"უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით (ფსალმ. 28,11)
დღეს მსოფლიოში გარდაუვალი ახალი რეალობა ყალიბდება – საქართველოსთვისაც ეს გარდაუვალი პროცესი იქნება. კარგად უნდა გავიაზროთ მისი მდგომარეობა და ადგილი ამ რეალობაში.
ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე გზასაყარი და ფანჯარა იყო სხვადასხვა ცივილიზაციის, სახელმწიფოს, დიპლომატიისა და კულტურის ურთიერთობებისა, და ჩვენი ერი, უფალთან ერთად, უმეტესწილად, ღირსეულად ართმევდა თავს. დღესაც უნდა იტვირთოს და მოუწევს ამ მისიის ტვირთვა თავისი კაცთმოყვარებითი სულისკვეთებით, ჭეშმარიტი ქრისტიანული მსოფლმხედველობით. საქართველოს და ქართველებს ამ მისიის შესრულება მოუწევთ, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, მოუწევთ იმ მძიმე და დაძაბულ გარემოში მოქმედება, რომლის ჩამოყალიბებას და განვითარებასაც დღეს ვადევნებთ თვალს. ჩვენი ქვეყანა გახდება ფანჯარა და კარი ბევრი ქვეყნისათვის განვითარებულ სამყაროსთან, რადგან სწორედ ასეთი სახით ყალიბდება მსოფლიო.
იმ დროს, როდესაც რუსეთი ანტიქრისტე ლენინის იმპერიის აღდგენას გეგმავს და თავისი მოქმედებით ახშობს მასზე გამავალ კარს დასავლეთთან პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და აზიისათვის, ჩვენი ქვეყანა იქნება ამ ფუნქციის შემსრულებელი. რუსეთის ფედერაციაშიც, როგორც უკვე იკვეთება, შიდა დაპირისპირებები მატულობს გარკვეული ერების თვითგამორკვევის ფონზე. მათ უცილობლად ექნებათ სურვილი, რუსეთის ფედერაცია დატოვონ და ცივილიზირებულ სამყაროსთან დაამყარონ კავშირი. როგორც ჩანს, ეს გარდაუვალია და მათთვისაც გარკვეული ხიდის როლის შესრულება მოუწევს საქართველოს.
აი, ამ რთულ მოცემულობაში საქართველომ ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი მისია და ადგილი, პასუხიმგებლობა ღვთისა და ერისა და ცივილიზებული სამყაროს წინაშე, რითაც მისი მნიშვნელობა დღეს აშკარად მეტ წონას იძენს. ამ მისიის ტვირთვა არ იქნება ადვილი, მაგრამ ეს გარდაუვალი რეალობა ხდება და მზად უნდა დახვდეს სახელმწიფო, ეკლესია და ერი. ამის მიღწევა მხოლოდ უფალთან ერთადაა შესაძლებელი. ეს, ამავდროულად, ღვთისგან ჩვენთვის მოცემული ქრისტიანობის ქადაგების ყველაზე დიდი საშუალებაც იქნება, რათა ამ მძიმე საომარ პერიოდში, სიყვარულისგან და კაცთმოყვარეობისგან დაცლილ გარემოში, მრავალმა ადამიანმა ჩვენთან ურთიერთობით იხილოს, სინამდვილეში როგორია და როგორ მოქმედებს მართმადიდებელი ხალხი. უნდა მოვიკრიბოთ ჩვენში არსებული ყველა რესურსი და ქრისტესმიერი სიყვარულით, კაცთმოყვარეობით, მიმტევებლობით ვაჩვენოთ და ვუთხრას ყველას, რომ მთავარი ადამიანისთვის რწმენა და ცხონებაა, ყველაფერი მასზე უნდა იყოს აგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ თავს ვისჯით როგორც ადამიანები, ისე ერები: „რომელსა ჰრწმენეს იგი, არა დაისაჯოს, და რომელსა არა ჰრწმენეს იგი, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელი მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ“ (იოანე 3- 18).
ეს სწავლება და ქრისტეს ეს სიყვარული რომ მიიტანო სხვადასხვა სარწმუნოების, კულტურისა და მრწამსის ადამიანთან, საკუთარ თავში უნდა ატარებდე მას, როგორც მადლს, ეს კი, უპირველესად, ერთმანეთის სიყვარულში უნდა ვლინდებოდეს, ცხოვრებით უნდა აჩვენებდე შენს ქრისტიანობას, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. სიძულვილით არ უნდა უყურებდე ადამიანს და აგრესიას არ უნდა ატარებდე შენს გულში, შენივე ძმის განადგურება არ უნდა გსურდეს: „ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული“ (1 იოანე 3-15).
რომ შეძლო, თუნდაც ერთი დაკარგული ცხვარი მოიძიო და დააბრუნო ქრისტეს სამწყსოში, ყველა ადამიანში ქრისტეს ხატებას უნდა ხედავდე, გიყვარდეს ის და გძულდეს მასში ცოდვის შედეგი, უკეთურება. სწორედ მანკიერებას უნდა ებრძოლო და არა თვითონ ადამიანს. რაც უფრო დაშორებულია ადამიანი უფალს, მით მეტი მადლი და საღვთო სიბრძნე გჭირდება მის ქრისტეს წიაღში დასაბრუნებლად, ეს საღვთო მოწოდებაა, რადგან რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს აშორებ ბოროტებას და სიწმინდეს აზიარებ, მით უფრო ძლიერად ამარცხებს შენი მეშვეობით უფალი ეშმაკს. ასეთი დამოკიდებულებისა და მოქმედების შემთხვევაში უდიდეს მადლს აძლევს მის მსახურ ერსა და ბერს ღმერთი. ჩვენს ერსა და სახელმწიფოს გააძლიერებს, გაამთლიანებს, უძლეველს გახდის უფალი, როგორი ძლიერი მტერიც არ უნდა მოქმედებდეს მის წინააღმდეგ და როგორი მძიმე რეალობაც არ უნდა იდგეს ჩვენ წინაშე, ვერაფრით ვერ დაგვჯაბნის მოწინააღმდეგე. სწორედ ასეთ შემთხვევვაში ავლენს უფალი მის ყოვლისშემძლეობას – როცა გგონია იმდენად მძიმე მდგომარეობაში ხარ და იმდენად უსუსური, რომ შენი დამარცხება გარდაუვალია, სწორედ მაშინ გაგარჯვებინებს, სწორედ მაშინ გაძლიერებს. მთელი ჩვენი ისტორია განა ამას არ ამტკიცებს?! ასეთი მცირერიცხოვანი ერის თვითმყოფად მართმადიდებელ ქრისტიანულ სახელმწიფოდ შენარჩუნება და მოყვანა აქამდე, ამხელა იმპერიების გზაგასაყარზე, განა ამის დასტური არაა? ეს ჩვენთვის ცოცხალი ურთიერთობაა, შეხებაა უფლის ძალმოსილებასა და განგებასთან. დავით მეფსალმუნე სულიწმიდით ამბობს: „ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით (ფსალ. 19, 8-9).
საქართველოს გაძლიერებისა და დიდების ხანა იწყება, საქართველოს დიდება სურს უფალს. ამას კი ცოცხალი რწმენა, გაუჩერებელი ლოცვა და შრომა სჭირდება, საკუთარ თავთან და მცირედმორწმუნეობასთან ბრძოლა, ვედრება დავით მეფსალმუნის მსგავსად: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე“ (ფსალ. 27, 9). თუ ასეთი სასოება გვექნება უფლისა, რწმენა და მოქმედება დიდ გამარჯვებებს გამოგვაცდევინებს უფალი. შეგვეწიოს მისი მადლი და ძალმოსილება. ჩვენთან არს ღმერთი."
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (586)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას