მიმართებაში! არასდროს ჰყავრებია მისგან განსხვავებულად მოაზროვნე! არასდროს დაუცავს სჯულის კანონი, სახარებისეული პრინციპები და დოგმატური სწავლება! საპატრიარქო არის ეკლესიის ცნების მტერი და ის წარმოადგენს კრემლის მეხუთე კოლონას საქართველოში! რაც შეეხება ეკლესიას, ჩვენი სწავლა-მოძღვრებიდან გამომდინარე, ეკლესიას მარადიული მღვდელმთავარი, ანუ, იესო ქრისტე მართავს, ხოლო ის იმართება, რეგულირდება, სხემობს და არსებობს შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებით, ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განწესებით, სახარებისეული პრინციპებით, ათი მცნებითა და ცხრა ნეტარებით, რომელიც მოცემულია ბიბლიურ მემკვიდრეობაში. ეკლესიური უცდომელობის გამოვლინების რამდენიმე სივრცე არსებობს: საეკლესიო ტრადიცია, პატრისტიკა-პატროლოგია, ანუ, წმინდა მამათა სწავლებები და ის მემკვიდრეობა, რომელიც მათ წერილობითად გვიანდერძეს და საეკლესიო გარდამოცემა. ამ შემთხვევაში, თუკი, ჩვენ ვამბობთ, რომ სამღვდელოება იქცევა არასწორად, სწორედ, ამ ჩამონათვალის შუქზე ვამჩნევთ მათ სიმრუდეს, მათ პროფანაციასა და გაუკუღმართებას. შეფასებისას, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა მონაწილეობდეს სუბიექტივიზმი. ჩვენ ხომ არ ვუწუნებთ მათ თვალებს, შესამოსლის ფერს, ფეხსაცმლის სახეობას და ა.შ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ისინი თავის სიტყვაშიც და ქმედებაშიც, წინააღმდეგობაში მოდიან იმ გაგებასთან, რაც ეკლესიაში მოიაზრება. ეკლესია, არის ცნება, რომლის უკანაც დგას უზარმაზარი ბიბლიური მემკვიდრეობა. ვინც ამას ღალატობს, რა თქმა უნდა, ის ეკლესიიდან სულიერად განდგომილია. ამიტომ, ჩვენ გვყავს ფორმალურად ეკლესიის დიდი საზოგადოება, მაგრამ რეალურად, მენტალიტეტით, ცნობიერებით, აზროვნებით, ისინი დისტანცირებულები არიან იესო ქრისტესგან, რომელიც არის ცოცხალი ღმერთი. დღეს, ეკლესია სოციალურ მსახურებას ეწევა?! არა! სჯულსა და მორალურ, ზნეობრივ პრინციპებს იცავს?! არა! ვხედავთ, რომ პედოფილური და ჰომოსექსუალისტური ლობი არსებობს; საერო სიბრტყეზე ეს შესაძლოა ნებადართული და ნორმალური მოვლენაა, მაგრამ საეკლესიო სივრცეში, მორალური გადაცდომები ცოდვაა და ის დასჯადია. დასჯა არ ნიშნავს დაღუპვას, დისკრიმინაციას და ადამიანის გარიყვას. დასჯა ყოველთვის არის აღმზრდელობითი, ყოველთვის მიმართულია გამოსწორების იდეისკენ, რეაბილიტაციისკენ, დაკარგული ცხვრის უკან დაბრუნებისკენ და საზოგადოებამ სწორად უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, სად არის და რა არის ჭეშმარიტება?! იდეა ქრისტიანისა, მისია და დანიშნულება ეკლესიისა. როდესაც ის ამას სწრად განსაზღვრავს, ბუნებრივია, მტერს და მოყვარეს ერთმანეთისგან, თავისთავად, გაარჩევს და ჩვენ, ანალიტიკოსებს, ექსპერტებს, თეოლოგებს, რომლებსაც გარკვეული კომპეტენცია და კვალიფიკაცია გვაქვს შევაფასოთ, თუ რაში მდგომარეობს კანონდარღვევა, გადაცდომა და სად არის ზნეობრივი, ან სულიერი მოწიფულობა, მტრები კი არ გვიწოდონ, ერთგვარი არბიტრები, გულშემატკივრები და შეიძლება ითქვას, რომ მსახურები, რადგან ჩვენ ამით ღმერთს ვემსახურებით. ამაში არც გასამრჯელოს ვიღებთ, არც თანამდებობას გვპირდებიან. მხოლოდ გვლანძღავენ, გვწყევლიან, გვემუქრებიან, ფიზიკურად გვეხებიან და იძულებით სამშობლოს გვატოვებინებენ. ამიტომ, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, თუ რამ გვაიძულა ჩვენ, თეოლოგთა სპექტრის 90%, რომ გადავიხვეწეთ სამშობლოდან. რატომ გვაბრალებენ ყოველთვის, რომ თითქოს, ვფინანსდებით, რომ თითქოს, რაღაც კონსპიროლოგიურ შეთქმულებებს ვუწყობთ ეკლესიას, გვინდა რევოლუცია, წინააღმდეგობა, ამბოხი, გადატრიალება და თუკი, ჩვენ ვიღაც გვკვებავს ფინანსურად, ეს რაღაცაზე ხომ უნდა დაგვეტყოს?! იცით, რომ თეოლოგების აბსოლუტური უმრავლესობა, არაპროფესიული დანიშნულებით მუშაობს, იმისათვის, რომ ოჯახები არჩინონ?! ასე ვიყავით საქართველოშიც და ასე გვიწევს ცხოვრება ემიგრაციაშიც, თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ჰონორარებს, როცა კი, რომელიმე ჩვენგანი რაღაცას თარგმნის, ან კონფერენციაზე გამოდის და ამას სულ ერთჯერადი გაელვებები აქვს ხოლმე, სპორადულად და არა – რეგულარულად.
– საზოგადოება მიკერძოებულად და მხარედ აღიქვამს იმ სასულიერო პირებს, ან თუნდაც, თეოლოგებს, რომლებმაც პატრიარქისა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხილება გაბედეს. ეკლესიაში მიმდინარე ფაქტების არგუმენტირებულად გასაჯაროებით, როგორც სასულიერო პირები, ასევე, თეოლოგებიც ღია დაპირისპირებაში შევიდნენ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან. ეს პროცესები, ბოლო დროს მეტად აქტუალური გახდა და საკმაოდ სარისკო ფაზაში შევიდა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას რამდენად სწორად ესმის ეს ყველაფერი?
– როდესაც ჩვენ გადავედით მხილების ამ უმძიმეს ფორმაზე, რომელიც ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო ამპლუა, უნდა ითქვას, რომ სანამ აქამდე მივიდოდით, ჩვენ ვცადეთ, პრაქტიკულად, ყველა ინსტანციაში, ეკლესიის შიდა სტრუქტურაში, სხვადასხვა სივრცეში ვცადეთ, რომ ეს საკითხები წამოგვეჭრა სულიერი თვალსაზრისით, განგვეხილა ეპისკოპატში, სამღვდელოებაში, მაგრამ აღმოვჩნდით ძალიან პარადოქსულ ვითარებაში. მოცემულობა იყო, ბევრად ტრაგიკული, მტკივნეული და თავზარდამცემი, რადგან ჩვენ მივდიოდით საჩივრებით იმ ადამიანებთან, რომლებიც, აღმოჩნდა, რომ თავად იყვნენ აღმასრულებლები ამ ცოდვისა და თავად უწყობდნენ ხელს ასეთი ტიპის დარღვევების გავრცელებასა და ტირაჟირებას ეკლესიაში. ამიტომ, აზრს მოკლებული იყო შიდა საეკლესიო სივრცეში, ძმათა შორის განხილვა, რადგან ჩვენ არავითარი ხელწიფება, ბერკეტი და საშუალება არ გვქონდა იმისთვის, რომ იმ პრობლემებისთვის გვემკურნალა, რაც ეკლესიაში დაგროვდა. როდესაც მოგვმართავდნენ დაზარალებულები, მათი მშობლები, ასევე, თავადაც ვხდებოდით გარკვეული უხერხულობების თვითმხილველნი და ზოგიერთი მათგანი ჩვენთან საუბრებში “აღიარებით ჩვენებასაც” იძლეოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ საჯაროობის, ღიაობის და გამჭვირვალობის გზა აგვერჩია. ეს არ არის საუკეთესო გზა, მაგრამ მხოლოდ ეს, ერთადერთი გზა დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ, როგორმე ეს ორგანიზაცია (საპატრიარქო), რომელიც უზურპირებას უკეთებს ეკლესიის, როგორც ცნების რაობას და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს ეკლესიასთან, ვამხილოთ იმისთვის, რომ თავად, ისინიც გადარჩნენ და ასავე, ის მილიონობით ადამიანი, რომლებიც მათ ნდობას უცხადებს, ვინც მოტყუებულ, შეცდომილ ყოფაშია. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ უფრო უკეთესი ეკლესია გვქონდეს, მაგრამ ამოცანაა ის, რომ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება საზოგადოებრივი დისკუსია და ხალხის თანამონაწილეობა.
– ერი, რამდენად იყო მზად ამ ყველაფრის მისაღებად? ერში, საზოგადოების იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, იმ თვალსაზრისით, რომ ღრმა რწმენითა და მოწიწებით არიან განმსჭვალულნი პატრიარქისა და საპატრიარქოს მიმართ, ხოლო ოპონირებაში შესულ პირებს მტრებად აღიქვამენ… რამდენად რაციონალურია ის რისკი, რაზეც თეოლოგები და სასულიერო პირები წახვედით?
– ქრისტიანობის ისტორიაში არსებული პრეცედენტები, გვაძლვს იმედისა და ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რომ უფრო ნათელ ფერებში წარმოვიდგინოთ ხვალინდელი დღე. რისკი ყოველთვის არ არის ხოლმე რაციონალური, რადგან ეს სინდისის საკითხია. როდესაც სინდისი გაძლევს შესაძლებლობას, რომ გადაწყვიტო და საკუთარ თავს უთხრა: “ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისათვის ხელშეწყობა”, ამიტომ, მე ეს მომწონს, თუ არ მომწონს – ჩემთვის ეს მოსახერხებელია, თუ რთული: ამაზე მივდივარ, ჩავები ამ ბრძოლაში, რომ სინდისთან ვიყო თავისუფალი და მშვიდად მეძინოს, არ შემრცხვეს ხვალინდელი დღის. ეს არის არჩევანი, რომელსაც ქრისტიანი ინსტიქტურად უნდა აკეთებდეს და ამას არ სჭირდება ჰეროიკული აღტყინება, არ სჭირდება გმირული უნარ-ჩვევები. არ ვთვლი, რომ ჩემი საქმე არის თავდადება და თავგანწირვა, ვთვლი, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური, ჩვეულებრივი და ბუნებრივად სავალდებულო ნაბიჯებია, რომლებიც, როგორც ქრისტიანმა უნდა გადავდგა და ამით განსაკუთრებულ კვალს არც ჩემი ცხოვრების ბიოგრაფიაში ვტოვებ, არც ჩემი შვილებისთვის მოსაგონრად. ვთვლი, რომ ეს ჩემდაწილად არის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც შემიძლია გავაკეთო. მაძლევს ღმერთი იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია მოდის ჩემთან?! მაქვს შესაბამისი განათლება, რომ პრობლემის სწორად დიაგნოზირება მოვახდინო?! ერთადერთი გვრჩება დრო, რომელიც ამისთვის უნდა გავიმეტოთ და როგორ უნდა დაგვენანოს საამისოდ?! საზოგადოება ამას მიიღებს, თუ არ მიიღებს, ეს საზოგადოების ნამუსზეა, იმაზე პასუხს ვერ ვაგებ, რამდენად სწორად აღიქვამს, ან ოდესმე, თუ გაიაზრებს, მაგრამ ათი დაკარგული თანამოქალაქიდან ერთი მაინც, თუ დაფიქრდება, რომ იქ, რაღაც ისე ვერ არის და მინიმუმ, შეკითხვებს დასვამს, ან იტყვის, რომ ეს არის ქრისტიანობის პაროდირება, არის მკრეხელობა, სიცრუე და ჭეშმარიტების დაბრუნებას მოითხოვს, მაშინ, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს მისია არ ყოფილა მხოლოდ საკუთარ თავთან გათავისუფლების სარბიელი, რომ სინდისთან ვყოფილიყავით პირნათელი, არამედ, ამას უკვე საზოგადო სიკეთის ნაყოფიც შეუძენია და ამით, ორმაგად ბედნიერები ვიქნებით.
– ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტიურად ასაჯაროებთ სუსის კრებსებს, სადაც სასულიერო პირების პირადი მიმოწერის ფაილებია მოცემული. რადგანაც მათ წერილობითი სახით აქვეყნებთ, რატომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ნდობა, ამ ფაილების ავთენტიკურობაზე?
– რაც შეეხება კრებსებს, პირადად ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, თუ როგორ დავადგინე მისი ავთენტიკურობა. თითქმის 55 ათასივე ფაილს გავეცანი, რისთვისაც ძალიან დიდი დრო დამჭირდა, ზოგიერთ მათგანს დროის უქონლობის გამო ვერ გავეცანი. ჩემთან დაკავშირებით ასობით ფაილი შევისწავლე და აბსოლუტურად ყველა იყო ნამდვილი იმ აზრით, რომ ჩემი სატელეფონო საუბრების შიფრები, ჩემი ვიზიტები, ინტერვიუებისა და სტატიების გამოქვეყნების თარიღები, ყველაფერი ემთხვევა და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს ნამდვილია. არც არაფერია ამაში დასამალი. უბრალოდ ეს არის წარმოდგენილი საინფორმაციო ქრონიკების სახით. შეუძლებელია, სკულპტუოზურად, თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გაწერო ისე, რომ ეს არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ამას სუსის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ოპერ-მუშაკები აარქივებდნენ, ისევ მათი ზემდგომებისთვის (ინფორმირებულობის თვალსაზრიდით) და ამას ტყუილად არ წერდნენ. აფიქსირებდნენ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა წვდომა, ინფორმაციული საცეცები და გარკვეული ბერკეტები იმისთვის, რომ ვიღაცის შანტაჟიტირება, კომპრომიტირება, დაშინება და გადაბირება მოეხდინათ. ბუნებრივია, მათთვის პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ, თეოლოგებს ვერ მოგვიძებნეს ვერც ზნეობრივი, ვერც სამართლებრივი დარღვევა და ყოველდღიურად გამალებით ფოკუსირებულნი იყვნენ ჩვენზე, რომ იქნებ სადღაც “ფეხი დაგვცდომოდა”, რაიმე შეცდომა დაგვეშვა და ცოდვა ჩაგვედინა, რომ შემდეგ მოეხდინათ ჩვენი გადაბირება, დაშინება და გამოყენება თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ მივეცით, იმიტომ, რომ ჩვენ გარეთ ყოველთვის ის ვიყავით, რაც შინ.
– თუკი, “შიდა სამზარეულოს” სააშკარაოზე გამოტანა შესაძლებელია, თან, იმ ინფორმაციების ხელმისაწვდომობა მარტივია, რასაც თქვენ ავრცელებთ და რომლებიც წესით, უწყებაში უნდა ინახებოდეს, საზოგადოებამ როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ?
– მოდით, ასე განვიხილოთ ეს საკითხი: როდესაც მე ჩავბარდი საფრანგეთში და პოლიტიკური თავშესაფარი მომენიჭა, ეტაპობრივი პროცედურები მქონდა, ერთ-ერთი მტკიცებულება ჩემს დევნასთან და სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით იყო სწორედ, სუსის კრებსები, რომლებიც მათ წარვუდგინე და ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ ასეთი მასშტაბის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა ხდებოდა, რაც სამყაროში უპრეცედენტოა. ამიტომ, ისინი ვერ ახდენდნენ საკითხის კვალიფიცირებას, იმდენად გაოგნებულები იყვნენ, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, თანამედროვე სამყაროში, მით უფრო დემოკრატიულობის პირობებში, რომელსაც ამბიციები და პრეტენზიები აქვს, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს. ეს, რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა. ჩვენი ყველას უფლებაა, რომ გვქონდეს პრივატულად დაცული გარანტირებული უსაფრთხოება, რომ ჩვენი შეხედულებების გამო არავინ თვალთვალს არ გვიწყებდეს, უკანონოდ არ უნდა გვაყურადებდნენ და არ უნდა იყვნენ ჩასაფრებულები მიუხედავად იმისა, დავუშვებთ, თუ არა შეცდომას. რაც შეეხება კრებსებს, კომპრომატების შეგროვება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხედავს და აცნობიერებს, რომ ეკლესია ყოველთვის არის მადაზე, აქვს პოლიტიკანობის ამბიციები, რომ უნდა სახელმწიფოში იყოს სახელმწიფო და დიდი გავლენის ობიექტი, აქიდან გამომდინარე, მათ მოსათვინიერებლად, სახელმწიფო გახდა იძულებული, რომ შანტაჟირებისათვის ასეთი მეთოდი მოეფიქრებინა. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ მათ დაუშვეს ისეთი დიდი ღალატი, რასაც სახელმწიფო კადრულობს. მათ იციან, რომ ეპისკოპოსები არიან პედოფილები; იციან, რომ ეპისკოპოსები ნარკოტიკებით ვაჭრობენ; იციან, რომ ფული თეთრდება და არაკონტროლირებადი ფულის ლეგალურ სტატუსში გადაყვანა ხდება საპატრიარქოში არსებულ ფიქტიურ “შ.პ.ს.”-ებზე; იციან, რომ სექსუალური შევიწროების არაერთი ფაქტია ეკლესიაში და იციან, რომ ფინანსური კარტელური ბიზნეს-სქემებია ეკლესიაში, რომ უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურის აგენტები არიან, მაგრამ ამაზე არ რეაგირებენ და უბრალო, რიგით მოქალაქეს იოტისოდენას არ პატიობენ. არ რეაგირებენ, რადგან ამ ყველაფერს იყენებენ კომპრომატირებისთვის, ეკლესიის მართვისთვის და ეკლესიას ათვინიერებენ და იყენებენ წინასაარჩევნოდ, საკუთარი დივიდენდების მოხვეჭისთვის. ასეთი ეკლესია აღარ არის ჭეშმარიტი, რომელსაც რაღაცის ეშინია, რცხვენია, რომელსაც პოლიტიკური უღელი ადგას, რომელიც თანახმაა, რომ საკუთარი სიბინძურე თავის თავშივე დააკონსერვოს და ხელშეუხებლობის გარანტიის საფუძვლად გამოიყენოს. ეს აღარ არის ეკლესია! ყველა კრიტერიუმით, პარამეტრით და სტანდარტით, საქართველოს მართლმადიდებლური, ავტოკეფალური ეკლესია არის გარდაცვლილი!
– რაც შეეხება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხის სრული სურათის მიმართ?
– ჩემი ინფორმაციით და ლოგიკური გარე დათვალიერებითაც ასე ჩანს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ ინფორმაციის ფლობას შეეწირა, რომელიც ყველაზე დელიკატურად უხერხული აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქოსთვის. მან იცოდა, კათოლიკოს პატრიარქის სექსუალური ორიენტაციის შესახებ, იცოდა პატრიარქის ჰედონიზმის შესახებ, იცოდა საპატრიარქოში არსებული უზარმაზარი ფინანსური მანიპულაციების შესახებ. შესაბამისად, მოინდომა რა, რომ იქ გარკვეული წესრიგი დაემყარებინა, ერთგვარად, რეორგანიზაცია, რებრენდინგი, თუ რეფორმაცია წამოეწყო, მას ჰქონდა ამის ახალგაზრდული იმპულსები, ემოციები, თუ ამბიციები, შესაბამისად ის აგენტ-პროვოკატორ, მისივე მოგვარე ირაკლი მამალაძის მეშვეობით წამოაგეს ანკესზე და საბოლოო ჯამში, გაანეიტრალეს, რადგან მან იცოდა, როგორც პერსონალურად პირველი იერარქის დანაშაულებები, ასევე, ოჯახური დინასტიის (შიოლაშვილების) ცოდვები. ამიტომ, რა თქმა უნდა, საპატრიარქოში არავის ინტერესში არ შედიოდა დეკანოზ მამალაძის თავისუფლად ყოფნა, ან მისი დაწინაურება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ლოგიკურია ის, რაც მას დამართეს, ადამიანურად ძალიან სოლიდური ვარ და ვუთანაგრძნობ, რომ მას ასეთი ჯვარი ერგო წილად.
– ადრე საუბრობდით, რომ ესწრებოდით ერთ-ერთ შეკრებას “ციანიდის საქმეზე”, რომელიც ნანა კაკაბაძის სახლში კულუარულად მიმდინარეობდა და თქვენ, პროტესტის ნიშნად დატოვეთ ეს შეკრება…
– მე, თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ ხდებოდა ინსტრუმენტალიზება ყველა იმ პირისა, ვინც ამ საკითხით დაინტერესებას, ჩემსავით გულწრფელად, ცდილობდა. როდესაც მე აღმოვჩნდი ნანა კაკაბაძის, ამ ე.წ. ექსპერტის ოჯახში, მათივე მიწვევით. მივედი აბსოლუტურად ნეიტრალური განწყობებით, მაინტერესებდა, თუ რა მოხდა რეალურად, რა იყო ამ უზარმაზარი სკანდალის მიზეზი. კაკაბაძის სახლში დამხვდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები: ზაზა შათირიშვილი, შოთა გულურჯიძე, თამაზ ჯოლოგუა, კოტე ჯანდიერი, გიორგი ტაბლიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, გიორგი ანდრიაძე და ა.შ. რომლებიც დაახლოებულნი იყვნენ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ელიტასთან. მე იქ აღმოვჩნდი უშუალოდ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ინიციატივით. შევესწარი ასეთ ფაქტს: ისინი გეგმავდნენ, როგორ “გაეშავებინათ” პერსონალურად, მიტროპოლიტი პეტრე და მისთვის დაებრალებინათ, რომ ის იყო იდეის ავტორი, თანამონაწილე, თან წინასწარ იცოდნენ, რომ ამ “ციანიდით” არავინ არავის არ კლავდა. მეუფე პეტრე ცაავას აბრალებდა გაგულისებული, გაწიწმატებული განწყობებით გიორგი ანდრიაძე აღნიშნულ საქმეს. რომელიც შემდეგ ამბობდა, რომ მას არ გაუმართლა, რომ მე აღმოვჩნდი მაშინ იმ საზოგადოებაში, ეტყობა ეს უფალმა დაუშვა ასე. როდესაც მე მოვისმინე მისი ფრაზა: “მოდით ყველაფერი “შევტენოთ” პეტრეს და “ნაცებს”, საზოგადოება ამას ადვილად დაიჯერებს და აიტაცებს”, აი ეს იყო მათი მთავარი სლოგანი. ამას ამბობდა ანდრიაძე, მხარს უბამდა ნანა კაკაბაძე და დამსწრე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. ერთადერთი ვიყავი მე, ვისაც ხინჯად მომხვდა და არ მესიამოვნა. ვთქვი, რომ: “ცილისწამება, დაბრალება, თანაც ასეთი სიმძიმის საკითხის, ეს არის გამაოგნებლად საშიში მოვლენა და მე არ მაქვს სურვილი ამაში მონაწილეობა მივიღო”-მეთქი. როცა მიხვდნენ, რომ უკან ვიხევდი, არ უნდოდათ საკუთარი თავის გამჟღავნება და ამბობდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ მსჯელობა, ნაწილობრივ იუმორით და ა.შ. ანუ, შემდგომში ეცადა მავანი, რომ ეს განემუხტა, მაგრამ შემდეგ ვნახე, როგორ რეკავდა იქ უცნობი პროკურორი და აძლევდა დირექტივებს ამ ადამიანებს, თუ როგორ ემუშავათ მედიაში და დაეწერათ ტყუილები მამალაძის და მეუფე პეტრეს დისკრედიტაციისთვის. ამან მაიძულა, რომ დავკავშირებოდი და გამეცნო მეუფე პეტრე, რადგან ადამიანურად, ჩემთვის აუტანელი იყო ამის დატევა, რადგან ჩემს თვალწინ “იკერებოდა, იქსოვებოდა” უზარმაზარი ბოროტება.
მანამდე, მეუფე დიმიტრის ჰქონდა მცდელობა, რომ მეუფე პეტრე გერმანიაში წასულიყო პატრიარქის სანახავად, ისე მოხდა, რომ მეუფე პეტრე უფალმა გაარიდა ამ სატყუარას და ვერ მოახერხა წასვლა. დაუკვირდით: პატრიარქი არის გერმანიაში, იკეთებს ოპერაციას, “ციანიდის სკანდალი” ხდება საქართველოში, ამ ყველაფრის პარალელურად აიყვანეს მღვდელი, რომელსაც დააბრალეს, რომ გერმანიაში ჩადიოდა პატრიარქის მოსაკლავად. როდესაც მამალაძე უნდა წასულიყო გერმანიაში და ვითომ, აეროპორტში აიყვანეს, მეუფე პეტრეს სთავაზობდა მეუფე დიმიტრი გერმანიაში ჩასვლას და მეუფე პეტრე, რომ წასულიყო, ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ მისთვის დაებრალებინათ “ციანიდის სკანდალი”, რომ თითქოს მიდიოდა გერმანიაში პატრიარქის მოსაკლავად. ამას ახლა, ცივი გონებით ვიაზრებ და მაქვს გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლოა, მეუფე პეტრესაც იგივე ბედი გაეზიარებინა, რაც გიორგი მამალაძეს აქვს და მისთვისაც ჩაედოთ “ციანიდი”.
– რატომ იგეგმებოდა მეუფე პეტრეს “განეიტრალება”, რა სარგებელს მიიღებდა ამით საპატრიარქო?
– საგულისმოა, რომ ნანა კაკაბაძე მუდმივად ხაზზე იყო შორენა თეთრუაშვილთან. მამალაძის განეიტრალებით თავიდან აიცილებდნენ საფრთხეს, რომ მათი საქმიანობებით არავინ დაინტერესდებოდა, ასევე, მამალაძე ასოცირებული პირი იყო მეუფე დიმიტრისთან და ამით მეუფე დიმიტრისაც გაანეიტრალებდნენ, ასე ფიქრობდნენ შიდა კლანები, რომლის მეთაურიც მეუფე, იაკობ იაკობიშვილი გახლდათ, ვინც დაახლოებული პირი იყო სოსო გოგაშვილთან, სუსის უფროსის მოადგილესთან, რომელიც ყველა ამ საეკლესიო სიბინძურის მოთავე იყო (დღეს, რომ თავს დაზარალებულად ცნობს). გოგაშვილი იყო ამ, უკანონო მიყურადებების, შანტაჟირების, დევნის, შევიწროების და სიბინძურეზე ხელის დაფარების მთავარი მოთავე და შესაბამისად, მეუფე იაკობის ჯგუფის ამოცანა იყო, რომ როგორღაც მეუფე დიმიტრის ჯგუფი გაენეიტრალებინათ. ამიტომ, ისინი მუდმივად ჩასაფრებულ პოზიციაში იყვნენ. მეუფე პეტრეს, როგორც აქტიურ პერსონას, როგორც კრიტიკოსს, როგორც ობიექტურ შემფასებელს, როგორც უშიშარს, რადგან მეუფე პეტრეს არ სრცხვენოდა უკან მოხედვის, მას არასდროს უღალატია თავისი ბერული აღთქმებისათვის, ყოველთვის მხოლოდ სიკეთეს აკეთებდა ეპარქიისთვის, ზრუნავდა სახელმწიფო ინტერესებზე, ყოველთვის თავის სამღვდელოებაში ტირაჟირებდა ზნეობას და მუდმივად ხელს უწყობდა მორალურ წონასწორობას – ასეთი ტიპის ადამიანი, ბუნებრივად გახდა მამაცი და თამამი შეფასებებში, რადგან მას, არ ჰქონდა რაიმე ისეთი ხინჯი, რის გამოც, მას დააშანტაჟებდნენ შემდეგში. მეუფე პეტრეს სიმამაცე, მისი სისუფთავის გამომხატველია ამ შემთხვევაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვიდრე მეუფე პეტრეს გავიცნობდი, მისსავე შეფასებებში ვხვდებოდი, რომ ის მართალი იყო, რადგან მე ლოკალურად ვიცოდი ჩემი წრიდან და სივრციდან, რომ ის რასაც ამბობს, ამ საკითხებზე, ყველაფერში მართალია და “რაღა მამალაძის საკითხში იქნება მტყუანი”-მეთქი, უკვე ბუნებრივად მიჩნდებოდა ნდობა იმთავითვე, რომ ამ საკითხზე მასთან აუდიენცია გამევლო, რადგან ვხედავდი რა, რომ სხვა საკითხებშიც პირდაპირი იყო. ვფიქრობ, (ეს მოვლენებმაც გამოაჩინა შემდგომში), მეუფე პეტრეს განეიტრალება უნდოდათ იმიტომ, რომ ის, პრაქტიკულად, თავდაყირა აყენებდა ქართული ეკლესიის სისტემის ვერტიკალს. იმ აზრით, რომ მან ყველაზე მთავარი პრობლემის წიაღი, ეპიცენტრი, სათავე, შემოქმედი ილია მეორე დაასახელა პრობლემად, რომელსაც მანამდე ჰქონდა ხელშეუხებლობის აქტი და ვერავინ ბედავდა, რომ პრობლემისათვის თავისი სახელი დაერქმიათ. ყველა მიკიბულ-მოკიბულად ცდილობდა მის დადანაშაულებას. მაგალითისთვის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი ავიღოთ, რომელიც მუდმივად ფლიდობდა, ორპირობდა, ორაზროვან, დიპლომატიურ განცხადებებს აკეთებდა, მიკიბულ-მოკიბული ნელთბილობით. “აპოკალიფსი”-ში უფალი ამბობს: “ო, ნეტავ, ან ცივი იყო, ან ცხელი და რადგან არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამოგანთხევ პირიდან”. ყველაზე მძიმე ფრაზები აქვს ღმერთს ნათქვამი ასეთი ტიპის ადამიანებზე და რომ ვხედავდი, მეუფე პეტრე ასეთი არ იყო, ნდობა გამიჩნდა მის მიმართ. ის მზად იყო გაეღო მსხვერპლი: დატოვა სტატუსი, თანამდებობა, წოდება, ფინანსური რესურსები, ადმინისტრაციული თანამდებობები, სიმშვიდე, დიდება, ხალხის კეთილგანწყობა და დაამსხვრია კერპი.
– კერპში, პატრიარქს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა! ილია მეორემ, რეალურად, ქართული საზოგადოების ცნობიერება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი, აზროვნება, მთლიანად გარყვნა და გაათახსირა. 45 წლიანი სიცრუის ტირაჟირებისთვის, იმ კოლაბორაციონისტული, მოღალატეობრივი საქმიანობისთვის, რომელსაც ის, ჯერ კიდევ, საბჭოთა პერიოდიდან ეწეოდა საქართველოში, როგორც რეზიდენტი, როგორც აგენტი “კა.გე.ბე”-სი და “ფე.ეს.ბე”-სი, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ყველა დავალებას. დაამხო ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ჯაბა იოსელიანს, რომელმაც ააწიოკა და ააოხრა ნახევარი საქართველო, ეროვნული გმირი უწოდა, სიონიდან გაასვენებინა და დიდუბის პანთეონში დააკრძალინა. ასეთი ადამიანი, რომელზეც შემდგომში ედუარდ შევარდნაძემ გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ის ჩვენი დანიშნულია, ჩვენ მარტო “რაიკომისა” და “ცეკას” მდივნებს, “აღმასკომის” თავმჯდომარეებს კი არა, პატრიარქებსაც ვნიშნავდითო”. ასეთი ადამიანი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ზნეობის ფლაგმანი, მორალის მეხოტბე და სიწმინდით აღვსილი თავადი. ის პირველ რიგში, უნდა ყოფილიყო მოთვინიერებული რით?! საბჭოთა სივრცეში ყველაზე მთავარი კომპრომატი რა იყო?! – ჰომოსექსუალობა და ჰომოსექსუალებს 1932 წლიდან 1992 წლამდე, საბჭოთა კონსტიტუციით ციხით სჯიდნენ. ეს იყო ყველაზე დიდი კომპრომატი, ჩვენსავით, ყველაზე პურიტანულ, კონსერვატიულ და ტრადიციულ საზოგადოებაში. მორალურად მიუღებელი ფენომენი იყო, დღესაც ასეა და მაშინ მით უმეტეს. ამიტომ, ძალიან ლოგიკურად უნდა დაათვალიეროს ჩვენმა საზოგადოებამ, თუ რა გზა განვლო ილია მეორემ, სადამდე მოიყვანა ქართული სახელმწიფო, როგორ დასცა, როგორ დააავადა ხალხის აზროვნება, როდესაც საკუთარი თავის კერპი აღმართა და იესო ქრისტე განდევნა ეკლესიიდან. ჩვენ გვაქვს ქრისტიანობა მხოლოდ ფორმებში, რომლებსაც შინაარსი მთლიანად გამოცლილი აქვს, მხოლოდ ვიზუალია დარჩენილი. ეს ყველაფერი, პასუხისმგებლობის სახით მიდის ილია მეორეზე, რომელიც ცხოვრობს ერმიტაჟში, ლუვრში და ამ შენობას საპატრიარქოს უწოდებს, რომელსაც ჰყავს 200 ათასიანი ავტომობილი იმ ფონზე, რომ მის ირგვლივ ადამიანებს შიათ. თუნდაც, მის ხელქვეით კოლეგა მღვდლებს, რომლებიც სოფლად არიან და იმის საშუალება არ აქვთ, რომ თავიანთი 7-8-10 შვილი გამოკვებონ. თვითონ ჰყავს ნახევარ მილიონიანი ცხენი, აქვს 75 ათასიანი ქოთნის ხე. მე მემარცხენე სოციალისტი კი არ ვარ, ამას, რომ ვამბობ, პროტესტი ამიტომ კიარ მაქვს! შეუძლებელია, ადამიანი იყო პატრიარქი, ან სასულიერო პირი და შენთვის იდეალი, ეტალონი, ან კუმირი არ იყოს იესო ქრისტე. ვისზე უნდა გქონდეს სწორება, ფაშა ხარ?! ფადიშაჰი ხარ?! შეიხი ხარ?! თუ, იესო ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრე. სირცხვილია ის, რასაც კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კადრულობს. არამარტო იმ ნაწილში, როცა ის, როგორც ჰომოსექსუალი ავიწროებს სხვებს სექსუალურად და საკუთარ თანამდებობდირვ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, არამედ, ნებისმიერ ზნეობრივ პარამეტრებში, ის არის სამარცხვინო მმართველი საქართველოს ეკლესიისა!
– ფაქტია, რომ საპატრიარქომ “ციანიდის საქმის” სკანდალზე პასუხისმგებლობა ვერ აირიდა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ქმედებებით, სიტუაცია გაამწვავა. დეკანოზ მამალაძის სასამართლო სხდომების დახურვის გადაწყვეტილებამ კი უფრო მეტი ეჭვი გააჩინა “ციანიდის საქმესთან” დაკავშრებით…
– საზოგადოებას, თავის ღმერთზე სიმართლის გაგება ჩააგდებდა შოკში. ვინ არის მათი ღმერთი?! ილია მეორე! რომ გაეგოთ, პატრიარქი ჰომოსექსუალია, რომ ბავშვთა გამრყვნელია, რომ დიდი რუსეთის აგენტია, რომ თავისი ქმედებებით რიტუალური სატანისტია… აი, ამ ყველაფრის გაგება გამოიწვევდა ჩვენი ტრადიციული, პურიტანული და კონსერვატული საზოგადოების შოკირებას. რომ ეგონათ, კაცი იყო ღვთისა და რომ აღმოჩნდა სატანისა. მამალაძე სასამართლო პროცესზე საუბრობდა, რომ ის იყო მომსწრე, ხედავდა ამ ყველაფერს, განიცდიდა გარკვეული სახის შევიწროებას ამ კუთხითაც კათოლიკოსის მხრიდან და ბუნებრივია, ეს იქნებოდა შოკისმომგვრელი საზოგადოებისთვის. მათ ჰქონდათ დისკრეცია, რომ დაეხურათ სასამართლო სხდომები და ისარგებლეს ამით. მიიღეს ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც შეიძლებოდა მიეღო სასამართლოს. დღემდე, ჩვენ არც ის ვიცით, სად შეიძინა ციანიდი, შეიძინა თუ არა, ვინ გადასცა, როდის გადასცა, საიდან ამოიღეს?! ეს დაფიქსირებულია?! არ არის დაფიქსირებული!
– თუ, ეს საკითხები ექვსი წლის მანძილზე არ გარკვეულა, მაშინ, რა პროცესები მიმდინარეობს და რას განიხილავენ სასამართლო სხდომებზე?
– პროცესებზე, სინამდვილეში მსჯელობდნენ იმაზე, რომ ევაჭრათ მამალაძესთან. ჰქონდათ მცდელობაც, რომ მიეღოთ გაუთქმელობის გარანტიები დეკანოზისგან, რომ მას არ ესაუბრა ამ ყველაფერზე…
– ხომ მიიღეს მამალაძისგან თანხმობა გაუთქმელობაზე?! ამასთან დაკავშირებით, დეკანოზმა ღია წერილიც გამოაქვეყნა…
– ეს უკვე შემდგომი პერიოდია. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პრაქტიკულად, ნახევრად პარალიზებულია. ახლა, სახელმწიფო ამ დათმობაზე, რომ წავიდეს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ წინა გადაწყვეტილებებში არასწორი იყო და პატიმარი, რომელიც ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში, ავადმყოფს უშვებს. ვინ არის პასუხისმგებელი?! სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ანუ, სახელმწიფო! ამიტომ, სახელმწიფოს ამის აღიარება არ სურს. მეუფე იაკობმა და გოგაშვილმა “გაშარეს” ბიძინა ივანიშვილი “ციანიდის სკანდალით” და თავიანთ ამბიციურ ინტრიგებს შესწირეს სახელმწიფოს კომფორტი იმ გაგებით, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენეს ზემო ინსტანციები “ქართულ ოცნებაში”, რომლებსაც (გულწრფელად გვჯერა, რომ) ასეთ შარში თავის გაყოფა ნამდვილად არ სურდათ, იმიტომ, რომ ეს ისეთი ჩიხია, რამაც კიდევ უფრო ბევრი შეკითხვები დაბადა სახელმწიფო ინსტიტუტების კეთილსინდისიერებაზე და ნდობაც დააქვეითა საზოგადოებაში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს მიმართ.
– ბიძინა ივანიშვილის “გაშარვაში” რას გულისხმობთ?
– ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს, რომ “ციანიდის სკანდალი” სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, სამთავრობო დონეზე აყვანილი ამოცანა არ ყოფილა. მგონია, რომ ეს იყო ვიწრო ჯგუფის ინტერესი, რომელმაც გამოიჩინა ზედმეტი კადნიერება და სითამამე, რითაც, (უკვე შემდგომში) ზემორე ეშელონები დააზარალა. ბიძინა ივანიშვილის “გაშარვაში” ვგულისხმობ, სოსო გოგაშვილს, რომელიც მეუფე იაკობის მიერ შენთებულ ცეცხლს აჰყვა.
– დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, მისი შეწყალება არ ხდება…
– ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მე, როგორც მოქალაქემ არ მაქვს საფუძველი ვენდო საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებს, მათ კეთილსინდისიერებას, რადგან გამოცდილებით ვხედავთ, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული, არ არის თავისუფალი, არის ანგაჟირებული. შესაბამისად, ნაკლებად ვხედავ პერსპექტივას იმისას, რომ საქართველოში მოხდეს დეკანოზის შეწყალება, ან ვადაზე ადრე გათავისუფლება. ის აზრი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ითვალისწინებს კათოლიკოს პატრიარქის და სინოდის შუამდგომლობას, გათამაშებული, იაფფასიანი საკენკია, რომელიც სინოდმა დაუყარა საზოგადოებას თვალის ასახვევად, რომ თურმე ძალიან ჰუმანურები არიან და არ სჯერათ მამალაძის დანაშაულის, “მაგრამ რა ვქნათ, პრეზიდენტი არ ათავისუფლებსო” ეს არის ძალიან არასერიოზული და სასაცილო, რადგან ჩვენ ვიცით, თავად სალომე ზურაბიშვილი, როგორი მაამებლური, სერვილისტური და მონური დამოკიდებულებით არის გამსჭვალული, როგორც სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის მიმართ, ასევე პატრიარქის მიმართაც. ამიტომ, რომ ყოფილიყო ნება და პატრიარქს მოეწოდებინა პირდაპირ, ან საეთერო სივრციდან, ან ტაძრის ამბიონიდან და მიემართა მისთვის, თუნდაც კერძო საუბარში, ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებდნენ.
– ანუ, მამალაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, გამოდის, რომ სინოდმა პრეზიდენტს “შეაწმინდა ხელები”…
– რა თქმა უნდა! ეს მათთან მოლაპარაკებული იქნებოდა. ერთის მხრივ, ამით, პრეზიდენტი ეცადა, რომ მისი ინდივიდუალური “მე” წარმოეჩინა, როგორც დამოუკიდებელი აქტორი, პერსონალურად სუვერენული არსება, ხოლო მეორეს მხრივ, სინოდმა გადაამისამართა პასუხისმგებლობა გარკვეული აზრით: “ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ საქმეში სახელმწიფომ უნდა აღასრულოს გულმოწყალება, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ბერკეტი მისი გათავისუფლებისათვის”. ეს, რა თქმა უნდა, იყო სრული სიყალბე, ფარისევლობა და ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, რითაც ყოველთვის საზრდოობდა ილია მეორის სისტემა.
– უხეშად, რომ ვთქვათ, “ციანიდის საქმეს” არაერთი სასულიერო პირის რანგი შეეწირა. იმ აზრით, რომ ვინც კი დეკანოზ მამალაძის უდანაშაულობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა, ზოგს მღვდელმოქმედება შეუჩერეს, ზოგი განაყენეს ეკლესიიდან, ზოგსაც ქვეყნის დატოვება მოუწია…
– უბრალოდ, გიორგი მამალაძემ აღმოჩნდა ის “აიზბერგი”, რომელმაც გაბზარა “ტიტანიკი”, ხოლო “ტიტანიკი” ჩაძირა უკვე ტალღებმა. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ ვახსენებთ ჩვენ, ასე ხშირად “ციანიდის სკანდალს”. არა იმიტომ, რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ, ან დიდი ახლობლობა გვაკავშრებდა მამალაძესთან, არამედ იმიტომ, რომ “ციანიდის სკანდალმა” გახეთქა ის საკანალიზაციო მილი, რაც ეკლესიაში არსებობდა. ამიტომ, “ციანიდის სკანდალი” იყო ერთი დიდი დარტყმა ამ საკანალიზაციო მილზე და ამოხეთქა მთელი რიგი ფეკალური მასა, რომელიც წლების მანძილზე გროვდებოდა ეკლესიაში. ამიტომ, არის ეს საკითხი ათმაგად საყურადღებო, რადგან ციანიდმა მოახდინა სრული ლუსტრაცია ეკლესიაში არსებული დარღვევებისა, როგორც ზნეობრივ ნაწილში, ისე ადმინისტრაციულ, სწავლა-მოძღვრებით ნაწილშიც. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული მოვლენა, ერთი, იმ გაგებით, რომ მღვდელი უსამართლოდ დაიჭირეს. მეორე, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს 1983 წლის ფაქტი, ე.წ. “თვითმფრინავის ბიჭების” ისტორია, როცა ბიჭები დახვრიტეს და მღვდელი ჩიხლაძე შეეწირა ამ ამბავს, რომელიც არ დაიცვა ილია მეორემ და მისმა ფსევდო სინოდმა. არ გამოექომაგა მათ იმიტომ, რომ პატრიარქი ყოველთვის კონიუქტურის მსახური იყო. დემოკრატიული საქართველოს პირობებში მოხდა გიორგი მამალაძის დაპატიმრება, რომელიც ილია მეორის სისტემის კისერზეა. რატომ?! ის ყოველთვის ყველას ყველაფერს აპატიებს, ყველაფრის უფლებას მისცემს, გარდა ერთისა – ნუ ამხელ მას! დაუპირისპირდები ილია მეორეს?! მოახდენ მის ლუსტრაციას?! მაშინვე გაგანადგურებს, შურს იძიებს, ბოლოს მოგიღებს და დაგასამარებს! ეს იყო ყოველთვის ილია მეორეს ხელწერა. ის პატიობდა ადამიანებს გარყვნილებას, მკვლელობას, ნარკომანიას, მრუშობა, ვაჭრობას, ყველა ტიპის უმსგავსობას, გარდა ერთისა, არ აპატიებდა მის პირად მხილებას. მით უფრო, როცა ისტორიულად ამის გამოცდილება არსებობდა და რა თქმა უნდა, არც მამალაძეს არ აპატიეს, არც მეუფე პეტრეს და არც მეუფეს თანამოაზრე საზოგადოებას. ილია მეორესგან არ ეპატიებოდათ ის, რომ მათ წითელი ხაზები გადაკვეთეს. რა არის წითელი ხაზი?! იესო ქრისტე კი არა! წითელი ხაზი არის ილია მეორე, რომლის მხილებაც ყოველთვის ისჯებოდა და ისჯება ეკლესიაში.
– თქვენსა და ქართულ სამღვდელოებას შორის არსებულ ნდობას, ბზარი დიდი ხანია გაუჩნდა. პირად საუბრებში ისიც თქვით, რომ ეს წლების წინ მოხდა, როცა სასულიერო სემინარიაში სწავლობდით…
– მანამდე, თუკი ვფიქრობდი, რომ ყველა სასულიერო პირი განასახიერებდა ქრისტეს, იყვნენ ღვთისნიერები, წრფელები და შემკობილნი ყოველგვარი სათნოებით, ვფიქრობდი, რომ ისინი ანგელოზებრივად ცხოვრობდნენ. 15 წლის წინ, გული ამიცრუვდა, დავბრკოლდი და ფსიქოლოგიურად დიდი ტრავმა მივიღე. 2007 წლის ვნების შვიდეული იყო, როგორც იცით, დიდ ხუთშაბათს ყველანი ვეზიარებით ხოლმე, სიონის ტერიტორიაზე შემხვდა ჩემი ჯგუფელი, რომელიც მსახურობდა თაბორის ფერიცვალების მამათა მონასტერში. ლუკა ფალავანდიშვილი, მაშინ უბრალო ბერი იყო, უკვე არქიმანდრიტია და ბარსელონაში მოღვაწეობს. შემხვდა გზაზე და გამომკითხა დღის მანძილზე რას ვაკეთებდი, მეც მოვუყევი რა გეგმები მქონდა, ამასობაში დავუკავშირდი ჩემს მოძღვარს დოსითეოს ბოგვერაძეს (ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი), მინდოდა დიდი ხუთშაბათის ზიარება, რომლის წინაც აღსარება უნდა ჩამებარებინა. ჩემი სულიერი მამა არ იმყოფებოდა საქართველოში და მითხრა, რომ შემეძლო აღსარება ნებისმიერი მოძღვრსთვის ჩამებარებინა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯგუფელი იყო ჩემთან და თაბორის მამათა მონასტერში ვაპირებდი წასვლას: “იქ, რომ ვინმეს ჩავაბარო”-მეთქი, მითხრა, რომ პრობლემა არ იყო და მირჩია, აღსარება მამა ბართლომე ფირცხალაშვილისთვის ჩამებარებინა. წავედი სულიერი განწყობებით. მამა ბართლომე სულ ორჯერ მყავდა ნანახი, როცა ჩემს ჯგუფელს მივაკითხე მონასტერში და ვიცოდი ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა. როდესაც მივედი, მსახურება მიმდინარეობდა. მოკრძალებით ჩავდექი აღსარების რიგში. არქიმანდრიტმა მიცნო და დამიძახა, შეაჩერა რიგი, გამიხმო კელიაში, სადაც სამლოცველო ჰქონდა და აღსარებებსაც იქ იბარებდა ხოლმე. შევედით სამლოცველოში. ვიდრე აღსარების თქმას დავიწყებდი, რამდენიმე კითხვის დასმა მოისურვა, რასაკვირველია, უზარმაზარი მოწიწება მქონდა და ჯერ მას მოვუსმინე. მეუბნება ასეთ რამეს:
ბ.ფ: შენ საკმაოდ ახლოს ხარ მამა თეიმურაზ თათარიშვილთან და რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
გ.ტ: ჩემი ლექტორია, ძველ აღთქმას მასწავლის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია, როცა აბიტურიენტი ვიყავი და ჩავაბარე, კარგად ვსწავლობდი და ამან დამაახლოვა, ასევე, მღვდლად რომ მაკურთხეს, ვმედავითნეობდი მასთან 40 დღის მანძილზე მან წირა და ამ პერიოდში დავმეგობრდით.
ბ.ფ: რაიმე ისეთი ტიპის სიახლოვე არ გაქვთ?
გ.ტ: ჩვენი ოჯახებიც იცნობენ ერთმანეთს… (მაპატიეთ, მე უფრო კულტურული ვერსიით ვიტყვი ამ სიტყვას, როგორც ბართლომემ თქვა, იმის გამეორებას ვერ ვიკადრებ)
ბ.ფ: შენს სარცხვინელზე ხელი არასდროს მოუკიდია?
ამას მეუბნება ტაძარში, აღსარების დროს, როცა ოლარი თავზე გადამაფარა, ფეხზე ვიდექით ორივე და ერთმანეთს ვუყურებდით. იმდენად შევცბი და ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, რომ ამაკანკალა. ახლაც მახსსოვს ის ემოცია, როგორი ამაღელვებელი იყო ჩემთვის:
გ.ტ: რას ბრძანებთ მამაო, რას ნიშნავს ხელი მოუკიდია?! ცხოვრებაში, ზედმეტად ხელი არავის გადაუხვევია ჩემთვის და ამას რატომ მეკითხებით?!
აღვშფოთდი, ემოციურად, ცოტა ხმამაღალი საუბარი დავიწყე. რა თქმა უნდა, უკვე არანაირი აღსარების, რაიმე სახის გახსნის და ზოგადად, ურთიერთობის სურვილი აღარ მქონდა. როცა სამლოცველოდან გამოვედი და ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე, გამომეკიდა და მეუბნება:
ბ.ფ: კარგი, კარგი, რა მოხდა, დამშვიდდი, მე უბრალოდ ისე გკითხე, გეხუმრე, არ მეგონა ასე, თუ ანერვიულდებოდი. მაგრამ ჩემგან მაინც იცოდე, რომ თუ, ასეთი რამ გახასიათებს, ან შენ, ან მას, შენ შეგიძლია მე მითხრა, ჩვენ ვიმეგობროთ, ეს არ არის პრობლემა, ეს სისუსტე, ზოგადად, გავრცელებულია.
ამან, კიდევ უფრო მეტად შეურაცხყოფილად მაგრძნობინა თავი. არც მახსოვს, როგორ დავეშვი იმ ციცაბო დაღმართზე განერვიულებული, თან, არ ვიცოდი ეს ვისთვის და როგორ მომეყოლა. მართალია ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ ეს იყო ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ჩემთვის სულიერი აუტანლობა. ერთი, რომ მან, პრაქტიკულად გადაამოწმა ვიყავი, თუ არა არატრადიციული ორიენტაციის მქონე. მეორე, რომ საკუთარი თავი შემომთავაზა, თუ ასეთი ვიქნებოდი და მესამე, რომ დააბეზღა ჩემთან (მაშინ ჩემი აზრით) ჩემი კარგი ნაცნობი, თეიმურაზ თათარიშვილი, რომელიც მღვდელი იყო და მე ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა მღვდელი ჰომოსექსუალი ყოფილიყო, ამის დაშვებაც კი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. მეოთხე, რომ დამაბრკოლა! ეს ვერ დავიტიე, წამოვედი, შემდეგ, უკვე ჩემს მოძღვარს ვუამბე ამის შესახებ. მან მითხრა, რომ ამ საკითხს გაარკვევდა და მე თავს შეურაცხყოფილად აღარ ვიგრძნობდი და მომიბოდიშებდნენ, თუმცა, შემდეგ ეს ფაქტი შეიფუთა იუმორში და მითხრეს, რომ “მეხუმრა ბართლომე ფირცხალაშვილი და არავითარი ქვენა ზრახვები არ ყოფილა”. გამოუცდელი, ჯერ კიდევ უმწიფარი, 19 წლის ბიჭი ვიყავი და ერთადერთი ჩემი პროტესტის გამოხატვა შევძელი იმაში, რომ მას არ ვესალმებოდი, მისგან ლოცვა-კურთხევას არ ვიღებდი და არ ვცნობდი მას არქიმადრიტად. ეს იყო პირველი იმედგაცრუება, პირველი ტკივილი და ტრავმა (ფსიქოლოგიური თვალსაზრისით), რომელიც მე ეკლესიიაში მომადგა. წლების შემდეგ, ვიგებ, რომ თეიმურაზ თათარიშვილი არის ჰომოსექსუალი, ასევე, პედოფილი. თურმე მათზე, ვინც მასთან მეგობრობს, ან ახლო ურთიერთობა აქვს, შეიძლება სტიგმა გაჩნდეს, ან გარკვეული ეჭვები სასულიერო პირებში, რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის არიან. მათ ეტყობა აინტერესებდათ, მეც ასეთი ვიყავი თუ არა. მაშინ, ვერც კი წარმომედგინა, ფირცხალაიშვილს რა ჰქონდა გამიზნული ამ შეკითხვების დასმით, რა ზრახვები ამოძრავებდა. სუსის კრებსებიდან გავიგე, რომ თურმე ჩემი “გაშავება” უნდოდა ამ უზნეოს.
ეს ყველაფერი კი, მომდევნო პრობლემების დანახვისას, მაძლევდა იმის საშუალებას, რომ უფრო კრიტიკული და თამამი ვყოფილიყავი შეფასებებში, რადგან თუკი, ასეთი რამ არსებობს ერთ ეკლესიაში, შესაძლოა სხვაგანაც სხვებიც იყვნენ უარესი და კიდევ უფრო მძმე გარემოებებით. ამიტომ, შემდგომში დავიწყე ბრძოლა, ასეთი ტიპის დამრღვევების წინააღმდეგ.
– როგორ ცდილობდა თქვენს “გაშავებას” ბართლომე ფირცხალაიშვილი?
– სულით-ხორცამდე გარყვნილი არაკაცი და ბოროტი ჯადოქარი – ბართლომე ფირცხალაიშვილი, თურმე ჩემზე აპირებდა “ფეიკ-გვერდით” ცილისმწამებლური ჭორის შემოგდებას და ჩემს დისკრდიტაციას გამოგონილი ამბის გავრცელებით! თითქოს, მე მაქვს ჰომოსექსუალური ურთიერთობა თეიმურაზ თათარიშვილთან, რომ ამგვარად ეძია ჩემზე შური. რათა ცილისწამებითა და ჩემთვის ჩირქის მოცხობით, საკუთარი თავი დაეცვა, რომ მომავალში მე არ დამეძრა ის თემა, რომელიც მის ამ ბინძურ შემოთავაზებას უკავშრდებოდა. (თვითონ საუბრობს ტელეფონში და ამის ტრანსკრიბცია აქვს დაკრებსილი ერთ-ერთ ოპერ-მუშაკს). ზოგადად, ეს არის საპატრიარქოს მეთოდი, როცა ვერავითარ დარღვევას ვერ გიპოვნის ზნეობრივ, სამართლებრივ, თუ სულიერ ასპექტში, იწყებს “კა.გე.ბეშნიკური” ხელწერით ბინძური ტყუილების გავრცელებას და ჩირქის მოცხობას. დიდება ღმერთს, რომ ასეთ ეშმაკეულებს და ნაძირლებს საბოლოოდ აქვე ავლენს, როგორც ეს ამ კრებსების გამოქვეყნებისას მოხდა.
– სოციალურ ქსელში განხორციელებული აქტივობებით, მედიასაშუალებებში გამოსვლებისას და ზოგადად, საჯარო სივრცეებში გაკეთებული განცხადებებით, გასაგებია, რისთვისაც იბრძვით. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ მიხვალთ სასურველ შედეგამდე? როგორია თქვენი მოლოდინები?
– მაინც ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს, რადგან გარდატეხა უკვე მოხდა, გარკვეულ სასიკეთო გარდაქმნებს აქვს ადგილი. მანამდე, თუკი, იყო ტაბუ, თუკი იყო ცენზურა, დღეს საზოგადოება, უკვე, ღიად საუბრობს ყველა ტიპის დარღვევაზე, დღეს საზოგადოება გაბრაზებული, განაწყენებული და იმედგაცრუებულია. დღეს საზოგადოება უფრო მეტად განათლებული და ინფორმირებულია, თუ რა არის ნამდვილი და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანობა. დღეს, უკვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, მეტი ხელმისაწვდომობაა სჯულის კანონზე, საეკლესიო სწავლა-მოძღვრების დოგმატიკის, ზნეობრივი ღვთისმეტყველების, ლიტურგიკის და კანონიკის კუთხით, შესაბამისად, მრევლი უფრო მოწიფულია, მეტად კრიტიკულ შეკითხვებს სვამს, მეტად ხედავს და ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას. ამიტომ, უფრო იმედიანად ვარ. მიუხედავად იმისა, თუ როდის დადგება ეს შედეგი, არ ვცვლი მიზნებს. ჩემი მიზანია, რომ ეს ცრუ ორგანიზაცია შეფასდეს ცრუ საპატრიარქოდ და შეიქმნას ნამდვილი, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური, თავისუფალი ეკლესია, ყოველგვარი ჰერეტიკული მინარევების გარეშე, რომელიც არ იქნება დაკავებული ბიზნესით, პოლიტიკანობით და ა.შ. მინდა ეკლესია, რომელიც სახარებას იქადაგებს სწორად, დაუბრუნდება იმ ძირძველ, მართლმადიდებლურ ფესვებს, რომელიც ზნეობრივად იქნება სანიმუშო და ამის პოტენციალი არსებობს ახალგაზრდა თეოლოგებში, რომლებიც მიმოფანტულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუკი ეს საზოგადოება იქნება ინტეგრირებული, თუკი ისინი ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მოვლენ (ჩემს გარდა), გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, მართლაც მივიღოთ ჭეშმარიტი ეკლესია.
მინდა მოვუწოდო ქართულ სამღვდელოებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც არ არის მაინცდამაინც საბჭოთა სივრცეში აღზრდილი, რომ აღიმაღლონ ხმა, მორალური, ზნეობრივი, კანონიკური, დოგმატური, სამართლებრივი გადაცდომების წინააღმდეგ, რომ იფიქრონ მომავალზე, როგორ შეხედონ თავიანთ შვილებს თვალებში, როგორ შეხედავენ ღმერთს თვალებში, როდესაც წარსდგებიან საშინელ სამსჯავროზე, მინიმუმ, სინდისს ჩაუკვირდნენ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვამუნათებს, იმ ძირძველ სამღვდელოებას, რომელიც საბჭოთა რუდიმენტია და ძველი პლეადიდან მოდის, მხოლოდდამხოლოდ იმას ვეტყვი, რომ მათ კიდევ აქვთ დარჩენილი შანსი სიკვდილამდე, მოინანიონ, ამხილონ და განუდგნენ ილია მეორის ამ დანაშაულებრივ რეჟიმს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს მიმართ ისინი (მინიმუმ) სოლიდარულნი იყვნენ დუმილით და არ გვლანძღონ, გადმოდიან იერიშზე და გვაბრალებენ, თითქოსდა გვაქვს პირადი წყენა, პოლიტიკური ინტერესები, თითქოსდა ფინანსურად გვკვებავენ და გვმართავენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს აქტიურობაში საკუთარ დაცემულობას ხედავენ და ამიტომ გვიპირისპირდებიან თითოეულ ჩვენგანს, რადგან ჩვენი სათქმელი, მათი მისამართითაცაა, ისე, რომ ჩვენ სახელობითად მათ არ ვაჟღერებთ, მაგრამ ისინი თავიანთ თავს აყენებენ საპატრიარქოს დამცველთა რიგებში. რადგან იციან, რომ თუკი რომელიმე მათგანი დაისჯება, დანარჩენებამდეც მივა ეს საქმე. მღვდლებს ერთმანეთთან სოლიდარობა აქვთ ცოდვაში და ისინი ვერ იტანენ იმ ადამიანს, ვინც, უშუალოდ, მას კი არ ამხელს, მაგრამ მისნაირს ამხელს და ეშინით, რომ მასთანაც მივლენ. ვერ გვიტანენ და ვძულვართ, რადგან ჩვენ, საზოგადოებას ვაფხიზლებთ. ბევრი ახლობელი მღვდელი გვაბრალებს, რომ თურმე, ჩვენ ბასილ კობახიძე გვმართავს, რომ მან შემოიტანა ჩვენში რაღაც ემოციური იმპულსები და შემდეგ, თავად გაუჩინარდა. ბასილ კობახიძეზე ამბობენ ამას ის კომფორმისტი მღვდლები, რომლებიც ყოველთვის, ყველა მთავრობის პირობებში კარგად არიან, რომლებიც გაზულუქებულნი ცხოვრობენ და პირს უკან ჩურჩულებენ საპატრიარქოს პრობლემებზე, ხოლო ღია სივრცეებში წვეულებებზე დადიან, წარჩინებულ პოლიტიკოსებთან, მდიდარ ბიზნესმენებთან და ა.შ. რაც შეეხება საზოგადოებას, ხალხი უნდა ებრძოდეს არა, პრობლემებზე მოსაუბრე ინდივიდებს, არამედ, პრობლემების შემქმნელ ადამიანებს ეკლესიაში. ვინ ქმნის ეკლესიაში პრობლემებს?! ის, ვინც უზნეობას სჩადის და არა ის, ვინც ამ პრობლემებზე საუბრობს საჯაროდ!
ავტორი: მზეკო ჟვანია
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას