logo.png

Maia Archvadze

 

ამ პატარა საქართველოში, კიდევ რამდენი პატარა საქართველოა ღმერთო!

აქ, ათონელის ქუჩაზე, ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ეგრეთწოდებულ რეზიდენციასთან სხვა საქართველოა. გამოთაყვანებული საქართველო, უგემოვნებო, ერთმანეთში არეული სხვადასხვა ჟანრის მუსიკით გაჟღენთილი, უხვად დაყრილი, ბარიკადებად ჩაფიქრებული მორთულობით, უაზრო სახეებით, ვითომ საზეიმო განწყობით, მომღიმარი ბავშვებით და შეშინებული მშობლებით, აკანკალებული ნერვებით და ნატვრით: ,,ნეტავ მეყოს ფული, რომ ბავშვის მუდარა, მუდარად არ დარჩეს".

სხვა საქართველო - დარდიანი, მიგდებული, დავიწყებული, სადღაც ფანჯრებს მიღმა შეყუჟული, დამცირებული, ნირდაკარგული, მშიერი ბავშვებით, სნეული ადამიანებით, უსახსრო მშობლებით, გაქცეული თაობებით, გასაქცევად მომზადებულებით, დამცირებული კაცებით და ქალებით, შეშინებული ბიჭებით, მონასტრებიდან გამოყრილი ბერებით, განკვეთილი მამაოებით, ციხეში გამომწყვდეული მოძღვრით, სევდიანი დედაოებით, მსახურებას ჩამოშორებული მეუფით, ციხეში მყოფი პრეზიდენტით, დაბნეული ჟურნალისტებით.

კიდევ ერთი საქართველო - უვიცი მოხელეების, გამდიდრებული მდაბიოების, უგულო, ბოღმიანი ადამიანების საქართველო და კიდევ უცხოეთის თითქმის ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველთა საქართველო, ფეისბუქ საქართველო და კიდევ მრავალი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული.

შობას გილოცავ საქართველო! მერე რა, რომ პირველმა პრეზიდენტმა, სწორედ ამ დღეს დატოვა სათაყვანებელი ქვეყანა, მერე რა, რომ მეორე დღეს მისი ქვეყნიდან წასვლა იზეიმა ერის სულიერმა მამამ, მერე რა, რომ ის, ვინც მადლობას უხდიდა ქვეყნის დამაქცევართ, დღეს პრეზიდენტად გყავს, მერე რა, რომ ვიღაცას დღესაც სამოქალაქო ომი ჰგონია ის, რაც მაშინ მოხდა, მერე რა, რომ ვიღაცას სისხლიანი რევოლუცია და პუტჩი ვერ განუსხვავებია, მერე რა რომ პრეზიდენტი ციხეში გყავს, მერე რა რომ უამრავი ბავშვი სიცოცხლისთვის იბრძვის სხვა ქვეყნის კლინიკებში, გადარჩენის ერთადერთი შანსი ხომ უცხოეთის კლინიკებია, მერე რა, რომ გაუნათლებელი და ზნედაცემული სასულიერო პირები გყავს, მერე რა რომ ვალებში იხრჩობა ქვეყანა, მერე რა, რომ სათნოებიანი კაცები გამოგლევია, მერე რა რომ უგემოვნებობის და უნიჭობის ზეიმია, მერე რა, რომ დღევანდელი ღამის მნიშვნელობა გააზრებული არ აქვს უამრავ ადამიანს, მერე რა, რომ მართლმადიდებლები კი არა პატრიარქმადიდებლები სჭარბობენ შენში, მერე რა, რომ ღირებულებები არ გაგაჩნია, მერე, რა, რომ შიში შენი მოცემულობაა, მერე რა, რომ იმედიც გადაგეწურა. დღეს, ხომ შობა თენდება, გილოცავ შობას!

შობას გილოცავთ თქვენ, ვისაც ავის და კარგის გარჩევის უნარი არ დაგიკარგავთ, თქვენ, ვისთვისაც უფალს განსაცდელი გამოუგზავნია, თქვენ, ვისაც მოყვასის სიყვარული არ დაგვიწყებიათ, თქვენ, ვისთვისაც სიკეთის კეთება მოცემულობაა, თქვენ, ვინც უსამართლოდ დაგამცირეს, თქვენ, ვინც განგიკითხეს, გაგიმეტეს და მაინც ვერ მოგკლეს, თქვენ ყველას, ვისაც სხვა საქართველო გესურვილებათ!"

წერს მაია არჩვაძე.

ნანახია: (1190)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას