logo.png

გთავაზობთ თეოლოგიის დოქტორის, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ათონის მემკვიდრეობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორის, უკრაინის ეროვნული მეცნიერების აკადემიის უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკის, უკრაინის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელი კადრების ეროვნული აკადემიის დოცენტის, უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, სერგეი შუმილოს სტატიას “მოსკოვის პატრიარქ კირილეს “მართლმადიდებლური შაჰიდიზმი და ომის ნეოწარმართული იდეოლოგია”:

მოსკოვის პატრიარქი კირილ გუნდიაევი თავის ახალ ანტისახარებისეულ „ომის თეოლოგიაში“ ყოველ  ჯერზე ახლებურად „არღვევს ფსკერს“. ყოველ ჯერზე გგონია, რომ ამაზე დაბლა ვეღარ ჩავა… მაგრამ ბოლო ნახევარ წელიწადში ყოველი ახალი ქადაგების დროს ეს „ომის წარმართული ღმერთის ქურუმი“გვაოცებს თავისი ახალ-ახალი მარგალიტებით, რომლებსაც მივყავართ წარმართობაში ან თუნდაც სატანიზმში. ამჯერადაც, რათა გაამართლოს რუსეთის ფედერაციის მობილიზაცია საომარ მოქმედებებში უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მოსკოვის პატრიარქმა გააჟღერა ანტიქრისტიანული თეზისები, რომელიც მართლმადიდებლური თეოლოგიის თვალსაზრისით მიიჩნევა როგორც ერესი.

    25 სექტემბერს მოსკოვის პატრიარქმა წარმოთქვა მართლმადიდებლური თვალსაზრისით ერეტიკული სწავლება რუსი მეომრების „გამოსასყიდი მსხვერპლის“ შესახებ, რომლებიც დაღუპვის შემთხვევაში თავისი „მსხვერპლით ჩამოირეცხავენ ყველა იმ ცოდვას, რომელიც ჩაიდინეს.  იგი შეგნებულად მანიპულირებს კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახარებისეული ციტატებით, ამახინჯებს მათ შინაარს და მნიშვნელობას. მეტიც, მან შეადარა მობილიზაცია (ანუ, საკუთარი ხალხის შეგნებულად გაგზავნა  სასაკლაოზე) იესო ქრისტეს ნებაყოფლობით გამოსასყიდ მსხვერპლთან, რომელმაც გადაარჩინა კაცობრიობა.

   სხვათა შორის, პატრიარქმა კირილ გუნდიაევმა საეკლესიო ამბიონიდან განაცხადა: „ ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე (იოანეს სახ.3:16). რისთვის მისცა? სიკვდილისთვის! … მსხვერპლი არის საუკეთესო ადამიანური თვისებების უდიდესი გამოვლინება. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ბევრი იღუპება შიდა ომის ველებზე. ეკლესიამ იცის, რომ თუ ვინმეს ამოძრავებს მოვალეობის გრძნობა, ფიცის შესრულების აუცილებლობა, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უდავოდ ჩადის მსხვერპლშეწირვის ტოლფას ქმედებას (ამბობს კირილ გუნდიაევი). ის თავს სწირავს სხვებისთვის. და ამიტომ  გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა.“ (2022 წლის 25 სექტემბრის ქადაგება. (იხ..: http://www.patriarchia.ru/db/text/5962628.html).

     ჯერ კიდევ ადრე მოსკოვის პატრიარქმა კირილმა ასევე მოუწოდა რუს სამხედროებს: „გაბედულად შეასრულეთ თქვენი სამხედრო მოვალეობა და გახსოვდეთ, რომ თუ სიცოცხლე გაწირეთ სამშობლოსათვის, მეგობრებისთვის, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, მაშინ ღმერთთან იქნებით, მის სამეფოში, მის დიდებაში, მის მარადიულ ცხოვრებაში”(იხ..: http://www.patriarchia.ru/db/text/5962628.html).  ვიდრე პუტინი დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ ომს, ერთი დღით ადრე, 2022 წლის 23 თებერვალს, პატრიარქმა კირილ გუნდიაევმა კიდევ ერთხელ მიმართა და აკურთხა რუსეთის არმია, რათა  „მზად იყვნენ მოიგერიონ მტერი“ „ჩვენი სამშობლოს საზღვრებზე“. (იხ.: http://www.patriarchia.ru/db/text/5903402.html) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მომდევნო რვა თვის განმავლობაში, თავის გზავნილებში და მოწოდებებში, მან განაგრძო საკუთარი „ომის თეოლოგიის“ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის „საკრალური“ გამართლების ფორმულირება.

   ამგვარი განცხადებები და მოწოდებები „მსხვერპლის“ შესახებ ძირეულად ეწინააღმდეგება სახარების სულს და სიტყვას, ტრადიციულ მართლმადიდებლურ მოძღვრებას. ყოველივე ამის შემდეგ, მართლმადიდებლური სწავლებით, მხოლოდ მონანიება და ზიარება განწმენდს ადამიანის ცოდვებს. არც ერთ სიკვდილს „სამხედრო მოვალეობის შესრულებისას“ (და მით უმეტეს დაპყრობით ომში!) არ შეუძლია ავტომატურად გამოისყიდოს ან აღხოცოს ადამიანის ცოდვები. ამას ვერც ერთი „ინდულგენცია“ ვერ უზრუნველყოფს პატრიარქის ან სინოდის მხრიდან. ასეთი ომი არის „კაენის მომაკვდინებელი ცოდვა“, რომლის ჩამდენიც ექვემდებარება საეკლესიო გმობას და განკვეთას. მაშასადამე, თუ მათ გარანტირებული აქვთ რაიმე სახის „სამეფო“, ეს აშკარად არ არის ღმერთის (სამოთხე), არამედ ეშმაკის (ჯოჯოხეთი). ხოლო რუსი სამხედროების დაღუპვის შედარება იესო ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლთან, რისთვისაც მამა ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად, და ფაქტობრივი მოწოდებები მშობლებს, ნებაყოფლობით გადაეცათ შვილები, როგორც „მსხვერპლი, რომელიც განბანს ყველა ცოდვას” არის აშკარა გმობა და შეურაცხყოფა. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას თავისი ისტორიის მანძილზე არ სცოდნია დოგმატურ-სარწმუნოების სწავლების ასეთი გადახვევა მართლმადიდებლური სწავლებისაგან.

“რუსული სამყაროს” შაჰიდიზმი და პატრიარქ კირილის “მართლმადიდებლური ხალიფატი”

  ერთმნიშვნელოვნად, მოსკოვის პატრიარქი ქადაგებს არამართლმადიდებლურ სწავლებას. ის ქმნის რაღაც ახალ ერეტიკულ სარწმუნოებას, დოქტრინას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას. კერძოდ, მის მიერ გამოცხადებული იდეები დაღუპული რუსი ჯარისკაცების “გამოსყიდვის მსხვერპლის შესახებ” სხვა არაფერია თუ არა შაჰიდიზმის იდეების სესხება ისლამური სამყაროს რადიკალური ფუნდამენტალისტური მოძრაობებისგან, რომლის მიხედვითაც მეომარი (მუჯაჰიდი) სიკვდილის შემთხვევაში, „ურწმუნოებთან“ ომის დროს (ჯიჰადი) იღებს ცოდვების ავტომატურ მიტევებას და მიდის „სამოთხეში“. ამავე დროს, „სამოთხეში“ მოხვედრის „გარანტია“ ითვლება „ურწმუნოებთან“ ბრძოლად და არა საკუთარი თანამორწმუნეების წინააღმდეგ, როგორც ეს არის პატრიარქ კირილ გუნდიაევის შემთხვევაში, რომელიც  მოუწოდებს საკუთარ მართლმადიდებლურ მრევლს განადგურებისკენ ( მოსკოვის პატრიარქატის უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია) . აღსანიშნავია, რომ „შაჰიდიზმი“ არ არის მთელი ისლამის იდეოლოგია, არამედ მხოლოდ რადიკალური ფუნდამენტალისტური მიმართულების ცალკეული ისლამისტური ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობებისა და უფრო ხშირად გამოიყენება თვითმკვლელი ტერორისტების მიმართ. ამიტომ მას არავითარი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან და ქრისტიანულ მსხვერპლშეწირვასთან.

თითქოსდა, როგორ შეაღწია ისლამისტური ფუნდამენტალიზმისა და შაჰიდიზმის რადიკალურმა იდეებმა მოსკოვის საპატრიარქოსა და მისი ლიდერის გარემცვაში? თუმცა, თუ გავაანალიზებთ მოსკოვის პატრიარქის კირილ გუნდიაევის ქმედებებსა და განცხადებებს, ყველაფერი ცხადი ხდება. მას დიდი ხანია დაუფარავი ინტერესი ჰქონდა ისლამის მიმართ. მისივე აღიარებით, ის რაც მას ყველაზე მეტად იზიდავს ისლამში არის ის, რომ „მუსლიმური სამყარო ძლიერი სამყაროა“. კირილ გუნდიაევის თქმით: „ჩვენ გვაქვს საერთო მორალური საფუძველი: მართლმადიდებლებს და მუსლიმებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთად ვიმუშაოთ საზოგადოებაში ზნეობრივი საწყისების გასაძლიერებლად… ერთხელ ჩვენს პრეზიდენტს ჰკითხეს მართლმადიდებლობის კათოლიკურ ქრისტიანობასთან და ისლამთან ურთიერთობის შესახებ და პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ, მართლმადიდებლები, უფრო ახლოს ვართ ისლამთან“. და ის მართალი იყო, – განაგრძო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, – იმ გაგებით, რომ ტრადიციის და ზნეობრივი ცხოვრების საფუძვლების თვალსაზრისით, დღეს ჩვენ უფრო ახლოს ვართ ისლამთან, ვიდრე ზოგიერთი დასავლელი ქრისტიანი, რომელიც დღეს შორს დგას ტრადიციული ზნეობისაგან. იხ.: (http://www.info-islam.ru/publ/novosti/tatarstan/patriarkh_kirill_v_kazani_v_islame_net_opasnosti/2-1-0-40693)

    მოსკოვის პატრიარქის თქმით, მას იზიდავს ის ფაქტი, რომ  პოლიტიკურკორექტული დასავლური ქრისტიანობისგან განსხვავებით, ისლამი აგრძელებს “საკმაოდ კონკრეტულ ეთიკას” და “უკომპრომისო ტრადიციას”. მისი აზრით, დასავლური ქრისტიანობა, ისლამისგან განსხვავებით, ახლა განიცდის “ღრმა კრიზისს” იმის გამო, რომ “ეკლესია აღარ ეუბნება ხალხს ნათლად და მკაფიოდ, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, ის ხდება უსარგებლო”. იხ.: (https://islam.in.ua/ru/novosti-v-strane/gde-politkorrektnoe-hristianstvo-stiraet-gran-mezhdu-dobrom-i-zlom-islam-stoit-na )

   2021 წლის 26 მარტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომაზე, პატრიარქმა კირილმა  განაცხადა: ”ჩვენ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ ყველაფერი, რაც ხდება ისლამთან საეკლესიო ურთიერთობების სფეროში და შევიტანოთ კორექტირება ამ ტრაექტორიაში, საჭიროების შემთხვევაში შევავსოთ ჩვენი ურთიერთობა ახალი შინაარსით. სეკულარული სამყაროს მუდმივად მზარდი გამოწვევების პირისპირ, მნიშვნელოვანია ჩვენი სოლიდარობის გაძლიერება… ჩვენ გვაქვს ბევრი თემა საერთო მუშაობისთვის და უნდა გამოვიყენოთ ინტერესთა ერთიანობა, რომელიც წარმოიქმნება სოციალური, პოლიტიკური, კულტურული კონტექსტიდან, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ამიტომ, აუცილებელია ისლამთან ურთიერთქმედების განვითარება, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურად დაქვემდებარებულ ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში. იხ.:( http://www.patriarchia.ru/db/text/5791727.html

  ამ მიზნით მოსკოვის პატრიარქთან ერთად შეიქმნა და მოქმედებს სპეციალური საექსპერტო საბჭო ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის მიზნით, რომლის წევრები სწავლობენ და ცდილობენ ნაწილობრივ აითვისონ ისლამური სამყაროს გამოცდილება. ისლამურ-მართლმადიდებლური დიალოგის შემუშავებით და ისლამური ცივილიზაციის გამოცდილების შესწავლით დაკავებულები არიან  პატრიარქ კირილის ხელმძღვანელობით სპეციალისტები ე.წ. “მსოფლიო რუსეთის სახალხო საბჭო” (VRNS). ასევე, მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებული ეკონომიკისა და ეთიკის საბჭოს ინიციატივით, 2011 წელს,დაწყებული იყო  ისლამური ბანკინგის გამოცდილების შესწავლა და განხილვა, და რუსეთში მისი დანერგვის შესაძლებლობა ე.წ. „მართლმადიდებლური ბანკინგის“ სახით, როგორც დასავლური საბანკო საქმიანობის სტანდარტების ალტერნატივა.

  როგორც ჩანს, პატრიარქ კირილ გუნდიაევთან დაახლოებული ექსპერტები, რომლებიც ამზადებენ მოხსენებებს, ანალიტიკურ წერილებს, დასაბუთებებსა და ქადაგებებს, სერიოზულად არიან დაკავებულნი სხვადასხვა სფეროში ისლამის გამოცდილების შესწავლით. მაგრამ, რადგან თვითონ მიდრეკილება აქვთ მებრძოლი ფუნდამენტალიზმისკენ, როგორც მაგალითი, მათ აირჩიეს ისლამისტურ ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობების იდეოლოგია. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მოსკოვის პატრიარქის უახლესი ჰიბრიდული იდეოლოგია, სხვა საკითხებთან ერთად, ასახავს და სესხულობს “ისლამური სამყაროს” ზოგიერთ ფუნდამენტალისტურ იდეებსა და მიმდინარეობებს, კერძოდ, ისეთ ექსტრემისტულ მოძრაობებს, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო” (ალ-კაიდა ან დაეში). ) და სხვა.

   რად ღირს დეკანოზ დიმიტრი სმირნოვის, საპატრიარქოს საოჯახო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის (2001-2013) სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მხოლოდ ერთი განცხადება:

„თანამედროვე მუსულმანი, მას სურს მოკვდეს თავისი რწმენისთვის. თავის სხეულს შემოახვევს დინამიტს. სადაც მისი მოლაები, ულემები უბრძანებენ, იქ მიდის და კვდება, თან თავს იფეთქებს. ის მზადაა გასწიროს თავი! მას ტერორისტად აცხადებენ! მაგრამ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ მთელ მსოფლიოში შიშის დანერგვა სურს. … და რატომ კვდებიან ეს ახალგაზრდები? იმიტომ, რომ მათ არ უნდათ ჰქონდეთ სახელმწიფო, რომელსაც მართავენ პედერასტები“. იხ.: ( https://www.newsru.com/religy/05may2017/eu_islam.html)

  ფაქტობრივად, სწორედ ტერმინი „რუსული სამყარო“ დაინერგა, როგორც ცალკე იდეოლოგია „ისლამური სამყაროს“ მიხედვით. „რუსული სამყაროს“ თანამედროვე ჰიბრიდულ იდეოლოგიას, რომელიც არ არის ორიგინალური, მაგრამ შეიცავს უამრავ ნასესხებს და პლაგიატს სხვა იდეოლოგიებიდან და თეორიებიდან, აქვს მთელი რიგი მახასიათებლები, რომლებიც ბევრად უფრო ახლოსაა ისლამთან, ვიდრე ქრისტიანობასთან. ასეთ ნასესხებს შორის არის „რუსული სამყაროს“ იდეა, როგორც განსაკუთრებული „მეგაცივილიზაცია“, თავისი „ტრადიციული ღირებულებებით“, „სულიერი კავშირებით“ და „საკრალური მისიით“, რომელიც განასხვავებს „ღვთისმოსავ რუს ერს“ ” მსოფლიოს ყველა სხვა ხალხისგან და რომელიც უპირისპირდება დასავლურ ”ანტიცივილიზაციას”. თავისი არსით, ეს არის ისლამისტური ფუნდამენტალისტური იდეის სესხება მთელი  მსოფლიოს მუსლიმთა პოლიტიკური ერთიანობის შესახებ, ეროვნული და რასობრივი განსხვავებების მიუხედავად, დასავლეთთან დასაპირისპირებლად. მათ საკუთარ მისიად გამოაცხადეს  ერთი ისლამური ხალიფატის აღორძინება და მისი მსოფლიო ჰეგემონია. სულიერ, ზნეობრივი და პოლიტიკური იდეალების და შუა საუკუნეების ტრადიციული ღირებულებების დაბრუნება. ისლამისტები ადიდებენ თავდაპირველ ისლამურ სახელმწიფოს, როგორც “წმინდა იდეალურ ქვეყანას” და თანამედროვე ისლამური სამყაროს სამშობლოს.

   ფუნდამენტალისტური ისლამისტური მოძრაობებისგან ასეთი ინდივიდუალური იდეებისა და ლოზუნგების სესხებით, „რუსული სამყაროს“ თანამედროვე იდეოლოგები ფაქტობრივად ცდილობენ მსოფლიო ისლამური ხალიფატის იდეების გადანერგვას მართლმადიდებლურ ნიადაგში. ახლად გაჩენილ რუსული მითების შემოქმედებაში შუა საუკუნეების წმინდა ხალიფატის იდეალი შეცვალა ე.წ. “წმინდა რუსეთის” იდეალმა. ასეთი „გადაცმით“ – სახელების, ცალკეული დებულებების და პრინციპების ჩანაცვლების შედეგად გაჩნდა ახალი ჰიბრიდული იდეოლოგია, რომელსაც გარეგნულად „მართლმადიდებლურად“ რაცხავენ, მაგრამ პრაქტიკაში მას უფრო მეტი მსგავსება აქვს რადიკალურ ისლამიზმთან, ვიდრე ქრისტიანობასთან.

„ფეთქებადი ნარევი“ ნეო-ნაციზმისა და ნეო-ფაშიზმის იდეების ნაზავით

  ამავდროულად, მცდარი იქნებოდა მოსკოვის პატრიარქ კირილის სწავლება ცალკე „რუსული სამყაროს“ შესახებ ისლამური სამყაროს ფუნდამენტალისტური იდეების სრულ სესხად აღგვექვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ არის წმინდა ორიგინალური თეორია. აქ სხვადასხვა კვაზირელიგიური იდეოლოგიებიდან და თეორიებიდან ნასესხებებმა აზრებმა თავიანთი განსახიერება იპოვეს. მისი სწავლება არის „ასაფეთქებელი ნაზავი“, ერთგვარი „ვინეგრეტი“, რომელშიც ერთ გროვად არის შერეული დოქტრინები და იდეოლოგიები, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ისინი ხშირად ღიად ანტიქრისტიანული არიან, რის გამოც ეს ნაზავი ერესის ხასიათს იძენს.

კერძოდ, მოსკოვის პატრიარქის მიერ პროპაგანდირებულ იდეოლოგიაში განსახიერება ჰპოვეს ნეო-ნაციზმისა და ნეო-ფაშიზმის იდეებმა, ისევე როგორც ძველ კომუნისტურ მითებმა  და იდეებმა სსრკ-ს, როგორც ერთგვარი „იდეალური ქვეყნის“, „ერთიანი საბჭოთა ხალხის“ შესახებ, მათი დაპირისპირების შესახებ „მსოფლიო ბოროტების“ წინააღმდეგ „კოლექტიური დასავლეთის“ სახით და ა. შ. რუსული პოსტსაბჭოთა საზოგადოების ცნობიერების მიდრეკილებამ ასეთი ხელოვნური მითებისა და იდეოლოგიებისკენ და მათმა აქტუალობამ შექმნა ნოყიერი ნიადაგი ახლადშექმნილი ფსევდომართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური იდეების გავრცელებისა და პოპულარობისთვის, რომელიც სხვა არაფერია თუ არა თანამედროვე ტრანსფორმირებული განსახიერება ნეო-ფაშიზმის, ნეონაციზმის, ნაციონალური კომუნიზმისა და ისლამისტური ფუნდამენტალიზმის იდეებისა, რომელიც გადამუშავებულია და მართლმადიდებლური ნიღბით არის ადაპტირებული რუსულ-პოსტსაბჭოთა მენტალიტეტთან.

   ამ არაქრისტიანულ იდეოლოგიაში ადგილი არ აქვს ქრისტეს სწავლებას იმის შესახებ, რომ „ჩემი სამეფო ამქვეყნიური არ არის“ (იოანე 18:36). სწორედ ამ ფუნდამენტურ სიტყვებს ბილწავს და უარყოფს თავისი ქმედებებით პატრიარქი კირილ გუნდიაევი. ქრისტეს ამ სწავლებებისგან განსხვავებით, მისი ახალი სარწმუნოებრივი დოქტრინა დაფუძნებულია მიწიერი სახელმწიფოსა და ძალაუფლების სიძლიერისა და ძლევამოსილების თაყვანისცემის ნეოწარმართულ კულტზე, „ზეცის ქალაქის“ სახარებისეული იდეალების („ღვთის ზეციური სამეფო“) ჩანაცვლებაზე „მიწის სამეფოს“ და საერო ძალაუფლების იდეალებით („ამ ქვეყნის მეუფის“).  მიწიერი სახელმწიფოს გადაჭარბებულ იდეალიზაციაზე, რომელიც სძენს მას კვაზი-საკრალურ („წმინდა“) თვისებებს, ომის კულტის („გამარჯვების“) პოპულარიზაციასთან და „სამშობლოს სამსხვერპლოზე“ ნებაყოფლობით მსხვერპლად მიცემის აუცილებლობით, რათა „აღდგეს მისი ერთიანი ისტორიული სივრცე“.

     სახარებისეული იდეალების ჩანაცვლებით ნათელი ხდება უცხო იდეების –  “განსაკუთრებული სულიერი არსის“, “ცივილიზაციის მისიის“, „რუსული სამყაროს“ ხალხთა „ტრადიციული ღირებულებების“ , “ერთი სივრცის“- განურჩევლად ეროვნებისა, ენისა და კულტურისა, რაც მიუხედავად არსებული განსხვავებებისა განიმარტება როგორც „სულიერად ერთიანი რუსი ხალხი“ („საღვთო  ერი“) და ცალკე „საკრალური მეგაცივილიზაცია“, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს დასავლეთს. ამავდროულად, ამ რუსული „ერთი სივრცის“ არც ერთ ხალხს არ აქვს თვითგამორკვევისა და ცალკე არსებობის უფლება. ასეთი სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა უკრაინაში, ხალხს აცხადებენ გარყვნილებად, რომელთა გამოსწორებაც უნდა მოხდეს ანექსიით. შემუშავდა სპეციალური ერეტიკული თეორია, რომლის მიხედვითაც რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მიწიერი წარმონაქმნები წმინდა სამებას უტოლდება და, შესაბამისად, „ისევე, როგორც შეუძლებელია წმინდა სამების დაყოფა: მამა და ძე და სულიწმიდა -ეს ერთი ღმერთია, ამიტომ შეუძლებელია რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის გაყოფა – ერთობლიობაში ეს  წმინდა რუსეთია. (იხ.: https://www.religion.in.ua/main/17123-lzhearxiepiskop-xeruvim-degtyar-i-vnutricerkovnoe-sektantstvo.html) ეს ყალბი ერეტიკული განცხადება, რომელიც ტყუილად მიეწერება წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველს და რომლის ციტირებაც ხშირად უყვარს პატრიარქ კირილს, არის მკრეხელობა და ხელყოფს მართლმადიდებლური მრწამსის მთავარ დოგმას – ღვთაებრივი სამების ერთიანობას. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ყოფილი სსრკ-ს სამი რესპუბლიკა მაინც გამოეყო ერთმანეთს ათწლეულების წინ, მაშინ, გამოდის, რომ წმინდა სამებაც შეიძლება გაიყოს …

 “რუსული სამყაროს” იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მისიის თანახმად, პატრიარქმა კირილმა გამოაცხადა “წმინდა რუსეთის ხალხთა ისტორიული სივრცის ერთიანობის აღდგენა”, რომელსაც ხელოვნურად აქვს მინიჭებული გარკვეული განსაკუთრებული წმინდა და ესქატოლოგიური მნიშვნელობა. ამავდროულად, შუასაუკუნეების მითი-ოცნება წარმოსახვითი „ზეციური წმინდა რუსეთის შესახებ“, რომელსაც განასახიერებდა წმინდანთა გუნდი, ახლა ხელოვნურად ითარგმნება როგორც წმინდა სპეციფიკური მიწიერი სახელმწიფოებრივი ფორმირება  რუსეთის იმპერიის/საბჭოთა კავშირის/რუსეთის  ფედერაციის სახით, რომელსაც ხელმძღვანელობენ წმინდა მიწიერი მმართველები/ლიდერები.

    ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის პროფ. ბრენდონ გალაჰერის თქმით, „ეს იდეოლოგია არის ეთნორასობრივი რელიგიური ფუნდამენტალიზმის ფორმა, რომელიც აპელირებს  სისხლს, მიწას, რწმენას, ერს, ხალხს, ენას და მეფეს/ბელადს. წინა ეთნოცენტრიზმების მსგავსად, ის დემონიზირებს ყველას, ვინც მას ეწინააღმდეგება. და ამავე დროს, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის ლოგიკაში დასავლეთი არის დიდი მოწინააღმდეგე, ერთგვარი „უზენაესი დემონი“. რუსული სამყაროს იდეოლოგია არის ახალი ნაციზმი, 21-ე საუკუნის ნაცისტური იდეოლოგია. (იხ.: https://www.polymerwsvolos.org/2022/03/04/fontamentalistiki_ideologia_russki_mir/)

პროფესორი გალაჰერი ირწმუნება, რომ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიაში „ბევრი მსგავსებაა გერმანულ ნაციზმთან და იტალიურ ფაშიზმთან „ისტორიული (=დიდი) წმინდა რუსეთისკენ“ მოწოდებებში, რითაც ის ნეოწარმართულობას უტოლდება.

    უახლესი დოქტრინის ამ შეხედულებას იზიარებს მსოფლიოს 1500-ზე მეტი ქრისტიანი თეოლოგი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „რუსული სამყაროს“ დოქტრინის შესახებ, სადაც ისინი გმობენ ამ ახალ დოქტრინას, როგორც არაქრისტიანულს. ასე რომ, ყველა საფუძველი არსებობს ვისაუბროთ „რუსული სამყაროს“ უახლეს ერესზე, რომლის მთავარი გამვრცელებელი არის პატრიარქი კირილ გუნდიაევი.

“რუსული სამყაროს” ექსპანსიონისტური იდეოლოგია

  სსრკ-ს დაშლისა და სკკპ-ს ლიკვიდაციის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქო დარჩა ერთადერთ სტრუქტურად, რომლის ხელმძღვანელობა ერთ დროს მჭიდროდ იყო დაკავშირებული კგბ-სთან და  თითქმის ერთადერთი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდაქმნები არ განუცდია პოსტსაბჭოთა პერიოდში. მან  შეინარჩუნა  გავლენა ყოფილი „ერთიანი ქვეყნის“ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას (ყოფილი სკკპ-ს ნაცვლად) დაეკისრა კგბ-ს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი ახალი იმპერიული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, რომელიც ვალდებულია შეინარჩუნოს და გააძლიეროს  ე.წ. „ერთი ცივილიზაციური სივრცე“. ადვილად ხდებოდა კომუნისტური „მესიაიზმის“ ადრინდელი იდეების აშენება ბიზანტიურ-იმპერიულ ნიადაგზე. ძველი კომუნისტური ლოზუნგების ნაცვლად, იგონებენ ახლებს – „რუსული სამყაროს“, „მართლმადიდებლური ცივილიზაციის“ და „წმინდა რუსეთის ერთიანი სივრცის“ შესახებ, რომელიც დაფუძნებულია იმავე დასახიჩრებულ უტოპიურ ოცნებაზე – ერთგვარ „სამოთხეზე დედამიწაზე“ და „იდეალურ ქვეყანაზე“, როგორც ეს სსრკ-ს დროს იყო და უპირისპირდებოდა ე.წ. „მტრული“ ქვეყნების სამყაროს.

    იქმნება ახალი იდეოლოგიური ჰიბრიდი, რომელმაც უნდა გააერთიანოს ძველი ბიზანტიური, ურდოს („ევრაზიული“) და რუსული იმპერიალიზმის იდეები ტრანსფორმირებულ საბჭოთა-კომუნისტურ იდეოლოგიებთან და თუნდაც ინდივიდუალურ იდეებთან, რომლებიც ნასესხებია გერმანული ნაციზმისა და იტალიური ფაშიზმიდან, ასევე ისლამური ფუნდამენტალიზმისგან.

პოლიტიკურ-ფუნდამენტალისტური მითოლოგემების რეპროდუქციას და მათ მოთხოვნას პოსტსაბჭოთა საზოგადოების ცალკეულ ფენებში ბუნებრივი საფუძველი ჰქონდა. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ხალხის ტოტალიტარული ცნობიერება აღიზარდა მითებზე „მტრის გამოსახულების“ და „იდეალური დიდებული ქვეყნის“ შესახებ, რომელიც განსხვავდება სხვა „ცუდი“ სამყაროსგან (დასავლური). საბჭოთა მითი „იდეალური ქვეყნის“ შესახებ ევროპისა და ამერიკის მიმართ შიშისა და სიძულვილის დანერგვაზე იყო აგებული. ეს შიში არსად გამქრალა, მან ახალი რეალიზაცია ჰპოვა „რუსული სამყაროს“ მებრძოლ იდეოლოგიაში. 1993 წელს კირილ გუნდიაევის ინიციატივით შექმნილი ეგრეთ წოდებული “სამყაროს რუსული სახალხო საბჭო” გახდა „რუსული სამყაროს“ ახალი ფუნდამენტალისტური დოქტრინის შემუშავების ლაბორატორია,  რომელმაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით შეკრიბა რუსი რელიგიური და კულტურული მოღვაწეები, მეცნიერები და დიასპორის წარმომადგენლები და რაც მთავარია, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების, ძალოვანი სტრუქტურების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ამ „ლაბორატორიის“ მეშვეობით დაიწყო ახალი იდეების გამოცდა და დანერგვა რუსეთის ფედერაციაში.

   წესდების თანახმად, მოსკოვის პატრიარქი “სამყაროს რუსული სახალხო საბჭო”-ს თავმჯდომარედ გამოცხადდა. 2009 წლამდე ეს იყო ალექსეი რიდიგერი, ხოლო მისი მოადგილე და ორგანიზაციის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო მიტროპოლიტი კირილ გუნდიაევი, რომელიც 2009 წელს პატრიარქი გახდა და ამავდროულად  “სამყაროს რუსული სახალხო საბჭო”-ს თავმჯდომარე. დიდი ხნის განმავლობაში კირილის მოადგილე იყო დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი, რომელიც ცნობილია ბირთვული ომის მხარდამჭერი სკანდალური განცხადებებით. კირილის ამჟამინდელი მოადგილეები არიან ოდიოზური რუსი ოლიგარქი, ცარგრადის ტელეარხის მფლობელი და ტერორიზმის სპონსორი ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში კ.მალოფეევი და „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი იდეოლოგი ა. შჩიპკოვი, რომელიც აგრეთვე არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური განყოფილების პირველი მოადგილე საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში.  ეს ადამიანები რეალურად ქმნიან რუსეთის მართლმადიდებელის ეკლესიის უახლეს იდეოლოგიას.

      “სამყაროს რუსული სახალხო საბჭო”-ს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2001 წელს, როდესაც ვ. პუტინმა პირადად გახსნა ყრილობა მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო ტაძრების დარბაზში. ამავდროულად, 2001 წლის დეკემბერში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა  სასარგებლოდ მიიჩნია “სამყაროს რუსული სახალხო საბჭო”-ს საქმიანობის განვითარება, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუდმივმოქმედი კავშირი, რომელიც რუსეთის  მართლმადიდებლური ეკლესიის აქტიური მონაწილეობით და სულიერი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშიშროების ფედერალური სამსახური და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძირითადი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ხელმძღვანელები, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებები.

     კირილ გუნდიაევი ცდილობდა აქტიური მონაწილე ყოფილიყო რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკურ და იდეოლოგიურ პროცესებში, აგრეთვე მის მიერ შექმნილი ახალი იდეოლოგიის პროპაგანდას და გავრცელებას სხვადასხვა გზით, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. პუტინისა და მისი გავლენიანი წრის წინაშე, რითაც იგი გავლენას ახდენდა პუტინის რეჟიმის აგრესიული იმპერიული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე.

       2004 წლის კიევის „მაიდანის“ მოვლენების შემდგომი რეაქცია გახლდათ კრემლის შეკვეთა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის შემუშავების შესახებ. პუტინისთვის უკრაინის მოვლენები და მისი პოლიტიკური გეგმების სრული ჩავარდნა შოკი იყო. მან დაიწყო ახალი იმპერიული იდეოლოგიისა და პროპაგანდის საყრდენის ინტენსიური ძებნა, რადგან შეეშინდა უკრაინული გამოცდილების რუსულ რეალობაში  გადმოტანის. ერთ-ერთი მათგანი, ვინც უკარნახა მას ასეთი გზა, იყო კირილ გუნდიაევი. ასე რომ, სანამ მოსკოვის პატრიარქი გახდებოდა, მან დაიწყო რუსული იმპერიული „მესიანიზმის“ სხვადასხვა მარგინალური მხარდამჭერების მოზიდვა და მხარდაჭერა, მათ შორის ღიად ფაშისტური, ნეონაცისტური და ოკულტური შეხედულებების მქონე ადამიანებისაც (იგივე ა. დუგინი და სხვები).

   2005-2007 წლებში “სამყაროს რუსული სახალხო საბჭო”-ს ექსპერტებმა შეიმუშავეს რუსული დოქტრინის პროგრამა, რომელშიც იდეოლოგიური ლოზუნგების გარდა, გამოცხადდა კონკრეტული ამოცანები. მათ შორის – რუსეთის ფედერაციის გაფართოება “ახლო საზღვარგარეთში”, ყირიმის, დონბასის და მთელი უკრაინის დაპყრობა. ასე რომ, ომი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის იდეოლოგიურად წელგამართული და მომზადებული იყო სულ მცირე 2005 წლიდან. 2006 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის სასულიერო აკადემიის რეცენზენტებმა ეს „დოქტრინა“ შეაფასეს, როგორც დოქტრინა, რომელიც „არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობის სულსა და სწავლებას“.

2007 წელს „რუსული დოქტრინა“ მიღებულ იქნა “სამყაროს რუსული სახალხო საბჭო”-ს იდეოლოგიის საფუძვლად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი კირილის უშუალო ლობისტური მხარდაჭერით (იხ.: http://www.patriarchia.ru/db/text/283339.html ). ხოლო დოქტრინის საბოლოო რეადაქცია მან პირადად წარადგინა მოძრაობა “ახალგაზრდა რუსეთის” საერთო ყრილობაზე (იხ.: http://www.rusdoctrina.ru/page95516.html ).

  ამ დოქტრინაში, რომელიც კირილ გუნდიაევმა წარმოადგინა და გააპიარა, პირველად  შემოიტანეს და გამოსცადეს რუსულ საზოგადოებაში ტერმინები „რუსული სამყარო“, „სულიერი კავშირები“, „ერთიანი ისტორიული სივრცე“ და სხვა მსგავსი.

    წარმოგიდგენთ მხოლოდ რამდენიმე ციტატას ამ დოკუმენტიდან, რომელიც მოსკოვის ამჟამინდელმა პატრიარქმა სხვადასხვა დონეზე გაავრცელა:

“რუსეთის რწმენის სიმბოლო“ – რუსეთი თავისი ხალხისთვის არის იგივე  სულიერი სიმბოლო, როგორიც ღმერთი, ეკლესია და რწმენაა. რუსეთის რწმენის სიმბოლო არის პატრიოტის კრედო, რომლისთვისაც რუსეთი  მისი ცხოვრების უმაღლესი ფასეულობაა. რუსეთის რწმენის სიმბოლოს მიღებით ყველა ადამიანი  გარკვეული გაგებით ხდება მორწმუნე – რუსეთის მორწმუნე“.

  ოფიციალურად ცხადდება ისტორიული რუსეთის სივრცის კონცეფცია, ანუ რუსული სამყაროს ბუნებრივი არეალი (ამჟამინდელი რუსეთის ფედერაცია პლუს რუსული ეთნიკური ანკლავები – ტავრია, ნოვოროსია, ნარვას რეგიონი, ლატგალე, სამხრეთ ციმბირი, სუბკარპატების რუსეთი, ასევე დამატებითი ეთნიკური ჯგუფების ტერიტორიები – ბელორუსები, აღმოსავლელი უკრაინელები, ტრანსკარპატები რუსინები და სხვ.)“.

„რუსეთი რუსული ირედენტას გზას ადგას: ისტორიული რუსეთის იმ ტერიტორიების დაბრუნებისა და გაერთიანების იდეოლოგიას, რომლებზეც მას აქვს ისტორიული და მორალური უფლება და რომლის დაბრუნებას აქვს პრაქტიკული აზრი. რუსეთისთვის ეს, უპირველეს ყოვლისა, ბელორუსია, უკრაინა და ყაზახეთია“.

„რუსეთმა მკვეთრი შებრუნება უნდა მოახდინოს ახლო საზღვისპირა სახელმწიფოებთან მიმართებაში… აუცილებელია რუსეთის უფლებების აღიარება მთელ რიგ ტერიტორიებზე. უკრაინის შემთხვევაში, პრეტენზიები დონბასსა და ტავრიაზე (ყირიმი) შეიძლება ყოფილიყო მინიმალური. .”

„ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი პრინციპებია… შეტევისა და გაფართოების პრინციპები.

მთელი ეს პარანოიდული სისულელე ასობით გვერდს იკავებს და თავისუფალი წვდომა არის ინტერნეტში ბმულზე: http://www.rusdoctrina.ru/page95507.html

    ამგვარად, როგორც ვხედავთ, კირილ გუნდიაევი მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურობამდე დიდი ხნით ადრე ხელმძღვანელობდა რუსული სპეციალური საომარი ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის შემუშავებისა და პოპულარიზაციის პროცესს, რომელიც ცდილობდა დაეინტერესებინა პუტინი და მისი გარემოცვა. ალბათ, ამის წყალობით, პუტინის მხარდაჭერით, მან 2009 წელს შეძლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური გამხდარიყო.

   ამავდროულად იწყება კირილ გუნდიევის რეგულარული პროპაგანდისტული რეიდები უკრაინაში, რათა ხელი შეუწყოს “რუსული სამყაროს” ერთიანობის იდეებს. ერთ-ერთი პირველი ასეთი მცდელობა განხორციელდა 2008 წელს, როდესაც აღინიშნებოდა  კიევის რუსეთის ნათლობის 1020 წლისთავი .

მაშინ კიევში, კრეშჩატიკზე როკ-კონცერტის დროს მიტროპოლიტი კირილი ავიდა ტრიბუნაზე და თამადასავით დაიწყო ლოზუნგის ისტერიული სკანდირება :”რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია – ეს არის წმინდა რუსეთი!” მოგვიანებით, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, მან ისაუბრა თავის პირველ ასეთ ექსპერიმენტზე კიევში: ”ეს განმათავისუფლებელთა შეხვედრას ჰგავდა – უკრაინელებს შორის იყვნენ ისეთი გახარებული ხალხი.” (იხ.: https://ukraine.segodnya.ua/ukraine/%20rucckaja-tserkov-%20zajavljaet-chto-ne-dopuctit-kanonizatsiju-rackolnikov-119477.html ). მან ასევე აღნიშნა: „ბოლო დღეები გვიჩვენებს, რომ ჩვენ, უკრაინელებს, რუსებს, ბელორუსებს, გვესმის ერთი ცივილიზაციური სივრცის შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელსაც წმინდა რუსეთი ჰქვია“ (იხ.:http://www.patriarchia.ru/db/ ტექსტი/ 443064.html).

  2009 წლის იანვარში მოსკოვის პატრიარქი რომ გახდა, კირილ გუნდიაევმა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგია პრაქტიკულად მთელი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დოქტრინად აქცია. მისი თქმით, „თანამედროვე რუსული სამყაროს ბირთვი არის რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია“, მაგრამ ის ასევე ამ „ერთ სივრცეს“ მიაკუთვნებს  მოლდოვას, ყაზახეთს და სსრკ-ს სხვა ყოფილ რესპუბლიკებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდებათ „ერთობის აღდგენა. ” “მხოლოდ ერთიანი რუსული სამყარო შეიძლება გახდეს გლობალური საერთაშორისო პოლიტიკის ძლიერი სუბიექტი, უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ალიანსი”, – თქვა მოსკოვის პატრიარქმა კირილ III-მ “რუსული მსოფლიო ასამბლეის” გახსნაზე 2009 წლის ნოემბერში (იხ.: http://www.patriarchia.ru/ db/text/928446.html).

    ამ დროიდან  ლოზუნგებით  „ერთი წმინდა რუსეთის“, „ერთი ცივილიზაციური სივრცის“, „ერთიანი რუსული სამყაროს“, „ერთიანი სულიერი კავშირების“ მანიპულირება იძენს სისტემურ ხასიათს, რომელიც მიღებულია არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ რუსეთის ფედერაციის ძალოვან სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებში.

  „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პოპულარიზაციისას მოსკოვის პატრიარქი კირილ გუნდიაევი ხშირად მოიხსენიებს ტერმინებს „წმინდა რუსეთი“ და „წმინდა რუსეთის ხალხთა ერთიანი ისტორიული სივრცე“, როგორც ერთგვარი ისტორიული რეალობა, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ ფოლკლორული მეტაფორაა, წარმოსახვითი მითი-ოცნება. ამრიგად, უწიგნურობაა ეს, არა მხოლოდ მეცნიერული და ისტორიული თვალსაზრისით (ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა ან სახელმწიფო სახელწოდებით „წმინდა რუსეთი“ ნამდვილად არ ყოფილა), არამედ არის მიზანმიმართული მანიპულირება და ცნებების ჩანაცვლება.

  ყველა ეს მახინჯი “მარგალიტი“ ჯერ კიდევ მოითხოვს ზედმიწევნით შესწავლას და ანალიზს. მაგრამ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსკოვის პატრიარქი, თავისივე რწმენით, არ არის მართლმადიდებელი და არ არის ქრისტიანი. ისმევა დიდი კითხვა, არის ის საერთოდ მორწმუნე? და თუ ასეა, რისი? მისივე აღიარებით, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა „ძლიერმა სამყარომ“. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ადამიანის თავში ქრისტიანული მსხვერპლშეწირვა შეიძლება ჩანაცვლდეს რადიკალური ისლამისტური შაჰიდიზმით, საკუთარი ხალხის „წმინდა მსხვერპლშეწირვა“ მკრეხელურად შედარებულია ქრისტეს გამომსყიდველობით მსხვერპლთან. ხოლო, მის მიერ შექმნილ მითოლოგიაში ე.წ. “წმინდა რუსეთით“ ჩნდება ფსევდომართლმადიდებლური „ხალიფატი“, რომლის მთავარ მისიას წარმოადგენს – ნებაყოფლობითი თუ ძალდატანებითი გაერთიანება ქვეყნებისა და ხალხების ე.წ. „რუსული სამყაროს“ სახელით, რომელიც დაუპირისპირდება დასავლურ „ანტიცივილიზაციას“. პატრიარქი კირილ გუნდიაევი იყო ის, ვინც ჩამოაყალიბა და მიაწოდა  პუტინს და მის გარემოცვას ახალი მებრძოლი ფუნდამენტალისტური კვაზირელიგიური იდეოლოგიის შექმნის იდეა, რომელიც გამოიყენა პუტინის რეჟიმმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს და რომელიც ახლა იწვევს ათიათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის გენოციდს და სიკვდილს. მათი უმეტესობა კი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

   გარდა კერძო შეფასებებისა, ერესი ყოველთვის მოითხოვს ეკლესიის მიერ დაგმობას შეკრებით/სინოდალურ დონეზე. სანამ ასეთი დაგმობა ოფიციალურად არ განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული საეკლესიო საზოგადოება ან მთლიანად ეკლესია შეიძლება იზიარებდეს ასეთ შეხედულებებს. ასე რომ, მსოფლიო მართლმადიდებელ ლიდერებმა მოსკოვის პატრიარქის ეს ერეტიკული სწავლება უნდა უარყონ და დაგმონ. ეს მათი მორალური და კანონიკური მოვალეობაა. როგორც თავად პატრიარქმა კირილ გუნდიაევმა ერთხელ განაცხადა, „თუ ეკლესია აღარ ეუბნება ხალხს  ნათლად და გარკვევით  რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, ის ხდება უსარგებლო“.

წყარო:

შუმილო ს.ვ. „მართლმადიდებლური შაჰიდიზმი“ და მოსკოვის პატრიარქ კირილის ომის ნეოწარმართული თეოლოგია // რადიო თავისუფლება. მერეჟევის რესურსი. URL: https://www.radiosvoboda.org/a/kyrylo-hundyayev-russkyy-myr-ideolohiya-viyny/32054793.html

წყარო: https://afon.org.ua/publikatsii/pravoslavnyj-shakhidizm-i-neoyazycheskaya-teologiya-vojny-moskovskogo-patriarkha-kirilla.html

სტატიას აქვეყნებს "მსოფლიო საეკლესიო სიახლეები"

ნანახია: (528)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას