თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო!
ჩვენს მოძმე უკრაინაში შექმნილმა მიმდინარე უკიდურესად მძიმე და ტრაგიკულმა ვითარებამ შეძრა ცივილიზებული მსოფლიო. რუსეთის აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ბოროტება ყოველგვარ ზღვარს გასცდა უკრაინის ტანჯულ მიწაზე მრავალვნებული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
მსგავსი მდგომარეობა იგივე ოკუპანტი სახელმწიფოსგან არაერთგზის განუცდია საქართველოს, მათ შორის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საეკლესიო ავტოკეფალიის უხეში ხელყოფისა და გაუქმების სახით რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიიდან.
ამჟამად უკრაინაში რუსეთის მიერ შექმნილი უკიდურესად ტრაგიკული ვითარება ამავდროულად, საქართველოს უძველეს სამოციქულო საპატრიარქო საყდარს აძლევს უნიკალურ ისტორიულ შანსს, რომ სცნოს და აღიაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და დაამყაროს მასთან ევქარისტიული კავშირი.
მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მინიჭებულია კანონიკური ნორმების სრული დაცვით, საეკლესიო ისტორიული გამოცდილებისა და ტრადიციის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით საკითხისადმი პირუთვნელი და ღირსეული მიდგომის შემთხვევაში საქართველოს ეკლესიას არ გააჩნია კანონიკური თუ ისტორიული წინაღობე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის.
მისასალმებელია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი ამბიონიდან გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მამხილებელი განცხადებები, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა უკრაინაში, თუმცა, თუ საქართველოს ეკლესია სწორედ ახლა და ამ დროს, უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი ვითარებისას არ დაიწყებს ოფიციალურ სინოდურ განხილვას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის და მიმდინარე ეტაპზევე არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესიის მიერ განხორციელებული ზემოთ ხსენებული ყოველი აქტივობა ისტორიის მიერ სრულიად ობიექტურად და სამართლიანად შეფასდება, როგორც არაგულწრფელი და დროსა და ვითარებაზე გარკვეული ქვეგრძნობებით კარნახის შედეგად განხორციელებული ქმედებები და არა ქრისტესმიერი და რეალური თანადგომა უკრაინისა და უკრაინელი მართლმადიდებელი ერის მიმართ.
თუ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს გააჩნია მოსაზრება, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, რუსეთის ეკლესია მიიტაცებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მოგახსენებთ, რაც თქვენც საუკეთესოდ უწყით, რომ რუსეთის ეკლესიას მრავალი წელია უკვე განხორციელებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო ოკუპაცია, რაც გამოიხატება შემდეგი ფაქტებით: რუსეთის ეკლესიამ ქ. ცხინვალში ააგო და აკურთხა თავისი იურისდიქციის ტაძარი, რომელიც მოქმედია; მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირები ანტიკანონიკურად მღვდელმოქმედებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაშინ, როდესაც ამ ძირძველ ქართულ ტერიტორიებზე ქართველი სამღვდელოება ვერც კი შედის; მოსკოვის საპატრიარქო და რუსეთის პატრიარქი, დღემდე პრინციპულად და მიზანმიმართულად, ოფიციალური დემონსტრირებით არ სცნობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურაში "ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს" და არც ღვთისმსახურებისას, არც ოფიციალური მიმართვისას და არც დოკუმენტებში სრული ტიტულატურით არ იხსენიებენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთაურს; აფხაზეთში მოქმედი ერთ-ერთი სქიზმატური ფრთის ლიდერი, მღვდელი ბესარიონ აპლია (ფილია) მიღებული პიროვნებაა მოსკოვის საპატრიარქოს კარზე და მას საეკლესიო ჯილდოებიც აქვს ნაბოძები რუსეთის პატრიარქისგან, მღვდელი ბესარიონი წირვა-ლოცვისას იხსენიებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის სახელს, ხოლო ამ უკანასკნელს არასდროს გაუკეთებია მოწოდება აპლიასადმი, რომ იქ, სადაც არ არის რუსეთის ეკლესიის კანონიკური სივრცე და სამწყსო იმყოფება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ომოფორის ქვეშ, არ მოიხსენონ რუსეთის პატრიარქი; რუსეთის ეკლესია აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მათ "პრეზიდენტებს" მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე უგზავნის მილოცვისა თუ სხვა სახის ოფიციალურ წერილებს; რუსეთის პატრიარქი ორივე სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს იღებს, როგორც ოფიციალური სახელმწიფოების მეთაურებს - პრეზიდენტებს. სხვა რაღა უნდა მოიმოქმედოს რუსეთის ეკლესიამ, მისმა პატრიარქმა და მაღალიერარქიამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?! თუ შიშობთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო ამ ძირძველ ქართულ მიწებზე განამწესებს ეპისკოპოსებს, რეალურად არც ეს იქნება სიახლე, რადგან რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი არაოფიციალურად მრავალი წელია მართავს საეკლესიო ცხოვრებას ცხინვალის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავართა მიერ ხელდასხმული სამღვდელოება აღასრულებს თვითნებურად მსახურებებს.
მაშასადამე, საქართველოს ეკლესიას არავითარი რეალური ფაქტორი არ აკავებს, რომ ამ ურთულეს და ტრაგიკულ საომარ ვითარებაში, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული უკიდურესი აგრესიის ფონზე, რეალურად და ქმედითად და არა მოჩვენებითად თანადგომა გამოუცხადოს უკრაინასა და უკრაინელ მართლმადიდებელ ერს და ოფიციალურად აღიაროს და სცნოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ევქარისტიული კავშირი დაამყაროს მასთან.
გარდა ყოველივე ჩამოთვლილისა, ასევე, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ამ ისტორიული და პირუთვნელი ნაბიჯის გადადგმას ითხოვს ის ორას წელზე მეტი დროის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ოკუპაცია, რომელსაც დღემდე განიცდის საქართველო რუსეთის საერო და საეკლესიო მმართველობიდან.
გაიხსენეთ რუსეთში გადასახლებული თვალცრემლიანი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, რომელიც რუსებს ემუდარებოდა სამშობლოში დაბრუნებას და მას ამის ნება არ მისცეს და არც გარდაცვალების შემდგომ აღირსეს მშობლიური მიწა!
გაიხსენეთ რუსების მიერ ვერაგულად შეპყრობილი და მოკლული დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და ასევე, მასთან ერთად შეპყრობილი და რუსეთში გადასახლებაში სულამოხდილი გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე!
გაიხსენეთ რუსთაგან დევნა და გადასახლებანი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ მეორისა და ამბროსის, მათი აღმსარებლობა და ცრემლდენა რუსთა ვერაგობის გამო!
გაიხსენეთ რუსული მმართველობის მიერ დახვრეტილი ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მისი სამღვდელო კრებული!
გაიხსენეთ რუსეთის მიერ წამებული და რეპრესირებული მრავალი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწე და ყოველივე ამის გააზრებით, ზემოთ ჩამოთვლილ კანონიკურ და თანამედროვე ფაქტორებთან ერთად, უკრაინისადმი თანადგომა წარმოაჩინეთ მისი ამჟამად ერთადერთი რეალური გამოხატულებით: აღიარეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია!
უწმიდესო და უნეტარესო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, დროში გარდაუვალი პროცესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის, მათ შორის საქართველოს ეკლესიის მიერ, თუმცა, როდესაც ეს იქნება თავისთავადი პროცესი, მაშინ ამას საქართველოს ეკლესიისათვის არავითარი ისტორიული ფასი და მნიშვნელობა აღარ ექნება! სწორედ, ახლა, ამჟამად გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მაღალი დონისა და ფასის ისტორიული შანსი, რომ სცნოს და აღიაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ამით კიდევ ერთი ქრისტიანული თავდადებით აღსავსე უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩაიწეროს საქართველოს უძველესი სამოციქულო საპატრიარქო ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში!
ქრისტესმიერი შვილობრივი სიყვარულით
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
ისტორიის დოქტორი (საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი), თეოლოგიის მაგისტრი
10.03.2022
ნანახია: (725)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას