“ესაა ჩემი ყველაზე საყვარელი წინასწარმეტყველი _ იერემია.. ის იყო ძლიერი ქომაგი და გულშემატკივარი თავისი ქვეყნისა და სარწმუნოებისა, რომელიც იმ დროისათვის მისი თანამედროვეების მიერ იყო მცდარად გაგებული და შერყვნილი, ერთი სიტყვით, დამახინჯებული...რა ძალა ედგა ამ კაცს, რომ თავისი წრფელი მხილებით, მძვინვარება აღძრა მხილებულ ადამიანთა გულებში და თავს დაიტეხა ვაიპატრიოტთა და ვაიმორწმუნეთა საყოველთაო რისხვა და სიძულვილი? რა ამოძრავებდა საამისოდ? რომ ასეთი გულმართალი, ჭეშმარიტების მაუწყებელი და ცოდვების (უსჯულოების) მამხილებელი კაცი ქვეყნის მტრად და ყველაფერი უბედურების მოთავედ მონათლეს? გლეხურად რომ ვთქვათ, რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი, რამდენიც მას...რატომ გაწირა ასე თავი გამუდმებული სკანდალებისთვის და დევნისთვის, მეთვალყურეობისთვის, სამასხაროდ აგდებისთვის, ცილისწამებისთვის, ეკლესიიდან გაგდებისთვის, ცემა-ტყეპისთვის, საპყრობილისთვის, სიღარიბისთვის, ქვებით ჩაქოლვისთვის, სასტიკი სიკვდილისთვის? როგორც კირკეგორი იტყოდა: „რისკიანი მარტო დგომისთვის“?! არადა მართლა არავინ იყო დუნიაზე მასზე უფრო ადამიანთმოყვარე, კეთილშობილი, ხალხისა და ქვეყნისთვის გამუდმებული მლოცველი, ქომაგი, გულთან ახლოს მიმტანი...სამშობლოსა და ხალხის ბედზე დამწუხრებული და მზრუნველი .... არავის სტკიოდა მასსავით აოხრებული და დაქცეული იერუსალიმი. შვილმოკლულ მამასავით დასტიროდა მას, თავად უშვილ-ძირობისთვის განწირული, მარტოკაცი. რადგან ასეთი იყო უფლის დავალება.. მოწოდება. ბედისწერა, ანუ „სხვაგვარად ყოფნის ვერშემძლებლობა„.„„დღისით და ღამით დამიმძიმდა შენი ხელი ჩემზე უფალო.“ უფლის ხმამ მაინცდამაინც ის გამოირჩია, თანაც დედის მუცლიდანვე, მასთან მივიდა. ამ ხმის წინაშე კი არჩევანი არ არსებობს.. ეს ხმა ანუ სიყვარული უკარნახებდა მას, რომ მკაცრად ემხილებინა სჯულის დამრღვევი მღვდლები. როგორი მრისხანე და შეუბრალებელი იყო, როცა ამბობდა უსამართლოდ აღზევებულებზე, ბიწიერ დიდებულებზე და პამპულა მღვდელმსახურებზე: „გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც დაწინაურდნენ.“ ერთხელ ერთმა მღვდელმა სცემა კიდეც მას ამ სიმართლისთვის იერუსალიმის ტაძარში და დილეგში ჩააგდო უფლის ნების გაცხადებისთვის. რა ძალა ედგა-მეთქი, აკი ვიკითხე ზემოთ... რა არ ასვენებდა? ეცხოვრა სხვებივით, გაჩუმებულიყო, ესვა, ეჭამა, ელხინა......შეერგო ეს პრიმიტიული ცხოვრება და წუთისოფელი...განა თვითონ არ სწუხდა და არ ჩიოდა ამ თავისი უცნაური, ზეგარდამო ახირებულობის გამო? იმ „სხვაგავრად ყოფნის ვერშემძლებლობისა“ გამო?!...უბედურებისა და მწუხარების ამოუწურავ წყაროდ რომ ექცა ეს თავისი სახიფათო საქმე და სიმართლე.. რისთვისაც გაჩნდა, რისთვისაც მოევლინა ამ ქვეყანას. დაბადებას იწყევლიდა, დედას შესჩიოდა, რატომ დამბადეო ასეთადო...: „ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის ბრალმდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ..ყველანი მე მწყევლიან.“....ამ უაღრესად პოეტურ სიტყვებში კარგად ჩანს, თუ როგორ ვეღარ უძლებს ჩვეულებრივი ადამიანური სხეული ზეადამიანურ ძაბვას. მაგრამ, როგორც ჩანს, უფლის რჩეულნი უძლებენ: „შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი, ჩამიჭირე და დამძალე, ყოველდღე საცინად მიგდებენ, ყველა მამასხარავებს....და ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.“. ასე რომ, სწორედაც, უფლის მადლია, რომ მის რჩეულებს სიმართლის ჭეშმარიტ გმირებად აქცევს, რომლებიც ხედავენ საშიშროებას, მაგრამ გრძნობენ ვალდებულების სიწმინდეს და ურყევად მიაბიჯებენ იმ თავიანთ „ვიწრო და ძნელად სავალ“ გზაზე, რომელიც ყველასთვის არაა. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებს, ის მაინც გვმართებს, რომ თუკი ვერ მივბაძავთ მათ და ვერ მივემსგავსებით.. ქე მაინც ნუღარ გავლანძღავთ და ნუ დავამცირებთ მათ. რადგან მოვა დრო და ძალიან შეგვრცხვება, ჩვენს წინაშე მოსიარულე ღირსება რომ ვერ ვიცანით, ვერ მივიღეთ და შეურაცხვყავით იგი. რადგან დრო აჩენს გმირს. გმირის გამოცნობა კი ასე ადვილი არაა...და რომც იყოს.. ვის აწყობს მისი მიდევნება?...ის ხომ წუთისოფლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს...გერია წუთისოფლისთვის, მრისხანე დედინაცვალისთვის, რომელიც დევნის მას, როგორც უცხო თესლს......გმირი წუთისოფლის ბრიყვულ კანონებს არღვევს და სრულიად ახალ წესრიგს ამკვიდრებს...რომელსაც საბოლოო ჯამში, ადამიანთათვის მხსნელი სიკეთე, თავისუფლება და სხვანაირი სიხარული მოაქვს...ნამდვილი და წრფელი.. რადგან „არსება მისი გრძელია!“”
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (476)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას