logo.png

რა განაჩენს ადგენს პატრიარქი, მის მხილებაში ბრალდებული სასულიერო პირებისთვის?! – ექსკლუზიური ინტერვიუ დეკანოზ, ილია ჭიღლაძესთან

 

ბოლო რამდენიმე წელიწადია, სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები პატრიარქს არაერთ დანაშაულებრივ ქმედებაში და არასამართლიან გადაწყვეტილებებში ამხელენ. ეკლესიური კანონიკის გათვალისწინებით, არატრადიციული ორიენტაცია ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად ითვლება. საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიისა, თუ დაბალი რანგის საულიერო პირები კი, არაერთხელ იქნნენ მხილებულნი პედოფილიასა და მამათმავლობაში. თუნდაც, იგივე რანგის სასულიერო პირები, არც უმაღლეს სასულიერო წოდებას მორიდებიან და ილია მეორის მისამართითაც საჯარო, თუ დახურულ სივრცეებში არაერთხელ გაუჟღერებიათ პატრიარქის მიერ, მსგავს დანაშაულებებში მონაწილეობისა, თუ მფარველობის შესახებ. გულხელდაკრეფილი არც პატრიარქი მჯდარა და მის მხილებაში ბრალდებული სასულიერო პირებისთვის, საკმაოდ მძიმე განაჩენიც დაუდგენია. იქნებოდა ეს სამღვდელო წოდებების ჩამორთმევა, ეკლესიიდან განკვეთა, ეპარქიიდან დროებითი, ან სამუდამო განყენება, სინანულისთვის ათონის მთაზე, ან ნებისმიერ სხვა მონასტერში გამწესება, ეპარქიის შეცვლა, თუ სხვა.

გამომდინარე იქიდან, რომ პატრიარქი ერსა თუ ბერში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არგუმენტებით გაჯერებული ფაქტების მიუხედავად, მათი მხრიდან, უწმინდესის მიმართ ნდობა ჯერჯერობით არ შერყეულა. მამხილებელი სასულიერო პირები ამ მოვლენას თავისებურად ხსნიან და ამბობენ, რომ ერს უფლის ეშინია, სასულიერო პირებს კი შემოსავლის დაკარგვის. გარდა ამისა, სიცოცხლეშივე უწმინდესად შერაცხული პატრიარქის სადღეგრძელოს, ქართულ სუფრასთანაც სიამაყით სვამენ.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში 2017 წლიდან მსახურობს, ერთადერთი სასულიერო პირი არ არის, რომელზეც პატრიარქის მიერ დადგენილი განაჩენი გავრცელდა. დეკანოზი “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, როგორ “დასაჯა” ილია მეორემ ეპისკოპოს, მოსაყდრე შიო მუჯირის “ხელით” და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან იმ დანაშაულებებზეც გვიყვება, რომლებიც კრეფსებშიც არის მოცემული, თუმცა საეკლესიო კანონიკის დარღვევის გამო, არც ერთი მათგანი არ დასჯილა. უფრო მეტიც, ისინი, თავიანთ ეპარქიებში, პატრიარქისგან ნასწავლი სადამსჯელო მეთოდებით ხელმძღვანელობენ:

– საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში არსებული განუკითხაობებისა და უკანონობის ერთ-ერთი გამოკვეთილი მაგალითია, ირლანდიაში შექმნილი ვითარება, რომელიც მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულის მიერ 10 წლის მანძილზე უმართავი დამოკიდებულების გამო წარმოიშვა. იარაჯული წლების მანძილზე არ აქცევდა ყურადღებას დიდი ბრიტანეთის ეპარქიას, ისევე, როგორც დმანისის ეპარქიას. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ბრიტანეთში მთავარი პრობლემა წარმოიშვა მას მერე, რაც ზენონმა გადაწყვიტა, ერთი წლის წინ თბილისიდან ლონდონში გადმოსახლება და 10 წლის არსებული მღვდლის მამა დოროთე ბაქრაძის შევიწროვება და გადაყენება, ანუ გაშვება ეპარქიიდან. მრევლს ძალიან უყვარს და პატივს სცემს მამა დოროთეს და ცდილობენ დაიცვან ის. ამავე დროს, დიდი არეულობა იყო ბოლო წლებში მრევლშც და მღვდლებშიც ირლანდიის ქალაქ დუბლინში, სადაც მამა ნიკოლოზისა და მამა დავითის მრევლი ერთმანეთს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, როცა სექტემბრის თვეში ზენონმა გამოაცხადა, რომ მღვდელმოქმედების შეჩერებით სჯიდა მამა დოროთეს და მამა ნიკოლოზს, აქ უკვე კრიტიკულად დაიძაბა სიტუაცია, როგორც დუბლინში, ასევე ლონდონში, რადგანაც მრევლს არ უნდა მოძღვრის დათმობა. როგორც ამბობენ, ზენონ იარაჯული ბოლო ერთი წელია ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვს, მას ჰქონდა სავიზო პრობლემებიც და ამას დაერთო საქართველოს საპატრიარქოსთან შექმნილი კრიზისული ვითარება და დაპირისპირება ბოლო წლებში, რომელიც გამწვავდა 2021 წლის დასაწყისში, როცა მან თავისი დიაკონი ჯინჯოლავა პატრიარქის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, მსოფლიო პატრიარქ, ბართლომეს გადასცა. ამის მერე, ძალიან დაიძაბა საპატრიარქოსა და ზენონ იარაჯულს შორის ურთიერთობები, რომელიც 2021 წლის თებერვლის სნოდის დადგენილებასა და განჩინებაში აისახა. ეს, რათქმა უნდა არ განელებულა, უფრო და უფრო მწვავდებოდა. როცა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ილია მეორემ ზენონ იარაჯული საკონსულტაციოდ და ვითარების გამოსასწორებლად თავისთან დაიბარა, ზენონ იარაჯული არ ჩავიდა. ის დღემდე აჯანჯლებს და აყოვნებს საქართველოში ჩასვლას და პატრიარქთან შეხვედრას. ყოველშემთხვევაში, უკიდურესად ანარქიული და მძიმე ვითარებაა საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართულ სამრევლოებში და ეს ყველაფერი ისევ და ისევ, დიდწლიად, პატრიარქის ბრალია, რადგანაც მან, ისეთი სისტემა შექმნა და ჩამოაყალიბა საქართველოს ეპარქიებში, რომ ეპარქიათა დინება თვითდინებაზეა მიშვებული, ეპისკოპოსის “კეთილ ნებაზეა” დამოკიდებული, არანაირი ინსპექტირება, არანაირი მრევლის გამოკითხვა საპატრიარქოს მხრიდან არ ხდება, არც ვითარების შესწავლა, ამის გამო, ეს განუკითხაობა და ქაოსი მეტნაკლები სიმძაფრით, ყველა ეპარქიაშია და ზოგან, უკვე სკანდალებამდე და აჯანყებამდე მიდის. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მრევლი უპირისპირდება ეპისკოპოსს. ასეთი შემთხვევები ბოლო 10-20 წლის მანძილზე არაერთხელ მომხდარა. იგივე, ზესტაფონის ეპარქიაში, გორის ეპარქიაში, როდესაც 2001 წელს ეპისკოპოსი ახვლედიანი გააძევეს ეპარქიიდან და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ, ასეთი ვითარებები ხშირია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ეს გამოწვეულია არაკანონიერი და უსამართლო, უნამუსო ქცევების შედეგად.

– მეუფე ზენონის მიერ დასჯილ სასულიერო პირად ითვლებით და უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა მოხდა თქვენს შემთხვევაში?

– მე არ ვარ მეუფე ზენონის მიერ დასჯილი, მე საპატრიარქომ დამსაჯა. ჩემი კრიტიკული პოსტების, წერილებისა და ინტერვიუების გამო. ეს პირველად დაანონსდა 2021 წლის თებერვლის სინოდზე და შემდეგ უკვე, მოსაყდრე შიომ, იმავე წლის დეკემბერში გამოაქვეყნა მისი გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ მღვდელმოქმედება შემიჩერდა, რადგან ჩემი ბრალდებები ეკლესიასა და საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, ცილისწამებად და იერარქიის შეურაცხყოფად გამოაცხადა. რადგან მათ არ აწყობთ არანაირი კრიტიკის მიღება, თან, მათთვის მიუღებელია არსებულ პრობლემებსა და დანაშაულებებზე ღიად საუბარი, რადგან თვითონ არიან ამ ყველაფრის წყარო და შემოქმედნი. ამიტომაც, მათთან დიალოგს აზრი არ ჰქონდა, რადგან დამნაშავე თავს არასდროს დაისჯის, ამიტომაც, ის ძალაუფლება, რაც მათ აქვთ ეკლესიაში, საპატრიარქოს მაღალჩინოსნებს ვგულისხმობ, გამოხატეს დეკემბრის განჩინებაში და დაადასტურეს მოსაყდრე შიოს ხელმოწერით, როდესაც გამოაცხადეს, რომ სასჯელად მღვდელმოქმედების შეჩერება დამიდგინეს.

– როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა მათი ეს დადგენილება?

– ილია მეორე 45 წელია პატრიარქია. ამ დროის მანძილზე, ყველა სასულიერო პირი, ვინც მისი გაკრიტიკება გაბედა და ეკლესიაში არსებული პირების ქმედებები სააშკარაოზე გამოიტანა, ყველა დასაჯა. 1985 წელს იყო შიო ავალიშვილი, 1995 წელს ეპისკოოსი ქრისტეფორე წამალაიძე, 2000-იან წლებში დეკანოზი ბასილ კობახიძე და ა.შ. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ფონზე, ჩემთვისაც ნათელი იყო, რომ, თუ საჯაროდ დავიწყებდი სიმართლის თქმას, ვიცოდი რაც იქნებოდა საპატრიარქოს მხრიდან სასჯელი და დარწმუნებული ვიყავი, საპატრიარქო არ გაითვალისწინებდა, არც ერთ ჩემს შენიშვნასა, თუ კრიტიკას. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სტილით ხელმძღვანელობს პატრიარქი აგერ, უკვე მრავალი მელიწადია, მაგრამ მე, შეგნებულად წავედი ამ მსხვერპლზე საკუთარი სამღვდელო წოდებისა და კარიერის რისკის ქვეშ დაყენებით, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მთავარი არის სიმართლე და არა, საეკლესიო წოდებები, რომლებიც ბოროტებასთან შეგუების ხარჯზე ნარჩუნდება. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, აბსოლუტურად დაიპყრო ბოროტებამ, დაიპყრო დანაშაულებრივმა მაფიამ, შესაბამისად, გაჩერება და თუნდაც, დადუმება, დანაშაულად მიმაჩნდა.

– დღევანდელ რეალობაში, თითზე ჩამოსათვლელი სასულიერო პირები ბედავენ უმაღლეს იერარქიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებას.. თუ ამბობთ, რომ “შიგნით” ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაშინ რატომ არ არღვევენ დუმილს სხვები?

– არიან სასულიერო პირები, რომლებსაც აქვთ სურვილი ხმის ამოღების, მაგრამ ვერ რისკავენ, ეშინიათ ბევრი მიზეზის გამო, რადგან მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებულია მათ წოდებაზე და სოციალურად დაუცველად, მშივრებად დარჩენის შიში უფრო აქვთ, ვიდრე, სიმართლის თქმის გამბედაობა. სამწუხაროდ, ღმერთი ძალიან ცოტას ახსოვს ამწუთას. ილია მეორემ და ჩვენმა იერარქებმა, ასეთი კლიშეები ჩაბეჭდეს მორწმუნეთა გონებაში, რომ მთავარი არის მონური მორჩილება იერარქიისადმი, რომ იერარქიის მეთაური, პატრიარქი, ღმერთია ქვეყანაზე და მასთან შეწინააღმდეგება უფალთან შეწინააღმდეგებას ნიშნავს, რაც ცოდვა და დანაშაულია. სამწუხაროდ, ეს ყველამ დაიჯერა. ასევე, აქვთ შიში შემოსავლის წყაროს დაკარგვისა, რადგან მღვდელი ხომ მღვდლობით ცხოვრობს?! ზოგს მეურნეობა აქვს, ზოგს ბიზნესი და ცდილობენ ეკლესიისგან დამოუკიდებლადაც მიხედონ თავიანთ ეკონომიკურ მდგომარეობას. დიდწილად, მღვდლები ამას აკეთებენ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მიერ შექმნილი არალეგალური ხელშეწყობით და თუ, ისინი საპატრიარქოს დაუპირისპირდებიან, ავტომატურად უპირისპირდებიან ხელისუფლებასაც, რადგან ეს არის ერთი მთლიანობა, როცა ხელი ხელს ბანს და ერთად მოქმედებენ ძალაუფლებისა და მილიარდებისთვის. საპატრიარქოს უკან დგას: უშიშროების სამსახურიც, შინაგან საქმეთა სამინისტროც, სახელისუფლებო კლანიც და თავიდა თავი არის ის, რომ ქართველი მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა, პატრიარქის გაშმაგებული თაყვანისმცემელია და ილია მეორესთან დაპირისპირება, ნიშნავს, რომ დაპირისპირებაში შედიხარ, როგორც სახელმწიფოსთან, ასევე, საზოგადოებაში გაბატონებულ წრეებთან და შეხედულებებთან. ეს არის მიზეზი, რატომაც არ არღვევენ სასულიერო პირები დუმილს. მათ არ აღმოაჩნდათ ეს სითამამე. რაც შემეხება მე, არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე, მე გავაკეთე ის, რაც ჩემი სინდისისა და უფლის წინაშე მევალებოდა. განათლების ცოდნისა და შინაგანი აზროვნების მეშვეობით, რომ ღიად და ხმამაღლა მეთქვა ის, რაც ხდებოდა რეალურად.

– რაც შეეხება სინოდს და სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს: თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ სინოდი ფორმალურად იკრიბება და ყველა გადაწყვეტილება პატრიარქზეა. რას გულისხმობთ სინოდის ფორმალურობაში?

– თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც სინოდის თავმჯდომარე ილია მეორეა და სინოდი არის ფიქტიური და ფიქციური. ყველაფერი ჩვენს ეკლესიაში არის ილია მეორის დიქტატურის ქვეშ. ელემენტარულად, სინოდის მოწვევა-არმოწვევა, სინოდზე განსახილველი საკითხები, ყველაფერს ერთპიროვნულად პატრიარქი წყვეტს. სინოდის წევრები ისე შედიან სხდომის დარბაზში, წინასწარ არც კი იციან რა საკითხები უნდა განიხილონ. ეს არის ანომალია. ასეთი რამ, მსოფლიოს არც ერთ ეკლესიაში არ ხდება. სინოდის წევრებს არ აქვთ შესაძლებლობა, განხილვა-მსჯელობამდე წინასწარ გათვითცნობიერდნენ საკითხებში.

– რატომ არ აყენებს პატრიარქი საქმის კურსში სინოდის წევრებს?

– ერთადერთი, ეს არის პატრიარქის წარმოუდგენელი ამბიცია დიქტატურაზე, რომ მას არ უნდა საკუთარი ძალაუფლება სხვებს გაუნაწილოს. იმისთვის, რომ პატრიარქს ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები მორჩილებაში ჰყავდეს, სინოდი უნდა იყოს მისი ნებისმიერი სურვილის აღსრულების ინსტრუმენტი, ამიტომ აკეთებს ამას. ზოგადად, კანონიკური სამართლით, სინოდი უფრო მაღლა დგას, ვიდრე პატრიარქი. სინოდს შეუძლია პატრიარქის გადაყენება, გასამართლება, რაც არაერთხელ მომხდარა ისტორიაში. ილია მეორეს, ერთის მხრივ, მუდამ ჰქონდა ძალაუფლების დაკარგვის შიში, ამის გამო, ის, დღიდან ტახტზე ასვლისა, მიზანმიმართულად ცდილობდა სინოდი ჰყოლოდა მონობაში. ამას როგორ ახერხებდა?! ყველა კანდიდატი, ვინც გახდა სინოდის წევრი, უნდა ყოფილიყო კომპრომატირებული, ან მისი ნათესავი, ან, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომლისაც არ შეეშინდებოდა. როდესაც შეატყობდა, რომ ეპისკოპოსი არ იყო ბოლომდე სანდო, ან ზედმეტად წავიდა დამოუკიდებლობისკენ, ის ცდილობდა ისეთი კომპრომატები მოეძებნა, რომ ეს ეპისკოპოსი შეევიწროვებინა, ან სულაც განეკვეთა ეკლესიიდან და სინოდიდანაც. ამის არაერთი მაგალიათი გვაქვს 80-იან, 90-იან და ბოლო დროს განხორციელებულ მოვლენებში. თუნდაც, მეუფე პეტრე ავიღოთ მაგალითად, რომელიც ილია მეორემ იმის გამო დასაჯა, რომ მათ შორის, გარკვეული საკითხების მიმართ კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა იყო.

– თქვენ საუბრობდით ზენონ იარაჯულთან დაკავშირებითაც. ამბობენ, რომ ეს ეპისკოპოსი შორენა თეთრუაშვილის “ფავორიტია”…

– ზენონ იარაჯული იყო ილია მეორის გაზრდილი და მისი კალთიდან გამოსული, მისი ნაკურთხი ყველა წოდებაში. მღვდლობის პერიოდში ის საპატრიარქოს თანამშრომელიც იყო, საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ 20-25 წლის წინ. თავისთავად, შორენასთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. დაუწერელი კანონი იყო: ვერ იქნებოდი პატრიარქთან ახლოს, თუ ჯერ შორენა თეთრუაშვილთან არ იყავი ახლოს. 80-იანი წლების ბოლოდან ასეა. ახლა კი ამბობენ, რომ “ბოლო 2 წლის მანძილზე შიო მუჯირმა და ანდრია ჯამაიძემ შეავიწროვა თეთრუაშვილის გავლენებიო”, შეიძლება ასეც არის, მაგრამ აქამდე საპატრიარქოს ვერ გაეკარებოდი, თუ შორენასთან ვერ იქნებოდი ახლო ურთიერთობაში, რადგან ეს არის პიროვნება, რომლითაც ილია მეორე 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე მართავდა საქართველოს ეკლესიას. ის იყო მთავარი ხელი, რომელთანაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მასთან “მათხოვრობდნენ” პატრიარქთან შეხვედრას. იმიტომ, რომ პატრიარქი შორენა თეთრუაშვილის “ხელით” მართავდა საპატრიარქოს. ილია მეორეს ახასიათებდა და დღემდე ახასიათებს კომფორტისა და ფუფუნების სიყვარული, რაც გულისხმობს იმას, რომ ზედმეტი ტვირთით, ანუ წვრილმანი საკითხებით არ უნდა დაკავებულიყო. ამ ყველაფერს კი ათეული წლების მანძლზე შორენა თეთრუაშვილი ულაგებდა და უგვარებდა. შესაბამისად, ზენონსაც ჰქონდა მასთან ახლო ურთიერთობა, რადგან ზენონი ცხოვრობდა და მუშაობდა ასევე საპატრიარქოში.

– მეუფე ზენონი კრეფსებშიც მოხსენებულია, როგორც არატრადიციული ორიენტაციის სასულიერო პირი, საუბარი იყო სუსის მიერ აგენტების მიგზავნაზე, გეი-კლუბებში გადაცმულად სიარულზე და ა.შ. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაციები?

– ეს ინფორმაციები, სამწუხაროდ, ნამდვილია. ზოგადად, ჩემთვისაც დაუსვამთ შეკითხვა, “როდის გაიგე შენ ეს ამბავი?” რადგან ზენონი ჩემი ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი იყო 2016 წლის ბოლოდან. 2014-15 წელს ერთმა სასულიერო პირმა მითხრა ამ ამბის შესახებ, მაშინ ცილისწამება მეგონა და ვერ დავიჯერე. მაგრამ 2021 წლის დასაწყისში, თებერვალში, როცა სინოდის სხდომაზე დააყენეს საკითხი, მაშინ დამიკავშირდა ერთი ადამიანი ამერიკიდან და მომიყვა მისი ტრავმისა და ტრაგედიის შესახებ, რაც უკავშირდებოდა მეუფე ზენონის მიერ მასზე სექსუალურ იძულებას და ეს ადამიანი იყო ძალიან დიდი სტრესის ქვეშ, ტიროდა. აი, მაშინ, წელიწად ნახევრის წინ დავიჯერე (კრეფსების გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვით ადრე). იმის თქმა მინდა, რომ ნათელი მოეფინა იმას, რაზეც წლების განმავლობაში მუსირებდა ჭორები. მე რეალური ფაქტების გარეშე, არ მიყვარს ჭორების გავრცელება, ან თუნდაც, დაჯერება. ზენონი ილია მეორის ფავორიტი იყო 90-იანი წლების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში, ის იყო საპატრიარქოს სახე ტელევიზიებში, რომელიც განასახიერებდა საპატრიარქოს.

– თუმცა, “მცხეთის მოვლენების” შემდეგ, საკმაოდ დაიძაბა ზენონ იარაჯულსა და პატრიარქს შორის ურთიერთდამოკიდებულება, რაც მეუფე ზენონის მცხეთიდან დმანისის ეპარქიაში გადაყვანით “დაგვირგვინდა”…

– 2004 წელს, რამდენიმე მღვდელმთავარმა დაწერა ღია წერილი ილია მეორეს მიმართ. ეს შენიშვნები პატრიარქის დიქტატურული მეთოდებისა და სინოდის ფიქტიურობას ეხებოდა. წერილს ხელს სამი მღვდელმთავარი აწერდა: მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მეუფე აბრაამ გარმელია და მეუფე ზენონ იარაჯული. ეს ხელნაწერი იყო დიდი სილა, რომელიც გააწნეს მეუფეებმა ილია მეორეს. სადაც, კულტურულად და რაფინირებულად ჩამოუყალიბეს საკითხი მთელ საზოგადოებას და ილია მეორეს, რომ ეკლესიაში სინოდი არის ფორმალური, ვერაფერს ვერ აკეთებს, ყველაფერს მართავს ილია მეორე, სინოდის დადგენილებები, უმეტესად, არ სრულდება, მისი დღის წესრიგიც ხშირად გაუგებარია და ა.შ. ეს ძალიან საინტერესო წერილი იყო. სათანადო ყურადღებას იმსახურებს, რადგან ჯერ კიდევ 19 წლის წინ დაიწყეს ნელ-ნელა ღიად საუბარი დღევანდელმა სინოდის წევრებმა.

– საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არ არის ინფორმირებული, სინოდის სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით. წელიწადში რამდენჯერ უნდა იკრიბებოდეს სინოდი?

– ყველაზე მთავარი არის ის, რომ საეკლესიო კანონმდებლობა ითხოვს, სინოდის სხდომის ჩატარებას წელიწადში ორჯერ, მაგრამ ეს კანონი ილია მეორემ 2019 წელსაც დაარღვია, 2021-შიც და წელსაც. პატრიარქისთვის სინოდი არის იძულებითი არსებობა, რადგან ამას ავალდებულებს საეკლესიო კანონმდებლობა, თორემ, სინოდს ძალაუფლება და ავტორიტეტი წართმეული აქვს, სრულიად კასტრირებულია. სავარაუდოდ, დეკემბერში იქნება სინოდის სხდომა, რადგან 25 დეკემბერს ილია მეორის აყსაყდრებიდან 45 წელი გავა და ასე, საიუბილეოდ მოიწვევს რამდენიმე დღით ადრე სინოდს, ფორმალურად, საზეიმო დადგენილებით. სადაც, ილია შიოლაშვილს მიანიჭებენ ორდენებს, ტიტულებს, ეპითეტებს, დაიწერება ქებათა-ქება პატრიარქისა.

– რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს, როგორ შეაფასებდით მიმდინარე პროცესებს? ასევე, რომ გვითხრათ, რას ფიქრობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

– რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ამ საკითხთან მიმართებაში ერთი მნიშვნელოვანი საკითხის წამოჭრა მინდა, რასაც საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია. სექტემბერი იყო, თუ ოქტომბერი, გიორგი მამალაძემ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც ის წერს, რომ ინანიებს მის შეცდომებს, არ აპირებს საეკლესიო საქმეებში ჩარევას და მის დარჩენილ ცხოვრებას მიუძღვნის ოჯახს, ოღონდ, შვილებთან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს. მე ამას დავარქმევდი მონანიების წერილს, მაგრამ ქვეტექსტი რა არის?! ფაქტობრივად ამბობს: “მე აღარ დაგაშანტაჟებთ თქვენ, მთავარია მისცეთ თანხმობა ხელისუფლებას ჩემს გათავისუფლებაზე”. მართალია, 2-3 წლის წინ სინოდმა ხელისუფლებას ფორმალურად მიმართა მამალაძის გათავისუფლების თხოვნით, მორალური ნაბიჯი გადადგა საზოგადოების წინაშე, თუმცა, სინამდვილეში, ხელისუფლებას პატრიარქისგან არ ჰქონდა ნებართვა მამალაძის გათავისუფლებაზე, თორემ, ილია მეორეს პრინციპულად რომ ეთქვა, დეკანოზი გაეთავისუფლებინათ, ის ერთ დღეში დატოვებდა საპყრობილეს. ხოლო, რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ვიცი, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მამალაძე არ გამართლებულა. უბრალოდ, გარკვეულ პროცედურულ საკითხებზე, სტრასბურგის სასამართლოს აქვს შენიშვნები საქართველოს სასამართლოსთან, ეს არ არის მამალაძის ციხიდან გამოშვების პირდაპირი მოთხოვნა სტრასბურგის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, მარტივი და სასარგებლო არ არის მამალაძისთვის.

– საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი, ასევე, განკვეთილი ქართული ეკლესიიდან, მამა გიორგი სხილაძე ამზადებს მორიგ სარჩელს ევროსასამართლოსთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელოს სარჩელში შეტანილ მძიმე ბრალდებებზე საქართველოს ეპარქიის მიმართ?

– მამა გიორგი მამალაძის მიერ, ევროსასამართლოსთვის სარჩელის მზადება, რა თქმა უნდა მისასალმებელია, თუკი სტრასბურგის სასამართლო დაინტერესდება და განიხილავს, მაგრამ მე არ ვიცი და წინასწარ ვერ ვიტყვი რა შედეგები მოჰყვება. რამდენად დაინტერესდება სტრასბურგის სასამართლო, ამაზეა დამოკიდებული შედეგებიც. მე ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობა, დღემდე ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქართველების უმრავლესობას არ სურს დაინახოს რეალობა. სხვანაირად, შეუძლებელია პატრიარქს ნდობის 88% ჰქონდეს მათი მხრიდან. ასე, რომ თვითონ ქართველ ერშია პრობლემა, ის არსებული განუკითხაობა, რაც ჩვენს ეკლესიაშია შიოლაშვილის წყალობით, ქართველი ერის ბრმა და ჩაუხედავი მორჩლებისა და მონობისგან გაამყარა შიოლაშვილმა. როდესაც, ერი მიიჩნევს პატრიარქს, როგორც კულტს და იწონებს მას როგორც, უპირობი დიქტატორს სულიერ, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ საკითხებში, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ კრიტერიუმს, რა თქმა უნდა, იქ, არავინაა განმკითხველი და შემაჩერებელი.

– ფრესკებთან დაკავშირებით რომ გვითხრათ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს?

– ჯერ კიდევ პატრიარქობის დასაწყისში, ილია მეორემ თავისი თავი, მხატვარ, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძეს დიდუბის ეკლესიის კედელზე დაახატინა, ეს იყო დაახლოებით 1980-81 წლები. ამის გამო, 1983 წელს პატრიარქს სასტიკად აკრიტიკებდა მისი მიტროპოლიტი, შიო ავალიშვილი, რომელიც მის ე.წ. “საბოლოო წერილში” ითხოვდა, დაუყოვნებლივ წაშლილიყო ფრესკა, რადგან ეს იყო მკრეხელობა. თამარ მეფის გვერდით თანაბარ სიბრტყეზე, თანაბარი ზომით გამოსახული, როგორც წმინდანის თანასწორი პატრიარქი! მიტროპოლიტმა ამას უწოდა განდიდების მანია და ეს, უთხრა კიდევაც პატრიარქს, რის გამოც შიოლაშვილმა დასაჯა ავალიშვილი და ყველა წოდებიდან გადააყენა, ეკლესიიდან გააძევა. ილია მეორემ წმინდანების ფრესკების გვერდზე მისი გამოსახულების დახატვა წესად დაადგინა. ამის შემდეგ, არაერთ ეკლესიაში დაიხატა პატრიარქის ფრესკა. იერარქები, სასულიერო პირები, ქტიტორები და მეფეები, იხატებოდნენ სიცოცხლეშივე ტაძრის კედლებზე, მაგრამ ამას ჰქონდა შესაბამისი კანონიკა. ტაძრის კედლის დაბლა სიბრტყეზე, ვედრების პოზიციიდან, როგორც მლოცველი. დიდუბის ფრესკაზე ეს კანონიკა დარღვეულია, რადგან გამოსახულია ზედა რეგისტრში, წმინდანებს შორის, კვერთხით სტატიკურ პოზიციაზე. ის კანონიკა, რაც შუა საუკუნეებში იყო პატრიარქის გამოსახვასთან დაკავშირებით, დღეს აბსოლუტურად დარღვეულია, რომელსაც საზოგადოებამ რატომღაც ახლა მიაქცია ყურადღება. ამ ფაქტზე, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილიც წერდა, რომელიც ადრე “თაიმერზე” გამოქვეყნდა.

– სასულიერო პირების მხრიდან, ე.წ. “სიძულვილის ენით” საუბარმა, სოციალურ ქსელებში საზოგედოების გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ან, ნებისმიერი სხვა სასულიერო პირის მხრიდან მსგავსი გამოსვლები ერის რწმენაზე უარყოფითად იმოქმედებს?

– ამ ადამიანებმა, რომ კარგად წაიკითხონ ძველი და ახალი აღთქმა, წმინდა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ნაწერები, ან თვითონ იესო ქრისტეს სიტყვები სახარებიდან, არაერთი სიძულვილის ფრაზას იპოვნიან და იგივენაირად შეიძლება დავადანაშაულოთ ქრისტე მაგალითად იმაში, როცა ამბობს, რომ “ძაღლებს და ღორებს ნუ დაუყრით მარგალიტებსო”, ძაღლებში და ღრებში ადამიანებს გულისხმობდა. ე.ი. იესო ქრისტეც საუბრობდა სიძულვილის ენით! ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არ არის, ვინმე გავლანძღოთ, მთავარია, საკუთარი ემოციით ადამიანებს დავანახვოთ სიმართლე და რეალური სახე. არ შეიძლება დამნაშავე წმინდანად იყოს გამოცხადებული, დაუშვებელია, ბინძური და უწმინდური წმნიდანად ითვლებოდეს. სიტყვებით ბრძოლაში, სადაც, ჩვენს ემოციებსაც ვდებთ, ვარღვევთ დავარცხნილი ეტიკეტის ფორმებს, ეს გამოწვეულია საკითხის სიმძიმით, იმ საშინელი რეალობის გამო და არა იმიტომ, რომ მე ან, მათ არ გვაქვს კულტურა. სიტუაცია არის იმდენად მძიმე და იმდენად მძაფრი, რომ ემოცია ხშირად სხვა გზას არ გვაძლევს და გამოუვალი ვითარებაა. ვიმეორებ, ბიბლიაში ბევრად საშინელ სიტყვებს შეიძლება წავაწყდეთ ადამიანთა მიმართ, მათ შორის წყევლასაც, უკეთური მეფეებისა თუ მღვდელმთავრების მისამართით, მაგრამ ამის მიზეზი და საფუძველი, შექმნილი კატასტროფული, უსამართლო, ცოდვისმიერი, ბინძური და ბოროტი ვითარებაა. ვთვლი, რომ აღშფოთებისა და ემოციის მიზეზი არის ბუნებრივი და ლეგიტიმური.

– რამდენიმე კვირის წინ, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაწერეთ დაზიანებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებითაც და პარალელი გაავლეთ ტაძრების აღმშენებლობასთან. უფრო დეტალურად, რომ ავუხსნათ საზოგადოებას, რას გულისხმობდით აღნიშნულ პოსტში?

– წლებია ვიბრძვი, რომ ჩვენი ეროვნული საეკლესიო და კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და შენახული, მაგრამ საზოგადოება მაინც არ ინტერესდება სათანადოდ. არც ჟურნალისტები ინტერესდებიან. ასობით შემთხვევა მაქვს შეკრებილი, სამღვდელოების მიერ , რემონტებისა და განახლებების წყალობით დაზიანებული ეკლესია-მონასტრებისა (გადაკეთება, მიშენება, მოშენება, ძველის წაშლა, ახლიდან მოხატვა და ა.შ.). საპატრიარქო ამ ყველაფერს აიგნორებს, თვალს ხუჭავს. წარმოიდგინეთ, ეკლესიაში, ახალი იატაკის ქვეშ დაფარეს მე-19 საუკუნის საფლავის ქვები და მე-18 საუკუნის ეკლესიის კედლებს სრულიად ახალი ქვის პერანგი შემოარტყეს, რითაც დაიმარხა და დაიფარა ძველი ეკლესიის არქიტექტურა და ფასადები. სწორედ, ამის შედეგად მივიღეთ, ძველი მემკვიდრეობის განადგურების რეალობა. დღეს, გვაქვს არა მე-18 საუკუნის ეკლესია, არამედ, 21-ე საუკუნის კიჩი, რესტორანი “თაღლაურას” სტილში. გაანადგურეს ისტორიული საფლავები, ამაზე მეტი რა უნდა ქნან?! ასეთი და მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია… სამღვდელოებამ დააზიანა და დაამახინჯა, ურბნისის სიონი, რუისის საკათედრო ეკლესია, რუისის წმინდა დიმიტრის ეკლესია, ყინწვისის მონასტერი, ალავერდის მონასტერი, ნავთლუღის წმ. ბარბარეს პატარა ეკლესია… სამწუხაროდ, რამდენიც გინდათ იმდენია, დაზიანებული ძველი მემკვიდრეობის ფაქტები. ასევე, დაამახინჯეს და ავთენტურობა დაუკარგეს ციხესიმაგრეებს, მაგალითად, ძამის, ზოვრეთის, ციციშვილების ციხე და ა.შ. ამ ყველაფერს ანადგურებს საპატრიარქო და ხელისუფლება ჩუმად არის, თვალს ხუჭავს, არც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა არ ხდება, რადგან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ სამღვდელოებასთან, რადგანაც, სამღვდელოებაში ისინი ხედავენ საარჩევნო ხმებს და მრევლზე ზემოქმედების ბერკეტს.

– თქვენ, ქართველი მართლმადიდებლებისადმი კათოლიკეთა ქველმოქმედებაზეც საუბრობდით…

– რომის კათოლიკურმა ეკლესიამ, ქართველ მრევლს და საქართველოს საპატრიარქოს სამღვდელოებას, ევროპაში წირვა-ლოცვის აღსავლენად ათეულობით ეკლესია დაუთმო, რადგან ჩვენ, ქართველებს ევროპაში არ გვქონდა არაფერი, არც ყიდულობდნენ და არც აშენებდნენ. ვიყავით ასე, ღია ცის ქვეშ. ამიტომაც, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ, ქართულ საპატრიარქოს და მის სამღვდელოებას იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და სხვადასხვა ქვეყნებში თავისი ტაძრები დროებითი, ან ხანგრძლივი ვადით გამოსაყენებლად დაუთმო. საუბარია, არამხოლოდ დახურულ ტაძრებზე, არამედ, მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებზე.

– დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაში, მღვდლების მხრიდან, მრევლი “განებივრებულია” მრავალფეროვანი ქადაგებებით. რა არის სიმართლე, რაც ქადაგებებისას უნდა მიდიოდეს მრევლამდე?

– ბოლო წლებია, ჩემი მთავარი ქადაგება და აქცენტი არის, რუსული გავლენების მხილება და მასთან ბრძოლა. რადგანაც რუსეთი (კრემლი) მართლმადიდებლობას, ეკლესიას და რელიგიას იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად. რათა, ადამიანები დააშოროს და დააპირისპიროს დასავლეთის სამყაროს, მსოფლიო ცივილიზაციას, ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებსა და ხალხებს. ამისთვის, ის იყენებს არაერთ ინსიმულაციას, არაერთ ტყუილს, ყალბ ინფორმაციას. დღეს, ჩვენი უამრავი მღვდელი და ეპისკოპოსი, ამ ყველაფრის რუპორი, მქადაგებელი და გამავრცელებელია. მინდა, პირველ რიგში, ჩვენი მართლმადიდებლობა გავწმინდოთ ამ ბინძური სარეველასაგან, რუსული პოლიტიკური ფსევდო-მართლმადიდებლური მენტალიტეტისა და შეხედულებებისაგან. რაშიც მყარად არის გახვეული ილია მეორე, როგორც “რუსეთის კადრი”, რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი, ნასწავლ-ნაკურთხი და იქიდან გამოგზავნილი ქართულ ეკლესიაში. თავისთავად, მოსაყდრე შიო მუჯირიც. უამრავი ჩვენი მღვდელმთავარი და მღვდელი, დაუფარავად არის რუსეთის აგიტატორი. ჩემი მთავარი მიზანია, ადამიანებმა დაინახონ, რომ ჩვენი ეკლესია, დღეს, ქცეულია რუსეთის პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ხდება ნამდვილი, მართლმადიდებლური სარწმუნოების გაყალბება, რასაც ქადაგებენ ჩვენი მეუფეებისა და მღვდლების დიდი ნაწილი, ამაში ჩვენი საპატრიარქო აქტიურად უწყობს ხელს. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, პატრიარქის, მოსაყდრის, ჩვენი მიტროპოლიტებისა და სხვა ეპისკოპოების აბსოლუტური უმრავლესობის მორალური და სულიერი დაცემა, მავნებლობა. ესენი არიან არამხოლოდ ქრისტეს ეკლესიისა და მცნებების მოღალატეები და დამრღვევები, არამედ, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის მომავლის მტრები, რუსეთის დაკვეთის შემსრულებლები! ეს უნდა დაინახოს ჩვენმა ხალხმა და ამ სულიერი ხაფანგიდან გამოვიდნენ, რაც საბჭოთა “კაკებემ” დაუგო საქართველოსა და ქართველ ერს! ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდა ექვთიმე ათონელი (მთაწმინდელი) ჩვენი ხალხის მეამიტობასა და გულუბრყვილობაზე, რომლებიც ადვილად ტყუვდებიან და ეგებიან მახეში. სწორედ, ამ მეამიტობამ, გაუთვითცნობიერებლობამ და გაუნათლებლობამ, ჩვენი ხალხი ჩასვა სულიერ, სოციალურ, რელიგიურ, თუ პოლიტიკურ ჭაობში. ჩვენ ვართ ეროვნული გენოციდის ქვეშ, რაც რუსეთმა 1992 წლიდან მოგვიწყო და დღემდე გრძელდება. სწორედ, ამ გენოციდის შედეგებია, არამხოლოდ დაკარგული მიწები და ასიათასობით დევნილი, არამედ, დღეს, ქართველთა წარმოუდგენელი ნაკადი ევროპასა და ამერიკაში.

ავტორი: მზეკო ჟვანია

ნანახია: (569)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას