logo.png

პატრიარქის შურისძიება, თუ სამართლიანი სასჯელი?! – ექსკლუზიური ინტერვიუ მეუფე პეტრე ცაავასთან

ბოლო სამი წელიწადია ჭყონდიდის ეპარქიის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი აქტუალურობას ინარჩუნებს. მას შემდეგ, რაც 2019 წლის ოქტომბერში, სინოდის სხდომაზე, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა პეტრე (ცაავამ) პატრიარქი და წმინდა სინოდის წევრთა ნაწილი, მძიმე დანაშაულებებში ამხილა, სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მღვდელმოქმედება აუკრძალა და მოსანანიებლად მონასტერში გაამწესა. წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, მეუფე პეტრეს სინანულისაკენ ერთხმად მოუწოდეს. მიტროპოლიტმა პეტრემ თავი დამნაშავედ არ სცნო და სინოდის მოწოდებას, მონანიების თაობაზე, არ დაეთანხმა.

“თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ პატრიარქთან და წმინდა სინოდთან დღემდე ღია დაპირისპირებაშია და მისი განყენება პატრიარქის პირადი შურისძიებაა. ჩვენთან საუბრისას მიტროპოლიტი, დეკანოზ, გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით ვრცლად საუბრობს და განმარტავს, რომ დეკანოზი პატრიარქის პირადი პატიმარია და იმის მიუხედავად, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, პატრიარქი და მისი გარემოცვა მაქსიმალურად აფერხებს დეკანოზის გათავისუფლებას. მიტროპოლიტი, გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისინი მართლაც თანახმა არიან დეკანოზი პატიმრობიდან გათავისუფლდეს, თუმცა, სინოდი ჯერ არ შეკრებილა და შესაბამის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოფიციალურად არ მიუღია.

ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი, “თაიმერთან” ექსკლუზიურად საუბრობს მისი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დეტალებზე. როგორც ირკვევა, ყოფილმა პრემიერმა, მეუფე პეტრეს პირად საუბარში განუმარტა, რომ მიტროპოლიტმა ივანიშვილისგან აღნიშნულ საკითხზე მხარდაჭერა მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღო, რადგან ივანიაშვილისთვის და მისი გუნდისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ავტორიტეტული ეკლესიისა და პატრიარქის საჭიროება იდგა.

მეუფე პეტრე ასევე, შეფასებას აკეთებს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სინოდის გადაწყვეტილებებსა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე.

-28 ოქტომბერს სინოდის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ წმინდა სინოდი თანახმაა, გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მათ, ასევე გამოთქვეს მზაობა, რომ სინოდის წევრები დეკანოზს თავდებში ჩაუდგნენ ხელისუფლებასთან…

-დავიწყოთ იქედან, რომ სინოდი არ შეკრებილა და ყველა წევრი განცხადებას ვერ გააკეთებდა. განცხადება გააკეთა მასხარა, უპასუხისმგებლო მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. შესაბამისად, სამი წლის წინაც, 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე, თითქოს, პატრიარქმა და მთელმა სინოდმა მიმართა პრეზიდენტს, რაც ასევე, თაღლითობა აღმოჩნდა და ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს, სამი წლის მანძილზე პრეზიდენტი არ აკმაყოფილებს პატრიარქისა და სინოდის წევრების ერთობლივ მოთხოვნას. მას შემდეგ, ჩვენ ვნახეთ არაერთი ვოიაჟები მათი შეხმატკბილებული ურთიერთობის: პრეზიდენტის და პატრიარქის, ასევე, საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის ერთობლივი ვიზიტები ევროპაში და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა დამაფიქრებელია და ჯანსაღი საზოგადოების ნაწილს არ სჯერათ სინოდის გულწრფელობისა, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხებში. სინოდის წევრთა უმრავლესობა ნამდვილად არ არის წინააღმდეგი გიორგი მამალაძის გათავისუფლების და ეს მეც შემიძლია დავადასტურო. წინააღმდეგია პატრიარქი და მისი ბანდა, მისი გარემოცვა, მისი მდივან-რეფერენტი და ა.შ. პატრიარქის ნების შემთხვევაში, უდანაშაულო, ავადმყოფი და პარალიზებული მღვდელი ამდენი ხანი პატიმრობაში არ დარჩებოდა, ის რომ არ იყოს პატრიარქის პირადი პატიმარი.

-თქვენ მაშინაც ძალიან მწვავე განცხადებები გქონდათ და ეწინააღმდეგებოდით დეკანოზის დაკავებას… როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა გიორგი მამალაძე პატრიარქის პირადი პატიმარი?

-ვინაიდან, ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, ამ თემას აღარ დავუბრუნდები და ჯერ სიღრმისეულად არ განვიხილავ. მირჩევნია, რომ შემდეგ ვიმსჯელოთ, ან თავად მამაომ ისაუბროს, როცა გათავისუფლდება. იმედს ვიტოვებ, რომ დეკანოზი ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს და თვითონ გააკეთებს განცხადებას. რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა დაბრუნდეს სინოდის, ანუ, საეკლესიო სასამართლოს ფორმატში.

-დეკანოზ, გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაჩენს ევროსასამართლო 3 ნოემბერს გამოაცხადებს. როგორ ფიქრობთ, იყო თუ, არა სინოდის წევრის ეს განცხადება, ევროსასამართლოს განაჩენთან კავშირში?

-რა თქმა უნდა კავშირს ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ. ბუნებრივია, რომ მათ ძალიან აღელვებთ გადაწყვეტილების გამოცხადების მოახლოება. მით უმეტეს, ხელისუფლების გავლენები ნაკლებად მიაღწევდა სტრასბურგის სასამართლობდე, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა.

-საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს, რომ პატრიარქი გადადგომას აპირებს, თუმცა, გასულ წელს ამაზე საუბარი იყო. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა პატრიარქმა გადადგომა, თუკი, ჯაღმაიძის თქმით, ამაზე შარშან ნამდვილად იყო საუბარი?

-პატრიარქი, როგორც საბჭოთა სამღვდელოების წარმომადგენელი და საბჭოთა სპეც-სამსახურების მიერ დანიშნული და არა არჩეული, რომლის “არჩევასაც” თავის დროზე, თავად რუსეთის პატრიარქი ესწრებოდა, აქედან უნდა დავიწყოთ, რომ საერთოდ, უკანონო და არალეგიტიმურია მისი არსებობა. დიახ, არალეგიტიმურია მისი არსებობა, 1983 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც მიტროპოლიტმა, შიო ავალიშვილმა ის ამხილა ე.წ. სოდომის ცოდვის მფარველობაში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში სუფევდა! არალეგიტიმურია მისი არსებობა ამ ტახტზე 2017 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მან ე.წ. მოსაყდრე დაასახელა, თუმცა, შემდეგ არ გადადგა და არ მისცა მოსაყდრეს დებულებით მისთვის გათვალსწინებული უფლება-მოვალეობის აღსრულების შესაძლებლობა, რაც პატრიარქის არჩევის სხდომის მოწვევას გულისხმობდა; არალეგიტიმურია მისი არსებობა 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ, როდესაც მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ის პირადად ამხილა სოდომის ცოდვაში და მოითხოვა საეკლესიო სასამართლოს ფორმატში ამ წაყენებული ბრალის დამტკიცება და სამი წელია პატრიარქი სდუმს, ამაზე არანაირი სასამართლო არ ჩატარებულა, მე არ მომეცა უფლება ამ ბრალის დამტკიცებისა. ბრალდებები ჩვენ უკვე მოვისმინეთ სატელევიზიო ფორმატითაც იმ დაზარალებული ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისგან, რომლებიც ამხელენ მას ძალადობაში. ჩვენ ბუნებრივია, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში პატრიარქი სდუმს, სინოდი სდუმს და საზოგადოებაც კი სდუმს და არ ითხოვს სიმართლის გარკვევას ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში.

-პატრიარქის გადადგომის შემთხვევაში, როგორ მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა? თქვენი აზრით ვინ არის საპატრიარქოს კანდიდატი?

-ჯერ, გარეშე ძალებზე ვისაუბროთ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებით. იქნება ეს კრემლი, თუ რუსული სპეც-სამსახურები, რომლებმაც გავლენები შეინარჩუნეს საქართველოს საპატრიარქოზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც. საქართველოს საპატრიარქოს კანდიდატურა ახალ პატრიარქთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, რუსეთის სპეც-სამსახურებისა და მოსკოვის საპატრიარქოს კანდიდატურას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჯერ ამ კუთხით უნდა აღსრულდეს სამართლიანობა, მან დატოვოს, საპატრიარქო ტახტი, რადგან მოსაყდრე დაასახელა. ასევე, ის მხილებულია მძიმე დანაშაულებებში და ამ ბრალდებებისგან ის თავს ვერ იმართლებს და ვერც გაიმართლებს, რადგან მხილება არის ჭეშმარიტი! შემდგომში კი, დღის წესრიგში დადგება ახალი პატრიარქის არჩევა. მე მიმაჩნია, რომ ქართველმა ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა რუსულმა სპეც-სამსახურებმა. 45 წელია დღემდე გვყავს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დასმული პატრიარქი. მთავარია, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჰყავდეს, დანიშნული პატრიარქი, საქართველოს უნდა ჰყავდეს ღვთისგან და ერისგან რჩეული სულიერი წინამძღლი, როგორც ხმა ღვთისა და ხმა ერისა.

-თქვენ, თუ ხედავთ ვინმეს, ვისაც მოიაზრებთ? საპატრიარქოში არის ასეთი კანდიდატი, რომელიც შესაძლოა, ახალი პატრიარქი გახდეს?

-ღმერთი გამოაჩენს! საპატრიარქო ბოროტების ბუდეა და შეუძლებელია ამ ბოროტების ბუდეში რაიმე ჯანსაღი არსებობდეს და იქედან მოევლინოს ღვთის რჩეული საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მაგრამ ქართველმა ერმა არ უნდა დათმოს, რადგან ეკლესია არის ერის სული და ეს უმნიშვნელოვანესი არჩევანი იქნება. ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ღირსების საკითხი იქნება ქართველი ერისთვის პოსტ-საბჭოთა ეპოქაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პირველად დადგება დღის წესრიგში ერის სულიერი წინამძღოლის არჩევა.

-მარტვილის ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე ”თაიმერმა” არაერთხელ გაავრცელა ფოტო, თუ ვიდეო მასალა, სადაც, კარგად ჩანს, რა ვითარებაა მონასტერში…

-ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ჭყონდიდის ეპარქიაც არის მიტაცებული ბოროტი ძალების მიერ. იმიტომ, რომ აბსურდი იყო ჩემი დასჯა შურისძიებით, რადგან ეს იყო წმინდა წყლის შურისძიება და კანონიკურ სამართალთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა პატრიარქის მიერ გამოცხადებულ, ჩემს მიმართ უკანონოდ გამოტანილ ე.წ. “ოთხგზის მსჯავრს”. შესაბამისად იქ, მუდმივ მმართველობაში ეპისკოპოსის გამწესება იყო დანაშაული და საეკლესიო კანონის უხეში დარღვევა.  შესაბამისად, ეპისკოპოსად წოდებული სტეფანე კალაიჯიშვილი, რომელიც არის ცილისმწამებელი, უპასუხისმგებლო, ანტიქრისტიანი და ბოროტი ძალების მიერ მართული, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან. მისი სახით დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში უკანონობაა, სუფევს ბოროტება და რა თქმა უნდა, ისევე, როგორც აღმშენებლობის თვალსაზრისით, სულიერი თუ ფიზიკური თვალსაზრისითაც, ეს ადამიანი ჭყონდიდის ეპარქიას მოევლინა, როგორც დამაქცევარი და დამანგრეველი.

-მას შემდეგ, რაც ჭყონდიდიდან თქვენი განყენება მოხდა, როგორ შეაფასებდით მეუფე სტეფანეს მოღვაწეობას ეპარქიაში?

-2021 წლის თებერვლიდან აბარია მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქია. ამ ადამიანთან მიმართებაში, ძალიან უხერხულია გამოვიყენოთ სიტყვა მოღვაწეობა, ის არის ცილისმწამებელი, მატყუარა და ცრუ ეპისკოპოსი, შესაბამისად, მისი იქ არსებობა არის ეპარქიის მიტაცება და უკანონობა.

-პატრიარქთან დაკავშირებითაც არაერთხელ გითქვამთ, რომ სხვადასხვა ეპარქიებში ე.წ. “დასმული ეპისკოპოსები” ჰყავს. თქვენ სად ხედავთ გამოსავალს, რა გზით შეიძლება საზოგადოებამ სიმართლე დაინახოს, თუკი, ჩვენ ახლა სიცრუეში ვცხოვრობთ? რეალურად, სასულიერო პირი უნდა იყოს მაგალითი საზოგადოებისთვის, როგორ ფიქრობთ, რა გზით უნდა გამოსწორდეს ვითარება?

-უნდა გაიღვიძოს ერმა! ერის გამოღვიძების ჟამი, საქართველოს ჰქონდა ეროვნული ხელისუფლების მმართველობის დროს, როცა ქვეყანის პრეზიდენტი ბატონი, ზვიად გამსახურდია გახლდათ. ის იყო ღრმადმორწმუნე, მართლმადიდებლური აზროვნების ადამიანი, სასულიერო კანონების ზედმიწევნით მცოდნე და მას ჰქონდა სწორი ხედვა და სტრატეგია, როგორც კავკასიის რეგიონთან, ასევე, ეკლესიასთან მიმართებაში. ის ამზადებდა ახალ რუის-ურბნისს, რადგან მან იცოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, უნდა გათავისუფლებულიყო ე.წ. “წითელი სამღვდელოებისაგან”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველ ერს არ აქვს მომავალი. შემიძლია ციტატა მოვიყვანო, ეს მისი სიტყვებია: “წითელი სამღვდელოების” გამრავლებამ, გამოიწვია არნახული მორალური გახრწნა სასულიერო პირთა რიგებში. ეს 60-იანი წლებიდან, პატრიარქი ეფრემის პერიოდიდან იწყება”. დღემდე, ილია შიოლაშვილი არის ამ “წითელი სამღვდელოების” წარმომადგენელი და ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში უნდა დავასრულოთ საბჭოთა მემკვიდრეობა. ჩვენი ერის მდგომარეობა, პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკლესიაში არსებულ მდგომარეობასთან.

-ფაქტია, ვერავისთან პოულობს საერთო ენას მეუფე სტეფანე, თქვენც ამბობთ, რომ მონასტერს ვერ პატრონობს, ჰყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტის შეცვლის დრო დადგა?

-საქართველოს ეკლესიაში არსებული პრობლემები, მხოლოდ სტეფანე კალაიჯიშვილს არ უკავშირდება. სამწუხაროდ, პრობლემა გლობალური და სისტემურია. სტეფანეც ამ მახინჯი სისტემის, უკანონობის, ცრუქრისტიანობისა და უსამართლობის შემადგენელი ნაწილია. რაც, 2007 წლიდან ფიზიკური, თუ სულიერი აღმშენებლობა მიმდინარეობდა, ბოროტ ძალებსა და ანტიქრისტეს მესვეურებს შეშურდათ და ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ამ შურის გამოვლენა მოხდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მხრიდან. შურით შეპყრობილი ბოროტი ძალების იარაღი აღმოჩნდა პატრიარქი, სტეფანე, გრიგოლ კაცია, სინოდის წევრთა და ეპარქიაში არსებული სამღვდელოების გარკვეული ნაწილი, რომ დასრულებულიყო ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა, ბერ-მონაზონთა გამრავლება და წესრიგის არსებობა. ეპარქია ამ კუთხით იყო ერთ-ერთი სამაგალითო. მე სამღვდელოებასთან ვამბობდი, რომ: “თქვენ მე მომთხოვეთ პასუხი ნებისმიერ დარღვევაზე, არ მაპატიოთ უპატიებელი დანაშაული და დარღვევა, იყავით ჩემს მიმართ მკაცრად მომთხოვნნი, მაგრამ მეც ვიქნები მკაცრი, მომთხოვნი და სამართლიანი თქვენს მიმართ!”. ვიხელმძღვანელოთ, თამარ მეფისეული პრინციპით, როდესაც მან საეკლესიო კრებაზე მოუწოდა ერს: “არავინ დაზოგოთ, ამხილეთ ყველა, ჩემით დაიწყეთ მხილება. არავის მოერიდოთ დიდებისა და პატივის გამო, მაგრამ არავინ დაჩაგროთ დიდებისა და პატივის არ ქონის გამო!” ეს არის გამოსავალი და ეს გამოსავალი პატრიარქს შევთავაზე 2018 წლის სინოდის სხდომაზე: “დიდუბის ეკლესიაში საკუთარი ფრესკა, რომ თამარ მეფის გვერდზე გამოსახეთ, მიბაძეთ თამარ მეფეს, გამოდით და თქვით, რომ თქვენით დაიწყოს მხილება”. მაგრამ დადუმდა, ვერ გამცა პასუხი და ასევე, დადუმდა მთელი სინოდიც. ეს იყო რეალურად გამოსავალი. თუ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, პირველმა პირმა, თამარ მეფისეული, ან დავით აღმაშენებლისეული ნაბიჯი უნდა გადადგას და კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს!

-კერძოდ, რა ფრესკაზეა საუბარი?

-დიდუბის ეკლესიაში შესვლისთანავე, მარცხენა მხარეს, საზოგადოებას შეუძლია იხილოს თამარ მეფის ფრესკა შარავანდედით გამოსახული და მის გვერდზე, როგორც “თანასწორის”, ილია მეორეს ფრესკას ნახავთ, რაც არც მეტი, არც ნაკლები მკრეხელობაა. ეს მისი სურვილით, მისი ხელით მოხდა. ერს ჰგონია, რომ ჩვენ, თითქოს ძალიან თავმდაბალი პატრიარქი გვყავს, ასე არ არის! ჩვენ გვყავს კერპი! მან, ასეთი პიროვნების კულტის ფენომენი, ჩემის აზრით, იოსებ სტალინისგან მოიწონა და დღემდე დარჩენილია მის ტყვეობაში. უნდა ითქვას, რომ მან გარკვეულწილად მიაღწია საკუთარ ამბიციურ და ამპარტავნულ მიზნებს, მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ “ამპარტავანსა შემუსრავს ღმერთი და მდაბალს მისცემს მადლს!”

-თუკი თქვენ ასე მტკიცებით ფორმაში ამბობთ, რომ პატრიარქს თავი კერპად მოაქვს, გამოდის, ქართული საზოგადოების ნაწილი კერპთაყვანისმცემელია, რასთან ბრძოლასაც არაერთი წმინდანი შესწირვია…

-საქართველოში, რომ პატრიარქს უფრო მეტი გავლენა და პატივი აქვს, ვიდრე, იესო ქრისტეს, ამაზე ალბათ, ყველანი ვთანხმდებით. ამაში დასარწმუნებლად, მარტივი გამოკითხვის ჩატარებაც საკმარისი იქნება საზოგადოებაში. ილია მეორემ ეკლესია მიითვისა და პატრიარქოცენტრულად აქცია. უნდა იყოს ქრისტოცენტრული და ეკლესია არის პატრიარქოცენტრული. ის საეკლესიო კანონებზე მაღლა დგას და ერთპიროვნულად მართავს, ისე, რომ ქრისტეს არ ეკითხება და უფლის კანონებს არ ითვალისწინებს. მეტი სხვა რა არის კერპი?! რაც ხდება ჩვენი ერიდან, ბერიდან, თუ პოლიტიკური ელიტის მხრიდან, რომ ვერავინ გაბედა შეწინააღმდეგება, მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ მართალი ვიყავი. ვერავინ ვერ გაბედა, რომ ამ კერპს დაპირისპირებოდა. პოლიტიკოსები პირად საუბრებშიც მეუბნებოდნენ: “რა ვქნათ, მაღალი ავტორიტეტი აქვს, დიდი გავლენა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ არჩევნების დროს გვჭირდება და დაგვაზიანებსო”. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველამ იცოდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ წასვლა, მასთან დაპირისპირება, მათ პოლიტიკურ ზიანს მოუტანდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზვიად გამსახურდია იყო ეკლესიისა და ერის ყველაზე დიდი მოყვარე, რომელიც პირადად პატრიარქს ამხელდა, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან. მას შემდეგ, მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი შეგნების პოლიტიკოსი, ჩვენ არ გვყოლია!

-როგორც ამბობთ, თქვენ მხოლოდ პატრიარქის მხრიდან არ “დასჯილხართ”, გამოდის, პოლიტიკური მიზნების გამოც “გაიწირეთ”…

-რა თქმა უნდა! როდესაც 2019 წლის გაზაფხულზე საკუთარი სურვილით ჩემთან სტუმრად ჩამობრძანდა ბიძინა ივანიშვილი, დიალოგში მისი პოზიცია იყო ძალიან გამოკვეთილი, რომ “მიუხედავად ყველაფრისა, ვიცი, მართალი ხარ. რაც ხდება ეკლესიაში შენზე მეტი ვიცი და პირადად მაქვს ნანახი, ახლა არჩევნები მოდის და მე მჭირდება ავტორიტეტული ეკლესია და ავტორიტეტული პატრიარქი”. ბიძინა ივანიშვილის ეს ნათქვამი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდებოდა. 2018 წლის არჩევნების პერიოდიდან, “დაჩაგრული” ოპოზიციის ლიდერები დასავლეთში მოგზაურობის დროს ხშირად მსტუმრობდნენ, ნუგეშს იღებდნენ და რა თქმა უნდა, ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა მავანთათვის. ჩემი ეპარქიის კარები ყველასთვის იყო ღია, მე არავისთვის არ დამიხურავს.  დამაყვედრეს კიდეც, ჭყონდიდის ეპარქია ოპოზიციის თავშესაფარი გახდაო. ასევე, ჩემი ანტირუსული დამოკიდებულება და შეუგუებლობა ოკუპაციის მიმართ, მკაფიო იყო ყოველთვის, განსაკუთრებით ქადაგებებში. ხშირად ვამბობდი, რომ უნდა მივბაძოთ ამბროსი ხელაიას და მოვითხოვოთ, რომ საოკუპაციო ჯარებმა დაუყოვნებლივ დატოვონ საქართველოს ტერიტორია, რადგან ჩვენ მეგობრული ურთიერთობა ვერასდროს გვექნება, სანამ ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამბროსი ხელაიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დაარსება მის მშობლიურ სოფელ ინჩხურში, მასში გამოფენებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა, ოკუპაციის თემაზე მიძღვნილი კონფერენციები, რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დარჩენილა.

-გამომდინარე იქედან, რომ “დასჯილი” ხართ საპატრიარქოს მხრიდან, თქვენ როგორ შეიტანთ თქვენს წვლილს ამ პროცესებში?

-მე მიმაჩნია, რომ ერის გამოღვიძების პროცესში გარკვეული მონაწილეობა უკვე მივიღე, საჯარო მხილების სახით, ძნელად, თუმცა, ეს მაინც მოვახერხე. მიმაჩნია, რომ საწყის ეტაპზე, ჩემი წვლილი ბარათაშვილის “მერანის” პრინციპით შევიტანე და კიდევ შევიტან, რასაც უფალი დამავალებს. რაც ქართველი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ, ღვთისგან იქნება მოწოდებული.

-რამდენად სამართლიანი იყო პატრიარქი და სინოდი, როცა მართლმადიდებლური ეკლესიიდან თქვენი განდევნის გადაწყვეტილება მიიღეს?

-რა თქმა უნდა, ეს იყო ყოვლად უსამართლო, ეს იყო მხოლოდ პატრიარქის შურისძიება ჩემზე. არათუ სასჯელი, პირველი გაფრთხილებაც კი, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა 2017 წლის მარტის სინოდის სხდომაზე, იმის გამო, რომ მე უნდობლობას ვუცხადებდი საქართველოს პროკურატურას, ერთადერთი გამონაკლისი ვიყავი, რომელიც ვამტკიცებდი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არანაირი ციანიდით არ მიემგზავრებოდა ევროპაში, მით უმეტეს პატრიარქის, თუ მისი მდივან-რეფერენტის მოსაწამლად. პროკურატურის წარმომადგენლები, დეკანოზ მამალაძეს კითხვებს არარსებული ციანიდის არსებობა-არარსებობაზე კი არ უსვამდნენ, არამედ, საპატრიარქოში არსებულ მორალურ და ზნეობრივ დარღვევებზე. ხმა აღვიმაღლე უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გამო, ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე და ვითხოვდი ერთსულოვნებას სინოდის წევრების მხრიდანაც, რაც რა თქმა უნდა არ მოხდა და პირველი გაფრთხილებაც კი უკანონო იყო. ამის შემდეგ, თუნდაც, ჩავთვალოთ, რომ ერთი გაფრთხილება უკვე მქონდა, რჯულის კანონის თანახმად, მხოლოდ მეორე გაფრთხილებით უნდა შემოფარგლულიყო 2019 წლის სინოდის სხდომა. სინამდვილეში კი პატრიარქმა დაარღვია ყველანაირი ნორმა საეკლესიო სამართლისა და მან შური იძია ჩემზე.

-დღის წესრიგში, პატრიარქის შეცვლის საკითხი თუ დადგება, რას აპირებთ, მიიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას?

-ჩემთვის მთავარი არის სულის ცხონება. როგორც არასდროს, ისე ვგრძნობ ბოლო ჟამის არსებობას და მოახლოებულ საშინელ სამსჯავროს. მთავარი მიზანი ადამიანისა, ქრისტიანისა, სულის გადარჩენაა, მხოლოდ სულის გადარჩენისათვის გადავდგი ეს ნაბიჯები, არ შევეგუე უსამართლობას და სხვა მავანთაგან განსხვავებით, უარი ვთქვი კომფორმიზმზე. დღესაც სულის გადასარჩენად ვაგრძელებ ცხოვრებას და მოღვაწეობას. გონებაშიც კი არასდროს მიფიქრია მაღალ იერარქიაზე, ისე გავხდი ეპისკოპოსი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი ამ პატივისა, მაგრამ პატრიარქმა დამითანხმა იმ ლოგიკით, რომ უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა, სინოდის მიერ არჩეულ ეპისკოპოსს უარი ეთქვა მის მიღებაზე. 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე ამიტომაც დავყევი ღვთის ნებას და დღემდე მივყვები. შევსთხოვ უფალს, რომ არასდროს მომარიდოს ღვთის ნების აღსრულებას. მაგრამ ღვთისგან, თუ რაიმე მისია დამეკისრება, მზად ვარ ღვთის ნების აღსრულებაში მივიღო მონაწილეობა.

-დღემდე, საზოგადოების ინტერესის სფეროა, სად არის და რას საქმინობს მეუფე პეტრე ცაავა?

-მეუფე პეტრე ცხოვრობს ბერულად, არის ქალაქგარეთ, ერთ-ერთი ახლობლის მიერ დათმობილ აგარაკზე, რომელსაც შეაფარა თავი. ადიდებს ღმერთს ლოცვით, მარხვით და შრომით.

ავტორი: მზეკო ჟვანია

ნანახია: (472)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას