logo.png

Vladi Narsia

"ამ კომენტარის დაწერისკენ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიბიძგეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები, მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს გულისყურით ვადევნებ თვალს. მათ შორისაა სუსის „კრებსები“, რომელსაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ ისიც თქვა, რომ ყველაფერს იღონებს რათა დაამტკიცოს, რომ “კრებსებში“ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მოდით, ერთი წუთით დავიჯეროთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ნუთუ ეს უნდა იყოს ეკლესიის უპირველესი სათქმელი დღეს?

„კრებსებს“ პირობითად შეიძლება ჩვენი საზოგადოების ციფრული სხეული დავარქვათ. ჩვენი ფიქრების, ქმედებების და ათასგავრი ემოციების მატერიალიზაცია. წარმოგიდგენიათ ასეთი საშინელი ინფორმაციის მატარებელი სხეული და ამ სხეულის “თავი“, რომელიც მას მართავს? დღეს ამის წარმოდგენა გვჭირდება მთელი სიმძაფრით, რადგან ის აქ არის, ჩვენს თვალწინ. ეკლესია გვეუბნება, რომ ის არ არსებობს, ამიტომ საშიში არაფერია. მარქსი რელიგიას ოპიუმს ეძახდა და ადამიანების რეალობისაგან გათიშვის ბრალდებას უყენებდა. ეს შეიძლება დღევანდელ საპატრიარქოზე ითქვას, მაგრამ აქვს კიი ასეთ ბრალდებას რაიმე საერთო ქრისტეს ეკლესიასთან?

ეკლესიაც სხეულია, ძე ღმერთის მისტიური სხეული, რომლის თავია იესო ქრისტე! ეკლესიის ყოველი წევრი ამ სხეულის ნაწილია. ჩვენ ჩვენი ფიქრებით, ქმედებებით, წარმატებითა თუ წარუმატებლობით ჩართული ვართ ამ სხეულის მაცოცხლებელ ენერგიაში (მადლი). ყოველი ჩვენგანი ვალდებულია გაიზიაროს ამ ენერგიის წყარო და მისდიოს იმ კანონს (კანონი საეკლესიო გაგებით არის სულის მაცხოვნებელი სამოძღვრო სწავლება), რომელიც დადგენილია ღმერთთან თანაზიარებისთვის. ამისათვის საჭიროა არა რეალობისაგან გათიშვა, არამედ რეალობის მაქსიმალური აღქმა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩნდება საეკლესიო კანონის აქტუალიზების მნიშვნელობა ეკლესიაში.

საეკლესიო კანონი არ არის მორალისტური და არც დამსჯელი. იგი პედაგოგიურია! კანონი არ ახდენს ადამიანების კლასიფიკაციას ცოდვილებად და უცოდველებად, ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუალებად, ბოზებად და პატიოსნებად. მისი მიზანია ადამიანის ცოდვისაგან გამოხსნა. კანონი იმიტომ არ დაწერილა, რომ ეკლესიის ერთმა წევრმა მეორეს თავში ჩაარტყას, მისი დისკრიმინაცია მოახდინოს ან რაიმე კლიშეები მიაკეროს. ეკლესიის ასობით მოძღვარი, აწ უკვე წმინდა მამა, სიცოცხლეში წმინდანებად აღიარებულნი არ იყვნენ,(ასეთი რამ დაუშვებელია საეკლესიო სწავლებით) მაგრამ ქმნიდნენ კანონებს ვინაიდან თავს მოვალედ თვლიდნენ დაემოძღვრათ ადამიანები სულის ცხონების გზაზე. ისინი არც მორალისტები იყვნენ და არც პროკურორები, მაგრამ ასწავლიდნენ სულის ცხონების გზას, რომელიც ცოდვათაგან განწმენდი მიიღწევა. ეს არის ეკლესიის ერთადერთი მიზანი და მისია სამყაროში და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ამ ტრადიციას უნდა მისდიოს ეკლესიამ დღესაც და დაიცვას მომავალშიც.

კანონის დაცვისაკენ მოწოდება არ ნიშნავს იმას, რომ მომწოდებელი თავს უცოდველად მიიჩნევს, რაც უკვე ვთქვი! ეკლესიის ყოველი წევრი ცოდვილია. დიახ, ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ამიტომ, ჩვენში გავრცელებული გამოთქმა - “შენს თავს მიხედე და შენს ცოდვებს“ არის შეუსაბამო ეკლესიის ერთიანი სხეულის დაცვის და განწმენდის მოთხოვნისადმი, რომელიც მის ყოველ წევრზე ვრცელდება. ეკლესიის არსი კრებსითობაშია. გლეხურად რომ ვთქვათ, თუ კარგად ვართ ყველანი ერთად ვართ კარგად, თუ აღვდგებით ყველანი ერთად აღვდგებით! ჩვენ ყველა ერთად ვაძლიერებთ ან ვასუსტებთ ეკლესიის ერთიან სხეულს. გაზიარების (koinonia) ეს თეოლოგია მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, რომ ქუჩური მენტალობა შევცვალოთ საეკლესიო ცნობიერებით და აღარ ვთქვათ, „შენ ცოდვებს მიხედე...“ “ბიჭო, დაამტკიცე რასაც ამბობ, კრებსების გჯერა?“... და აქ, მამა ანდრია ჯაღმაიძის დაპირება ხომ საერთოდ უადგილოა. პირიქით, განა კეთილმა მწყემსა არ იცის მისი სამწყსოს მდგომარეობა? განა “მწყემსი კეთილი“ არ ზრუნავს სახარების მიხედვით მასზე მიბარებულ სულებზე? რატომ არ ისმის საპირისპირო მოწოდებები, რომ ყველას გვმართებს განწმენდა. განა ამის უარყოფით ცოდვის უნებლიედ დაკანონებისკენ არ გვიბიძგებს ეკლესია?! დღეს არაერთი მაღალი იერარქი თუ სამღვდელო პირი, რომელიც მხილებულია სუსის ფარული ჩანაწერებით თავს იმართლებს. ეს არის ცოდვის გამართლება, ძმებო, და ამიტომ მივიჩნევთ მათ მიერ ურცხვ თავისმართლებას დანაშულად ღვთისა და ეკლესიის წინაშე. ვერც ერთი ცოდვა ადამიანის ღირესებას ვერ შელახავს, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსისა. ყველა ცოდვა გამოსყიდულია ქრისტეს მიერ! ყველა ცოდვილი პოტენციურად წმინდანია, თუ იგი ამ ცოდვას არ დაემონება, აღიარებს და განიწმინდება. ამიტომ, ნუ გეშიანიათ ეკლესიაში განწმენდის პროცესის წამოწყების. განა “მწყემს კეთილს“ შეჰკადრებს ვინმე და ეტყვის, რომ „შენს ცოდვებს მიხედეო“, როცა ის თავად მოგვცემს სინანულის და სიწმინდის დაცვის ღირსეულ მაგალითს? ასეთი მწყემსი ჭირდება დღეს ეკლესიას და არა ოპიუმი! ტყუილია ის, რომ მეორედ მოსვლა საქართველოში იქნება! არც “ღმერთი მეფობს“ და არც “წილხვედრობა გადაგვარჩენს“... ჩვენს საერო და სასულიერო საზოგადოებას ამის არაფერი ეტყობა. ჩვენ გადაგვარჩენს სულიერი ფერისცვალება.

მე პირველი ვიქნები ვინც “მწყემსი კეთილის“ ამ მოწოდებებს გაჰყვება - განწმენდის, ამაღლების და სულიერი ფერისცვალების გზაზე.

გილოცავთ შობა-ახალ წელს!"

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

 

ნანახია: (638)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას