logo.png

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია / Association of Religions Experts

 

"მე-11 წითელმა არმიამ 1920 წელს, ჯერ იყო და აზერბაიჯანის, ხოლო შემდეგ კი რამდენიმე თვეში სომხეთის გასაბჭოება მოახდინა.

1921 წელს მომხვდურები საქართველოსაც მოადგნენ და საწადელს აქაც მიაღწიეს. კრემლმა ესეც არ იკმარა და გზადაგზა არ მორიდებია სამხედრო ინტერვენციის გზით მეზობელი ქვეყნების ოკუპაციასა თუ ანექსიას.

1939 წელს რუსეთი შეიჭრა ფინეთში; 1940 წელს ბალტიისპირეთში (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი); 1956 წელს უნგრეთში დაატრიალა სისხლიანი ტერორი; 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში; 1979 წელს ავღანეთში; ხოლო უკვე ფედერაციული რუსეთი - 2008 წელს საქართველოში; 2014 წელს უკრაინაში.

ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ჟირინოვსკიმ რომ თქვა: შევცვალოთ რუსული ენისთვის აბსოლუტურად უცხო ტერმინი “პრეზიდენტი” და მას “собиратель русских земель” (“რუსული მიწების შემკრებელი”) ვუწოდოთო.

ფაქტია, რომ პუტინის მთავარი ამოცანა მართლაც ცარისტული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის აღდგენაა, უბრალოდ სხვა სახელით. ამაში, მისი ყველაზე თვალსაჩინო ტროფეები უნდა იყვნენ უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი.

ამჯერად კი ვითომ და “უკრაინული ფაშიზმის” ასალაგმად მომართულ ბრძოლაში სამიზნე ლუგანსკი და დონეცკია, შემდეგ ოდესის და ნიკოლაევის ოლქების ოკუპაციაც იგეგმება, რითიც კრემლი უკრაინას ზღვას მოსწყვეტს.

ზოგადად, საფრთხის ქვეშ არიან ის ქვეყნები, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობაა: ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, პოლონეთი. საქართველოს რაც შეეხება, კონფლიქტის ინსპირაცია დამიზნებულია ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაზე. ვითომ მათი ინტერესების დასაცავად შესაძლოა რუსეთმა პრეტენზია განუცხადოს საქართველოს. სომხებს ათქმევინებენ, რომ ნატოს - გენოციდის ჩამდენი “თურქები” შემოჰყავს, რაც იწვევს მათ შევიწროვებასა და ასიმილაციას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს პანკისის ხეობა, რომელსაც რუსეთი დღესაც “ტერორისტულ კერად” მიიჩნევს და ვაჰაბიტებს კადიროვის რეჟიმის მტრად თვლის.

ამდენად, უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი არ არის ერთმორწმუნე და მოძმე ერი. “გარყვნილი დასავლეთი” კი არა, თუ ვინმე დღეს მართლმადიდებელი ხალხით დასახლებულ ქვეყნებში ომობს, ეს ისევ და ისევ რუსეთია!. საერთოდ, ეკლესიოლოგიური, თეოლოგიური თუ სოციოლოგიური გაგებით, შეუძლებელია რომელიმე ერს უწოდო ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის სიმბოლო! სახელმწიფოებს რელიგია რეალურად არ გააჩნიათ. ნომინალური სტატუსით ეს პრაქტიკა შესაძლოა გარკვეული სახით, ზოგიერთ ქვეყნებში გვხვდებოდეს, მაგრამ მთლიანობაში ამა თუ იმ ერს უწოდო კათოლიკე, მართლმადიდებელი ან მუსულმანი - არასწორია! რწმენა ინდივიდუალური, კერძო და პირადული არჩევანია (განზოგადება პირობითია) და მისი იდეოლოგიზება დაუშვებელია, რამეთუ ასეთ დროს იგი ხდება სამართავი ბერკეტი პოლიტიკური ისტაბლიშმენტისათვის და მმართველი აპარატის ხელში იქცევა ინსტრუმენტად.

დღეს, რუსეთის ეკლესიაც მისდევს კვლავ პეტრე I-ის დროინდელ (1721 წლის დადგენილება პატრიარქობის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ) ობერპროკურორისეულ სისტემას, სადაც ქრისტე საშუალებაა და არა მიზანი, სადაც რწმენა - მასებისა და კოლექტივების მართვის ნეიროსპირიტუალური წყაროა, სადაც "წმინდა რუსეთის" იდეა კოლონიალისტურ, ექსპანსიურ და იმპერიალისტურ მიზნებს ემსახურება და არა სულთა ხსნას!

1943 წელს, სტალინმაც სახელმწიფო უწყების ფუნქციონალური დატვირთვით აღადგინა რბილი ძალის, ანუ ეკლესიის ლეგალური სტატუსი და არა სულიერი აღორძინებისა და ხალხთა ცხონებისათვის!

აგერ პატრიარქი კირილეც მიიჩნევს, რომ "რუსეთის სახელმწიფოს სტაბილურობა უმთავრესად ბირთვულ რესურსზე დგას და რომ სირიაში რუსების ბრძოლა - წმინდა და საღვთო ომია"! ამგვარი რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა კრემლისტური - მარადიული კრედო!

მ. ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" თუ გახსოვთ, ადვილად მიხვდებით იქაურ სულს. ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: "ყველა მიწა სადაც რუსი სალდატის სისხლი დაიღვრება - რუსეთის საკუთრება არისო"!

ამიტომ ჩვენს გარშემო ყველამ ერთხმად უნდა ვუთხრათ ა რ ა რუსეთს! ა რ ა მის კოლაბორაციონისტთა რეზიდენტურას - საქართველოს საპატრიარქოს!"

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (634)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას