logo.png

რუსი მღვდელი ციხეში: "ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში, ვინ - სამოთხეში?"

„ჩემი საყვარელი ქვეყანა იქცევა აბსოლუტურად არაქრისტიანულად, არაადამიანურად, ფაქტობრივად, აკეთებს იმავეს, რასაც ნაცისტური გერმანია აკეთებდა 1930-40-იან წლებში“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ნოვოსიბირსკელ მღვდელმონაზონს იოანე კურმოიაროვს, რომელიც 7 ივნისს სანქტ-პეტერბურგის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების მუხლით.

მღვდელმონაზონი იოანე სანქტ-პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორ „კრესტიში“ მოათავსეს, თუმცა, როგორც სასულიერო პირის ადვოკატმა ლეონიდ კრიკუნმა თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელი გაურკვეველია. „კრესტიში“ მისულ ადვოკატს საკონტროლო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ იოანე კურმოიაროვი „კრესტიში“ არ იმყოფებოდა. ადვოკატს ურჩიეს მიემართა დროებითი მოთავსების იზოლატორისთვის, მაგრამ მღვდელი კურმოიაროვი არც იქ აღმოჩნდა. ადვოკატი შიშობს, რომ სასულიერო პირზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ან ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

იოანე კურმოიაროვს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება რუსული არმიის შესახებ „სამხედრო ფეიკების“ გავრცელების საქმეზე. სასულიერო პირის მეგობრებისა და ყოფილი კოლეგების თქმით, საქმე აღიძრა YouTube-არხის ერთი ვიდეოს საფუძველზე.

ვიდეორგოლი სახელწოდებით - „ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში და ვინ - სამოთხეში?“ ეძღვნება რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას, რასაც სასულიერო პირი ქრისტიანული დოქტრინის თვალსაზრისით აკრიტიკებს. სპეციალისტებმა, რომლებმაც ბრალდების მხარის მოთხოვნით ჩაატარეს ექსპერტიზა, განაცხადეს, რომ ვიდეო შეიცავს „განზრახ ცრუ ინფორმაციას“ რუსული არმიის შესახებ.

დააკავებისას მღვდლის სახლიდან წაიღეს ტექნიკა (კომპიუტერი, პლანშეტი, ორი მყარი დისკი), ასევე ორი ხატი, ხის ჯვარი და მღვდლის კაბა.

„აი, რა შუაშია კაბა და შესამოსელი? ვიდეო, რომლის გამოც დააკავეს მამა იოანე, მან ჩვეულებრივ პერანგში გადაიღო. მამა იოანეს სასულიერო ხარისხი ჩამორთმეული რომც ჰქონოდა, შეეძლო შეენახა სამოსი ან სულაც კაბით ევლო. ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ მას არც წოდება აქვს ჩამორთმეული და არც ბერობა, - ასეთი კომენტარი გააკეთა რელიგიურმა ფილოსოფოსმა ანდრეი კურაევმა იოანე კურმოიაროვის დაკავებასა და ბინის ჩხრეკაზე, - არსებითად კი... იმედი მაქვს, სასამართლო შეძლებს ექსპერტიზის ჩატარებას განკითხვის დღემდე და გაარკვევს, ვინ წავიდა ჯოჯოხეთში და ვინ - სამოთხეში 24 თებერვლის შემდეგ“.

ანდრეი კურაევს 2021 წლის აპრილიდან დროებით აკრძალული აქვს მსახურება პატრიარქ კირილეს მიერ კორონავირუსისგან გარდაცვლილ ელოხოვის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ, ალექსანდრ აგეიკინზე საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

თავად ბერი კურმოიაროვი კი არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა შენიშნავს, რომ „ვიღაცას შეიძლება მისი განცხადებები მკვეთრად მოჩვენებოდა“, მაგრამ ისინი „მხოლოდ შეფასებით“ ხასიათს ატარებდნენ და ეყრდნობოდნენ სახარებას.

„მე ქრისტიანი პაციფისტი ვარ. ჩემს ვიდეოებში ვამტკიცებ, რომ მთავარი მცნებაა "არა კაც კლა", არ უნდა იყოს ომი. მე არ ვსაუბრობ ექსტრემიზმზე. მე მშვიდობის მომხრე ვარ! - სასამართლო პროცესზე კუმოიაროვის გამოსვლას ციტირებს გამოცემა 78.ru, - ყველაფერში რუსეთს არ ვადანაშაულებ. ბრალდებები შეთითხნილია. ჩემი პოზიცია ასეთია: ყველამ უნდა შეწყვიტოს ომი და ყველა მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას“.

სასულიერო პირმა ასევე თქვა, რომ ადრე უკრაინაში ცხოვრობდა, რომ არანაირ საფრთხეს საზოგადოებას არ უქმნის და, რომ არ აპირებს დამალვას.

იოანე კურმოიაროვის YouTube-არხი შეიცავს არა მხოლოდ მის ვიდეოებს, არამედ სხვა ავტორების ვიდეონამუშევრებსაც. მაგალითად, არხზე განთავსებულია ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების მიერ შექმნილი „პოპულარული პოლიტიკის“ არხის პროდუქცია, აქვეა ილია ვარლამოვისა და მაქსიმ კაცის მიერ მომზადებული თემატური გადაცემები: „პუტინი და რეპრესიები რუსეთში: ვინ არის რეალურად სამშობლოს მოღალატე?“, „რატომ აიძულებს კრემლის პროპაგანდა რუსებს უკრაინელების სიძულვილს?“, „მარიუპოლში 40000-მდე მოსახლე დაიღუპა!“, „პატრიარქმა დალოცა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ!“, „რატომ დაიწყო პუტინმა ეს ომი?“. (https://www.youtube.com/watch?v=n8cbzUQownY)

ვიდეოში სახელწოდებით „ყველა ძალაუფლება ღვთისგან მოდის? პუტინის ძალაუფლებაც ღვთისგან არის?“ იოანე კურმოიაროვი ამბობს: „და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ჩვენი არმია, რუსული არმია, რუსეთი სჩადის დანაშაულს. უბედურებაა, რომ ჩემი საყვარელი ქვეყანა იქცევა აბსოლუტურად არაქრისტიანულად, არაადამიანურად, ფაქტობრივად, აკეთებს იმავეს, რასაც ნაცისტური გერმანია აკეთებდა 1930-40-იან წლებში“.

ადრე კურმოიაროვი არაერთხელ გამოვიდა რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების წინააღმდეგ. 2021 წლის დეკემბერში მან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა განცხადება თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს წინააღმდეგ და მოითხოვა მინისტრის პასუხისგებაში მიცემა მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფისთვის, რაც გამოიხატა მოსკოვის მახლობლად მდებარე პატრიოტთა პარკში თავდაცვის სამინისტროს ტაძრის ფრესკებზე წითელი არმიის ჯარისკაცებისა და კომუნისტური სიმბოლიკის გამოსახვაში.

2022 წლის თებერვალში კურმოიაროვმა საჯარო წერილით მიმართა თავდაცვის მინისტრს და მოუწოდა, ეკლესიიდან გაეტანა კომუნისტური სიმბოლოები. თავდაცვის სამინისტროში მას უპასუხეს, რომ არ მიიჩნევენ ამ გამოსახულებებს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფად, უფრო პირიქითო, უთხრეს, მათში „ასახულია უკვე არსებული რელიგიური ტრადიციებიო“.

2020 წლის ზაფხულში, შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის კრიტიკის შემდეგ, მიტროპოლიტმა კურმოიაროვს ღვთისმსახურების ჩატარება აუკრძალა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირის წოდებასთან შეუსაბამობის გამო“ და „არასწორი ქცევის ყველა გარემოების გარკვევამდე“. შედეგად, ნოვოსიბირსკის სასულიერო სემინარიის მასწავლებელს და თეოლოგიის დოქტორს აუკრძალეს შესამოსლისა და ჯვრის ტარება, ასევე სწავლება და ქადაგება.

სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კურმოიაროვმა უშუალოდ მორწმუნეებისთვის მიემართა, რისთვისაც შექმნა კიდეც საკუთარი YouTube-არხი სახელწოდებით „მართლმადიდებლური ვირტუალური სამრევლო“ (4,4 ათასი გამომწერი). არხის მთავარ გვერდზე განთავსებულია ორი თვის წინ გამოქვეყნებული ვიდეო სათაურით „უკრაინაში მომხდარის სულიერ არსზე“.

„ეკლესიაში ვხედავ რეალურ სისტემურ შეცდომებს, სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც დღეს ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. უპირველესი, მთავარი სისტემური პრობლემა არის ის, რომ ეკლესია გარდაუვალად ერწყმის სახელმწიფოს, იქცევა სოციალურ ინსტიტუტად, რის გამოც კარგავს საზოგადოების ნდობას, - განმარტა კურმოიაროვმა თავის პირველ ვიდეოში, - ასეთი რამ ადრეც მომხდარა ეკლესიის ისტორიაში - რევოლუციამდე, სინოდალურ ეპოქაში. გაუგებარია, რატომ ვაბიჯებთ ფეხს ერთსა და იმავე ფოცხს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ძალას იკრებს. შედეგად, ჩვენ ვკარგავთ ხალხს, რომელსაც აღარ აინტერესებს ქრისტიანობა, რელიგია, ხალხი ტოვებს ეკლესიას. ჩვენს ეკლესიებში ძირითადად მოხუცი ქალები ან ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არ აქვთ - რომლებიც გაუბედურებულები და სასიკვდილოდ დაავადებულები არიან. ეკლესიას, როგორც ასეთს, მისია აღარ გააჩნია, ამიტომ ვერ ვიზიდავთ ხალხს, ვერაფერს ვუხსნით მათ. და თუ ვუხსნით, ამას უხეიროდ ვაკეთებთ. ბოლოს და ბოლოს, ვხედავთ, როგორ ყალიბდება ეკლესია დახურულ სტრუქტურად, დახურულ ინსტიტუტად. საზოგადოებისა და ეკლესიის გზები გაიყარა, ხალხს აღარ ესმის ჩვენი. არადა, ეკლესიის მიმართულება და დანიშნულება სულ სხვაა – ის მისიონერულია“.

თავის არხზე თეოლოგიის დოქტორი ასევე საუბრობს მართლმადიდებლობის ისტორიაზე, ქადაგებს, აკრიტიკებს მართლმადიდებლურ მედიას და განიხილავს რუსეთსა და საზღვარგარეთ მიმდინარე ისტორიულ მოვლენებს.

იოანე კურმოიაროვის კოლეგები აღიარებენ, რომ მისი „ცალკეული კრიტიკული აზრები“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ საფუძვლიანია, მაგრამ „ეშინიათ“ ღიად დაუჭირონ მხარი.

„მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობა არასოდეს იცავს მღვდლებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ადმინისტრაციული ან, მით უმეტეს, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით, - ამბობს სერგეი ჩაპნინი, ფორდჰამის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური კვლევების ცენტრის უფროსი თანამშრომელი, - პირიქით, თუ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დევნა წამოიჭრება, პატრიარქიც და ეპისკოპოსებიც, უკეთეს შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად დისტანცირდებიან და დუმილს ინარჩუნებენ, თუმცა ყველაზე ხშირად ამგვარ "აჯანყებულებს" სხვადასხვა საეკლესიო სასჯელს ადებენ.

მღვდელმონაზონმა იოანე კურმოიაროვმა ორი წლის წინ ძალიან მკაფიო და მკვეთრი კომენტარი გააკეთა რუსეთის პატრიარქის მიერ შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის კურთხევაზე. ეს იყო კრიტიკული, ყოველგვარი არაკეთილსინდისიერი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გაკეთებული კომენტარი. სწორედ ამან გადაწყვიტა მისი ბედი, რადგან რუსეთში სასულიერო პირებს კატეგორიულად ეკრძალებათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პუტინის სახელმწიფოს "საკრალური კავშირის" კრიტიკა. ეჭვი მაქვს, რომ მამა იოანე ვერც კი წარმოიდგენდა, რამდენად სერიოზული იყო ეს აკრძალვა. პოლიტიკური კულტურა უკრაინაში, საიდანაც ის რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, სრულიად განსხვავებულია, ხოლო მართლმადიდებელი სამღვდელოება გაცილებით თავისუფალია თავის გამონათქვამებში.

ახლა მას ჩამორთმეული აქვს სასულიერო ხარისხი. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფაქტობრივად ქუჩაში გააგდო. ეკლესიისგან მხარდაჭერას არ უნდა ველოდოთ. პირიქით, დახასიათება, რომელსაც სასამართლო მიიღებს ეკლესიისგან, უარყოფითი იქნება. ეს არის მორიგი სამარცხვინო ფურცელი თანამედროვე მართლმადიდებლობის ისტორიაში“, - ამბობს სერგეი ჩაპნინი.

მრევლიდან მხოლოდ რამდენიმე ბედავს დევნილი მღვდლის ღიად გამოსარჩლებას.

„მე პატივს ვცემ მის პოლიტიკურ პოზიციას და დამოკიდებულებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ“, - ამბობს მრევლის წევრი ვიტალი მარკინი, რომლის თქმითაც, მამა იოანე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წინააღმდეგია. ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმ მცირერიცხოვან მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შორის არის, რომლებმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ახლა ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ყველამ უნდა აირჩიოს, რომელ მხარეს არის - კეთილის თუ ბოროტის. მამა იოანე უფრო ადრე, ჯერ კიდევ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "პუტინიზაციის" დასაწყისში ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის მილიტარიზაციას. მოგვიანებით ყველამ შეიტყო "სამხედრო ტაძრის" მიმართ გამოთქმული მისი კრიტიკული შენიშვნები. როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, მისი კრიტიკული განცხადებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, ჩემთვის მისაღებია. ჩემი აზრით, რუსული ეკლესია ჩამოშორდა ქრისტიანული რწმენის პოზიციებს, სიყვარულისა და ქრისტეს მიმდევრობის შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობამ ჩაანაცვლა ქრისტე, როგორც ამას კათოლიკური ეკლესია აკეთებდა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ხელისუფლებამ კი კვლავ მოახერხა, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო, ეკლესიის თავის სამსახურსა და დღის წესრიგში ჩაყენება. შედეგად, სტიქიურად ჩნდება "კატაკომბების" ეკლესია (ვფიქრობ, მასში მამა იოანე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს) და, ამავდროულად, ყალიბდება ერთგვარი გულაგი, მათ შორის, ნამდვილი, არაკორუმპირებული მართლმადიდებელი მღვდლებისთვის“, - ამბობს ვიტალი მარკინი.

ერთი წლით ადრე, რეზონანსული გახდა ხაბაროვსკის მხარეში მღვდლის, ანდრეი ვინარსკის ამბავი. მღვდელი ხუთჯერ დააპატიმრეს (სულ 25 დღის განმავლობაში) ალექსეი ნავალნის და ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისთვის (სასულიერო პირი ყველა აქციაში მონაწილეობდა სამოქალაქო ტანსაცმლით). ნოემბერში ვინარსკი კიდევ 10 დღით დააკავეს არასანქცირებული პიკეტისთვის. „თავისუფლება პატიოსან, ღირსეულ ადამიანს“, - ასეთ წარწერა ჰქონდა პლაკატს, რომლითაც მღვდელი მხარს უჭერდა ალექსეი ნავალნის ხაბაროვსკის შტაბის დაპატიმრებულ კოორდინატორს, ალექსეი ვორსინს.

ანდრეი ვინარსკი სულ ცხრაჯერ იქნა დაპატიმრებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობის გამო.

მეოთხე დაპატიმრების შემდეგ მამა ანდრეი გაათავისუფლეს სოფელ ნიკოლაევკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობიდან. მეხუთე დაპატიმრების შემდეგ კი ადგილობრივმა ეპარქიამ მსახურება აუკრძალა და მონანიება მოსთხოვა. ვინარსკიმ მონანიებაზე უარი თქვა, რადგან არ მიაჩნია, რომ მშვიდობიან აქციებში მონაწილეობა ცოდვა ან უკანონობაა. მრევლის ასობით წევრმა (მათ შორის, მორწმუნეებმა სხვა რეგიონებიდან) ხელი მოაწერეს პეტიციას მამა ანდრეის მრევლში დაბრუნების თხოვნით, თუმცა ეპარქიის ხელმძღვანელობამ თავისი გადაწყვეტილება არ გააუქმა.

წყარო "რადიო თავისუფლება"

ნანახია: (525)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას