logo.png

უძღები შვილის კვირა

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

ლუკა, X,11-32

,, და უთხრა იესომ იგავი: ვიღაც კაცს ჰყავდა ორი ძე. და უთხრა უმცროსმა თავის მამას: მამა, მომეცი მე კუთვნილი წილი ქონებისა. და გაუყო საცხოვრებელი. არცთუ მრავალი დღის შემდეგ შეაგროვა ყველაფერი უმცროსმა ძემ და წავიდა შორეულ ქვეყანაში და იქ გაფლანგა თავისი ქონება, რადგან ცხოვრობდა უწესოდ“.

ვნახოთ, თუ რას გვასწავლის ამ იგავით უფალი იესო: მამას, რომელსაც ჰყავდა ორი ძე, ნიშნავს თვით ღმერთს; უფროსი ძე ნიშნავს მართალ, ღვთისმოშიშ, ღვთისმოყვარე ადამიანს, რომელიც ყოველთვის აღასრულებს უფლის მცნებებს. ხოლო უმცროსი ძე, ყოველი მისი მოქმედებით, ცოდვაში მყოფ ადამიანს ნიშნავს. ცოდვაში მყოფი ადამიანი, რომელსაც მიღებული აქვს ღვთისგან ყოფიერება, სული, ხორცი, გონი, სამკვიდრებელი, განეშორება ზეციერ მამას და ყოველივე ღვთისგან ბოძებულს ცოდვითა და ურჯულოებით შებილწავს. უმცროსმა ძემ ყველაფერი განაბნია და საბოლოოდ ღორთა მწყემსად დარჩა, იყო მშიერი და უძღები. ეს გამოხატავს ცოდვილი ადამიანის უკიდურეს დაცემას, როდესაც ადამიანი დაემონება უწმიდურ ვნებებს და პირუტყვს დაემსგავსება. მაგრამ გონს მოეგება, კარგად დავუფიქრდეთ ამ სიტყვებს:

,,და გონს მოეგო და თქვა.... ავდგები და წავალ მამაჩემთან და ვეტყვი მას, მამაო, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და არა ვარ ღირსი, ვიწოდებოდე შენს ძედ“ .

ადამიანის სინანულს წინ უძღვის გონს მოგება. მან ჩაიხედა თავის გულში და ნახა, რომ მძიმე იყო მისი მდგომარეობა. ცოდვა მხოლოდ მანამდე იპყრობს ადამიანის გულს, ვიდრე ვნებისგან ადამიანის გონება დაბინდულია, ცოდვას გაუტაცებია მისი გონება, ვიდრე არ მოეგება გონს. მაგრამ ამაოდ ცდილობს ცოდვაში მყოფი ადამიანი მთლიანად დაივიწყოს საკუთარი თავი და გააჩუმოს სინდისი; ამაოდ ფიქრობს ის, რომ ცოდვა დააკმაყოფილებს მას და სრულიად დაავიწყებს მამის სახლს, რომელსაც ის განეშორა. დადგება დრო, როდესაც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი მისი სული იგრძნობს მწუხარებასა და სულიერ ტკივილს, ჩავარდება საშინელ სულიერ შიმშილში, რადგან ცოდვა ვერ დააკმაყოფილებს და ვერ მიანიჭებს ბედნიერებას ადამიანის უკვდავ სულს; ცოდვა მხოლოდ ერთი წუთით ართობს მას, გავა ის წუთი და ნაცვლად სიტკბოებისა, სიმწარე, მოწყინება და სინანული დარჩება. ნეტარი არის ის კაცი, რომელიც სინანულისა და წუხილის დროს ეტყვის საკუთარ თავს უძღები შვილის მსგავსად: რატომ ვიტანჯავ სულს და ვიტყუებ თავს, ჯობია წავიდე და მივმართო ჩემს მოწყალე მამას, რომელიც მაპატიებს და მიმიღებს. იქ იპოვის ჩემი სული ბედნიერებას, სიმშვიდეს.

ასე მოიქეცი შენც, საყვარელო ძმაო, ადექი და მიბრუნდი მამისკენ, რომელიც ერთი სიტყვითაც კი არ დაგაყვედრებს ურჩობასა და ცოდვას, სიხარულითა და სიყვარულით მიგიღებს, შეგმოსავს ახალი სამოსით, მადლს და სულიერ სათნოებებს მოგანიჭებს.

,, და უთხრა მამამ თავის მონებს: გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი და წამოაცვით მას ბეჭედი ხელზე და ხამლი ფეხზე. და მოიყვანეთ ნასუქი ხბო, დაკალით და ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდ“ .

ახლა საყვარელნო ძმანო, ვნახოთ და განვიცადოთ ჩვენი თავი. ახლანდელი ქრისტიანების ზნეობრივი მდგომარეობა სხვანაირია. უმეტესი ნაწილი დღევანდელი ქრისტიანებისა ასე განშორებული არ არის ზეციერი მამისგან, როგორც უძღები შვილი, მაგრამ არც ის ითქმის მათზე, რომ ისინი ახლოს არიან ღმერთთან, რომ მის სახლში იმყოფებოდნენ. ამაზე უნდა დაფიქრდე შენ, საყვარელო ძმაო და უნდა ჰკითხო შენს თავს: იმყოფები თუ არა სახლში უფლისა? იქნებ უძღები შვილის მსგავსად არ წასულხარ შორეულ ქვეყანაში, არ გაგიბნევია ყველანაირი სულიერი ქონება, მაგრამ იქნებ არც ღვთის სახლში ხარ და არც მისი სახლის ეზოში, არამედ ეზოს გარეთ?! ესე იგი არც თბილი ხარ და არც ცივი, არამედ გრილი. როგორც აყვედრებდა წმიდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი ზოგიერთ ქრისტიანს. ასეთი მდგომარეობა უფრო საშიშია და სახიფათო, იგი ატყუებს ადამიანს; უძღები შვილი, ჩავარდა უკიდურეს მდგომარეობაში, მაგრამ ბოლოს თვით ამ საშინელმა მდგომარეობამ მოიყვანა გონს, შეაშინა, გააღვიძა, აიძულა შეენანებინა და მოქცეულიყო ღვთისადმი. შენ კი, შესაძლოა, არ ხარ დაგლახაკებული სულიერად, როგორც ის უძღები შვილი და გგონია, რომ არც ხარ ღვთისგან განშორებული და იმყოფები ზეციერ მამასთან იმგვარი სახით, როდესაც ხარ ღმერთთან ახლოს, მაგრამ არა ხარ თვით მის სახლში. იმას კი არ ვამტკიცებ, რომ უკიდურესი დაცემა უძღები შვილისა უმჯობესია, ვიდრე შენი ნელ-თბილი მდგომარეობა, არა, იმას შეგაგონებ მხოლოდ, რომ კარგად შეიტყო, ხარ თუ არა შიგნით – თავად უფლის სახლში, თუ მხოლოდ ეზოში ხარ, ან იქნებ საერთოდ ეზოს გარეთ. ვაი თუ იტყუებ თავს, თუ ტყუილად ხარ დაიმედებული და სძინავს შენს სინდისს?! მართალია, ხანდახან მიხვალ ეკლესიაში, რომელიც არის ღვთის სახლი, ხანდახან ეზიარები კიდეც, რამე დიდი და მძიმე ცოდვა არ შეგმთხვევია, კაცის მკვლელი არ ხარ, მაგრამ არც სხვა ადმიანებზე უმჯობესი, შენ ერთ-ერთი ხარ იმ უამრავიდან, რომელნიც ამსოფლიურ ამაოებაში არიან ჩაფლულები. ეს არ არის საკმარისი, ამით ვერ შეხვალ ღვთის სასუფეველში! აბა როდის იქნები ღვთის სახლში. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ღვთის სახლის მკვიდრი გახდეს? ის უნდა ეცადოს ყველა ღონე იხმაროს, რომ თვით მისი სული, გული და სხეული გარდაიქმნას ღვთის ტაძრად, ღვთის სამკვიდრებლად. უნდა შეამკოს საკუთარი თვისი სათნოებით, სიწმიდით, სასოებითა და, უმთავრესად, სიყვარულით. მხოლოდ მაშინ იქცევა ადამიანი ღვთის სავანედ. მაგრამ ამ ამაო წუთისოფელში ასეთ მადლს ძნელად თუ ვინმე მიაღწევს. ასეთი სულიერების მისაღწევად დიდი სინანულია საჭირო. სამწუხაროდ, დღევანდელ ქრისტიანებში ყოველთვის არ არის გულრწფელი სინანული. ზოგჯერ სინანული კაცს მხოლოდ შიშისაგან უჩნდება. ეშინია, ღმერთმა არ დასაჯოს, ცოდვების გამო ჯოჯოხეთში არ ჩააგდოს. რა უნდა ვთქვათ ამისთანა სინანულზე? დასაწყისისთვის ესეც კარგია, მაგრამ მარტო შიშის გამო არ უნდა გვქონდეს სინანული. ჭეშმარიტი სინანული სიყვარულისგან იშვება. თუ გსურს საყვარელო ძმაო, რომ სინანული შენთვის იყოს მეორედ შობა, რადგან ჭეშმარიტი სინანული მართლა არის მეორე შობა, მსგავსად ნათლისღებისა, ეცადე, რომ შენი სინანულიც იყოს ნაყოფი სიყვარულისა, უნდა წუხდე და ტიროდე, რომ განეშორე ზეციერ მამას. ვინც თავის ცოდვებს ღვთის წინაშე აღიარებს, უფალი მღვდელსახურის მეშვეობით შეუნდობს, გახსნის, განათავისუფლებს ცოდვის ტყვეობისაგან. ამის შემდეგ მრავალმოწყალე უფალს მონანული ცოდვილის უსჯულოებათა გახსენებაც კი არ სურს, როგორც უძღები შვილის სინანულის დროს საყვედური და გაკიცხვის ერთი სიტყვაც კი არ გამოთქმულა მის ბაგეთაგან, თითქოს მის ძეს არანაირი ცოდვა და დანაშაული არ ჩაედინოს. მაგრამ რას ნიშნავს და რას გვასწავლის, საყვარელო ძმაო, უფროსი ძმის სიტყვა, რომელსაც ეწყინა მობრუნება უძღები ძმისა და მისდამი მამის მოწყალება.

,,და მან მიუგო და უთხრა თავის მამას: აჰა, ამდენი წელია გემსახურები შენ და არასდროს გადავსულვარ შენს მცნებას და ჩემვის არასდროს მოგიცია თიკანი, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად გამეხარა”.

შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს ღვთისმოყვარე ადამიანი, რომელიც ყოველთვის აღასრულებს ღვთის მცნებებს, ითმენდეს წუხილს და განსაცდელს. შეიძლება, რომ მან ოდესმე იფიქროს: ღმერთო, მე ყოველთვის შენ გემსახურები, ყოველთვის ვასრულებ შენს მცნებებს, მაგრამ არც ერთხელ ნუგეში არ მომეცი ამქვეყნად. ეს არის ამპარტავნება უფროსი ძისა და კარგი დასამოძღვრი მაგალითია ყველასთვის, რა სახიფათოა ჩვენი ცხონების, ჩვენი ხსნისათვის, ამპარტავნებით გამსჭვალული კაცის მდგომარეობა! რა სახიფათოა იგი და რა დიდი ყურადღებით უნდა ვაკვირდებიდეთ ჩვენს თავს, რომ არ გავზარდოთ ჩვენში ეს ამპარტავნული ხიბლი საკუთარი უცოდველობის შესახებ! როგორ აღმოვაჩინოთ ეს საკუთარ თავში? თუკი შეიტყობ მოყვასის წარმატებებს საღმრთო საქმეებში და გულგრილობას იგრძნობ მისდამი, საკუთარ თავში დაინახავ სურვილს, დაამცირო იგი თუ სიტყვით არა, შენს გულში, შენს ფიქრებში მაინც, თუკი ნაცვლად მადლობის მიძღვნისა ღვთისადმი შენი ძმის წარმატებისა და სიხარულის გამო, მისი სიკეთის მიმართ მწვავე მტრობას, ფარულ ქიშპობას, გაბოროტებასა და შურს იგრძნობ, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ შენც უფროსი ძმის სულისა ხარ. ამიტომ ნურავინ იტყვის, რომ ის არის უცოდველი და ყოველთვის უფალთანაა. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, საყვარელნო ძმანო, ხშირად განვეშორებით ზეციერ მამას და ვემსგავსებით უმცროს ძმას. მაგრამ ვეჩქაროთ მისკენ მოქცევას. ამიტომაც თქვა ეს იგავი მაცხოვარმა, რომ გააღვიძოს ჩვენს გულებში სინანული, მოვიძულოთ ცოდვა და ამპარტავნება, რათა ჩვენზეც თქვას უფალმა ღმერთმა:

,, ხოლო ახლა მხიარულება და სიხარული გვმართებს, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“, ამინ.

(ფოტოზე: წმიდა ლუკა მახარებელი -

მინიატურა გელათის ოთხთავიდან, ოთხთავი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ნანახია: (652)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას