logo.png

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

 

მცირე რეპლიკა - ისტორიის გადაწერის მცდელობა?!

"საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელდა მილოცვა, სადაც აღნიშნულია: "გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის განსრულებას, – მართლმადიდებლობის ზეიმს, ხატთაყვანისცემისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს".

რა არის ეს?! ისტორიის გადაწერისა და გაყალბების მცდელობა თუ უნებლიე შეცდომა?! თუნდაც იყოს უნებლიე, ვინაიდან წერილი ოფიციალურია და ტიტულარული ბლანკითაა წარმოდგენილი, ამიტომ ნებისმიერ ვარიანტში სერიოზულია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა 1917 წლის 12 (ახალი სტილით 25) მარტს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, როდესაც ქართველი მღვდელმთავრების, მღვდელმსახურებისა და საერო პირების მიერ ხელი მოეწერა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, რომელიც საზეიმო ვითარებაში წაიკითხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდემ და ამით აღდგა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია.

რაც შეეხება 1990 წლის მართლმადიდებლობის ზეიმს (4.03), ამ დღეს მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიას გადასცა უძველესი ავტოკეფალიისა და საპატრიარქო პატივის აღიარების სიგელები, რაც უდავოდ ისტორიული მოვლენა იყო ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო განმეორებითი ცნობა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ, გამომდინარე რუსული საეკლესიო ოკუპაციიდან ჩვენს ეკლესიაში. ასევე, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს 1990 წლის აღიარების სიგელამდეც გააჩნდათ ევქარისტიული კავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მის მეთაურს მოიხსენებდნენ კათოლიკოსის ტიტულით.

შესაბამისად თუ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღიარების დღედ ჩაითვლება 1990 წლის მართლმადიდებლობის ზეიმი, მაშ, ვინ იყვნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე მესამე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე და დავით მეხუთე?!

ასევე, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის 25 მარტს აღნიშნავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და ამ დღეს აღავლენდა სამადლობელ პარაკლისსა და ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულების საოხად პანაშვიდს.

საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალია მოპოვებულია მეხუთე საუკუნეში, რასაც გვაუწყებს ქართული საისტორიო წყაროები. 1811-1814 წლებში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანტიკანონიკურად გააუქმა რუსეთის იმპერიამ და ეკლესიამ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა 1917 წლის 25 მარტს. 1990 წლის მართლმადიდებლობის ზეიმზე, მსოფლიო საპატრიარქომ განმეორებით, დოკუმენტის სახით სცნო საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია."

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

ისტორიის დოქტორი (საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი), თეოლოგიის მაგისტრი.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

ნანახია: (723)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას