"დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ვაქცინაციასთან მიმართებით ჩამოყალიბებული არაერთგაროვანი დამოკიდებუების გამო.
ბევრს მიაჩნია, რომ თუ აიცრება, ამით რწმენის ნაკლებობას გამოავლენს, რაც არასწორი მიდგომაა. კბილის, ან ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში სტომატოლოგთან რომ არ მივიდეთ, არ ვიმკურნლოთ, არც ტკივილგამაყუჩებელი მივიღოთ და ტკივილის დათმენას შევეცადოთ, ეს სარწმუნოების სიმტკიცის გამოვლინება იქნება თუ რაიმე სახის უცნაურობისა? − რა თქმა უნდა უცნაურობისა, რადგან ფიზიკური ტკივილი და მისი დათმენა სარწმუნოებასთან არაფერ კავშირშია.
ნუ მივუდგებით სექტანტურად მედიცინის მიღწევებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. გახსოვთ რამდენიმე წლის წინ რა საშინელება ჩაიდინეს სექტანმა რასელისტებმა (თავის თავს იაღოვას მოწმეებს რომ უწოდებენ) ბავშვითვის სისხლის გადაუსხმელობით? როცა უფლისგან სიცოცხლის გადარჩენის საშუალება გვეძლევა მიდიცინის მეშვეობით, როცა მედიცინა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ღვთის სამსახურში დგას... თავის დროზე და დღესაც ხდება საყოველთაო, გეგმიური აცრები, რომელმაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო აცრის გარეშე, შესაძლოა, უამრავი პატარა გარდაცვლილიყო, ან დარჩენილიყო მთელი ცხოვრება ფიზიკური დეფექტით. მართებულად შევაფასოთ, ეს ძალდატანებაა, თუ ადამიანთა კეთილდღეობაზე და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა?
უწინ მედიცინის სფერო ეკლესიას ჰქონდა შეთავსებული, სასულიერო პირები თვითონ მკურნალობდნენ სნეულებს, ფლობდნენ სამკურნალო საშუალებების დამზადების ცოდნას. ეს ცოდნა არა მხოლოდ წერილობით, უხუცეს ხალხშიც დღემდეა დარჩენილი. ეკლესიას ჰქონდა თავშესაფარები, ქსენონები. დღეს რატომ უნდა თქვას ადამიანმა მკურნალობაზე უარი, როდესაც თავად ქრისტე არაერთ ადამიანს კურნავდა სხვადასხვა სახით: სიტყვით, შეხებით, მის მიერ შექმნილი მატერიისთვის სამკურნალო თვისების მინიჭებით (გავიხსენოთ, თუნდაც, ბრმის განკურნება). მას ხომ შეეძლო მასთან სარეცელით მიყვანილი დავრდომილის გადარჩენა ცოდვათა მიტევებით, წუთისოფლიდან მისი გაყვანითა და ცხონებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, განკურნა ფიზიკურად სნეულებისგან, რის შემდეგაც მისცა დრო იმისთვის, რომ უფალთან უფრო ახლოს მისულიყო. უფალი დროს გვიხანგრძლივებს, საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ადამიანს, რომ რომ დავინახოთ საკუთარი სისუსტეები, მისკენ გადავდგათ ნაბიჯი, სრულვყოთ საკუთარი თავი, რათა ვცხონდეთ. ამას კი დრო სჭირდება. უფალი ამ ვაქცინით გვიხანგრძლივებს დროს, საშუალებას გვაძლევს საკუთარი თავის სრულყოფისთვის და ამ დროს და შენ ნუ წაართმევ ადამიანს შენი რჩევით ნურც მიწიერ სიცოცხლეს და ნურც მარადიულს.
ღვთის წყალობამ დაიცვას ყველა ასეთი განსაცდელისგან!
დღეს რატომ ჩნდება მკურნალობისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ადამიანების სიკვდილისთვის გაწირვა? განა ქრისტეს სწავლება ორი მთავარ მცნებაზე − ღმერთისა და მოყვასის სიყვარულზე − არ დგას? და თუ ადამიანს არასწორ რჩევას მისცემ და სიკვდილისთვის გაიმატებ ვაქცინის არმიღებთ, განა ეს ამ ორივე მცნების დარღვევა არ იქნება? ნუ დაღუპავ სხვას და თავსაც ნუ დაიღუპავო, გვითხრა უფალმა. რასაც შენ თავს არ ისურვებ, სხვასაც ნუ გაუკეთებო.
არასწორი დამოკიდებულება წმინდა წერილში არარსებული და არსად დაწერილი ჩიპების, შტრიხკოდებისა და სხვა მრავალი ცრუ შეხედულებების გარშემო, სექტებში განვითარებული სწავლებაა, რაც არსშივე მცდარია. ისმის კითხვა: მხოლოდ ამ კონკრეტული კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით არის შესაძლებელი შეიყვანონ ეს ჩიპი თუ სხვა აცრით? იქნებ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრით, ან ნებისმიერი გადასხმით შეიძლება იმავეს განხორციელება? ამ ლოგიკით ხომ ყველანაირი მკურნალობა ეჭვქვეშ დგება? მაშინ დავხუროთ კლინიკები, სტაციონარები და საერთოდ, უარი ვთქვათ მედიცინაზე. თუ მხოლოდ ამ დაავადებისგან თავის დაცვაა აკრძალული და სხვა სენთა საწინააღმდეგოდ არა?! აი, როგორი უბედურებისკენ მიჰყავს ასეთ სწავლებას ადამიანი. ამ ყველაფრის მიღწევის შემთხვევაში ხომ ნამვილი ჯოჯოხეთი დადგება დედამიწაზე, რაც სურს მხოლოდ ბოროტს და არა ღმერთს.
უფალმა მოგვცეს ღვთიური სიბრძნე და გონიერება! არ უყვარს მას თავისი შვილების გამეტება და ნუ მოვიმოქმედებთ იმას, რომ ეს ტკივილი ჩვენც გამოგვაცდევინოს. ვინ, თუ არა სასულიერო პირებმა ვიცით, რამხელა ტკივილი სუფევს დღეს ოჯახებში, სადაც სანუგეშო სიტყვასაც ვეღარ ვპოულობთ ჭირისუფლისთვის, რომელმაც ოჯახის რამდენიმე წევრი დაკარგა.
ღმერთმა დაგლოცოთ, წყალობა და მშვიდობა მოგვმადლოს!"
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (624)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას